geo-geneale art
 

This is my diary (Journal/Blog).You can comment on my entries. In some groups entries may be added by all website users.

Add to Favorites Send me an e-mail
 
* What is new?
* About me
* Photos
* File archive
* Blog
* Forum
* Pages
* Chat
* Counter
* Friends
* Tags
* Polls

Interesting websites
Visitors
Calendar
<
May 2012
>
MTWTFSS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
I have no friends
Top commentators
teonikka teo
Comments: 1
Other sites
twinzz anthony fuller
crazyclips dusan vujic
sulxana giorgi sulxanishvili
crnogorac1 Zdravko M
mp3remixes-best Aggelos
Subscription
E-mail: 
Back to homegeo-geneale art / Blog


Entries
Page:   NextNext  LastLast
 ვალერიან გაფრინდაშვილი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 29.08.2009 00:01:46

 

მაისის ტრიოლეტები

I
ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,
ჰაშიშის მსგავსად აამღვრია ჩემი იღბალი,
ნიამორ წუთით არ ისმინა ნორჩი მუდარა.
ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა
და გააღმერთა ყელჭივრება, ჭლექი, სუდარა,
გამაამაყა მე _ უძლური, ვით ჰანიბალი,
ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,
ჰაშიშის მსგავსად აამღერა ჩემი იღბალი.

II
მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის,
კეთროვანების უნდა შევსვა მე ავსარაჯი,
რომ არ დადუმდეს საზეიმო ხმა ორთომელის.
მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის
და ოფელია _ მეწყურება ხილვა რომელის
_ ვარ გრძნეულობის მოტრფიალე, ჩუმი დარაჯი.
_ მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის,
კეთროვანების უნდა შევსვა მე ავსარაჯი.

სანტიმენტალური ტრიოლეტი

III
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

ტრიოლეტები

IV
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს,
და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები,
ტრფობის ტკივილებს მოგონება ისევ მიავებს,
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს.
დაიშლი კავებს და მიუშვერ სარკეს ღლიავებს,
დავარცხნილ თმებით, მოთენთილი მარტო დაწვები,
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს
და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები.

V
იყო საღამო რუხ ლანდებათ კვლავ ანატირი.
გვინდოდა ერთად წაგვეკითხა ჩვენ ,,გიტანჯალი".
გარინდული ტყე გვაშინებდა, როგორც ნადირი,
იყოს საღამო რუხ ლანდებათ კვლავ ანატირი.
ჰეივნებს იქით დავინახეთ მწვანე ღადარი,
სადაც გუმბათი ვარსკვლავობდა, როგორც ხანჯალი.
იყო საღამო _ რუხ ლანდებით კვლავ ანატირი,
გვინდოდა ერთად წაგვეკითხა ჩვენ ,,გვიტანჯალი".

VI
გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,
და ჩემ ხარბ თვალებს, ვით ჩვენება, ემეტეორე,
შეხვედრის ჩქარა დაიფერფლა თეთრი ზღაპარი,
გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფერი,
ჩუმ ოცნებათა ორეული და წინაპარი.
ნუთუ შეხვედრა გამიღიმებს კიდევ მეორე?
გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,
და ჩემ ხარბ თვალებს, ვით ჩვენება, ემეტეორე.


Comments: 0   Views: 743   Group: ცისფერყანწელები  

 ვალერიან გაფრინდაშვილი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 23:59:51

 

ოფელია და გედები

ჰამლეტის საფლავს დასტირიან შავი გედები.
ამოდის წყლიდან ოფელია ნისლიან ტანით.
მისი სიმკრთალე არემარეს გადაედება, 
დაითრთვილება ყრუ ჰაერი იასამანით.

მაგრამ შავ გედებს ეშინიათ სითეთრის მეტათ,
გადაცვივდება მათი გუნდი ახლობელ ზღვაში.
უსხივო ღამე უდაბნოა და თეთრ იმედით
დარჩება მხოლოდ ოფელია ღამის წყვდიადში.

საფლავთან მოვა სურნელოვან ნაბიჯით ქალი,
მიწიდან სატრფოს გამოიხმობს ჩუმი ტირილით.
იქნება მარტო, ოფელია, ნაზი ვით წყალი
და მას წყვდიადი მოეხვევა მდუმარე სილით.

და თავის საწოლს ოფელია დაუბრუნდება.
სევდიან წყალში დაღალულად ჩაიძირება.
გათენების წინ ვნებიანათ ღამე გუნდდება,
იწყებენ ქვითინს საფლავებში ძველი გმირები.


Comments: 0   Views: 493   Group: ცისფერყანწელები  

 ვალერიან გაფრინდაშვილი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 23:58:29

სენტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.


Comments: 0   Views: 900   Group: ცისფერყანწელები  

 ერნესტ ჰემინგუეი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 23:10:54

"მე იგი მაშინვე ვიცანი - თავის მეუღლესთან, მერი უელშთან ერთად სენ-მიშელის ბულვარზე სეირნობდა პარიზში. 1957 წლის გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო. ისინი ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდნენ, ლუქსემბურგის ბაღისკენ. უზარმაზარი კაცი, რომელსაც გახეხილი ჯინსის შარვალი ეცვა, თავზე კი ბეისბოლისტის ქუდი ეხურა, მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა უხეში ძალის განსახიერებააო, მაინც ვერ იტყოდი.
იმ დროს იგი ორმოცდაცხრამეტი წლისა იყო, მაგრამ სიცოცხლის ხალისით სორბონელი ახალგაზრდების ნაკადშიც კი იქცევდა ყურადღებას. ფიქრადაც ვერ გაივლებდი, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.
დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მაკავებდა ჩემი პრიმიტიული ინგლისური, მტანჯავდა აზრი, რომ ვერ გავუგებდით ერთმანეთს. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე - ტარზანივით მივიტანე ხელისგულები პირთან და ვიღრიალე:
“მა-ა-ა-ეეე-სტრო!!!”
ჰემინგუეი უმალვე მიხვდა, რომ მის გარდა სტუდენტთა მასაში მაესტრო არავინ იქნებოდა, შემობრუნდა, ხელი მაღლა აიქნია და ბიჭური სიმკვირცხლით მომაძახა ესპანურად: ” adios, amigo!”
ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა მასთან (მაშინ 28 წლის ვიყავი). მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევამ სამუდამო დამიტოვა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშველოვანი რამ მოხდა"
                                                                                  გაბრიელ გარსია მარკესი


კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი

კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა, და აფრიკაში ამ სიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე.


_ საოცარია, სულ აღარ მტკივა,_თქვა მან,_ასე იწყება ხოლმე, ეს არის პირველი ნიშანი.
_ მართლა არ გტკივა?
_ სავსებით. ოღონდ ამ სუნს რა ეშველება. მომიტევე, ალბათ გულს გირევს.
_ კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს.
_ აბა, შეხედე,_თქვა კაცმა,_ნეტა ვიცოდე, ასე რა იზიდავთ_სუნი, თუ სანახაობა.
მიმოზის გადმობურულ ჩრდილში იწვა კაცი, და როცა მზისგან ალმურმოკიდებულ მინდორს გახედა, სამი უშველებელი ფრინველი შენიშნა _ ფეხები უტიფრად გაეჩაჩხათ და ჩაცუცქულიყვნენ, ცაში კი ერთი დუჟინი ასეთივე ფრინველი დასრიალებდა, მათი ჩრდილები მიწაზე ელვის სისწრაფით დაქროდა.
_ რაც საბარგო მანქანა გაგვიტყდა, სულ აქ ირევიან,_განაგრძო კაცმა,_ დღეს პირველად დაეშვნენ მიწაზე, წინათ ძალიან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი, იქნებ როდესმე მოთხრობაში გამოვიყენო-მეთქი. ახლა უკვე სასაცილოდ მეჩვენება.
_ ნეტა არ აიხირებდე! _ უთხრა ქალმა.
_ ჩემთვის ვლაპარაკობ, გულს ვიოხებ,_უთხრა კაცმა, _ ოღონდ ეს არის, რომ შენს შეწუხებას ვერიდები.
_ შენც ხომ იცი, რომ ამითი მე არა ვწუხდები,_მიუგო ქალმა,_პირიქით, ის მიშლის ნერვებს, რომ ხელფეხშეკრულივითა ვარ, ვერაფერი გამიკეთებია. რამდენადაც კი შეიძლება, მხნედ უნდა ვიყოთ და ისე ველოდოთ თვითმფრინავს.
_ უცადე, მანამ მოვიდოდეს!
_ მითხარი მაინც, რა გაგიკეთო. ნუთუ არაფერი შემიძლია!
_ შენ შეგიძლია ფეხი მომკვეთო და შეაჩერო. თუმცა ეგეც მეეჭვება. ან არადა, მესროლო და გამათავო. უკვე მარჯვედ ისვრი. აკი მე თვითონ გასწავლე სროლა!
_ კარგი რა, თუ ღმერთი გწამს. გინდა წაგიკითხო?
_ რა უნდა წამიკითხო?
_ შევარჩევ რამეს ჩანთაში, რაც არ წაგვიკითხავს.
_ ვერ მოვისმენ,_უთხრა კაცმა,_ყბედობა გაცილებით ადვილია. ჩვენ ვჩხუბობთ და ამითი დრო გაგვყავს.
_ მე როდის გეჩხუბები. სადა მაქვს ჩხუბის თავი. ნუღარც ვიჩხუბებთ. რა ვუყოთ, რომ ნერვები მოგვეშალა. იქნებ დღესვე გამოგვიგზავნონ საბარგო მანქანა, ან თვითმფრინავი გამოჩნდეს.
_ სულ ერთია, ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან,_თქვა კაცმა,_რაღა აზრი აქვს წასვლას. ეს არის, შენ გეშველება.
_ რა სილაჩრეა!
_ დააცადე კაცს, დამშვიდებით ამოხდეს სული, რაღას ლანძღავ! გინება რომ საქმეს შველოდეს!
_ არ მოკვდები.
_ რას სულელობ_ვკვდები და ეს არის. აბა, იმ აქოთებულებსა ჰკითხე,_ იქითკენ გაიხედა, სადაც ის უშველებელი, ბინძური ფრინველები ჩაცუცქულიყვნენ და გატიტვლებული თავები აჩეჩილ ბუმბულში ჩაერგოთ. ახლა მეოთხეც დაეშვა დაბლა. ცოტაზე წაფაფხურდა და მერე ბაჯბაჯით წავიდა დანარჩენებისაკენ.
_ მაგათ რას უყურებ, კარავი თუ დალანდეს სადმე, მაშინვე იქ გაჩნდებიან. და კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას. თვითონვე თუ არ დაჰყარე ფარ-ხმალი, არ მოკვდები.
_ ეგ სად ამოიკითხე? ჰოი, რა რეგვენი ხარ!
_ სხვაზედაც უნდა იფიქრო.
_ მადლობა ღმერთს, ჩემი დღე და მოსწრება მეტი არაფერი მიკეთებია.
კაცი ისევ მიწვა და ერთხანს ხმა არ გაუღია, გაჰყურებდა გაფიცხებული მინდვრისაგან ალაპლაპებულ ჰაერს და თვალს ბუჩქებს უწვდენდა. ხედავდა ქურციკებს, სულ გალეულებსა და თეთრებს ამ ყვითელ ფონზე, უფრო შორს კი_ზებრის ჯოგს, რომელიც ბუჩქების სიმწვანეში ქათქათა თეთრი ჩანდა. შესანიშნავი ადგილი შეერჩიათ კარვის გასაშლელად_დაბურული ხეების ქვეშ, ზედ მთის ძირში ანკარა წყალი, და სულ ახლოს, იქვე ნახევრად დამშრალი წყარო, რომელსაც დილდილაობით კაკბების გუნდი გადაუფრენდა ხოლმე.
_ არ გინდა, რამე წაგიკითხო?_ჰკითხა ქალმა, იგი საწოლთან იჯდა, ტილოს დასაკეც სკამზე,_აგერ ნიავმაც წამოუბერა.
_ არ მინდა. მადლობელი ვარ.
_ იქნებ მანქანაც გამოჩნდეს.
_ ჩემთვის სულ ერთია, გამოჩნდება თუ არა.
_ ჩემთვის _ არა.
_ ასეა ხოლმე_რაც ჩემთვის სულ ერთია, შენთვის არ არის სულერთი.
_ ეს არცთუ ისე ხშირად ხდება, ჰარი.
_ მოდი, დავლიო?
_ გაწყენსო, გითხრეს. ბლეიკსაც ასე აქვს, ალკოჰოლს ერიდონო. ნუ დალევ.
_ მოლო! _ გასძახა კაცმა.
_ აქა ვარ, ბვანა.
_ სოდიანი ვისკი!
_ ახლავე, ბვანა.
_ ნუ დალევ,_უთხრა ქალმა,_სწორედ ამას ჰქვია ფარ-ხმალის დაყრა. ვნებსო, გეუბნებიან. მეც ხომ ვიცი, რომ გაწყენს.
_ რას ამბობ,_თქვა კაცმა,_მომიხდება კიდეც.
მაშ ასე, ყველაფერი გათავდა, ფიქრობდა იგი. მორჩა, ვეღარასოდეს მოაბამს ბოლოს. სასმელზე დავა ყოფილა ყველაფრის ბოლო. რაც მარჯვენა ფეხის განგრენა დაეწყო, ტკივილი გაუქრა, ხოლო ტკივილთან ერთად შიშიც გაქრა. საშინელ დაქანცულობასღა გრძნობდა ახლა, და თან ბრაზს, რომ ყველაფრის ბოლო ეს აღმოჩნდა. ის, რაც ასე ახლოვდებოდა, თითქმის არავითარ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას არ აღუძრავდა. რამდენი წელიწადია თანა სდევს ის, მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საოცარი კია_დაქანცულობამ როგორ გაუიოლა ყველაფერი.
მორჩა, ვეღარასოდეს დაწერს იმას, რასაც ამდენი ხანი ელოლიავებოდა და მხოლოდ დროსღა უცდიდა, რათა უფრო ხეირიანად გასცნობოდა და კარგად დაეწერა. სამაგიეროდ მარცხსაც არ გამოსცდის. იქნებ სულაც არა ხარ ამის დამწერი და ამიტომაც სდებ და სდებ_ვერა და ვერ გაგიბედავს დაწყება. ვინ იცის. ახლა რაღას გაიგებ.
_ ნეტა სულაც არ ჩამოვსულიყავით, _ თქვა ქლმა. იგი შეჰყურებდა კაცის ხელში ჭიქას, და ტუჩებს იკვნეტდა,_პარიზში ხომ არ დაგემართებოდა ამისთანა რამე. სულ პირზე გეკერა, პარიზი მიყვარსო. ან პარიზშივე დავრჩებოდით, ან სადმე სხვაგან წავიდოდით. აკი გეუბნებოდი, საცა იტყვი, იქ წავიდეთ-მეთქი. ნადირობა თუ მოგენატრებოდა, უნგრეთში გადავიდოდით, და, რასაც ისურვებდი, ყველაფერი გექნებოდა.
_ ოჰ, ეს შენი ოხერი ფული!
_ ეს კი უსამართლობაა,_თქვა ქალმა,_ჩემი და შენი ფული ვინ გაყო! ყველაფერი მივატოვე და შენ გამოგყევი. საცა მოიგუნებებდი, იქ მოგყვებოდი, რასაც მოისურვებდი, იმას ვაკეთებდი. მაგრამ, ნეტა აქეთ არ გვექნა პირი.
_ აკი ამბობდი, აქაურობა მიყვარსო.
_ მიყვარდა კიდეც, მანამ შენ კარგად იყავი. ახლა კი მძულს. რაღა მაინცდამაინც შენს ფეხს ეცა. რა დავაშავეთ ასეთი!
_ ჩემი დანაშაული ის არის, რომ, როცა ფეხი გამეკაწრა, იოდის წასმა ვერ მოვიფიქრე. მერე სულაც გადავივიწყე, იმიტომ, რომ ჩემს დღეში არავითარი ინფექცია არ შემჭრია. ბოლოს, როცა მაგრად ამტკივდა, კარბოლის სუსტ ხსნარს ვხმარობდი, სხვა ყველაფერი გაგვითავდა. ამან გამოიწვია წვრილი ძარღვების დამბლა, და განგრენაც დამეწყო,_კაცმა ქალს შეხედა._ სხვა რა?
_ მაგას არ გეუბნები.
_ ეს ჩამოფხრეწილი აფრიკელი შოფერი რომ არ აგვეყვანა და ნამდვილი მექანიკოსი დაგვექირავებინა, ადრევე შენიშნავდა ზეთის ნაკლებობას და მანქანა აღარ გაგვიფუჭდებოდა.
_ არც მაგას გეუბნები.
_ შენს ხალხს რომ არ მოსწყვეტოდი_იმ ვესტბორელ, სარატოგელ და პალმბიჩელ ოხრებს და მამაძაღლებს, და მე არ გამომყოლოდი…
_ აბა, რატომ ლაპარაკობ_მე ხომ მიყვარდი. ეს უსამართლობაა. ახლაც იმგვარადვე მიყვარხარ. მუდამაც მეყვარები. შენ არ გიყვარვარ?
_ არა,_უთხრა კაცმა,_არა მგონია. არც არასოდეს მყვარებიხარ.
_ რას ამბობ, ჰარი? სულ დაკარგე ჭკუა?!
_ არა. რაც არ მქონია, რას დავკარგავდი!
_ ნუღარ დალევ მაგას,_უთხრა ქალმა,_ნუ დალევ, ძვირფასო. თუკი რამე შეგვიძლია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ.
_ შენ რაც გინდოდეს, ქენი,_თქვა კაცმა,_მე დავიღალე.

თვალწინ წარმოუდგა რკინიგზის სადგური ყარაგაჩში. დგას ზურგჩანთამოკიდებული, და სიმპლონ_ორიენტის ექსპრესის დიდი ფარანი ღამის წყვდიადს მიაპობს. ეს იყო თრაკიიდან უკანდახევის დროს, და თვითონაც უკან ბრუნდებოდა. ესეც მოთხრობისათვის ჰქონდა შემონახული. ესეც და აი რა კიდევ: დილაა და საუზმეს უსხედან, ფანჯრიდან გაჰყურებენ თოვლს ბულგარეთის მთებზე, ხოლო ნანსენის მისიის მდივანი ბერიკაცს ეკითხება, ეს თოვლია თუ რაო? და ბერიკაციც გაიხედავს ფანჯარაში და იტყვის, არა, თოვლი არ არისო. ჯერ რა დროს თოვლიაო. და მდივანიც გაუმეორებს სხვა გოგოებს _ ხომ ხედავთ, რა დროს თოვლიაო, და ისინიც ერთხმად შესძახებენ_მოგვჩვენებია, თოვლი არ ყოფილაო. სინამდვილეში კი მართლაც თოვლი იყო, ხოლო როცა მოსახლეობის გაცვლა დაიწყო, ბერიკაცმა ქვეყნის ხალხი გაგზავნა მთებში. და ხალხი ძლივს მიიკვლევდა გზას თოვლში, მანამ ერთიანად არ გაწყდნენ იმ ზამთარს.
გაუერტალში ყოფნის დროსაც მთელი შობის კვირა თოვდა იმ წელიწადს. მაშინ ტყისმჭრელის სახლში ცხოვრობდნენ, და ნახევარი ოთახი შორენკეცის დიდ, ოთხკუთხა ღუმელს ეჭირა, და წიფლის ფოთლით გატენილ ნაალებზე ეძინათ. მაშინ იყო, დეზერტირი რომ მოადგა სახლს, ხოლო მის სისხლიან ფეხს
თოვლზე წითელი კვალი გაეტარებინა. პოლიცია ფეხდაფეხ მომდევსო, და ამათ ღაზლის წინდები მისცეს, ხოლო ჟანდარმები ლაპარაკით შეიქციეს, მანამ ნაკვალევი თოვლმა არ დაფარა.
შრუნსში, შობა დღეს, წირვიდან დაბრუნებულ ხალხს რომ გახედავდი სამიკიტნოდან, თოვლის ბრჭყვიალება თვალს მოგჭრიდა. სწორედ იმ შრუნსში იყო, მძიმე თხილამურებს რომ გაიდებდნენ მხარზე და შარდისგან გაყვითლებულსა და მარხილებით გატკეპნილ გზას აუყვებოდნენ, მდინარის პირ-პირ; ნაძვებით დაბურულ ციცაბო სერს აივლიდნენ და მერე მოწყვეტით დაეშვებოდნენ მადლენერ-ჰაუზის ყინულზე. თოვლი იყო შაქარყინულივით გლუვი და ფხვნილივით მსუბუქი; აგონდებოდა, დიდი სისწრაფის გამო რა უხმაუროდ ეშვებოდნენ და როგორ ჩიტივით დასკუპდებოდნენ დაბლა.
ნამქერმა მთელი ერთი კვირა ფეხი არ მოაცვლევინა მადლენერ-ჰაუზიდან. ისხდნენ და ახრჩოლებული ფარნის მბჟუტავ სინათლეზე კარტს თამაშობდნენ. რაც უფრო მეტს აგებდა ჰერ ლენტი, მით უფრო მეტსა და მეტს ჩამოდიოდნენ ფულს. ბოლოს ყველაფერი წააგო _ სათხილამურო სკოლის ფული, მთელი სეზონის შემოსავალი, თავნიც. ახლაც თვალწინ ედგა, რა გაფაციცებით იღებდა ეს გრძელცხვირა კაცი კარტს და მერე ერთბაშად გაშლიდა _ «შანს ვოირ», წუთსაც არ აცდენდნენ: ბარდნიდა_თამაშობდნენ, გადაიღებდა _თამაშობდნენ. გაიფიქრა _ მთელ ჩემს სიცოცხლეში კარტის თამაშზე რამდენი დრო წამსვლიაო.
მაგრამ ერთი სტრიქონიც არ დაუწერია არც იმაზე, არც შობის იმ ცივ, ჭახჭახა დღეზე, როცა მინდვრის გადაღმა წამომართული მთები გარკვევით ჩანდა; მერე ბარკერმა გადაუფრინა ამ მთებს ფრონტის ხაზიდან, რათა ფრონტიდან შინ მიმავალი ავსტრიელი ოფიცრების მატარებელი დაებომბა; ხოლო როცა ოფიცრები გაიფანტნენ და გაიქცნენ, ტყვიამფრქვევი დაუშინა. გაახსენდა, როგორ შევიდა მერე ბარკერი ოფიცერთა სასადილოში და ამის მოყოლა დაიწყო, როგორ ჩაუვარდა ყველას ენა და ბოლოს ვიღაცამ შეჰყვირა_შე ნაბიჭვარო ყასაბოო!
სწორედ ეგ ავსტრიელები იყვნენ _ მაშინ ხოცავდნენ, უფრო მოგვიანებით კი თხილამურებზე დასრიალებდნენ მათთან ერთად. თუმცა არა, იგივე ხალხი არ ყოფილა. ჰანსი, რომელთანაც ერთად თხილამურებით დადიოდა მთელი წელიწადი, კაიზერის ეგერთა პოლკში იყო, და კურდღელზე სანადიროდ რომ გაემართნენ სახერხი ქარხნის ზემოთ პატარა მინდვრისაკენ, ლაპარაკი ჩამოვარდა პასუბიოს ბრძოლებზე, პეტრიკასა და ასალონეს იერიშებზე… და ერთი სიტყვაც არ დაუწერია ამაზე. არც მონტე კორნოზე, არც სიეტე კომუმზე, არც არსიედოზე.
რამდენი ზამთარი გაატარა ფორალბერგსა და არლბერგში? ოთხი, და უცებ ერთი კაცი მოაგონდა _ ბლუდენცისკენ რომ მიდიოდნენ საჩუქრების საყიდლად, ეს კაცი მელასა ჰყიდდა; მოაგონდა დიდებული კირში, რომელსაც ალუბლის გემო დაჰკრავდა, ფიფქი თოვლის კორიანტელი გალიპულ ბილიკზე, «ჰი! ჰო! როლი როლის» წამღერება, როცა უკანასკნელად
მოუხვევდნენ და ციცაბო გორაკს მიადგებოდნენ, იქიდან პირდაპირ დაშვება, სამჯერ მოქნევა და ბაღის ბოლოში ხარ, არხს გადაევლები და სასტუმროს უკან გახვალ, ყინულით გასლიპულ გზაზე. სამაგრებს მოუშვებ, ფეხს მოიქნევ, თხილამურებს წაიძრობ და სასტუმროს ფიცრულ კედელზე მიაყუდებ, ფანჯრიდან ლამპის შუქი გამოდის, შიგნით კი, კვამლით გამოვსებულ, ღვინის ოხშივარით გამთბარ ოთახში, აკორდეონს უკრავენ.

_ პარიზში სად ვიდექით? - ჰკითხა მან ქალს, რომელიც ზედ სასთუმალთან ეჯდა, ტილოს დასაკეც სკამზე, აქ, აფრიკაში.
_ კრიიონში. შენ თვითონაც ხომ იცი!
_ მე საიდან უნდა ვიცოდე?
_ მუდამ იქ არ ვჩერდებით!
_ არაფერიც. მუდამ არა.
_ იქა და ჰენრი მეოთხის პავილიონში, სენ ჟერმენზე. აკი მიყვარს იქაურობაო!
_ სიყვარული ნეხვის გროვაა,_თქვა ჰარიმ,_მე კიდე მამალი ვარ, შევხტები ამ გროვაზე და ყიყლიყოს ვიძახი.
_ შენ მიდიხარ_მიდიხარ, აქ აღარავის ტოვებ?_უთხრა ქალმა,_ყველა თან უნდა გაიყოლო? ცხენსაცა კლავ, ცოლსაც, და აბჯარ-უნაგირიც ცეცხლს უნდა მისცე?!
_ უსათუოდ. შენი ოხერი ფულია ჩემი აბჯარი.
_ გაჩუმდი ერთი!
_ კარგი. აღარ ვიტყვი. გული რად უნდა გატკინო!
_ ცოტა გვიან კი მოგივიდა.
_ რახან ასეა, აღარ მოგეშვები. გავერთობი მაინც. ერთადერთი რაღაცის გაკეთება მიყვარდა შენთან ერთად, და უკვე იმის თავიც აღარა მაქვს.
_ არა, არა ხარ მართალი. სხვაც ბევრი რამე გიყვარდა. და რასაც შენ მოიწადინებდი, მეც ვაკეთებდი ხოლმე.
_ კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, მოეშვი მაგ ტრაბახს.
ქალს შეხედა და ნახა, რომ ტიროდა.
_ მოიხედე,_უთხრა მან,_შენ გგონია, მე მსიამოვნებს! თვითონაც არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას. სხვასა კლავ, რომ საკუთარი სიცოცხლე შეიგრძნო_ალბათ, ეს არის მიზეზი. როცა ლაპარაკი დავიწყეთ, არავითარი ცუდი განზრახვა არა მქონია. ახლა კი ლამის გავცოფდე და შენც ასე გაწამებ. ყურს ნუ ათხოვებ ჩემს სიტყვებს, ძვირფასო. ხომ იცი, მიყვარხარ, გულით მიყვარხარ. შენსავით არც არავინ მყვარებია.
ახლაც ჩვეულებრივ იცრუა. ეს აჭმევდა პურს.
_ რა ტკბილი ხარ!
_ აი, შე ძუკნავ,_უთხრა კაცმა,_მდიდარო ძუკნავ. მეტი კი არაფერია პოეზია. პოეზიით ვარ სავსე. პოეზიითა და სიდამპლით. დამპალი პოეზიით.
_ გაჩუმდი, ჰარი. რა ეშმაკი შეგიძვრა!
_ აღარაფერს ვტოვებ ჩემს შემდეგ,_თქვა კაცმა,_ყველაფერი თან უნდა გავიყოლო.

მოსაღამოვდა. კაცმა გაიღვიძა. მზე გორაკს მოფარებოდა და მთელ მინდორზე ჩრდილი იწვა, წვრილფეხა ცხოველები ზედ კარავთან ძოვდნენ. იგი ხედავდა, როგორ თანდათანობით შორდებოდნენ ბუჩქებს, რა მალიმალ დასწევდნენ ხოლმე თავს ბალახზე და განუწყვეტლივ კუდს აქიცინებდნენ. ფრინველები აღარ ჩანდნენ მიწაზე, ხეზე ჩამოხუნძლულიყვნენ მძიმედ. ახლა გაცილებით მეტი იყო. მოსამსახურე ბიჭი ლოგინთან უჯდა.
_ მემსაიბი სანადიროდ წავიდა,_თქვა ბიჭმა,_ბვანას ხომ არაფერი ნებავს?
_ არაფერი.
ქალი ნადირის მოსაკლავად წავიდა. მაგრამ, რაკი კაცი ნადირის ცქერით ერთობოდა, მინდვრის ის პატარა კუთხე, სადამდეც კაცს თვალი მიუწვდებოდა, აღარ შეუშფოთებია, უფრო მოშორებით გაემართა. ყველაფერი ახსოვსო, ფიქრობდა კაცი, რაც კი გაუგია, წაუკითხავს, ან ოდესმე გაუგონია.
რა ქალის ბრალი იყო, რომ კაცი თითქმის მოთავებული მივიდა მასთან. რანაირად უნდა მიხვდეს ქალი, რომ, რასაც შენ ეუბნები, ცარიელი სიტყვებია. რომ შენ მხოლოდ ჩვეულების მიხედვით და საკუთარი თავის დასამშვიდებლად ლაპარაკობ?! და რასაც უფრო მეტს ისროდა ამ ფუჭ სიტყვებს კაცი, მის ტყუილს უფრო დიდი გასავალი ჰქონდა ქალებში, ვიდრე სიმართლეს.
ცრუობდა, ცრუობდა, ეს კიდევ არაფერი, უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ სიმართლე აღარც ჰქონდა სათქმელი. უკვე მოსჭამა თავისი წუთისოფელი, და ახლა გადაწყვიტა, ხელახლა დაეწყო, ოღონდ უკვე სხვა ხალხთან ერთად, უფრო მეტი ფულით. ნაცნობი ადგილებიდან ყველაზე საუკეთესოს ირჩევდა, და ბევრი ახალი კუთხეც მოინახულა.
ცდილობდა, არ ეფიქრა, და მაშინ მართლაც დიდებულად იყო საქმე. შენ მშვენიერი გულ-გვამი დაგყვა და ამიტომ ისე არ მოშლილხარ, როგორც ბევრს მოსდის, თავს იმგვარად იჭერდი, თითქოს შენი საქმე ფეხებზე გეკიდა, ის საქმე, რასაც ახლა უკვე ვეღარ მოერევი. მაგრამ გულში მაინც ამბობდი, როცა იქნება, ამ ხალხის ამბავს დავწერო, სიმდიდრისაგან გაზულუქებული ხალხის ამბავს. შენ თვითონ არასოდეს ყოფილხარ იმათი მოდგმისა. მაგრამ მზვერავივით იყავი მათთან. მერე მიატოვებდი, დაწერდი, და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი თვალით დანახულ და განცდილ სინამდვილეს აღწერდა კაცი. მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკიდა კალამს ხელი. არ ეწერებოდა, ყოველი დღე ფუფუნებით იყო სავსე, და ეს გულს ურევდა, ნიჭს უჩლუნგებდა, წერის სურვილს უდუნებდა, ისე რომ, საბოლოოდ სულაც გაანება თავი წერას. იმ ხალხისათვის, ვის წრეშიაც ტრიალებდა, გაცილებით ხელსაყრელი გამოდგა ეს. თავისი ცხოვრების უბედნიერესი ხანა აფრიკაში ჰქონდა გატარებული, და ახლა ისევ ჩამოვიდა, რათა თავიდან დაეწყო ყველაფერი. ახლა ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები კომფორტით
ემოგზაურათ. არც გაჭირვება განუცდიათ, მაგრამ ფუფუნებითაც არ ცხოვრობდნენ. ასეთი წვრთნით ძველ ენერგიას დავიბრუნებო, ფიქრობდა. ცდილობდა, ისევე ჩამოეცილებინა სულიდან ქონი, როგორც მოკრივე იგდებს წონას, მთაში განუწყვეტელი წვრთნითა და მუშაობით.
ქალს მოსწონდა ასეთი მოგზაურობა. მომწონსო, ამბობდა. ყველაფერი მოსწონდა, რაც კი მღელვარებას განაცდევინებდა, გარემოს შეუცვლიდა, ახალ ხალხში გარევდა და სიამოვნებას მიანიჭებდა, და კაცსაც მოეჩვენა, თითქოს მუშაობის ძველი ჟინი უბრუნდებოდა. მაგრამ ახლა რაღა ხერხემალგადატეხილი გველივით იგრიხოს და თავი დაიკბინოს, თუკი ეს არის ყველაფრის ბოლო! იცოდა კი, რომ სწორედ ეს იყო ბოლო. ამ ქალმა რა დაუშავა?! ეს არა_სხვა იქნებოდა, თუკი მთელი სიცოცხლე ტყუილებით გაატარა, ბარემ ტყუილით მოკვდეს. გორაკის გადაღმიდან სროლის ხმა მოესმა.
კარგად ახვედრებდა ნიშანში ეს მდიდარი, კეთილი ძუკნა, ეს სათნო მზრუნველი და მისი ნიჭის დამღუპველი. სისულელეა. თავს დააბრალოს. რაღა ამ ქალს მისდგა, ეგ ხომ სულ იმის ცდაში იყო, როგორმე კარგად მოეწყო კაცის ცხოვრება?! თვითონვე დაიღუპა ნიჭი უსაქმურობით, საკუთარი თავისა და რწმენის ღალატით, ლოთობით_რამაც აღქმის უნარი დაუჩლუნგა, სიზარმაცით, გაზულუქებით, სნობიზმით, პატივმოყვარეობითა და კუდაბზიკობით, ჯანდაბითა და ოხრობით. რა იყო ეს? ძველი წიგნების კატალოგი? ან მისი ნიჭი რას წარმოადგენდა? ნიჭს არა უშავდა რა, მაგრამ გამოყენების მაგივრად ვაჭრობდა ხოლმე ამ ნიჭით და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა_ესა და ეს გავაკეთეო, იმასღა ამბობდა_ამის გაკეთება შემეძლოო. თვითონვე არჩია, რომ სხვა რაღაც ხრიკებით ეცხოვრა და არა კალმითა და ფანქრით. ისიც მრავლისმეტყველია _ არა, განა?_რომ ყოველი ახალი ქალი, ვისაც ის შეიყვარებდა, წინანდელზე მდიდარი იყო. ხოლო როცა სიყვარულმა გადაუარა, როცა მხოლოდღა ტყუოდა, როგორც ახლა, ამ ქალთან, ვისაც ყველაზე მეტი ფული ჰქონდა, ქვეყნის ფული ჰქონდა, ვისაც ადრე ქმარიც ჰყავდა და შვილებიც, საყვარლებიც დაუდიოდა, მაგრამ ვერავითარ სიამოვნებას ვერ ნახულობდა, და ვისაც ეს კაცი მთელი სინაზით შეუყვარდა, როგორც მწერალი, როგორც მამაკაცი, მეგობარი და განძი… და უცნაური ის იყო, რომ ახლა, როცა მას სულაც არ უყვარდა და მხოლოდღა ტყუოდა, უფრო მეტის მიცემა შეეძლო ამ ქალისათვის ფულის სანაცვლოდ, ვიდრე უწინ, ნამდვილი სიყვარულის დროს.
რისთვისაც მოწოდებული ხარ, ის უნდა გააკეთო, ფიქრობდა. შენი ნიჭი იმითი აიწონება, თუ როგორ შეიქმნი ცხოვრების პირობებს. იგი მუდამ სასიცოცხლო ძალასა ჰყიდდა_ხან ამ სახით, ხან იმ სახით, როგორც მოუხერხდებოდა, მთელ სიცოცხლეს ჰყიდდა, ხოლო როცა გრძნობები გამოფიტული გაქვს, გაცილებით კარგი ხარისხის საქონელი უნდა მისცე მიღებულ ფულში. ამაში უკვე დარწმუნდა. მაგრამ ვერც ამას დაწერს, ვერასოდეს. ვერა, ვეღარ დაწერს, თუმცა ღირდა კი დასაწერად.
მინდორში ქალი გამოჩნდა, კარვისკენ მოდიოდა. ბრიჯი ეცვა და ხელში თოფი ეჭირა. უკან ორი ბიჭი მოსდევდა, ქურციკისთვი ჯოხი გაეყარათ და მხარზე გაედოთ. ისევ შერჩა ძველი მომხიბვლელობა, გაიფიქრა კაცმა, საამური ტანი აქვს. ლოგინში დიდ ნიჭს იჩენდა და კარგად იცოდა ამისი ფასი. ლამაზი არ ყოფილა, მაგრამ კაცს მოსწონდა მისი სახე, თავაუღებლივ კითხულობდა, უყვარდა ცხენით ნავარდი და ნადირობა, და, რაღა თქმა უნდა, ბევრსა სვამდა. ჯერ ისევ ყმაწვილი ქალი ეთქმოდა, ქმარი რომ მოუკვდა და მთელი არსებით მიეცა თავის ორ უკვე მოზრდილ შვილს (რომელთაც სულაც აღარ სჭირდებოდათ დედა, პირიქით, ხელსაც კი უშლიდა), თავის თავლას, წიგნებსა და ბოთლებს. კითხვა საღამოობით უყვარდა, სადილის წინ, და კითხვის დროს სოდიან ვისკისა სვამდა. სადილობისთვის უკვე კარგა შემთვრალი იყო, და ერთი ბოთლი ღვინოღა ჰყოფნიდა, რომ მაგრად მოჰკიდებოდა და ჩასძინებოდა.
ეს, მანამ საყვარლებს გაიჩენდა. საყვარლების შემდეგ ღვინოს იმდენად აღარ მისძალებია, ისედაც ადვილად იძინებდა. მაგრამ საყვარლები მალე მოსწყინდა. ქმართან ერთხელაც არ უგრძნია მოწყენილობა, ამათ კი თავი მოაბეზრეს.
ამასობაში შვილიც დაეღუპა საჰაერო კატასტროფის დროს და ამის შემდეგ საყვარლები აღარ ინდომა, ხოლო რაკი სასმელი ტკივილს არ უყუჩებდა, იძულებული გახდა, ახლებური ცხოვრება დაეწყო. უეცრად მარტოობის მწვავე შიშმა მოიცვა, მაგრამ ისეთი კაცი უნდოდა, ვისაც პატივსა სცემდა.
უბრალოდ დაიწყო ყველაფერი. ქალს მისი წიგნები მოსწონდა, და ცხოვრების მისებური წესიც შურდა. რაც გულით სწადია, სწორედ იმას აკეთებსო, ფიქრობდა. ის ხერხები, რითაც მან კაცი დაისაკუთრა და ბოლოს შეიყვარა კიდეც, უკუპროპორციულ პროგრესიასა ჰგავდა_ქალი თავისთვის ახალ ცხოვრებას იშენებდა, კაცი კი თავისი ძველი ცხოვრების ნარჩენებს ჰყიდდა.
ჰყიდდა უზრუნველი ცხოვრებისათვის, კომფორტისათვის _ ამის უარყოფა შეუძლებელია_და კიდევ რისთვის? ეს უკვე აღარ იცოდა. ქალი მზად იყო, ყველაფერი ეყიდა მისთვის, რასაც კი კაცი მოიწადინებდა. ეს აშკარად ჩანდა. თან სასიამოვნო ქალიც იყო. ლოგინში ამასაც ისეთივე სიამოვნებით შეუწვებოდა, როგორც სხვა რომელიმე ქალს. ამას მეტი სიამოვნებითაც, რადგან უფრო მდიდარი იყო, ძალიან სასიამოვნო, სიყვარულის ფასი იცოდა და არასოდეს უმართავდა სცენებს. ახლა კი ეს ცხოვრება, რომელიც ხელმეორედ მოიწყო ქალმა, დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ორი კვირის წინათ,_როცა ისინი შამბნარში მიიპარებოდნენ ყელმოღერებულ, ნესტოებდაბერილ და გასაქცევად შემართულ ყურდაცქვეტილი ირმებისათვის სურათის გადასაღებად, _ ეკალზე მუხლი გაეკაწრა და იოდის წასმა დაავიწყდა. სურათის გადაღებაც ვერ მოასწრო _ ირმებმა იშვირეს ფეხი და ტყეში გაცვივდნენ.
აგერ, მოახლოვდა კიდეც ქალი.
კაცმა თავი მოაბრუნა, შეხედა და უთხრა:
_ ჰელო!
_ ქურციკი მოვკალი,_თქვა ქალმა,_ახლავე გემრიელ სუპს მოგიხარშავ, კარტოფილის პიურესაც მოვამზადებინებ. როგორა ხარ?
_ უკეთ.
_ ასე არ ჯობს?! ვიცოდი, რომ კარგად გახდებოდი. წაძინებული დაგტოვე.
_ გემოზე გამოვიძინე. შორს იყავი?
_ არა. გორაკს შემოვუარე. მარჯვედ კი მოვარტყი.
_ დიდებული ქურციკია.
_ მიყვარს ნადირობა. აფრიკაც შემიყვარდა. ნამდვილად. ოღონდ შენ კარგად გახდებოდე და ასე ჩემს დღეში არ მისიამოვნია. რა კარგი იქნება შენთან ერთად ნადირობა. ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა.
_ მეც მიყვარს.
_ ჩემო კარგო, ნეტა იცოდე, რა ბედნიერებაა, მოკეთებულს რომ გხედავ. ვერ ვიტან ხოლმე, ისე რომ მოიჟამები. ხომ აღარ დამიწყებ ისეთ ლაპარაკს? ხომ აღარა?
_ არა. აღარც კი მახსოვს, რა გითხარი.
_ რატომ გინდა, ცხოვრება დამინგრიო? ჰა? მე ხომ ახალგაზრდა ქალი აღარ მეთქმის. შემიყვარდი, და, რასაც კი მოისურვებ, მინდა ყველაფერი შეგისრულო. ორ-სამჯერ უკვე დამანგრიეს. შენ ხომ აღარ დამანგრევ, ხომ აღარა?
_ ლოგინში სიამოვნებით დაგანგრევდი, და ხშირ-ხშირადაც.
_ ო, ეს სულ სხვანაირი დანგრევაა. მაგისთვის ვართ გაჩენილი. ხვალ თვითმფრინავი მოვა.
_ რა იცი?
_ დარწმუნებული ვარ. უსათუოდ უნდა მოვიდეს. ბიჭებმა უკვე მოამზადეს ფიჩხი და თივა კოცონის გასაჩაღებლად. დღესაც ვიყავი და ვნახე. უშველებელი მინდორი მოუმზადებიათ, ორივე მხარეს უნდა დავანთოთ კოცონები.
_ რატომ გგონია, რომ უსათუოდ ხვალ მოვა?
_ დარწმუნებული ვარ. აღარ არის დრო?! ერთი ეს ფეხი მოგირჩინონ ქალაქში_ნამდვილი დანგრევა მერე იკითხე. იმ მოჟამული ლაპარაკისნაირი კი არა.
_ არ დავლიოთ? მზე უკვე ჩავიდა.
_ გინდა ვითომ?
_ უსათუოდ უნდა დავლიო.
_ მაშ ერთად დავლიოთ. Molo, letti dui whisky _ soda! _ გასძახა ქალმა.
_ მაღალყელიანი ფეხსაცმელი ჩაიცვი, ქინქლებმა არ დაგჭამონ,_უთხრა კაცმა.
_ ჯერ ვიბანაო…
მანამ დაბნელდებოდა, სვამდნენ. როცა შებნელდა და თოფის სროლა უკვე აღარ შეიძლებოდა, მინდორზე აფთარმა გაირბინა და გორაკს შემოუარა.
_ ყოველღამე აქ დაძრწის ეს უწმინდური,_თქვა კაცმა, _ ერთი ღამეც არ გამოუტოვებია ამ ორ კვირაში.
_ ეგ არის, მთელი ღამე რომ კივის. იკივლოს, რა მენაღვლება. თუმცა ყოვლად ბილწი ცხოველი კია.
ვისკის შეექცეოდნენ, ტკივილს სულ აღარ გრძნობდა, ოღონდ ახლა გაუნძრევლად წოლა აწუხებდა. ბიჭებმა ცეცხლი გააჩაღეს, ჩრდილები კარვის კედლებზე ათამაშდნენ… და ამ ვითარებაში თანდათანობით იგრძნო, რომ კვლავ უბრუნდებოდა იმ ცხოვრებასთან შეგუების სურვილი, რაც მას უნებლიე სიამოვნებად გადაექცა. ქალი ძალიან კარგად ეპყრობოდა. თვითონ მოექცა წეღან სასტიკად და უსამართლოდ. მშვენიერი ქალი იყო, მართლაც რომ დიდებული. და ამ დროს კაცს, ვკვდებიო, გაუელვა.
უცებ მოასკდა ეს. არა როგორც ქარი და ნიაღვარი, არამედ როგორც მყრალი სიცარიელე, და უცნაური ის იყო, რომ ამ სიცარიელის კიდეზე აფთარი მიცოცავდა.
_ ჰარი, რა მოგივიდა?_ჰკითხა ქალმა.
_ არაფერი,_უპასუხა მან,_იქით გადაჯექი, ქარს შეაქციე ზურგი.
_ მოლომ სახვევი გამოგიცვალა?
_ ჰო, ახლა ბორის საფენი მადევს.
_ როგორა ხარ?
_ სუსტად.
_ წავალ, ვიბანავებ,_უთხრა ქალმა,_ახლავე დავბრუნდები. ერთად ვივახშმოთ და მერე ლოგინი შევიტანოთ.
მაშ, კარგი გვიქნია, ჩხუბი რომ შევწყვიტეთ, გაიფიქრა კაცმა. ამ ქალთან მაინცდამაინც არასოდეს არ უჩხუბია, იმათთან კი, ვინც გულით უყვარდა, იმდენს ჩხუბობდა, რომ ჩხუბის ჟანგმა სულ შეჭამა, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ. ძალიან მაგრად უყვარდა, ძალიან ბევრს მოითხოვდა და ბოლოს და ბოლოს სულ გამოიფიტა.

გაახსენდა კონსტანტინოპოლში მარტოდ ყოფნა, ეს იყო ჩხუბის შემდეგ, პარიზიდან გამომგზავრების წინ. მთელი დღეები გარყვნილების მეტი არაფერი უკეთებია, ხოლო როცა გონს მოეგო და ნახა, რომ მარტოობის სევდა არათუ ჩაჰკლოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამწვავებოდა, ადგა და წერილი მისწერა იმ პირველს, რომელმაც მიატოვა. მისწერა _ დღემდე ვერ მომიხერხებია ამის ჩაკვლაო… ერთხელ მომეჩვენა, თითქოს რეჯენსის წინ ჩაიარე და გული ერთბაშად ჩამწყდა და მოვიშალეო, ვისაც კი რითიმე მიგამსგავსებდი, ბულვარზე გამოვედევნებოდი და სულ იმის შიში მქონდა_ვაითუ ის არ აღმოჩნდეს, ვაითუ ეს წუთიერი სიხარულიც წამერთვასო. შენს შემდეგ ვისთანაც არ დავწოლილვარ, კიდევ უფრო მწვავედ განმიცდია შენი განშორებაო. რაც შენ გამიკეთე, აღარც კი მახსოვს და არც აქვს
რაიმე მნიშვნელობა, რადგან, დავრწმუნდი, უშენობა არ შემიძლიაო. კლუბში დაწერა ეს წერილი, სავსებით ფხიზელმა, და ნიუ იორკში გაგზავნა, სთხოვდა, პარიზში ეპასუხებინა, რედაქციის მისამართზე. ასე უფრო უხიფათო ეჩვენა. იმავე ღამეს კი ისე მოენატრა ის ქალი, სულში ავადმყოფური სიცარიელე იგრძნო, ტაქსიმისაკენ წაეხეტა, იქ ვიღაც გოგოს შეხვდა და ვახშმად წაიყვანა. იქიდან საცეკვაოდ წავიდნენ, მაგრამ ცუდი მოცეკვავე გამოდგა, მიატოვა, და ახლა ვიღაც ახტაჯანა სომხის გოგოსთან დაიწყო ცეკვა, მაგრამ ისე ეხახუნებოდა გოგო მუცლით, რომ მთელი სხეული აუწვა. ინგლისელ არტილერიის ოფიცერს წაართვა ეს გოგო და ჩხუბიც მოუვიდათ. არტილერისტმა გარეთ გაიხმო, და პირდაპირ ქვაფენილზე შეებნენ ერთმანეთს, სიბნელეში. ორჯერ გამეტებით შემოჰკრა ყბაში, მაგრამ ძვრაც ვერ უყო და მიხვდა, რომ მაგარ ჩხუბში გაება. არტილერისტმა ჯერ გვერდში ამოჰკრა, მერე _ საფეთქელთან. ამან ახლა მარცხენა ხელი მოუქნია და მოარტყა, ხოლო არტილერისტი ქურთუკში სწვდა და სახელო შემოაფხრიწა, ამან კი ყურის ძირში ამოჰკრა ორჯერ, ხელი გააშვებინა და ერთი კიდევ მოარტყა მარჯვენათი. არტილერისტი დავარდა და ქვას დაჰკრა თავი, და ამან მაშინვე მოუსვა გოგოსთან ერთად, რადგან სამხედრო პატრულის ხმა გაიგონეს. ჩასხდნენ ტაქსში, ბოსფორს ჩაუქროლეს, რიმილი ჰისას მიადგნენ, იქიდან მოტრიალდნენ და უკანვე მობრუნდნენ. ღამე იყო ცივი, და ისინი შევიდნენ და დაწვნენ. ქალი, შორიდან რომ ჩანდა, ისეთივე გადამწიფებული აღმოჩნდა, ოღონდ კანი ჰქონდა ვარდის ფურცელივით რბილი, და მუცელიც ფაფუკი, მკერდი _ დიდი, და ბალიშის ამოდება არც დასჭირვებია. დაძინებული დატოვა, განთიადის შუქზე კარგა ნათრევი ჩანდა. ხოლო იქიდან წამოსულმა პერა-პალასისაკენ გასწია, თვალჩალილავებულმა, ქურთუკი ხელში ეჭირა, რადგან ცალი სახელო მოფხრეწილი ჰქონდა.
იმავე ღამეს ანატოლიისკენ გაემგზავრა. მატარებელი ყაყაჩოებით გადაჭრელებულ მინდვრებს სერავდა მეორე დღეს. საგანგებოდ ოპიუმისთვის დაეთესათ ეს ყაყაჩოები, და ახლა გაახსენდა, რა უცნაურ გუნებაზე დადგა ბოლოს. მანძილმა ყველგან მოატყუა, საცა კი გადავიდნენ შეტევაზე ახალჩამოსულ ბერძენ ოფიცრებთან ერთად, რომელთაც არაფერი ესმოდათ ამ ქვეყნისა, ხოლო არტილერია პირდაპირ ჯარს უბათქუნებდა, და ინგლისელი სამხედრო მიმომხილველი ბავშვივით ბღაოდა.
იმ დღეს პირველად ნახა მოკლული ჯარისკაცები. საბალეტო კაბები და ჭვინტაბზეკილი, პომპონებიანი ფეხსაცმელი ეცვათ. თურქები ჯიქურ მოდიოდნენ, და ამან თავისი თვალით ნახა, როგორ მოჰკურცხლეს კაბიანმა ჯარისკაცებმა, ხოლო ოფიცრებმა ჯერ სროლა აუტეხეს მათ, მერე კი თვითონაც მოჰკურცხლეს, და ესა და ინგლისელი მიმომხილველიც შეტრიალდნენ, ამათაც მოუსვეს; ისე გარბოდნენ, რომ ფილტვებში ჩხვლეტა დაეწყო, პირი გაუმწარდა, თითქოს სპილენძის ფულებით ჰქონოდეს გამოტენილი, და რომელიღაც კლდეს ამოეფარნენ. თურქები კი ახლა კიდევ უფრო ჯიქურ მოიწევდნენ. მოგვიანებით ისეთი რამე ნახა, არც დაესიზმრებოდა, ხოლო
ცოტა უფრო გვიან უარესის მოწმე გახდა. ასე რომ, პარიზში დაბრუნების შემდეგ აღარც გახსენება შეეძლო ამეებისა და არც მოსმენა. და კაფეს რომ ჩაუარა ერთ დრეს, ის ამერიკელი პოეტი დაინახა_კარტოფილივით სახე ჰქონდა, გამოლენჩებული თვალები, წინ თეფშები დაეხვავებინა და დადაისტურ მოძრაობაზე ელაპარაკებოდა ვიღაც რუმინელს. ტრისტან თცარა ვარო, იმ რუმინელმა თქვა, თვალზე მონოკლი ეკეთა და სულ თავი სტკიოდა. მერე ისევ თავის სახლში, ცოლთან, რომელიც ხელახლა შეუყვარდა! გაუთავებელი ჩხუბი, გაუთავებელი სიგიჟე, შინ დაბრუნების სიხარული; სამსახურიდან შინ უგზავნიან ხოლმე ფოსტას, და ერთ დილას იმ წერილის პასუხი მოართვეს თეფშით. ნაწერს რომ დახედა, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, სცადა, სხვა წერილის ქვეშ შეეცურებინა. მაგრამ ცოლმა ჰკითხა _ ვისი წერილია, ჩემო ძვირფასოო. და დასაწყისშივე დასრულდა ყველაფერი.
მოაგონდა მათთან გატარებული კარგი დღეებიცა და ჩხუბიც. საგანგებოდ შეარჩევდნენ და ყველაზე კარგ წუთებში დაიწყებდნენ ხოლმე. რაღა მაინდამაინც მაშინ აუხირდებოდნენ, როცა ძალიან კარგ გუნებაზე იყო?! არც ეს დაუწერია. პირველად ერიდებოდა სხვის წყენინებას, მერე კი იფიქრა_დასაწერი სხვაც ბევრიაო. თუმცა მაინც ფიქრობდა, როდისმე ამასაც დავწერო. ბევრი რამე იყო დასაწერი. მის თვალწინ იცვლებოდა ქვეყანა, და არა მარტო დიდ-დიდი მასშტაბებით,_თუმცა ეგეც ბევრი ნახა, და ბევრ ხალხს გაეცნო,_უფრო პატარა ცვლილებებსაც ამჩნევდა, და ხედავდა, როგორ სულ სხვადასხვანაირი იყო ხალხი სხვადასხვა დროს. თვითონვე შიგ ტრიალებდა, ყველაფერს ხედავდა, მისი მოვალეობა იყო, დაეწერა. მაგრამ აწი რაღას დაწერს!

_ როგორა ხარ?_ჰკითხა ქალმა. უკვე ებანავა და კარვიდან გამოვიდა.
_ კარგად.
_ რამეს არ შეჭამდი?_დაინახა, რომ უკან მოლო ედგა, გასაშლელი მაგიდით ხელში, მეორე ბიჭს კი თეფშები ეჭირა.
_ მე წერა მინდა,_უთხრა მან.
_ ცოტა სუპი შეხვრიპე, გაგამაგრებს.
_ რაღა გამაგრება მინდა,_თქვა კაცმა,_ამაღამვე მოვკვდები.
_ მაგ მელოდრამებს თავი დაანებე, ჰარი, თუ ღმერთი გწამს,_უთხრა ქალმა.
_ სუნი მაინც არა გცემს, ცხვირი აღარა გაქვს? ცალი ფეხი ბარძაყამდე სულ დამილპა. სუპი რა ჯანდაბად მინდა! სოდიანი ვისკი, მოლო!
_ სუპი შეხვრიპე, რა!_ალერსით უთხრა ქალმა.
_ კარგი.
ძალიან ცხელი გამოდგა სუპი. უცადა, მანამ გაგრილდებოდა ფინჯანში, და მერე სულმოუთქმელად გამოსცალა.
_ რა მშვენიერი ქალი ხარ!_უთხრა მან._მე ყურადღებასაც ნუ მომაქცევ.
ქალმა გამოხედა. რა ნაცნობი და საყვარელი სახე ჰქონდა, ჟურნალებში უნახავს ამისთანა სახე_»დეზებსა» და «ქალაქსა და სოფელში», ოღონდ სმისაგან, ცოტა არ იყოს, შელახოდა სახე, ბევრ ხვევნა-კოცნასაც გაეფუჭებინა. მაგრამ «ქალაქსა და სოფელში» სად ნახავდი ამ მშვენიერ მკერდს, ამ მადიან ბარძაყებს, ან ამ პაწაწინა ალერსიან ხელებს; და როცა ქალის ნაცნობი და საყვარელი ღიმილი იხილა კაცმა, კვლავ იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ოღონდ ახლა ერთბაშად მომსკდარი გრიგალივით არ ყოფილა, პატარა წამოქროლებას ჰგავდა, სუსტ ნიავს, რისგანაც სანთლის ალი ერთს კი შეტორტმანდება და ისვე მაღლა მიიწევს.
_ ცოტა ხნის შემდეგ ბადე მოატანინე და ხიდან ჩამოაშვებინე, ცეცხლიც გააჩაღონ. კარავში აღარ შევალ ამაღამ. არ ღირს. მოწმენდილი ღამეა. არ იწვიმებს.
მაშ ეს ყოფილა სიკვდილი. ჩურჩულით მოდის, რომ არაფერი გაიგონო. ჩხუბს მაინც მოეღება ბოლო. ამის პირობას ახლავე მოგცემთ ეს კაცი. არ უნდოდა გაეფუჭებინა ის ერთადერთი განცდა, რაც თავის დღეში არ გამოეცადა. ალბათ მაინც გააფუჭებს. ასე არ გააფუჭა ყველაფერი! იქნება ახლა არ გააფუჭოს.
_ რომ გიკარნახო, ვერ ჩაიწერ?
_ ჩემს დღეში არ მისწავლია სტენოგრამა.
_ არა უშავს.
დრო, რა თქმა უნდა, აღარ არის, მაგრამ ისეა ყველაფერი ერთმანეთში გადაწნული, რომ კალმის აღებას თუ მოახერხებ, ერთ აბზაცში ჩასტევ.

სერზე, ტბის ზევით, ძელური სახლი იდგა, ხვრელებში კირით თეთრად შელესილი. სახლის მახლობლად ზარი ეკიდა ბოძზე, და ჯერის დროს ხალხს ამ ზარით იწვევდნენ. სახლის უკან მინდვრები იწყებოდა, მინდვრის გადაღმა _ ტყე. ნავმისადგომამდე ალვის ხეები იყო გამწკრივებული. კონცხის გაყოლებაზეც_ალვის ხეივანი. ტყეს გზა მისდევდა მთებისკენ, გზისპირ კი იგი მაყვალსა კრეფდა. მერე სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თოფები,_რომლებიც ირმის ფეხებზე იყო ჩამოკიდებული ბუხრის თავზე,_სახლთან ერთად დაიწვა. უკონდახო ლულები და ვაზნის კოლოფებში გამდნარი ტყვია არეული იყო ნაცარში, რასაც დიდი ქვაბების სახეხად ხმარობდნენ, და შენ პაპას ჰკითხე, თუ შეიძლება ამ ლულებით ვითამაშოო, და, არაო. ეს მისი თოფები იყო და მეტი აღარც უყიდია. არც სანადიროდ წასულა მეტად. ძველი სახლის ადგილას ახალი დადგეს, ფიცრული ამჯერად, და თეთრად შეღებეს, ხოლო პარმაღიდან მოჩანდა ალვის ხეები და ალვების გადაღმა _ ტბაც. თოფები აღარავის უნახავს ამ სახლში. თოფის ლულები კი, რომლებიც წინათ ძელურ სახლში ეკიდა კედლებზე, ახლა გარეთ ეყარა ნაცარში და ხელს აღარავინ ახლებდა.
შვარცვალდში, ომის შემდეგ, ერთი საკალმახე მდინარე ავიღეთ იჯარით, და ორი გზა მიდიოდა მდინარისაკენ. ერთი ტრიბერგიდან ეშვებოდა_ხეებით გადმობურული თეთრი გზა_ჯერ მინდორს გადაჰკვეთდი, მერე კი ბილიკით
მთებს აუყვებოდი, აუვლიდი გორაკებზე მიმოფანტულ პატარ-პატარა ფერმებს, რომელთა შორის დიდი შვარცვალდური სახლები ამართულიყო და ბოლოს მდინარეს მიადგებოდი. აქ ვიწყებდით თევზაობას.
მეორე გზა ციცაბოთი იწყებოდა, აჰყვებოდი ამ ციცაბოს და ნაძვის ტყეში შეხვიდოდი, ივლიდი ასე ტყე-ტყე, მინდორში გახვიდოდი, გადაჰკვეთდი მინდორს, ხიდს მიადგებოდი. მდინარის გაყოლებაზე არყის ხეები იდგა, ხოლო მდინარე იყო პატარა, ვიწრო, ანკარა და სწრაფი, ალაგ-ალაგ მორევი _ იმ ადგილებში, საცა არყის ხის ძირები შეეთხარა წყალს. კარგი სეზონი დაუდგა ტრიბერგის სასტუმროს პატრონს. დიდებულად ვატარებდით დროს და ძალიანაც დავმეგობრდით. მეორე წელიწადს ინფლაცია დაიწყო, და შარშანდელი მოგებული ფული აღარ ეყო სასტუმროს გასახსნელად, და ადგა და თავი ჩამოიხრჩო.
ამას როგორმე კი უკარნახებდი, მაგრამ კონტრესკარპის მოედანზე რაც გინახავს, ის როგორღა უნდა უკარნახო_მეყვავილეები ყვავილებს ღებავენ ქუჩაში, საღებავი კი მოწვეთავს და ქვაფენილზე იღვრება, ზედ ავტობუსის გაჩერებასთან; აგერ ღვინითა და უხეირო შამანით გალეშილი დედაბრები და ბერიკაცები; ბავშვებს სიცივისაგან წვინტლი ჩამოსდით; ჭუჭყიანი ოფლის სუნი, სიღატაკე, ლოთობა კაფე ამატორაში და ბალ მუსეტეს კახპები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ, ზემო სართულზე; კონსიერჟს რესპუბლიკური გვარდიის ჯარისკაცი დაუდის ოთახში და ცხენის ძუის ჯიღიანი მუზარადი ამ ჯარისკაცისა სკამზე დევს. დერეფნის იქითა მხარეს მცხოვრებ დედაკაცს ქმარი ველოსიპედისტი ჰყავს და სიხარულით როგორ ცას ეწია ქალი იმ დილას რძის მაღაზიაში, როცა გაზეთი L Auto გაშალა და ნახა, რომ პარიზ-ტურის შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გამოსულიყო, ხოლო ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სერიოზულ შეჯიბრებაში. ერთიანად გაწითლდა ეს დედაკაცი, მერე სიცილი ატეხა, მაღლა ავიდა და ქვითინი აუვარდა, ყვითელი სპორტული გაზეთი კი ისევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული. ხოლო ქმარი იმ ქალისა, რომელსაც ეს ბალ მუსეტე ეკუთვნოდა, ტაქსის შოფერი იყო და ერთხელ როცა მას, ჰარის, დილის თვითმფრინავისათვის უნდა მიესწრო, იმ კაცმა კარზე დაუკაკუნა, გააღვიძა და მანამ წავიდოდნენ, თუთიაგადაკრულ დახლთან თითო ჭიქა თეთრი ღვინო გადაჰკრეს. მეზობლებს სათითაოდ იცნობდა იმ კვარტალში, რადგან სულ ღარიბები იყვნენ.
მოედანზე ორნაირი ხალხი ცხოვრობდა _ ლოთები და სპოტსმენები. ლოთები ღვინოში კლავდნენ სიღარიბის გასაჭირს, სპორტსმენები ვარჯიშით იქარვებდნენ. კომუნარების ჩამომავლები იყვნენ და პოლიტიკაში გარკვევა არ უჭირდათ. იცოდნენ, ვინ დაუხვრიტა მამები, ნათესავები, ძმები და მეგობრები, როცა ვერსალის ჯარი შემოვიდა კომუნის დამარცხების შემდეგ და ვინც კი ხელში ჩაუვარდათ, ყველას გაუსწორდნენ_ხელებდაკოჟრილებსა და კეპიანებს, და სხვებსაც, თუ რაიმე ნიშნით შეატყობდნენ, მუშააო. და სწორედ ამ სიღატაკეში, ამ კვარტალში, რომელიც Boucherie Chevaline-ს ემიჯნებოდა, მან თავისი პირველი სტრიქონები დაწერა და ისეთ საქმეს მოჰკიდა ხელი, რაც
შემდეგ მთელ სიცოცხლეში უნდა ეკეთებინა. პარიზის არც ერთი უბანი არ ჰყვარებია ასე _ გადაბარდნილი ხეები; ბათქაშის ძველი, თეთრი სახლები, ქვემოთ წაბლისფრად შეღებილი; მწვანე, წაგრძელებული ავტობუსი მრგვალ მოედანზე; წითლად შეღებილი ყვავილების ჩამონაწვეთები ქვაფენილზე; კარდინალ ლემუანის ქუჩის შვეული ჩასასვლელი მდინარესთან; ხოლო გაღმა მუფტარის ქუჩის ვიწრო, აჩოჩქოლებული სამყარო; პანთეონისკენ ამავალი ქუჩა, და მეორეც, სადაც იგი ველოსიპედით დადიოდა ხოლმე, მთელ უბანში ერთადერთი ასფალტიანი ქუჩა, რომლის სიგლუვეს ველოსიპედის ბორბლებითაც გრძნობდა, აქეთ-იქით მომაღლო სახლები და ერთი იაფფასიანი წოწოლა სასტუმრო, სადაც პოლ ვერლენი მოკვდა… ოროთახიანი ბინა ეჭირათ და ერთი ოთახი იმავე სასტუმროს სულ ზემო სართულშიაც დაიქირავა, თვეში სამოც ფრანკად, და აქა წერდა, აქედან კი ჩანდა სახურავები, საკვამურები და პარიზის მთელი გორაკები.
ბინიდან ნახშირისა და შეშის საწყობი ჩანდა, სხვა არაფერი. მენახშირე ღვინოსაც ჰყიდდა, საძაგელ ღვინოს. Boucherie Chevaline-ს შესასვლელში ცხენის მოოქროვილი თავი ეკიდა, ვიტრინაში _ წიტელ-ყვითლად შეღებილი საქონელი, სამიკიტნო მწვანედ იყო შეღებილი, და აქ ისინი ღვინოს ყიდულობდნენ; კარგიც იყო ღვინო და იაფიც. იმას იქით ბათქაშის კედლები და მეზობლების ფანჯრები. ღამღამობით, როცა ქუჩიდან გალეშილის კვნესა და ხვნეშა მოისმოდა, ნამდვილი ფრანგული ივრესსე-ს კვალობაზე,_თუმცა თავგამოდებით ირწმუნებიან, ამნაირი არაფერი არსებობსო, _ მეზობლები ფანჯრებს გამოაღებდნენ და იმათ დუდღუნსაც გაიგონებდი.
«პოლიცია სად ჯანდაბაშია? როცა არ გჭირდება, სულ აქ წრიალებს ძაღლიშვილი! ვინმე კონსიერჟთან ეგდება, აგენტს უნდა გამოუძახო», _ მერე ვინმე აიღებს და ფანჯრიდან ერთ ვედრო წყალს გადაასხამს, ხვნეშა შეწყდება. «ეს რაა? წყალი? ახია!»_და ისევ მიიკეტავენ ფანჯრებს. მარი, მომსვლელი მოსამსახურე, რვასაათიანი სამუშაო დღითაა უკმაყოფილო. «ექვს საათამდე თუ ამუშავე, ერთ-ორ ჭიქას გადაჰკრავს გზად და მორჩა, ნაკლებს ფლანგავს. ხუთ საათამდე როცა მუშაობს, ყოველღამე გალეშილია და აღარც ფული უჭყავის ჯიბეში. ცოლების სავაივაგლახოდ შემოიღეს ეს სამუშაო დღის შემცირება».

_ სუპს დაგიმატებ!_მიმართა ქალმა.
_ არა. მადლობელი ვარ. ძალიან გემრიელია.
_ ცოტა კიდევ შეხვრიპე.
_ სოდიანი ვისკი მირჩევნია.
_ გაწყენს.
_ ვიცი. მაწყენს. სიტყვები და მუსიკა კოულ პორტერისა. როცა ვგრძნობ, რომ ჩემთვის ჭკუას კარგავ.
_ ხომ იცი, რომ შენი სიმთვრალე მიყვარს.
_ ო, რა სათქმელია. ოღონდ მწყენს.

წავა და რამდენსაც მინდა, დავლევ, გაიფიქრა კაცმა. რამდენსაც მინდა კი არა, რამდენიც დარჩა. ჰოი, როგორ დაიღალა. ძალიან დაიღალა. ცოტას თვალს მოვატყუებო, გაიფიქრა. წყნარად იწვა და ირგვლივ სიკვდილი არ ჩანდა. ალბათ, სხვა ქუჩაში შეუხვია. წყვილ-წყვილად დადის, ველოსიპედით, და ქვაფენილი ჩქამსაც არ გამოსცემს.
ვერა, ვერაფერი დაწერა პარიზზე. იმ პარიზზე, რომელიც მას უყვარდა. სხვა? სხვაც ხომ დარჩა დაუწერელი! იმათ რაღა უყოს?
რაღა უყოს იმ რანჩოსა და ვერცხლისფრად მოელვარე სალბის ბუჩქს, არხებში სწრაფად მიმდინარე ანკარა წყალსა და იონჯის დაჯაჯულ მწვანე ფოთლებს. ბილიკი მთებში მიიკლაკნებოდა და ნახირი ზაფხულში შველივით დამფრთხალიყო. საქონლის ბღავილი, ჩლიქების თანაბარი თქარათქური და შემოდგომაზე მთებიდან დინჯად დაძრული ჯოგისგან დაყენებული მტვრის კორიანტელი. საღამოობით მთების უკან მკაფიოდ გამოკვეთილი მწვერვალი, შენ კი მთვარის სხივებით განათებულ მთის ბილიკზე ეშვები ცხენით და დაბლაც მთვარეს გაუნათებია ველები. ახლა ისიც გაახსენდა, როგორ ეშვებოდა ღამით ტყეში, ხელი ცხენისთვის ჩაეჭიდებინა კუდში, რადგან საშინლად ბნელოდა. ის მოთხრობებიც გაახსენდა, რის დაწერასაც აპირებდა.
ერთი მოშტერო მოჯამაგირე ბიჭის ამბავი, რომელიც რანჩოს დარაჯად დატოვეს მაშინ და გააფრთხილეს, თივა არავის მისცეო, ხოლო ის საძაგელი ფორკსელი ბერიკაცი, რომელსაც ერთხელ უკვე ნაცემი ჰყავდა ბიჭი, როცა იგი მასთან მუშაობდა, _ მიეჭრა, გინდა თუ არა, თივა მომეციო. არაო, ბიჭმა უთხრა, და ბერიკაცმა, ისევ მიგტყეპავო. ბიჭი სამზადში შეიჭრა და თოფი გამოიტანა, ხოლო როცა ბერიკაცმა საბძელში შესვლა დააპირა, ესროლა და იქვე გააგორა, და როცა ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ, ბაკში დახვდათ ბერიკაცის გაყინული გვამი, ძაღლებისაგან სანახევროდ დაგლეჯილი. ხოლო რაც დარჩენილიყო, საბანში გაახვიე შენ, მარხილზე დადე, ბაწრით გადააკარი და ბიჭიც დაიხმარე დაცურებაში, და თქვენ ორმა ათრიეთ მთელი სამოცი მილი, ქალაქამდე, რათა ბიჭი სასამართლოსთვის გადაგეცა. ბიჭს კი ერთი წუთითაც არ უფიქრია, თუ დაიჭერდნენ. მოვალეობა შევასრულეო, ეგონა, მეგობრადა გთვლიდა, და დამაჯილდოებსო. გშველოდა ბერიკაცის თრევაში _ ყველამ გაიგოს, რა ვაჟბატონიც ბრძანდებოდა და როგორ უნდოდა სხვისი თივის მოპარვაო, ხოლო, როცა შერიფმა ხელბორკილი დაადო, თვალებს არ უჯერებდა. მერე კი ტირილი მორთო. ეს მოთხრობაც შემონახული ჰქონდა დასაწერად. ოცი კარგი მოთხრობა მაინც ექნებოდა იმ ადგილებზე მოფიქრებული და ერთიც ვერ დაწერა. რატომ?

_ შენ უპასუხე, რატომ,_თქვა მან.
_ რა, ძვირფასო?
_ ისე, არაფერი.
რაც ეს კაცი ჩაიგდო ხელში, ქალმა სმას უკლო. მაგრამ კიდეც რომ გადარჩეს ახლა, ამ ქალზე მაინც არაფერს დაწერს, ამას უკვე გრძნობდა კაცი. არც ერთ იმათგანზე. მდიდრები მოსაწყენი ხალხია _ ან უსაშველოდ ბევრსა სვამენ, ან ნარდს აგორებენ. მოსაწყენები და ყველა ერთ თარგზე გამოჭრილი. საწყალი სკოტ ფიცჯერალდი მოაგონდა, და ის რომანტიკული მოკრძალება, რასაც იგი მათ წინაშე იჩენდა. ერთი მოთხრობა დაწერა, ამ სიტყვებით იწყებოდა: «ძალიან მდიდარი ხალხი არც თქვენა გგავთ და არც მე». და ვიღაცამ უთხრა: დიახ, მდიდრებს მეტი ფული აქვთ. ფიცჯერალდი კი ვერ მიუხვდა ხუმრობას. ეგონა, განსაკუთრებულად მომხიბლავი რასააო, და როცა დარწმუნდა, ასე არ იყო, მოტყდა. სხვა ვერაფერი მოტეხდა ასე.
ცხოვრებისაგან დაჯაბნილი ხალხი ეზიზღებოდა. არც უნდა გყვარებოდა, რადგან ყველაფრის ფასი იცოდი. რაც უნდა შემხვდეს, გავუსწორდებიო, ფიქრობდა, რადგან არაფერს არ შეეძლო მისი გატეხა, თუ თავიდანვე დიდ რადმე არ ჩააგდებდა.
ასეა. ახლა სიკვდილსაც არაფრად აგდებს. ერთადერთი, რისიც ყოველთვის ეშინოდა_ტკივილი იყო. სხვაზე ნაკლებ არც ეს აიტანდა ტკივილს, თუკი ძალიან არ გაჭიანურდებოდა და ქანცს არ გაუწყვეტდა, მაგრამ ახლა ისეთი რამე ეცა, რომ ჯოჯოხეთურად გააწამა, და სწორედ მაშინ, როცა ეგონა, სულით ვეცემიო, ტკივილიც დაუყუჩდა. 

დიდი ხნის ამბავი გაახსენდა, როცა უილიამსონს, არტილერიის ოფიცერს, ხელყუმბარა ესროლეს გერმანელთა საგუშაგოდან. ღამე იყო და მავთულხლართებში მიძვრებოდა. ყვიროდა, იხვეწებოდა _ გამათავეთო. ჩასუქებული ბიჭი იყო, ძალიან გულადი და კარგი ოფიცერი, თუმცა დიდი პრანჭვა-გრეხა კი უყვარდა. პროჟექტორის სინათლეში მოჰყვა იმ ღამეს, მავთულის კბილს გამოედო და ნაწლავები გამოაყრევინა, პირდაპირ მავთულზე ჩამოეკიდა, ხოლო როცა იქიდან ხსნიდნენ, იძულებული გახდნენ, ნაწლავები მიეჭრათ. მესროლე, ჰარი, მესროლე, იწამე ღმერთი! ერთხელ დავა მოუვიდათ, ღმერთი ისეთ რამეს არ მოგივლენს, რისი გადატანაც არ შეიძლებოდესო, და ვიღაც თავგამოდებით ამტკიცებდა, ტკივილი გარკვეულ მომენტში თავისით ჰკლავს ადამიანსო. მაგრამ ამას უილიამსონი აგონდებოდა. ტკივილმა ვერ მოჰკლა, მანამ, რაც თავისთვის მორფის მარაგი ჰქონდა გადანახული, ის არ მისცა, და მორფმაც ვერ უშველა დიდ ხანს.

ჯერჯერობით არა უშავს რა, სულაც არ შეწუხებულა. თუ ასე გაგრძელდა და არ გაუუარესდა, არც შეწუხდება. ოღონდ ცოტა უფრო კარგ ხალხთან ყოფნას კი ინატრებდა.
ის ხალხი გაიხსენა, ვისთანაც ყოფნა ესიამოვნებოდა ახლა.
არა, გაიფიქრა მან, ვიღა გაგიჩერდება, ამდენ ხანს თუ მოუნდი საქმეს და ასე აჭიანურე. ხალხი წავიდა. ლხინი დამთავრდა და შენ შენს დიასახლისთან
დარჩი. სიკვდილმაც ისევე მომაბეზრა თავი, როგორც სხვა ყველაფერმაო, გაიფიქრა.
_ მოსაბეზრებელია,_თქვა მან ხმამაღლა.
_ რა, ჩემო ძვირფასო?
_ ყველაფერი, რაც გაჭიანურდება.
ქალს გახედა_მასა და ცეცხლს შორის იჯდა, სკამს გადასწოლოდა და ცეცხლის შუქი სასიამოვნოდ დანაოჭებულ სახეს უნათებდა. შეატყო, ეძინებოდა. აფთარი ცეცხლით განათებულ მინდორს მოახლოებოდა, და ახლა ყმუილი მორთო.
_ მე ვწერდი,_თქვა კაცმა,_მაგრამ დავიქანცე.
_ როგორ ატყობ, არ დაგეძინება?
_ როგორ არ დამეძინება. შენ რატომ არ წვები?
_ შენთან მირჩევნია.
_ უჩვეულოს ხომ არაფერს გრძნობ?_ჰკითხა მან.
_ არა. ცოტა მეძინება.
_ მე კი ვგრძნობ,_თქვა კაცმა.
ისევ იგრძნო სიკვდილის მოსვლა.
_ ერთადერთი, რაც ისევ შემრჩა და არ დამიკარგავს_ცნობისმოყვარეობაა,_უთხრა კაცმა.
_ შენ არაფერიც არ დაგიკარგავს. პირველად ვხედავ შენისთანა სრულყოფილ კაცს.
_ ღმერთო,_თქვა კაცმა, როგორ არაფერი ესმით ქალებს. ეს ვითომ რა არის? შენი ალღო?
იმიტომ რომ, სწორედ ამ წუთში სიკვდილი სულ ახლოს მოვიდა და თავი ლოგინის ბოლოზე ჩამოდო, კაცს სუნთქვაც მისწვდა მისი.
_ ისეთი არ გეგონოს, როგორც წარმოუდგენიათ ხოლმე _ გაძვალტყავებული, ცელმომარჯვებული, _ უთხრა კაცმა ქალს,_სულ ადვილი შესაძლებელია ველოსიპედებზე გადამჯდარი ორი პოლიციელი იყოს, ან ჩიტი. ან არადა აფთარივით ჩაჭყლეტილი დრუნჩი ჰქონდეს.
ახლა ზევით ამოჩოჩდა, მაგრამ გამოსახულება არაფრისა ჰქონია, სივრცეს იჭერდა მხოლოდ.
_ უთხარი, წავიდეს.
მაინც არ წავიდა, კიდევ უფრო მიუჩოჩდა.
_ ჰო, რას ჰყარხარ!_უთხრა კაცმა,_ბინძურო და აქოთებულო!

სულ უფრო და უფრო ზევით მოჩოჩავდა, და ახლა ვეღარაფერი უთხრა კაცმა; რომ ნახა, ვეღარაფერს ამბობსო, კიდევ მიუჩოჩდა. სცადა უსიტყვოდ მოეშორებინა, მაგრამ ის მაინც მოჩოჩავდა და ახლა მკერდზე ამოცოცდა, მთელი სიმძიმით დააწვა, და მანამ ასე იკრუნჩხებოდა მკერდზე _ და არც გასაქანს აძლევდა, არც ხმას აღებინებდა_ქალის ხმა გაიგონა კაცმა: «ბვანას ჩაეძინა, ფრთხილად ასწიეთ ლოგინი და კარავში შეიტანეთ».
ვეღარ დაძრა ენა, რომ ეთქვა, მომაშორეთო, და ახლა ისე მძიმედ დააწვა, სუნთქვა შეუკრა. ხოლო როცა ლოგინი ასწიეს, ერთბაშად შვება იგრძნო, და მკერდიც აეხსნა.

დილა იყო, დიდი ხანია გათენდა, და თვითმფრინავის ხმა მოესმა. სულ პაწაწკინა ჩანდა, მერე დიდი წრე შემოხაზა. ბიჭები გაიქცნენ და ფიჩხს ნავთი დაასხეს, ცეცხლი დაანთეს, ზედ ბალახი დააყარეს. მინდორში ორი დიდი კოცონი ავარდა, დილის ნიავმა კვამლი კარვისკენ წამოიღო, თვითმფრინავმა კიდევ შემოხაზა ორი წრე, ახლა უფრო დაბლა, მერე მინდვრისკენ ჩამოსრიალდა და რბილად დაჯდა. კომპტონი მოდის მისკენ, ძველი მეგობარი, ფართხუნა შარვალი და მატყლის ფაფუკი ჟაკეტი აცვია, წაბლისფერი ფეტრის ქუდი ახურავს.
_ რა მოგივიდა, ბიჭო?_ჰკითხა კომპტონმა.
_ ფეხი გამიფუჭდა,_უპასუხა მან,_არ ისაუზმებ?
_ მადლობელი ვარ. ჩაის კი დავლევდი. «ფარვანათი» ვარ, ხომ იცი. მემსაიბს ვერ წავიყვანთ. ერთი ადგილი მაქვს მარტო. შენი საბარგო მანქანა უკვე გზაშია.
ელენმა გვერდზე გაიხმო კომპტონი და რაღაც უთხრა. კომპტონი გახარებული მობრუნდა. ასე მხიარული თავის დღეში არ ენახა.
_ ჯერ შენ ჩაგსვამთ,_უთხრა მან,_მემსაიბის წასაყვანად მერე მოვბრუნდები. წავიდეთ ბარემ. ვაითუ არუშაში მოგვიხდეს გაჩერება, ბენზინისათვის.
_ ჩაი?
_ აღარ მინდა.
ბიჭებმა საწოლი ასწიეს, მწვანე კარვიდან გამოიტანეს, მინდორზე გაატარეს, კოცონებს შორის, _ რომლებიც ახლა ერთიანად აბრიალებულიყვნენ: თივა დამწვარიყო და ქარი ცეცხლს აღვივებდა,_და პატარა თვითმფრინავთან მიიყვანეს. ჩაჯდომა გაძნელდა, მაგრამ როცა ჩასვეს, ტყავის სავარძელზე გადაესვენა, ფეხი აუწიეს და წინა სკამზე დაუდეს, საცა კომპტონი უნდა დამჯდარიყო. კომპტონმა ძრავა აამუშავა და კაბინაში შევიდა. მან ხელი დაუქნია ელენსა და ბიჭებს, ხოლო, როცა ძრავას თუხთუხი ჩვეულებრივ გუგუნში გადავიდა, თვითმფრინავი მობრუნდა, კომპტონმა ფრთხილად აუარა გვერდი ტახების ნაჩიჩქნ ორმოებს, ზუზუნითა და ძიგძიგით გაემართა წინ, კოცონებს ჩაუარა, ერთი კიდევ შეტოკდა და მიწას მოსწყდა. მან დაინახა, როგორ შეჰყურებდნენ დაბლიდან, ხელს უქნევდნენ. იქით _ კარავი გორაკის ძირში, ახლა თითქოს მიწის დონეზე გაბრტყელებული; მინდორი ფართოდ გადაიშალა, გადაბურული ხეები და ბუჩქებიც მიწას გაუთანაბრდნენ; ნადირის ნაფეხურები ამომშრალი წყაროებისკენ მიემართებიან; და ერთი წყაროც შენიშნა, ადრე არ ენახა. ზებრებისა მხოლოდ მომრგვალებული ზურგები ჩანს, ანტილოპის მაგვარი გნუს ჯოგი თავბუხუტა ხალებივით გაფანტულა მინდორზე მწკრივ-მწკრივად _ თითქოს გაჩაჩხული თითებიაო. ჩრდილი რომ
გადაეფარათ ზემოდან, აქეთ-იქით გახტნენ, ახლა სულ პაწაწინები ჩანან და მათ სირბილს ვერც კი ამჩნევ, მინდორს თვალის დასაწიერამდე მონაცრისფრო ყვითელი ფერი გადაეკრა, წინ კი _ კომპტონის ჟაკეტი და წაბლისფერი ქუდი ჩანს. გადაუფრინეს პირველ გორაკს, სადაც ანტილოპების ჯოგი მიბობღავს, მერე დიდ მთას გადაევლნენ, რომელიც ერთბაშად ამოიმართა ტყის სიმწვანიდან; ლერწმით დაფარული ფერდობები; ისევ დაბურული ტყე_მწვერვალებსა და ხეობებთან ერთად გამოძერწილი; ისევ დაქანება; ფერდობი; ისევ მინდორი, უკვე ალმურმოდებული, ყავისფრად გამომწვარი. თვითმფრინავი გახურებულ ჰაერში შეტოკდა და კომპტიმ მოუხედა, ფრენამ ხომ არ დაღალაო, წინ კი ისევ ჩამუქებული მთები.
მერე არუშასკენ წასვლის ნაცვლად, მარცხნივ შებრუნდნენ; ეტყობა, ბენზინი ეყოთ. დაბლა ჩაიხედა და მიწას გაკრული ვარდისფერი ღრუბლის ქულები დაინახა, აქეთ-იქით მიმოფანტული, თითქოს ფიფქი თოვლი მოჰყოლია საიდანღაც მოვარდნილ ნამქერშიო, და მაშინვე მიხვდა, რომ ეს სამხრეთიდან დაძრული კალია იყო. მერე მაღლა-მაღლა წავიდა თვითმფრინავი, ეტყობოდა, აღმოსავლეთისკენ მიტრიალდნენ. უცებ დაბნელდა და ქარიშხალში მოჰყვნენ, წვიმდა, წვიმდა_თითქოს ჩანჩქერს მიაპობენო, ხოლო როცა ჩანჩქერიდან გამოვიდნენ, კომპტიმ თავი შეაბრუნა, გაუღიმა და წინ გაიშვირა ხელი. და როცა იქით გაიხედა, დაინახა დიდი, ვრცელი _ როგორც მთელი სამყარო, ცაში აზიდული და მზით გაშუქებული, წარმოუდგენლად თეთრი რაღაც_კილიმანჯაროს ბტრყელი მწვერვალი. მაშინღა მიხვდა, საით მიდიოდნენ.

სწორედ ამ დროს აფთარმა ჩხავილი შეწყვიტა ღამის სიბნელეში, და რაღაც უცნაური, კაცისნაირი ტირილი მორთო. ქალს ძილში ჩაესმა და მოუსვენრად აწრიალდა. არ გაუღვიძია _ სიზმარში ლონგ-აილენდზე იყო, საკუთარ სახლში; ეს იყო თავისი ქალიშვილის საზოგადოებაში გამოყვანის წინა ღამე. როგორღაც მამაც იქ მოხვდა და ძალიან ტლანქად ექცეოდა. მერე ისე აყმუვლდა აფთარი, რომ ქალს გაეღვიძა, უცებ ვერ გაერკვა, სად იყო და ძალიან შეშინდა. ხელის ფარანს გადასწვდა და მეორე საწოლს მიანათა, რომელიც ჰარის ჩაძინების შემდეგ შემოიტანეს. ქინქლას საფარქვეშ იწვა, ოღონდ ფეხი გარეთ გამოსჩროდა და საწოლზე გადმოჰკიდებოდა. სახვევი სულ შეხსნოდა, და ქალმა შიშით ვერ დახედა.
_ მოლო!_გასძახა მან,_მოლო! მოლო!
მერე ისევ მობრუნდა:
_ ჰარი! ჰარი!_ხმას აუწია,_ჰარი! ჰარი!
პასუხი არავის გაუცია, და ვერც მის სუნთქვას ისმენდა ქალი.
გარეთ აფთარმა ისეთივე უცნაური ჩხავილი მორთო, რამაც წეღან გააღვიძა ქალი. მაგრამ გული ისე უცემდა, რომ აღარ გაუგონია.

(Read more)

Comments: 0   Views: 465   Group: საზღვარგარეთის ...  

 გრიგოლ რობაქიძე
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 22:54:40

გველის პერანგი

ე კ ბ ა ტ ა ნ ა 


გოეტჰეს -
რომლის „ტყის მეფე“
წაკითხვამდე ვიგზნე
შვიდი წლის ბავშვმა -
გოეტჰეს თვალს
რომანი „გველის პერანგი“.
როგორც სიყვარული.
ეკბატანა

ჩემი ძმა
არყოფილი
ვითარ მიყვარდის
უმეტეს მზისა
და უმეტეს ხმალისა
რამეთუ იყო იგი
სხვა ჩემი

სიტყვა ამოჭრილი ჰამადანში
ნახულ ხვლიკისფერ ქვაზე.

ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლით - სერი მჲუსელლაჰ. სერიდან სამხრეთ დიდი ქვის ლომი წითური: თითქო მზით ნაყვავილევი. ქვის ლომი: კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში - მზის ხურუში და სილაში - მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვაშეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარი შორს-შორს დიდ მანძილზე არღვევს ირანის მყუდროებას. არის ამ გრიალში უცნაური სითავადე: უტეხი და ზვიადი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის. დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დადაღული. უნაყოფო იღებს ფალლოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს წითურ ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალლოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის პირგამეხილ ნადირისაგან კურნებას. ცხელ ქვიშაზე თითქო პეშვებით ესხმიან შელოცვანი: კაცმა არ იცის რა ენაზე.
ერი მჲუსელლაჰ: „ადგილი სალოცავი“. მაღალი სერიდან ველი: სიგრძით ხუთმეტი მილი და სიგანით ცხრა. უწყვეტი რიგი ბაღების და მდელოების. ხშირად: ტანაშოლტილი ხე ალვისა. აქა-იქ: უცნაური ხე „ნარვენდ“ ფანტასტური ფორმებით. ზოგან: ლარდარტყმული ხეივანი. ველი ჰამადანის: ზვირთებივით მოშვებული ელვენდის კალთებიდან და აბორცვილი თანდათანი ამაღლებით. მაღლობზე სერები და სერებზე ქალაქი: ნაგები როგორც ტერრასა. მჲუსელლაჰ: სერი უმაღლესი. აქ იყო გამართული ციხე - (თუ დავუჯერებთ „ისტორიის მამას“): ლეგენდარულ დეჲოკის მიერ ფუძედებული. ჰეროდოტე აგვიწერს. ციხის ირგვლივ: შვიდი გალავანი: თეთრი. მეორე შავი. მესამე მეწამული. მეოთხე ლურჯი. მეხუთე წითელი. მეექვსე და მეშვიდეს წვეტები მოვერცხლილი და მოოქრული. მეშვიდე გალავანის შუაგულში: მეფის სასახლე. ნაშენი კედრისა და კიპაროსისაგან. დამძიმებული ვერცხლით და ოქროთი. გადახურული ვერცხლის კრამიტით. ჰეროდოტე აგვიწერს და მოსწონს. ეხლა: მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი პატარა. ნაშთით - („ტახტ არდეშირ“). ქვის პლატფორმა. წინამხარე თეთრ ოთხკუთხიან ქვისაგან ნაშენი. უკანით უბრალო ქვა და სილა კირით. დანატოვარი პირველ სასსანიდის არდეშირ ბაბეგაჲს.
ჰამადან: ძველი ეკბატანა. ქალაქი გაფენილი ელვენდის ჩრდილო კალთებზე.

ელვენდ: „ორონტოს“ ძველი გეოგრაფიის. გრანიტის მასსა: რომლის თხემი თითქო მთვარეა განახევრებული.
ქალაქის კიდურიდან შვიდი მილის მანძილზე: კლდე. კლდის ძირას მდინარე კლდიდან მოხეთქილი. მდინარის ნაპირთან ორმოცი ნაბიჯის სიმაღლეზე ნაპრალი „გენჯნამეჰ“. ნაპრალზე ორი დაფა პორფირის: წარწერებით. დაფების ზევით კიდევ ნაკადულები. ელვენდ დასერილია ხალასი ღელეებით. სპარსი დარწმუნებულია: ელვენდის კლდეებში სიბრძნის ქვაა დამალული. მას ისიც სჯერა: რომ ნაკადულოვან მთაში უცნაური ბალახი იზრდება ყოველი სენისაგან მკურნავი. სპარსმა იცის: ელვენზე ჯადო მცენარეც იზრდება რომლის შეხება უბრალო ლითონს მეწამულ ოქროდ აქცევს. ხოლო არ იცის მან: რომ „გენჯ-ნაჰემ“ რომელიც ორიათასხუთასი წლის სიგრძეზე მუნჯი სიტყვებით გადაჰყურებს ჰამადანის მიდამოს - თვითონ სასწაულია საარაკო. ერთ დაფაზე სწერია:

დიდი ღმერთია აურამაზდა
რომელმა ეს მიწა შეჰქმნა
რომელმა ეს ცა შეჰქმნა
რომელმა კაცი შეჰქმნა
რომელმა სიამენი შეჰქმნა
კაცთათვის
რომელმა მეფედ დასვა დარიუს
ერთადერთ მეფედ მრავალთაგან
ერთადერთ მრავალ მხარეთაგან
მე ვარ
დარაიავუშ მეფე
უდიდესი მეფე მეფეთა
მეფე ქვეყანათა
მრავალ დგმათა.

მეფე ამას დიდი მიწის
მიერითაც
ვისტასპას ძე
ახმენიდ.

სიტყვები: თითქო ხმლები: წარწერა დარიუსის - (522-486 წ.წ.ქ.წ.). ამ პათოსს ჰქონდა ძალა. დარიუსის ხელისუფლების ქვეშ იყო მრავალი მხარე. სპარსეთი. სირია. მესოპოტამია. ფინიკია. პალესტინა. ეგვიპტე. ბახტრია. ხორეზმი. ხმელთაშუა ზღვიდან ვიდრე ჩინეთამდე.

ვისტასპას ძე ახმენიდ: ღერბი ჰამადანის.

ჰამადან: ძველი ეკბატანა: საუნჯე ახემენიდების დინასტიის.

ეკბატანა: საზაფხულო სამყოფელი ახემენიდების.

„ახემენიდ“: თვითონ სიტყვის ფონეტიკას მოაქვს დამასკის რკინა.

ეკატანიდან გასცა კიროსმა მანიფესტი როგორც შიშველა ხმალი.

ელვენდ... ელვენდზე წარწერების ახლო მზის საკურთხეველია.

ეხლა მხოლოდ ნაშთი. მინგრეული.

ალბად მისთვის დაინგრა -

რომ ჰამადან თვითონ არის საკურთხეველი მზის.

ვისტასპას ძე

ახმენიდ:

მზის ღერბი ჰამადანის.



* * *

თიხისაგან ნაშენი მინგრეული კედლები. ამ კედლების რიგებით შედიხარ ქალაქში. მიზგითი „მესჯიდჯუმახ“: უკვე სასტიკად მოძველებული. მის წინ: მაჲდან - საცა გაშლილია ბაზარი. ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ბარებით ხელში აქ თავს იყრიან მიწის მუშები. ურიგდებიან და მიჰყავთ სამუშაოდ ველებზე. „მესჯიდ-ჯუმახის“ ახლო: ეზო - საფლავებით ავსილი. აქ აკლდამააა ესთერის და მარდოხაჲს: აგურისაგან ნაშენი აკლდამა ორთვალიანი. შენობის თავზე ელლიპსიური გუმბათი. არქიტექტურა - არა უადრესი სარაცინების შემოსევის. აკლდამაში შედიხარ ქვის კარით. ქვაში ნახვრეტია. ნახვრეტში ხელს გაჰყოფ და კარს გააღებ. პირველი ნახევარი: თითქო საწყობი სიკვდილის სიმბოლოების. მათ შორის - ხის საკაცენი. მეორე ნახევარი: განსასვენებელი. ორი სარკოფაგი შავწითელა ხის სახურავით. ზედ: ჰებრაული წარწერები ამოჭრილი. აქ განისვენებ ესთერ და მარდოხაჲ კედლებზე - წარწერები ტალმუდიდან: ზოგი ჰებრაულად ზოგი არაბულად. წარწერები - თიხისაგან ჩამოსხმული. წარწერებს ანათებენ გუმბათში გამოჭრილი პატარა სარკმელები. მოდიან სალოცავად არა მარტო ჰებრაელები: მაჰმადიანებიც. კედლებზე ფურცლებს აკრავენ. ფურცლებზე: „მე ესა და ეს შვილი იმისა ამა და ამ ქალაქიდან ვინახულე წმიდა ადგილი და ვილოცე“. ესთერ და მარდოხაჲ! როგორ შეჭრილან ჰებრაელები მიდიელთა სამთავროში! შენობის გუმბათზე ყანჩს ბუდე გაუკეთებია... არის ეს: ირონია საუკუნეთა შორის გადასულ ეკბატანის თუ - ჰუმორი ჰებრაულ აკლდამის: არ იცის ყანჩმა. მან მხოლოდ ის იცის: რომ გუმბათზე აკანჭული და კუნწში გამყურე - იგი თავისი პოზით მიმინოს ედავება ამაყი ყელაზიდვით რომ უზის ფეოდალს ხელზე.
შიგადაშიგ ქალაქში: სიძველის ნაშთი მრავალი. მიზგითი ძველი. ნატეხი ძველი ბაზრის. საფლავის ქვები. კოშკები ნგრეული. წარწერები „ცუფფიცკ“ ყოველ კუთხეში. ცილინდრული ქვები პერსეპოლის ფიგურებით და წარწერებით. ძველი ფულები: სასსანიდების თუ ახემენიდების თუ სხვების. ნაშთი მრავალი. და მაინც: მოგზაური გაკვირვებულია. რამდენჯერ გადაუხნავს ისტორიის სახნისს ეკბატანას მკერდი. შედარებით ამ „ხვნასთან“ ნაშთი ცოტა დარჩენილა. მაგრამ საკვირველია ისიც: ეს სიცოტავე ნაშთებისა თუ პირდაპირ უნაშთობა კიდევ უფრო ამძაფრებს ჰამადანის ძველობას. არის ადგილი ხასიათის გარე. თითქო ჯერ კიდევ უხასიათო. თითქო ახლად თვალახელილი. არის ადგილი - ხასიათი თავიდან ბოლომდე: ისტორიას მხოლოდ სურნელი დაუტოვებია მის ნიადაგში გასრესილი. ჰამადან ხასიათია უკანასკნელი კენჭითაც. აქ თვალი გადასულ ლანდებს ხედავს. თუმცა თვალი დაცდილია საჭირო რომ ლანდები არ დააფეთოს. აქ მიწის ბელტიც შორეულის სურნელს ასხურებს. წარსულს მხოლოდ იყნოსავ. სხვარიგ მას ვერ აითვისებ. გადასულს სურნელის გზნება თუ მოაბრუნებს... ერთი შეხედვით: თიხისაგან ნაშენი სახლები და ვიწრო ქუჩები. მაგრამ ვინ იცის: თიხაში ეგებ მოქცეულია მოკრძალება დროის მიმართ - (დრო ყველაფერს ანგრევს: თიხა ისედაც ინგრევა). სივიწროვე ეგებ ამხელს სივრცის მიმართ შიშს: შენობები მჭიდროდ შექუჩულან. ყველაფერი თითქო ერთფერი: ნაცარი თუ ღველფი იმისდამიხედვით თუ მზე რა გუნებაზეა. ყოველი - მცირე და პატარა: ალბად ბედის მორჩილი. მხოლოდ აქა იქ უეცრად ასხლტდებიან მიზგითები როგორც დაჭორფლილი ქალები ოჩოფეხებზე: რომლებიც სავსე მთვარეს ნოყიერებას ევედრებიან. და ჰაერში სიტყვები თითქო თავისთავად წარმომთქმელნი: და ილაჰ ილლა ალლაჰ...
ქუჩები. ვიწრო ქუჩები. მიხვეულმოხვეულები. მიკიბულ-მოკიბულები. ქუჩის ერთი პირიდან შესაძლოა გადახტე მეორეზე. ერთი სახლიდან - მეორეში. ფუსფუსი. ხალხის მასსა: როგორც ჭიანჭველები სხვადასხვა ბუდიდან კაცები ყველგან: რგვალი კვახის მზგავსი ქუდებით. სიცხეშიაც კი - ნახევრად თუ მთლად გადახოტრილ თავებზე. სახეები: შორეულის მასკები. თვალები იცქირებიან უწვდენელ სიშორიდან. ძველი რასსის ნამდვილი ნიშანი. უმზერ - და თითქო კაცი შორსაა. საჭიროა კარგა ხანი და კარგი ცდა: რომ სპარსში მზერა იხილო თანდათან მოახლოებული. აქა იქ კუთხეებში სემიტების პროფილებიც შეგეფეთებიან. ესენი ჰებრაელებია. მათი მზერაც შორიდან მოდის. მაგრამ სველი თვალები ოდნავ იღიმებიან და ამ შორეთს თითქო მალავენ. არის რაღაც საიდუმლო ჰებრაელის გამოხედვაში. თვალებში ირონია და ბაგეზე სევდა. თვალებით თითქო გეუბნება: მე ვიცი და შენ არ იცი - საიდუმლო. ტუჩებით თითქო გამცნევს: ღმერთმა გაშოროს ჩემი ხვედრი. გაბრუნდება. უკანიდან თვალს გააყოლებ: მზერაში გრჩება დანაოჭებული მიმქრალი ყვითელი ყურები. ეს ხაზი იქ უფრო გამსხვილებულია სადაც ჰებრაელთა რიცხვი ცოტაა: როგორც ჰამადანში. აქვე გვხვდებიან სომხებიც. წაქანებულ შუბლს არტყია საშინელი სიჯიუტე. უკმეხი ძრაობა ამხელს ხასიათის სიკორძეს. ღჯუ ხე: მუხლმაგარი მაგრამ გაღუნული და გაბრუნდული.
მტვერი და წვირე - ყველგან. არ არის საფიქრალი: თითქო სპარსელს მტვერი უყვარდეს ან წვირე. ეგებ სპარსელმა იცის: რომ ბოლოს მტვერად იქცევა ყოველი. ქვეყნის უკანასკნელ არსთან - მორიდებაა სავალდებულო. ეგებ სპარსელმა იცის: რომ წვირეს წყალი წაიღებს და გააქრობს უკვალოდ. უდაბურ მკერდებით რძენაწოვარმა მართლაც იცის წყალის საიდუმლო. იგი მას ადიდებს: წყალს ყველაფერი შეუძლია. წვირე ღელეში ჩაყრილი თუ გახსნილი ათი ალაბის მანძილზე უკვე აღარ არის წვირე. იგი გაწმენდილია. ასე ფიქრობს სპარსელი. ჰამადანს შუაგულში ჩაურბენს მთის ანკარა მდინარე. მდინარეს მიაქვს ქალაქის სიბინძურე. ჰამადანს არ ეშინია უკანასკნელის.
ყოველ კუთხეში ყავახანა სავსე ხალხით. დათლილი თითები და კრიალოსნები - ქარვის და გიშერის. ყველგან ჰაშიში. მოსწევს ერთი და გადასცემს მეორეს მოსაწევ ტარს. მეორეც მოსწევს და გადასცემს მესამეს. მესამე მეოთხეს. მეოთხე მეხუთეს. მეხუთე მეექვსეს. მეექვსე მეშვიდეს. ასე: სანამ ტარი პირველს არ დაუბრუნდება. ამ რიგათ ჰქმნიან მაგიურ რკალს. აქ იჭერენ თვალღია ზმანებას. აქ არის საიდუმლო აღმოსავლეთის თანაყოფისა თუ ერთყოფისა. სხვაობა და ზიზღი მეორისადმი მოხსნილია: ერთი ტარი ყველა ტუჩებისათვის, ერთი მეორის გზით სხვაში გადადის და სხვების გზებით თავის თავს უბრუნდება. მაგიური ძალა კრებულში თავგახსნის თუ თავდახსნის. აჭრელებულ ზმანებას ხშირად პირი ეხსნება. იწყებს რომელიმე საგმირო ამბავის თხრობას: „წავიდა რუსტან დღესა ერთსა და მივიდა ზორაბთან“... მეორე აგრძელებს. მესამე საადის მოიგონებს შაირით. მეოთხე შირაზის ვარდებს გადაჰფენს. მეხუთე ისპაჰანის ბულბულს ააფრენს. ამ რიგად: სანამ სიმთვრალე სიტყვას ემორჩილება. თუმცა მისი უხილავი მხეცი უკვე იმზირება და იგრუზება.
ჯგუფის განზე პირდაღებული გამოჩნდება ძონძებში გახვეული თმა აბურძგნილი. ლაშებზე დორბლი. თვალებში ცხელების კიაფი. თავის კანკალი ოდნავ. ამღვრეული. ეს დერვიშია. ყველას უცქერს და არავის ხედავს. თითქო უხილავს უსმენს და ელის მისგან ნიშანს. ჩამოწვება სიჩუმე აუტანელი. უეცრად ავარდება პირდაღებული კაცი და იწყებს საშინელ კივილს. საშინელი კაცი კივილს ახვევს თუ ამსხვრევს გააფთრებულ ცეკვაში. სივრცე ჭრელი ზმანებით აყვანილი ეხლა უცხო სიტყვებში ეხვევა. კაცი ვერ გაიგებს თუ რას ამცნევენ უკანასკნელნი. ყველაფერი ირევა და გადადის დღეულ ფანტასმაში. ანაზდად თეთრი ვირი გამოჩნდება დატვირთული. მაღალი. ცხენის ოდენი. ცნობილი ჰამადანის ვირი. ბიჭი უკან მოსდევს და გაიძახის: ფენირ! ფენირ! ჭრელი ზმანება ჰქრება. თეთრი მაღალი ვირი სტოიკური სიდარბაისლით ჩაივლის ქვეით. სიფხიზლეს უბრუნდებიან ისევ. განზე მარჩიელი ქალი გამვლელებს უხმობს.
დუქნები. ფარდულები. თითქო კიდობნები. ქიშმიში. ზეთისხილი. თხილი. ნიგოზი. ბრინჯი. ფსტაჰ ნედლი და ფსჰატ მოხალული. უთვალავი ქსოვილი. ფარჩეული. აბრეშუმეული. ქაშემირი. ათასნაირი... ჭიქები. თასები. დოქები. თუნგები. მოხაზულები ნაირნაირ. მრავალი... სირმები. სამკედები. არშიები. გრეხილები. თავლისმომჭრელნი... ნოხები... ხალები. ხალებში: ჰამადანის „ნუმუდ“. ფარდაგები. ფლასები. ჭილობები. აურაცხელი.. ხორასანი რკინები. შაჰაბაზის ხმალები. შუბები. შვილდები. ისრები. უნაგირები. მოსართავები. ღვედები. თასმები. ამულეტები. კუთხეში მინჲატურა ხატული. იქვე „ყურანი“ საფიანის აფერადებულ ყდაში. გვერდით თვალი პატიოსანი მრავალი. საკუთრივ: იაგნუდი - ლალი - ფირუზი - ქარვა - იასპი - ზურმუხტი. კუთხეში - გალია და შიგ იადონი თუ ბულბული. ათასი და ათიათასი სხვა რამ. არეული ერთი მეორეში. და უეცრად - ქალი მწვანე მოსასხამით კოჭებამდი. თავზე: ზაფრანისფერი მანდილი ოდნავ აჭრელებული. ფეხებზე: მწვანე ქოშები წითური ქუსლებით. ოდნავ პირახდა თითქო უნებლიე - და სახე: რბილი მარმარი რომელსაც ძვალის ფერი გადაჰკრავს. უცაბედი გამოხედვა - და თვალები: ფართონი დიდრონი ნუშისებრ მოხაზულნი. თვალებს გადაუვლის ჰინდური მუქი ზურმუხტის წყალი. მოსასხამი ირხევა მაღალი ტანის მოსხლეტილი გავლით და ნაცადი თვალი არჩევს სხეულს ტანაგრის სტატუის მკვეთრ აღნაგობით. გაიწევ უნებურ ლამაზისაკენ და ჩვენება ჰქრება სიზმარივით სადღაც ბრბოის ხრიალში. და მოგონება - „ათასერთი ღამის“. და გაგრძელება - იმავ ღამის...


* * *

მჲუსელლაჰის სამხრით დიდი ქვის ლომი წითური: კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში - მზის ხურუში და სილაში - მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვა შეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარი შორისშორს დიდს მანძილზე არღვევს საშიშარ მყუდროებას. არის ამ გრიალში რაღაც უცნაური სითავადე: ზვიადი - ქედმაღალი - უტეხი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის. დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დახსნილი. უნაყოფო იღებს ფალოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის ნადირისაგან კურნებას. გაფიცხებულ სილაზე თითქო პეშვებით ესხმიან საიდუმლო შელოცვანი; კაცმა არ იცის რა ენაზე...
ქვის ლომთან ზის უცხო კაცი. იგი არ არის სნეული: არც უთესლობით და არც ათაშანგით. არც დიდი შუადღეა ეხლა როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ. ღამეა მთვარით განათებული. ზაფხული. 1917 წელი. საგნები ლანდებს არ ჰკარგავენ თავისას - მაგრამ მთვარის ჯადოშუქები თვითონ იქცევიან ლადებად. იშვის ქვეყნის მეორე პირი: უსახელო - უსხეულო - ხელუხლები - ორალი. უცხო კაცი არ არის: არც სპარსი არც ოსმალი არც ჰინდუ არც ებრაელი არც სლავი არც ფრანგი არც გერმანელი. არც ქართველი?! ჰგავს მხოლოდ ინგლისელს. ისიც პირველი შეხედვით. ქვის ლომთან ზის უცხო კაცი და ერთვის მთვარით მოთოვლილ ფანტასმებს. დიდი თეთრი სასიცხო ჩაფხუტი განზე დაუდევს. სწორი ნათელი სახე თითქო მთვარის პროფილს ეჯიბრება. უცხო კაცი გიმზერს ჰამადანის მიდამოს და სრულიად გაბრუებული მოგონებაში გადადის მთლად. ჰამადანიც ხომ მოგონებაა თვითონ. იგონებს:
ორიათასი წლის წინათ ალექსანდრემ თავი ბუცეფალი შეაგდო ეკბატანის სიმაგრეებში. ერთი დაკვრით აიღო ძველი ქალაქი როგორც ათასწლებში ნასურვი დედოფალი. სძლია უძლეველ ახემენიდებს და თვითონ იქცა ახემედინად. ხმალის ელვარებაზე გამართა დედოფალთან ქორწილი და გავარდნილ ურაცხენს შეშლილ ჩლიქებზე ნაპირ გადალახული ლხინი მიაბა. ეკბატანის ყვითელ კალთებში გაჰფინა „ორრქიანმა“ უთვალავი კარავი და ყოველ კარავში ჩამოუშვა ღელედ მოსხლეტილი ვარსკვლავი. მზე თითქო დაჰკოდა დიდებულმა გალაღებული მახვილით. და მის მეწამულ საშოდან მოხეთქილი რუებით აავსო მეომართა მოწყურებული აზარფეშები. ათიათას მხედარს შერთო ათიათასი მცირეაზიელი მხევალი. ერთ ღამეს გადაიხედა ქორწილი. არასოდეს ღამე ასე არ გადარეულა. არის სადმე პათოსი უფრო მეტი?! იყო ნგრევა და სიმთვრალე. იყო ძლევა და ზეიმი. ეკბატანში ამ ღამეს კაცური გასცილდა კაცურის კიდურს. ლივიის ტაძარში „ორრქიანი“ ამმონ-რას ძედ გამოაცხადეს. ეგებ ჰამადანის ღამის ნიშნად.
უცხო კაცს აგონდება სხვარამ: თითქო შესადარი. არის გადმოცემა ასეთივე მწველი. საუკუნეების წინად სოლეიმან ბრწყინვალემ (თუ მუჰამედ დამპყრობელმა?! მაგრამ გიდები სოლეიმანს არჩევენ. ალბად ხმოვანებისათვის) - საუკუნეების წინად სოლეიმან ბრწყინვალემ ქაფიანი ცხენი შეაგდო კონსტანტინოპოლის აჲა-სოფიას ტაძარში. გაშმაგებული ცხენი ატორტმანდა წმინდა ტაძარის ლებიათანის მუცელში და აყირავებული ტორებით მიაწყდა მაგარ სვეტებს. მოსხლტა უკან რისხვადალეული ცხენი - და თეთრ სვეტზე ცეცხლის ნატერფალიდან სისხლის რუჰ გადმოეშვა. ამბობს ასე გადმოცემა. ამ სვეტს ახლაც ამჩნევია სისხლის დაღი თითქო ნალმოხსნილი. უცხო კაცს აგონდება სოლეიმან ბრწყინვალის ცხენის ტორი და წამსვე ფიქრი გაურბენს: ალექსანდრე დიდის შევარდნა ეკბატანაში თითქო სოლეიმან ბრწყინვალეს ცხენის შეგდებაა აჲა-სოფიის ტაძარში. თვითონ ეკბატანა სოლეიმანის ცხენის დაღია სისხლით აღბეჭდილი ტაძარის მაღალ სვეტზე. არის აქ რაღაც უჩვეულო გახელება. საშინელი სისასტიკე და უმძაფრესი სიტკბო. ვნება და გადალახვა. კაცური მართლაც სცილდება აქ კაცურის კიდურს. ეხლაც: ჰამადანი დაღია ალექსანდრეს ბუცეფალის ნალის: სისხლიანი - ყვითელი - ჟანგიანი ოდნავ - ხავსიანი. მაგრამ მაინც მზიური. ჰამადანი: გახელებული ნალის ნატერფალი. ქვის წითური ლომი მზითგაალებული ფარი ჰამადანის.


* * *

უცხო კაცი შეიძრა. შორიდან - ცხენების თქარათქური. უცხო კაცი ხედავს: ცხენოსანთა გუნდი მოჰქრის ქალაქისაკენ. წინ მოხუცი: სამოცდაათ წელზე მეტი. ცოცხალი თვალები და ალმასივით მჭრელი აზრი. მოლურჯო მოსასხამი გრძელი რომელიც ჭენების დროს ფრთებად იშლება. თავზე - თეთრი ჩალმა. ემირ ავღან - მხლებლებით და მცველებით. ალბად ჰამადანის გუბერნატორთან თუ მიეშურება რომ უკანასკნელს საყვედური მიახალოს. მთვარის ნათელში კორტეჟი ფეერიულ ჩვენებად იფინება. ალექსანდრე დიდის ხსენება თუ აწვალებს ფეოდალს. მაგრამ რა იცის ფეოდალმა მაკედონელის გადალახვა. ფეოდალმა არ იცის: რომ ევროპაში ხალხები ერთი მეორეს სასიკვდილოდ ასკდებიან. ფეოდალმა რა იცის ჩრდილოეთიდან რევოლუციის გუგუნი რომ მოისმის. პეტერბურგი ალბად მას არც გაუგონია. ქალაქი: რომელიც პატრე დიდის... გახელებამ ფინის ტბებიდან ამოატივტივა. ქალაქი: რომელიც დოსტოევსკის ეპილეფსიამ პოტმოსის კუნძულად გადმოანთხია. ქალაქი. ეს ქალაქი მას არაფერს ეუბნება. ემირ ავღან და აპოკალიპსი - სად შეხვდებიან ერთმანეთს. სამი მილის მანძილზე კი შევერინში რუსის შტაბში დაღოებულია წინათგრძნობით. გენერალი ნ.ნ.ბარათოვი - ოსი თუ კაზაკი თუ ორივე ერთად - კაცი ტანმორჩილი წვრილი ჭკვიანური თვალებით - ჩაცმული ჩერქეზულად - ეხლა დარდითაა დაკოდილი: თუ დაირღვა დიდი იმპერია რუსეთის. დაფარულ ფიქრებში კი ზომებს იგონებს. 

* * *

მოდის თანადროულობის სიფხიზლე. იჭრება ხალხთა სიმკაცრე. უცხო კაცი იქით აქეთ იხედება. ალექსანდრე დიდის ლანდი სადღაც გადაიკარგა. წითელი ლომი ქვაა კირიან სილისაგან შემდგარი. ჰამადანი აყალო მიწაა და წვირიანი ქალაქი.
არჩიბალდ მეკეში ბრუნდება ბინისკენ. უეცრად აგონდება ხვლიკისფერი ქვის ნატეხი გუშინ რომ ნახა. ტვინს დაღავენ ქვაზე ამოჭრილი საოცარი სიტყვები:

„ჩემი ძმა
არყოფილი
ვითარ მიყვარდის
უმეტეს მზისა
და უმეტეს ხმალისა
რამე თუ იყო იგი
სხვაჲ ჩემი“.


ხერხემალი წელკავიანი 

ტყით მიდის ვინმე. უცნაურ ბალახს ფეხს დააბიჯებს. წამსვე აერევა გონება. განაგრძობს ვლას. ჰგონია უკან მიდის. ჰკარგავს მიმართებას. გაიხდის ტანსაცმელს. გადააბრუნებს. ჩაიცვამს გადაბრუნებულს. გონზე მოდის. უბრუნდება გზნება მიმართების. გზას გაუდგება. არის დაცდილი თქმულება ასეთი.
არჩიბალდ მეკეში წევს. ჯერ კიდევ ღამეა. მთვარეს ელევა ფანტასმები. მაგრამ არჩიბალდს არ სძინავს. ან უკეთ: ნახევარ ძილში სიცხადის პირასაა გამოსული მისი შეცნობა. იცის - სად არის. არ იცის მხოლოდ მიმართება. არეულია. ამრეზილი. აღრენილი. თუ პირიექცა უცნაურ ბალახზე გადავლილივით. ბაგდადიდან ჰამადანამდე რუსის რაზმს კაზაკ პალიჲს მეთაურობით რომ გამოჰყვა - ეგებ ასეთი ბალასი შეხვდა. ან თვითონ ეს გზა „ბაგდად-ჰამადან“ ეშმაური ბალახია თავად. არც იქით - არც აქეთ. არც წინ - არც უკან. არც ზემოდ - არც ქვემოდ. გზნება პიროვნების ფანტასტურ ობობას ქსელშია მოქცეული: ყოველი კიდური პირს იცვლის და საყრდენი მუხლი გამქრალია. ირღვევა პიროვნება: ორად სამად ოთხად ხუთად. უფრო ორად. ერთი: მეორის განზე დგას. ერთი უყურებს. მეორე მოქმედობს. არჩიბალდ მეკეში თვალს ადევნებს არჩიბალდ მეკეშს. შიში ერევა: რომელიც ხან ერთს ბზარავს და ხან მეორეს.
აგონდება არჩიბალდს ნათხრობი. ძნებთან არის ვინმე მოსვენებული. მზე მაგრად აცხუნებს. გვერდით ცხენი გარინდულა. უეცრად ძნებთან მჯდომარე თვალს მოჰკრავს ვიღაცას. ისიც ძნებთანაა მოსვენებული. მისი გვერდითაც ცხენია გარინდული. იკივლებს საცოდავი, ორეულს გამოცინობს თავისას. წამოვარდება. ცხენს მოევლება. გააჭენებს. ესმის თქარათქური. მისი ცხენისაა ეს თქარათქური - თუ? ჰა: უკანიდანაც მოისმის. ალბად ორეული თუ მოსდევს. შიში აიყვანს. ცხენიც გიჟდება. გზაზე დავარდნილს ნახულობენ ნახევრად გონწასულს. პირზე დუჟი გადმოსვლია.
არჩიბალდ მეკეში წამოდგება. გავა აივანზე. გადახედავს ჰამადანს. მთვარე აგრძელებს ფანტასმების თოვას. თუმცა უკვე ცხრება. მაგრამ ეს ძაფი ზმანეულის და სიცხადის გაყრისა უფრო სასტიკია. ეშინია: ჰამადანის თავზე თავის ორეული ან დაინახოს: შევარდება ოთახში. ლოგინზე დაეცემა. ბურანი მოიცავს. შეცნობა ნემსივით დაცოტავებული მიდის შორით შორს: თითქმის იკარგება. მაგრამ ნემსის შეცნობა თავის თავს უცქერს. არჩიბალდ მეკეში თვალს ადევნებს არჩიბალდ მეკეშს შორეულში. 

* * *

არჩიბალდ მეკეში მხატვარია. 1914 წელს პარიზის შალონ დ'აუტომნე მიიღებს მის ნახატს. ტილო არაა დიდი. უბრალო ლანდშაფტი. სიცხით ამწვარი ველი. ფართო მდინარე მოთეთრო. მდინარის პირას შავი ხარები მრავალი. წყალს დაწაფებიან მწურვალენი. თავები მაღლა აუწევიათ: უკანასკნელ ჩქეფის ჩასანერწყვად. მაგრამ თვალები უცნაურს ხედვენ: ლანდს თუ ლანდებს მდინარეზე გადაფრენილს - თითქო სხვაქვეყნიურს. საოცარი გამოხედვანი. ნახატი იქცევს ყურადღებას. მურები საშინლად დარბილებულნი. თეთრი: ოდნავ მტრედისფრად გადასული. შავი: თითქო ჭვირვალ წყალში მუქი გიშერი. მეწამული: როგორც მზვარეში დაფრქვეული ბროწეული. კომპოზიცია - ვით გადაგრაგნილი მუხა. ფაქტურა: მიწა პირველყოფილი. ნახატი გამოდის ჟურნალში რეპროდუქციით. იქვე ავტორის პორტრეტიც. ნახატი იქცევს ყურადღებას. მაგრამ პორტრეტიც იტაცებს თვალს. სახე: ნელი. თვალები: რუხიფერის ოდნავ ლაჟვარდ გადაკრული. ცხვირი: სწორი - მხოლოდ ორბულ აქედილი შუაზე. თმა: შავი ორად გაყოფილი. მთელს მეტყველებაში: სასტიკი სინელე. მაგრამ ბოლოს შეამჩნევ მაინც: შენელებით ატეხილობაა უჩვეულო დაკავებული.
არჩიბალდ მეკეშს მოდის მოსაწვევი ბარათი ამერიკელ მილიარდერისაგან. ფერგჲუს ერვოორ უცნაური კაცია. მას აქვს ვილლა ხმელთაშუა ზღვის პირას გამართული. მის ხასიათში სპლინია დაბუდრებული. იგი იწვევს ყოველ ზაფხულს რჩეულ პირებს ევროპის ყველა კუთხეებიდან. ჰქმნის მათთვის ახალ ქვეყანას. ცხოვრობს შექმნილი ქვეყნით. ერთობა: ჰკლავს სპლინს დროგამოშვებით. თან ფიქრობს: ღმერთმა ალბად მისთვის გააჩინა ქვეყანა რომ მას სპლინი მოერია. ფერგჲუს ურვოორ ჰკლავს სპლინს დაჟინებით სანამ სპლინი თვითონ არ მოჰკლავს მას. სიკვდილის ჟამს ფერგჲუს ურვოორ უთუოდ დარწმუნდება: რომ ღმერთიც მასთან ერთად გარდაიცვალა თვითონ.
არჩიბალდ მეკეში მოწვეულთა შორისაა. რჩეულნი ასორმოცდაათამდეა. მხატვრები. მუსიკოსები. არტისტები. პოეტები. მომღერალნი. დამკვრელნი. ფილოსოფოსები: მხოლოდ ისინი რომელთაც აზრის სხვაგვარი მობრუნება იციან და სტილით წერა. რომანისტები. მონდენები: ლორდ გარრის ტიპის დორიან გრეჲდან. ქალები და კურტიზანები: უკანასკნელნი მანონ ლესკოს ტიპის. ეროვნებით: ინგლისელი. ფრანგი. გერმანელი. იტალიელი. ესპანელი. ნორვეგიელი. დანიელი. შვეციელი. ჰოლლანდიელი. შოტლანდიელი. რუსი. პოლონელი. ბერძენი. რუმინელი. მრავალი სხვა კიდევ, პროფილები ნაირი: ძველი რომაულიდან ამდროულ ჰერბაულამდე. შიგადაშიგ ხეტტური. ეგვიპტური. კოპტური. ფინიკიური. ხალხები კვდებიან - პროფილები რჩებიან.
ვილლა - მხატვრული სტილით აგებული. ქვა: გრანიტი. სიმაგრე კლდეების. უზარმაზარი. შიგნით დარბაზი მრავალფერი: თეთრი - ყვითელი - მეწამული. შუაგულში საკონცერტო. სამასამდე ოთახი საცხოვრებელი. თვითეულ სტუმრისათვის სამი: საწოლი - სამუშაო - საპირფარეშო (როფით). ყველა კომფორტით მოწყობილი. ელექტროს ღვარი. წყალი დაუშრეტელი. აუზები. თავლები ინგლისური და არაბული ჯიშის ცხენებით. ეტლები. ავტომობილები (ოცდახუთი). ხუთი ჰაეროპლანი. სამი გემი. ვილლას ირგვლივ ათქვირებული ბაღები რჩეული ყვავილებით და მცენარეებით - ათი ვერსის კვადრატის სივრცეზე. ხეივნები სხვადასხვა სტილის. ასფალტით გაგლესილი ტაშირი: ლაუნ-ტენნისისათვის. ორკესტრი სიმებიანი: ასორმოცდა ათი კაცისაგან შემდგარი. დამკვრელები ზანგები ყველა - გარდა დირიჟორისა. დროსტარება და ქეიფი. პრემია მიღებულნი მზარეულები. საჭმელებით შედავება ძველ რომაელებს. ათასნაირი სასმელი: ტოკაჲ, ხერესი. შამპანური განთქმული ფირმების. კონიაკი სხვადასხვა. შარტრეზი. შერიბრენდი. კოკტაჲლი. ბაღებში მაღალი კოშკები გარშემო აივნებით. გადასახედავები ზღვისაკენ. განსამარტოვებელი ადგილები. მრავალი სხვა: ფერგჲუს ურვოორის ფანტაზიის დამცხრობი.
ფერგჲუს ურვოორ კმაყოფილია ასეთი კუთხის შექმნით. ეხლა ესმის მას ღმერთის სიტყვა ყოველის გაჩენის დღის შემდეგ: „ეს კარგია“. ყვითური სახე რომელსაც ბალანი არაოდეს უნახავს უღიმის ნაოჭშეყრილი. ხმელი ტანი აყვანილია კმაყოფილებით. წვრილ ჭკვიანურ თვალებში კიაფობს ოდნავ სიამაყე. ფერგჲუს ურვოორს ერთი რამ აწუხებს მხოლოდ: რომ მას არ შეუძლია მთელი ეს ვილლა მთელი მისი მორთულობით მთელი მისი მიდამოებით მთელი მისი მცხოვრებნით - ზღვის ზედაპირზე გადაიტანოს და შექმნას მისგან მცურავი კუნძული. მაგრამ ხმელი ამერიკელი ყვითელი და ქოსა მაინც მოხარულია: რომ შეჰქმნა არე ახალი რასსის შერჩევისათვის. ფერგჲუს ურვოორ დაჯერებულია: ამ კუთხეში შეხვდებიან ერთიმეორეს: გონება ყოვლის გამგები - ინტუიცია იდუმალის მიმხვედრი - ეროსი წარმომშობი შთაგონებით ატაცების - სხეული მწყურვალი მეორე სხეულის - ნდომა კიდურების გადამლახავი.
ფერგჲუს ურვოორს ფრიდრიხ ნიცშე არ უკითხავს. ან რად უნდა მისი წაკითხვა. ფერგჲუს ურვოორს ჰგონია: რომ იგი ჰქმნის ნამდვილ სარბიელს ზეკაცის მოვლენისთვის. იგი განზე დადის. სტუმართა ჯგუფებს შორიდან უყურებს გვერდულა მზერით. ხანდახან თუ გაერევა ჯგუფებში როგორც ყიალა ასტრალი. მის უცვლელ სახეზე რომელიც გადასულ ფარაოს მუმიას უფრო წააგავს იშვიათად ირონიულ ღიმილს თუ შეამჩნევ. ისიც - ოდნავ. სევდა: სანამ მის სახეს მიაღწევდეს - კვირტშივე კვდება. ფერგჲუს ურვოორის ნება ამერიკული სიჯიუტით არის გაჭედილი... 

* * *

ივლისის დამლევს სიცხე მწვავდება. ქეიფი ჩრდილოებშია გამართული. ფერგჲუს ურვოორ დაბადების დღეს ზეიმობს. ზეიმი სამი დღე გრძელდება. ლხინი თითქო ორკესტრია: რომლის ამღერებულ ტანს ალესილი დანით გადასჭრის ხოლმე: ხან ლამაზი ქალის სხეული რომელიც შამპანურის ქაფია - ხან თვითონ შამპანური რომელიც ლამაზი ტანის აფეთქილი წყურვილია - ხან მოხდენილი სიტყვა რომელიც ნაკვეთი სონეტია - ხან გამჭრელი თვალის თვალში თვალგაყრა რომელიც ზმანებით რკალია წყვილების გადაღვედვის. ლხინი ორკესტრია თითქო. მაგრამ ნამდვილი ორკესტრიც სმენას უტკბობს მოლხინეთ. ცეკცა. მღერა. დაკვრა სოლისტების. სიმღერა სოლისტების. ლექსები პოეტების, სმურები. სმურები და ყველგან სახელი - „ფერგჲუს ურვოორ“. ხმელი ამერიკელი ცოცხლდება: სიყვითლე მქრალ სითეთრეში გადადის. სიქოსე თითქო პირის მოპარსულობაა ახალი. გადაფშუტას თვალები მხოლოდ მინაბულობაა. ფერგჲუს ურვოორ ცოცხლდება: ხალისიანი - ხალასი ხდება. მონოკლს მოხდენილად ატარებს. ღიმილი ტუჩებს უახლებს. ფრაკი მარჯვედ აქვს. თოვლივით თეთრ პერანგზე თხილის კაკლის ოდენა ბრილიანტი უბრწყინავს. და თვითონაც ბრწყინავს როგორც ბრილიანტი.
ორკესტრი ჟინიანობს. ესტრადის თავანზე ტილოა კინოსთვის. მოლხინეთ არც უბედური მიწის პლანეტა ავიწყდებათ. ტილოზე გაირბენს: ხან ბოქსერი. ხან ტენორი. ხან კოკოტი. ხან ლედი. ხან დეპუტატი. ხან პრეზიდენტი. ხან კაჲზერი. ხან დამნაშავე. ხან მოდის - მანეკენი. მოლხინეთ ამბებიც აინტერესებთ. და - იმავე ტილოზე გაირბენენ რადიოდეპეშები. ჩინეთში ეს. გერმანიაში ეს... ქრონიკა - ქრონიკა: მეტაფიზიკური დეტალები პლანეტის. შეჩერება - და ისევ: სონეტები სიმღერები ცეკვები სმურები. უკანასკნელნი - ყველაზე ურიცხვნი და ყველაზე მოსაწყენნი.
მხოლოდ ერთი სმური იჭერს სმენას... „კაცი შემქნილია... მაგრამ თვითონ ჰქმნის სამყაროს“... (ფერგჲუს ურვოორ თავს მაღლა ასწევს: ალბად მასზე ლაპარაკობენ). „ეს მქნელი - სულია ადამიანის“... (ფერგჲუს ურვოორ ვერ ერკვევა)... „სული ჰქმნის და აერთებს“... (ფერგჲუს ურვოორს ეშინია ფლეგმა არ მოაწვეს)... „სული ძარღვია მიწის პლანეტის?.. (ფერგჲუს ურვოორ პლანეტის ხსენებაზე ყურებს აცქვეტს: ის ხომ პლანეტის მბრძანებელია)... „ჩვენ ვქმნით ახალ სულს“... (ფერგჲუს ურვოორს ესმის მხოლოდ პირველი სამი სიტყვა რომლიდან: მეორე სიტყვა გამარჯვების კურსივით უმართავს მას უბალნო წარბებს)... „ჩვენ ვქმნით ახალ რასსას... ჩვენ“... და ფერგჲუს ურვოორ უეცრად კინოს ტილოსაკენ გაიხედავს. სხვებიც. ტილოზე: „ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდ მოჰკლა სარაევოში სერბიელმა პრინციპიმ“...
აპოპლექსიური სხეული რომ დაეცემა ღრანჭი მოექცევა და ცალი თვალი ჩაეფშუტება: ტანის ერთი მხარე ცახცახით ღაფავს სიცოცხლის ძალას. ზეიმს წვეთი თუ დაეცა: ღრანჭი მოექცა და ცალი თვალი ჩაეფშუტა: სხეულის ერთი მხარე - მარჯვენა თუ მარცხენა - სიცოცხლეს ღაფავს. ფერგჲუს ურვოორ ტილოზე კითხულობს როგორც ძველი ნაბუქოდონოსორ: „მანე ტეკელ ფარეს“ და თვითონ გუდაფშუტა იფშუტება ვით გუდაფშუტა.

* * *

არჩიბალდ მეკეში გველნაკბენივით შეირხევა: ძველი ბაბილონის მაგიური სიტყვები სმენაში ტყვიასავით ჩაესხმიან. ეს არ „აგონდება“. ეს ეხლა ხდება. ბაბილონი ჰამადანიდან ახლოსაა. გრძნობს ცივს ოფლს.

* * *

სამი დღის შემდეგ ვილლა ხმელთაშუა ზღვის პირას უდაბურია. ფერგჲუს ურვოორ - ჩამქრალი გუდაფშუტა - ისევ ამდგარა. ხმელი ამერიკელი ქოსა და ყვითელი ისევ სპლინითაა გავსებული: თუმცა ძალზე დამჭკნარა. მიღოღავს ცალიერ ხეივანში. ფერგჲუს ურვოორს უწინ მხოლოდ ის აწუხებდა: რომ მთელი ეს ვილლა მთელი მისი მორთულობით მთელი მისი სტუმრებით მთელი მისი მიდამოებით - არ შეუძლია მას გადაისროლოს ბადესავით თვითონ ზღვაში და გახადოს იგი მცურავ კუნძულად. ფერგჲუს ურვოორ ეხლა გრძნობს რომ ეს ნდომა ცუდათ აუსრულდა: ვილლა რაღაცამ აიტაცა და უდაბურში გადააგდო როგორც უსარგებლო ბალასტი. სტუმრები სადღაც გადავარდენ: თუ თავს უშველეს. დარჩა თვითონ - მარტო: წინანდელი აფუებული სპლინით. ფერგჲუს ურვოორ მიღოღავს ხეივანში როგორც გალახული მუხლუხო. „მოწყენა სათავეა ყოველის“. პირში - სიმლაშე. თავში - გაბრუება. ყურში - კოღოს ზუილი. ხეზე - ჭიჭინობელა. ზღვა - ნაცრისფერი კალა. სიჩუმე - გაგუდვა მხოლოდ. მოწყენა: მხოლოდ მოწყენა.
ფერგჲუს ურვოორ ნაბიჯს უმატებს. ხეივნის ბოლოში ვიღაც ზის. ამერიკელი გრძნობს უცნობ სიხარულს. უცნობი იდაყვ დაყრდნობილია. ფიქრი შორი... შორი... ფერგჲუს ურვოორ უახლოვდება.

- მოსჲე არჩიბალდ მეკეში.

- სერ ფერგჲუს ურვოორ...

- თქვენ აქ...

- დავრჩი...

- თქვენ მარტო...

- ყველა გაიფანტა...

- ძირებმა გაიტაცეს...

- თქვენ?!

- მე ძირები არა მაქვს...

ფერგჲუს ურვოორ გაკვირვებულია. გაკვირვება ფერს ჰმატებს ხმელს ამერიკელს. ყველას ძირები აქვს. მასაც აქვს ძირები. თუ დაუძახა ამერიკამ - გაჰყვება ძახილს. თუმცა სპლინსაც გაიყოლებს თან ან თვითონ გაჰყვება. მაგრამ ეს მხატვრები - უფესვო?! ხედავს: სახე შეცვლილია. შუბლი მოღუშული. თვალები შორს წასული. ტუჩები უძრავი. ურვოორს უხარია: ალბად მასაც სპლინი მორევია.

- მოსჲე მეკეში? არ ფიქრობთ ეხლა: რომ ჭკუამახვილი ჰებრაელი მართალს ამბობდა: „მოწყენა სათავეა ყოველის?!“ მე ვგონებ - მართალია...

- შესაძლოა...

- თქვენ უგუნებოთ ხართ...

- შესაძლოა...

- მოწყენა... მოწყენა...

- არა: სევდა უფრო... ნაღველი...

* * *

არჩიბალდ მეკეშს გული ეხუთება. ხამადანი თუ ხუთავს. ადგება. გავა აივანზე. ჰამადანს სძინავს როგორც დაკიდულ ბაღს სემირამიდისას. ყველაფერი ზმანებაა: ლანდი - მოჩვენება. ეგებ-მეც. მაგრამ მოჩვენება უსისხლოა: ჩემი გული და ფართქალოს როგორც დაისრული ჩიტი. ბრუნდება. ისევ ლოგინი და ძილი თვალღია... გარეთ დოგი „ალლან“ იღრინება: ლანდებს თუ ხედავს: ჰამადანი სიზმრეულია. ან შესაძლოა: არც მას სძინავს. ან თუ სძინავს - ნახევრად. შეიძლება ისიც იგონებს და ნაღვლობს: სადაა მისი ფესვები? ისევ ბურანი ერევა. არჩიბალდ მეკეში - ნომერი მეორე - ისევ გამოდის სცენაზე. არჩიბალდ მეკეში ნომერი პირველი - სიმზარეთიდან მას თვალსადევნებს...


* * *

სამი წელი. აუტანელი. ძახილი ვილლადან: „ახალი რასსა“ - სადღაც შორს შორს: თითქო მოგონებული. ეხლა სხვა პაროლი: „ლატინთა გენია“ - „სლავების იდეა“ - „გერმანიის სული“ - „ბრიტანეთის ხელმწიფება მსოფლიოს გამრიგებელი თუ მომრიგებელი“; სხვა კიდევ მრავალი. და თანვე: სისხლი. ჟლეტა. სიმშილი. მოჭრილი ფეხები ცალკე დასაფლავებული. ტირილი მოჭრილ ფეხების როცა მექანიკურ ფეხებს აკეთებენ. სევდა უკანასკნელთა. თანჩაყოლებული დამარხულ ფეხებთან. სიკვდილი ნაყოფის. ძუძუების ატირება დედების. ძმის დაკარგვა. მამის დაღუპვა. მეგობრის გაქრობა. გამოთხოვება მეომრების სანგრებთან. ცალი თვალის დავსება და მეომრის ცრემლი დაობლებულის. დაბრმავებულის დაბრუნება საცოლესთან. საცოლეს ტირილი და უნუგეშობის გაღრმავება ამ ტირილზე. შორეული კვნესა სადგურზე - საცა ბარათებს ელიან. ერთისაგან ბარათი არ არის თუ აღარ არის. აღარც მეორისგან. არც მესამისგან. და კივილი კივილი: დედის-დის-მამის. მოკლულთა სია. დაჭრილთა სია. სიების კითხვა გაზეთებში: საგრაფოს სამმართველოსთან თუ სოფლის კანცელარიასთან. ძებნა ნაცნობ გვარისა თუ სახელის. ცხოველის გზნება: „ნეტავ ჩემი არ ამოვიდეს“... სხვა - „სხვა“ არის; ჩემთვის ერთია. გამხეცება და გულის გაცივება. კიდევ სხვა მრავალი. კიდევ სხვა მრავალი.
არჩიბალდ მეკეშს არავინა ჰყავს: არც დედა არც ძმა არც დაჰ არც სხვა ნათესავი. არც მამა?! - სადაა - ვინ იცის. მეკეში: თავბრუდახვეული ატომი - სხეულის გარე - რეტდასხმული - მოხეტე - სევდითა და ნაღველით. ვერ გაჩერება ერთ ფრონტზე. ნდომა გადაკარგვის თუ დაკარგვის. თხოვნა მეგობრის ლორდ კ-რტის მიმართ. მოქცევა კორესპონდენტად გენერალ ტომსომთან მესოპოტამიის არმიაში. შეხვედრა კაზაკ პალიჲს რაზმს რომელმაც საშინელი სივრცეები გადალახა და შეუერთდა ინგლისელ წინაპართა რაზმებს. თხოვნა იმავე ლორდისადმი და მესოპოტამიიდან სპარსეთში გადმოსვლა პალიჲს რაზმის ნაწილთან ერთად.

არჩიბალდ მეკეში მოგონებით მიდის სადღაც შორს.

მესოპოტამია-სპარსეთი: ეს უახლესი გზაა. მაგრამ სწორედ ამ გზის მოგონებით გავლა უშორესია. მესოპოტამია; აკვანია კაცობრიობის. აქ თვითონ ნიადაგშია ასეთი გუნება. აქ თითქო ყველაფერი ბავშია კიდევ. მაგრამ რამდენი გაუვლია ამ ბავშვს. სწორედ ბავშვის ხანის მოგონებაა რთული: რადგან მისი ხანა უგრძელესია ყველა ხანაზე. დიდი ტოლსტოჲ ჰოო რა მართალია: პირველი წლიდან მეხუთე წლამდე ხანი უფრო გრძელია ვიდრე მეხუთე წლიდან მეოთხმოცე წლამდე. უგენიალესი სინამდვილე. ვინ იცის: ეგებ უკან (პირველი წლის უკან) საშოსკენ - ხანი კიდევ უფრო მეტია. უთუოდ მეტია.
არჩიბალდ მეკეშს „ძირები“ არ აქვს: იქ იგი „უძიროა“. მიდის უკან: შორიშორს დაუსრულებლივ. ყველაფერი ლანდი. ყველაფერი ნასახი. გუნება-რომელსაც სიცხადეში ვერ დაიჭერ. გუნება-რომელსაც ვერც სიზმარეთში დაიჭერ. ეგებ მაშინ დაიჭირო: როცა სიცხადე ზმანეულს გადაეჭრის. არის აქ საიდუმლო ზღვარის ძაფი. ამ ძაფს ხედავ ძილიდან გამოსული მაგრამ ჯერ კიდევ არ გაღვიძებული. მაშინ გული ისე იწყებს ფეთქას თითქო იგი მთელი სამყაროს პულსი იყოს: ვერ ეტევა საგულეში. ჰსურს-შეეხოს ძგერით იმ უჩინარ ძაფს. წინ გაქანდება: უნდა შეეხოს. შეხება და გულის გაჩერება ერთია: ძაფი წყდება-გულიც წყდება. ადამიანი სიკვდილს ისუნთქავს... და უეცრად გამოეღვიძება. წამოვარდება. ჰაერი აღარ ჰყოფნის. გარედ გავარდება. გული საშინლად უცემს. გარეთ: ცის თაღი დააჩერდება და შეანელებს.
აქ არის „ის“ გუნება. ეს გუნებაა გალხობილი მესოპოტამიაში. გაბრუებული ბელტი. მიყუჩებული ქვა. მდორე მდინარე. მთვლემარე ჩირგვი. მოწყენილი კენჭი. ფრთებდახრილი ტოტი. განაბული ნიბლია. სველთვალებიანი უშობელი... ყველაფერი ამ გუნებას ატარებს. აქ არის პირველი მიწა: პირველი სიცოცხლე. და როგორც ასეთი: სიცოცხლე ახლო - საშოსთან ანუ სიბნელესთან თუ სიკვდილთან. არსად არჩიბალდ მეკეშს ასეთი გუნება არ უგრძვნია. გუნება-თითქო სრულიად გამდნარი ბაგდადიდან ვიდრე „ტაკ-ი-გირიმდე“: საცა სპარსეთის საზღვარი იწყება.
არჩიბალს მეკეში მოდის ეხლა შორიდან: რომელიც თანდათან ინთქება თითქო ბავშვის დღეებში. გზა საშინელი. ათასი საფრთხე. მაგრამ გზა მიმზიდავი როგორც ხანდახან თვითონ სიკვდილი. აგონდება მრავალი. ტიგროსის სარკე რომელშიაც კენჭებს ათვალავდი. ეს იშვიათად ხდება ყვითურად მღვრიე მდინარეში. შეიხ-ბენეგირის სახლი. თავლა ცხენით. თავდასხმა. შვიდი ცხენის წართმევა. შეიხ-ბენ-ეგირის რისხვა ვეფხისა და ბოლოს მისი ცრემლი ბავშვისა. სოფელი კეთროვანთა - სადაც ყველა კეთროვანს აგზავნიან და საიდანაც არ არის ამბის მთხრობელი: ცოცხლად სიკვდილის სამთავრო. ხმელი დაჯღვარკული კუნელა და მის ტოტზე ჩამოკიდებული კეთროვანი ჩამოხრჩობილი. ღიად დარჩენილი თვალები თავისმკვლელის - რომელთა უსინათლო გამოხედვაში სჩანს მთელი სამყარო ცოდვილი და საცოდავი. თავდასხმა ქურთების ღამით. გააფთრებული თავდაცვა. კაზაკების დატრიალება თოფნაკრავ მგლებივით. დაჭრა. არჩიბალდ მეკეშის რკინეული სინელე და მისი ცხრა თვალიანი „კოლტი“. „ალლანის“ ყეფა საშინელი. კოლტის დაცლა და მეორე კოლტისათვის მობრუნება. მოვარდნა უზარმაზარ ქურთის გაშიშვლებულ ხმალით. ერთი წამი და არჩიბალდ მეკეში უნდა დაეცეს მოვკეთილი. მაგრამ „ალლანის“ შეტევა და ერთი ნახტომით ქურთის ხრამში გადაგდება. შემდეგ: ისევ კოლტი და კაზაკების ყიჟინა. თან „ალლანის“ საშინელი ყეფა რომელიც გრიალით გადადის ყრუ ხეობაში. ქურთებს „ალლანი“ ვეფხი ჰგონიათ მთვარის სინათლეზე აფორაჯებული და ხავილით სადღაც გადავარდებიან... არჩიბალდ მეკეში ამ წამს აზმორებს: რკინასავით იმართება რაღაც მის ტანში. შემდეგ ისევ ბურანი მოიცავს და თვალღია ძილს მიეცემა.

* * *

ტყით მიდის ვინმე. უცნაურ ბალახს ფეხს დააბიჯებს. წამსავე გონება აერევა. ჰგონია: უკან მიდის. განაგრძობს სვლას. ჰკარგავს მიმართებას. გაიხდის ტანსაცმელს. გადააბრუნებს. ჩაიცვამს გადაბრუნებულს. გონს მოდის. უბრუნდება გზნება მიმართების. გზას გაუდგება. არის დაცდილი თქმულება ასეთი.
არჩიბალდ მეკეში წევს. ჯერ კიდევ ღამეა. მთვარე ჩასვლას აპირებს. ლანდები მალე გაჰქრებიან. არჩიბალდ მეკეშს არ ძინავს. ან უკეთ: ნახევარ ძილში მისი შეცნობა სიცხადეზეა გამოსული. იცის სად არის. არ იცის მხოლოდ მიმართება. არეულია. ამრეზილი. აღრენილი. ფეხი თუ დააბიჯა უცნაურ ბალახს და გუნება გადაუბრუნდა. ბაგდადიდან ჰამადანამდე მრავალია ასეთი ბალახი. ან თვითონ ეს გზა „ბაგდად-ჰამადან“ ეგების ეშმაური ბალახია თვითონ. არც იქით არც აქეთ. არც წინ არც უკან. არც ზემო არც ქვემო. გზა აბნეული ატომი: რეტდასხმული. ტანსაცმელი გადაიბრუნოს?! ტანსაცმელი გახდილი აქვს. ან საით გაბრუნდეს?! ეგებ მობრუნება იგივე გადაბრუნებაა.
მეკეში ეძებს თავის თავს. ვერ ნახულობს ფესვებს. არც ძმა არც დაჰ არც დედა არც სხვა ნათესავი. არც მამა?! მამის ხსენებაზე მარჯვენა ხელს გულთან მიიტანს. გულზე ჩამოკიდებული აქვს ზაფრანის ფერი ბოღჩა. ეს არ არის ჯვარი. არც ხატი. არც არილი. აქ შეკრულია მამის მედალიონი... წყაროს ხანდახან ამორეცხენ. ცალიერდება მისი ტანი. კუთხეში წყაროს თვალი მოხეთქს ცინცხალი. წყაროს ტამი ფართოვდება: თითქო მუცელს ივსებს გამშრალს... არჩიბალდ მეკეშის გული ივსება ტანცალიერ წყაროსავით. წამოდგება: ჰსურს მთვარის ჩამავალ სინათლეზე დახედოს საყვარელ სახეს. აივანს მიმართავს - და უეცრად მის წინ კარებში ვიღაც კაცი მაღალი. ნათელი შუბლი. თაფლისფერი თვალები. ჭაღარაშერეული წვერი. მოკუმული ნიკაპი. ორბის ცხვირი. თვალებში: სიმშვიდე... სიმშვიდე... გახელებამდის. კაცი ვაჟს უღიმის. უნდა რაღაც უთხრას. წამოიწევს ხელმოსახვევად... „მამა“... იკივლებს არჩიბალდ. ხელებს მოხვევს. ხელებში რჩება მხოლოდ ლანდი. „მამა!“... იკივლებს კიდევ არჩიბალდ. „ალლან“ წამოვარდება. მიიხედ-მოიხედავს: მტერი არ არის. ყელზე მოეხვევა ტორებით.
არჩიბალდ ტირის. მას გვერდით დოგი ეალერსება: უშველებელი - ხატულა-მოთეთრო და ყვითური ლაქებით ასპიდისფერი ტანზე. თვალები: ერთი რუხი და მეორე ყვითელი. არჩიბალდ ტირის. „ალლან“ ეალერსება.

ჰამადანის თავზე ალიონია მტრედისფერი.


გული ხელის გულზე 

ჰამადანიდან მიჰქრის ავტომობილი. შოფერი კუნთებდახვეწილი ჟოკეჲვით შეზრდია „ფორდს“. ქუდები თეთრ ზოლს აყოლებენ: ერთი - ინგლისური თეთრი ჩაფხუტი საგრილო და მეორე - ჩალმა სპარსული თუ აღმოსავლური. ერთის მუხლებზე ვეებერთელა დოგს თავი მოუსვენია. გზა მიდის ჩრდილოეთით. სადგურ აღბულაღის იქით მდაბლობი გაშლილა სოფლებით. ხევი ორი მდინარის: კარასუსი და დარაგაზანის. კულებადის მდაბალ მთებთან გაიჭრის საზღვარი ჰამადანისა და ხამზესი. სოფელ რამაზანთან გზა მიდის მორჩილ მდინარის პირას. ხიდს გაივლიან ოდნავ მოშორებით მდინარის მარცხენა ნაპირას მოხეთქს ცივი წყარო: გოგირდიან-კირიან-რკინეული. რამაზანიდან დაწყებული თანდათან მატულობს აღმართი. სადგურ მანიანთან - საცა ეხლა „ქალაქთა კავშირის“ საკვები პუნქტია - აღმართი მუხლს იმაგრებს და ჩაქნეულ ხრამის გასწვრივ მიდის სულ მაღლა და მაღლა ყარაგანის მაღალ უღელტეხილის მიმართ. ორი კილომეტრის მანძილზე ყარაგანის უღელტეხილთან - სადგური სულტანბულაღ. აქაც - საკვები პუნქტი.
ფორდი ძალას იკრებს რომ ალახოს ეს დიდი აღმართი. ხანდახან დაიქშენს როგორც თოფნაკრავი მხეცი. შოფერი ასეთ დაქშენას უნდო თვალით უყურებს. მან იცის კარგად: ქვეყანაზე არ დაბადებულა ჯერ ისეთი ქალი რომელიც იყოს ისეთი კაპრიზიანი როგორიც არის ავტომობილის მანქანა. ათვალიერებ: ყველაფერი რიგზეა. გაუშვებ და რამოდენიმე საათის შემდეგ - ნერვიულობა ჭირვეული.
სულტანბულახს უახლოვდებიან. ფორდი ქშენს სხვანაირად: რიტმი თუ ეშლება. შოფერი არას ამბობს: სულ სადგურისაკენ იყურება. ალბად იმას ფიქრობს რომ იქამდე უვნებლად მიაგდოს მანქანა. რამოდენიმე წამი და სულტანბულაღის კარებთან ფორდი საშინლად ამოიხვნეშებს და ერთბაშად დავარდება: შეჩერდება.
პირველი „ალლან“ გამოხტება და ღობეს მიაშურებს. შემდეგ არჩიბალდ მეკეში. მას მოჰყვება ჩალმიანი კაცი. მეკეში ტანად მაღალია. მაგრამ ჩალმიან კაცთან შედარებით თითქმის დაბალი სჩანს. ჩალმიანს მოსხმული აქვს ტანზე გრძელი და მეტად განიერი მოსასხამი ჭაობის ბალახის ფერის. ფეხებზე - მოყვითალო ქოშები. მაღალი კაცი მხრებში ოდნავ მოხრილია: მკერდი არ აქვს მაგარი. ცხვირი მოგრძო და ცოტად გაბრუნდული მარცხნით. თვალები სადღაც შორს ჩამჯდარი: გოგირდისფერი მქრალად შემწვანებული: ნელი - ბეჯითი - გამხვრეტი. სახე ჭრფლიანი და ნაყვავილევი. ასეთი სახე ასეთი თვალებით გველს აჩერებს ცხელ სილაზე. ნარევი ტიპი: სპარსი თუ ჰუნდუ თუ ეგვიპტელი. რა ხნისაა - ძნელია გამოცნობა. ულვაშები - თითქო ახლად ამოსული. თხელი მოკლე წვერი ინით შეღებილი ოდნავ.
შოფერი ფორდს სინჯავს. მეკეში და ჩალმიანი სივრცეებს გადაჰყურებენ. მოსჩანს ჰამადანი როგორც გახელებით დარტყმული სისხლიანი ნალი. მარცხენით - ავეჰს მთები: პირტიტველა გიგანტები. მეკეში დატყვევებულია უცნაურ სანახაობით. მას ყოველთვის აფრთოვანებდა მუხის ფოთლებში ჩაშვებული მზის ღელე მწვანე მოლზე რომ კიაფობს ხალას ტალღებად. მას აფრთოვანებდა ყოველთვის და უფრო მეტად: თუ მუხის ფოთლები მდინარეს დასცქერიან თავს და მზის ღელე ჩრდილებში დახვეწილი მდინარის მავალ ტანს ეფრქვევა პეშვებით. აქ არის ჯადოსნური შეერთება: ყვითელის - მუქლურჯის - ნისლოვანტყვიისფერის. და თანვე ფერთა დენა შეუჩერებელი: მზის ღელე - ფოთლის რხევა - წყლის შრიალი. მეკეში ფოთლებს ხედავს. ფოთლებს: ზოგს სქელსა და დიდს - ზოგს ნარნარსა და მცირეს - ზოგს გრძელსა და დაშვებულს. ხავსი და ყარამფილი ერთი მეორეს ეჯიბრებიან. ყარამფილი ძლევს. ასპიდი და ხვითო ერთმანეთს ედავებიან. ხვითო ძლევს. ბოლოს: ხის ბაყაყი „ვასაკა“ - რომელსაც (სხვადსხვა სიმუქისას) მიმოაბნევენ საზღაპრო ფარშევანგების აჭრელებული ბოლოები...

- ეხლა მესმის: თუ რამ შეჰქმნა სპარსული ხალიჩა...

- ეს მხოლოდ წინა კარია. ყაზვნის იქით ნახეთ!..

შოფერი ათავებს შეკეთებას. მეკეში და ჩალმიანი მთებს გასცქერიან. „ალლან“ უეცრად დაიყეფს. „ქალაქთა კავშირის“ ავტომობილი გაირბენს გვერდით. მეკეში მოჰკრავს თვალს სათნოების დაჰს და თითქო ხრამს მოადგაო - შეირხევა მთელი ტანით. „ხვლიკისფერი თვალები“. ნუ თუ?! არა... აქ რა უნდა?!

- რა დაგემართათ?!

- ისეთ ფერს მოვკარ თვალი - რომ...

- სად?

- აი იმ მთის კალთებზე კუთხეში. თითქო შვინდი: ვეშაპის ლივლივა ტანზე გადასხმული.

- საოცარია...

ავტომობილი მზადაა. სულტანბულაღიდან დაღმართით გზა ეშვება ხევში რომელსაც მთის მდინარე გაურბის. მდინარის მარჯვენა მხრით ჩრდილოდასავლიდან სამხრეთაღმოსავლეთით გაწოლილია დაპობილ ნაპრალების ქედი როგორც პრეისტორიული მამონტის ხერხემალი. უახლოვდებიან სადგურ ავეჰს. აქ რუსის შტაბი იდგა როცა ჰამადანი თურქებს ეჭირათ. მდინარე ავეჰ ზაფხულში თითქმის მთლად ამომშრალა. დაცლილი მკერდების მწუხარება: ეს ტანამომშრალი წყალი. მზის სისხლისმსმელმა გველეშაპმა თუ ამოხვრიპა. ქვების ლოდები უზარმაზარი ორას მეტრიან კალაპოტში. მდინარე ავეჰ მიდის სოფელ აბბასაბადის ახლო და უერთდება ხარრუდს. ხარრუდის ნაპირას - ცხელი გოგირდის წყარო ორმოცდაერთ გრადუსიანი. გზას განაგრძობენ. წინ - მდაბლობი. სოფლები: ნოვენდ - საჲფაბად - რაჲკან - დეხკან. მდინარე აბგარ. ზედ ხიდი. ბაღები: ხილისა და ვაზის. ნანგრევები.

ფორდი ხვნეშის. ხანდახან დაიქშენს და შოფერს ფერი ეცვლება. „ალლან“-ს ეყვინთება. ჩალმიანი ნირვანაში ყვინავს. არჩიბალდ მეკეშს ხვლიკისფერი თვალები აგონდება. ოლგა... ნუ თუ?! არა აქ რა უნდა?“ ტიტველ კლდეებს თვალები რომ მოაცილა - ხედვაში ვასაკას ფერი შერჩა. ალბათ ამ ფერმა დაუნისლა თვალები და მზერა აერია. მაგრამ რად არის მწვავე თვითონ მოლანდებაც კი?!

ფორდი ხვნეშის ხანდახან. დაიქშენს და შოფერს ფერი ეცვლება. „ალლან“-ს ეყვინთება. ჩალმიანი ნირვანაში ყვინავს. არჩიბალდ მეკეშს „ხვლიკისფერი თვალები“ ელანდება. მზე ესვენება. გადამწვარ არეს მეწამულის ფერი ეფინება შენელებული. არჩიბალდ მეკეში თვრება საოცარი სივრცეებით.

- აქ ადამის თვალია საჭირო.

- დიახ: ადამის თვალი!..

— — —

ხვლიკისფერ თვალებმა სადგურ მანიანს მიანათეს. საკვები პუნქტი თითქო ყვითელი სოკოა გადატრუსულ ტრამალზე. ავტომობილის შეკავებულ ხრიალზე ჯარისკაცი გამოდის სპლინმორეული. მოსულებს ეგებება და თან ქოჩორს იქექავს. ტანი თეთრებით მოსილი მოსხლეტით ხტება ავტომობილიდან. ჟან გუჟონს აქვს ერთი „დიანა“. ქალი დალურსულ თვალებით შველს უცქერს მაღალს. შველი თითქო მოჯადოებულია ქალის თვალებით. უახლოვდება ქალს თავაწვდილი: ცხელი პირით თუ სურს ქალის ტუჩებზე ნადირის კოცნა ადაღოს. ავტომობილიდან გადმომხტარი ტანი გუჟონის დიანას მიაგავს. გრძელნი ფლორენციულნი ფეხნი თეთრი ნაკადულის ორ მაგარ ტევრად ჩამოხეთქილნი. არა: სხვაა. გადმომხტარი ტანის თეძოები უფრო განიერია. კიდევ ერთიც. თეთრებით მოსილი ტანის მკერდი მეტადაა აკვრივებული. მკერდზე: ორი სქელი ვარდი შირაზის. ძველად ქალწულის ძუძუებზე მქანდაკი სასხვერპლო თასებს ასხამდა თიხისაგან. არის ასეთი გადმოცემა. ამ მკერდის ძუძუები თასებია თვითონ.

ჯარისკაცი ყეყეჩად დგას.

- გამგეს დამიძახე!

მოესმის ჯარისკაცს ქალის ხმა. მიდის.

ქალი შედის პუნქტის შენობაში. თითქო მოკვეთილი - ლოგინზე დავარდება. თავსაფარს იგლეჯს და გვერდზე გადაისვრის. თმები: მოკლე და ხშირი: თითქო სპარსულ ხენნეჰდ გადმოშვებული მზის ტევრი. შუბლი მაღალი: ბოტიჩელის ქალების. ცხვირი, აწეული ოდნავ. ბაგე მოკუმული: თითქო მრისხანე. ტანი ვერ ისვენებს.

შემოდის ბანგვლიანი კაცი. აღმოსავლური პროფილი. თვალებით თითქო ქონით თუ ქონში იცრემლებიან. ცხვირი - სტაფილო. სახეზე: საფანტისხელა ფერისმჭამელები მუქლურჯად. ფერისმჭამელები ზოგან ამოვარდნილან და ნაყვავილევის კვალს სტოვებენ. გამგეს მთქნარება კარებში უთავდება.

- ეხლავ გამომიძახეთ რწმუნებული ტელეფონით...

- ყაზვინიდან?!

- ყაზვინიდან...

- გამოვიძახებ...

ბანგვლიანი კაცი გადის.

ლოგინზე გაშხვართული ტანი ფიქრობს: „ის“ იყო უთუოდ... მაგრამ საინდან გაჩნდა?! ირანის პლატომ მოლანდება იცის... არა: უთუოდ „ის“ იყო... რად არ შეაჩერა ავტომობილი?!.. რად არ გადახტა?! რად არ შეეგება?! ქალის გულს ქალიც ვერ გამოიცნობს... გაშხვართული ტანი ავარდება... გაიხედავს: ტიტველი სივრცე უხმო: ვინ რას ეტყვის?!

ბრუნდება გამგე:

- ერთი საათის შემდეგ დაგელაპარაკებით...

გამგე გაბრუნებულია.

ქალი სამზარეულოსაკენ გადის. იქ შოფერი ხვდება. მაზუთიან ხელით სპარსულ ლავაშს კეცავს და საშინლად ილუკმება. კაცმა არ იცის: ბერძენია ტრაპიზონიდან თუ სომეხი როსტოვიდან თუ აისორი ურმიიდან. გვერდულა ცქერა. ცხვირი შუაზე გაჩეხილი. დაბალი და დაბორგვლილი. ჭროღა თვალები წვრილი.

- სტეპკო! ეხლავ უნდა გავბრუნდეთ უკან...

- არ შემიძლია...

- მიზეზი?!

- მანქანა დაღლილია...

- შენ გამოაცოცხლებ...

- მეც დაღლილი ვარ...

ქვეყანაზე ჯერ ისეთი ქალი არ დაბადებულა რომელიც ავტომობილივით იყოს კაპრიზიანი. ქვეყანაზე არც ისეთი ავტომობილი გამოუშვიათ ქარხნიდან რომელიც შოფერზე უფრო კაპრიზიანი იყოს...

- სტეპკო! ხომ იცი ჩემი ხვეწნა...

ქალი იღიმება... არსებობს განა სადმე ისეთი კაპრიზი: ლამაზის ღიმილმა რომ არ მოალბოს?

- მგონი საჭე აქვს მანქანას დაზიანებული.

სტეპკოს სიტყვებს აღარ აქვთ დაჯერება.

ქალს იმედნი ემატება და თან ძალაც...

- შეგიძლია შეაკეთო სამხედრო ნაწილის გარაჟში...

- არც ბენზინი მაქვს საყოფი...

- ბენზინსაც იქ იშოვი... მე ვიშოვი...

სტეპკო კიდეც ირყევა. მიწაზე ისე უხერხულად დადის როგორც ალატროსი ხომალდზე.

- მანქანა წახდება... მთლად გაფუჭდება...

- რა ღირს „ოპპელ“?!

- ხუთი ათასი... თუ ექვსი... არ ვიცი.

- თუ წახდა მე გადავიხდი...

- ფულის სიუხვეზე სიჯიუტე ტყდება...

სტეპკოს ახლა ღიმილიც ემჩნევა.

ქალს უახლოვდება გამგე:

- ტელეფონთან არის... გიცდისთ...

- მაშ ასე სტეპკო...

სტეპკო ქალის ღიმილს ისუნთქავს ვით ველურ ვარდს...

ქალი გარბის...

— — —

უეცრად „ალანმა“ ყურები აცქვიტა. წამოხტა. დაიყეფა. ყეფა გრიალით გავარდა ხევში. რა იყნოსა?! შორიდან ისმის სიმღერა. შოფერი თავს აწევს. ჩალმიანი გამოდის ნირვანიდან. „ალლან“ წინა ფეხებზე დგას. არჩიბალდ მეკეში გარინდულია: თითქო კრუხი წიწილებით ქორის აჩრდილი რომ დაინახა. სიმღერა მატულობს: გადადის შორიდან შორს. არჩიბალდ მეკეში ცახცახია შეკავებული. რაღაც იგზნო: ახლო თუ შორეული ერთად. (ადამიანი სარკეში იხედება ხანდახან გიჟივით. თვალს ვერ აცილებს თავის სახეს. გადის ხანი. სახე ადამიანს სხვისად ეჩვენება. ბოლოს: სარკეში უცხოს ლანდი გაირბენს. ადამიანს შიში აიყვანს. ვინ არის?! ვისი ლანდი?! ჩემი?! სხვისი?! უცხოსი?! ჩემიც. სხვისიც. უცხოსით. რარიგ?! რა გზით?!). სიმღერა იზრდება და ახლოვდება. არჩიბალდ მეკეშს გული უყუჩდება.

ტაბაჲ: გუნება გეცვალათ?!

მეკეში: უცნაური სიმღერაა.

ტაბაჲ: გჲურჯების სიმღერას ჰგავს.

მეკეში: გჲურჯების...

შოფერი: ქართველები მღერიან.

მეკეში: ქართველები...

მეკეში ფორდის კარს ავლებს ხელს: თითქო გადავარდნა ელის. მამის სიტყვა აგონდება: „თავშეკავება“. ნებას იკრებს: თითქო რკინეულ კალასოდ იქცევა მდინარის ღურღურში რომაა გაწოლილი ნაპირიდან. სიმღერა გადადის ტალღებად: როგორც მზეზე აელვარებული ხმალი. „ალლან“ ყეფს. ავტომობილი სოფელს უახლოვდება. ფორდი ხვნეშის და რიტმს აღვივებს.

მეკეში: რა უნდათ აქ ქართველებს?

შოფერი: შვებულებაში არიან.

ტაბაჲ: ჰაა - ცხენოსან პოლკიდან.

შოფერი: გზად არიან.

მეკეში: გზააად...

ავტომობილი ჭიშკარს უახლოვდება.

შოფერი: მანქანას წყალი უნდა.

არჩიბალდ მეკეშს მოეშვა დიდი სიმძიმე და მხრებში გაიმართა. თუმცა გულის ფეთქვამ იმატა უფრო. მაგრამ კალასო მაგარია: რამდენ წყალს გადაუვლია მის თავზე. ფორდი ჭიშკართან ჩერდება. ჭიშკარში: ხმელი ახალგაზრდა. ახალისდება და ჩალმიანს:

- ჰაა ტაბაჲ ხან: მობრძანდით! მობრძანდით!

- მე მარტო არა ვარ.

- კიდევ უკეთესი! გვეწვიეთ!

გადახტენ.

- ჩემი მეგობარი ინგლისელი. არჩიბალდ მეკეში.

- სანდრო ამილახორი.

ჟოლის ხეების ჩრდილები. გძლად გაშლილი სუფრა. სუფრის გარშემო: ყმაწვილები - ოცამდე. წამოდგებიან. ესალმებიან ჩალმიანს: „ტაბაჲ ხან მობრძანდით“. ჩალმიანი აცნობს: „ჩემი მეგობარი არჩიბალდ მეკეში. ცოტა რუსულიც იცის. ცოტა სპარსულიც. მაგრამ თქვენ შროსი ზოგმა ფრანგულიც იცის. თარჯიმანი არაა საჭირო“. გაისმის სხვა და სხვა გვარი: ჭავჭავაძე. ორბელიანი. ავალიშვილი. მორბელაძე. მაყაშვილი... როგორ?! კინაღამ წამოიძახა მეკეშიმ და გაფითრდა. ჩალმიანმა თითქო გაუგო გულის თქმა და მოახსენა: „მაყაშვილი“. ერთმა წაიჩურჩულა: „შემოკლებით - მაყაში“. მაყაში. არჩიბალდ მეკეში მაგიდას ეყრდნობა: რომ არ დაეცეს. ხედავს: ყმაწვილი მაღალი. შავგვრემანი მეტად. კანი: თითქო პერგამენტი. თვალები: ღია და მიბნედილი. რხევაში: ძველი რასსა - დასუსტებული კიდეც. მეკეში თითქო შორს იმზირება.

— — —

- აპარატთან... დიახ... ოლგა ბალაშოვა... დღესვე უნდა გამოვბრუნდე. მიზეზი?! პირადათ... არ შეიძლება?!. ჩემს მაგიერ სხვა გამოგზავნეთ... ზედმეტი ხარჯი მგზავრობისა?! მე გადავიხდი... თანახმა ხართ!.. მადლობა!.. დიდი მადლობა!.. ორი წუთი კიდევ... ყაზვინში დღეს მოვა ინგლისელი... ჰამადანის გზით... ჩემი შორეული ნათესავი... გვარი?! მეკეში... ეძიეთ ყველგან... იკითხეთ... მერე?! ჩემი სახელი და გვარი გადაეცით... სხვა არაფერი... იმედი მაქვს... დიდათ დამავალებთ... ეხლავ გამოვდივარ...

— — —

- ქეიფი! ქეიფი!

- ღვინო! ღვინო!

- ტაბაჲ ხან! ღვინო სპარსეთში არ ვარგა.

- გეთანხმებით... ქართული გექნებათ...

- გვაქვს... ნამდვილი კახური...

- ტაბაჲ ხან ღვინოს არ სვამს...

- თქვენთან დავლევ...

სიხალისე. სიხარული.

მწვადები ჟოლის შამფურებზე. თასები.

მეკეში თვალით ზომავს ყველას.

აგონდება:

შეიხ-ბენ-ეგირს შვიდი ცხენი წაართვეს მესოპოტამიის საზღვარზე. შეიხ-ბენ-ეგირ რისხვა იყო შეტევის დროს. ცხენები მაინც დაჰკარგა. ვინც თვალი მოჰკრა: გულის დაწყვეტა შეამცნო მტევანივით. ცხენები ბნელი თავლიდან გამოიყვანეს. ჯერ სინათლე არც ენახათ. როცა მზის სხივები მოხვდნენ მათ თვალებს - თვალები ახლად ამოხეთქილ წყაროსავით აკიაფდნენ. ასეთი თვალები ჰქონდა ალბათ იმ პირველ კაცს რომელმაც პირველმა მოიგონა ცეცხლი. ტანით; ალესილები - ასხლეტილები - ალეწილები. ნამდვილი რასსა არაბის. რხევაში: საუკუნეებით დახვეწილი ძრაობა. სიარულში: ბიოლოგიურად დაოკილი რიტმი. ბოლოს და ბოლოს: გამართლება ბიოლოგიის. არჩიბალდ მეკეში ბიოლოგიის გამართლებას მანამდე მარტო „ალლანში“ ხედავდა. ეხლა კი მის წინ ვაჟებიც: სწორედ იმ არაბული ცხენებივით დახვეწილნი. სწორედ ისე დაქნილნი. სწორედ ისე აკვრივებულნი. უეცრად მამის ლანდმა გაირბინა ჯგუფებში და ცრემლი თვალების უპეებს მოადგა...

სიმღერა! სიმღერა! გაიძახიან.

მღერიან „მრავალჟამიერს“ კახურს: რომელიც მოდის როგორც ალაზნის ველი. ჯერ ნელი. მერე ახშირებული. მერე ამწვარი. შემდეგ ნაპირებდაგალახული. ბოლოს: მოქნეული როგორც სალტე. აქ ლხინია ვაჟკაცის რომელიც ომიდან დაბრუნდა გამარჯვებული. მღერიან „მრავალჟამიერს“ ქართლურს: რომელიც იღვრება როგორც ქართლის ველი მდორე. ჯერ ისიც შენელებული. შემდეგ გაქანებული. შემდეგ ქადგაზნექილი. ბოლოს ქედმართული. აქ არის ციხის დაცვა მეციხოვნეთა მიერ: რომელთაც იციან განდობა და გატანა. გაუძლებს ციხე ყოველთვის შემოსეულებს?! და სიმღერას ბოლოში გაგუდული ბოღმა გადაჰკრავს ოდნავ. მღერიან მაღალ „დელიას“. თითქო დამცხრალ გრიგალს იმერთა მთებიდან შენელებით ხევებში ჩაშვებულს. ეს სიმღერა იშვიათია: საქართველოშიც კი. აქ არის: კახის ლხინი და ხმალი - ქართლის სიმტკიცე და ფარი - სვანის ჯავშანი და „ლილე“ - ხევსურის შუბლი და შემართება. მღერიან. მღერიან: თითქო დედოფალი მოჰყავდეთ გაშიშვლებული ერთიმეორეს გადაჭდობილ ხმლებზე.

არჩიბალდ მეკეშს ხვლიკისფერ თვალებიანი დედოფალი აგონდება. ეგებ ის იყო მართლა?! არა... აქ რა უნდოდა?! სიმღერა თითქო მუხის თავს ეხვევა: არ იცი საალერსოდ თუ თავწასაგლეჯად. არჩიბალდ მეკეში მუხის შრიალში უსმენს სიმღერას. ნეტავ კიდევ სად მოისმინა?! ნაცნობი რომაა?! სარკეში იხედება. ძროს ვერ ნახულობს. შორსშორს პიროვნების ძირი ირხევა გატიტვლებული: იშლება და იკლაკნება. რაღაც ნაცნობი და თან უცხო: ზმანება თუ დაავიწყდა?! არა: ეს თესლია ალბად: ახლო და შორეული. უეცრად მამის ლანდი გაირბენს სუფრასთან. არჩიბალდ მეკეში მაგიდას დაეყრდნობა რომ არ წაქანდეს.

— — —

მზე ჯერ კიდევ არ ჩასულა. ავტომობილი ყიზვინისკენ მიჰქრის...

ქალის ფიქრები შორს იჭრებიან... 1914 წელი. აპრილი. ლოზზანა... ბაღში გასეირნება... შეჩერება ვილჰელმ ტელლის ძეგლთან. ვაჟი ტრფიალით აყვანილი... ჩუმი და მორცხვი... მაგრამ სიჩუმეში და მორცხვობაში - რამდენი ძალა და რამდენი გრძნობა?! ვაჟი შეკრულია ერთი ნდომით. ქალი ისუნთქავს ვაჟის სიახლოვეს... ქალს ნესტოები უგანიერდებიან როგორც ხაფანგში გაბმულ ნადირს... ვაჟი სდუმს... არას ამბობს... ან რათ უნდა სიტყვა?! თვითონ სიტყვა არაა გაშანთული?! ყოველი კუნთით... ყოველი ამოსუნთქვით... ვაჟი ისედაც სიტყვაა... მთლად... ქალი სიხარულია... მაგრამ რად იღებს ქალი ტანჯულ სახეს?! თვითონაც არ იცის. ქალის ქცევას ქალის ვერ გაიგებს... ესმის ვაჟის სიტყვა სუნთქვა გარღვეული:

- მსურს გითხრათ...

- ვიცი უსიტყვოდ...

ვაჟი გაოცებით უცქერს...

(„სულტანბულაღ“... გაისმის შოფერის ხმა.

წარსული წყდება შორს... ქალი ერკვევა... გადახტება... შედის სადგურში... ფურცლავს გამვლელთა წიგნს... არ არის... ეკითხება იქ მყოფთ... ეუბნებიან: გვარი არ უთქვამს... შეიძლება სხვა იყო?! არა. ის იყო. უთუოდ... ბრუნდება. ავტომობილი მიჰქშენს).

ისევ ლოზანნა... ისევ შეწყვეტილი სიტყვა ქალის:

- ვიცი უსიტყვოდ.

ვაჟი გაოცებით უცქერს...

- არჩიბალდ! გწამთ საბედისწერო შეხვედრა?

- მწამს...

- სიკვდილიც რომ ვერ დაშლის...

- მწამს. მე ამ წამს განვიცდი...

ქალი შეჩერდება: თითქო სხვას შეხედა...

რა ემართება?!. მაცდურს თუ მოჰკრა თვალი.. არა.. „დაჲმონს“ რომ ეძახდნენ ძველად: ახლა ქალის მხრებშია.. „დაჲმონ“ მოტყუების.. მაგრამ რად არის ასე ტკბილი ტყუილით ცთუნება?! ქალი ებრძვის.. მაგრამ ქალის ბრძოლა ცთომასთან გამარჯვებაა ცთომის.. იმთავითვე.. არა.. ქალის მარცხი ცთომასთან ქალის გამარჯვებაა.. ქალს ბრუ ესმის.. ხოლო მარცხი ტკბილია საშინლად..

- არჩიბალდ! ვიცი თქვენი....

-იცით?!.

- ნეტავ ერთი წლის წინად შევხვედროდით ერთმანეთს...

ვაჟი გარინდული დგას..

ქალი თითქო ნათქვამს ასწორებს:

- არა! რა ვთქვი?! პროვინციელ კურსისტის სიტყვა..

- გრძნობის გამოთქმა ხშირად ელემანტარულია..

ქალს ვიღაცას ჩურჩული ესმის.. თითქო სხვას ამბობს:

- მქონდა ასეთი შეხვედრა..

- შემდეგ?!

ვაჟს კრთომა ემჩნევა.. ქალი ხელისკვრას გრძნობს..

- იგი აღარ არის..

- როგორ?!.

- დუელში მოჰკლეს.

ჩურჩული აღარ ესმის.. ვიღაც თუ გაფრინდა.. ქალიც თან გადაჰყვა?: ჰო: რა ტკბილია უფსკრულის თავზე ქანაობა.. უფსკრულზე ქალს საქანელა არ ჩაუწყდება... თუ ჩაუწყდება - ვინმე აიტაცებს...

ვაჟი გაფითრებული სივრცეს გამზერს..

(„ავეჰ“... გაისმის შოფერის ხმა...

წარსული წყდება შორს.. ქალი ერკვევა.. გადახტება.. შედის სადგურში.. ფურცლავს გამვლელთა წიგნს. არ არის. ეკითხება იქ მყოფთ. ეუბნებიან: არ გაჩერებულა. მოჩვენება თუ იყო უთუოდ.. ხვლიკისფერი თვალების მზერა არ ცდება.. ბრუნდება: ავტომობილი მიჰქრის ღრიალით..)

შემდეგ ისევ ლოზანნა.. და შეწყვეტილი საუბარი..

- ეხლა მიხვდით?!

- მივხვდი...

(ავტომობილის ქშენა მატულობს.)

— — —

ცეკვა! ცეკვა! ცეკვა!

მოშორებით უკრავს საზანდარი - (ახლოვდება). ცეკვავენ „ლეკურს“, ეს სახელი შეუსაბაბოა: ლეკს აქ რა უნდა?! ეს ცეკვა ქართულია და გარდა ქართველისა მას ვერ იცეკვებს ვერავინ: რასსა არ ეყოფა. ვაჟი გამოიხმობს სათნოების დაჰს ქართველს, (საკვებ პუნქტ აბგერმიდან). რამდენი ვაჟური შეტევა და რამდენი ქალური გარინდება?! რამდენი კამარა სიყვარულის თუ ტრფიალის პოემის?! ბოლოს: თითქო ქალის დატყვევება და აჭრილი კამართი მისი გატაცება. მაგრამ არა. ტყვე ქმნილი ქალი ვაჟის მკლავებისათვის მთელი სხეულით გადახსნილი - (თითქო ეს ათამაშებული სხეული აფეთქილი გულია მარტო) - უეცარი მოსხლეტით ვაჟის რკალიდან გავარდება ქალწულური დარცხვენით. ცეკვა თითქო წყდება: არ თავდება. ეს ბეჭედია ქართული რასსის და მისი სირაინდის. ტანაყვანილი უცქერის მოცეკვავეთ არჩიბალდ მეკეში - (მისი სისხლიც ხომ არ ათამაშებულა?!). ეხლა „მთიულს“ ცეკვავენ. რიტმი სადა - მაგრამ ლამაზი როგორც პირველსუნთქვა ატეხილი ჭალების. მარტო ცეცხლი. მარტო ატეხვა. მარტო სიგიჟე. ხალისი პირველმიწის. ლხენისათვის ეს პირველრიტმი უფრო ლაღია და ზღუდეგადამლახავი. ცეკვავენ ერთსა და იმავეს. მაგრამ - ეხლა გვარობით. ერთი გვარი ერთი იერით ცეკვავს. მეორე - სხვარიგათ. მესამე - კიდევ სხვანაირად. ირკვევა არა მარტო რასსა მთელის - არმედ ჯიშიც ცალკეული გვარის.

უცქერის არჩიბალდ მეკეში მოცეკვავეთ და მამა აგონდება. სტუმრობა გაიმართა - (რა დღე იყო?! არ ახსოვს). მოიწვია რჩეულნი: ნაცნობნი და მეგობარნი. ამ დღისათვის პირველად გაემოეწყო „ჩერქეზულად“. ტანი მაღალი და აწურული. მხარი მსხვილი და კვრივი. შუბლი ღია და თან ამაყი. თვალები თაფლისფერი: გახელების მფარავი. აგონდება მამა: „ლეკურის“ კამარა რომ შეჰკრა მზის შუბის გამოვარდნით და დახვეწილი რასსის დანელებით. მაგრამ ჩამოვლა... ჩამოვლა... ქედმაღალი და რბილი თანვე: ვეფხის დანელება სარკეში ასახული რომელიც თვითონ ვეფხსაც მოსწონს - (აქ მხოლოდ ერთმა ჩამოუარა ასე)... და მეკეში თავს ვეღარ იკავებს: ცრემლებით გაგუდული სუფრას პირქვე დაეცემა. ჩალმიანი ჩურჩულით:

- რა გემართებათ?!

- რაღაც მომაგონდა..

- გავიაროთ..

- დროა წავიდეთ..

დგებიან. ემშვიდობებიან მასპინძლებს. ხმაური წყდება. ხვეწნა: „დარჩით“... ზოგი „ალლანს“ ეალერსება. ტაბა ტაბაჲ და მეკეში იჩქარიან. სმენ სადღეგრძელოს. ავტომობილთან მიაცილებენ. ეთხოვებიან. არჩიბალდ ძლივს იკავებს თავს.

- მშვიდობით! მშვიდობით!

- კიდევ შევხვდებით ერთმანეთს!

- შევხვდებით!

საზანდარი უკრავს გასაცილებელს. ერთი ჯგუფი შემოსძახებს ლაშქრულს. არჩიბალდ მეკეში და ტაბა ტაბაჲ ავტომობილში სხდებიან. ფორდი დაიღრიალებს. არჩიბალდ უკანასკნელად გადახედავს მაყაშვილს. ფორდი მიჰქრის. უკან წყდება სიმღერა ხმალამართული.

. . .

- შეღამებულა უკვე..

- დროს მალე გაუვლია..

- ქართველთა ქეიფმა დრო არ იცის..

- რა მოხდენილი ხალხია..

- შარდენის სიტყვა ხომ გახსოვთ ქართველთა სილამაზეზე...

- მგონი სპარსეთიც გრძნობდა ამ სილამაზეს.

- სპარსეთის გახელება ქართველ ქალთა სილამაზით აიხსნება..

არჩიბალდ მეკეში ჩაფიქრებულია. ტაბა ტაბაჲ ისევ ქართველებს უბრუნდება..

- ქართველი ლხინისათვისაა შექმნილი...

- მისთვის თუ ეზარება შრომა... ამბობენ...

- ბევრს ამბობენ მის სიზარმაცეზე რასაკვირველია...

- დიახ..

- განა სიზარმაცე ცუდია?! ქვეყანა რომ ისუნთქო საჭიროა ოცნება.. ხომ გახსოვს სიტყვა უაჲლდის.

არჩიბალდ მეკეშს ბევრი რამ ახსოვს. მაგრამ ეხლა ვერ მოიგონებს.

— — —

ქალი მთლად წარსულშია.. აგონდება:

მეტი აღარ უნახავს.. ვაჟი თითქო გაჰქრა.. რად უთხრა ტყუილი?! თვითონაც არ იცის.. ტკბილი იყო ტყუილით დათრობა.. გამოცდა თუ სურდა... არ იცის.. რა მწარეა გამოღვიძება ჰაშიშით მოგვრილ ზმანებიდან... წყევლის იმ დღეს.. წყევლის მაცდურს.. ვაჟი თითქო დაიკარგა.. პარიზში?. ლონდონში?. რომში?. ნიცაში?. არსად.. შემდეგ ომი და მეწყერები... ხრამები.. უფსკრულები.. დაცილებანი... დაკარგვანი.. და ეხლა სულტანბულაღის უღელტეხილზე... არა. მოჩვენება არ ყოფილა... ათასს ვაჟში გამოიცნობს... რად არ შეაჩერა ავტომობილი?! რად არ გადახტა?! რად არ გადაეხვია?! თვითონ კი იცის?! ქალის გული ულოდნელობაშია...

(„აბგერმ“.. გაისმის შოფერის ხმა..

ისევ ის სცენა... არ იციან..

შემდეგ „ზიადეხან!.. იგივე სცენა.. არ უნახავთ..

„სულტანაბად“.. არ იციან.. არ უნახავთ..)

ქალი ყაზვინს უახლოვდება..

— — —

ფორდი მიჰქრის... „ალლანს“ ეყვინთება. ტაბა ტაბაჲ ამომავალ მთვარეს უცქერს: თითქო გველი უნდა მზერით გააჩეროს. არჩიბალდ მეკეში სივრცეში დნება. არაფერს ხედავს. თუ უსმენს ვინმეს?!. მდინარის პირას დიდი ვერხვია. მდინარეს ნაპირი მოუნგრევია და ხის ფესვები გაუტიტვლებია. ფესვებს ეხეთქება ხერგი. ვერხვს ავიწყდება ფოთოლი. ავიწყდება ტოტი. ავიწყდება ტანი. ვერხვის გრძნობა ფესვებშია გადასული ერთიანად: ტიტველ ფესვებში... არჩიბალდ მეკეში გაჰყურებს უხმო სივრცეს და არაფერს ხედავს. არჩიბალდ მეკეში ალბად გატიტვლებულ ფესვებს თუ გრძნობს როცა მათ შეარხევს მდინარით მოხეთქილი ხერგი. რცხვენია თითქო სიტიტვლის როგორც ქალწულს. სტკივა ფესვები. სიტკბოსაც გრძნობს: რომ ფესვები მთლად არ მოწყვეტილან. არჩიბალდ მეკეში ნებას იკრებს: რომ დასისხლიანებულმა ფესვებმა არ იკივლონ გახელებულ მენადებივით..

„ალლან“ ამთქნარებს. ფორდი ქშენს. ტაბა ტაბაჲ ორსულ მთვარეს უცქერს: თითქო გველი უნდა მზერით დაიჭიროს. არის დიდი მყუდროება ირანის პლატოსი. ჰაერი ხალასი როგორც კრისტალი ანკარა წყაროს სარკის ფსკერზე. სიგრილე: ხავსიან სიპების. ცა: თითქო ინდოეთის ზურმუხტის მანდილი: უკიდო: უბოლოვო. ვარსკვლავები: თითქო კვერცხისოდენა ბრილიანტები: რომელთა გულები ხალისით სკდებიან. და მთლად არე: ერთი უდიდესი არსი არყოფილ მითოსიდან: რომელიც გალეშილ თვლემიდან ერკვევა. წყდება ერთი ვარსკვლავი და ცეცხლის ღელეს მეწამულ ზოლად აყოლებს მტრედისფერ სივრცეს. წყდება მეორე. წყდება მესამე. მთელი მარულა ვარსკვლავების. დიდი მყუდროება ირანის პლატოსი. მყუდროებას მიარღვევს გაკაპასებული ფორდი. არჩიბალდ მეკეში შოფერს ჩურჩულით მიმართავს - (ეშინია მყუდროება არ დააფეთოს) - რომ მანქანა ნელა წაიყვანოს. ტაბა ტაბაჲ ორსულ მთვარეს უცქერს და ჩუმად ლუღლუღებს თავისთვის:

- რუახჰ ელოღჰიმ..

- რუახჰ ელოღჰიმ?!

- ყველგან რუახჰ ელოღჰხიმ.. ყველგან..

თითქო ლოცულობს სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი. ჭორფლიან ნაყვავილებ სახეს მთვარეს არ აცილებს. არჩიბალდ მეკეში გაშტერებით უყურებს.

- თქვენ რომ ჰებრაელი არა ხართ?!

- ეს მარტო ჰებრაელმა იგრძნო...

ტაბა ტაბაჲ ცაზე მიუთითებს. არჩიბალდ სდუმს, სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი თავის თავს ებაასება ნატეხი სიტყვებით.

- თვითეული და მთელი..

მთელი - არა გროვა ცაკლეულების -

არამედ: სხეული თვითეულების..

თვითეული მარტო: თითქო მთელს გამოყოფილი..

თვითეული სხვებთან თითქო მთელში გახსნილი..

ქვა. მცენარე. წყალი. ცხოველი. კაცი.

ყოველილ ამ რიგით და ამ სახით..

ერთი ჰქმნის მეორეს. მეორე მესამეს. მესამე მეოთხეს.

და ასე ბოლომდის -

სანამ რკალი თავის პირველ რკალს არ დაუბრუნდება.

საშიშარი რკალი:

გველი რომელიც თავის კუდსა კბენს..

ყველანი ჰქმნიან ერთიმეორეს. საოცარი..

ყველას?! ვის ჰქმნის?!

ერთი. დიდი. უსახელო..

რუახჰ ელოღჰიმ: სუნთქვა უსახელოსი..

დუმილი.. მოწყვეტილი ვარსკვლავი მოწყვეტილ ვარსკვლავს მისდევს. „ალლან“ თავს წამოყოფს და დაუყეფს. ყეფა ვარსკვლავებს გაეკიდება.. ვარსკვლავები ინთქებიან... ყეფაც იკარგება..

- „ელოღჰიმ“ ხომ მრავალობითი რიცხვია?!

- სწორედ მაგ არის საცნაური.. ელოღჰიმ: ღმერთები.. ეს ევროპის სისტემებზე მეტია..

ტაბა ტაბაჲ თავისთვის განაგრძობს:

„და რქვა უფალმა ღმერთმა: აი ადამი - იქცა როგორც ერთი ჩვენგანი“.. (დაბადება III. 22). ჩვენგანი ელოღჰიმ..

- ყველას კი „ერთი“ ჰქმნის.. აქ კი...

- ერთი. უთუოდ ერთი.. უსახელო.. მაგრამ ყოველი ქმნილება მქნელშია თვითონ - (გონება მიდის ზევით და ზევით).. ყოველი მქნელი ქმნილშია თვითონ - (გონება მიდის ქვევით და ქვევით).. ხოლო ქმნილიც მეტია მქნელზე და მქნელიც მეტია ქმნილზე.. რაც რჩება - ისაა საოცარი და საცნაური - (გონებაშე „ერთი“ იბადება).. დიახ: ელოღჰიმ-ერთი და თან მრავალი..

- რა არის ეს „ერთი“: მატერია თუ სული?

- ეს დაყოფა ევროპის ანალიტიკაა.. იგი არ არის არც მატერია და არც სული.. ან უკეთ: იგი მატერიაცაა და სულიც.. ან კიდევ უკეთ: იგი ამ დაყოფის მაღლა დგას: მიღმაა იქითა მხარეს..

- უსახელო.. გამოუცნობი..

- რა საჭიროა გამოცნობა?! გზნებაა საჭირო..

- ამ თვალთახედვით მგონი ყველა სისტემაა მართალი..

- თითქმის..

- მატერიალიზმიც?!

- ასე მგონია..

დუმილი.. ირანის პლატომ სიოც არ იცის.. „ალლან“ თვლემს: არ ესმის მეტაფიზიკა.. ხანდახან არეს გადაჰყურებს გაოცებით: ეგებ „რუახჰ ელოღჰიმ“ მას უფრო ესმის?! ალღო მასში უფრო მეტია.. მყუდროება არ ირღვევა... „ალლანის“ თვალები ნაკვერჩლებს ჰგვანან - (თუ ვარსკვლავებს?!).. სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი თავის თავს ებაასება ნატეხი სიტყვებით..

- წარმომშობი ძალა კოსმიური:

მამა და შვილი ერთად ერთიმეორეში.

მამა: „ერთი“. შვილი: მამა და თან „სხვა“..

მამა: სამყაროს შინაგანი ხერხემალი..

შვილი: განზე დგომა.. გადაცდენა..

მამა: აუცილებლობა.. შვილი: თავისუფლება..

პირველი: მსჯელი და მწყევარი..

მეორე შემტევი და უძღები..

ყველგან: ქვაშიც და მცენარეშიც..

და ამ შეხლაში: სამყაროს ყოფა..

და ყველა მამებში: საერთო მამა. უსახელო...

პაუზა.. არჩიბალდ მეკეშს ეძნელება გარკვევა:

- ძნელი ცოდნაა. ახსნა?!

- ცოდნა არ გადაიცემის...

- მაშ?!

- ცოდნას თვითონ უნდა მიაგნო..

- მაინც?!

- გახსოვთ მოსეს არჩევა იაგვეს მიერ?!

- როცა იგი მადიამის მხარედან ეგვიპტეში გაემართა...

- სწორედ.. გზაზე მას თავს დაეცა იაგვე და მოკვლა დაუპირა.. რა ჰქნა მაშინ მოსეს ცოლმა?!

- სეფორემ წინა-დაცვეთა თავის ვაჟი და მოჭრილი ხორცი იაგვეს გადაუგდო.

- რა მიაძახა სეფორამ იაგვეს?!

- არ მახსოვს.

- „შენ ხარ ჩემი საქმარო სისხლით“..

- მერე?!

- იაგვემ თავი მიანება მოსეს..

- არ მესმის.. იაგვე - საქმარო?!

- ცოდნა აქაა..

- რომელი?!

- ვაჟის წინადაცვეთილი ხორცი იაგვეს უბრუნდება: ნიშნად იმისა - რომ იგი იაგვეს ნაწილია... კაცის მქმედი ძალა იაგვეა თვითონ.. იაგვე თესლია და სისხლი.. მამა შვილში ჰქმნის იაგვეს..

- საოცრება..

- აქ თითქმის ბოლომდეა საიდუმლო ნათქვამი..

- ეგ სწავლა ისრაელურია..

- უფრო ეგვიპტური.. მოსე ეგვიპტელი იყო..

ტაბა ტაბაჲ ჩერდება.. თითქო უფსკრულს მიადგა.. მეტის თქმა მაკვდინებელია.. არჩიბალდ მეკეში ფესვებში ეშვება კიდევ უფრო გაბრუებული... ხანდახან უცხო პროფილიც იელვებს: დანისლული თვალები გახელებას ჰფარავენ.. ირანის პლატოზე მყუდროებაა ირანის.. მყუდროებას დაესხმის ჩუმად არჩიბალდის ჩურჩული თავისთვის: „მამა - მამა“.. ტაბა ტაბაჲ ამ სიტყვებზე შეირხევა და გზასგადახვეული ისევ გზას უბრუნდება:

- დიახ: მამა.. მამა გვარია: შორეული ძახილი.. თითქო უკანა და შვილს მოსდევს. შვილი გადახვევაა: განზე გარბის.. თითქო თავი უნდა დააღწიოს რაღაცას.. მამა: სამყაროს გეზია.. აქ ყოველი ელემენტი მთელს უბრუნდება.. შვილის გზა: ამცდენია - საცდენი - გადამჩეხავი.. ნეტარ არსა შვილი რომელიც მამის წიაღს უბრუნდება.. აქ არის დიდი სიხარული..

- მამაც რომ „შვილია“ ვისმეს მიმართ!.

- უთუოდ.

- მერე?!

- მე ვიღებ მას როგორც „მამას“.. შვილიც რომ „მამაა“ ვისმეს მიმართ! დაუსრულებელ დგმაში მე ვიღებ არა ამ მამას და არა იმ მამას - (იგი „შვილიცაა“ იმთავითვე) - არამედ საერთოდ „მამას“ რომელიც არასოდეს „შვილი“ არაა და ყოველ შვილშია როგორც „მამა“.. რუახჰ ელოღჰიმ: სუნთქვა ყოველის..

- ბუნდოვანია..

- ეგ მისთვის: რომ დასავლეთში არ იციან „მამა“.. იქ „შვილია“ მხოლოდ. ისიც მოწყვეტილი.. აღმოსავლეთში ჰამლეტ შეუძლებელია: მამას მოცილებული.. აქ არც ფაუსტია: მამას რომ დაეძებს.. ჩვენში „შვილი“ იმთავითვე მამის წიაღშია.. ეს კანტის თავში არ შევა.. სეფორეს სიტყვა ძლევს მთელ ჰეგელს..



* * *

არის დიდი მყუდროება ირანის პლატოსი. ჰაერი ხალასი როგორც კრისტალი ანკარა წყაროს სარკის ფსკერზე. სიგრილე: ხავსიანი სიპების. ცა: თითქო ინდოეთის ზურმუხტის მანდილი: უკიდო: უბოლოო. ვარსკვლავები: თითქო კვერცხის ოდენა ბრილიანტები: რომელთა გულები სიხალისით სკდებიან. და მთლად არე: ერთი უდიდე არსი არყოფილ მითოსიდან: რომელიც გალეშილ თვლემიდან ერკვევა. წყდება ერთი ვარკვლავი და ცეცხლის ღელეს მეწამულ ზოლად აყოლებს მტრედისფერ სივრცეს. წყდება მეორე. წყდება მესამე. მთელი მარულა ვარსკვლავების. მეწამული ღელე უკუნეთში ინთქმება და თვალი - მისადმი გაყოლებული - მთელს არეს იჭერს როგორც უხილავ მარადს: რომლის სხეული ყურით თვალებით პირით ეს მცენარეა ის ქვაა ეს ვარსკვლავია ის ბალახია. მთვარე განცხრომაშია.

ფორდი ნელა მიდის. „ალლანს“ ეყვინთება. არჩიბალდ მეკეში გატიტვლებული ფესვებია: როგორც ის ვერხვი მდინარის პირას. ტაბა ტაბაჲ უხმოდ ცას გამზერს: მირიადი ვარსკვლავი მირიადი თვალებით. მთელი ირანი: ეგვიპტის ზურმუხტის უზარმაზარ სარკეში ასარკული. შოფერიც თუ თვლემს... უეცრად ფორდმა დაიღრიალა - (თითქო: რუუუააახხჰ ელოოღჰიიმ) - და თხრილისკენ გადაიწია. პირველი ტაბა ტაბაჲ გადმოხტა..

- არაფერია.. „განზე გადგომა და გადაცდენა“.. ღიმილით ამობს აქამდე მუნჯი შოფერი.. „ალლან“ ყეფს. მეკეში იცინის.

- ნაამბობს მტკიცება თუ სჭირდებოდა.. შვილები ყოფილვართ განზემდგომნი..

- ჰა-ჰა-ჰა..

- ჭორფლიანი და ნაყვავილევი ღიმილს აფრქვევს: თითქო მთვარის ხორკლებს.. დაგრაგნილი ხელები შოფერის კურბირატორს სინჯავენ.. არ წამხდარა..

— — —

ქალი ჰამადანის ბჭით შედის ქალაქში.. მთვარე აქაც ფანტასმებს ასხურებს... ქალი მიდის „ქალაქთა კავშირის“ სადგომში.. გამოკითხვა.. არ უნახავთ.. შემდეგ „საერობო კავშირს“ მიმართავს.. არც იქ უნახავთ.. შემდეგ „წითელი ჯვარი“.. არც იქ იციან.. შემდეგ საკომენდანტო.. არც იქაა ცნობა.. არ მოსულა.. არ ყოფილა.. ქალი თითქო დათეთქვილია.. მისი ბინაზე.. შევიდეს თავის ოთახში?! არა.. უკეთესია გაექცეს სათნოების დების შეკითხვებს.. გარბის ქუჩა-ქუჩა: როგორც ხროვას ჩამორჩენილი დაჭრილი ავაზა..

ყაზვინის ბულვარი: ფართო ქუჩა.. იქითაქეთ ბუმბერაზი ჭადრები.. მთვარის შუქებში ათასი ლანდები.. ჭადრების თავებზე: გუნდი და გუნდი ყორნების.. სპარსელი ყორანს არ ჰკლავს.. (ალბათ ასსონანსი თუ არის „ყურანის“: ეგონება ქართველ მერითმეს.. არა: ყორანი წმინდა ფრინველია).. გუნდი და გუნდი ყორნების ათასწლოვან ჭადრების წვერვალებზე. მთელი ლეგა.. მთვარის ლანდებში კიდევ უფრო საოცარი ლანდები.. ქალი სასტუმროს მიადგება.. ერთს.. მეორეს.. კითხულობს.. „არ მოსულა“.. „არ ყოფილა“.. ატევრებულ ქალს ყორნები თავს დასჩხავიან.. ეს კიდევ რა მოჩვენებაა?! უნდა წყევა ესროლოს... მაგრამ არა: ყორანი სპარსეთში ხელუხლები ფრინველია.. მაღალ ბჭეს აწყდება ქალი.. ბჭეზე საყრდნობია მაღალი: თითქო ესტრადა.. აქ სპარსები აისზე მუსიკით ეგებებიან მზეს.. აქ სპარსები დაისზე მუსიკით აცილებენ მას.. ხვალაც შეხვდებიან.. ზეგაც გააცილებენ.. გაისადაც და მერმისშიც.. მაგრამ. რას ეტყვიან ეს შეხვედრანი და ეს გაცილებანი პატარა გულს რომელიც სუსხდასხმული ჩიტივით ფართქალობს ქალის აზიდულ მკერდში?! ან რაღაც ეტყვის ამიერ პატარა გულს მზის ამოსვლა ან მისი ჩასვლა?! ყველაფერი დაკარგულია.. ყველაფერი..

ქალს ცრემლები აწვებიან.. მაგრამ ქალი ახალი რასსის ქალწულია.. მის სამშობლოში ძველად სკვითები მტერის თავისქალისაგან თასს აკეთებდენ და ამ უცნაური ხაპით სმიდენ უცხო ღვინოს.. მისი სამშობლო ეხლაც სტეპპებია თვალუწვდენი.. უკიდურ ველებზე დღესაც გარბის ურაკვიცი ატეხილი: წითური ჭიხვინით.. ვინ დაიურვებს მას?! ოლგა ბალაშოვას სისხლი აწვება... მხრებში იმართება... ქალაქი ძილისთვის ემზადება... მხოლოდ აქაიქ სახლის თავებზე ვაჟები დადიან.. ალბად მთვარიან სიგრილეს თუ უცდიან დასიცხულნი.. ან თუ ვინმეს ელიან... ქალი დადის როგორც მთვარეული. ფიქრები ტვინს წვავენ... საით წავიდა? სად გადაიკარგა?! ხომ არ გადაჩეხილა?! უეცრად სიმღერა გაახსენდა: აბგერიმის ახლო რომ მოესმა.. იქ ხომ არ გადაუხვია?! არა.. შეუძლოა.. იქ და უნდოდა არჩიბალდ მეკეშს?!. მაგრამ იმედი შეუძლებელსაც ეპოტინება.. ხოლო ფიქრი იჭვნეულია მაინც: არა... ქალი აბორგილია და გამწარებული.. წყევლის იმ დღეს ლოზანისას.. წყევლის ჩურჩულს.. წყევლის თავის თავს... რად უთხრა ტყუილი?! რად ამართა თვითონვე დაბრკოლება?! მისთვის ხომ არა რომ უყვარს გადალახვა!. მის სამშობლოში ხშირად ველის ფაშატი გავარდება ტყვიისფერი: რომელსაც მოაქვს სივრცის საშიშროება ხმალდარტყმეული ჭიხვინით...

განაპირა ბაღიდან სიმღერა მოისმის.. ქალი ყურს უგდებს.. სიმღერა წყდება.. ეხლა თარს უკრავს ვიღაც.. უნდა აიცრა ირანის მზე ტანზე.. უნდა იხილო მზისგან ამწვარი ტიტველი კლდეები.. უნდა გაიგუდო მყუდროებით... უნდა გადახვიდე ყოფილში... მხოლოდ შემდეგ გაიგებ თარის ხმას.. აქ არის გულის დაფერფლვა.. აქ არის თვითონ გული: ამოვარდნილი და ცხელ ქვიშაზე სისხლად დაღვარული.. აქ არის ნაღვლი.. მარტო ნაღვლი.. ყველაფერი ისვენებს.. მხოლოდ გული არ ისვენებს. მაგრამ არის წამი: როცა ისიც ჩერდება ვით ჩიტი გაბრუებული.. აღარ არის მაშინ ჰაერი.. სუნთქვა იხუთება.. სინათლე - სინათლე: ჰკივიან გოეტჰეს თვალები. ოლგას გულიც ჩერდება ხანდახან: მენადის დაკოდილი გული.. ჰო: რა მძაფრ ნაღვლად ეწვეთება მის გულს თარის ხმა?! ითრევს გულს სადღაც შორს: ზმანებულში თუ მოჯადოებულში.. სწეწავს.. გლეჯავს... ისვრის ნაკვთა-ნაკვთად.. მაგრამ გული არ კვდება მაინც.. ფართქალს აგრძელებს საცოდავი.. ჰო: რა ტკბილია ფეთქა პირველი გულის - აცოცხლების წამს.. ქალი თარს უსმენს... ეხლა თარის ხმას სიმღერა ერთვის.. ეს არ არის სიმღერა.. ეს ტირილია. ეს სლოკინია.. ეს კივილია.. ირგვლივ არავინაა.. ალვისხენი შუბისტარებად ატყორცნილად.. მთვარე ჰფენს ბადეთა ჭვირვალ ქსელებს.. ქალაქს სძინავს.. ხანდახან ყორანთა გუნდები ხეებს ეფინებიან... კაცი - დაკოდილი სიყვარულით: ჰკივის - სლოკინებს - ტირის... ზარნაშო თუ არის კაცის პირით მღერალი. ქალი უსმენს უცნაურ ზარნაშოს და თავის სლოკინს ყელში ახრჩობს. უნდა ტირილი: გახელება აკავებს მხოლოდ.. უნდა იკივლოს მწარედ როგორც დიონისოს მიმართ გავარდნილმა მენადამ - მაგრამ იცის: კივილს თან გადაჰყვება და რაღაც აჩერებს თუ ვიღაც აჩერებს..

— — —

ყაზვინის მიდამოებს მიანგრევს გახელებული ფორდი. „ალლან“ წამოხტება უეცრად. ყურებს აცქვეტს. საშინლად დაიყეფს. დაცდილი თვალი შეამჩნევს ცახცახს დოგის ტანს. ფორდი ტიტველ გორაკს უახლოვდება. ისმის ყმუილი. „ალლან“ გადახტომას აპირებს. ყმუილი მატულობს. მეკეში „კოლტს“ იღებს. „ალლან“ ყეფას უმატებს. ყმუილი შემზარავი. მგლებია თუ ტურები?! რა უნდათ ამ დროს?! ფორდი გორაკს უსწორდება. გორაკზე მგლებს თუ ტურებს წრე გაუკეთებიათ. მთვარეს შესჩერებიან და ყმუიან დაჟინებით და გამწარებით. კოლტი გავარდება. „ალლანს“ ტაბა-ტაბაჲ აჩერებს. კოლტის გრიალს მიჰყვება დოგის მაღალი ყეფა. ყმუილი ერთი წამით წყდება: თუ მიიმალენ. ფორდი გორაკს გასცილდა. ისევ ყმუილი. შოფერი სვლას უმატებს. ყეფა წყდება. ტაბა ტაბაჲ ნირვანის ფლეგმაში გადადის. არჩიბალდ მეკეში მთვარეს უყურებს. „ალლან“ ერთი თვითონაც შეუყეფს მთვარეს და მეკეშის მუხლზე თავით დავარდება. შორიდან კიდევ ისმის ყმუილის მსგავსი, ტაბა ტაბაჲ დოგს ხელს უთათუნებს.

- ძაღლიც მგელის ჯიშისაა..

- ან თვითონ მგელი ძაღლის ჯიშის..

- მგელიცა და ძაღლიც მთვარეს უყეფენ..

- საკვირველია ეს ყეფა..

- როცა ვინმე კვდება ძაღლი ყეფას იწყებს უცნაურს..

- გამიგონია.. რისთვის?!

- მძორის სუნს იყნოსავს..

- მომაკვდავში..

- დიახ.. მისთვის ეშინიათ ამ ყეფის..

- მთვარე რა შუაშია?!

- მთვარე ლეშია.. ან უკეთ: ლეშის ნიშანი..

- როგორ?!

- მთვარე კვდარი პლანეტაა რომელსაც მზე აცოცხლებს..

- ამ ლეშს უყეფენ ძაღლები?!

- ამ ლეშს უყმუიან მგლებიც..

- საოცარია..

- მათ აქვთ კოსმიური ყნოსვა..

- ჰაა.. ეხლა მესმის..

- რა?!

- თესალიელ კუდიანების ლოცვა..

- ორიგენის მიერ მოყვანილი?!

- დიახ!

- როგორ არის?!

- „მოვედ ჯოჯოხეთისავ! მოვედ მიწისავ მოვედ! ციურო ჰეკატავ! ღმერთქალო დიდი გზების და გადახვევების! შენ - მომცემო სინათლის! შენ - მვლელო ღამით: შენ - მოძულე სინათლისა! შენ - მეგობარო და თანაზიარო ღამისა! შენ - მოხარულო ძაღლების ყეფისა და დაღვრილ სისხლისა! მოხეტევ საფლავეებზე ლანდებ შორის! შენ - სისხლის მაწყურალო და მომგვრელო საშინელების მოკვდავთათვის! ბომბო! გორგო! მრავალსახიერო მთვარე! იყავ კეთილი თანამყოფი მსხვერპლის შეწირვის ჟამს“...

- საშინელი ლოცვა თუ შელოცვა.. საგულისხმოა მთვარე - სინათლის მომცემიც და სინათლის მოძულეც.. აქაა მისი ნიშანი. ხომ ხედავთ: თესალიელ კუდიანებს სცოდნიათ: რომ მთვარე მოხარულია ძაღლების ყეფის.. დიახ! მთვარე მძორი პლანეტაა.

არჩიბალდ მეკეში ისევ მთვარეს უცქერს.. ფიქრები თითქო მთვარეს ესევიან.. რაც არის - არ არის.. მთვარე: ლანდი ამ „არ არის“.. მოჩვენება.. მეორე პირი.. სიკვდილის სუნთქვა: მისი ფერი და მისი გუნება.. სიკვდილის ნიშანი: მძორი.. ყნოსვა მძორის.. ყეფა.. შემზარავი.. საშინელი.. ეგებ მართალია ჭორფლიანი ნაყვავილევი: სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი.. მთვარე ხომ მელანქოლიურია. მაგრამ რად ეტრფიან მას პოეტები?! მისთვის ხომ არა რომ წინაგრძნობენ სიყვარულის დაფერფვლას?! რად უმღერიან მას პოეტები?!. ალბად მისთვის, რომ წინაგრძნობენ სიკვდილის სურნელს.. უეცრად ჟჲულ ლაფორგის ლანდი აიწურება პოეტებში.. მეკეში ხედავს: იგი ძაღლის დაჟინებით უყეფს მთვარეს... არჩიბალდ მეკეში აღარ გრძნობს გვერდით მჯდომს. ჩურჩული თავისთვის:

- უყეფს.. უყეფს..

- ვინ?!

ჟჲულ ლაფორგ...

- ვინაა?!

- საფრანგეთის პოეტი..

- რა აწვალებდა?!

- ჭლექი და აპოკალიპსი..

- აკი გითხარით?!

- რა?!

- რომ მთვარე მძორის პლანეტარული ნიშანია.. თუმცა სურნელი აქვს. პოეტს კოსმიური ყნოსვა ჰქონია..



* * *

ფორდი გახელებულია.. ყველაფერს აბრუებს ირანის პლატოს მყუდროება.. მირიად ვარსკვლავებში მირიად თვალებში მთვარის ფანტასმებში: ირანი თავის კრიალა ცით თითქოს ზღვაა დიდი - (რომელმაც ჰომერის სიტყვით „არ იცის რთველი“) - ზღვა ეგვიპტის ზურმუხტის სარკეების.. ყველაფერი ორდება... მთვარეც თვითონ: გამცხრომი.. მირიად ლანდებში შორიდან იელვებს ხოლმე ლანდი ქალისა ხვლიკისფერი თვალებით.. ნუ თუ ისაა?! არა.. აქ რა უნდა?! მთვარის მონათოვი თუა... მაგრამ რად არის ასე ტკბილი მოჩვენებაც..

— — —

სად დაიკარგა?! სად გადაიჩეხა?! მოჩვენება თუ იყო?! არა: ის იყო... ფიქრები ტვინს ხვრეტავენ.. სად გაჰქრა?! უეცრად ჩალმა შეიჭრება ქალის ხსოვნაში.. ჰაა: სპარსი იყო უთუოდ.. ეგებ მასთან სადმე შეუხვია.. გული ეძებს საიმედოს: უფსკრულის პირასაც კი: სანამ მთლად არ დაიცლება სისხლით. მიდის ქალი.. ბჭეს მიადგა.. აქედან იხსნება გზა ხამადანისკენ.. მიდის ქალაქ გარედ.. არ იცის: საით ან რისთვის... შოსსე გაფენილია მთვარის ზმანებით.. ხედავს ქალი. მის წინ: ვაჟი.. მაღალი.. რუხი თვალები ოდნავ ლაჟვარდგადაკრული.. ცხვირი სწორი: ცოტათ აქედილი ორბულ.. თმა - შავი: ორად გაყოფილი.. სახე: მშვიდი და ნელი.. სახის მეტყველება მაგარი. მთელი სხეული: თითქო გახელების შეკავება.. ვაჟი სდგას ქალის წინ უსიტყვოდ. რად უნდა სიტყვა?! თვითონ სიტყვაა ხომ თავად სტიქიონს რომ იურვებს...

- ვიცი უსიტყვოდ..

ვაჟი შეკრთება ქალის ხმაზე..

აგონდება ქალს... თუ ეს ეხლა ხდება..

- მეც.. მეც.. მიყ-ვარ-ხარ..

ქალის კივილი ეფინება მთვარით ატაცებულ სივრცეს როგორც მეწამული ალქაჯის გადაფრენა..

ქალის თვალები ფართოვდებიან.. გული გადაეხსნა ორ მოწყურებულ პეშვად. შიგ ღელე უნდა ჩაესხას ცინცხალი: თორემ გული დატყდება მიწაზე ფართქალა ბარტივით..

ქალი ჰკივის.. კივილს ქალი გადაამსხვრევს..

წინ: ძაღლის ყეფა.. მოჰქრის ავტომობილი..

ქალი ქვავდება.. უცდის.. ძაღლის ყეფა მატულობს..

ავტომობილი ახლოვდება..

შოფერი სვლას ანელებს..

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი ფლეგმას იცილებს..

მეკეში წინ იხედება ნახევრად ამდგარი..

„ალლან“ ყეფს. ავტომობილი ჩერდება..

არჩიბალდ გადმოხტება..

- ოლგაა..

- არჩიი..

„ალლან“ უყეფს ქალს რაყიფის ყეფით.


ქაშანის ხალიჩა 

...უნ ბაისერ მა ტურაიტ
სი ლა ბაუტé ნ'ეტაიტ ლა მორტ...
მალლარმე. „ჰეროდიადა“

ფარდულები. პატარა ფარდულები.

თითქო კარვები ან კიდობნები.

სავლელი ვიწრო ხვეულებით.

ფარდულები დაუსრულებელი.

ჭიანჭველათა ბუდე უზარმაზარი. ასფეხათა კარნავალი.

ცის თაღი ხანდახან თუ გამოჩნდება: თითქო ფარდულები დიდ ქოლგითაა დაჩრდილული. მზის ეშინიათ.

ყაზვინის ბაზარი ლაბირინტია უფრო. შესვლა ადვილია. გამოსვლა?! მაგრამ ვის რად უნდა გამოსვლა?! თვალს თრობა უყვარს.

იგივე რაც ჰამადანში - (თუ კიდევ მეტი?!):

ქიშმიში. ზეთისხილი. ნუში. თხილი. ნიგოზი.

ფსტაჰ ნედლი და ფსტაჰ მოხალული.

ჟარრონის ხურმა. აღჯანაბადი. შერბეთი.

ჭერამი - ტოცმაცჰმს: „მზის კვერცხი“.

შირაზის ბროწეული მსხვილი.

კბეჩავენ და სწუწნიან - ტუჩებზე მეწამული იღვრება.

ქსოვილი უთვალავი: აბრეშუმეული და ფარჩეული.

ვაკხანალია მურების და ფერების.

ჭიქები. თასები. დოქები. თუნგები.

მოხაზულები და მოხატულები.

არშიები. თასმები. გრეხილები. ზორტები. სირმები.

ხალები. ფარდაგები. ფლასები. სამკედები.

ხოროსანის რკინები. შაჰაბაზის ხმალები.

შუბები. ფარები. ჯავშნები. ისრები. მშვილდები.

უნაგირები. ღვედები. ლაგმები. მოსართავები.

ათასი და ათიათასი სხვარამ:

ნაკეთის რეზჲუმე სპარსეთის.

შიგადაშიგ: ლავაშები - 

თითქო ახლად დამარილებული ტყავები.



* * *

არჩიბალდ მეკეში ფარდულებს ათვალიერებს.

ბოძსა და ბოძს შუა გაბმული კანაფი. იქვე - დიდი სკივრი. სკივრს უზის ზარაფი. გასწევს კანაფს და გამოსწევს კანაფს. სკივრში ფულია მრავალნაირი. ვეცხლი და ოქრო. სკვირი შემოხურულია ფარდებით. ძველი ვეცხლის ფული ფირფიტაა: მას არ ახურდავებდენ - ნაჭრობით გასცემდენ. წვრილი ფული „შაჰი“ ყურგახვრეტილია და საბმურზე აცმული. ზარაფის თვალები მას უცქერიან როგორც ჯადოსნურ კრიალოსანს.

გვერდით დატვირთული ვირი.

ვეცხლი და ოქრო თუ მოაქვს.

ვერ გაქურდავენ?! გამძარცველს ხელს მოსჭრიან.

მეკეში ერთ ფარდულთან ჩერდება.

ანტიკვარები სხედან. წამსვე გამოიცნობთ ჰებრაულ პროფილებს. განსაკუთრებით - თუ უკანიდან შეხედეთ ყურებს: მანჭკვალასავით მილეულს ყვითლად. ესენი სპარსელი ჰებრაელებია.

სად არ შეხვდებით მათ?!

ღმერთი ყველგანყოფა მხოლოდ ჰებრაელს შეეძლო გაეაზრა.

უსხედან ყუთებს. შიგ თვალი პატიოსანია მრავალი.

ერთი მათგანი მარგალიტს ჰფერავს -

თითქო ბარუხ დე-სპინოზა ალმასის მხვეწავი.

ისიც ფილოსოფიურ მზერით უცქერს ძვირფას ქვას.

პირველად მეკეშს (როგორც ყოველს ახლად მოსულს) -

ხმალს აწოდებენ: უთუოდ.

ხმალი შაჰაბაზისაა: უთუოდ.

შაჰაბაზ ხმალი ყოფილა თვითონ ალესილი. ხმალის სიკეთე სპარსეთში შაჰაბაზის სახელით იზომება. ამას ყველაზე უფრო ქართველი იგრძნობს ალბად.

რკინა ხმალის ხოროსანისაა:

ესეც „უთუოდ“.

მეკეში რკინას სინჯავს.

„ბარუხ სპინოზა“ კი - მარგალიტს რომ ჰფერავს - წვრილი თვალებით უცხო კაცს სინჯავს: ბევრის გაღება შეუძლია თუ არა.

„შეუძლია“: იღიმებიან დაცდილი თვალები.

ბარუხ ხსნის ყუთს. ეხლა ტუჩები ხალისდებიან:

„მერვარიდ“: სინათლის ნაყოფი - მარგალიტი.

„ძემეროუდ“: ზურმუხტი. უთუოდ ეგვიპტის?!

„იშედ შირაყ“: ღამის ჟინჟღილი: ლალი.

არჩიბალდ მეკეში ვერ უძლებს ვერც წვრილი თვალების ღიმილს და ვერც თხელი ტუჩების ხალისს. ან ვინ გაუძლებს?!

ყიდულობს ზურმუხტს.

ბარუხ ხელებს იშმუშნის.

გაიძახის: ეგვიპტისაა! ეგვიპტისაა!

მოშორებით პაწა ფარდულში პატარა კაცი ზის და წიგნს ფურცლავს. წიგნი - თითქო ალლაჰის პირ არის მიმართული. პატარა კაცის სახე იეროგლიფია ხავსგადაკრული. დაშოთილ თითებს ემჩნევათ კრძალვა და რიდება.

კუთხეში „ყურანია“ ჭრილი მეშის ყდით.

აქვე: საადის „გჲულისტან“. ფირდოუსის „შაჰ-ნამე“. გაფიზის „კაზალები“. მრავალი სხვა წიგნი სხვა პოეტის.

დაყვითლულ და ობგადაკრულ ფურცლებიდან სურნელი:

შირაზის ვარდის.

ირანის ბულბულის.

ვისისა და რამინის.

ყივილა სიმღერის.

ნუშეული თვალების.

გძელი წამწამების.

გვერდით მინიატჲურები. მინიატჲურებზე: მორცხვი ქალწული და ველადგაჭრილი ჭაბუკი. თანვე: მშვილდი და ისარი. ფონად: წვრილი წითელი ფოთლები ხავსისფერ მოლზე.

არჩიბალდ მეკეშს ზარების რეკა მოესმის.

გაიხედავს - ქარავანის სამკაულს აკეთებენ.

ზარებს ასხამენ და მოსართავებს შოლტავენ.

ანაზდათ მექარავნეც ჩნდება. მოჰყავს აქლემები.

ქიმერების თავები ადამიანის სევდიან თვალებით იხედებიან.

თვალებში - გაცეცებაა.

უდაბნოს მხილველთ ხუთავს ჭიანჭველათა ლაბირინტი.

მექარავნე აქლემს ზარს აზომებს ყელზე.

ჯერ ერთს. მერე მეორეს. სინჯავს აქლემის ყელზე ზარების ტონალობას - (ქარავანი უდაბნოს მუსიკით მიარღვევს).

მექრავნე არჩევს ზარებს.

ქიმერების თავები ირხევიან როგორც შექანებულნი თაველნი.

ფარდულები ივსებიან ფანტასტური ლანდებით.



* * *

ფუსფუსი. ხმაური. ხრიალი. ყვირილი.

ვიღაც ვარდის წყალს თუ ვარდის ზეთს ყიდის.

ერთ მისხალ ვარდის ზეთისათვის საჭიროა რამოდენიმე ათასი ვარდი. მაგრამ შირაზი ვარდნარია მთლად.

მოდიან ქუჩის ჯამბაზები. ჩერდებიან ფარდულთან და იწყებენ თვალთმაქცობას.

განზე - ყოჩებს აჭიდებენ: წითურსა და შავს.

იქვე: მორიელი და ფალანგა ებრძვიან ერთმანეთს სასიკვდილოთ. ირგვლივ ცეცხლის რკალი მოუვლიათ: გაქცევა რომ არ შეეძლოს არცერთს.

ფალანგა ხტის. მორიელი მისდევს.

ფალანგა ცეცხლს მიადგება. შეჩერდება.

მორიელი მივარდება და ჰგესლავს. ფალანგა კვდება.

მორიელი გარბის. მაგრამ გარშემო ცეცხლის ზღუდეა.

მაშინ კუდს მოიქნევს მორიელი და გესლიან წვეტს თავში ჩაისობს:

მორიელი თავს იკლავს.

ხრიალში შიში გადავარდება.

შემდეგ: ისევ ფუსფუსი და ისევ ხმაური.

არ ესმით მხოლოდ შაჰმათის მოთამაშეთ ხრიალი. თითქოს ნირვანაში ჩაძირულნი - დასცქერიან შაჰმათის დაფას.

იქვე შაჰმათს ყიდიან.

ფიგურები ძვლისაა. ზოგი შაჰმათის ფიგურები - უბრალო ძვლის და ზოგის - სპილოსი. ყველანი კი - სხვადასხვა აღნაგობის. ფიგურები შეღებილია სხვადასხვა ფერით. უფრორე წითურ.

შაჰმათის მოთამაშეთა გვერდით ვაჭრობენ ყალმებით და ქაღალდებით. გადამწერნი აზრებს სწრენ დაბალ მაგიდაზე - როგორც უძრავი ეგვიპტელი „სკრიბები“ (კარგი „ხელი“ სპარსეთში სიმდიდრეა).



* * *

ხალხის ხრიალი ჰფარავს ფლეგმამორეულ შაჰმათისტებსაც და თვალებმიბნედილ სკრიბებსაც.

ყველგან - „კულლახ“ (სპარსული ქუდი).

აქაიქ - „ამმამე“: ჩალმა.

ტანზე: „აბა“ - მოსასხამი უსახელოო. სილისფერი თუ ღვინისფერი თუ ხავსისფერი.

ხრიალში ხანდახან ქალიც ამოყოფს თავს.

თავზე: „ჩადურ“ - შავი მანდილი დიდი.

სახეზე: „რუბენდ“ - თეთრი რიდე ჭვრივალი ნახვრეტებით თვალებისათვის.

ხრიალი მატულობს. ხალხი ირევა.

სპარსთა მასსაში დროდადრო სხვებიც იჭრებიან:

რუსი ჯარისკაცები თუ „ზემგუსარები“ თუ სათნოების დები.

არჩიბალდ მეკეში ხრიალში იკარგება.

უეცრად შეჩერდება. ხედავს: კუთხეში ვიღაც ხმალს ათვალიერებს. ისიც გამოიხედავს. არჩიბალდ შეკრთება. ერთიმეორეს ზომავენ: თითქო მორკინალნი რომელთაც მოსწონთ ერთმანეთი. მეკეში თავს ღუნავს. ხალხის ხმაური მატულობს. უცხო ვაჟი სადღაც ინთქება.

რა ემართება მეკეშს?

სპარსეთის ბაზარი მოჩვენებას ააფრენს ხოლმე.

სჯობია - სახლში დაბრუნდეს.

— — —

სახლი თიხისაგან არის ნაშენი.

რუხი კუბი: ყვითელი - მზით დაჟანგული.

ქუჩა მტვერიანი. ღობე მაღალი. ისიც თიხაა.

ჭიშკარი არა კანკლედი: ეზოში გახედვა უზდელობაა.

არავითარი კაზმულობა გარეგან.

შიგნით სახლში - მრავალი ოთახი. თითქმის ყველა შუშაბანდიანი. შუაში - დიდი დარბაზი. დარბაზში - აუზი აშადრევნებული. დარბაზის ცალი მხრით მარტო შუშაბანდი ჭერიდან იატაკამდე: შუშაბანდი წვრილმინიანი - ნაირნაირი ფორმისს. მინები - შეფერილი ყველა. წითლად. მწვანედ. ლურჯად. სპარსეთში სამი ქვაა ბატონი: ლალი და ფირუზი და ზურმუხტი.

დარბაზიდან გამოსავალი ფართო ტერრასით გძელდება. ტერრასა გადის ბაღში. ბაღი - თითქო ვარდნარია. ხილთა შორის - ალუბალი უმეტესად. ბაღის ირგვლივ ალვისხეები: ტანწერწეტ მცველებად მაღლა ატყორცნილნი.



* * *

არჩიბალდ მეკეში შედის ეზოში: თითქო გაბრუებული.

თვალებში გარჩენილი აქვს უცხო ვაჟის ლანდი.

მეკეშს ორი ოთახი უკავია. ოთახები დაფლულია ქეჩებში. ქეჩას ღამით ახდიან და დღისით ჩამოუშვებენ: ღამით სიგრილით ივსება ოთახი და დღისით სიცხისაგანაა დაფარული. ოთახი სიგრილეს იკავებს როგორც ქვაბული. გარეთ ხართ - ცხელი ალხი გწვავთ. შედიხართ ოთახში: თითქოს წყაროს ტანში ჩაესვენეთ.

არჩიბალდ მეკეში ოთახში შედის დასიცხული.

ოთახი სადათაა მორთული. კედელზე ხალიჩა. იატაკზე ხალიჩა. ტახტზე ხალიჩა. ფლასები და შალები. კუთხეში - საწერი მაგიდა.

ტახტზე ტაბა ტაბაჲ ზის და ხმალს ათვალიერებს.

- ჰაა: არჩიბალდ..

- მზეგრძელობა ტაბაჲ ხანს...

- თუ ინება მაღალმა...

მაგიდაზე - სურათი მამის. სახე ნელი: გახელება - შეკავებული.

ტაბა ტაბაჲ ხმალს ათვალიერებს. ჩურჩული:

- რკინა ხოროსანისაა..

- ხოროსანის უნდა იყოს..

- სად იშოვეთ?.

- მამამ დამიტოვა.

- ძველია მეტად..

- რამოდენიმე საუკუნის წინადაა ნაჭედი..

- ალბად მრავალი გახელება დაუცხვრია..

- მრავალი..

- რკინა ხოროსანისაა.

- ხოროსანსაც მოხვედრია..

- რა?!

- ხმალი..

- ხოროსანს მოხვედრია?!

- ასეთია „ხვედრი“..

ტაბა ტაბაჲ იჭვნეული თვალით შეხედავს მეკეშს.

დუმილი: ამ შემთხვევაში - როგორც ხელუხლები ზღვარი.



* * *

ქეჩა ირხევა: კარებზე რომაა გარეთ ჩამოშვებული. მოსჩანს ხმელი ყვითელი ხელი. ქურდი თუ არის. არა: სპარსეთში ქურდობაზე ვერც ღამე აცდენს ადამიანს.

ფარდა ერთი ალაბის სიგანით იხდება. შემომსვლელს ალბად ეშინია - სიცხე არ შევარდეს ოთახში. ქოშებს კარებში სტოვებს. ოთახში არ შეიტანს. ფეხებზე რჩება წითელი მუშის წინდები.

ხალიჩაზე გაივლის შეშინებული ლანდივით. მარჯვენა მკლავზე გადადებული აქვს სამად დაკეცილი ხალი.

- ჰასანს მშვიდობა!.

- მშვიდობა!. დიდება ალლაჰს!.

მარჯვენა ხელს მიიფარებს მუხის სქელი ფოთოლივით. თავს დაღუნავს. ჰასან მორიდებულია. არჩიბალდიც ეგებება ხალისით:

- როგორა ხარ ჰასან?!

- კარგად.. დიდება უძლეველს..

მოსული ხელს ამართავს. მოსჩანან სწორი გძელი თითები: თითქო მასრები. დახვეწილი ფჩხილები: დაქნილი და წითურ შეღებილნი. მოკაული ცხვირის სიკაპასეს (- „კაპუეტის?“) მცხრალი თვალები ანელებენ. გძელი წვერი ინითაა შეღებილი. დრო-გამოშვებით წვერს თითების მასრები ვარცხნიან.

- მოიტანე დანაპირები?!

- აი.

და თითქო ნაზი ბავშვი უწვენია ხელზე - ფრთხილად გადმოიღებს და იატაკზე გაჰფენს.

- ნამდვილი ქაშანია..

- ნამდვილი..

შეხების უმალ ადასტურებს ტაბა ტაბაჲ.

იატაკზე ჰასან ხალიჩას ასწორებს. სიდიდე: შვიდი ალაბი ხუთზე. არჩიბალდ და ტაბა ტაბაჲ დაიჩოქებენ სინჯავენ.

- აბრეშუმისაა.

- დიახ: „ხალი-ი იბრიშუმ“..

წამოდგებიან. ისევ ხალიჩას უცქერენ.

გაკვირვება: ხალიცა იშვიათი ხატულობისაა.

ჰასან ხვდება მათ გუნებას.

- კედელზე გაჰფინეთ.. უკეთ დაინახავთ..

ტაბა ტაბაჲ სწრაფად კედელზე ჩამოკიდებს ხალიჩას.

ეხლაც განცვიფრებით უმზერენ.

მწვანე ვასაკასფერი მოლი. აქაიქ: თითქო მზის ფოთლები. შიგადაშიგ: დიდრონი მოთეთრო ლაქები შუაგულში: ტანაშოლტილი ნიამორი მთვარის უნაზეს პროფილით და უცნაურ ყელმოღერებით. მასთან გვერდით: მორცხვი ქალწული. ისიც: თითქო მთვარესავით გარინდული. მარცხენა ხელი ნიამორის ყელს ეალერსება. თვალები სხვაგან იცქირებიან: მზეჭაბუკს თუ ელიან. თვალს აცილებ ნიამორსა და ქალწულს - და ორი მხრით: ორი ვაჟი შვილდისარით. ორივეს სურთ ქალწულის დატყვევება?!

ტაბა ტაბაჲ გახარებულია.

არჩიბალდ განცვიფრებულია.

- ლამაზია.

- შედევრია.

ჰასან განზეა და იღიმება. ასე იღიმება არაბი როცა უხედარ კვიცს გამოიყვანს საჩვენებლად.

ტაბა ტაბაჲ ჰასანს მოხედავს:

- ჰასან! ანგარიში ხვალ! ხალს დატოვებ!

- კეთილი..

ჰასან თავსა ხრის. ემშვიდობება. მიდის.

არჩიბალდ ხალს თვალს ვერ აცილებს.

- საკვირველია მურების შეზავებით თუ შეხამებით.

- ასეთ ხალს წლობით ქსოვენ..

- როგორ?!

- ოჯახი ქსოვს რომელიმე. ორ სამ წელს უნდება. ერთი ფერებს უფრო არჩევს. მეორე ხაზებს. მესამე კომპოზიციას. ბჭობენ. სთხზავენ. ჰქმნიან.

- თითქო ძაფებით ზღაპარს უთხრობენ..

- განა ზღაპარი არაა?! შეხედეთ კიდევ!.

და ორნივე ისევ ხალს მიმართავენ.

- ერთი რამ მაკვირვებს.. ეს ხალი სხვა ხალებს არა ჰგავს.

მეკეში დაფიქრდება.

ტაბა ტაბაჲ აგძელებს:

- სპარსული ხალი აჭრელებულია საერთოდ..

- ეს კი: ნაკვეთი კონტურებითაა გამართული..

- როგორც იშვიათი სპარსული მინიატჲურა..

- დიახ: ეს სურათია გარკვეული..

- სხვა ხალებში კი ამზეურებაა უფრო ფერების და ხაზების..

- იქ გარკვეულს ვერ დაინახავ..

- როგორც ჰაშიშით მოგვრილ ზმანებულს..

- როგორც ირანის კლდეების ფეროვნობას..

- ირანის მთები ჰაშიშის ზმანებაა.

- სპარსული ხალიჩა ამ მთების თრობაა.

კიდევ შეჩერება და კიდევ თვალიერება.

არჩიბალდ მეკეში ატაცებულია.

- ეს ხალი ხილვაა: ზმანებაში გამოჭრილი თუ ზმანებაში შეჭრილი..

- მესმის: ასეთ ხალს ალბათ თვითონ ჭრელი ხალები ჰქმნიან ხანდახან..

- მისთვისაა ასე იშვიათი ასეთი ხალი..

- უთუოდ..

კიდევ მზერა და თვალით სმა.



* * *

შემდეგ შემოდის სხვა. მას მეორე მოჰყვება - მეორეს მესამე. და ასე: მთელი დღის განმავლობაში.

მოაქვთ: ზოგს ხმალი. უთუოდ შაჰაბაზის.

ზოგს სპილენძის თასი სხვასხვანაირი.

ზოგს სპარსული ფარჩა.

ზოგს სპარსული მინიატჲურა.

ზოგს ბეჭესი თვალიანი.

ზოგს თვითონ თვალი პატიოსანი.

ზურმუხტი. იაგუნდი. ლალი. ფირუზი.

ზოგს სპილოს ძვალი.

ზოგს ძველი ფული.

ზოგს მედალიონი.

და ასე: დაუსრულებელ.

არჩიბალდ მეკეში სინჯავს ყოველს ნივთს. მალულად ტაბა ტაბაჲს გადახედავს. მის უძრავ მზერაში კითხულობს ნივთის საივკარგეს. ყიდულობს.

— — —

მზე დროს აჩერებს თითქო. განზეა ყოველი.

მძაფრია მარტოობა მზის დაყუდების ხანს.

„ალლან“ გაშხვართულია და თავს იტყუებს: ვითომ ეძინება. ხანდახან აკანკალდება: სიზმარს თუ ხედავს:

მარტოა არჩიბალდ მეკეში.

თვალებში კიდევ უცხო ვაჟის ლანდის კვალია.

ხანდახან უცხო ვაჟის ლანდი მარტოობას შეაქანებს ხოლმე.

ამ ლანდს თუ ყნოსავს „ალლან“.

არჩიბალდ ჭიშკარისაკენ გაიხედავს.

დოგი წამოხტება და ყეფით გარეთ გავარდება.

არჩიბალდ თან გაჰყვება და ჩერდება ტერრასაზე.

ალაყაფის კარებთან ოლგა შემოანათებს. ალერსით ხვდება დოგს. დოგი ყალყზე აყირავდება: თითქო სურს ტორები მოხვიოს ლამაზის ყელს.

არჩიბალდ სტკბება:

ამწამს ოლგა მართლაც ჟან გუჟონის ტანასხლეტილი დიანაა. ოლგა იცნობს ახალისებულ დოგს. მოდის და მოაქვს ირანის ტაშირის ავხორციანი ალხი. თვითონაც ახალულია სპარსეთის მზით. მკერზე და მკლავებზე თითქო მზის ხავოიან ფოთლებს გადაუვლიათ.

ატევრილი ჯეჯილი ნაშუადღევს - ნიავი როს ქროლვით გადმოიარს - ზმორებით გაიზნიქება ხოლმე. ქალის ატეხილი ტანი ზანტი ლაჯით არჩიბალდს უახლოვდება.

ვაჟს ქალი ოთახში შეჰყავს.

ტახტზე გაფენილია ქაშანის ხალიჩა.

ოლგა თეთრ თავსაფარს მოიხსნის და განზე გადაისვრის.

მზეს თმებშიაც დაუტოვებია ცხელი ფოთლები.

ოლგა ჩერდება ხალიჩის წინ.

ჩურჩულით - თავისთვის:

- რა ლამაზია..

- შენთვის..

ვაჟის სიტყვა ქალს მხრებს უწვავს.

ქალის ტანი - თითქოს მოცელილი - ხალიჩაზე დავარდება.

ფეხს ფეხზე გადაიდგამს -

ასე ეკიდება ხარდანზე დაყურსული მტევანი.

ვაჟი ქალს უცქერს ნდომით აყვანილი.

ხედავს: ქალის ტანი თითქო ოკეანის ნატეხია - ოკეანის: რომელმაც არ იცის რა არის ნაწილი ან კერძო. ტანი თითქო ოკეანის სადაფია რომელიც ინახავს ოკეანის ხმაურს.

ქალის ტანი ტახტზე გადაწვება.

ვაჟი ხედავს: თვალები ფართოვდებიან. გუგები აღარ სჩანან. „ზემროდის“ წყალი იმღვრევა და ინისლება. ნესტოები ნადირის საფეთქელია თითქო: ორად გაპობილი.

ქალი გადაიზნიქება და ხალიჩაზე იშხვართება.

ვაჟი აღარ ხედავს. ვაჟი ისუნთქავს.

მიწის სუნთქვა თუ აქვს მკერდს: წვიმას რომ მოელის დახეთქილ ღარებით. ან თუ ელის მკერდი დანლებულ მიწასავით სახნისის გავლებას.

ვაჟი ტახტზე ჩამოჯდება.

ქალი გასუდრულია.

ვაჟი - დატეხილი ხმით:

- გახსოვს მალლარმეს ჰეროდიადას სიტყვები?!

- სარკესთან?.

- დიახ!

- მახსოვს.. მგონი ასეა:

„კოცნა მომკლავდა მე
სილამაზე რომ არ ყოფილიყო სიკვდილი“...

ტუჩები ლაპარაკობენ თუ ტანი ლაპარაკობს?!

ეხლა ტანიც დადუმებულია. ვაჟი ისუნთქავს.

მხეცის სმენა შორეულ შიშინს შეამჩნევს.

ოკეანის შიშინი ხომ არაა სადაფში შენახული?!

ქალის ტანი ივსება.

- შენ კოცნა არ მოგკლავს..

ქალი აღარ უსმენს. ვაჟის ხვევნაში ტანი ქალის თითქო ქალთა სქესით ივსება ერთიან მოხეთქილით.

იშმუშნებიან შორეული ინსტინქტები.

ქალის თვალებში -

ათასი თვალი:

ყველა ელამი და ყველა ამღვრეული.

„ალლან“ იღრინება -

შურვილია?!

...ირანის ტაშირზე მზე ბადეშია გაკვალთული.


სისხლი მორკინალი 

სისხლი სიცოცხლეა და შიში.
ქართული თქმა.

არჩიბალდ მეკეში ფარდებს ასწევს. გადის ტერრასაზე. ტაბა ტაბაჲ წასულია. არჩიბალდ ელის ოლგას. ბაღს გადახედავს და ფიქრობს: ეს წალკოტი ოლგასათვის არის გულგადახსნილი. ფიქრი ღიმილით თავდება: შეყვარებულთა სიტყვები ყველაზე ღარიბია.

საათს დახედავს. რად არ მოდის?! მოუთმენლობა?!

მაგრამ მოუთმენლობას მისი ძრაობა არ ამხელს.

ესეც მამისაგან აქვს ნაანდერძევი.

დახედავს კიდევ საათს. ოლგა იგვიანებს. მოისმის ჭიშკარის ხმაური. გული ყურს იცქვიტავს მაგრამ მყისვე ჩამოუშვებს: ჯარისკაცია ბარათით. ოლგასგანაა?!

მეკეში ბარათს კითხულობს. ვერ მოვა: არ გაანთავისუფლეს. სიტყვებში მოკუმშული ნაღველი უნახაობის. თუმცა გუშინ ხომ აქ იყო. მაგრამ „შეყვარებულმა“ გუშინ არ იცის.

არჩიბალდ მეკეში გადის ბაღში. დასეირნობს.

ეს რა სიმღერაა?! არჩიბალდ გულისყურია მარტო.

ჰაა: ისევ ის სიმღერა - აბგერმის ახლო რომ მოესმა.

უცხო და ნაცნობი: ძველი ქართული სიმღერა.

სიღერა ბაღიდან მოისმის. ბაღი იქვეა ახლო.

არჩიბალდ ქუდს იხურავს. მიდის როგორც სომნამბულა.

სადღაა რეფლექსიი?!



* * *

ბაღში ფარდულებია სახელდახელოდ გამართული. ჩრდილების ქვეშ - გაწყობილი მაგიდები. ვინ გინდა რომ იქ არ იყოს?! „ქალაქთა კავშირი“. „წითელი ჯვარი“. „საერთობო კავშირი“. „ზემგუსარები“ და სათნოების დები.

უქმე თუ არის.

არჩიბალდ განმარტოებულ მაგიდას უსხდება.

ათვალიერებს.

რუსები. ლიტველები. პოლონელები. ბერძნები. ოსები. ქართველები. სომხები. ყველაზე მეტი - რუსები. მათზე მეტი - ქართველები. კიდევ მეტი - სომხები.

პროფილები: ასსარგადონიდან კარაპეტამდე.

ერთ მაგიდას ქართველები უსხედან.

მღერიან და სმურებს გადადიან.

- სიტყვა პეტრიძეს!

გაისმის თამადის ხმა.

- პეტრიძეს კი არა პეტრიწის!

თამადის ხმას ირონიით გადასჭრის მეორე ხმა.

უეცრად მესამე წამოხტება პეტრიძეს თუ პეტრიწის გაგონებაზე. ხმელ კაცს ფერი ეცვლება. თხელი ცხვირი იმწვეტება და ნესტოები იბერებიან. სახე - ნამდვილი მაჭიკი: ყველს რომ ჰკვეთავენ. მარცხნით ჩაქნეულ ტუჩზე სევდა გარჩენია. სევდას უცნაური ღიმილი წამოცმია როგორც შამფურის წვერს. თმები იგრუზებიან. თვალები დასისხლულან და ჰკიაფობენ როგორც აწითლებული პილპილები. მკერდი ჩავარდნილა და ქშენს ჩაფუშულ საბერველივით. მთელი ტანი: თითქო მალარიის ვიზიონით არის აცახცახებული. ხმელი კაცი პირველ შეხედვაზე თითქო საწყალია. მაგრამ წამოდგება თუ არა - მაჭიკის სახეს სიამაყის იერი გადაურბენს.

ახლაც აყენებულია ჩახმახივით:

- დიახ: პეტრიწი! ჩემი გვარი პეტრიწია!

- ფილასოფოსისა არა?!

ხუმრობს მეორე. მარცვალი „ლა“ მთლად „აგდებაა“!

- დაეხსენ თუ კაცი ხარ..

წაუჩურჩულებს მეორეს მესამე.

- თორემ თუ დაიწყო: შენი ტერია...

ვიღაცას სიცილი წასკდება.

- დიახ: პეტრიწი! პეტრიწი!

გაიძახის ხმელი კაცი.

- ვიცით რომ პეტრიწი ხარ..

ეხლა კიდევ სხვა იცინის.

- ამდენი „ტრიწი“ რა ამბავია?!

გაისმის სიტყვა განზე.

სიცილი ხარხარში გადადის.

- ეგ იმ სუფრას ჰკითხეთ!

იძახის ვიღაც: სომეხთა მაგიდას უთითებს.

- რაააოო?!

უკმეხი გამოწვევა.

- ჩვენი პეტრიწი სულ „ტრიწის“ გაიძახის. თქვენი მოდგმის თუ არის ბატონო ჭიშმარიტოვ..

წამოხტება მოკლე კაცი. თავს მედიდურად ასწევს: თუმცა შთაბეჭდილება ისეთია თითქო მიკერებული აქვს. მხრებში იმართება და იღებს გამომწვევ პოზას. ცხვირი: არყასავით ჩამოწოლილი. ზედ: პენსნე. მოსჩანან გადმოკაკლული ლეღვის ფერი თვალები.

- თქვენ მაგაებს თავი დაანებეთ..

- გვარი არ მოგწონთ თუ: ბატონო ჭიშმარიტოვ?.

არ ეშვება ქართული სუფრა.

კიდევ სიცილი და ხარხარი.

- ვის მამსგავსებთ თქვე ოხრებო?!

ყვირის გახელებული პეტრიძე.

- გამსგავსეს თუ არა... თვითონ უმსგავსო შენა...

შეუტევს ჭიშმარიტოვ.

ხრიალი. აშლა. წაწევწამოწევა.

სპარსელი ბიჭები მაგიდებს უთვალთვალებენ მეძებრებივით: თუ ვინიცობაა შეეჯახონ - ეგებ თეფშები და ბოთლები გადაარჩინონ.

ხრიალი მატულობს.

პეტრიძე ისტორიულ სახელებს ისვრის.

ჭიშმარიტოვ ყვირის: „გამიშვით“..

არჩიბალდ მეკეში განზე გაიხედავს. ხედავს - მოდის მაღალი ყმაწვილი. არჩიბალდ მოჰკრავს თვალს და შეირხევა: „ისაა“ - ბაზარში რომ ნახა. უცხოც მოხედავს. დარიდებით.

გაისმის ძახილი:

- ვამეხ! ვამეხ! ვამეხ!

ახლად მოსული ღიმილით უახლოვდება მაგიდებს.

- რა დაგემართათ?!

- არაფერი.. პეტრიძე და ჭიშმარიტოვი წალაპარაკდნენ..

ვამეხ ორივეს გადახედავს. ორივეს - ალერსით.

მაგიდები მშვიდდებიან.

შემდეგ მიდის ჭიშმარიტოვთან. მიესალმება. ხელს მხარზე დაუსვამს. გაცხარებული - ნელდება.

გამობრუნდება. მიდის ქართულ სუფრასთან.

- რა მოგივიდა სერგო?!

ეკითხება პეტრიძეს/

- სარგის და არა სერგო!

პეტრიძე ჯერ კიდევ არ დამცხრალა.

- სარგის კი არა: „სარქის“..

- სარქის!. სარქის!.

- ესღა აკლდა „ტრიწის“..

სიცილი. ხარხარი. ხრიალი.

- თქვე ოხრებო: სახელსაც მიფუჭებთ?!

ყვირის ანთებული პეტრიძე.

უკანასკნელ სიტყვებზე ჭიშმარიტოვი ისევ წამოხტება და მზადაა შეტევისათვის. პეტრიძეც აყვანილია გადაძახებისათვის. მაგრამ ახლად მოსული დაავლებს მას ხელს. აიყვანს მაღლა და ააბურთავებს როგორც ბავშვს. შემდეგ დაუშვებს ძირს და გადაკოცნის.

პეტრიძე ლბება:

- რა კაცი ხარ ვამეხ..

თითქმის ცრემლიც ერევა. იყუჩება ოდნავ დარცხვენილი.

ვამეხ სუფრას უჯდება.

და ისევ: სმურები და სიმღერა.



* * *

არჩიბალდ მეკეში ახლად მოსულს თვალს ვერ აცილებს:

ოცდაშვიდი წლის თუ იქნება. როგორ დადის?! „ალლანს“ ჰგავს მოქნილობით. სიმაღლით - არჩიბალდის ტოლი. აღმოსავლურად გადაკეთებული „გალიფე“. კანჭებზე ყვითელი ბოტფორტები. ასეთი ფეხები არჩიბალდმა პირველად აბგერმთან იხილა. თეძოები მოკვართული. ზედა ტანზე: ფრენჩი ოდნავ გადაქართულებული. წელი წვრილი. მკერდი აკვრივებული. ბეჭები მსხვილი და მომრგვალო. ხელები დათასმული და მარჯვე.

პაუზა სმურებს შუა.

უეცრად ვამეხ არჩიბალდისკენ მოიხედავს.

მეკეშს მზერა სასტიკი აქვს. მაშ თავი რად დახარა?!

ვერ გაუჩერა?! არა..

ეგების სხვა რამ იყოს.

მაღალი შუბლი ივერიელის. ორბული ცხვირი. თვალები: თაფლისფერი ოდნავ ჟღალნარევი. ტუჩები: თითქო ბავშვის. მეტყველება დანელებულიდა მაგარი.

არჩიბალდ მეკეში სუნთქვას იკრავს. უეცრად შეირხევა:

თვალი თვალს მოჰკრა - და დაინახა: „ის“ კიაფი გახელების... ის... ის.. მიმალული რომაა თუ შეკავებული...

და უეცრად ვიღაცის ლანდმა გადაირბინა.

არჩიბალდს ბაგეზე სიტყვა ასკდება:

სიტყვა - რომელსაც მხოლოდ „ძე“ დაიძახებს.

მაგრამ ხელები მაგიდას ეყრდნობიან - 

და მომსკდარი სიტყვა იხრჩობა უთქმელი.

თუ თვითონ იხრჩობა?!

ახლად მოსული იწურება: წარბეი შეუთამაშდა და ტუჩები აელეწა. მორკინალის მზერით უცქერს უცხოელს.



* * *

- სიმღერა! სიმღერა!

- აბა: აზარფეში!

- ვამეხის სადღეგრძელო!

ლხინობენ. მღერიან. ლაღობენ.

ამ დროს ამ ბაღში ერთი ვინმე არ ლხინობს და არ ლაღობს.

სიმღერა ედება სხვა სუფრებსაც.

სომხების სუფრაზე თარია. ვიღაც გასაოცრად უკრავს. თარი ნელდება და მეორე კაცი დაირს იღებს. შეათამაშებს ხელში და ყურთან მიიტანს: და თითქო ყბაყურააო - გაჰკივის მწარედ ბაიათს:

„რუსთაველი აღარ გვყააავს გამკითხავი ვინ არიი...“

„აღსდექ თამააარ დედოფალო! შენთვის ტირიის...“

უეცრად პეტრიძე წამოხტება:

- ვინ კითხავს მაგ უბედურს ან რუსთაველს ან თამარს?! ვაჰმე ისტორიავ!!

„ყბაყურიანი“ შეჩერდება.

ისევ გამოწვევა: ჩახმახივით აყენებული.

ვამეხ სარგისს ამშვიდებს.

მოპირდაპირე სუფრაც წყნარდება.

მაგრამ უეცრად ქართული სუფრიდან გაისმის სმური:

- გაუმარჯოს იმ ამბავს: რომ სომეხი სპარსეთში ქართული სიტყვებით სპარსულ ბაიათს გაჰკივის...

- კაი შეზავებაა შენ ნუ მომიკვდები...

კვერს უკრავს მეორე.

კიდევ სიცილი და კიდევ ხარხარი.

ჭიშმარიტოვს ვეღარ აკავებენ. სუფრაზე ხელს ურტყამს და ხმაჩახლეჩილი გაიძახის:

- ეს კი თავხედობაა: ამდენის მოთმენა შეუძლებელია..

ხრიალი და მიწევმოწევა.

სომხების მაგიდას ვიღაც ბანგვლიანი უზის: ოსი თუ თათარი. ტანად - ახმახი და აყლაყუდა. ეტყობა საშინელი ძალა. სახე ნაგაზს მიუგავს ცხვრის ფარას რომ სდარაჯობს.

ქართული სუფრა სიცილს ვერ იკავებს.

ბანგვლიანი კაცი ნელინელ დგება და თითქო ყეფას აპირებსო - ქართულ სუფრას გადახედავს. თვალებში: ბრაზი.

ყველა მაგიდები მას უცქერიან ეხლა.

ერთ კუთხეში ქალებიცაა.

(ორი შეჯახება უფრო სასტიკია როცა მესამე უყურებს. მესამის თვალი რომ არ იყოს - შესაძლოა შეჯახება არც მოხდეს).

ოსი თუ თათარი ზლაზვნით ირხევა და დამცინავი გამოწვევით ქართულ სუფრას უყურებს.

ქართული სუფრა ილესება როგორც მდინარიდან გამოყვანილი ცხენი მზეზე: ჯერ კიდევ სველი.

შესაძლოა პაუზა ამით გათავდეს?!

არა: თვალი „მესამისა“ წამქეზებელია -

და ქართული სუფრიდან ისმის:

- ამ საფრთხობელას რაღა უნდა?!.

კიდევ სიცილი. კიდევ ხარხარი.

ახმახი უეცრად მუშტს დაჰკრავს მაგიდას. მუშტი თითქოს ბოკსერის ხელია ტყავის ხელთათმანში გახვეული. მაგიდა გაიბზარება და გადაქანდება. სპარსელი ბიჭები გადარჩენილ ბოთლებსა და თეფშებს მისცვივდებიან.

აყლაყუდა ყვირის თვალებამღვრეული:

- ასე დაგამსხვრევთ!.

არჩიბალდ მეკეში მარტო ვამეხს უცქერის.

ვამეხ გაქვავებულია. კუნთები თავის ალაგასაა ყველა.

პეტრიძე წამოხტომას აპირებს. ვამეხ ეხლა მას არ აჩერებს. რისთვის არ?! არ იცის. ტანში რაღაც ქავილს გრძნობს.

ამ დროს პეტრიძის სიტყვაც გადავარდება:

- მაგ სუფრაზე მჯდომთ „ისტორია“ მაინც აქვთ.. ერთი ამ ნაგაზს ჰკითხეთ: აბა რა გააჩნია..

- წახდა შენი „ისტორია“ - შე წამხდარო!.

ისმის პასუხად ახმახის მაგიდიდან.

თვითონ ახმახი კი იშვერს ბანგვლიან ხელებს:

- აი რა გამაჩნია...

- გაგაჩნია თუ არა...

- თავს გაგიჩეჩქვავ შენი „ისტორიით“ - შე ოჩოფეხა...

- აბა ერთი სცადე..

- ვსცადო თუ არა: თქვენმა ვამეხმა არ დაგიცვას...

პაუზა. ეხლა რაღაც უნდა მოხდეს.

„ვიღაცას“ თვალები ვამეხს ზომავენ.

ვამეხ ყურსაც არ იბერტყავს. მხოლოდ ვაშლს აიღებს და შეაგდებს მაღლა. ესვრის ფიშტოს და შუაზე გააპობს. შემდეგ ისევ გაქვავდება. თითქო უფრო მხიარულია. დაცდილი თვალი შეატყობს: რომ მხიარულება ხოტა გადამეტებულია.

არჩიბალდს მოსწონს ვაჟის სისწრაფე და თავშეკავება.

მაგრამ ახმახი არ ცხრება.

- ფოკუსობის მეტი რა იცის მაგან?!

ვამეხ მხოლოდ ახლა შეუტევს გამჭრელი გახედვით. ტანში ატაცება ემჩნევა. შორიდან მუსიკის ნატეხიც ისმის.

- გთხოვთ დაჩუმდეთ..

ვამეხ წამოწეულია მწევარივით.

- დავჩუმდე თუ არა - შენმა....

და გავარდება გინება როგორც თავწაჭრილი ძაღლი.

აყლაყუდას სიტყვა არ დაუმთავრებია..

ვამეხ მოსწყდება და თვალისდახამხამებაში ახმახს გააწნავს საშინელ სილას. ახმახი ბორგავს დაკოდილ დათვივით. შებმა.

შეუტევს ახმახი. იშლება რკალი.

ვამეხ დაწურულია არაბული ურა კვიცივით.

მოუქნევს ახმახი. ვამეხ განზე გახტება. კრივი ასცდება.

მოქნეული ძლიერია მეტად: გადაძალავს მომქნეველს: ახმახი იბნევა. ვამეხ შემთხვევას იყენებს. დაეცემა თავს გადაქანებულ ახმახს და ერთსაც დაარტყამს საშინელი ძალით.

ახმახი იმღვრევა. თვალები ებნევა.

არჩიბალდ მეკეში ვამეხის თვალებს სინჯავს:

მზერა ალესილი აქვს ვაჟს შევარდენივით.

არჩიბალდს ღელვა უნელდება.

ქართველების სუფრაზე ატაცებაა.

ახმახი ირევა. დორბლებს ჰყრის. შეუტევს ხელმეორედ. მოუქნევს გამეტებით. ვამეხ განზე რჩება და მოქნეული ხვდება ფარდულის ბოძს. ბოძი ტყდება და ფარდული იზნიქება.

ახმახი ირევა და თვრება ღონით.

თან ბრაზი ახელებს. თვალებს სისხლი აწვება.

ვამეხ მზადაა როგორც მოზომილი ტორი ვეფხის.

მის თვალს არაფერი ეპარება...

(ეს რა ჩოჩქოლია?! ერთი შეუტევს მეორეს: იქვე - გვერდზე. რა მიზნით?! საბაბი რომ არავის დაუნახავს?!)

ახმახი ბრაზით იხრჩობა.

თუმცა იმედს არ ჰკარგავს:

ბოლოს ხომ ჩაიგდებს მაინც ხელში..

გადავარდება როგორც ადიდებული მდინარით მოვარდნილი ხერგი და თავს დაეცემა მოპირდაპირეს საშინელი გამეტებით. ვამეხ - ეხლაც განზე გავარდება.

მოქნეული გადაძალავს მომქნეველს.

ახმახს რეტი ესხმის. დაბორგავს.

ამ დროს - თითქო განზრახ:

მოჩხუბართა მეორე წყვილი ახმახისა და ვამეხის რკალში შეიჭრება. უცაბედათ?!

ახმახი გადადის შეტევაზე. ვამეხ მოქნეულს იცდენს. ახმახი კიდევ შეუტევს. ვამეხ იცდენს. ახმახი მოუქნევს. ვამეხ გაარტყამს. ახმახი კიდევ მოუქნევს. ვამეხ ისევ განზე გახტება.

მაგრამ უეცრად მოჩხუბართა მეორე წყვილი განზე გახტომილ ვამეხს ფეხებში მოექცევა. ვამეხ წაიფორხილებს და ხალი ფეხი ჩაეკეცება..

ახმახი სარგებლობს შემთხვევით. გაექანება და ისაა - უნდა გაანადგუროს დარტყმევით წაფორხილებული ვაჟი... მაგრამ უცხოელის ფრენჩი უკვე განზეა გადაგდებული: არჩიბალდ მეკეში ფოლადური მოსხლეტით ახმახს დაეტაკება..

ხრიალი. ჩოჩქოლი.

ახმახი ახლა უცხოელს შეუტევს სასიკვდილოთ.

მაგრამ ერთი ლაზათიანი დარტყმა ბოკსერისა - და უზარმაზარი ხერგი მაიმახი მიწაზე იშხლართება.

ხრიალი. აურზაური. წამოწევა.

ვამეხ ფეხზეა და რკალს აკეთებს.

არჩიბალდ მეკეში მის მხარეზეა.

ორივეს ნდომა ეხლა მარტო ისაა: რომ საერთო შეხლაში ერთიც არ მოხვდესთ.

არევდარევა ცოფდება უფრო და უფრო.

ზოგნი რევოლვერებსაც იძრობენ.

სიკვდილის სუნი ახლოა სადღაც.

მაგრამ ამ წამს საშინელი ყეფით დოგი მოვარდება. „ალლან“ ხედავს თავის პატრონს გარშემოსეულს და გააფთრებული მეომართა რკალს ერთი შეტევით არღვევს. ის არის: ორი სამი იქვე უნდა გაანართხოს მიწაზე - რომ პატრონი შესძახებს: „ალლან!.“ დოგი მშვიდდება. თუმცა საშინლად იღრინება.

მოჩხუბარნი სახტად რჩებიან.

დოგისათვის სროლა ფიქრადაც არ მოსვლიათ.

არჩიბალდ და ვამეხ მორკინალთა თვალებით ზომავენ ერთიმეორეს. თვალებში ეხლა - უცხო სიხარულია.
უცხოელი თავს ამცნობს ყველას:
„არჩიბალდ მეკეში“.

ხალიბის რკინა 

ხალიბის რკინამ იცის გახელება.
გიორგი სააკაძე.

ტერრასაზე სიგრილეა.

ტაბა ტაბაჲ ზის უძრავად როგორც გველი ქვიშაზე გაშოლტილი:

ჰამაკში ოლგას ტანი იშხვართება.

სარგის პეტრიძე ხმალს ათვალიერებს.

არჩიბალდ ტაბა ტაბაჲს ხატავს.

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი თითქო „რუახჰ ელოღჰიმს“ უმზერს. ცხვირი - ადამიანის. ბაგე - ადამიანის. წვერი -ადამიანის. ყველაფერში - ხაზი პიროვნების. თვითონაც - პიროვნება: ქვეყანაზე ერთხელ მოვლენილი. მთელი ყოფა - ახლო და ხელსახები. და მაინც: შორს წასული. ყოფა სადღაც გადასხმული თუ გადაღვენთილი.

შუადღისას როცა მზე ხელდება - ცხენი ცხელ უძრაობაში გადაყირავდება.

მაგრამ ტაბა ტაბაჲ ცხენი არაა. იგი სხვაა. კაცი და მოჩვენება. პიროვნება და ლანდი. სახე და მასკა. ყოველს დაცილებული: ეგებ მისთვის - რომ იხილოს ყოვლის წარმომშობი.

„რუახჰ ელოღჰიმ“: წაიჩურჩულებს ხანდახან თავისთვის მხატვარი. უძრავ მასკას უეცრად გოგირდისფერი თვალები შეარხევენ. ასეთი თვალები გველს აჩერებენ ცხელ სილაზე.

მხატვარი აკვირდება.

დახატოს უნდა პორტრეტი ინდივიდუალი.

მაგრამ პორტრეტი მოცილებული უნდა იყოს ყოველს ახლოს. საქმელი რთულია და თითქმის შეუძლებელი. მაგრამ შეუძლებელი ახელებს ხელოვანს.

სახატი ხდება საშურველი.

მხატვარს ჟინი ერევა.

- არჩიბალდ რა მოგივიდა ბაღში?!

გაისმის ოლგას ხმა სიყვარულით დარბილებული. თუმცა ღიმილში ირონიაც ეპარება.

- მე თვითონაც არ ვიცი...

- როგორ?!

- ოლგა!. გახსოვს საღამო ლოზანაში?!

- მახსოვს..

- რამ გათქმევინა ის ამბავი?!

- მე თვითონაც არ ვიცი..

- როგორ?!

- თითქო ჩემში სხვა ლაპარაკობდა..

- გესმის ახლა რაც შემემთხვა?!

- რამოდენიმედ..

- ჩემშიც თითქო სხვა მოქმედებდა..

„ჩემში სხვა“: სიტყვა ნახულია. ქალი უფრო ნახულობს სიტყვას. ტაბა ტაბაჲ მხატვარს შემოხედავს უეცრად. მხატვარს ფერი ეცვლება.

სარგის პეტრიძე ისევ ხმალს ათვალიერებს.

აოცებს ხმალზე წარწერა.

- ბატონო არჩიბალდ! სადაურია ეს ხმალი?!

- ჰამადანში ვიყიდე..

- იცით: რა აწერია?!

- არ ვიცი..

- „ირუბაქიძე“...

- რაა?!

- გვარი ძველი ქართველი თავადის..

არჩიბალდ მეკეში საღებავს აშტერდება უაზროდ.

- ჰამადანში რა უნდოდა ამ ხმალს?!

ეკითხება ნახევრად წამომდგარი ოლგა.

სარგის პეტრიძე ყიფით ივსება:

- ყაზვინი ერთხელ თამარის ლაშქარმა აიღო..

- ჰამადანი?!

- ჰამადანიც განვლო ქართულმა ლაშქარმა ბაგდადისაკენ..

- როდის?!

- მონღოლების დროს.

- ირუბაქიძე..

ამბობს თავისთვის ტაბა ტაბაჲ.

ოლგა ისევ სარგის პეტრიძეს მიმართავს:

- ეხლაც არის ეს გვარი?

- მონღოლების შემდეგ გადავარდა..

არჩიბალდ მეკეში თითქო ტაბა ტაბაჲს უცქერს. ნამდვილად კი საუკუნეებში იხედება.

ოლგა პეტრიძეს არ ეშვება:

- შემდეგ რა დაემართა?!

- ორგვარად გაიყო: ჩოლაყაშვილად და მაყაშვილად. ჩოლაყა და მაყა ძმები იყვნენ.

- რა გვარებად გაიყო?!

არჩიბალდ მეკეშს სიტყვა აღარ ემორჩილება.

- ჩოლაყაშვილად და მაყაშვილად.

- თქვენ უქეიფოდ ხომ არ ხართ ბატონო არჩიბალდ?!

ეკითხება ტაბა ტაბაჲ.

- არა.. ხატვის დროს გუნებისცვლა ბუნებითია..

მხატვარი განაგრძობს ხატვას. თუმცა გრძნობს: რომ გული სადღაც სხვაგანაა.

ეხლა ხმალს ოლგა ათვალიერებს.

- ლამაზია..

- შეიძლება მეც ვნახო?!

გაისმის ტაბა ტაბაჲს ხმა.

სარგის პეტრიძე ხმალს ოლგას გამოართმევს და გადასცემს ტაბაჲს.

- რკინა ხოროსანისაა..

- არა.. რკინა ხალიბისაა..

გაუწყვეტს პეტრიძე.

- ხალიბის?! რა არის ხალიბი?!

გაისმის მეკეშის ხმა შემკრთალი.

- უძველესი ტომი ქართული. ამ ტომმა იცოდა რკინის შეზავების საიდუმლო.. მანვე იცოდა მტკიცე ჭედი...

- გამიგონია.

ჩურჩულებს თავისთვის სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი.

- რომელი საუკუნის უნდა იყოს?!

ეკითხება ოლგა.

- მეთორმეტე საუკუნის..

ვამეხ ხმალს მოჰკრავს თვალს და მთლად აინთება.

მივა. გამოართმევს ხმალს. დააგებს წვერით იატაკზე. დაღუნავს ნახევრად: შემდეგ უეცრად ამართავს. ისმის რკინის რეკა. ამბობს: „კარგი ზარი აქვს“...

შემდეგ პირისპირ გაწვდის. გახედავს ცალი თვალით. შვეტი ხმალი სწორია როგორც ბურდში ატეხილი ასკილი. ამბობს: „კოდალივითაა“.

შემდეგ ტანში ჰკიდებს მარცხენა ხელს. მარჯვენა ხელით წვერს მოსწევს. მოღუნავს შუამდე. გაუშვებს მარჯვენა ხელს: ისევ ის რკინა - ისევ ის სისწორე.

შემდეგ პირში ჩაიდგამს რკინას. გააქან-გამოაქანებს. თვალებში: ხმალი აქვს თითქო.

ბოლოს - გადგება განზე. ნაწვართი ხელით დაიქნევს ხმალს სასტიკი მოქნევით. ისმის ჰაერის კვეთა და თქრიალი ფოლადიანი.

„რა ხმალია“: ამბობს თავისთვის.

ასე ექცევა არაბი უცხო ცხენს ჯიშიანს.

ფიქრობს მეკეში: ცხენს ასეთი მხედარი უნდა.

ვამეხ ისევ ხმალს უცქერს.

ოლგა ფიქრს გადაუჭრის:

- მოგწონთ?!

- შვილად ღირს..

- ფეშქეშ!.

გაისმის არჩიბალდის ხმა.

ვამეხ ეხლა თითქო „წახდა“. ოცდაშვიდი წლის ვაჟი შვიდიწლისად გადაიქცა. დარცხვა. დანელდა. თავი დაღუნა.

- მიირთვით სახსოვრად!

- გმადლობთ..

ძლივს ამბობს მალული სიხარულით. გრძნობს რაღაც უხერხულობას. ხმალს ხელში ათამაშებს.

- ძალიან დაგშვენდებათ..

ამსუბუქებს ატმოსფერას ოლგას ხმა.

- თქვენ მტერს ორად გავაპობ..

ვამეხს გამბედაობა უბრუნდება. ხმალს ეხლა მეტი სითამამით ათამაშებს.

პაუზა.

პეტრიძე წამოდგება. წასვლას აპირებს.

- ბატონო მეკეში! ქართულის გაკვეთილი ხვლად მზად უნდა იყოს.. მე სასტიკი ვარ.

- „სასტიკი?!“

და ვამეხს სიცილი წასკდება.

- კეთილი.

მიუგებს მეკეში პეტრიძეს..

ვამეხ თავისას არ იშლის: -

- სარგის! ირაჰშანდა ხომ არ გიცდის?!

ტაბა ტაბაჲ ამ სახელზე წამოცოცხლდება.

სარგის ოდნავ ნაწყენია:

- რა სულ ხუმრობა..

მაპატიე სარგის.. ეს ისე მომივიდა.. ხომ იცი..

- ვიცი: შენ ყველაფერი „ისე“ მოგდის..

ვამეხ დაავლებს ხელს მანიაკს. აიყვანს. ააბურთავებს: თითქო ბავშვს. დაუშვებს. აკოცებს.

სარგის დნება. მიდის თავჩაღუნული. მისმა სიხარულმა ცრემლი იცის.

- კაი კაცია საწყალი სარგის..

ვამეხის სიტყვები სარგისს თითქო აცილებენ.

ტაბა ტაბაჲ დგება. ოთახში შედის.

ვამეხიც თან მიჰყვება.

ტაბა ტაბაჲ ხილს ათვალიერებს.

ვამეხ სურათს მოჰკრავს თვალს მაგიდაზე. მივარდება. აიღებს. აკვირდება.

ფითრდება.

შემდეგ საშინელი სისწრაფით - კარებში შემომავალ მეკეშს:

- ბატონო არჩიბალდ! ეს ვინ არის?!

- ქართველი თავადი..

- გვარი?

- არ ვიცი..

- საიდან ჩაგივარდათ ხელში?

- მამამ დამიტოვა.. მეგობარი თუა..

ვამეხ თვალში თვალს უყრის თითქო მორკინალი.

მეკეში უტეხია ნებით თუ მზერით. 

პაუზა აუტანელი.

პეტრიძე გაშეშებულია. ზევით იცქირება.

ტაბა ტაბაჲ რბილი ხმით მიმართავს:

- კიდევ რომ მომიყვებოდეთ.. ვრცლად..

- როცა გნებავთ..

პაუზა.

არჩიბალდ „ალლანს“ ხელს უსვამს.

დოგი უეცრად დაიღრენს. ყურებს სცქვეტს.

გაიხედავენ: მოდის ვამეხ.

„ალლან“ გაემართება. უნდა დაუყეფოს. მაგრამ ვაჟის ალერსი და - ალერსს მყისვე დოგის ლაქუცი მოჰყვება.

მეკეში წამოდგება. წინ მიეგებება. ვამეხ ხელს ართმევს ყველას. ოლგას ხელზე აკოცებს.

მეკეში უყურებს დოგსა და ვაჟს: თითქო ერთიმეორეს ადარებს. საოცარი მსგავსება რხევაში თუ ძრაობაში. ბიოლოგია დაწმენდილი ათასი წლებით. მაგრამ ერთი რამ უფრო აკვირვებს. დოგი შემოსულს არ უბღვერს: თითქო პატრონს ხვდება. ვაჟს ნადირის უშუალობა თუ აქვს. მისთვის ალბად ყველაფერი იოლია.

ვამეხ სარგისს მიმართავს:

- სარგის თუ სარქის.. პეტრიწი თუ პერტიძე.. არა?! სულ შენი ბრალია გუშინწინდელი ამბავი..

- ამის დათმობა არ შემიძლია..

მანიაკის სიტყვებში ბავშვის სერიოზულობაა..

- რამ გადაგრია ასე ისტორიულ გვარზე თუ სახელზე?!

- ისტორია გვარია და სახელი.. უნდა გავმართლდე ისტორიაში.. ხსნა ამის გარეშე არ არის..

ბავშვის სერიოზულობა კიაფ პათოსში გადადის.

ტაბა ტაბაჲ ეხლა განცვიფრებით უცქერს პეტრიძეს..

- ჰაა: სარგის! შენ უკვე გამართლებული ხარ.. ისტორიაში და ყველგან..

და ოცდაშვიდი წლის ვაჟი ორმოცი წლისას ხელს დაადებს მხარზე.

არჩიბალდ უცქერის: არის ირონია?! არა. არის კადნიერება?! არა. არის ფამილიარობა?! არა. ეგების მანიაკი გრძნობს ამას?! არა. პირიქით: მანიაკი ლბება და განაკვერჩხლებული თვალები ესველება.

ვამეხ იცინის:

- დარწმუნებული ვარ საქართველოზე გიამბობდათ.

ღიმილი: მეკეშის - ოლგასი - ტაბაჲს.

- სანაძლეოს ვიძლევი: ვაზის ჯვარზეც ილაპარაკებდა:

ღიმილი ქრება.

მეკეში უცქერის. არის გამასხარავება?! არა. არის პათოსის გაციება სუსხით?! არა. ეგების მაკიანი გრძნობს ამას?! არა.

სარგის დანელებული ხმით მიუგებს მხოლოდ:

- შენ ყველაფერი უნდა გაჰკილო...

- არა.. არა.. ჩემო სარგის..

და ოცდაშვიდი წლის ვაჟი ხელს დაჰკრავს მხრებზე ორმოცი წლის მანიაკს.

უკანასკნელი კიდევ უფრო ნელდება.

მეკეში განცვიფრებულია.

ვამეხ ეხლა ოლგას მიმართავს შუბლგახსნილი:

- სხვა?!

- გამოწვევას როდის ელით?

- ვისგან?!

- აი იმ..

- ნაგაზისაგან?!

- დიახ!

ვამეხს უეცრად სიცილი აუვარდება.

- ჰა.. ჰა.. ჰა.. ჰა.. ჩვენ უკვე შევრიგდით..

- როგორ?!

გაოცება ყველგან - გარდა პეტრიძისა.

- კიდევ ვიქეიფეთ ერთად. საწყალი: ნაგაზია თუმცა - მაგრამ არ იკბინება. კაი ბიჭია. კეთილი გულია..

ვამეხ „ალლანს“ უთათუნებს ხელს:

- ეს რომ არ ყოფილიყო ვინმე მოკვდებოდა.

მეკეში დოგსა და ვაჟს ისევ შედარებაში ატარებს: ისევ ის უშუალობა ნადირის. არა: ასეთებს მართლაც შეუძლიათ ასეთი შერიგება.

ტაბა ტაბაჲ ხმამაღლა ფიქრობს:

- კარგი ჩაგიდენიათ.

სარგის ისევ ხმალს ათვალიერებს.

- რა ნიშნებია?!

- წარწერის „ხელი“. ასეთი ასოებით მეთორმეტე საუკუნეში სწერდნენ. დიდი თამარიც ასე სწერდა. დახედეთ ამ ასოებს: კალიის სხარტულ ფეხებივით რომ იკლაკნებიან..

პეტრიძე ხმალს ისევ ოლგას გაუწოდებს.

ოლგა მეტის სიყვარულით ათვალიერებს.

არჩიბალდ მეკეში ჯდება.

მოესმის ტაბაჲს ნელი სიტყვა: „დაისვენეთ“.

„ალლან“ პატრონს უახლოვდება. ეალერსება.

მხატვრის სმენაში მარტო ეს სიტყვებია:

„ირუბაქიძე“ - „ჩოლაყაშვილი“ - „მაყაშვილი“ - „ხალიბი“ - „დიდი თამარ“ - „მეთორმეტე საუკუნე“ - „მონღოლების შემოსევა“ -

სიტყვები: თითქო მძლევარნი მოპირდაპირენი.

რა პატარაა და უმწეოა ამ სიტყვებთან ხერხემალ მაგარი არჩიბალდ მეკეში?!

პაუზა. ოლგა ხმალს სარგის პეტრიძეს უბრუნებს:

- თქვენ შეყვარებული ხართ საქართველოს ისტორიაზე..

- მწველი და ლამაზი.. მისთვის..

- სხვაგან არაა „მწველი და ლამაზი“?!

სარგის პეტრიძე პათოსია ცარიელი.

გადაშენებულ მცენარეს დარჩება ხანდახან ნერგი სანიმუშო. თითონ დგმა აღარაა მცენარის. აღარც ნიადაგი. მაგრამ სადღაც კუთხეში ამ დგმის ნერგი გარჩენილა. ისტორიისთვის?! ნერგი ცოცხლობს წარსულით თუ გარდასულით.

სარგის პეტრიძე ამ ნერგის პათოსია.

ოლგა კითხვას უმეორებს:

- სხვაგან არაა „მწველი და ლამაზი?!“

არა..

ტაბა ტაბაჲ გამოცოცხლდება. ათვალიერებს პეტრიძეს. თითქო პირველად ხედავს.

არჩიბალდ მეკეშს თავი დაუღუნავს. ეშინიან შეხედოს პეტრიძეს?! მანიაკის სახე პათოსით აპილპილებული მართლაც საშიშარია.

ოლგა ირონიული ღიმილით ხვდება მანიაკის „არას“.

პეტრიძე განაგრძნობს თუმცა არავის უთხოვია.

- არა.. აბა მიჩვენეთ სხვაგან ასეთი მწველი და ასეთი ლამაზი?! მცირე აზიიდან მოდის ქალწული. მისი ტანი ბევრს ჭაბუკს გაახელებდა. მიუტოვებია ყველაფერი. მოაქვს მხოლოდ მცნება ქრისტესი. უკანასკნელი მისი უხილავი საქმროა. მოდის არ იცის: საითკენ. თითქო ალღოთი: მოადგება ივერიას. დაალბობს მის ხურვალობას ჩვენი მიწა. წყარო ტანს გაუგრილებს. ქალწული ვაზნარს შეიყვარებს. განათლავს ერს და მისცემს მას ჯვარს.. არ არის ეს მწველი და ლამაზი?!

...მაგრამ მოითმინეთ..

...ასეთი მწველი და ასეთი ლამაზი შესაძლოა სხვაგანაც იყოს. ხოლო არის თუ არა სადმე ასეთი რამ?!

...ქალწული ჯვარს ვაზის ნასხლავისაგან გამოსჭრის. სხვების ჯვარი: ან ქვისაა ან რკინის ან უბრალო ხის. ყოველთვის მშრალი და წუთხე: აქ კი: ჯვარი - ვაზის. ვაზი ხომ სახეა: მიწის - ნიადაგის - სიცოცხლის. სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია. ჩვენში ჯვარი - ლხინია თვითონ..

...მაგრამ მოითმინეთ.. ეს კიდევ არაფერი..

...ქალწული ვაზის ნასხლევს თავის თმებით შეჰკრავს. თითქო ჭრილობა შეუხვია ნასხლევს: რომელიც იცრემლება. ჯვარი - ქალის თმებით შეკრული. მიჩვენეთ სხვა სახე უფრო მწველი და უფრო ლამაზი!! ჯვარი - ვაზის ნასხლავისაგან გამოჭრილი. ჯვარი - ქალის თმებით. ქალის თმები ხომ სახეა:

...ქალობის - ქალწულობის - დედობის.

...არა.. სხვების ჯვარი ბერწია. ჩვენი კი - ნოყიერი და ნაყოფიერი.

...ეს ჯვარი ეხლაც ასვენია ტფილისის სიონში.

მანიაკის სახე განათებულია.



* * *

ხმელი მაჭიკი თავისებურ სხივოსანი ხდება.

ოლგას ღიმილი უქრება.

ტაბა ტაბაჲ თვალებს არ ახამხამებს. თითქო სურს მზერით გახვრიტოს მანიაკი.

არჩიბალდ მეკეში თავს უფრო ღუნავს. ხელებს რაღაცას აჭერს საშინელი ძალით. გული აჩუყებული აქვს. თვალს ვერ უძლებს. უფრო ძლიერია?! არა. მან იცის ერთადერთი მზერა ძლიერი: ეს არის ტაბა ტაბაჲს მზერა. მისი თვალები ცივია და გამხვრეტი..

აქ კი: სითბოა და სინელე. ასეთი მზერა მხოლდო წყაროს თვალსა აქვს.

და ეხლა მეკეში წყაროს თვალს ატყუებს.

როგორ არ აირევა წყაროს თვალი?!

- მეგობარი?! მამის?!

თითქო იჭვნეული ეკითხება ვამეხ და ხელმეორედ თვალში თვალს უყრის არჩიბალდს. ცქერაში შორს უნდო ნაპერწკალი კიაფობს.

მეკეში ამას ამჩნევს. იბნევა. თავს ხრის/

ტერრასიდან ოლგას ხმა ისმის. არჩიბალდ გადის.

ტაბა ტაბაჲ ისევ ხალს ათვალიერებს.

ვამეხ სურსთს თვალს ვერ აცილებს.

არჩიბალდ ბრუნდება.

- თქვენთან ჯარისკაცია..

გადიან სამივე.

ჯარისკაცი ტერრასის მოაჯირთანაა ატუზული.

ვამეხ ეკითხება:

- მზადაა?!

- მზადაა!.

- რამდენი?!

- ოთხი!

- ხომ არაბული!

- დიახ, არაბული!

რად გინდათ ამდენი ცხენი?!
ეკითხება ოლგა.
- უნდა გავისეირნოთ!
- ვინ?!
- ჩვენ ყველამ..
არჩიბალდ გაოცებულია. გრძნობს: ამ ვაჟს ვერავინ ეტყვის უარს.
თანხმდებიან. მზად არიან. მიდიან.
- ერთი წამი..
და ვამეხ შეტრიალდება ოთახში და კიდევ იღებს ხელში სურათს.


ირუბაქიძე

არჩიბალდ მეკეში წევს. სასთუმალთან ოლგა ზის. ქალი ხელს უსვამს ვაჟის შუბლს. უსახელო თითზე მოსჩანს ბეჭედი. ბეჭედზე - ხარისთვალისოდება ზურმუხტი. ზურმუხტზე ამოჭრილი რომაელ ქალის პროფილი.

ოლგა გრძნობს ვაჟის უჩვეულო გუნებას. გადიხსნის მკერდს - საცა ორი მაგარი შირაზის ვარდია. ძველად ასეთ ძუძუებზე ქანდაკი სასხვერპლო თასებს ასხავდა თიხისაგან. ვაჟი ცხელი ტუჩებით ეწაფება თასებს: მოიკლას წყურვილი?! მაგრამ ერევა უჩვეულო გუნება და ისევ ბალიშზე მიდებს თავს ოდნავ ამრეზილი.

ქალი გრძნობს ვაჟის უგუნებობას. ერთს კიდევ აკოცებს შუბლზე და მიდის. უმჯობესია დარჩეს მარტო: ამას ფიქრობს. ხოლო ისიც საფიქრალია: რომ ქალში „ქალურმა“ - (მარტო ქალურმა) - რაღაც უცხო ტკენა იგრძნო. ოლგა თვითონ ვერ ერკვევა.

ვაჟის ფიქრები ერთ ლითონად ისხმიან. ეს ლითონი არის „მამა“. არც დრო. არც სივრცე. არც რაიმე საგანი სხვა. არც თვითონ ოლგა. არც ვამეხ. არც ტაბა ტაბაჲ. არავინ და არაფერი არ იჭერს მის გზნებას. მთელი არსი გავსილია ერთადერთი ლითონით. ეს ლითონი არის „მამა“.

ვაჟი დგება. მიდის კუთხეში. ხსნის ჩემოდანს. ამოიღებს მიმალულ კოლოფს - წითურად დანისლულს. კოლოფზე მიკრულია სქელი პერგამენტი. ზედ აწერია ინგლისურად:

„გახსენი კოლოფი მაშინ: როცა -
ერთი ფიქრით იქნე ლითონივით ავსილი“.

ვაჟი აკვირდება. რამდენჯერ მისულა ამ კოლოფთან?! ლონდონში. პარიზში. ლოზანაში. ხმელთაშუა ზღვის პირას ურვორის ვილლაში. ჰამადანში. ვერსად გაუბედნია მისი გახსნა. ნუთუ ყაზვინს უნდა ერგუნოს ეს ამბავი?!

უნებლიეთ მაგიდისაკენ გაიხედავს. იქიდან მამის თაფლისფერი თვალები იცქირებიან. თვალები ეუბნებიან: გახსენ. უეცარი მოსხლეტით ხსნის კოლოფს. შიგ მოზრდილი პაკეტია. ზედ აწერია ქართულად:

„ირუბაქიძე“

ვაჟი კითხულობს გვარს და ხალიბის რკინა აგონდება. ხსნის პაკეტს. მრავალი ხელნაწერი პერგამენტზე. „ხელი“ მარავლნაირი. თუმც ერთი მაინც სჭარბობს: მტკიცე და მკვეთრი.

კითხულობს. ცოტა ესმის. სდგას გარინდული. არ იცის რა ქნას.

შემოდის სარგის პეტრიძე.

არჩიბალდ მეკეში სალამსაც არ აცლის - მიმართავს:

- ბატონო სარგის! საიდუმლო მინდა გაგიზიაროთ. მჯერა - არ გასტეხავთ.

- ვფიცავ: ნინოს ჯვარს - ხახულის ღვთიმშობელს - თამარის ხსენებას - სააკაძის გადატეხილ ხმალს...

- ფიცი არაა საჭირო. აი პერგამენტები. გამაცანით.

- მიბოძეთ...

მანიაკის თვალები აკიაფდებიან. ყვითელი ხელნაწერების დანახვაზე თვითონაც ყვითლდება. მოჰკრავსა თვალს ძველს ქართულს და „გარჩენილ ნერგის პათოსი“ კვლავ აღვივდება. კითხულობს ჯერ თავისთვის. შემდეგ გადასცემს. მაჭიკი სახე წინასწარმეტყველის ცეცხლით ინთება.

„575 წ. ქრისტეს დაბადებიდან. თვე ივლისი. გარდაიცვალა თავადი ირუბაქ ირუბაქიძე. თავის გვარი ქალდეიდან გამოჰყავდა. სიტყვა „ირუბაქ“ ქალდეური ძირისაა. უნდა ნიშნავდეს ხის კორძს: საკუთრივ ძელქვისას. თვითონ არავის უმხელდა. ხოლო ზოგიერთმა იცოდა: კორძი იგი ცეცხლია ხის. ხანდახან გახელდება დაძარღვული და აინთება. ხე იწვის და თვითონაც იფერფლება. სხვა ხეს ცეცხლი - კორძში ანთებული - არ ედება. თავადი იყო ახოვანი ტანად. ლამაზი თვალად. ცხვირი ჰქონდა ორბული. შუბლი - ღია და მაღალი. ბაგე თხელი და შვეტი: ქალწულური და თან სასტიკი. თვალები გველის სიშავის წყალში რომ იმალება. ცქერა - განზე. კაცს გვერდით უქცერდა: კაცის იქით იხედებოდა ორჭოლი მზერით. ჰქონდა ნათელი. იცოდა საიდუმლო სწავლანი. საკუთრივ - მოსე და პითაგორ. უყვარდა უფრო მოსე. იყო სულით ფიცხელი და გულით ჩვილი: როგორც მოსე. იცოდა ენები: ჰებრაული და ბერძნული. უყვარდა უფრო ჰებრაული. ბევრჯელ უთქვია: ღმერთებს მარტო ჰებრაულით თუ დაელაპარაკები. ღიმილს მის სახეზე წლობით ვერ ნახულობდენ. როცა გაიღიმებდა - ნათელს ჰგვრიდა: ბავშვს ემსგავსებოდა. ცრემლი მის თვალზე არავის უნახავს. მაგრამ ამბობენ: ხშირად ბავშვები ნახვრეტით შეიხედავდენ მის ოთახში. ნახულობდენ: იგი სტიროდა. ეს ხდებოდა დიდი გახარების ჟამს. სთხზავდა ლექსებს. სულ მოსეზე მღეროდა. ხშირად უთქვამს: არ არის ხილვა უნათლესი სინაჲსა. არ არის გახელება უფიცხელესი მცნებათა დაფის დამსხვრევისა. არ არის ხალხის დაურვება უძლიერესი ორმოცი წლის უდაბნოში ხეტიალისა. არ არის წყევა უსაშინელესი ისრაელისა. არ არის წინახილვა უუშურდულესი მესსიის აღთქმისა. ხშირად იგონებდა მოსეს გახელებას და წყევას: „ისრაელმა უღალატა თავის ღმერთს - და განიბნიოს იგი ოთხი ქარით ზეცისა“. მაგრამ თანვე დაუმატებდა: სიკვდილის წამს მოსეს მაინც გაულბა გული და თქვა: „შეხედეთ ისრაელს! ოდეს მოვა ჟამი - მარადი მოგივლენთ თქვენ წინამეტყველს ჩემსავით. პირში ჩაუდებს სიტყვას და იგი გეტყვით თქვენ ყოველს - რასაც მარადი დააბარებს მას“. ბოლოს მის სიკვდილსაც მოიგონებდა და იტყოდა: არ არის დაღველი უმძაფრესი აღთქმულ ქვეყნის არხილვისა თუ ვერხილვისა. არ არის კაცი უმარტოესი. არ არის სიკვდილი უსაშინლესი: მოსე თითქო გაჰქრა. ლექსებს თავადი ხმამაღლა წარმოსთქვამდა. ზოგმა ეხლად იცის ნაწყვეტები ზეპირად: დაწერილი არ დაუტოვებია. უყვარდა მეწამული ფაშატი მოყვანილი უდაბნოდან. როცა განრისხდებოდა ცხენით გავარდებოდა: ეშინოდა თავის სიფიცხის. კეთილი კაცი იყო. სძაგდა ტყუილი. იყო თვითონ მართალი. მკერდის შუაგულს ხალი ჰქონდა: მზის ნიშანი. გვარის დაღიაო - ამბობდა. უყვარდა ფერი: ყვითელი - ლურჯი - წითელი. უფრო ყვითელი. უყვარდა ვასაკა - ღმერთს რომ ადიდებს ნაწვიმარზე ყაყანით ხეზე აცოცილი. უყვარდა ხილვა: რქანაყარი გველი რომ იხდის პერანგს ცხელ რიყეზე. უყვარდა დიდი შუადღე. მაგრამ თანვე ეშინოდა მისი. მოკვდა გაჩერებულ მზეში: დიდი მუხის ძირას მიეძინა“..



* * *

არჩიბალდს სუნთქვა ეშვება.

სარგის თითქოს შეშლილია.

- მეორე..

გაისმის ვაჟის ხმა.

სარგის კითხულობს.



* * *

„წმ. გრიგოლ ხანძთელის დროს ცხოვრობდა ვინმე ირუბაქიძე. სახელად რადამე. კაცი ახოვანი. ფიცხი. გადამლახველი. ცოლი ჰყავდა ლამაზი. მტრები დაედევნენ ერთხელ. რადამე და მისი ცოლი ცხენებს მიაჭენებენ. ცოლი ორსული იყო. ვეღარ შესძლო ცხენი ჭენება. „მომკალ“. ეუბნება ვაჟს. „როგორ“ მიუგებს ქალს. „უკეთესია მოვკვდე ვიდრე მტრებს ხელში ჩაუვარდე“. - „მერე?!“ - „შენ გადარჩები“. ვაჟი ყოყმანობს. შორიდან მოისმის ცხენების თქარათქური. ვაჟი იძრობს ხანჯალს. ჩაჰკრავს. დაჭრილს მდინარეში გადაისვრის. ვაჟი გარბის. მტრები მისდევენ. ვაჟი გადარჩება. გაივლის ხანი. რადამეს მოახსენებენ: სასიკვდილო ჭრილობა არ ყოფილა: ცოლი გადაურჩენიათ მეთევზეთ. რადამე გახარებულია. გამართავს ლხინს შავი ზღვის პირას. ცოლი მოვა. დაინახავს თუ არა შორიდან - რადამე იკივლებს საშინლად (ხომ გაიმეტა მაინც ერთხელ!). ბედისწერას გრძნობს. მოახტება თეთრ ტაიჭს. გააჭენებს. ცხენით მომავალ ცოლს ბეჭედს გადაუგდებს. ცოლი დაიჭერს. ქმარი ტაიჭს ზღვაში შეაგდებს: ინთქება. ცოლი ჯერ გაოცებულია. შემდეგ - თვითონაც გადაჰყვება“...



* * *

- შეჩერდით ცოტა.

არჩიბალდ ღელვას ვერ იკავებს.

სარგის გაალმასებულია.

- ეხლა სხვა წაიკითხეთ.

სარგის კითხულობს.



* * *

„ჟამობის ხანს ეწვია ივერიას წმ. მამა იოვანნე: ბერი წმ. ათონიდან. ნახა სამშობლოში: შური-უნდობლობა-გაუტანლობა. ეტკინა გული. ამბობენ: წყევაც წაცდა. გაემგზავრა ისევ ათონს. იქ ამცნეს: ესპანიაში ქართველებიაო. წავიდა სანახავად. ეს ამბავი შეიტყო ვინმე ირუბაქიძე თავადმა. გაემართა თვითონაც იქითკენ. უნდოდა წმ. იოავანნეს ფეხები დაეკოცნა. გზაზე გაიგო: მამა იოვანნე შუაგზიდან უკან დაბრუნებულიყო. ირუბაქიძემ დააპირა ათონისაკენ წამოსვლა. მაგრამ უეცრად ესპანიის ნახვა მოესურვა. გაემგზავრა. შემდეგ - ათონს მიაშურა. საქართველოში აღარ დაბრუნებულა“...



* * *

არჩიბალდ მეკეში გაგუდულია.

სარგის პეტრიძეს ხმა ღალატობს.

თრთოლვით იღებს რვეულს.

კითხულობს დატეხილი ხმით.



* * *

„ვინმე თავადს ირუბაქიძეს მეწამული ფაშატი ჰყავდა - უდაბნოდან გამოგზავნილი საჩუქრად. თავადი ფიცხი იყო და ამაყი. თუმცა გულით ჩვილი და თვინიერი. ფაშატზე თავადის გარდა არავინ მჯდარა. მოხდა - რომ თვითონ ნათელმა სთხოვა ცხენი: დიდმა თამარმა. თავადს ფერი ეცვალა. ვერავინ გაიგო: გახარების იყო თუ წყენის. ცხენი გაუგზავნა. მეორე დღეს ფაშატი უკან მოგვარეს. გადასცეს თამარის მადლობა, თავადს ფერი ეცვალა. ვერავინ გაიგო: ლაღობის იყო და წყრომის. ფაშატი მომყვანთ უკან გაატანა. თამარს გაუკვირდა. თავადს შეუთვალა: როგორ მივიღო - როგორც საჩუქარი თუ როგორც უკადრობა. თავადმა გადასცა: როგორც დედოფლის გულმა გადასწყვიტოს“...



* * *

არჩიბალდ მეკეშს სიმძიმე ეხსნება.

სარგის პეტრიძეს ღიმილი ეპარება.

იღებს სხვა რვეულს.

კითხულობს.



* * *

„1250 წელი. ღვინობისთვე. მოხდა საკვირველი. საქართველო აიღეს მონღოლებმა. ყველა დაემორჩილა მათ. არ დაემორჩილა მხოლოდ ერთი კარდუ: ნაშიერი დიდის თავადის ირუბაქ ირუბაქიძის. კარდუ მეგობარი იყო სარგის ჯაყელის ციხისჯვარელის. მის სამთავროში ესვენა ჯვარი ვაზის. მონღოლები მიადგნენ სამთავროს. კარდუ გაუმკლავდა. მონღოლების მეთაური კარდუს მხარეს გადავიდა. ამბობენ მოსწონებოდა ლალლა - წმ. ნინოსადმი შეწირული ქალწული. მონღოლები უფრო გამხეცდენ. გახელდა მანგუ-ყაენ. დასჭრეს გადასული მეთაური. გიმმირ: კარდუს ვაჟი - დაიკარგა. მოღალატემ გასცა საიდუმლო ტასის-კარის. კარდუ განრისხდა. აიხიზნა მთელი სამთავრო. მიდიან სადღაც. მიადგენ უფსკრულს. კარდუ ჰკივის გახელებული. მის ცრემლს პატარა ბავშვი მოჰკრავს თვალს. გავარდება. მონახავს ვაზის ჯვარს. მოაქვს ლტოლვილებთან. გაოცდება. ხედავენ: ჯვარს ლერწები აუყრია და ლერწებს მტევნები აუსხამთ. გადახვეწილნი ატორტმანდებიან ზექვეყნიური აღტაცებით. ხედავენ თვალთა ზმანებას: გიმმირ წითელი ცხენით მოიჭრება. იკივლებენ და უფსკრრ“...



* * *

- არ გააგრძელოთ!

ჰკივის არჩიბალდ მეკეში.

სარგის - ცახცახით.

- მხოლოდ მინაწერი.

- წაიკითხეთ!

კითხულობს

„კარდუს მკერდის შუაგულზე ხალი ჰქონდა: ნიშანი მზის. ბავშვი დალლასი იყო - კარდუსგან. გიმმირ არ დაღუპულა. ლაშარს ეძახიან“...



* * *

დუმილი. სიცარიელე.

არჩიბალდ მეკეში მზედაკრულს ჰგავს.

სარგის პეტრიძე ცრემლიან თვალებს აცეცებს.

ხელები უკანკალებს.

გადის ნახევარი საათი უხმოთ. შემდეგ არჩიბალდ მობრუნდება და უსიტყვოდ უჩვენებს - აიღოს კიდევ რომელიმე სხვა პერგამენტი.

სარგის იღებს. კითხულობს.



* * *

„მეთოთხმეტე საუკუნეში ცხოვრობდა ვინმე თავადი ირუბაქიძე. კაცი ფიცხი და კეთილი. ჰგავდა სახით და ხასიათით ძველს ირუბაქიძეს. სწერდა ლექსებს. ერთი ლექსი გადარჩა დაღუპვას - „ირუბაქიძის ხასა“. უყვარდა მასაც მოსე და პითაგორ. მკერდის შუაგულზე მასაც ხალი ჰქონდა: მზის ნიშანი. ამბობდა: მისი გვარი მზის თესლისაა: მზესავით ცხელი - მზესავით ნათელი - მზესავით გახელებული - მზესავით მართალი. ოდეს სიკვდილის მოახლოება იგრძნო - გავიდა აივანზე. აივანი გადაჰყურებდა თვალუწვდენელ ველს. ველზე თაველაუყრელი სიმინდის ლუში ტბა ირხეოდა. დახრილი მზე მეწამულ მურებს ტბის ტბორებზე შვავად უშვებდა. ირუბაქიძემ იგრძნო სიკვდილი - და კედლიდან უეცრად ხმალი ჩამოვარდა. ხალიბის რკინა ორად გადატყდა. ირუბაქიძემ იგზნო უჩვეულო: თითქო მასში გვარის ხერხემალი გადაიმსხვრა. სიკვდილის წინ თვალუწვდენელ სივრცეს საშინელი სიტყვა გადაჰკივლა: სიტყვა „მამალი ცეცხლის“ ქალდეველთა. ამ დროს თავლაში წითელი ფაშატი აბორგდა. მოსწყდა ბაგას და გარეთ გავარდა. თავადი ხედავს: რომ ცხენი გახელებულა და ცნობს - დაიღუპება. ფაშატს თავადის ხასა დაედევნება: ჩერქეზი ქალი თმაწითელი. ცხენს ქამანდით დაიჭერს. მოახტება უბელოს და მდინარისკენ მიუშვებს გააფთრებულს. ყანა უფენს მას სილუშეს და მზე აყრის მას მეწამულს. ხოლო გაშლილი თმა ქალისა მოწყვეტილი ვარსკვლავის ღელეს გააყოლებს. ირუბაქიძე ტკბება თითქო - და ერთი კიდევ გადასძახებს: მოვა დრო და საუკუნეებში ჩემით იმღერებს ვინმე. ქალწული ცხენით ხრამზე გადაიჩეხება. ირუბაქიძე დაეცემა მოკვეთილი“...

- არ გააგრძელოთ!



* * *

ჰკივის არჩიბალდ მეკეში.

სარგის - ცახცახით:

- მხოლოდ მინაწერი.

- წაიკითხეთ.

კითხულობს: „ირუბაქიძეს ყავდა ორი ვაჟი: მაყა და ჩოლაყა“.

- გაიმეორეთ კიდევ...

- მაყა და ჩოლაყა...

- მაყა და ჩოლაყა...

- არ გახსოვთ რომ გითხარით: მაყაშვილი და ჩოლაყაშვილი აქედან წარმოიშვნენ..

- მაყაშვილი...

არჩიბალდის ხსოვნაში რაღაცამ იწივლა.

დუმილი. სიცალიერე.

არჩიბალდ მეკეში მზენაკრავს ჰგავს.

სარგის პეტრიძე ცხელებიან თვალებით ლანდებს იჭერს.

ხელებში - ცახცახი.

გადის უხმოდ ნახევარი საათი თუ მეტი.

არჩიბალდ ეკითხება.

- ნეტავ ლექსი აქ არის?!

- აქ უნდა იყოს.

სარგის ეძებს. ნახულობს.

- წაიკითხეთ.

კითხულობს.



* * *

„ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები - 
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით“...



* * *

არჩიბალდ მეკეშს სუნთქვა უადვილდება.

სარგის პეტრიძეს სიხალისეც ეწვევა.

- იქითა რვეული რაღაა?!

- ეს ახალია...

არჩიბალდ თვალს მოჰკრავს მამის „ხელს“.

- წაიკითხეთ...

სარგის კითხულობს.

არჩიბალდ შიშია მარტო.



* * *

„მე - თამაზ მაყაშვილი. გადმოხვეწილი საქართველოდან. ვწერ ბოლოსიტყვას. მეც ხომ ირუბაქიძე ვარ. ჩვენი გვარი ბოლო საუკუნეებში კახეთს დაბინავდა - იყალთოში. მოედვა სენი: ბნედა და შეშლილობა. მამა ჩემი იმერეთში გადასახლდა: საირმეს ახლო. იქაც გაჰყვა უბედურება. მოკვდა მამა ავი სენით. დედა ჩემი გადაჰყვა ძეობას. მომიკვდა ოთხი ძმა და სამი დაჰ. მათში: ერთი ძმა მტერს შეაკვდა და მეორე ცხენით ხრამში გადაიჩეხა. დებში: ერთი ქმარმა მოჰკლა და მეორე ავმა ზნემ გააქრო. დავკარგე სამი ვაჟი და ორი ქალი. ცოლიც ძეობას გადაჰყვა. დავრჩი მარტო. დამრჩა ოთხი წლის ვაჟი. მომადგა გადაშენება. გავყიდე მამული: გარდა ეზოსი სახლით და საჯვარეთი. მოვაშურე ევროპას: საცა ყმაწვილობაში ვსწავლობდი. მყავდა სიყრმის მეგობარი ლორდ კ-რტ. ევროპაში ვაჟიც თან წამოვიყვანე. სახელი „არჩილ“ არჩიბალდად შევუცვალე. გვარად მეძახდენ - „მაყაში“. „მეკეშად“ გადავაკეთე. სევდა აქაც მკლავდა: რაღაც აუხსნელი. მომენატრა საქართველო. მოვისურვე დაბრუნება. ვეღარ გავბედე. შემდეგ: ვაჟი მეგობარს ჩავაბარე. ის უპატრონებს. დავუტოვე 30.000 სტერლინგი. მე კი მივალ ბასკეთის მხარეში. თუ მოვრჩი - შვილს ვნახავ. მკლავს სევდა საქართველოსი. გული იხსენებს ლამაზ ნ---ს...“



* * *

გაქვავება ცრემლებით.

- ეს რაღაა?!

სარგის იღებს პატარა ბოხჩას.

გახსნის. შიგ: მიწის ნატეხი.

გაკვირვება.

- საქართველოდან გადახვეწილებს თან მიჰქონდათ მისი მიწა.

სარგის გარბის არეული.

არჩიბალდის ქვითინს რა დაანელებს.


მამალი ცეცხლი

არის ცეცხლი მამალი
და არის...
ქალდეური თქმა

დღეს პორტრეტისათვის ვერ იმუშავებს.

დასავლით დიდი ქვის ბჭეა ქალაქის. პატარა ბიჭები ჯოგს მორეკავენ. ჯოგი მოიზლაზნება და მოაქვს ავსილობა და დანელება.

არჩიბალდ მეკეში სასეირნოდ მიდის.

ჯოგს გადახედავს. ავსილია ჯოგივით თვითონ.

ხოლო დანელება?!

ცეცხლი დაფლულია ნაღვერდალში. გარედან მხოლოდ - ფერფლი და ნაცარი. ცეცხლის საოცარი სახელი „ირუბაქიძე“.

ხსოვნას სდაღავენ უცხო სიტყვები და საქმენი:

რადამეს გახელება. ესპანიაში გადახვეწა. სიამაყე (თუ სიყვარული?!) ნათელი თამარის წინ. კარდუს ექსტაზი. ჭდეულია ყველა ეს და მოშვილდული დიდის ირუბაქიძის დანელებით და უკანასკნელი ირუბაქიძის ყივილით.

ხასიათში: სიფიცხე და ჩვილობა. წვა და დაუდეგრობა.

და ყველგან - „მამა“.

რომლის სახელი ცეცხლის ნალებით სდაღავს ტვინს.

ასეთი ცხელი ნალები თიმურის გავარდნილს ცხენს თუ ჰქონდა.

ჩაუვლის გვერდით სიპა სალარის სასახლეს.

დღეს ამ სასახლეში „ქალაქთა კავშირის!“ საავადმყოფოა.

დიდი ქვის სახლი ორსართულიანი ბაღითაა გარემოცული. ირგვლივ ერთი ვერსის კვადრატზე: მაღალი გალავანი თიხისაგან ნაშენი. შიგ ხეივანი - ალვის ატყორცნილი ხეებით გაწვდილი.

ჩაუვლის გვერდით დიდ ჭიშკარს.

ჭიშკართან გამოდის ვამეხ.

„ალლან“ გაიქცევა და ეგებება როგორც საყვარელ მეგობარს. მეგობარსაც ალერსით ხვდება.

სალამი.

არჩიბალდ უღიმის. პირველად გახსნილ შუბლს მოავლებს თვალს. თითქო უჩვეულო ხაზი დაინახა: არჩიბალდს ჩრდილი გადაუარს. წყენის - თუ...

ვამეხ უმალვე ცნობს - რომ შეხვედრილი მას ათვალიერებს. გრძნობს უხერხულობას. თავს ღუნავს.

მიდიან ქალაქის გარეთ. დუმილი.

- „საირმე“ სად მდებარეობს საქართველოში?!

- ფერსათის მთების კალთებზე..

- ფერსათის მთების...

(ხომ არაფერი გახსენებია?!)

- იმერეთის და სამეგრელოს გადასცქერის..

- იმერეთსა და სამეგრელოს...

(ხომ არ ახსოვს ბავშვის ცქერა სერიდან?!)

- თქვენ საიდან გაიგონეთ?!

- ევროპაში გამიგონია.. ერთი ქართველისაგან..

ვამეხ იჭვნეულ უცქერს.

არჩიბალდ დაძაბულია.

- „საირმე“ ჩემი მხარეა..

- თქვენი მხარე?!

(რად არის გაოცება ასეთი კუშტი?!)

ვამეხს თვალი მალი აქვს: არაფერი გაეპარება.

- დიახ: ჩემი მხარე.. ჩემი სოფელი მის კალთებზე..

დუმილი. არჩიბალდ ნებას იკრებს.

- ლამაზი მხარეა?!

- ულამაზესი..

კიდევ დუმილი.. (თუ ფიქრები ორი მხრით?!)

- ჩემი სოფლიდან მოსჩანს რიონის თვალუწვდენელი ველი...

- რიონის...

(ხომ არ დაუნახავს თვითონაც: „რიონი“..)

ვამეხს იჭვნეულობა ემატება.

გზას განაგრძობენ.

არჩიბალდ ნებას შვილდავს.

- ლამაზი სახელია „ნინო“..

(ეს რა შუაშია?! ასე შემოჭრილად?!)

ვამეხ - იჭვით:

- რამ გაგახსენათ?!

- ვაზის ჯვარის ამბავმა..

- სარგისმა გიამბოთ ალბათ..

- დიახ..

ვამეხ რბილდება.

- არის კიდევ სხვა ქართული სახელი ქალისა - „ნინოს“ გარდა - „ნარით“ რომ იწყებოდეს?!

(ეს კიდევ რაღაა?!) ვამეხ უნდოთ უცქერს.

- მგონი არაა..

- ან თუ არის: „ნინოსავით“ ოთხი ასოსაგან რომ შესდგებოდეს?!

(რამ ააკვიატა?!) ვამეხ გაოცებულია.

- არ არის..

არჩიბალდ ცახცახს იკავებს. მაგრამ დუმილი უფრო აუტანელია.

- რა ლამაზი სახელია..

- დედა ჩემს „ნინო“ ჰქვია..

- „ნინო“?! დედა თქვენს?!

(რად არის გაკვირვება ასე ცხარე?!)

ვამეხ - უნდოთ:

- დიახ: დედაჩემს..

მხოლოდ ეხლა შეხედა პირდაპირ ვამეხს:

ისევ ის: უშუალო და პირველმიწა.

არჩიბალდ დარცხვა. თავი დახარა.

ვამეხ იგრუზება ოდნავ: ბავშვის გული იჭვნეულია.

კიდევ დუმილი და კიდევ უხერხულობა.

ვამეხ გაიხედავს. განზე ხილნარია. აშიშვლებს ხმალს და გავარდება. და თითქო თავდასხმული მტერიაო - შეუტევს მაჯის სიმსხო ტოტებს. ყოველი მოქნევა ცელავს ტოტს და ისვრის ტოტს: ერთს - მეორეს - მესამეს - მეოთხეს - მეხუთეს.

არჩიბალდ უცქერს. ეხლა დატკბობით.

ტანი აწურული. მაჯა ჭდეული. მკლავი გახელებული. თვალები: ირუბაქიძის ცეცხლს ხომ არ ჰყრიან?!

„ის არის“: ფიქრობს არჩიბალდ.

ხსოვნას მამის უკანასკნელი სიტყვა სწვავს:

„გული იგონებს ლამაზ „ნ...ს..“

ვამეხ თითქო გადაირია: ვეღარ ჩერდება.

არჩიბალდ უახლოვდება:

- ღონეს სინჯავთ?!

- არა: ხალიბის რკინას..

- მძაფრი ცეცხლი გქონიათ...

- რკინა მაგარია და ბასრი..

და გაშიშვლებულ და გაშვეტილ რკინას სიამით დახედავს.

ჩააგებს ქარქაშში. მშვიდდება.

კიდევ დუმილი.

- პონტო გაგიგონიათ?!

- შავი ზღვა?!

- დიახ!.

- როგორ არა...

- პონტოს მაგონებთ...

- როგორ?!

- დაუგდეთ ყური..

ძველ დროში ერთხელ პონტოს მარცხენა ნაპირას მიადგნენ მეზღვაურები. აქ ცხოვრობდენ ამორძალები. ქალებმა ახალ-მოსულნი ტყვეებად აიყვანეს. თვითეული მათგანი მიაკრეს ბაგას. უნდოდათ: შემდეგ სკვითებისათვის მიეყიდნათ. ერთ ამორძალს და ერთს ტყვეს შორის სიყვარული დაიბადა. ქალმა სთხოვა თავის დაჰს - ამორძალთა დედოფალს - არ გაეყიდნათ უცხოელნი. დედოფალი დასთანხმდა. უცხოელნი დარჩენ. შეეთვისენ ამორძალებს. ისწავლეს მათი ენა. მოუთხრეს ქალებს საკვირველი ამბავნი. ამბავთა შორის - ერთიც: რომ მათ გვერდით გაუარეს კუნძულს საცა ტაძარია და დიდი სიმდიდრე. მეზღვაურებმა იცოდნენ ხომალდის კეთება: სახომალდო ხეებით კი განთქმული იყო ამორძალთა მხარე. გააკეთეს ხომალდები. აიყვანეს ცხენები ხომალდებზე და გასცურეს. მიადგნენ კუნძულს. უბრძანეს უცხოელებს: ხეები მოეჭრათ ტაძარის გარშემო. დაიწყებს ჭრა. მაგრამ წალდები უკანვე ხვდებოდათ. მაშინ ამორძალები თვითონ დაეცენ ტაძარს. მაგრამ უეცრად ახილლეს გამოვარდა - (ტაძარი იყო მისი). ცხენებს დაეცათ შიშის ზარი. დაწყვიტეს ლაგმები. გადმოაგდეს ქალები. დაიწყეს მათი სრესა ფლოქებით. ფაფარი აეყარათ მაღლა და ყურები აეცქვიტათ. დაგლიჯეს ქალები. გამოშიგნეს. იწყეს ჭამა. დაძღენ მუცლებით. შემდეგ - გახელდნენ სისხლით დამთვრალნი და გავარდენ კუნძულის კიდურზე. უეცრად გახედეს ზღვის ზედაპირს. ცხენებს ხმელეთი ეგონათ. გადაცვივდნენ. ავარდა ქარიშხალი. ხომალდები ერთმანეთს ეხეთქნენ. დაიმსხვრენ... ასე მოგვითხრობს ფილოსტრატე თავის „Hეროიცუს“-ში..

არჩიბალდ ღიმილით უცქერს ვამეხს.

- საშინელი გახელება: არა?!

- გახელება დიდია.. მაგრამ მე..

- როცა თქვენ ტოტებს სჭრიდით - ეს გახელება მომაგონდა. ასეთები მხოლოდ ამორძალთა მხარეში იბადებიან. ფიცხელი ხართ...

- საირმეში ეხლაც ბევრია სახომალდო ხეები.

- მაგრამ შავი ზღვის პირად ამორძალები აღარ არიან..

- ჩვენ ხომ ვართ?!

თითქო წასცდა ვაჟს - შერცხვა.

- თქვენ ხართ და ხალიბის რკინაც თქვენია..

არჩიბალდ იღიმება. ვამეხს სიმძიმე ეშვება.

იღებს ხმალს. დაატრიალებს. ისმის ფოლადის შხუილი.

დაუშვებს. გახედავს „შვეტია კოდალივით“.

ჩააგებს ქარქაშში.

გაიხედავს: ეს ვინ მოდის?“

მის წინ ჯარისკაცია ქართველი.

- პეტრიძე მოიყვანეს..

- მერე?!

- ავადაა..

- რა დაემართა?!

- არ ვიცი.. სულ იმას გაიძახის: ვარ სარგის ციხისჯვარელიო.

- საწყალი..

ვამეხ მირბის: დაავიწყდა ამორძალებიც და გახელებაც?!

„სარგის ჯაყელი ციხისჯვარელი“ -

ჰაა: ეს პერგამენტზე ეწერა.

ფიქრობს არჩიბალდ.

ნუ თუ ცეცხლი გადაედვა?!

შორიდან ვამეხს უცქერს მიმავალს:

„ის“ არის: უშუალო - ცეცხლი - ალეწილი.

მაგრამ მანიაკი: სარგის ციხისჯვარელი?!

და ფიქრობს ისევ ის ცხელი ნალები მოაწვენ.

„ცეცხლი მამალი“ ძველ ქალდეველთა -

აქ არის ალბად შუაგულში. წვა შორეული. დაცილდება: ყოველ საგანს - ყოველ არსს - ყოველ მოვლენას. საკუთარ „მესაც“. ყვინვა და ჩაძირვა სიღრმით და სიგანით: შორსშორს - ზესკნელში თუ ქვესკნელში. მზის დიდი გაჩერება ბიბლიისა. ფოთოლის ურხევლობა. გარინდება და გაქვავება: გალხობა და გადნობა. „პიროვანის“ დაკარგვა. გაქრობა ყოველ „მაიის“ და ხილვა „ერთის“ - რომელიც ყველაშია როგორც „მამა“ წარმომშობი: სულისჩამდგმელი და ამმოძრავებელი.

ჰააა: სადაა ამოცანა ევგიპტის პროფილის და ეგვიპტის სტილის. იქ იყო ნამდვილი მზერა „მამალი ცეცხლის“. მისთვისაა მისი პროფილი ასეთი უძრავი და ასეთი შორსწასული. სახე - მუმია. გაქვავება ყოველის: რადგან - მარადში გადასული - შტერდება. პირამიდები. ქვაბულები. სასაფლაოები. მუმიები. მენაჰპტები. რამზესები. - რადამესები. ქვები - ქვები - ქვები. უძრაობა ყველგან. უსიცოცხლობა?! სიკვდილი?! არა: ხილვა ზენაარ ცოცხალის - და თვალების გაგანიერება. ხილვა სიკვდილის - და მზერის გაშტერება. გაქვავება „მამალ ცეცხლიანი“ თვალის.

და თან რა სიმკვეთრე და სიმაგრე!..

არჩიბალდს აგონდება:

კონსტანტინეპოლის ერთ მუზეუმში ორი სარკოფაგია თითქმის ერთმანეთის გვერდით. ერთი ჰელლენური და მეორე ეგვიპტური. პირველეი მარმარისაა: ნათელი და ლამაზ სხეულებით ნაკვეთი. მაგრამ რბილი და მქრალი როგორც თვითონ თეთრი მარმარი. მეორე ქვისაა. არა. კაცი ვერ გამოიცნობს: არის იგი: ქვის - რკინის - თუჯის - ბრინჯაოსი - თუ სხვა რამის. კაცს ჰგონია: თუჯის ქვა თუ ქვის რკინა. მომწვანო: მაგარი - ხავსისფერი - მზედაკრული. ფორმით: უზარმაზარი გველის თავი. არა: ამას ვერ დაამხობს მიწის კატასტროფაც: ასეთი მაგარია და მკვეთრი.

ეხლა თვითონ გუნება:

ჰელლენურ სარკოფაგთან სიკვდილი თითქო თამაშია და სიცოცხლე. აქ კი შიში და საიდუმლო.

არჩიბალდ მიდის. თითქო ვიღაცას მიჰყავს.

ეხლა ისევ ის წინაპარნი.

ისინიც იწვოდენ ალბათ ამ ცეცხლით.

ისინიც იცნობდნენ ხომ ატეხილობას და დაყუდებას.

სახლს უახლოვდება.

ხანდახან ტაბა ტაბაჲს ლანდი გაურბენს:

ისიც ხომ უძრავია და გაქვავებული. ნამდვილი ეგვპტელი.

მაგრამ ეგვიპტის პროფილში ხასიათიცაა პიროვანი...

პოტრეტისათვის...

და ტერრასაზე ქალი ხვდება..

არის ცნობა. დიდი პითაგორ კროტონში პროზერპინას საფლავთან მოსწავლეებს ერთ საღამოს საიდუმლო სწავლას გადასცემდა. უეცრად მის წინ ქალწული დავარდება. ლამაზი ტანი მარჯვედ ასხმული. მკერდი: ნდომით აბორცვილი. თვალლურსა და კუშტი. პითაგორ ხედავს: საკმაოა სათუთი შეხება - და ქალი დაიღვრება სისავსისაგან. „მაღალო! დიდო! მიხსენ სიყვარულისგან: რომლიც წვავს სულს და ნთქავს სხეულს“. პითაგორ ერთს კიდევ გადახედავს. არას ეტყვის. მაგრამ შემდეგ - სცენა მეორდება მეტის აღვსილობით და მეტის გახელებით. პითაგორ ეხლა ჩახედავს თვალებში ჭირვეულს და იქ მარად შეუღლებას ამოიკითხავს. ეს იყო ქალწული თეანო. იგი გახდა პითაგორას ცოლი. პითაგორ მაშინ სამოცი წლის იყო.

არჩიბალდ მეკეში მისი ნახევარი ხნის თუ არის.

მის წინ ოლგაა. როგორც ქალწული თეანო.

ასეთი დაძაბული ვაჟს იგი ჯერ არ უნახავს.

აქ არის ცეცხლი.

ხოლო არა „ის“: შუაგულში მყოფი.

არამედ სანაპიროზედ მოხეთქილი.

აქ თვითონ ნაპირია -

რომელსაც ესაა წყალი გადმოხეთქავს.

მთელი ყოფის ერთ მორგვში მოქცევა:

ერთი თვალი. ერთი მზერა. ერთი გული. ერთი ფეთქვა.

ნაპირი და პირი. პირი და სახე. კონკრეტი:

აი ეს - ამ წამს რომაა და სხვა წამს სამუდამოთ გაქრება.

„მაჲა“: უკანასკნელ რხევამდე.. მისი თვალი და მისი ჯადო.

ტალღა: რომელსაც თუ დალევ - (პეშვით ვერ დაიჭერ).

ჰაა.. ფიქრობს არჩიბალდ..

ეს სხვა ცეცხლია: პიროვანი..

ეგვიპტის პროფილი პიროვანიცაა..

მაშ: ორი ცეცხლია: პორტრეტისათვის..

ოლგა ჰამაკში გაიკვალთება.

შემოდის ტაბა ტაბაჲ.

ხედავს არჩიბალდ. ეგვიპტური სახე შორსაა თითქო.

მაგრამ ეს ციალი გოგირდისფერი თვალების?!

აქ თითქოს ორივეა: „ისიც“ და „ესეც“.

- ვნახე..

იძახის თავისთვის არჩიბალდ.

ტაბა ტაბაჲ გაკვირვებით:

- რა ნახეთ?!

- ეგვიპტის პორტრეტის საიდუმლო.

- „მამალი ცეცხლი“: არა?!

- კიდევ სხვა ცეცხლიც..

ტაბა ტაბაჲ ღიმილით მთვარის ხორკლებს ჰყრის.

„ალლან“ ჰამაკთან აზმორებს განართხული.

ოლგა გასუდრულია.


ინტერმედია 

მენჯილმა ქარი იცის.

არჩიბალდ მეკეში ტელეფონთან მიდის გაბრუებული. მენჯილის ქარი სხვანაირია. თითქო სხეული სადღაც დარჩენია მეკეშს და ლანდი მიღოღავს მისი სივრცედაკარგული.

სპარსეთის კლდეებში - ტელეფონი: გეოგრაფიული ანახრონიზმი. ტელეფონი სივრცის ძლევაა - მაგრამ ტელეფონით საუბარში სპარსეთის სივრცეების სუნთქვა იკარგება. კიდევ კარგი: რომ ტელეფონი სიფხიზლეა, არჩიბალდ მეკეში თავის სხეულს ნახულობს.

მენჯილის ტელეფონი ყაზვინის ტელეფონს უერთდება.

- ჰაა: ტაბაჲ ხან!.

- სერ არჩიბალდ!.

- როდის დაბრუნდით?!

- გუშინ..

- ახალი?!

- თქვენ სახელზე დეპეშაა..

(ვისგან?! ოლგასგან?!)

- გახსენით ვისგანაა?!.

- ვამეხისგან..

(ვამეხისგან..)

- რას იწერება?!

- „გთხოვთ მეწვიოთ რამოდენიმე დღით სოფელში. ყურძნის კრეფა იქნება. ნახავთ საირმეს. მაცნობეთ დეპეშით წამოსვლა. ბაქოში დაგხვდებით. უარს არ მეტყვით“.

(ყურძნის კრება. ვამეხ. საირმე. საქართველო).

არჩიბალდ სდუმს.

- წახვალთ?!

(არჩიბალდს ვიღაცამ ხელი თუ ჰკრა).

- წავალ..

- როდის?!

- დღესვე..

- როდის დაბრუნდებით?!

- ათ დღეში მანდ ვიქნები..

- კეთილი მგზავრობა..

- ნახვამდის.

ტელეფონის ტარი ჩამოეკიდა.

არჩიბალდსაც გული ჩამოეკიდა თითქო. ეხლა სხეული აქაა - მაგრამ ლანდი მისი სხვაგანაა. გული ტოკავს: თითქო უნდა ლანდს დაეწიოს.

ავტომობილი მზადაა.

არჩიბალდ მეკეში მენჯილის ქარს სცილდება.

ქარი უკან რჩება თანდათან.

ქარის შენელებულ ზუილში მოსჩანს -


„მზის კევრი“:

ნათელი ხვითო. დაყვითლული სივრცეთა გუგა.
ღია ზაფრანა. ყარამფილი. მტევანი ფალლოს.
საძროხეს სუნი. ატეხილი მოანგრევს პალოს
აკვრივებული ტანმაგარი ზანგელა ბუღა.
ხურუში თესლი მატერიის და ავი ხორცი.
ღვრია სურნელი. ვნების ტეხა. ტიტველი ხვატი.
ცეცხლის ძუძუებს გამეტებით წოვს მრუში ხვადი -
კეთროვან ტანზე დაღვენთილი ლუესის ლორწით.
მირაჟის კვართი. ლურსა ცქერა. ზმანება ცხელი.
უგონო თვლემა. ფლეგმა ზანტი და წვეთის დახლა.
უძრავ ჩვენებად ილენჩება თვით პანის ახლო
ჩაყუდებული ნირვანაში წითელი ცხენი.
მარადი ქცევა. სახე მასკა. უპადჰი ძველი.
გადგომა განზე. ირონია და ძლევა თავის.
მეორედ შვება ვეღარ ითმენს ხავოან ქავილს
და იხდის პერანგს ცხელ ქვიშაზე რქიანი გველი.

ქარის ზუილი ინთქება შორს.

მზის კევრზე მოსჩანს აქლემი - როგორც -


„უდაბნოს ქიმერა“:

აყუდებული. ულაზათო. ორკუზიანი.
ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბუში.
ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.
უცხო. უთვისო. მატანტალა. შორიგზიანი.
ამპარტავანი. ნელი. დინჯი. თავაზიანი.
მოდუნებული მეოცნებე შორეთის მურში.
მორცხვი. კეკელა. მოალერსე. მუსუსი. მრუში.
გახუნებული მაგრამ მაინც მარად მზიანი.
საოცარია შენი ზანტი მთქნარებით თვლემა -
მზეთა გალხობით რომ მოთენთა უდაბნოს რთველმა.
ქიმერის თავის ღიმით გასცქერ ალმურს კომლიანს:
თითქოს გესუნთქვის არაბეთის ამწვარი ნარდი.
და უშნო ცოხნით ოდეს ერთვის მელანქოლიას -
დორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი.

კევრი ილეწება. ქიმერა ჰქრება.

არჩიბალდ მეკეში მიეშურება საქართველოსაკენ.

გავაზის თვალი

და პირგაგუდული დიდი საწნეხელი -
ყურძნით გალეშილი ლუში გველეშაპი.
„მიწის სჯული“.
ცხრამუხა

შორიდან რომ შეხედავთ - ერთი ხე გეგონებათ დიდი.

მიუახლოვდებით: ცხრა მუხას დაითვლით.

ცხრა ძმას ხუთმეტ ალაბის დიამეტრზე წრე გაუკეთებიათ.

ძმების ჰასაკი ას წელს გასცილდება.

ტანი დაკორძილი აქვს თვითეულს: ალბად გამძლეობისათვის.

მუხებს წვერვალი არ აქვთ: თვითეულს საკუთარი. მათ მხოლოდ ტოტები აქვთ. საცა ტოტები იწყებენ აყრას - იქ მუხებს ჭრილობა ემჩნევათ. ეტყობა: ოდესღაც გადაუბელიათ. შემდეგ აყრილი ჩქოლი ტოტები განგებ გადაუწვენიათ: რომ მუხები ერთიმეორეს გადაზრდოდენ. კორძიანი და დაგრაგნილი მკლავები ცხრა ძმის ერთმანეთს ჩახვევიან. დაცილება მათი მიწისძვრას თუ შეუძლია. ერთიმეორეზე გადაჭდობილ ტოტებს თავის მხრით ტოტები აუყრიათ მაღლა: როგორც აიყრის ერთი ხე. ხედავთ: ძირს - ცხრა ტანი ცხრა ძის და მაღლა - ერთი გუნდი ერთი მუხის.

მუხის ფოთოლი სქელია. ფოთოლიც ფოთოლს ეკვრის. ცხრა მუხის წრე ტალავარია. მზის ჩქერი ვერ სჭრის ცხრა მუხის ტევრს. მზე კონცხზე გარჩენილა. მსხვილი რკოები სცვივიან ხადახან.

მზით ამეწამულ ტევრის ქოჩორზე ჭიჭინობელა სიცხის მაყრულს აბამს.

შუადღე თავდება.

ცხრამუხის ტალავარში სიმღერა გაისმის ქვესკნელის გუგუნით:

ჭურის მრეცხველი ჭიჭინობელას ბანს თუ ეუბნება.

გრილოშია ჭურის თავი.

მუხებს გორაკი აურჩევიათ. აქ წვიმა არ გაჩერდება: ღელედ ჩაივლის.

მიწა ზედა ფენში მოშავოა. ქვედა ფენებში - მოყვითალო. ბოლოში - კირიც მოსჩანს. მიწა არანესტიანი: ხმელი და ხურვალი.

შიგ ჩაკირულია მრავალი ჭური. ასჩაფიანი. სამოცჩაფიანი. ორმოცჩაფიანი. ოცჩაფიანი. ათჩაფიანი. ხუთჩაფიანი.

ჭურის მრეცხველი ასჩაფიანშია. სარეცხელი უჭირავს ორტარიანი. ხეხავს დაჟინებით და მღერის: მეორე მრეცხავი ორმოცჩაფიანს თავს ადგას. ჭურის თავზე ფიცარია ნახვრეტიანი. ნახვრეტში მრეცხავს ტარი გაუყრია გრძელი. ტარს ბოლოში მოგებული აქვს სარცხელი. ისიც ხეხავს ჭურს. ისიც ღიღინებს.

განზე მესამე დგას. სჭრის ბლის ტყავებს დალბობილს.

ახალ სარცხელს ამზადებს.

პატარა ბიჭს აყალო მიწა მოაქვს.

მეორე ბიჭი ამ მიწას ზელავს ფეხებით.

ეს მიწა ჭურის დასაგნისია.

მესამე ბიჭი რეცხავს სარქველს: პრკე-მოდებულს.

ჭურისთავი ღობეშემოვლებულია. მესერის სარებზე აქაიქ ცხენის თავებია ჩამოკიდებული. ცხენის თავებს ორშიმოები მისდევენ. ზოგი დიდი: ერთ თუნგ ღვინოს დაიტევს. ზოგი მომცრო: ქვევრისათვის. ზოგი რგვალი. ზოგი წოწოლა. ზოგი გამობერილი. ზოგი შეფერდილი.

ცხრამუხის წრე არაა სრული: ერთი მხარე სწორი ხაზით გადაიჭრის. აქ გაწოლილია გრძელი თუჯისფერი საწნეხელი დაჭრილ გველეშაპივით.

საწნეხელიდან მოსჩანს ვაზნარი დაზნექილ და დაფენილ სერზე.

ვენახის ფოთლებს ხმობა შეჰპარვიათ: შაბიამანის მური გოგირდში გადადის.

მოაქვთ მტევნები ყვითელი და მოშავო.

მოაქვთ კალათებით და გიდელებით.

მეტი წილი ქალია და ბავში.

საწნეხელის გვერდით ქალია შავებში. პატარა ბიჭებს ფეხებს ჰბანს. ფეხები ხტიან სიამით. ქალის ხელებისაგანაა ეს სიამე თუ ცივი წყალისაგან?! ქალს ხელები ხმელი აქვს დაშოთილი და დაშვეტილი. წყალი ანკარაა და გრილი. არა - აქ სხვა სიამეა:

ბიჭების ფეხები მტევნების წნეხვას ელიან.

ბიჭების თვალები ილესებიან: მტევნების მარცვლებს თუ ედავებიან.

ქალი წელში იმართება. ტანი - მაღალი. თავზე - თავსაფარი უბრალო. სახე - მშვიდი: მოგრძო თვალს სევდა ემჩნევა ოდნავ. თვალები: თითქო არ იძვრიან. თვალებში: შავი ფერი ლურჯათ მოკიაფე. ფუგურა ხმელი, ასეთი სახისაა ქართული ხატი მარიამის.

- ბიცოლა ნინო! ბიცოლა ნინო!

- ჩაგვიშვი საწნეხელში: ბიცოლა ნინო!

- ჯერ ადრეა: მამას დაუცადეთ.

- აი მამაც!.

- მოდის მამა..

ნიკოს სტუმარი მოჰყავს.

სტუმარს წვერი ჩიჩილაგასავით აქვს.

- კაი მოსავალი გქონია: ნიკო..

- არა უშავს..

ნიკო წყლიანი თვალებით ნახევრად ავსილ საწნეხელს გადახედავს.

- მამა! მამა! მამა!

- ჩაგვიშვი საწნეხელში..

- ცოტა მოიცადეთ..

ბავშვები ფეხებს იწმენდენ ტილოთი.

სტუმარი მტევნებს სინჯავს.

- ცოლიკოური უფრო მარჯვედაა..

- წელს ციცქამ უფრო ივარგა. აბა ნახე..

- კრახუნა რას შობა?!

- კრახუნა გადამიშენდა.. ცოტა დამრჩა..

- არა კი?!

- ცალკე მინდა დავწურო..

- საფერე რას გიშობა?!

- საფერეც გადაგვარდა..

- მაღლარი?!

- მაღლარმა წელს მოიკეთა..

- ალექსანდროული?!

- ვერც მაგას დავემდურები..

მოაქვთ ყურძენი: ყვითელი და მოშავო.

მოაქვთ კალათებით და გიდელებით.

საწნეხლის მუცელი ივსება.

- მამა! მამა! მამა!

- ჩავალთ საწნეხელში!

- ჩადით!

ბიჭები საწნეხელში გადახტებიან.

ფეხები ხალისობენ. წვივები კრთიან.

მტევნები იწყებენ ცრემლვას: მაგრამ სიხარულით.

საწნეხელი ილეშება დაწურულის ტბორით.

ტბორს მოაქვს სურნელი - (არის ქვეყანაზე რაიმე ამ სურნელის სადარი?!).

ჭიჭინობელა უმატებს ჭიჭინს.

ჭურის მრეცხველი ამოდის ჭურიდან.

მეორე მრეცხველი სარცხელს ასწორებს.

მესამე ბლის ტყავებს ალაგებს დაჭრილს.

ნიკო ნინოს მიმართავს:

- აბა რძალო! კარგი სადილი!

ნინო მიდის უსიტყვო.

ოცი წამი - და პატარა ბიჭი ძლივს მოათრევს კალათს:

კეცზე შემწვარი ქათამი. წვენი - ისრიმისა და მაყვალის. ისრიმი - გვიანი ყურძენის. ჭადები: ვაზის თუ ნიგვზის ფოთლებში გამოცხობილი. ღვინით სავსე დოქი ნეშოთი თავდაცმული: ახლად ამოღებული წყაროს მუცლიდან. ჭიქა. ჭინჭილა. კულა.

მუხების ქვეშ: სიგრილე ხავსიან კლდეების.

მუხების თავზე: მზის მარცვლების აჯეჯილება და ჭიჭინობელა.

რამდენი ახსოვს ცხრამუხას ასეთი სადილი?!


სარიდან -

ჭურისთავიდან ცოტა მოშორებით ნიგვზები ამართულან.

ნიგვზები მუხებს ედავებიან სიდიდით. ჯერ კიდევ არ შეხმიათ ფოთოლი.

აქაც მაღლობია და სიგრილე.

ნიგვზების ქვეშ სიპი გრძელი ქვებია გადაგებული: საჯდომად.

ერთს ქვაზე მოხუცი ზის და ჩიბუხს წევს.

ფოთლები ნელად შრიალობენ. ალბათ მათ უსმენს. თუ განვლილ ხანას იგონებს?!

მოხუცის წინ ოდაა: მაგარი მუხისგან ნაშენი. ფიცრები სქელია: თითქო დამორილი ძელები.

ოდას უცქერს მოხუცი.

აქ ნიკო ცხოვრობს: მისი უმცროსი შვილი ცოლით. შვილებით. აქვე ცხოვრობს ნინო: ქვრივი მისი შუათანა ვაჟის. ქალით და ვაჟით.

მოხუცს შვილი აგონდება უდროვოდ დაკარგული. გული არ ტკივა - (უკვე ხანგადასულია) - გული ტკივილს „იგონებს“.

მოხუცი მოსწევს ჩიბუხს. გააპურჭყებს.

ეხლა გვერდით გაიხედავს. მოშორებით - ოდა. კიდევ მოშორებით: კიდევ ოდა. იქით: ასეთივე ოდა. სულ ბოლოს: ისევ ოდა.

მოხუცის გული იღვენთება: ეს ყველა - ნაშიერია მისი.

ბოლო ოდაში მისი უმფროსი ვაჟია. იგი სამოცი წლის იქნება. მას ჰყავს შვილები და შვილიშვილები. დანარჩენ ოდებშიაც მოხუცის ვაჟების უჯახობაა. შვილები და შვილიშვილები მრავალი.

მოხუცი მხრებში იმართება.

ჩიბუხის ტარი ამაყად უჭირავს. გააპურჭყებს.

თვალებს მოადგენ თვალები - (გაღვიძებული გონის).

მოხუცი ჩურჩულობს. თუ ითვლის:

ამდენი ვაჟი. ამდენი ქალი. ამდენი შვილი. ამდენი შვილიშვილი. ამდენი შვილიშვილიშვილი. ამდენი გათხოვილი. მათი შვილები და შვილიშვილები.

მოხუცი იღიმება: ბედნიერია.

მაგრამ: რამდენია მაინც?!

მოხუცი ითვლის: „ჰე სიბერე“: ვერ მოთვალა.

ნუ მოთვლის: ხე - მამა მაგარია ხომ?!

და მოხუცი ცხრამუხას გახედავს:

ცხრამუხასავით მაგრადაა გვარში მოხუცი.

სწევს ჩიბუხს და ისევ აპურჭყებს.

სარიდან გვარმაგარი გლეხია: ლაშხი.

(აქ ფილოლოგიას აქვს გამონაკლი: „გლეხი“ აქ „გლახას“ ენათესავება. სიტყვის მორფოლოგიის შელახვა).

სარიდანთან ბავშვები მიცვივდებიან.

ზოგი ფეხში ეცემა. ზოგი ხელში. ზოგი ზურგში.

- ბაბუა? მამამ აბედი გამომატანა შენთვის..

- ბაბუა კაჟი მოგიტანე.

- ბაბუა: კვესი ვინ გაგიკეთა?!

- ბაბუა: ეს დანა მჭრელია?!

- ბაბუა: ფეხსაცმელი გაგხევია..

მოხუცი გაძვალებულ ხელს უსვამს ბავშვებს. ეალერსება. უღიმის. ბავშვებიც ცქრიალობენ.

სარიდან ეკითხება თვითეულს: ყურძენი ბევრი ჭამე? - სიმინდის ტარო გემრიელია? - ლურსა როგორია? - ალია დაჭედეს? - ბელეშამ ხბო მოიგო?

ბავშვები ეხვევიან მოხუცს.

- ეხლა წადით!.

ბავშვები გაბრიან ჟივილხივილით.

სარიდან დგება. ჯოხს იმაგრებს ოთხმოცდახუთი წლის მოხუცი. ჯერ კიდევ მაგრადაა. მიდის ნელა. ფეხებიც მაგრად აქვს.

ჩასუქები წუღები აცვია. მიდის ნელა.

გაიხედავს ოდის განზე. თვალებმა სინათლე უკლო?! მაინც არჩევს: დაქურჩულ ტაროებს და მათ ყვითელ ხვავებს.

სასიმინდენი: იელისაგან მოწნილნი თუ შქერისაგან.

ხულა. ბეღელი. თავლა. იქით: ფარეხი. ფარეხთან: ბოსელი. იქვე საღორე. იქვე საქათმე.

მოხუცის თვალებს სინათლე ემატება.

ეს - ერთ ეზოში. სხვა ეზოებში?! კიდევ მეტი. ოთხჯერ მეტი.

სარიდან მხრებში მოხრილია. ეხლა ამას არ გრძნობს.

ხელს ისვამს თეთრ წვერზე: სითეთრეს თხის წვერის სიყვითლე მოდებია. წარბების ბეწოები გაზდილან: შიგადაშიგ შავი ბალანიც ურევია. ყურებიდან თეთრი ღინღი მოსჩანს ბლომად.

მაინც მარჯვედაა. მიდის. ეზო გძელია.

ეზოს ძელქვებია ხუთას-თუ-ათასწლოვანი.

ხედავს ძელქვებს. ფიქრი: „ძელი - ქვა“. მოსწონს მათი სიმაგრე.

აქ მაღლობია აბორცვილი.

აღმოსავლიდან მარცხნით: მთების კალთები ლუში ნისლის ფერი. რა ხე არაა იქ?! ფიჭვი. ნაძვი. მუხა. წიფელა. წაბლი. ურთხველა. ზოგი ასი ალაბის სიმაღლის. ზოგის ტანს შემოსარტყამად ოცდაათი მკლავი დასჭირდება.

მთას - „საირმეს“ ეტყვიან.

მთისა და ძელქვების შუა ხევია გათხრილი.

ხევში: პატარა რუჰ - ნაღველივით შავი. მხოლოდ - კრიალა.

პირი დასავლისაკენ და მარჯვნივ მობრუნება:

ხევი იწურება და იკარგება - (თუ თანდათან ფართოვდება?!).

მოსჩანს დიდი ველი რიონის: სამეგრელომდე და სამეგრელოს იქითაც - გადაშლილი ზღვამდე: როგორც სილაღე - როგორც თარეში - როგორც მუცელი ნოყიერი. ველი - უთვალო: თითქო თვითონ მარტო - თვალი: რომელიც თავისთავს ვერ ხედავს - (სხვა თვალმა უნდა იხილოს).

მოსჩანს არე ქუთაისის კლდეზე მიბჯენილი.

მობრუნება კიდევ მარჯვნით:

თვალის წინ - ყვირილის ველი დახვეწილ ჭალებით: თითქო უზარმაზარი თასი - გაჭიმული და თითქო გაშვეტილ ნავად გადაქცეული.

იქვე: ველი ხანის წყალის.

შერთვა ყვირილისა და რიონისა.

ტყე აჯამეთის: ხედ აჯეჯილი ზურმუხტი.

და ბოლოს - ის ის დიდი ველი: რიონის.

სარიდან ძელქვებთანაა.

გასქცერის: ხეობას - ველს - ჭალას - ტყეს.

ნუ თუ ასე უკლო თვალის სინათლემ?! რისთვისაა ამდენი ნისლი?! აქ ხომ ყოველთვის ანკარაა ცის თაღი და კრიალა?! რადაა სამზირი ასე ახლო?! აქედან სამზირი ხომ შურდული იყო რაინდის მიერ გასროლილი!?

ჰაა: „დაიქცეს სიბერე“ - (სარიდანის ფიქრებში)

თვალებს ცრემლი თუ აწვება.

არა: მგონი ცრემლიც ამომშრალია.

გაიხედავს: ეხლა კიდევ მარცხნით: „საირმე“.

რამდენჯერ ყოფილა იგი აქ სანადიროდ!? რამდენი მოჰკლა ირემი!? რამდენი დასჭრა ნიამორი!? რამდენი კანჯარი!? რამდენი ტახი გარეული!? ვინ მოსთვლის!? მოხუცს თავის ნაშიერიც ვერ მოუთვლია.

მოტრიალდება. მზე ჩადის როგორც ავარვარებული თასი: ჩადის ბნელ საშოში. მიდამოს ეფინება შვინდისფერი მეწამული. მეწამული მთის თხემზე იღვრება. თვალში გარჩენილია ჩასული თასის დაღი და მთისკენ გახედული ლურჯ ხანძარს იჭერს იგი დანელებულს: მზის ჩქერი ქვავდება ლუშად - (რა შეედრება?!).

მოხუცი ხედავს მზის ჩასვლას.

„მეც ჩავალ“ - (მოხუცის ფიქრი ნელია).

რბილდება მოხუცი და სახლისკენ ბრუნდება.

შორიდან ჯოგის ხრიალი მოისმის.

ჯოგი მოიზლაზნება ნაიალაღარი: ავსილი. ხარი - (ნისლა - ლურსა - გიშერა). ძროხა - (ბელეშა და მურეშა). ცხენი - (ალია და ლურჯა). კამეჩი. ცხვარი. მოზვერი. უშობელი.

მოიზლაზნება ჯოგი.

წყალს ასმევენ. ივსებიან მუცლები და ილესებიან.

ხარი ძროხას აედევნება. ბიჭი შეუძახებს და ხარი განზე გავარდება. ჯოგის ტანი შეირხევა. ხარი ხარს ეცემა რქებით. ბიჭი შეუყვირებს და ხარები ერთმანეთს სცილდებიან. ჯოგი ტორტმანობს. განზე კამეჩი გაიბუღრავებს. მტვერი დგება. ძროხა ბღავის. უშობელი ღმუის. უშობელი ჯიქანში ეცემა ძროხას: იწყებს ჯიქნას. ბიჭი მივარდება და ხელით აცილებს. ჯოგი ზმორებით მოზოზავს.

მზე უკვე ჩასულია.

ჯოგი ფარეხს მოადგება. შედის. ბინავდება.

ქათმებიც მიდიან ხეებისკენ - (უფრო ხშირია ბია).

ემზადებიან დასაბუდრებლად.

ჟივილი ნელდება: თითქო შორსაა - (ინთქება).

ხრიალი ცოტავდება: ცხრება.

საღამო იბინდება.

მუქი ლილის ფერები არეს ეფინებიან.

მოხუცი აივანზე ადის დანელებული.

მყუდროება და მიყუჟება.

სარიდან მიიყუჟებს.


ვამეხ და არჩიბალდ -

სარიდან აივანზე ზის. ეყვინთება.

სოფელში ძაღლის ყეფა გაისმის: შორს.

ყეფა აღრმავებს სიჩუმეს. მოხუცი წამოდგება.

„მურა“ გარბის ყეფით ჭიშკარისკენ.

მოხუცი მოაჯირს ებრჯინება. ყურს უგდებს. ესმის სხვა ყეფა. „მურა“ გამორბის ნიგვზებისკენ აძურწული: ყეფაში - შიში. „მურას“ მთელ სოფელში ძაღლი ვერ ერევა. ძაღლის შეეშინდა?! რომელის?! მოხუცს უკვირს უცხო ყეფა ხმამაგარი.

- ვინა ხართ?!

ეზოში ცხენების თქარათქური გაისმის. უცხო ყეფა წყდება.

- ბაბუა! ბაბუა!

ათას ხმაში იცნობს მოხუცი ამ ხმას.

- ვამეხ! შვილო!

ვამეხს „მურა“ ელაქუცება. ძაღლს თავზე ხელს უთათუნებს ვაჟი. ცხენს აბამს. მიაბამს არჩიბალდის ცხენსაც. ავარდება აივანზე. არჩიბალდს ხელში „ალლან“ უჭირავს.

- ბაბუა! ბაბუა!

ეხვევა. ჰკოცნის.

- ვამეხ! შვილო!

- მობრძანდით არჩიბალდ!

არჩიბალდ ადის. „ალლან“ გვერდით ჰყავს.

სახლიდან გამოცვივდებიან: დედა ნინო - ბიძა ნიკო - ნიკოს ცოლი - ნიკოს ბიჭები.

- ეს ყმაწვილი ვინაა?!

გაისმის ხრიალში მოხუცის ხმა.

- ჩემი მეგობარი.. სპარსეთიდან..

მცდელი თვალები უცხოელს სინჯავენ.

- შვილო! ვამეხ!

ეხვევა დედა.

ბიჭები ფეხშიშველები ფეხებზე ეკვრიან.

ვამეხ ხან ერთს აიყვანს ხელში. ხან მეორეს. ხან მესამეს. ჰკოცნის ყველას.

ერთი ბიჭი „ალლანს“ მოჰკრავს თვალს და შიშით აცახცახებული განზე გავარდება.

- ნუ გეშინია!. დიდი ძაღლია არა?! ორ მგელს გაგუდავს.

ამშვიდებს ვამეხ. შემდეგ - უეცრად:

- მატასი სადაა?!

- დღეს თავი დაიბანა... მთას იშრობს.. ივარცხნის..

ვამეხ მოსწყდება.

არჩიბალდ ნინოს ათვალიერებს.

ვამეხ შევარდება ოთახში. სტაცებს ხელს დაჰს. აიყვანს ხელში. აიგდებს მხარზე. გამოჰყავს აივანზე. არჩიბალდ ხედავს ოდნავ გაშიშვლებულ წვივებს გაშვეტილს. ჩამოუშვებს. მატასი დარცხვენილია.

- ჩემი დაჰ მატასი!. ლამაზია არა?!

პატარა ლამფის სინათლეზე მოსჩანს წარბშეკრული მატასი: როგორც მახეში ახლად გაგებული ბოლოშავი. უცხო კაცს უნდოთ უცქერს. თვალები ელავენ მუქლურჯად. ხანდახან ლალის ალიც გადაჰკრავს - (ეს მხოლოდ ერთ წუთს). ასე ელავენ ღამეში უხედნი კვიცის თვალები. უეცრად მოსხლტება და ისევ დარცხვენილი ოთახისკენ გაბრუნდება. სიტყვა არ უთქვამს.

არჩიბალდ სუნთქავს არეს რომელიც მატასიმ შეარხია:

სურნელი თუ დასტოვა ველური ყლორტის.

სიჩუმეს ისევ ვამეხ არღვევს:

- ხომ კარგად ხართ?!

- კარგად შვილო!. ყველა კარგად..

- ჩვენები როგორ არიან?!

ერთი წუთის დუმილი. ვამეხ უსვენარია:

- როგორ არიან: ბაბუა?!

- ყველა კარგად.. მხოლოდ..

- რა მოხდა?!

- საწყალი ვანო...

- ჩვენი ვანო?! ალექსის ვანო?!

- ომში დაიღუპაო. მოიწერეს..

ვამეხ აღარავის უყურებს. გავარდება.

- ხვალ წადი..

- არა.. ეხლავ..

უკან „მურა“ მისდევს.

„ალლან“ იღრინება. ბავშვები ერთიმეორეს ეკვრიან. არჩიბალდ დოგს გახედავს. დოგი მშვიდდება.

- დაბრძანდით..

არჩიბალდ ჯდება. მდუმარება.

ალექსას სახლიდან მოისმის ხრიალი. „სიხარულია“: ნახვის. მხოლოდ ერთის ხმა „გაცხადებისაა“. ეს დედა უნდა იყოს. კიდევ დუმილი. ეხლა ტირილი მოისმის.

- რად უთხარი ბაბუა?!

- ხვალ რომ მეთქვა: ეწყინებოდა.. ხომ იცი - ვამეხ..

ვამეხ ბრუნდება. სიხარული აღარ ემჩნევა: თუ გაბზარულია.

მას მოჰყვება ბიძაშვილი. ვამეხივით ბრგე.

- მაღლარისათვის თავი ხომ არ მოგიხდიათ?!

- უშენოდ ვინ მოხდიდა?!

- ბატონო არჩიბალდ!. მხოლოდ ორი წამი!.

- ნუ სწუხდებით..

ვამეხ და ბიძაშვილი ჭურისთავისკენ გასწევენ. პატარა ბიჭს ანთებული ჭრაქ მიაქვს წინ.

ნინო სამზარეულოს მიმართავს.

ნიკოს ცხენებისათვის ახალი ჩალა მოაქვს.

მოხუცი არჩიბალდს ათვალიერებს.

ამბობს თავისთვის:

- ფიცხია!. ჩქარია!.

არჩიბალდს ხმა შორიდან ესმის თითქო. ხომ არ სმენია ოდესმე?! სიზმარში თუა.

ფიქრებს მატასი გასწყვეტს. ჩაირბენს კიბეზე და დედათან გაიქცევა. შველის ნახტომი აქვს. ტყვილად არ ქვია ამ კუთხეს „საირმე“.

- სადაური ბძანდებით?!

- ანგლიიდან ვარ...

- ქართული გცოდნიათ..

- ცოტა..

- რა ქვეყანაა „ანგლია“?! აგლიჩანები ხომ არ ცხოვრობენ?!

- მაგ უნდა იყოს..

- ჩვენი თამაზიც აგლიჩნებში წავიდოდა..

„ვინ?“. ჰკივის ვიღაც არჩიბალდის ტვინში. აღრჩობს კივილს.

ნეტავ ვინმე მოვიდოდეს. ჰაა: ეს ვამეხის ბიძაა ნიკო.

მაგრამ ნიკოს ლაპარაკი არ უყვარს.

ისევ მოხუცის ხმა.

არჩიბალდს ეშინია ბაასის გაგძელების.

მაგრამ ხმა ნიკოსკენაა:

- ცხენები თავლაში დააბი.. კარგათ მოუარე..

- ჯავრი ნუ გაქვს..

მოხუცი იწყებს რაღაცას. მაგრამ ვამეხ უკვე მოდის.

- მაპატიეთ ბატონო არჩიბალდ..

- რა სათქმელია..

სუფრას გაშლიან. არჩიბალდ ხან ნინოს უცქერს და ხან მატასის. ეხლა პატარა ლამფას წყევლის - (წეღან კი ლოცავდა): ვერ არჩევს კარგად. სუფრას უსხდებიან. ვახშმობენ. არ არის არც ნინო და არც მატასი.



* * *

არჩიბალდ ოთახშია. ნინო და მატასი ვახშმობის დროს ალბად ოთახს ამზადებენ. ყველაფერი მზადაა. სუფთა ლოგინი სუფთა ქვესაგებელით. მაგიდა. სკამი. ფანჯარა გატეხილია და დიდი ბალიშია შიგ ჩაგებული. კედლებზე - სურათები გაზეთებიდან ამოჭრილი.

შემოდის მატასი. შემოაქვს წყალი თუნგულათი. ტაშტი. საპონი. პირსახოცი. არჩიბალდს უკვირს. წყალს უსხამს. ხელს იბანს.

ყნოსავს ქალის სიახლოვეს. ასეთი სურნელი ახლად აყრილმა ტყემ იცის. კუნთები - დაძაბულობაა (შევარდენის ბარტყის?!).

მატასი გადის. თვალს აყოლებს. ჰო რა ცუდია ეს პატარა ლამფა.

ტანს მაინც არჩევს: თითქო მშვილდი - (მოწეული თუ გასხლეტილი?!). მონადირე ქალის ატეხილობა. აქ ირგვლივ სანადიროა ხომ?! თეძოები ჯერ კიდევ არ გაგანიერებია. მკერდი მთლად არ აბორცვილა.

შემოდის ხელმეორედ. შემოაქვს ტაშტი. თუნგულათი წყალი.

არჩიბალდ გაოცებულია.

მატასი მარტო დარცხვენაა:

- ფეხებისთვის..

არჩიბალდის ხმა იმსხვრევა:

- დასტოვეთ..

- არა.. მე თვითონ.. დაგბანთ..

არჩიბალდ გაშტერებულია.

უეცრად ვამეხ შემოდის. ცნობს გაოცებას.

- ეს ძველი ჩვეულებაა ჩვენი.. სტუმარს ახალგაზრდა ქალი ძილის წინ ფეხებს დაბანს..

- არ შეიძლება არ ავასრულო ეს ჩვეულება?! 

- თქვენი ნებაა..

მატასი გადის. მიაქვს ხელსაწყო.

ვამეხიც ემშვიდობება:

- ძილი ნების..

- გმადლობთ..



* * *

ძილი თუ ღვიძილი?! ზმანება თუ არის..

ორი წლის ბავშვი ფეხს იდგამს. გაიარს. დაეცემა. ვიღაც ხელში აიყვანს ბანგვლიანი და დიდი. ბავშს ეშინია: ეს ხომ თვითონ დევია - (რომ აშინებდენ). ტირის: ეხლა ქალი აიტატებს. მიჰყავს. საით?! რა იცის?!.

წინ რაღაც მაღალია. შავი და დიდი. ხანდახან შრიალი ისმის. ბავშვს ეშინია. ქალი ამშვიდებს: ეს ტყეა. ქაჯები რომაა იქ - (ასე ამბობდენ). არა: იქ ირემია და კანჯარი. ირემი და კანჯარი რაა?! აი: უშობელს რომ ჰგავს.

ბავში აღარ ტირის. ქალს ბავში წისქვილისკენ მიჰყავს. ხრიალი. ბავში ხელს წვდის: უთითებს. იქ სიმინდს ფქვავენ. სიმინდს ფქვავენ?! აი ფაფას რომ აკეთებენ: ფქვილიდანაა. ბავში ნელდება.

„ფაფა!“ იძახის ბავში. ფაფა აქ სადაა?!

გამოდის ვიღაც: იგიც ბანგვლიანი. იგიც ხომ დევი არაა?! აი ვაშლი! ბავში გამოართმევს. გაუვარდება. ჩაგორდება წყალში. წყალს მიაქვს ვაშლი. ბავში ტირის - „დედაა!“.

„დედა წასულია“. „დედა მალე მოვა“.

ბავში მოლზე გაიარს. ჰკივის: ეკალი შეესო?! ქალი ეკალს გამოუღებს. „რა გატირებს“. „ბურთს არ მოგცემ“.

ბავში მზეს გახედავს ჩამავალს. ხელს გაუწვდის. ეს წითელი ბურთია. „ბუ...თი“: იძახის ბავში. ეს რას ამბობენ: ხვალ ქარი იქნებაო. რაა?! კიდევ გახედავს კიდურს. ბურთი აღარაა. „ბუთი“. „აი ბურთი“. აძლევს.

ბავში ამთქნარებს. საღამოა. ქალს მიჰყავს სახლიდან.

ყმაწვილს ტირიფის ჯოხი გაუკეთებია. ახლად გაუტყავებია. ბავშს აძლევს. რა სუნი აქვს?! ჰოო..

ქალს მიჰყავს. აკვანში აწვენს. ბავში ტირის.

„დაიძინე“.. „ნანა ნანინა“.

ბავში აღარ ტირის. ბავში იძინებს.

ძილი თუ ღვიძილი?!

არჩიბალდ ფანჯარაში ლუშ ალიონს გახედავს.

გული ხომ არ ეხუთება?


საჯვარე -

ნიგვზის ჩრდილი: ფართო და გაუვალი.

სიპი ქვის საჯდომი გრძელი.

- ბაბუა ასეთი ხმალი თუ გინახავს?!

- აბა მაჩვენე!.

ვამეხ გაუწოდებს.

- კარგი ხმალია. სად იშოვე?!

- ჩემმა მეგობარმა მაჩუქა..

არჩიბალდ იქვეა აწურული.

- კარგი ხმალია..

მოხუცი თვალს ვერ აცილებს. რკინას სინჯავს.

- თუ გინახავს სადმე ასეთი რკინა?!

- მინახავს.

არჩიბალდ განაბულია.

- სად გინახავს?!

- აი იქ..

მათ პირისპირ სამი ვერსის მანძილზე მოსჩანს სერი.

სერზე ხის საჯვარეა და ძველი სასახლე.

- მაყაშვილის ნამოსახლარზე?!

- სწორედ იქ..

არჩიბალდ შეირხევა - (ამჩნევენ მოხუცი და ვამეხ?!)

- იქ ეხლა მგონი არავინ ცხოვრობს..

- არავინ..

- ბაბუა სარიდან! მაყაშვილი მართლა გადაშენდა?!

- გადაშენდა..

- არა: ერთი დარჩა..

არჩიბალდ გულშია მარტო.

- რა იქნა?!

- უცხოეთს წავიდა..

არჩიბალდის გული ფეთქის შეწყვეტას აპირებს.

- დიდი ხანია?!

- დიდი ხანია..

- მაინც რამდენი?!

მოხუცი იგონებს:

- ჰო: შენ რომ დაიბადე იმ წელს..

არჩიბალდის წინ სინათლე იელვებს ფართო და წამსვე ქრება.

სერისკენ გაიხედავს. ხის საჯვარე და ძველი სასახლე.

მოხუცის ხმა თითქო იქიდან ესმის: ისე შორსაა.

რაღაც აგონდება.

ვამეხ ხმალს გამოართმევს მოხუცს:

- მაშ იქ გინახავს ასეთი ხმალი?!

- სწორედ ასეთი...

- მაყაშვილი თუ გინახავს?!

არჩიბალდ გაგუდულია - (ცრემლები თუ აწვება?!)

- თამაზ?! როგორ არა..

- არჩიბალდის ცალ თვალზე ხორბლის ოდენა ცრემლია.

- როგორი იყო?!

- კარგი.. ძალიან კარგი.. ფიცხი კაცი იყო.. კეთილი..

არჩიბალდ ცრემლს იწმენდს მალულად.

გული აშვებულია - (გულს ვერავინ დაინახავს).

მოხუცი დგება. მიდის ნელი ბიჯით.

ვამეხ არჩიბალდს უცქერს იჭვნეული.



* * *

ბატონო არჩიბალდ! გავისეირნოთ ცხენებით!

სიამოვნებით..

ცხენები მზადაა. მიდიან. „ალლანს“ მატასის უტოვებენ: შეეჩვია.

ჰო ეს ხევი: აქ ქაჯებით აფეთებენ.

ჰო ეს ღელე: აქ წყლის კაციაო - ესმოდა.

ეს გორაკი. ეს ვენახი. ეს ხე: ძელქვის ხე. ეხლა დაპატარავდა თუ?! ეს მიდამო. არჩიბალდ შორსაა - (საუკუნემ განვლო მას აქეთ?!).

კაცი მწოლარე მიდის - (სულ ერთია: ურმით თუ რონოდით) - არ იცის საით მიდის. მაგრამ არჩიბალდ მწოლარე არ არის: იგი ცხენზეა. და მაინც: არ იცის - სადაა. გზნობს რომ შორსაა: ზმანეულ არეში.

ვამეხის ხმით თუ გამოერკვა.

აღმართი. ესეც ჰო: სადღაც.

მიდიან სოფლის ორღობეში.

პატარა სახლები. ზოგი ოდა. ზოგი ქოხი ძელის. ზოგი კრამიტით დახურული. ზოგი ისლით. ბევრი ყავრით - (საირმეში მრავალია საყავრე ხე). ყველგან ეზო დიდი და მორჩილი. აქ საცვლები ჰკიდია. იქ ხარები ტკვერავენ ახალ ჩალას. ბავშვები თამშობენ ძონძებში გახვეულნი. ქალები თავსაფარს ისწორებენ - (როს შეხვდებიან): თუმცა თვალებს უფრო აალმასებენ. აქ ღორის ღრუტუნი გაისმის. იქ ძაღლი ჰყეფს - (ორღობის ძაღლი: ეს ცალკე „რასსაა“). თუ არ შეუტიე - შეურაცხებულად გრძნობს თავს: აღარ მოგეშვება.

არაფერი შეცვლილა - (ეს არჩიბალდის ფიქრია).

ავლეს აღმართი.

დიდი ღობე. ურთხველის სარები ერთიმეორეზე მიჯრილი. ღობე კედელია თითქო. კედლად გაწყობილ სარებს რიგრიგან ორი სარი აკავებს: იქით და აქეთ ჩასობილი. ორ სარს თავები იელით აქვთ ერთიმეორეზე წაკრული.

დიდი ალაყაფის კარი. გააღებენ. შედიან. კარი თავისით იხურება: გრძელი ნამორი აქვს გამობმული და მისი მსხვილი ბოლო დასძლევს.

ეზოში აქაიქ: ცხენის თუ ჯორის ფუნა.

ხის საჯვარე პატარა -

თითქო გაგუდული მეღამურა.

მიტოვებული. გარიყული. დაგდებული.

კელდებზე უთვალავი ობობა და უთვალავი ქსელი.

საცოდავი საჯვარე: როგორც უდაბნოში დაკარგული ლოცვა.

მდუმარება სიკვდილის - (ამ მდუმარებას სუნი აქვს).

საჯვარის პირისპირ: სასახლე. დიდი. ცხრათვალიანი. მაგარი მუხის. თუმცა გადაზნექილი განზე როგორც მოქცეული კისერი. ფანჯრები: ჩამტვრეული ყველა - თითქო თვალებმოთხრილი თუ ჩათხრილი. კარები: ზოგი შელეწილი და ზოგი წაქანებული. სახურავი: დამპალი ყავარი. მრავალ ყავარს ხავსი მოდებია და იფინება მური: თითქო თრთვილი გამწვანებულ თუჯის ფერის.

მდუმარება გადასულის - (ამ გადასულს სუნი აქვს).

ეზოში: ნიგვზები და მუხები.

ნიგვზები და მუხები არხევენ მდუმარებას.

არე - მკვდარი. აქ ალბად მზის სხივი კვდება.

არჩიბალდ გაქვავებული დგას: სიკვდილი თუ იყნოსა.

ვამეხ ღობისკენ იხედება.

ღობეზე აცოცილა ვიღაც. ყბა შეჭრილი აქვს. თვალები მანჭკვალას მიუგავს. თუმცა მანჭკვალას ცქერა გვერდულია და დამცინავი: თანვე გამხვრეტიც. ასეთმა ცქერამ იცის გათვალვა.

უცნობს ხელში შემწვარი ტარო უკავია: ფშვნის და კაკლავს.

ყბები თამაშობენ.

ვამეხ მიმართავს:

- აქ ეხლა არავინ სახლობს?!

- ვინ ისახლებს აქ?!

- როგორ?!

- ეს ადგილი ნაძრახია..

- ნაძრახია?!

- ამ ხეებზე ხშირად წოიო კივის..

- წოიო?!

- ეს ადგილი დაწყევლილია.. აქ ჭინკებიც დარბიან ღამით..

- მერე?!

- აქ ნაშიერი არ ხეირობს.. აქ ნაყოფი კვდება..

- გადაშენდენ?!

- გადაშენდენ..

- ყველა?!

- არა: ერთი გადარჩა..

- სადაა ეხლა?!

- გეიქცა სადღაც..

- გაქცეულს არავინ დარჩენია?!

- ვაჟი ჰყავდა სამი თუ ოთხი წლის..

- სად არის?!

- წეიყვანა თან..

არჩიბალდ რაღაცას ებრჯინება.

- კარგად გახსოვს?!

- როგორ არ მახსოვს! ჩვენი სალომე აწოვებდა ძუძუს.

- რომელი სალომე?!

- კაციას სალომე..

- ცოცხალია კიდევ?!

- ცოცხალია.. ავადაა საწყალი..

- წევს?!

- ლოგინათაა დავარდნილი..

არჩიბალდს ფეხი უცდება თხრილის პირს - (თუ..).

- რა დაგემართათ?!

- ფეხი დამიცდა..

- მართლა წყეული ალაგი ყოფილა..

- კვიმატიანია.. ამ ადგილს არავინ ეკარება..

უცნობი - ხმასთან ერთად ჰქრება.

უვლიან - საჯვარეს გარს - (მკვდარი ფიქრი თუ არის).

საფლავები. ქვები. ზედ წარწერები. მაყაშვილი. მაყაშვილი. მაყაშვილი. ყველგან მაყაშვილი. ჩყ.. წელსა..

არჩიბალდის ფესვები ჰკივიან.

გაიგონებენ ეს საფლავები?!

უახლოვდებიან სახლს. სახლის გვერდით დაქანებაზე დიდი ნიგოზია. ხეს დიდი ფესვი ამოგდებული აქვს: თუმცა ფესვის ბოლო მიწაშია წასული შორს.

არჩიბალდ ფესვს დაეცემა. ახსოვს. არა - : ახლა აძვრენენ პატარა არჩილს ამ ფესვში. ავად რომ იყო - (თუ ახლა არის ავად?!).

ეხვევა ფესვებს.

ვამეხ გაოცებულია.

- რა გემართებათ?!

- უღონოდ ვარ რაღაც..

- წავიდეთ..


გადია -

დუმილი გზაში.

დუმილს ვამეხ თუ დაარღვევს.

- საწყალი თავადი..

- ?!. ?!. ?!.

- ნეტავ სად არის ეხლა?!

- ?!. ?!. ?!.

ან მისი პატარა ვაჟი!?

- !?. !?. !?.

- საწყალი გადია: სალომე..

- !?. !?. !?.

- რა იქნება რომ ვნახოთ. ეგებ უჭირს..

- ვნახოთ! ვნახოთ!

ეს არჩიბალდს არ უთქვამს - (ამას ვიღაც ყვირის მასში).

- გავბრუნდეთ.. თქვენ - ვითომ ექიმი ხართ...



* * *

პატარა ქოხი. ქოხის წინ: წინკარი უფიცრო. წინკარში კედელთან: ლოგინი. ლოგინზე ავადმყოფი ხვნეშის მალიმალ. გვერდზე ქალი უვლის.

- მობრძანდით.

ჩამოხტებიან. ცხენებს წინკარის სვეტებს მიაბამენ.

- დიდი ხანია ავათ?!

- დიდი ხანია.

- ჩემი მეგობარი ექიმია..

- კარქი დაემართოს..

ავადმყოფი ოდნავ წამოიწევს:

ჩაფერფლილი თვალები. შორიდან მოსჩანს კიაფი.

მკერდი ამომშრალი და ჩაფუშული. ხელები: ძვლები.

მომვლელი მიმართავს უცხოს!

- ნახეთ!.

უცხო ავადმყოდს უცქერს. ვერ ჰბედავს მიახლოებას.

ვამეხს თითქოს სურს უხერხულობისაგან გამოიყვანოს მეგობარი.

ავადმყოფს ეკითხება:

- თქვენ აწოვებდით ძუძუს თავადის ვაჟს?!

- მაყაშვილისას?!

- დიახ!.

- ჰოო: რამდენი ხანია მას აქეთ!.

- გახსოვთ?!

- პატარ არჩილ.. ჩემი ბიჭი.. როგორ არ მახსოვს..

- არჩილი ერქვა?!

- არჩილი, პატარა აჩიკო.. ნეტამც კიდევ მანახვა.. საკვდილის წამს.

- ნახავთ.. ნახავთ..

ამას არჩიბალდ არ ამბობს - (ამას ვიღაც ჰკივის მასში).

ვამეხ გაშტერებულია.

ქალი არჩიბალდს თვალებში უცქერს.

- თქვენ...

არჩიბალდმა არ იცის: თუ რით გაგრძელდება ქალის სიტყვა.

მოწყდება საჯდომს და ქვითინით მკერდზე დაუვარდება.

- მე ვარ... მე ვარ... არჩილ...

ეს სიტყვები ეხლა არჩიბალდისაა.

უკოცნის ძუძუებს. ამ ძუძუებმა რძე აწოვეს მას. ეხლა ძუძუები ამომშრალია, რძე სადღა ექნებათ?!

მაგრამ თვალები. ავადმყოფის თვალები.

აქ კი ყველაფერია. ცრემლი. სიყვარული. ძირები. გახარება. აღდგომა. ისევ ცრემლი. კიდევ ცრემლი. ცრემლში ყველაფერია.

- არჩილ! არჩილ!

გამხმარი ხელები ყელს ეხვევიან - (რომელი ტუჩები აკოცებენ ასე?!).

ვაჟის ქვითინი ისმის მარტო.



* * *

ვამეხ დაწინაურდა. ცხენს მიაჭენებს!

არჩიბალდ ჩამორჩა. ცხენი ნელი ნაბიჯით მიდის.

რად დასცილდა ვამეხ?! ეგებ ეწყინა: რომ აქამდე საიდუმლოს უმალავდა?! ვამეხ იჭვნეულისა. არჩიბალდ სწუხს. მიდის აუჩქარებლად.

ისევ ის საჯვარე. ისევ ის სასახლე.

ნიგოზი დაღვრემილია. ფესვი კიდევ უფრო.

გადმოხტება. ცხენს ალაყაფის კარებს მიაბამს. შედის.

ნაძრახი ადგილი?! არა: იგი საშოა მისი. საშოს წყევა არ შეიძლება.

აქ იშვა. ამ ადგილზე. ამ სახლში. აქ მოსჭრა მას ბებია ქალმა ჭიპი. ეს ჭიპი ამ მიწას შეერთო. ნეტავ სადაა მისი ნაწილები?! დაიკარგენ?! გაჰქრენ?! არა. აქ არის: მიწაშია.

ვაჟი იქითაქეთ იხედება: არავინაა - (ევროპელს ეშინია სხვისი თვალის). ნიგვზის ფესვს უცქერს ამოგდებულს. დავარდება მოსხლეტით. აკოცებს მიწას. ფესვში თავს გაჰყოფს და გაძვრება.

წამოდგება ეხლა ხერხემალმაგარი.

ერთი კიდევ დახედავს მიწას და ფესვს.

გამობრუნდება და ცნენს მოახტება. მიაჭენებს.

არაოდეს ასეთი ძალა მას არ უგრძვნია. ტანი აყვანილია უცხო რიტმების მოხეთქით. არავითარი ჯებირი. არავითარი დაბრკოლება. თუ იქნა ასეთი - გაარღვევს და გადალახავს.

ვაჟის ძალა ცხენსაც ედება:

მის ფეხებს აღარ ახსოვთ - ფორხილი განუცდიათ თუ არა.

მაგრამ ამ გავარდნაში: ერთი ბზარი - ვამეხის დაწინაურება.

რად დასცილდა?! ხომ არ ეწყინა: რომ აქამდე საიდუმლო არ გაუმხილა?! ვამეხმა იცის იჭვნეულობა.

არჩიბალდ ნათელშია. ნათელს იჭვი სერავს.

მაგრამ აი - ვამეხ ცხენს მოაჭენებს.

ცალხელში ხელადა უჭირავს: ღვინით სავსე - (მეზობელს გამოართვა?!).

უახლოვდება. შუბლი გახსნილი აქვს. მაშ ტყუილი ყოფილა იჭვი. „კარგი ვამეხ“.

- არჩი..

- ჰო: არჩილ! არჩილ!

- მიწამ ნახა შვილი.. ნიშნად: მისი ზედაში..

არჩიბალდ სვამს ღვინოს.

გადასცემს ვამეხს. ისიც სვამს.

- დაილოცა ამის შემქმნელი..

- დაილოცა.. დაილოცა..

- ცხენებს უახლოვებენ ერთმანეთს. ხელს ართმევენ ერთმანეთს.

ცხენები გაიწევენ.

არჩიბალდ შესვამს მეორედ. გადასცემს ვამეხს.

ვამეხ შესვამს.

- დაილოცოს ამის გამჩენი..

- დაილოცოს. დაილოცოს..

ვამეხ ცლის დოქს. გაისვრის. მოხვდება ქვას. იმსხვრევა.

- რად გასტეხე?!

- რომ სხვა ტუჩები არ მიეკაროს..

- !? !?

- აღარც სხვა ღვინოს ინატრებს..

ვამეხ ცხენს შეაყენებს. გააგდებს. მიაჭენებს.

იშიშვლებს ხმალს. ჩაუქროლებს ხეებს. განზე კოპიტია.

მოუქნევს მკლავის სიმსხო ტოტს. ტოტი ვარდება.

ცხენს მოატრილებს. მიიჭრება არჩიბალდის წინ.

- რა რკინაა.

უცქერის სიამაყით ხმალს.

- მაყაშვილი თამაზ ცუდს რკინას ხელში არ აიღებდა..

- მაშ ეს ხმალი...

- ჩემი მამისაა...

- ვამეხ ეხლა ხმალია თვითონ.

ცხენი ლაგამს ხრავს.


მაჲა -

სიმინდის ხვავი რიყესავით მიჰყრია შქერის წნელისაგან მოწნულ ნალიას. ნალიის ბოძები ურთხველისა აღარ სჩანან. ხვავის თავზე სხედან ბიჭები და გოგოები. მათ შორის - მატასიც. თეთრ ხვავში - სირენაა თითქო ზღვის ქაფში.

ხვავის ძირას ბოძთან სამფეხა სკამი დგას.

სკამზე სარიდან ზის და ჩიბუხს აბოლებს.

მის გვერდით „ალლან“ თვლემს გართხმული.

სიმინდის ხვავი მთვარის ბადეშია.

არჩევენ სიმინდს. ერთ მხარეზე გარჩეულ ტაროებს ჰყრიან. მეორეზე - ფუჩეჩს. ყვითელი ტაროები თითქო კბილებნაყარი ხვითოები. ფუჩეჩი: თითქო აქაფული სადაფები.

სურნელი. სურნელი.

ტაროსი - ფუჩეჩის - ფოჩოსი - ნაქურჩალის.

ვამეხ ბავშვებშია. ისიც არჩევს.

არჩიბალდ ტაროს სინჯავს. ყნოსავს - (პირველად?!).

ტაროს სურნელი ხსოვნაში არ ამოიშლება.

ირღვევა შორეული. მოსჩანან შორეულში ბავშვის ხელები.

(ხელები ტაროს ხომ არ ეთამაშებიან)

ვამეხ სარიდანს არ ეშვება:

- როგორ იყო ქვის ვაჟის ამბავი?!

- რომელი ქვის ვაჟის?!

- მდინარის გაღმა კლდეში რომაა გამოჭრილი..

- ჰოო..

- მართალია?! ნადირს ის ქვა სიმხეცეს ართმევსო: თუ შეხედა.

- მართალია..

- მართალია?! ფრინველს ფრთები ეკეცებაო - თუ ახლო ჩაუფრინა..

- მართალია..

- მოგვყევი ბაბუა სარიდან!.

ეს მატასის ხმაა.

ხმა გაიკრიალებს ვით წყალგადავლებული ამეთისტი.

არჩიბალდ გახედავს.

მოგვიყევი! მოგვიყევი!

იძახიან გოგოები და ბიჭები.

მოხუცი გააბოლებს ჩიბუხს. გააპურჭყებს. ნელი ხმით იწყებს.

- იმ მდინარეზე თურმე წისქვილი ყოფილა.. ძველათ.. უხსოვარ დროში.. მეწისქვილეს - მოხუცს - შვილიშვილი ყოლია თურმე..

- ვაჟი არა?!

გოგოები ილეწებიან. ერთმანეთს ეტმასნებიან.

ფუჩეჩი შეირხევა ერთი და შრიალი წყდება.

- ჰო ვაჟი.. ღონიერი ვაჟი.. უთხრა ერთხელ თურმე მოხუცმა.. შვილიშვილს.. ნუ გგონია შვილოვო: რომ მდინარე ყოველთვის სდისო.. არის ღამეში ერთი წამიო: როცა მდინარეც მიიძინებსო..

- მდინარეც მიიძინებსო?!

ამეთვისტოს კრიალში გაოცებაა.

- ჰო შვილო.. ყველაფერმა უნდა დაიძინოს.. ღამით.. თუნდაც ერთი წამი.. ჰო და: უთქვამს კიდევ მოხუცს.. შვილიშვილისათვის.. ვინც იმ წამს ნახავსო ის ნახავს უცხო რამესო..

- რას ნახავსო?! რას ნახავსო?!

გოგოები ხტიან.

- ნახავს იმასო: რომ მდინარიდან ქალი გამოვაო.. ლამაზიო..

- ქალიო?! ლამაზიო?!

ილესებიან ბიჭები.

- აბაა..

- მერე-მერე..

- მერე და: ვაჟს გაკვირვებია.. შვილიშვილს.. ეს ამბავი..

- მდინარის ძილი.. რაღაც არ მესმის..

ამეთისტოს კრიალი მთვარის შუქზე გაისრიალებს.

- ყველაფერი უნდა დეივიწყო: შვილო.. მაშინ ნახავ წყალის ძილს.. მოხუცს ასე უთქვამს.. აბაა..

- ვაჟმა რასაკვირველია ქალის ნახვა მოისურვა ალბათ?!

იღიმება ვამეხ. მოხუციც იღიმება.

- მოისურვა და მერე როგორ?! ვაჟი თურმე თლა გაგიჟდა. გალენჩებული დადიოდა.. ღამე არ ძინავდა.. ერთხელ მიეძინა მოხუცს.. ძალიან მიეძინა.. მაგრად.. ვაჟი ადგა და აიღო ბადე.. გავიდა გარეთ.. გაყვა მდინარეს.. ღამე მთვარიანი იყო.. მივიდა ერთ ალაგას.. ისროლა ბადე.. არ ამოყვა თევზი.. დაღონდა საწყალი.. მიატოვა თევზაობა.. ავიდა კლდის პირას.. იქიდან მთვარეს მიაჩერდა..

არჩიბალდს ეწვეთება სიტყვა „მთვარე“. გაჰხედავს: მთვარე ცხრომას აპირებს. მოხედავს მატასის. მთვარის ნათელში ქალიშვილის სახეს თოვლის სილურჯე ეფინება.

მატასი ყურს უგდებს გარინდული.

- რა უნდოდა: მთვარეს რომ მიაჩერდა?!

ილეწებიან გოგოები.

მოხუცი ერთს გააბოლებს და გააპურჭყებს.

- რა უნდოდა და: ვინ იცის.. ჰო: დაფიქრიანებული იყო.. თითქო მდინარეს მიჰქონდა.. აბაა.. დაავიწყდა თურმე ყველაფერი.. ერთი ახსოვდა..

- ლამაზი გოგო არაა?!

ხუმრობს ვამეხ.

- ლამაზი გოგო: მაშ.. მარტო ის ახსოვდა.. სიზმარივით ახსოვდა.. ვითომც თვალღია სიზმარში იყო..

- რაა თვალღია სიზმარი?!

ეკითხებიან ბიჭები.

- თვალღია სიზმარი?! ჰო?! კაცს თვალები ღია აქვს თურმე ხანდახან.. მაგრამ ძინავს.. სიზმარს ნახულობს..

- ეს რაღაც სხვაა..

არ ესმით ბიჭებს. არც გოგოებს.

- აი როგორც მატასი: მთვარეს უყურებს და სიზმარს ხედავს..

ძმა ხელს მოხვევს დაჰს. მატასი დარცხვენილია.

- მერე ბაბუა?!

- მერე და: ყმაწვილს თურმე წაეძინა ცოტა.. რული მოერია. ქათქათა მთვარე მდინარეს ეკროდა. ადნებოდა.

არჩიბალდს ეწვეთება სიტყვა „მთვარე“. ეხლა სიტვა „მდინარეც“. გახედავს მატასის: მდინარის ტოტი თუა მთვარით შერხეული.

- მთვარე მდინარეს ეკროდა?!

- მაა.. ეკროდა.. მდინარემ გააზმორა თურმეც.. თვარე ანათებდა.. მდინარე ზანტად მიდიოდა..

- მერე მერე?!

- მერე და: მდინარემ თურმე მიიძინა..

გოგოები და ბიჭები ერთად: ჰააააა..

ფუჩეჩი იშმუშნება: ირხევა და ნელდება.

ტაროები გაშეშებულ ხელებს შერჩებათ.

მთვარე ასხურებს ელამთვალა შუქებს.

- მერე მერე?!

- მერე და: ყმაწვილს შეეშინდა თურმე.. შეკრთა..

- მდინარე?!

- მდინარე შეინძრა თურმე.. აქაფდა..

- ქაფი?!

- ქაფი ქალად გადაიქცა თურმეც..

- მერე მერე?!

- მერე და: ისევ ქაფში გაიშალა.. ლამაზი გოგო.. აბაა..

- ვაჟი?!

- ვაჟი გაშტერდა თურმე.. თუმცა გულს სიამე მოხვდა..

- მერე?!

- მერე და: ისევ მიეძინა.. ცოტა.. როცა გამოეღვიძა..

- რა ნახა?!

- ნახა რომ: თვალებზე ხელები ჰქონდა შემოჭდობილი..

- ვისი ხელები?

ხტიან გოგოები.

- ქალის ხელები?!

ილეწებიან ბიჭები.

- ქალის ხელები.. მაა..

მოხუცი აბოლებს. იპურჭყება.

არჩიბალდს ეწვეთება სიტყვა „მთვარე“. გახედავს მატასის. ტარო ნახევრად გაუქურჩავთ გაშოთილ ხელებს. შვეტი თითები ალერსით მორტყმიან ყვითელ კბილებიან ღეროს.

- მერე მერე?!

- ყმაწვილმა ასწია ხელი.. თავისი.. მარჯვენა.. შეახო ქალის ხელს.. შემოჭდობილს. შიშით შეახო..

(მატასი ზანტად იზნიქება).

- მას მერე?!

- მერე და: ქალის ხელი ცხელი იყო.. ყმაწვილი ვერ ხედავდა ხელს.. ქალის ხელს.. მხოლოდ ხელს ახლებდა.. მისი თვალი თურმე მისი ხელი იყო მაშინ.. ხელით კოცნიდა კლავს.. ქლის კლავს.

(მატასის მკლავები აზმორებენ)

- ჰოოო..

იგუდებიან ბიჭები.

- აბაა..

მოხუცი იღიმება და აპურჭყებს.

არჩიბალდს ეწვეთება სიტყვა „მკლავი“. გახედავს მატასის. მკლავი ნახევრად შიშველია. მკლავში კრთომაა და სურვილი.

- მერე მერე?!

- მერე და: ყმაწვილი შეეკითხა თურმე: ვინა ხარო.. ქალმა უპასუხა თურმე: მე სახელი არა მქვიაო. მე უსახელო ვარო..

- ჰოოო.

- ქალის ხმა ტკბილი იყო თურმე.. ყმაწვილმა შეფიცა თურმე: ამიერიდან შენი ვარო.. ქალმაც მიუგო თურმე.. მეც გნახავ ხოლმეო.. ეს რომ თქვა ყმაწვილმა გაიხედა და ქალი თქაფანით წყალში გადაეშვა..

(პაუზა)

უეცრად ხვავის პირი მოირღვევა - საცა მატასი ზის.

მატასი მოსწყდება კივილით. ფუჩეჩისკენ გადაქანდება.

შიშველი მუხლი მოხვდება არჩიბალდს.

ვამეხ მატასის დაიჭერს. შეაკავებს. ხუმრობს.

- მატასი მდინარის გოგოა უთუოდ..

- ჰა-ჰა-ჰა..

- ფუჩეჩში რო გადაეშვი: მდინარე გეგონა?!

- ხვავი ჩაინგრა და მეც თან გადამიყოლა.

მატასი დარცხვენილია - (შიშველმა მუხლმა თუ იგზნო რამე).

- მერე ბაბუა?!

- მერე და: ყმაწვილი დანაღვლიანდა.. ველად გავარდა თურმე.. გაიჭრა.. დღე ჩეროში ეგდო.. ღამით იმ ნაპრალთან მიდიოდა.. გალენჩდა.. თუმცა ბევრი ესმოდა უცნაური.. ბალახის ზდა ესმოდა თურმე.. აბაა.. ქალის კლავები ახსოვდა.. სულ ქალის კლავები..

(მატასის კლავები იშმუშნებიან)

- ქალის კლავები?!

ბიჭები არ სცხრებიან.

- ქალის კლავები.. მაა..

- მერე?!

- მერე და: ერთხელ წავიდა თურმე იმ კლდის პირას.. ახლაც თვარე იყო.. მიჯდა.. ცოტა მიეძინა.. რული მოეკიდა. გავიდა ერთი წამი თუ საუკუნე: ვერ გაიგო.. რას გაიგებდა?! როცა გამოეღვიძა: იგრძნო რომ გვერდით ის ქალი იყო.. აღარ უხუჭავდა თვალებს.. თუმცა ბიჭი თვალით ვერ ხედავდა.. ბიჭი ბურანში იყო.. თვალებზე ნისლი ქონდა.. ლამაზი გოგო ითრევდა თურმე მას ბნელეთში.. ბიჭი თვრებოდა.. ქალით თვრებოდა.. ქალი თურმე ქვასავით თეთრი იყო და მაგარი.. ბიჭის ხელებში.. ბიჭი ქვას სვამდა თურმე..

- ქვას სვამდა?!

- აბაა..

(პაუზა)

- რა გემართება მატასი?!

ვამეხ უცქერს ნახევრად წაქცეულ მატასის.

მატასი ტანს ისწორებს აწითლული.

(შიშველი მკლავი არჩიბალდის ხელმა იგზნო: შეაჩერა)

- არაფერი: ნიგვზებში ვიღაცა მომეჩვენა..

- აკი ვთქვი: თვალღია სიზმარს ხედავს-თქო?.

- ჰა-ჰა-ჰა..

კისკასობენ გოგოები და ბიჭები.

- მერე ბაბუა?!

- მერე და: ვაჟმა დაუწყო ხვეწნა - სახე მიჩვენეო.. ქალმა მიუგო: მე უხილავი ვარო.. თუ მოკვდავმა მნახა - ძვირაღ დაუჯდებაო. ასე უთხრა თურმე.. აბაა..

- ალქაჯი ყოფილა..

- მაშა..

- მეტი აღარ უნახავს?!

- როგორ არა!.

- რა დაემართა?!

- ვაჟი დამუნჯდა თითქოს.. ხმას აღარ იღებდა თურმე.. აღარც არავის უცქერდა.. არც უსმენდა.. ერთი სურვილი ქონდა მარტო..

- რომ ენახა ჯადოქარი!?

- რომ ჯადოქარი ენახა. მაშა.. წავიდა კიდევ მდინარის პირას.. ისევ მიეძინა ცოტა.. რული მოერია..

- ამდენი ძილი!.

გოგოები და ბიჭები ხითხითებენ.

- მაშ: მიეძინა ცოტა.. რული მოერია..

- მერე მერე?!

- მერე და: მდინარე შეირხა.. შეჩერდა თურმეც.. ბიჭს გამოეღვიძა და ხედავს: რომ წყალმა მკერდი გაიხსნა.. ამოცურდა ქალი ტალღებიდან.. ამოტივტივდა თურმე.. ტალღები ქაფიანი იყო.. ქალი ქაფში იყო თურმე.. ტიტველი..

- ვაჟმა იხილა?!

- ქალმა დაუძახა თურმე: არ შემომხედოო..

- ვაჟმა შეხედა?!

- როგორ არ შეხედავდა!. თვალები დაატყვევა ქალმა..

- მერე?!

- მერე და: უცქერს თურმე ბიჭი.. ქალს მოშავო თმები მხრებზე გადმოეშვა: თითქო მუქი ნისლი.. სქელი.. ელამ თვალებს აალმასებდა: თითქო ლუში ქვაა წყაროშიო..

- ვეღარ შეაჩერა ბიჭი?!

- რაღაც შეჩერებდა!. კიდევ შესძახა თურმე: ნუ შემომხედავო.. მაგრამ თვალები უკეთესს რაღას ნახავდა.. მაშინ ქალმა შესძახა კიდევ: მხედავდე მარადისო..

- მერე?!

- მერე და: ქალი ისევ წყალში გადაეშვა.. გაქრა..

- ბიჭი?!

- ბიჭი?! გაქვავდა..

სიჩუმე.

- მაშ ქვის ვაჟი ის ვაჟია?!

- ის ვაჟი: მეწისქვილის შვილიშვილი..

(პაუზა)

არჩიბალდ ხედავს.

მთვარე: ტიტველი დიაცი გალახული.
ტაროების ხვავი: კბილნახარი ხვითოები.
ფუჩეჩი: აქაფული სადაფები.
არე - მთვარის ბადეში.
შიგ: ხილვა ლამაზის.
ბადე ინთქება: ლამაზი ჰქრება.
ტაროების ხვავზე - მატასი.
ვის უცქერს?! ვის უსმენს?! (თავის თავს ხომ არა?!).
„მაჲა“: ფიქრი არჩიბალდის.
„ალლან“ მთვარეს უღრენს.


მატასი -

ჭიჭკვა სხალი სუროს არტახებით შეფოთლილი.

სხალთან - ხარები. ყველა - შავი: უნიშნო. ალერდს ტკვერავენ ეპიური დანელებით. კუდით ბუზს იგერიებენ.

დიდს ნამორზე ზის არჩიბალდ. ვაზნარს დაჰყურებს.

ვენახი ლუში ტბაა ჯერ კიდევ. შაბიამანი ფოთლებს აფორაჯებს.

ყურძენს კრეფავენ. მრავალი ქალი და მრავალი ბავშვი.

მზე გადახრაზეა. ჭიჭინობელა არ ეშვება ჭიჭინს. ხანდახან ჭურის მრეცხელის გუგუნი მოისმის მიწის გულბოყვიდან.

ვაზნარი იშმუშნება: თითქო შიგ ველური ცხოველია რომელიც ლოშქრიანი ტუჩებით მწიფე მტევნებს დონდლავს.

სარზე ცხენის თავია ჩამოცმული: რომ ვაზს თვალი არ ეცეს.

კისკასი. ძახილი. ჩურჩული.

- მატასი!.

გაისმის დედის ხმა.

- ფოთლებიდან გოგონას თავი გამოჩნდება.

- რა გინდა: დედა?!

- სტუმარს მიხედე..

არჩიბალდს ესმის „ხმა“: სიტყვას ვერ არჩევს.

ისევ ვაზნარს დასცქერის.

მეწამული მადლი მზის. უშრეტი საშო მიწის.

განზე გაიხედავს. მატასი მოდის დარცხვენით. ხელში უჭირავს კალათი: პურის ღეროებისგან მოწნული. კალათი სავსეა ყურძნით.

ტანი აშოლტილი. თავი დახრილი. თმა ერთ ნაწნავად ჩაშვებული: მკლავის სიმსხო. თმის ფერი: „საირმეს“ მუქი ნისლი. ან და: მუხის სქელი ფოთოლი: მოშავო. თვითონაც - ფოთლები: გადაბელილ მუხაზე ახლად აყრილი ტოტების ფოთლები: ხალასი და ცინცხალი.

- მიირთვით!

გაუწოდებს კალათს.

ისევ ის ხმა: კრიალა ემთისტო: ახლა შემკრთალი.

- გმადლობთ..

არჩიბალდ გამოართმევს. თვალები ზომავენ გოგონას.

მატასი მორცხვობს. შეკრთება. თავს ამართავს. გამოიხედავს:

თვალები მოშავო. შიგ ლუში ქვა სრიალა.

„მაჲა“: აგონდება არჩიბალდს. უქცერს „მეტად“.

მატასი უეცრად გატრიალდება. ვისა ჰგავს? დიდი თამარის წამწამები აქვს - (ასე წყობილი წამწამები მარტო საქართველოშია). მაგრამ თამარის ცქერა ნელია. აქ კი ატეხაა უცხო. ვის აგონებს?! ჰო: ირაჰშანდას. მაგრამ ირაჰშანდას თვალები სევდაა შორეული. აქ სიხალისეა კრიალა. ირაჰშანდაში მთვარე თუ დადნა. მატასის ტანზე მზე თუ იწვის.

ისევ ასეთ მოდის. თეფში მოაქვს.

- ამაზე დაალაგეთ..

- გმადლობთ..

არჩიბალდ მტევნებს ამოალაგებს.

- ამ ყურძენის სახელი?!

- რქაწითელი..

- ამ ყურძენის?!

- ციცქა..

- ამის?!

- კრახუნა..

არჩიბალდ ხან მატასის უცქერს და ხან მტევნებს.

- რა კარგი მტევნებია!.

- წელს კიდო არ არი კარქი..

მატასი აღარ მორცხვობს.

- კიდევ უკეთესი მოდის?!

- უკეთესი..

მატასის ხმა ახლა გაბედულია.

გაიხედავს: მოდის ვამეხ. მატასი მსწრაფლ ვენახს მიაშურებს - (შერცხა?!).

- ჰაა: ვამეხ!

- მატასიმ მოგართვათ?!

- დიახ.. რა ლამაზი დაჰ გყავთ: ვამეხ!.

- ჩემი დაჰ თქვენი დაჰც არის..

ვამეხ იღიმება. არჩიბალდ გზნობს უეცარ სიამეს. შემდეგ - რაღაც აგონდება. კრთომა ემჩნევა. კიდევ სხვა რამ აგონდება. ეხლა სიჩქარით:

- ვამეხ: აი ათასი მანეთი.. გაგზავნეთ სადმე სანატორიაში..

- სიამით.. ჰოო.. რა გაუხარდება საწყალს!.

- ჯერჯერობით ეს იყოს..

(პაუზა)

- ვამეხ! ვამეხ!

გაისმის ხმა სარიდანის.

- აქა ვარ ბაბუა.. ეხლავ მოვალ..

ვამეხ მიდის. არჩიბალდ ვენახს გადახედავს. იქ მატასი იმალება ფოთლებში. „თქვენი დაჰც არის“. დაჰ არის მართლა?! არა. ეგების ქალია: გულში რომ შეიჭრა?! არა. ეგებ მეგობარი?! არა. არც დაჰ - არც სატრფო - არც მეგობარი. და იმავე დროს: დაჰც - სატრფოც - მეგობარიც. უნდა მოინახოს სხვა სიტყვა და სხვა სახელი. ეგებ იფიგენია?!

ისევ მატასი ჩნდება. ავსილი კალათი ჭურის თავისკენ მიაქვს.

არჩიბალდ გაუდგება. დაეწევა.

- მე წამოვიღებ კალათს..

- არა: მე თითონ..

- უარს მეუბნებით?!

არჩიბალდ იღიმება. მატასის სიქუშე ეხსნება. დარბილებით:

- წაიღეთ..

მატასი წინ გარბის. არჩიბალდს კალათი მიაქვს.

მდის საწნეხელთან. ჩაჰყრის ყურძენს.

მატასის ხაპი უჭირავს ხელში: „ტკბილით“ სავსე.

- მიირთვით..

ხმაში უცხო ხმაა..

- გმადლობთ..

- ახალი დაწურულია.. ტკბილია..

- გმადლობთ.

გამოართმევს და შესვამს. ეხლა არჩიბალდ თვითონ ავსებს ხაპს.

- ეხლა თქვენ დალიეთ..

- მე ბევრი ვსვი..

- მე რომ გთხოვოთ..

მატასი ხაპს ართმევს. სვამს. თვალებზე ნისლი გადაურბენს. ლუში ქვა ფართოვდება და სველდება. მატასი მოსწყდება. გარბის ვენახში.

არჩიბალდ განზე მიდის.

ჰოო: ეხლა მოაგონდა. დიდი კარდუ და წმ. ნინოს კულტი. მატასი ნინოს ჰგავს უფრო. ლურჯთვალა ქალწული: სავსე ქალობით. შეყვარებული ივერიაზე. მის მიწაზე და ვენახზე. ვაზის ნასხლევიდან ჯვარს ჭრის. ვაზს ცრემლები მოსდის - (სიხარულით?!). ცრემლებს შეუშრობს თმებით. ლერწებს თმები იამებათ. ნაწნავს მოიკვეცს და მოახვევს ლერწებს. მატასი - ნინოა. თუ დახატა მატასი - ნინო იქნება.

გაიხედავს. კიდევ მატასი. ეხლა - დედის გვერდით.

დედის სიმაღლეა. ალერსით უცქერს დედას.

რად არ იცინის დედა?! ან ღიმილი რად და გადაჰკრავს მის სახეს?! ან რად სდუმს მუდამ?! ქართული ხატი მარიამის ასეთია.

არჩიბალდს შორეული ფიქრი მოიცავს:

ეგებ ესეც სიყვარულით იგონებდეს გადახვეწილს - (მამას?!).

არჩიბალდ ფიქრს კლავს.

მიდის ძელქვებისაკენ. იქ მოხუცი სარიდანია. იქვეა ვამეხ.

- მაშ ხვალ მიხვალთ?!

მოხუცის ხმაში ტკივილია.

- ხვალ უნდა წავიდეთ..

მიუგებს ვამეხ.

- გული რაცხას მეუბნება..

- რას?!

- გული ცუდსა გრძნობს..

- რას?!

- რომ ვეღარ გნახო.

- ბაბუა?! სარიდან ბაბუა?!

- ჰო შვილო..

- არა.. არა.. ბაბუა სარიდან.. შენი დღე გრძელია..

- გრძელსაც ბოლო აქვს..

არჩიბალდ ძელქვებიდან მიდამოს გადახედავს. ვინ არ ყოფილა აქ?! ვინ არ იქნება კიდევ?! მამავ! სადა ხარ?! მამავ?!

- არა ბაბუა სარიდან.. კიდევ მნახავ..

- მოვხუცდი შვილო.. მოვიღუნე..

- არა: ჯერ კიდევ მარჯვედ ხარ.. აბა დამეტოლე..

სარიდან ყოყმანობს. იცინის. ვამეხ არ ეშვება. სარიდან წამოდგება. ვამეხ გაეტოლება.

- ხომ ხედავ ბაბუა: მოღუნვა არ გეტყობა..

- ხალისიანი ხარ.. იყავი კარგად.. შვილო..

სარიდან თვითონაც ხალისდება.

არჩიბალდ ტკივილსა გრძნობს. ხვალ უნდა მოსცილდეს ამ არეს. ნახავს კიდევ?! რა ნელია აქ მზე! როცა ჩაიყვინება - მისი მეწამული თვალი „საირმეში“ გარჩება „საირმე“ ლურჯია და მასში გარჩენილ მზის თვალს მეწამული გუგა ლუშ ქვად ექცევა. ეს თვალი - (ლურჯი შუქი) - გავაზისაა. გავაზის თვალი გაჰყურებს ფერსათის მთებიდან: რიონის ველს - ყვირილის ჭალებს - ხანისწყალის ხევს. ეს არე ეგების გავაზის თვალია თვითონ?!

არჩიბალდს ეშინია: უკანასკნელად არ ხედავს ამ თვალს.

რა კარგია: რომ ვამეხ მასთან ერთად მიდის.



* * *

ნიგვზების ქვეშ საღამოა.

- როგორ იყო ბაბუა სარიდან?!

- ასე მოხდა შვილო.. მაშინ..

და მოხუცი ნელი ხმით იწყებს თხრობას.

გაათავებს მოხუცი და კვლავ ეკითხება ვამეხს:

- მაშ წასვლას არ იშლით?!

- უნდა წავიდეთ ბაბუა სარიდან..

საიდგანაც მატასი გამოჩნდება.

- მატასი! შვილო! ხვალ მიდიან..

ეუბნება მოხუცი.

მატასი ილეწება:

- დარჩით კიდო ერთი დღე..

უცქერს არჩიბალდს.

- არ შეგვიძლია..

- მე რო გთხოვთ?!

მატასი თითქო მზის მარცვლებსი აჯეჯილებაა.
ჰოო: მაშინ უარი ძნელია..
არჩიბალდ სიხარულს ვეღარ მალავს.
ვერც სარიდან. ვერც ვამეხ. მატასის სიხარულს დარცხვენა ფარავს.
ვამეხ აიყვანს უეცრად ხელში მატასის.
მატასი წვივებზე კაბას ისწორებს.
თვალები არჩიბალდს უცქერენ.


* * *
ზეგ ამ თვალებზე არჩიბალდ ორ ცრემლს დაინახავს მორიდებით. განზე. კუთხეში.


ნორდოსტ

Летит-летит степная кобылица
И мнет ковыль...
ალექსანდრ ბლოკ.

გული მარტოა ყოველთვის.

თუ სიყვარულით არის გამთბარი?! მაშინ გული შიშია მარტო: არ გასქდეს მეორე გული. თუ დაშორებულია ამ გულს?! მაშინ გული სევდაა მარტო - (ეგების წინაგზნობს: რომ ოდესმე სამუდამოდ დასცილდება).

გული სიკვდილის ბარომეტრია.

(მარადი ხაზი მარადი მელანქოლიის): ლირიკა.

არჩიბალდ მეკეში ყაზვინის ბაზრის ფარდულებშია. გული კი - შორს.

ფარდულებში ათი ათასი გულია: ათი ათასი სურვილით.

ეს გული მათ არ ეკარება.

გულიში არჩიბალდ ოლგას წერილს კითხულობს. ძმა მორჩენის პირზეა. თვითონ მალე დაბრუნდება. ამოდენა მანძილის ატანა არც მის გულს შეუძლია. გული გაილახება მიტოვებულ ბარტყივით. გული გაირღვევა. პეტერბურგი იშმუშნება: იქ რაღაც ხდება. პეტერბურგის რომ გაირღვეს?! მაშინ გულსა და გულს შუა უფსკრული გაითხრება.

პეტერბურგს - ჯანდაბა: თუ გინდ სულ დაიქცეს.

ოღონდ გულმა გული ნახოს - (ეს მეკეშის ფიქრია?!).

რა ცოტა „უნდა“ ადამიანს.

არჩიბალდ მეკეში ფარდულებში გადის. გული კი შორსაა.

არა. უცნაური ქალაქია პეტერბურგი. პეტრე დიდის... გახელებამ ფინის ჭაობებიდან გიგანტი ამოაგდო. გიგანტი გრანიტშია დაკავებული. თუჯის მხედარი გაქანებულ ცხენზე ზის. მხედარს სადავე სასტიკად მოუწევია: ცხენი ყალყზე დგას. ისიც გაქვავებულია გრანიტივით. რომ დასწყვიტოს ლაგამი?! რომ გავარდეს ცხენი?! რომ მხედარიც გადაჰყვეს თვითონ?! ფინის ჭაობები ღამობით ფოსფორს ისვრიან. ფოსფორის სინათლე ორად ყოფს ყველაფერს. პეტერბურგის გრანიტს თავს ესხმიან ლანდები: ქიმერები სხვადასხვა რასსის. გრანტს აცდუნებენ. გაუძლებს გრანიტი?! ფოსფორულ ჩვენებაში დოსტოევსკის თვალები ანათებენ: ეპილეპსია მოვარდება და დუჟით გადმოიღვრება. დუჟგაუმშრალი პირი „ქვეყნის ბოლოს“ დაიძახებს და იოანეს საყვირით სამყაროს მოედება - ძახილი. ეპილეპსია ხახას დააღებს აპოკალიპსის გახელებით. ცხენი ლაგამს გახრავს: აიწყვეტს და გავარდება. თუჯის მხედარი თან გადაჰყვება. გრანიტის ქალაქი?! ისიც შთანთქმება - (თუ პატმოსის კუნძულად გაიხსნება?!).

პეტერბურგს - ჯანდაბა: დაიქცეს.

ოღონდ - (არჩიბალდის გული ბევრს არას ითხოვს).

- არჩიბალდ!.

- ტაბაჲ ხან!.

ფარდულის პირას ტაბა ტაბაჲს წააწყდება. ჰაშიშს ეწევა.

- ყავას მიირთმევთ თუ ჰაშიშს?!

- ყავა დაუკვეთეთ.

არჩიბალდის ტვინში ისედაც ჰაშიშია.

- როდის?!

- ხუთი დღეა.. თქვენ?!

- მე დღეს მოველ.. ამბები?!

- პეტერბურგის?!

- დიახ..

- გამოსვლას აპირებენ..

- გამოვლენ..

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი იღიმება.

პატარა ბიჭს ყავა მოაქვს.

ფარდულებში რუსის ჯარისკაცები დადიან. უხშირეს ბოლო დროს. რა აქვთ საყიდელი?! ტაბა და არჩიბალდ ჯარისკაცს მოჰკრავენ თვალს. ჯარისკაცს ხელში მაზარა უჭირავს. მაგრამ რად არ იკეცება მაზარა?! მაზარა ჯოხივითაა გაწვდილი. ჯარისკაცი მაზარას სპარს ვაჭარს გადასცემს ჩუმად. სპარსი სინჯავს მალულად: თოფია. ვაჭარი მაზარას უკან გადაინახავს. რუსი ჯარისკაცი სპარსულ „თუმნებს“ ითვლის.

- ხედავთ?!

- ვხედავ..

ომი აღარ უნდათ...

- ან რად უნდა უნდოდეთ?!

ტაბა და არჩიბალდ დგებიან.

წინ შემოეფეთებათ ვებერთელა ქიმერა: აქლემი. ულაზათო ცხოველი ვიწრო გზაში უზარმაზარ მაჯლაჯუნას მიაგავს. მაგრამ თვალები: თვალები - რომელთაც უდაბურება უნახავთ. „ბეხან?!“ არა. ბეხან აღარაა. მაგრამ ამის ხვედრიც ხომ იგივეა?! დანაღვლიანებული თვალები: წინასწარ თუ ხედავენ მიგდებას და მიტოვებას.

არჩიბალდ ამ თვალებში ადამიანის ლანდს ხედავს.

ეგების ეს ლანდი იგია თვითონ.

კიდევ წარისკაცები. რკინა. ტყავი. საცმელი. ყველაფერი მოაქვთ: ავტომობილის ნაწილები თუ ცხენის მოსართავი. ჰყიდიან ყველაფერს. იგივე ჩურჩული და იგივე ფულისთვლა.

არჩიბალდ ადასტურებს:

- აი კიდევ..

- ხვალ კიდევ მეტი იქნება..

- ფრონტი დაირღვევა?!

- უთუოდ..

აქლემი აღარ სჩანს. ფარდულებში ფარჩასა და აბრეშუმს ჰყიდიან. ისმის სპარსული ბაასი. სპარსული ენით გველი ხვრელიდან ამოჰყავთ: ისე ტკბილია. მაგრამ როცა სპარსი ქალი ლაპარაკობს?! მაშინ გველი ალბად შინაურდება.

სპარსი ქალი ფარჩეულს ყიდულობს. ირაჰშანდას ტანი აქვს. საწყალი ირაჰშანდა. ხმაც თითქო მისია. არჩიბალდ აკვირდება.

- ირაჰშანდა!.

უნებურ იძახის არჩიბალდ.

ქალი მოიხედავს. შეირხევა. პირს იბრუნებს. იმალება.

- ირაჰშანდა იყო.. უთუოდ..

- ალბად..

არჩიბალდ ნაბიჯს უმატებს. მაგრამ ლანდი შთანთქმულია.

- ირაჰშანდა.. ირანის მთვარე..

- და მთვარის სევდა..

- (რად არის „ვეღარ ნახავ“ ასეთი მწარე?!)

არჩიბალდ „გულსა“ გზნობს ისევ.

მიდიან. გასავალი ახლოა. უკანასკნელ ფარდულთან ქალი დგას. თავი თეთრი თავსაფრით აქვს წაკრული. ამასაც მომწვანო თვალები აქვს. აჰ ოლგა! ოლგა! სადა ხარ ამ წამს?!

ოლგას სიტყვები გულს სერავენ - (წერილიდან). გული ფართქალობს როგორც ძუძუმწოვარი ბავშვი: რომელსაც როფში ბანვენ. პეტერბურგში რაღაც „ხდება“ თუ მოხდა?! მაშინ ხომ გაიხსნა უფსკრული ორ გულთა შორის. ჰო: ახლა ესმის ირაჰშანდას გატრიალება.

მაგრამ უფსკრული მისთვის ითხრება: გულები ხომ დააცილოს ერთიმეორეს - (მარადი ხაზი მარადი მელანქოლიის).

ისევ ჯარისკაცები. დაყიალობენ. ოხუნჯობენ. თუთუნს ეწევიან. აზმორებენ. იზლაზნებიან. „სემიჩკებს“ კბილავენ. ჰოო: ეს „სემიჩკები“. რუსეთის პირწავარდნილი „მეტაფიზიკა“. ამ კბილვაში იხსნება პირმოშვებული რასსა: ველური და ძარღვმაგარი. ეუბნებიან: „უფსკრულია“. „იყოს“ - უპასუხებს და „სემიჩკას“ ქერქს გადმოაპურჭყებს. „კანონი ასეთია“ - ეტყვიან კიდევ. „ჩემთვის არ სწერია“ - ისვრიან „სემიჩკიანი“ ტუჩები და თვალებს უცხო ალი გადაურბენთ. „ასე არ შეიძლება“ - არ ეშვებიან. „ფეხებზე მკიდია“ - და პირი ისევ „სემიჩკას“ კბილავს. უცხო ალი თვალებში ჭარხალის ფერს მიიღებს. არის ამ კბილვაში მზის სიავე თუ მზის უდარდელობა: ეს მან არ იცის. იცის მხოლოდ: რომ „სემიჩკი“ მზესუმზირას მარცვლებია. ან რა საჭიროა ცოდნა: როცა მზეს უმზერ?!

- ხედავთ: როგორ დაგროვილან?!

- ვხედავ..

- ერთ კვირაში ეს კუთხე სულ აივსება..

- მჯერა..

არჩიბალდ ისევ „სემიჩკიან“ ტუჩებს უმზერს. რას არ გაკიცხვენ ეს ტუჩები?! რას არ „გააბითურებენ“?!

ტაბა ტაბაჲ ერთ მათგანს უახლოვდება:

- რისთვის ომობთ?!

- არ ვიცი..

- როგორ არ იცი?!

- წამოგვასხეს და ვომობთ..

- ვის ეომებით?!

- თათრებსა და „გერმანელებს“.

- გინახავს ისინი?!

- დაჭრილი მინახავს. მკვდარი..

- გინდა სახლში დაბრუნება?!

- იქ მიწაა.. მინდა - ჰო..

ტუჩები ისევ „სემიჩკის“ ქერქებს აპურჭყებენ. განზე მამალი „დედისგინება“ ისმის. ჯარისკაცს არჩიბალდიც უახლოვდება. თვალები ამღვრეული აქვს. არ იცი: იცინიან თუ დაგცინიან. უახლოვდები. თითქო ალერსს გიპირებს კაცი. მაგრამ თვალები ელამურ აკიაფდებიან - და გეშინია: კაცმა სილა არ გაგარტყას... რა დაუდგება ამ რასსას და რა დააკავებს მას?! წალეკავს ყველაფერს. გადალახავს..

არჩიბალდ ტაბა ტაბაჲსკენ მობრუნდება:

- ეხლა მჯერა...

- რა?!

- რომ ზვავად მოსქდებიან..

- ვინ?!

- ესენი. ეს ტუჩები.. ეს თვალები.. ეს თავები.

- ჰოოო..

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი იღიმება.



* * *

„იზვესტია“. „იზვესტია“! „აღმასრულებელი კომიტეტი“. „მუშები - ჯარისკაცები - გლეხები - მატროსები“. „კერენსკი“. „ლვოვი“. „ჩხეიძე“. „წერეთელი“. „პლეხანოვი“. „ლენინი“. „ტროცკი“.

სიტყვები ეფინებიან მთელს ქვეყანას.

სახელები ეფინებიან ირანის პლატოსაც.

ყაზვინშიცაა აღმასრულებელი კომიტეტი. აქაცაა: ესერები - მენშევიკები - ბოლშევიკები - კადეტები (ორი სამი კაცი) - მაქსიმალისტები - ინტერნაციონალისტები.

იქ: საცა სპარსები მზის ამოსვლას მუსიკით ხვდებიან.

იქ: საცა სპარსები მზის ჩასვლას მუსიკით ესალმებიან.

იქ ახლა ესტრადაა. ესტრადიდან ვიღაც გაჰკივის ბოხი ხმით.

წინ ფართო ქუჩაა. იქითაქეთ ქუჩაზე: უზარმაზარი ჭადრები. ჭადრებს ხშირათ ყორნების გუნდები ეხვევიან. არასოდეს ყორნებს ასეთი ხმა არ გაუგონიათ. უსმენენ გაოცებულნი და ჩხავილით სხვა კუთხისაკენ მიფრინავენ. სპარსებს ეშინიათ: სულ არ მოსცილდნენ ამ არეს.

ესტრადიდან გაისმის: „ძირს კაპიტალიზმი!“ „ძირს ომი!“ „ომი ბურჟუაზიის მოგონილია“. „მიწა - მშრომელთ“. „მიწა - ყველას“. „ქარხნები - მუშებს:“

ქუჩა სავსეა ჯარისკაცთა ხვავებით. აზმორებენ. ზანტად იზლაზნებიან. ამთქნარებენ. „სემიჩკები“ აქაც ბევრია. ტუჩებზე: „ჰმმმ“ და „ოო“. როცა სიტყვა „მიწა“ გადმოვარდება ხვავებში - „სემიჩკის“ კბილვა ჩერდება: თვალები ფართოვდებიან. ტუჩებიდან „სემიჩნკის“ ქერქთან ერთად გადმოვარდება: „მიწა“ - „მიწა“ - ჰოო: „მიწა“.

ხანდახან სპარსი ჩაივლის.

რომელიმე „ზემგუსარი“ აჩერებს:

- ჰუსეინ: ივი რაა პეტერბურგი?“

- პითერბჲურქი..

სპარსი თვალებს ნაბავს.

- რევოლჲუცია?!

- რივალისია...

სპარსი დნება ღიმილით.

- პროლეტარიატი ხომ გაგიგონია?!

- პროლითაჲრი...

სპარსი თავს იკატუნებს. კალათს ხელში იმარჯვებს. მიეჩქარება. ყურძენი უნდა გაჰყიდოს. შემდეგ ჰაშიშს მოსწევს და გადავა „მარად სუბსტანცების“ ხილვაში.

„ზემგუსარი“ კი ისევ ესტრადას გახედავს - (ირონიით?!).

ესტრადიდან ისევ ის დიდი ხმა გრიალებს.

ვინმე ავტომობილით გაირბენს. ავტომობილი არღვევს მასსათა ხვავებს. შოფერი საყვირს მიმართავს. ორატორი ხმას უმატებს. ფიქრობს ჩუმად: ეს კონტრრევოლჲუციონერია - (ავტომობილში „ზემგუსარი“ ზის). საყვირი და ბოხი ხმა ერთმანეთს ეჯიბრებიან. ავტომობილი გადის ხვავებიდან. ბოხი ხმა ოდნავ ნელდება.

ბოხ ხმას სხვა ხმა ცვლის. ეს ხმა უფრო წვრილია. ისიც იმავ სიტყვებს ისვრის. მაგრამ გეგმა მისი სხვაა: უფრო მიკიბულ-მოკიბული. „ქარხნები - მუშებს: რასაკვირველია“. „მიწები - გლეხებს: ესეც რასაკვირველია“. „მაგრამ: ეხლავე?“ „ეს ნაადრევია“. „ვინაიდან“. „რადგან“. „ობიექტური პირობები“. „ამ მომენტში“. „ჯერ“. „მერე“. იხლართება უსაშველო პერიოდი. ხმა სულ წვრილდება და წვრილდება. მთქნარება მატულობს. „სემიჩკის“ კბილვა - კიდევ უფრო. მაგრამ უეცრად უსაშველო პერიოდში ისევ სიტყვა „მიწა“ გავარდება. ხვავები ატორტმანდებიან: თითქო გადაყლაპვა სურთ - „მიწის“. თვალები ანათებენ.

გვერდით ქუჩის პირას ათაშანგით დაწყლული მზეს ეფიცხება. დაჯერებულია: რომ მზის ტუჩები ამოსწოვენ თუ ამოაშრობენ სნეულებას. ხმა ესმის ესტრადიდან. მაგრამ სიტყვების არა გაეგება რა. არც სურს - გაიგოს. იქვე მასსასთან დაგლეჯილი კაცი დგას. ლაყე ტვინს ხანდახან ხილვა ეწვევა ღვთიური - (ეს სწამს აღმოსავლეთს): შტერად იცქირებიან: ამ ხილვას ხომ არ განიცდიან?! ან თუ ეძებენ თავის მზერას დაკარგულს?! კაცს პირი დაუღია: თითქო პირით იჭერს გაუგებარ სიტყვებს ესტრადიდან. ბოხი ხმა დასძახებს ერთს - (წვრილი ხმა ისევ ბოხმა შესცვალა). დერვიშს შეეშინდება: მიწას დაასკდება - ტუჩებზე დუჟმორეული. შემდეგ წამოვარდება. დააღებს პირს - (ბოხი ხმა გრგვინავს): თითქო ისაია წინასწარმეტყველის ნაკვერჩხალი გადაჰყლაპა. ისიც იწყებს ყვირილს. მის ყვირილს სპარსიც ვერ გაიგებს. მასსების ხვავები იშმუშნებიან როგორც ლებიათანის დაკეპილი ასოები. ესტრადიდან ხმა უფრო მატულობს. ხვავები „მიწას“ ელიან. ქუჩის ბოლოში სპარსი წევს და თვლემს. თავი - განზე და შორეთს გადასული. „ზემგუსარი“ არ ეშვება არც ამას:

- იცი რაა პეტერბურგი?!

სპარსი თვლემს.

- იცი რაა რევოლუცია?!

სპარსი ამთქნარებს.

- ამას რა გააღვიძებს?!

გაისმის ხმა მიმავალის.



* * *

ჰამადანსა და ყაზვინს შუა მოძრაობა მატულობს. კიდევ უფრო: ყაზვინსა და ენზელს შორის. დაჰქრიან ავტომობილები: „ქალაქთა კავშირის“ - „წითელი ჯვარის“ - „საერთო კავშირის“ - სამხედრო ნაწილების.

კუთხეებში - გროვანი და საიდუმლო ჩურჩული.

სპარსი გაიარს გვერდით და ფიქრობს: „რაღაც ხდება“.

საავადმყოფოებში ფუსფუსია. ავადმყოფებს სმენა გამახვილებიათ.

საერთო საცხოვრებელთა კედლებში: გაზეთების კითხვა და კამათი.

ირანის პლატოზე ახალი გზნების ზმორებაა.

სატელეგრაფო სინებზე შიფრები სრიალობენ. სინიდან რომ შიფრი ჩამოვარდეს: გავარდება როგორც მეხი. რამდენი ზრახვა და რამდენი ნდომა გადაუტეხს მაშინ თავს ტელეგრაფის სვეტებს.

- რაღაც ხდება..

ამბობს მეკეში - თითქო თავისთვის.

- ხდება დიდი რამ..

ადასტურებს ტაბა ტაბაჲ..

- თქვენ გგონიათ?!

- როცა შორს რამე ხდება პირველად მიწა გაიგებს.

- რანაირად?!

- მგზავრი მიწის გულს ყურს დაადებს - რომ გაიგოს: მოისმის თუ არა ცხენების თქარათქური შორიდან..

- მერე?!

- სტიქიონის გზნებისათვის სტიქიური ორგანოა საჭირო..

- მჯერა..

- ცხენი თავს ამართავს ხოლმე და სხვანაირად გაიკლაკნება - როცა მიწისძვრას გრძნობს..

- გამიგონია..

- ცხენი წინაგზნობს: მისი ინსტიქტი უტყუარია..

- უთუოდ..

- დააკვირდით ამ ჯარისკაცებს: თვითონაც არ იციან - რა ინსტიქტებს ატარებენ.. მაგრამ ყოველი რხევა მათი ინსტინქტია..

- მესმის..

- კიდევ უფრო: ყოველი მათი გამოხედვა..

- უეჭველია..

- არ ატყობთ: რომ თვითონ არე იცვლება და ატმოსფერა?!

- მმმ..

- რაღაც სუნი სდის.. მომავალს - ყნოსავენ პირველად..

- მართალია..

პაუზა. ტაბა ტაბაჲ რაღაცას ყურს უგდებს.

- ეს რა ხმაურია?!

არჩიბალდ ტერრასიდან იხედება.

მეორე ეზოში ხმაური მატულობს. „ქალაქის კავშირის“ მოსამსახურენი მსოფლიო პოლიტიკაზე დავობენ.

ვიღაც ხმას უმაღლებს. ორატორია უთუოდ.

- ძირს! ძირს! ძირს!

- აცალეთ! აცალეთ!

მაღალი ხმა გასძახის:

- ყველას ინგლისური მონარქია სჯობს.

- არ გვინდა მონარქია.. ძირს!.

- ინგლისური მონარქია სხვაა..

- სულ ერთია.. ძირს! ძირს..

ორატორი ბრგე კაცია პირგაპარსული. ჩასხმულობით მოჭიდავეს ჰგავს - (თუ კარუზოს?!). სახის მეტყველება ფაკირის აქვს.

- ინგლისური მონარ...

- ძირს კაჭკაჭოვ!. ძირს!. ძირს...

- დაჩუმდი მაგაზინერ: თორემ...

მაგრამ მაგაზინოვს რა დააჩუმებს?! ან უკეთ: მის ხელებს ან მის თვალებს?! ცხვირიდან პენსნე წამდაუწუმ ვარდება. მარჯვენა ხელი ისევ თავის ალაგზე აყენებს ურჩ სათვალეს. რა უფრო ურჩია: ხელი თუ პენსნე თუ ცხვირი?! ღობეზე ჩამოგძელებულ ხაპს - (ეს თავის ქალაა) ცხვირი ჩატეხილი აქვს. აკაპასებულ თვალებს მზერა ჩამოსახრჩობ კაცისა აქვს. ხაპის ბზარი - (ეს სახის ათამაშებული ნერვია) ჭირვეულობს აკვიატებულის უსვენარობით.

- არ ძალმიძს გაჩუმება..

- მამა გიცხონდა: ლევ ტოლსტოი ხარ - გაჩუმება არ შეგეძლოს..

ხუმრობს ვიღაც ქართველი.

მაგაზინერ უფრო კაპასობს:

- ძირს კაჭკაჭოვ!. ძირს!. ძირს!.

ვიღაც სხვანაირად აგძელებს:

- ინგლისის კონსტიტუციას ამერიკის შტატებში სჯობიან..

- არც მაგ მინდა..

- ვინ გკითხავს: რომ არ გინდა..

ხუმრობს ისევ ქართველი.

ორატორი არ უთმობს:

- ინგლისური მონარ...

- ძირს.. ძირს.. ძირს..

არ ეშვება მაგაზინერ.

- რა ჩააცივდა ამ ინგლისს!.

იღიმება მეორე ქართველი.

მაგაზინერ ხედავს: კრება მის მხარეზეა. ყვირის.

- მაგ ჩატეხილ ცხვირს გასწორება უნდა..

ბრაზდება ხმა ესტრადიდან.

- აბა სცადეთ.. სცადეთ..

ქვევიდან ხაპი კაპასით ხვდება.

გროვა სდუმს. რაღაცას ელის. თითქო კიდეც სურს: მოხდეს რამე ამრევი.

- მე შენ გიჩვენებ...

და ესტრადიდან მოჭიდავის (თუ კარუზოსი?!) ტანი გადმოვარდება. ჰაერში გაკლაკნილი მკლავი - ალბად საშინელი მოქნევისაგან - და მაგაზინერ მიწას ლოკავს. მასსა იმღვრევა. ტორტმანობს. უეცრად ხმა გავარდება ერთის:

- ჰკა მაგას..

და კაჭკაჭოვს მიაწვება აგორებული ხვავი სხეულების.

გასრესენ უთუოდ. მაგრამ ამ დროს მჭექარი ხმა:

- აღმასრულებელი კომიტეტის სახელით:

ვინაა?! ჰოო: ეს ხმა ისაა: დიდ მიტინგზე რომ გრიალებს ხოლმე.

- აღმასრულებელი კომიტეტის სახელით მე ვაპატიმრებ მოქალაქე კაჭკაჭოვს..

გროვა სახტად რჩება. კაჭკაჭოვი გადარჩენილია.

არჩიბალდ აკვირდება დამჭერს. სქელი კაცი. მაგარი. ბრგე. თავის ქალა ქოჩრიდან უკან ოდნავ ჩათლილი - (ნიშანი სიფიცხის თუ თავშეუკავებლობის?!). სახე?! მოოდოშებული წვერი. ლბილი ულვაში: ხვეული ცოტად. ლბილი ცხვირი. კიდევ უფრო ლბილი თვალები - (ფერად მოშავო: ოდნავ თაფლნარევი). შუბლი ღია.

არჩიბალდ აკვირდება დამჭერს. ეს კაცი ისვრის იქ მიტინგზე რისხვას?! ამ კაცის თვალებია: იქ რომ ნაკვერჩხლებს აფრქვევენ?! ამ კაცის ხმაა ის ხმა - მეორედ მოსვლის საყვირს რომ მიაგავს?! ხელი კათედრას იქ უროსავით ერტყმევა. პირს იქ სიტყვები მოხსნიან: თითქო განკითხვის დღის ცეცხლები. მთელი ფიგურა იქ დამსხვრევას უქადის ქვეყანას - (უყვარს სიტყვა: „გავსსრესსთ“).

ეხლა კი: რბილი. არჩიბალდს უკვირს.

ჩურჩული ერთიმეორეში:

- ვინ არის? ვინ არის?!

- აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ბ.მ.

- ქართველია?!

- ქართველი..

არჩიბალდ მეკეშ იღიმება. ეხლა აღარ უკვირს. კაჭკაჭოვს აღარ უნდა ეშინოდეს.

არჩიბალდ ტაბა ტაბაჲსკენ ბრუნდება. უკანასკნელი არც განძრეულა. ხმაური შეწყდა. გროვა იშლება.

არჩიბალდ ჩურჩულობს:

- მიწის გულს ყური უნდა დაადო: რომ გაიგონო შორი გუგუნი..

- ეს ურყევია როგორც მიწა..

ქუჩაში ჯარისკაცთა ჯგუფი მიდის. არა: არ მიდის. მიზოზავს. ისმის „გარმონის“ ხმა. მხიარულება და სიმღერა. მხიარულებაში - უდიერობა და სიმღერაში გადალახვა.

ჩრდილოეთის გუგუნის ანარეკლი თუა..

- შესაძლოა..

ამოწმებს ნაყვავილევი პროფილი.

„გარმონის“ ხმა იკარგება ხრიალში.

მაგრამ „გარმონი“ სტოვებს რაღაცას. ველი. ველი. ველი. თაური ყველგან და ბოლო არსად. არავითარი კიდური: რომ თვალი მიასვენო. შეხვდები ვისმე - დასცილდები სამუდამოთ. არავითარი ზღუდე: რომ თავი დააკავო. არავითარი ჯებირი: რომ მიეკედლო. მიწა გლუვი და ცის თაღი. სხვა არაფერი. სევდა თვითონ არეში. ნაღვლი სივრცეში. აქ მოყვასს კი არა - თავის თავს დაჰკარგავ. ვეღარც ნახავ. ყოველი შეხვედრა: სიკვდილი იმთავითვე. ყოველი გაჩერება: უსვენარობის გამღეზებელი. არსად კერა. ყველგან თარეში. გავარდნა და გადალახვა. გახუნებულ ველებს უდაბნოს ცხელი ფაშატები მოედებიან. მათი თვალები სიგიჟეა და მათი ფლოქები რისხვა. მათ ჭიხვინს მოაქვს უცხო ქარი - რომლის შესუნთქვით მიწას პირი ეცვლება და ძუ ლომივით იგრიხება. ურა კვიცების ჭიხვინით მოედვენ ქვეყანას ატილლა და ჩინგის-ყაენ. მათი ნალების დაღები იეროგლიფებად ამოიჭრენ ევროპის ზურგზე. დაღები დაჟანგულან: მაგრამ სიგიჟის მური არ დაუკარგავთ. მოდიან მხედრები. რა უნდათ?! მიწა?! არა. დამონება ვინმესი?! არა. ისინი მთვრალებია მხოლოდ: მათ გავარდნა უნდათ ხივილით. სივრცე რამდენი შორია - მით უკეთესი: თრობა მეტი იქნება. მათ უნდათ გადალახვა ყიჟინით. უფსკრული რაც უფრო ღრმაა - მით უმჯობესი: გახელება მეტი იქნება და ნახტომი კიდევ მეტი. დაამარცხებენ ვინმეს?! ალბად ეს „ხვედრია“ დამარცხებულთა. დამარცხებულთა თავების ხაპებისგან აზარფეშებს გამოსჭრიან. სისხლით აავსებენ და დასცლიან: რომ კიდევ უფრო დათვრენ - რომ კიდევ უფრო გადაირიონ. უფსკრულს თავს გადაეჩეხებიან? გადაეჩეხონ!. მათაც ეს წყურიათ: ცხენთა თქარათქური და მეომართა ყივილი ერთიმეორეს გაეკვრიან ურაგანად და ურაგანი უფსკრულებიდან გადავარდება ყველა კიდურებზე. იქნება კიდევ მეტი თრობა და კიდევ მეტი გახელება.

Пусть ночь. Домчимся. Озарим кострами
Степную даль.
В степном дыму блеснет святое знамя
И ханской сабли сталь...
И вечный бой! Покой нам только снится
Сквозь кровь и пыль.
Летит, летит степная кобылица
И мнет ковыль...



* * *

მოძრაობა იზრდება.

ავტომობილები დაჰქრიან იქითაქეთ. ავტომობილებს უსვენრობა ემჩნევათ - (მათი რიტმი ვერ დამალავს ვერაფერს).

რაღაც ხდება. შორს. ჩრდილოეთში.

კუთხეებში: გროვა და გროვა. ჩურჩული.

საავადმყოფოებში - ფუსფუსი.

ავადმყოფებს სმენა უმახვილდებათ.

გაზეთები. დეპეშები. ტელეგრაფის სინებზე - შიფრები.

შეკითხვა და კამათი ერთიმეორის - ერთიმეორეში.

ირანის პლატოზე რაღაც ხდება - (თუ უსმენს მხოლოდ შორით მომხდარს ან შორით მოსახდენს?!).

ისევ გაზეთები. ისევ დეპეშები. ისევ შიფრები.

სინებს რომ მოსწყდნენ - სვეტებს დაამსხვრევენ.

სახელები. სახელები. სახელები.

სახელებში: ერთი სახელი.

ყველა იმეორებს. ყველას აწვალებს. ყველას იზიდავს: მომხრეს და არა მომხრეს.

სახელი: თითქო ტოტემი მეომარი კლასის.

სახელი რომელშიაც ფატუმია დაგროვილი.

ჯარისკაცთა გროვა მიიმართება. იმავე ქუჩაზე. ძახილი.

ლენინ! ლენინ! ლენინ!

არჩიბალდ წამოვარდება.

ტაბა ტაბაჲ ყურებს ცქვეტს.

- ლენინ..

- ლენინ..

ორ ხსოვნაში ერთი ფიგურა იჭრება.

1908 წელი. პარიზი. მაისი. კათედრაზე დაბალი კაცი. ჩასკვნილი და დამორგვილი. მაგარი თავი. ტიტველი გრანიტი. მაღალი შუბლი და უტეხი კორძები შუბლის. თავის ქალა ოდნავ ჩაწეული ქოჩორთან - (ნიშანი სიფიცხის?!). მაგრამ კეფა მტკიცედ ამოკორძილი - (ნიშანი თავშეკავების?!). თვალები წვრილი. ერთი - მოხუჭული ოდნავ: უნდობი და გამხვრეტი. მეორე - განზე მოცქირალი თითქო. თვალები თვალებში გეჭრებიან და თვალებს „იქით“ იხედებიან. მთელი ფიგურა - უგლიმი. თითქო ყველაფერს ხვდება წინასწარ როგორც მორკინალი. ლაპარაკობს. ხმა ერთფეროვანი: არც პაუზა და არც ინტონაცია. ფრაზა: დაგრაგნილი და დახერგილი. არავითარი პლასტიურობა. არავითარი „მჭერმეტყველება“. ფრაზა: უფრო „მოქმედებს“, სიტყვა - უფრო „ნება“. მარცხენა ხელის ცერით იჭერს ჟილეტის ჯიბეს - (თუ „იგდებს“ მაყურებელს). ხანდახან მარცხენა ხელი შარვლის ჯიბეს წვდება - (თუ დასცინის მოკამათეს). მარჯვენა გრაფიულ ხაზებს კვეთავს აზრის ლოგიურ დენისას. დროდადრო მარჯვებსა მარცხენა ეხმარება. ხელის თათი ფართო: თითები მოკლეს სჩანან. ასეთი ხელები აქვთ გლეხებს: მთაში უზარმაზარ ხეებს რომ კოჭავენ და ტივებისთვის მთის თხემიდან ხევში ჩაუშვებენ. ლაპარაკობს. არა: წალდით ხის მაგარ ტოტს სჭრის. ნაჯახით ნამორს აპობს. ტუჩებზე ირონია არ სცილდება. ირონიას ბაბრი წვერულვაში არბილებს. მაგრამ ჰაი: თითქო ლასსო გაისროლა და ველური ურა ცხენი დაიჭირა - (ეს საგანი თუა კამათის) - და ირონია ტუჩებს სცილდება. ფიგურაში არის ძლევა და გამარჯვება. მთელი სხეული დაძაბულა ყველა კუნებით. კაზინოში „ზერო“ რომ ირჩიოს - მოიგებს უთუოდ. უტეხი. უდრეკი. შემმართებელი. არავითარი იჭვი. არავითარი გოდება. ერთი გეზი მთავარი. ერთი ხერხემალი მაგარი. დანარჩენი: მხოლოდ გაზომილობა ამ გეზით. ირგვლივ: ყველაფერი ამ გეზისთვის გამოსაყენებლად: არა: არ ლაპარაკობს: ნებას სჭედავს ქმედებიათვის. თითქო გიხმობს ხანძარის ასანთებად ჩასაქრობათ. მთელი პიროვნება: თითქო ქვეყნის სილლოგიზმია რკინის რგოლებით - რომელიც ეს არის გაიშლება და საშინელი ხმაურით გავარდება. არავითარი სისველე და არავითარი სილბილე. მაგრამ ხმელი და ცხელი სული ყველაზე უკეთესია - (ჰერაკლეჲტოსის სიტყვით). შეიძლება „ხანდახან“ შეამჩნიოთ დარბილება - (ამისთვის საჭიროა ბავშის მზერა გქონდეს).

ორ ხსოვნაში ერთი ფიგურა იჭრება.

- გახსოვთ?!

- მახსოვს..

- იცით არჩიბალდ: რა გამახსენდა მაშინ?!

- ?!. ?!. ?!.

- რასაც ლაპარაკობდა არ მესმოდა. არა მარტო იმის გამო: რომ რუსული სუსტად ვიცი. ჩემს პიროვნებას იპყრობდა თვითონ პიროვნება - გარეშე იმისა: თუ რას ამბობდა ან თუ რას ფიქრობდა. პიროვნება უშუალოდ: მის შუაგულში აღებული.

- რა გაგახსენდათ?!

- პაპა ალექსანდრე მეექვსე და მისი ვაჟი ცეზარ ბორჯია წმ. პეტრეს ვენახში კარდინალებს უმასპინძლდებიან: უნდათ - მოსწამლონ. კარისკაცმა იცის მხოლოდ - რომელ ბოთლშია საწამლავი. მაგრამ კარისკაცი ატმების მოსატანად მიდის. მერიქიფე ავსებს თასებს ხიოსის ღვინოთი: შესვა ალექსანდრემ. წამსვე გათავდა. თითქო ცეცხლი მოეკიდა. შესვა ბორჯიამ. იგრძნო საწამვლავი. მაგრამ ცეზარს სირაქლემას კუჭი აქვს: რკინას ინელებს ხოლო არც „ცანტარელლა“ არის სუსტი: იგი ჰგესლავს მაგარ ვაჟკაცს. მაშინ ბორჯია გასცემს ბრძანებას: მოჰკლან მის წინ ყველაზე უფრო დიდი ხარი. ხარს დაჰკლავენ და მის გაფატრულ მუცელში ცეზარი ჩაეშვება. ხურვალე მუცელს ხარისას გაკერავენ. რამოდენიმე საათი ბორჯია ხარის მუცელშია გაგუდული. შემდეგ გამოდის იგი მუცლიდან განკურნებული სრულიად: გადახალისებული და ტანდახვეწილი.

- ეს გაგახსენდათ...

- დიახ..

- რა სიმაგრე.. რა ენერგია.. რა გამძლეობა..

- თითქო მთელი მოდგმის სიცოცხლე ერთ კაცშია თავმოყრილი..

- და კაცი: თითქო ამ მოდგმის მორგვია კუნთებაყრილი..

- ფატუმის მორგვი..

- თქვენ გგონიათ...

- მე იმ კაცში მაშინ ფატუმის მორგვი დავინახე.

- მოხდება რაღაც..

- პირს გაუხსნის მომდგარ ზუავს..



* * *

შორიდან ისმის კიდევ:

ლენინი. ლენინი. ლენინი.

ჰაერში დაჰქრის პაროლი:

„ძირს ომი ხალხთა მჟლეტავი!“

„ქარხნები - მუშებს!“

„მიწა - გლეხებს!“



* * *

კიდევ „გარმონი“ და კიდევ „სემიჩკა“. ხეტიალი გროვების თუ ხროვების. ჯარისკაცებში სათნოების დებიცაა - (ეს როდის?!). ხუმრობა. სიცილი. ხითხითი. ორჭოფი სიტყვა.

ზოგი ბარძაყებს უყურებს ქალისას.

ზოგი - თეძოებს.

ზოგი - მუხლებს.

ზოგი - მკერდს.

სახეს - არავინ.

„იივჰჰჰ“: ხვიხვინობენ: - „საასტრიიიცა“...



* * *

მეკეში მარტოა.

შემოვარდება ვამეხ.

- ხვალ მივალ..

- სად მიხვალთ?!

- საქართველოში..

- ასე მალე!?

- რაღაცა ხდება.. ხომ ხედავთ..

- დაიცადეთ ცოტა..

- შემდეგ გვიან იქნება...

- საიდან იცით?!

- ვიცი.. გული მეუბნება..

ვამეხ მაგიდასთან მიდის. მაგიდაზე სურათია. აიღებს. ხედავს. ილესება. მეკეშს შემოხედავს.

- ეს თქვენი მამის...

- დიახ: მამის მეგობრის სურათია..

არჩიბალდ გამტყდარია.

- მამის.. მეგობრის..

ჩურჩულობს თავისთვის იჭვნეული ვამეხ.

არჩიბალდ გამოსავალს ეძებს:

- მაშ არ იშლით წასვლას?!

ვამეხ სურათს სდებს მაგიდაზე.

- საქართველოში უნდა ვიყო ეხლა..

- ეხლა?!

- აუცილებელია..

- ენზელამდე გამოგყვებით..

- შეუძლებელია..

- რათა?!

- გილიანში უკვე დაუწყია გამოსვლა მირზა ქუჩუკ-ხანს..

- მერე?!

- თავს რომ დაგვეცეს!?

- თქვენ რომ მიხვალთ..

- მე არა მიშავს რა.. თქვენ რომ გამოგიცნოს..

- როგორც ინგლისელი?!

- დიახ..

ეს რომ არ ეთქვა - ვინ იცის შესაძლოა არჩიბალდს უარი ეთქვა გაყოლაზე. მაგრამ ეხლა დაბრკოლებას ხედავს.

- მაინც წამოვალ...

- არ გირჩევთ..

- ვერაფერი დამაკავებს..

- თქვენი ნებაა.

ვამეხ რბილდება..

- ხვალ წავალთ მაშ..

- „ალლანს“ წამოიყვანთ?!

- უთუოდ.

„ალლანს“ თითქო ესმის. წამოდგება და მხნედ იმართება.

ვამეხ ისევ სურათს მიმართავს. აკვირდება. თითქო თავისთვის:

- ვინ უნდა იყოს ეს „მეგობარი“..

- მეც არ ვიცი..

არჩიბალდ ტერასაზე გადის.


იმამ ზადე ჰაშიმ

ქვეყანა ქარვასლაა -
ჩვენ კი ქარავანი
შაჰ-აბბას.

სტეპკო მარჯვე ბიჭია.

„ოპპელ“ ჰლახავს ირანის ზეგანს.

შოფერის გვერდით ზის ვამეხ. ავტომობილში სხედან: არჩიბალდ და სვანი ციოხ: კაცი დაკორძილი და მაგარი. ეს უკანა საჯდომზე. წინაზე - ოდესელი ჰებრაელი მეეროვ და ჯიმშუტ. უკანასკნელი სომეხია ყარაბახიდან. ესეც მაგარი და უდრეკი ვაჟკაცი. სახე არ უცინის. გეგონებათ ყაჩაღი. მაგრამ ქართული თქმა მას „ყოჩაღად“ მონათლავს.

მათ შორის „ალლან“ განაბულა.

„ოპპელ“ მიჰქრის. გზაზე - თითქმის ყოველ მილზე - ლეში: ცხენის თუ ვირის თუ აქლემის. შიგადაშიგ: მხოლოდ ხერხემალი. ზოგან თავი აგდია. ზოგან ფეხი. ფლოქვი ყველგან მაგრად შენახულა. ხანდახან კაციც ჩნდება დაყუნცული: ნალს აძრობს ფლოქს.

აქაიქ: ჯარისკაცთა მწკრივი. ყველა თოფიანი. ზურგზე მაზარა და მაზარასთან გახუნებული ფუთა. ავტომობილის ხმაურზე ჩერდებიან. თვალებში: შური და ბოღმა. ჩრდილოეთში მათ უცდით: მიწა - სახლი - ცოლი - შვილი - ნათესავი.

გაიძახიან: ღაზეტ! ღაზეტ!

ვამეხ იღებს „იზვესტიას“ და გადაუყრის.

გაზეთები ქარს მიაქვს. ქვეითნი გაზეთებს ეხვევიან.

ზოგ ალაგს კაცის ცხედარიცაა თხრილში გადაგდებული. ყოველთვის - ჯარისკაცი. სპარსეთის მალარიისააგან თუ პარატიფისაგან შაშხივით დამჭკნარი და ყვითლად გადაქსუებული. ალბად შორი გზა ვერ აიტანა. ასე კვდება ნაციები ქათამი ფრთებაბურძგვნილი და თვალებჩაფშუტული სადმე ნალიის კუთხესთან. მკვდარ ჯარისკაცს კიდევ აჩნევია ნაღვლი მშობელ მიწის ხილვის. ტუჩებზე სიკვდილს რაღაც ირონიული ფრთა გადაუსვამს. გულზე მიკერებული აქვს პატარა ბოღჩა. ბოღჩაში ფული აღარ არის - (გამვლელს ფული უნდა: სხვა არაფერი). დარჩენილან მხოლოდ წვირიანი ნაგლეჯები წერილები. აქ ხშირადაა სიტყვა „დედა“. ხანდახან - „ცოლიც“. უფრო ხშირად „ხვნა“ და „სივკა“.

არჩიბალდ ერთი კლდის ქიმთან წამოიწევს.

გადახედავს ხევის პირს. აქ მოკვდა ბეხან. ბებერი აქლემი ბეხან. ხედავ ორად გაპობილ ხერხემალს. იქვე თავის ხაპი აგდია. მაგრამ სადღაა თვალები: ასეთი საცოდაობით რომ იმზირებოდნენ უკანასკნელ წამს?!

არჩიბალდ გაგუდულია. უეცრად მის წინ უმწეო თვალები განათდებიან. ნათდებიან და ჰქრებიან. ავტომობილი გაირბენს. უკანიდგან სმენას სერავს „ის“ ღმუილი: დაგდებულის და მიტოვებულის.

ნუ თუ ყოველის ხვედრი ეს არის?!

კიდევ ერთი მანძილი და კიდევ ჯარისკაცი მკვდარი. ისიც დაგდებული. არც ნუგეში. არც შენდობა. სიმარტოვე და არაობა.

- გუშინწინ ამ ხევში დაეცენ თავს?!

ეკითხება ვამეხ ჯიმშუტს.

- ამ ხევში დაეცენ...

ყარაბახელის სახეზე ფლეგმა ირღვევა.

მეეროვ იქითაქეთ იხედება: ციოხს ეკვრის.

- ნუ გეშინიან მეეროვ!..

ხუმრობს ვამეხ.

მეეროვის თვალები წინ იხედებიან. მოსჩანს ჯგუფი ჯარისკაცების. მეეროვი უფრო თოფებს უცქერს. ჩურჩულებს:

- აქაც...

- დასწყევლოს ღმერთმა: ამ უდაბნოში ჩიტსაც ვერ ნახავ...

შეეჭრება ხუმრობით ვამეხ. ჯიბიდან ვაშლს იღებს. ავტომობილი ჯარიკაცებს უახლოვდება.

ვამეხ ვაშლს აისვრის მარცხენა ხელით. მარჯვენათი ნაგანს იღებს და ასროლილ ვაშლს შუაზე გააპობს.

- უხ: სტრელჲაეტ კაკ ჩორტ..

ბურდღუნობენ ჯარისკაცები. აბორგილ სახეებს ბოღმა სცილდებათ - (ერთი წამით?!).

- რაა ეს სროლა?! სულ სროლა?!

ამას მეეროვი ამბობს.

- არაფერი! ხელის ვარჯიშია..

უკანიდან კი ისევ: ღაზეტ! ღაზეტ!

ვამეხ იღებს „იზვესტიას“ - (სად შეაგროვა ამდენი?!) და გადაუყრის.



* * *

მოსჩანს მენჯილი. სადგური მაღალ გორაზე.

სანავარდო ჩრდილო ქარის. ეხლა შემოდგომაა და სანავარდოზე მყუდროება - (ერთი დღით?!).

- მაშინას წყალი უნდა..

სტეპკო აჩერებს „ოპპელს“. წყალს ალევინებს. შემდეგ საკვებ პუნქტში შეირბენს. დანარჩენი ტიტველ მთებს გასცქერიან აფერადებულს.

- სტეპკო! სტეპკო!

ყვირის ვამეხ.

საკვებ პუნქტიდან გამოხტება შოფერი:

- ეხლავ.. ეხლავ..

პირი საშინლად ელუკმება!

„ოპპელ“ ახრიალდება და გაეშვება დაღმართზე.

დაღმართი ერთ მილნახევარზე. დაღმართის ბოლოში: მენჯილის დიდი ხიდი მდინარე სეფიდრუდზე. ხიდი: ნაკეთი ქვისაგან და რკინისაგან.

ხიდს გაივლი და წინ კედლების კუთხე გეჩრება - (ლათინური თ-ს მსგავსი). გზა მიდის მდინარის მარცხნით: გარს უხვევს წამომუცლულ ნაპრალებს და აუხვევს ჩრდილო მხრით.

მენჯილის ხიდთან ხევი ვიწროა მეტად. აქ კარია გილიანსა და მენჯილის შუა. გზატკეცილი ალაგალაგ პირდაპირ კლდეშია გაჭრილი. მარცხენით - პიტალო ნაპრალები. მარჯვენით: ღრეები სეფიდურდის. ვისაც ეს გასავალი უჭირავს - სტრატეგიული კლიტე მის ხელშია.

ნაპრალები - უფროდაუფრო მორჩილები - ავტომობილის გვერდით იმართებიან. აქაიქ - გორაკები. შიგადაშიგ - ხეებიც.

ხეების დანახვაზე ვამეხს თვალები ელესება: თითქო ლაჟვარდი გადასერა მერცხალმა.

გაივლიან დაბა რუბდარს. იგი მდაბლობშია. შუაგულში მთის რუჰ ჩამოუდის. ავტომობილი შევილით გადასჭრის რუჰს და აირბენს მეტის ხალისით - (თითქო იამა ცხელი მუცელი ცივს ტალღებში რომ ამოავლო).

იხსნება ხეობა თითქო პალესტინის.

ხეობა მოცულია ზეთისხილის ტყეებით. ტყე არ არის ხშირი. ზეთისხილის ხეები გუნდგუნდათ შეყრილან. გუნდებ შორის ცალიერი მინდორი იშლება. მინდორზე: ძროხა - ხარი - ცხენი - ვირი.

ზეთისხილის ხევნარი ჰქმნის უცხო გუნებას: თითქო ეს კუთხე ნატეხია იმ მხარის საცა ძველებს „სამოთხე“ ეგულებოდათ: ჰაერში - სინელე და სიმსუბუქე. მყუდროებაში: თითქო გვიმრის სურნელი. არე: ნატვრის თვალი. მაგრამ გული მაინც ვერ ისვენებს: აქ ყველაფერი მოწყვეტილია თითქო და მიტოვებული.

მეეროვ კარგ გუნებაზეა:

აი ნამდვილი სილამაზე..

- შენი ძველის სამშობლოს ნატეხი თუა..

ოხუნჯობს ვამეხ.

ჯიმშუტ იღიმება.

კიდევ ჯარისკაცები. კიდევ ძახილი: ღაზეტ! ღაზეტ!

ვამეხს მათთვისაც აქვს „იზვესტიას“ ნომრები.

ჯარისკაცებს სადღაც ფურგონი უშოვიათ. თოფები ორ-სამს თუ აქვს: ალბათ გზაში დაჰყიდეს.

სადგური რუსტამაბად. აქაც პატარა რუჰ.

- შევისვენოთ?!

- არაა საჭირო..

ღამდება. რამოდენიმე მილი. ხეობა განიერდება.

გზაზე აგდია გიგანტი ლოდი. ვინ მოაგდო?! ვინ მოიტანა?! ნუ თუ სეფიდრუდ ისე ადიდდა ოდესმე - რომ ამ სიშორეს გამოისროლა ვეებერთელა ქვის მასსივი?! გაქვავებული ლანდი საზღაპრო მოგზაურის. პირუტყვია და რაღაც უნდა სთქვას. გამვლელს ეხვეწება თითქო: უთხრას რამე. მაგრამ მუნჯია გამვლელიც.

არსად ხრამი და არსად ღრე. მაგრამ ავტომობილი სწორედ იქ ჭირვეულობს საცა ნაკლებ გგონია. დრრრ... შრრ... შშ.. ჩერდება.

„ალლან“ ყეფით გადმოხტება.

ვამეხ ხუმრობს:

- ერთი ურია ერთი ბერძენი ერთი სომეხი.. ამ სამებაში უბედურება გეწვევა - მა რა იქნება!?

- ჰა-ჰა-ჰა...

მეეროვ განაბული დგას.

- რას დაშტერებიხარ?!

ეკითხება ვამეხ.

- აი ამ ქვის ნატეხს.. ეგებ სურს მას სხვა ადგილს იყოს..

- ალბად ამდენ ხანს შენს გავლას ელოდა!?

- ვინ იცის?! შეუძლებელი არაფერია..

მეეროვ სწვდება ქვის ნატეხს. იღებს და ისვრის.

- მადლობა არ უთქვამს!?

- იტყვის...

- როდის?!

- როცა დამეხსნები..

მეეროვის ჰუმორში წყენაც მოსჩანს.

სტეპკო მაშინას ათვალიერებს.

ვამეხ უახლოვდება.

- ხომ არაფერი გატეხილა?!

- არაფერი იმდენი... მალე შევაკეთებ..

- რამდენი საათი დასჭირდება?!

- სამი თუ ოთხი...

მეეროვს შეწუხებაც ემჩნევა:

- მაშ ოთხი საათი ამ ტიალ მინდორში უნდა ვიცადოთ!?

- ერთ ვერსზე აქედან სამიკიტნოა „ნომრებით“.. იქ წავიდეთ..

ამშვიდებს ვამეხ.

- წავიდეთ! წავიდეთ!

მიდიან. მიაქვთ ხელისბარგი.

- სტეპკო! არ შეგეშინდეს! როგორც შეაკეთო - გამოექანე..

- რის მეშინია!?



* * *

გზის შეტრიალებულ ასახვევის თავში მოსჩანს პატარა დუქანი: როგორ აივნის სვეტზე წამოსკვინჩული გალია.

„ალლან“ შუქს ხედავს სინათლისას: ყეფს.

ვამეხ იძახის:

- ნუგზარ! ნუგზარ!

კიბის თავს თორმეტი წლის ბიჭი მოადგება.

- ჰააა! ვაჲმეჰ!

- ვაი შენ თავს ნუგზარა!. „ვაიმე“ კი არა - ვამეხ!.

- ვაჲმეჰ!. ვაჲმე!.

დარცხვენით იმეორებს ბიჭი და თან იღიმება. „ალლანს“ უნდოთ უცქერს. „ალლანიც“ იღრინება. არჩიბალდ დოგს საყელურში წვდება. ნუგზარა მაინც იბურძგება. უცქერს დოგს. თვალები წყალით ევსება.

- რა ძაღლია!.

- ძაღლი კი არა - ვეფხია!.

ხუმრობს ვამეხ.

ნუგზარა განზე გაიწევს.

შეაქვთ „ნომერში“ ნივთები.

შემოდის შუახნის სპარსი. ტანზე რაღაცას ისწორებს ახალოხის მსგავსს.

- იუზბაშ: როგორა ხარ?!

- სფასიბა!. სფასიბა!.

(სპარსმა ომის დროს რუსული ისწავლეს).

- კარგად იყავი..

- თუ ალლაჰმა ინება..

- აბა კარგი მწვადი და კარგი „ლულა-ქაბაბ“..

(ვამეხ აქ შინა კაცია).

მეეროვ გაოცებულია:

- საკვირველია: რომ შენ ყველა გიცნობს..

ჯიმშუტიც იღიმება:

- თუ ღმერთი გწამს: რამდენი მეგობარი გყავს სპარსეთში?!

- ვინ მოსთვლის!?

ხალისობს ვამეხ. გვერდი ნუგზარა მოხვდება. აიყვანს ხელში. შეაგდებს მაღლა და შეთამაშებს.

- ესეც ჩემი მეგობარია..

- კაი ვაჲმეჰ..

ნუგზარას თვალები უგანიერდება.

არჩიბალდ ვამეხს უცქერს: ისევ „ის“ - პირველად რომ ნახა - რამდენი ხალისი და რამდენი გულახსნა.

მოაქვთ შენაკვეთი.

- მწვადი ჩინებულია..

- ლულა-ქაბაბ კიდევ უკეთესი..

- ასეთს ვერც ყაზვინში ამზადებენ..

იუზბაშის ღიმილი სიამით იღვენთება.

- ყველაფერი კარგია.. მაგრამ ღვინო?!

პირველად ხსნის პირს მდუმარე ციოხ.

- ღვინოც იქნება..

იძახის ვამეხ. ხსნის აბგას ბოთლებით სავსეს.

- აი ღვინო! კახური!

ვამეხ ბოთლს ხსნის. ავსებს ჭიქას.

- სინჯე იუზბაშ!

სპარსი იპუწკება როგორც ახლად დანიშნული.

- შესვი! ნუ გეშინია! მაჰამადს შენთვის არ სცალია!.

იუზბაშ მოსვამს ცოტას. წრუპავს: თითქო სინჯავს.

- გჲურჯის ღვინო ქარიგია..

(იუზბაშმა ორიოდე სიტყვა ქართულიც იცის).

ვახშამი ჩაღდება. ნუგზარ იქითაქეთ დარბის. ხმელი და მაღალი. წარბები: წურბელები - (ერთმანეთს ხომ არ კოცნიან!?). წამწამები - „სპარსული“: (ძნელია სხვა სიტყვა). თვალები - ორი ქვა: ნაღველივით შავი (რიყეზე რომ ნახულობენ). ხელები - სუფთა და ფერად პერგამენტი. თითები: დაქნილი მასრები - (ესეც „სპარსული“).

- ნუგზარ! შაირი!. შაირი!.

ნუგზარა შაირობს. ზეპირ იცის მტელი „გჲული სტან“.

შაირი ტკბილია შერბეთივით. მღერის თითქო.

- ნუგზარ: რა უფრო გიყვარს?!

- მთვარე.. გავსილი..

- კიდევ?!

- ბჲულბჲულ..

- კიდევ?!

- ვარდი..

- რომელი?!

- შირაზის..

- კიდევ?!

ვამეხ არ ეშვება. ნუგზარ დარცხვენილია..

- კიდევ?! ნუშის თვალები - არა!?

ნუგზარ თავს დახრის და იღიმება.

გაისმის ავტომობილის ქშენა. ვამეხ გავარდება.

- სტეპკო?!

- მე ვარ..

შემოდის სტეპკო. მაგიდას უჯდება.

- მიირთვი. შესვი..

სტეპკოც მიირთმევს - (ჰო რა მადიანია შოფერის ლუკმვა!).

იუზბაშ განზე დგას.

- იუზბაშ ქუჩუკ-ხანი როგორაა?!

ეკითხება ვამეხ.

- ვინ?!

თითქო ეს სახელი პირველად ესმის.

- კარგი ერთი!. რამდენჯერ ყოფილა შენთან?!

- ?!. ?!. ?!.

- ინგლისელები უნდა გავაძევოთ იუზბაშ.. რუსებიც..

იუზბაშს თვალები უწვრილდება.

- არ გჯერათ?! აქ: ერთი ებრაელია. მეორე სომეხი. მესამე ბერძენი. სვანიც ჩემი თანამემამულეა. მე გჲურჯი ვარ. ეს ჩემი მეგობარი შვედია.

- !?. !?. !?.

ვამეხ გადახედავს არჩიბალდს. არჩიბალდ იღიმება. დანარჩენებიც იღიმებიან. იუზბაშიც წვრილი თვალები სინჯავენ არჩიბალდის ღიმილს.

ვამეხ განგრძობს:

- ჩვენ რა დარდი გვაქვს რუსეთის ან ინგლისის!?

- იახშ! იახში!

- გაუმარჯოს სპარსეთს!

- გაუმარჯოს! ლა ილაჰ ილლა ალლაჰ!

სპარსის დაწვრილებული თვალები აციალდებიან. თუმცა იჭვნეულობა მოსჩანს მაინც სიღრმეში.

ვახშამი გძელდება: „კახური“ მაგარია.

იუზბაშ ხშირად გადის და შემოდის.

„ეს ღმერთმა ადღეგრძელოს“...



* * *

- სტეპკო რომელი საათია?!

- ორს გადასცილდა..

- იმამ ზადე ჰაშიმ აქედან შორს არაა..

- ორ საათში მივალთ..

შოფერი შეღვინიანებულია.

მეეროვს არ მოსწონს დიალოგი:

- აქ გავათიოთ ღამე..

- გეშინია განა?!

ახელებს ვამეხ.

- რის მეშინია!?

მეეროვ მხრებში იმართება.

- მაშ?!

- სახიფათოა ეხლა..

- რა სახიფათოა?! რას ამბობ?!

- ნაგლობერს იქით ქუჩუკ-ხანის რაზმი მოქმედობს.

- მერე?!

- თავს ესხმის მგზავრებს..

- დაგვესხას.. დავხვდებით..

შეღვინება ვამეხსაც ეტყობა.

- დავხვდებით.

ნადირივით იხედება ჯიმშუტ. წელზე - ფართო საპატრონე: ტვყვიის მასრებით ამწკრივებული. „სმიტ-ვესსონს“ დახედავს.

- ვინ რას გვიზამს?!

ბღავის სვანი ციოხ. ბერდანას ათვალიერებს.

- დავხვდებით!

გაიძახის ვამეხ. სინჯავს დიდ ნაგანს - (ქარქაში ხისაა).

- რა გვიშავს!?

თამამდება სტეპკო - (მასაც ჰქონია იარაღი).

იუზბაშ გაოცებულია და გაცეცხლებული. იარაღის ეშინია. ხან ერთს უცქერს - ხან მეორეს. ეხლა არჩიბალდისკენ იხედება: „ხაკის“ ქარქაშიდან იღებს ორს „კოლტს“ მრავალთვალიანს. იუზბაშ უკან გახტება.

ვამეხ აშინებს იუზბაშს:

- თავს დაგესხენ თულები..

იუზბაშ კანკალებს.

- ნუ გეშინია იუზბაშ!. ეს სამზადისია მგზავრების!.

იუზბაშ მშვიდდება. ვამეხ მოიხედავს და სიცილი აუვარდება.

- ეს რაღაა?! ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა..

მეეროვს ჩემოდანი გაუხსნია და პაწა რევოლვერს იღებს.

- ერთი ამათ უყურეთ!. იუზბაშ: თქვენი გარდაქეშანია რაღა!. არა: დახეთ - ამ სათამაშოს!.

და პაწა რევოლვერს გამოართმევს და აათამაშებს.

მეეროვ დარცხვენილია:

- ნუ იცი ყველაფრის მასხარად აგდება..

- მაშინა მზადაა!.

მოისმის სტეპკოს ხმა.

გადიან აივანზე. ვამეხ იღებს ნაგანს და გაისვრის. „ალლან“ დაიყეფს. იუზბაშ რიკულზე მიეკეცება - (შიშით?!.) „ალლანის“ ყეფა გადასერავს განიერ ხევის ფაშვს.

დალესილია ყველა - (კარგია ნაღვინებზე გრილი ჰავა ღამის).

საფრხე მათრობელია - (მაგარია მკლავები მორკინალების).

- მშვიდობით იუზბაშ?!

- მშვიდობით ნუგზარ!

- ყარდაშ!. ყარდაშ!.

- იახში.. იახში.. გზა..



* * *

„ოპპელიც“ ატეხილია. ღვინო მასაც თუ გადაედვა.

მაგრამ სტეპკოს თვალი მჭრელია და ხელი მაგარი.

გაიარეს მოსახვევი. შედიან ტყეში. ტყის პირას ხანდახან გარეული კატა გაირბენს წითური. გამოანათებს ალის თვალებით და წამსვე გაჰქრება. შორით გზაზე მგელიც მოსჩანს მოყიალე. ავტომობილი დაიღრიალებს. მგელი ხრამისკენ გადაეშვება. „ალლან“ დაიყეფს ყელამართული და ყეფა მგელს ხევში გაეკიდება.

სადგური ნაგლობერ. ერთი ვერსი. ორი.

„ალლან“ ყეფს. იხედებიან: არავინაა.

„ალლან“ ყეფს გახელებით. გაიხედავენ არაფერი.

„ალლან“ ავარდება. ვეღარ აკავებენ. ყეფა და ყველანი წაიწევენ. ავტომობილის თვალები ადამიანის ლანდს კვეთავენ.

- ვიღაც მიიმალა.

ისმის სტეპკოს გაგუდული ხმა.

ვამეხ წამოხტება:

- შეაჩერე!

და უეცრად მოსახვევთან გავარდება თოფი.

- ისინი არიან...

- ვინ?!

(ეს კანკალია მეეროვის).

- ქუჩუკ-ხანის რაზმელები..

არჩიბალდმა მხოლოდ ეხლა იგრძნო საფრთხე. ისიც გადმოხტება. მას ჯიშმუტიც გადმოჰყვება. მეეროვ გადმომხტარია და ავტომობილს ეფარება. სვანი ციოხ გადმოდის დათვივით. სტეპკო წინ ჩამძვრალა თითქო: უცდის ვამეხის ბრძანებას.

- თხრილთან მიაყენე!

მაშინა გაიწევს დაჭრილი მხეცივით.

მეეროვ თან მიჰყვება. „ალლან“ არ ცხრება. არჩიბალდ მეეროვს მიმართავს:

- დაიკავეთ საყელურით..

მეეროვ ფრთხილად ჰკიდებს ხელს საყელურს. თან: უკან იხევს. ძნელი გამოსაცნობია: დოგისაც ისე ეშინია როგორც წინ ამართული საფრხის?!

ჯიმშუტ სიპ ქვას ეფარება გამოფერდილს. ციოხ მის ახლოა.

ერთი „სმიტ-ვესსონს“ იმარჯვებს. მეორე ბერდანას. ვამეხ და არჩიბალდ ხეს ეფარებიან ხრამის პირას. ერთი „ნაგანს“ მართავს. მეორე „კოლტს“.

პაუზა. გავარდა კიდევ: ერთი - ორი - სამი - ოთხი.

გასცეს პასუხი. ხევში სროლა გაიკლაკნება.

- მაგრად არიან..

ამბობს ვამეხ. სტეპკო წამოხტება:

- მე ეს ადგილი კარგად ვიცი. ავალ ტყეში.. მოვუარ საცალფეხო ბილიკით... დავზვერავ..

- ფრთხილად სტეპკო.. არ გაიგონ..

- ჯავრი ნუ გაქვს..

სტეპკო მიხოხავს. შედის ტყეში.

გავარდა კიდევ. გასცეს პასუხი. არჩიბალდ იცის: თითქო რაღაცას ზომავს. „ალლანს“ ძლივს აკავებს მეეროვ.

კიდევ გავარდა. მოხვდა ავტომობილს.

აქედანაც გავარდა (იქაც მოხვდა?! მაშ რა ხრიალია?!).

ვამეხ არხეინად დადის. ტყვიის არ ეშინია. მაგრამ მის მაგივრად არჩიბალდს ეშინია.

- ვამეხ: აქეთ! ფრთხილად!.

- ფიქრი ნუ გაქვთ..

გავარდა კიდევ: ზედიზედ. მეეროვ ყვირის: „ალლანს“ ვეღარ აკავებს „ალლან“ გავარდება. ვამეხ გაეკიდება - (ფიქრი: ვაი თუ დოგი დასჭრან). არჩიბალდ მოდუნებულია - (რა ემართება?!). ვამეხ „ალლანს“ ეცემა და დააკავებს. დოგი ყეფს გახელებული. გავარდება კიდევ - და ვამეხ წაიქცევა.

ისმის მხოლოდ გაგუდული სიტყვა: „დედა“.

ერთი წამი - და ამ წამში: ნინო დანისლული თვალებით - მატასი ნიამორივით აშოლტილი - ბაბუა სარიდან. ეს: ვამეხის ფიქრებში. იმავ წამში - ეს ყველა: არჩიბალდის ფიქრებშიც. მაგრამ ამ ფიქრებში კიდევ სხვა: ირაჰშანდა - სარგის - ბეხან - მამა. მამაში: მამის სისხლი თუ კივილი.

ფიქრებში წამია თვითონ.

არჩიბალდ მოსწყდება. ერთ ხელს „ალლანს“ სტაცებს. მეორეთი მოათრევს ვამეხს. მიიყვანს ავტომობილთან. გრიალი ისმის - (ნეტავ რად არ ხვდება?!). დააწვენს ავტომობილის უკან. კიდევ სროლა - (ნეტავ რომ არავინს მოხვდა?!). ციოხ და ჯიმშუტ ვამეხს თავს ეხვევიან. არჩიბალდ პერანგს იგლეჯს: „შეუხვიეთ“: ეუბნება მეეროვს. „თქვენი ალაგები დაიჭირეთ“: მიმართავს ციოხს და ჯიმშუტს. მეეროვი ეხლა მარჯვედაა: ჭრილობას უხვევს.

არჩიბალდ გახელებაა მარტო: ცეცხლის თუ რკინის.

გაუშვებს „კოლტს“ ერთიანად ზედიზედ.

გრიალი ხევში გაწვება როგორც თავწაკვეთილი გველეშაპი.

(საკვირველია: „ალლან“ აღარ სცილდება).

მტრის ბანაკში ჩოჩქოლია - (იქაც დაიჭრა?!).

ზევიდან სტეპკო გადმოხტება:

- ხუთმეტამდეა.. ცხენები არ ჰყავთ.. შეიარაღებული კარგად არიან.. მაგრამ ძარღვი შეშინებული აქვთ.. ეს რაა?! ვამეხ დასჭრეს?!

სტეპკო ავტომობილში ხტება. გაწვება სამართავთან კატასავით. ისმის გაგუდული ხმა:

- მე გავსჭრი მათ რკალს.. ადგილი ვიცი. მათ იქით მოსახვევია.. მოსახვევამდე ჩაწოლილი გავიგდებ მაშინას: დაღმართია.. ტყვია არ მომხვდება.. შემდეგ ვიღა დამეწევა?! იმამზადეში ოც წამში ჩავალ... მიცადეთ.. იქ ჯარისკაცებია..

- მაშინას აძვრა?!

ეკითხება ჯიმშუტ. აა: ეს კი დაავიწყდა სტეპკოს. აძვრა წინიდან შეიძლება. წინ-გასვლა კი სახიფათოა.

სტეკპო დაღონებულია:

- უკანიდან მოაწევით... აქ დაღმართია... მაშინა თავისით გახურდება..

- მაგრამ მაშინა თხრილშია გადაზნექილი.. ამოღება უნდა..

სტეპკო უფრო დაღონებულია.

- მაცალეთ!.

იძახის ციოხ: და ვეებერთელა კაცი უკანიდან ძვრება ავტომობილის ქვეშ. ხელებს იმაგრებს. მუხლებს იმაგრებს. ზურგით აწვება.

- ჯიმშუტ! უკან დაიკავეთ მაგრათ..

ჯიმშუტ ამაგრებს.

სროლა სროლას მოსდევს. არჩიბალდ არ სტოვებს სროლას უპასუხოდ. „ალლან“ კბილებს ილესავს.

„ჰააა“: იძახის ციოხ ქვეშიდან. მაშინის წინა პირი თხრილიდან მოგორავს: ვაკეზე იმართება. წინ: დაღმართი.

- მოაწევი უკანიდან!.

იძახის სტეპკო.

ჯიმშუტ მიაწვება. მეეროვს ვამეხ თხრილში გადაჰყავს. მაშინა ხურდება. გავარდება. ციოხ წაიწევს განზე. ისევ იარაღს იმარჯვებს. მაშინა მიჰქრის.

ყურს უგდებენ. სიჩუმეა. შეაჩერეს?! ვერა. ესროლეს?! ესროლეს. ავტომობილი?! მისი ხმა ისმის. მაშ ვერ დასჭრეს სტეპკო. კიდევ სროლა. ავტომობილის გრიალი თითქო გადატყდა. მოახვედრეს?! ყურს უგდებენ. ვერა: ალბად მოსახვევს გაუარა. აა: საყვირიც გაისმის მაშინის.. კიდევ სროლა. მაგრამ სტეპკო მიიმალა ალბად.

მაგარი ამოსუნთქვა: „ალლან“ ყეფს.

ეხლა მტრის ბანაკს უგდებენ ყურს. იქ რაღაც ჩოჩქოლია. ავტომობილში არავინ იჯდა. შოფერი ალბად გაწოლილი იყო. რად გაიქცა?! დასტოვა დაჭრილები ან მკვდრები?! ძაღლიც მისთვის ჰყეფს?! თავს უშველა?! თუ მოსაშველებლად გავარდა?! ამ ფიქრებს „ესენი“ ფიქრობენ - (მტერის ბანაკის ფიქრებს). ბანაკში ჩოჩქოლია.

ყურს უგდებენ განაბულნი.

ეს რა ლანდებია?! ერთი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი.

ალბათ „დამარცხებულთა“ სანახავად მოდიან.

- არ გაინძრეთ!.

ჩურჩულობს არჩიბალდ.

„ალლან“ ჰყეფს. ვერაფერი აჩერებს: ვერც თხოვნა - ვერც ბრძანება.

ლანდები ახლოვდებიან. ხუთი საჟენი. სამი. ორი. და ვიღაცამ თხრილიდან გაისროლა. ნუ თუ ვამეხმა ამოყო თავი?! ერთი „მათგანი“ დაეცა. მაგრამ სხვები გადმოიჭრებიან. არჩიბალდ თხრილისაკენ გადახტება: ვამეხს იფარავს. ვიღაც ხანჯალს მოუქნევს: არჩიბალდ იცდენს. „ალლან“ მოსწყდება და ერთი ნახტომით შემოსეულს მიწაზე გაშხლართავს. მეორე დოგს თოფს უმიზნებს. ჯიმშუტ მზადაა. გადაიჩეხება - თოფს ხელს აჰკრავს. არ მოხვდა. ციოხ ხელჩართული იბრძვის. ჯიმშუტ ციოხს ეხმარება. მეეროვ მარჯვედაა: თხრილიდან ისვრის. აცილებს: არჩიბალდ ხედავს: ოთხი - ორის პირისპირ. ციოხ დევკაცია. ჯიმშუტ არა ნაკლები. მაგრამ მტრებიც არ დაუვარდებიან. ბრძოლა ხელჩართულია. არჩიბალდ მოსწყდება: ეხლა ნამდვილი გაგიჟებით - (სიგიჟე ძალას აათკეცებს). მორკინალი არტისტი უნდა იყოს: არჩიბალდ ბოკსერიც არის. ერთი დაკვრა. მეორე. მესამე. მეოთხე. „ალლან“ კიდევ უფრო საშინელია.

მტრები მოგერიებულია. ზოგი ძირს აგდია დაჭრილი. ზოგიც განზე გავარდა. მაგრამ ეხლა სხვები მოდიან. უფრო მეტი: ეხლა მოშვება აღარ შეიძლება. რაზმელები ისვრიან. გავარდება ჯიმშუტის ტყვია. გავარდება ციოხის ტყვია. მას მოყვება საშინელი გრიალი „კოლტის“ - (უკვე მოასწრო გატენა) ხუთი ერთად. მტრები უკან იხევენ. კიდევ ხუთი ზედიზედ. მტრები აღარ სჩანან - (მიიმალენ?!).

გაიფანტენ?! ვინ იცის.

მეეროვ ვამეხს ეჩურჩულება:

- ჭრილობა არ უნდა იყოს დიდი..

- წვივში..

არჩიბალდს ესმის მეეროვის სიტყვები. თითქო ეხლა გამოერკვაო - მოსწყდება და ვამეხს თავთან დაუვარდება.

- ვამეხ!

- არჩი... ნუ გეშინიათ.

ცოცხალი ვარ..

- არა უშავს..

(ეს ჯიმშუტის ხმაა).

- დოგს რომ არ გაჰკიდებოდა..

(ხმა მაღლა ფიქრობს მეეროვ).

- „ალლანს“ როგორ მოვაკვლევინებდი..

ვამეხის ხმა არჩიბალდს ესმის როგორც სისხლი.

თვითონ - ახლა სისხლია მარტო.

„ალლან“ ჰყეფს. ყეფაში ისმის გამარჯვება.

ვამეხ ამოჰყავთ თხრილიდან. ხრამის პირას მინდორია პატარა. იქ დაასვენებენ. არჩიბალდ მალამოზე ფიქრობს. მაგრამ მალამო ჩემოდანშია. ჩემოდანი კი.. მხოლოდ ეხლა გაახსენდა სტეპკო. რა ჰქნა?!

„ალლან“ ყეფას უმატებს - (სროლა ხომ არაა?!).

არა. ვიღაც სტვენს. ჰაა: ეს სტეპკოა. ხევში მოქშინავს ავტომობილი.

ლოდინი მხიარული: რამოდენიმე წამს.

სტეპკო ავტომობილს მოაგდებს.

უკან - „საბარგოა“. იქ ჯარისკაცები სხედან.

- ჰაა: სტეპკო!.. სტეპკო!.

- გაიფანტენ?!

- გაიფანტენ!.

- ძალიან არ გაუძვერი იმ წყეულებს?!

- ყოჩაღ სტეპკო!. ყოჩაღ..



* * *

ნახევარ საათში - სადგური. „იმამ ზადე ჰაშიმ“.

ძველი შენობა ქვის. თითქმის მინგრეული, კედელი: ორი ალაბი სიგანით. შენობა - შაჰაბაზის დროის. ასეთი შენობა მთელ სპარსეთში: 999. ამას სპარსი გეტყვით. სპარსი იმასაც დაუმატებს: რომ ეს 999 - (მაგიური რიცხვი?!) - შაჰაბაზმა ააშენა. სპარსი წარწერასაც გიჩვენებს კედელზე: „ქვეყანა ქარვასლაა და ჩვენ ქარავანი ვართ“. სპარსი იმასაც დაუმატებს: რომ ეს სიტყვებიც შაჰაბაზისაა.

სადგურზე ექიმია: გასინჯავს ფეხს. ტყვია წვივში მოხვედრია: ძვალსა და ძვალს შუა. ძვალი რომ იყოს დაზიანებული?! „არ იქნება“ - (იმედი სიტყვებს ეძებს).

განზე ჯიმშუტ მკლავს ათვალიერებს. მკლავი სისხლშია. მხოლოდ ეხლა ცნობს: რომ ისიც დაუჭრიათ. ჭრილობა პატარაა.

კუთხეში სვანი ციოხ ბარძაყს აშიშვლებს. მასაც მოხვედრია. შარვალის ნახევებისაგან შეუხვევია. ჭრილობა - „რბილშია“. ტკივილს არ გრძნობს. „გამკაწრეს“: ბურდღუნობს.

არჩიბალდს ვამეხის ფეხი აწუხებს: რომ დასახიჩრდეს?! კოჭლი ვამეხ?! ეს ხომ „ალლან“ იქნება ფეხმოჭრილი! არა. არას გზით. ძვალი თუ გაიკაწრა?! არჩიბალდ ვერ ისვენებს:

- სტეპკო! ეხლავ ენზელისაკენ!



* * *

უკვე გათენდა.

ენზელშიც საკვები პუნქტია. მისი გამგე მოროზოვია. კაცი სქელი. პირგაპარსული. აფუებული ლოყები და წვრილი ჭროღა თვალები. პენსნე ვერ მალავს ეშმაკურ ღიმილს. მაგრამ „ეშმაკობას“ ვინ არ აპატიებს?! ხალისიანი მუდამ. მომცინარი მუდამ. მისი ხითხითი ხუთმეტ საჟენზე გაისმის. ანეკდოტისტი შეუდარებელი - (თუმცა ურია არაა). დარდიმანდი კაცი. იცის ვენის ოპერეტები. მღერის კუპლეტებს - (ხმაზე მწყრალადაა). იგონებს ვენის კოკოტებს. მოგონებას ათავებს ნერწყვით და თითების ტკაცუნით. პირის გემო?! მასთან რომ მზარეულია - მთელი სპარსეთის ხაზზე არ არის ასეთი. რა სასმელები არ აქვს მოროზოვს?! (ენზელი საპორტო ქალაქია).

სტეპკო შეაგდებს ავტომობილს ეზოში.

მოროზოვი გამოვარდება. პენსნე მაგიდაზე დარჩენია.

- ვოვა!. დამჭრეს!.

- ააა: ვამეხ..

ხმაზე იცნობს ვამეხს და აივნიდან გადმოხტება.

- დამჭრეს ვოვა.. ხომ გეუბნებოდი: სპარსეთიდან რაღაც ჭია წამყვებათქო!?

- ჭირს რა უნდა შენთან!.

გადმოხტებიან. ვოვა გარბის.

ოც წამში მოჰყავს ექიმი: მოღუშული და ცივი.

- შენს ბედზე ქირურგიც არ არის..

სინჯვა. არჩიბალდ უცდის განაჩენს.

- ძვალსა და ძვალს შუა გასულა ტყვია...

- ძვალი ხომ არ დაზიანებულა?!

- არა მგონია...

(ეს „მგონია“ აფუჭებს ნუგეშს. მაგრამ ექიმი ცივია).



* * *

ქეიფი.

ბერძენი სტეპკო - (თვითონ ამბობს). სვანი ციოხ. ყარაბაღელი სომეხი ჯიმშუტ. ქართველი ვამეხ - (მიწოლილია გვერდით). როსტოველი რუსი მოროზოვ. ოდესელი ჰებრაელი მეეროვ. არჩიბალდ მეკეში. „ალლან“...

მკლავი. სმა. ხმა. ხმალი. ირონია.

ქეიფი ქაფივით ადის ცისფერ ტალღებს.

ქეიფი - სპარსეთის ერთ ყელთან.



* * *

- ვამეხ ტფილისამდე გაგაცილებ..

- არჩიბალდ!. არჩილ!.


ტფილისი

ირყევა ტფილისი -
ქალაქი წყეული და უტკბილესი.
„ტფილისის ხერხემალი“

მცხეთაში მეფემ ქორი ააფრინა. ქორი ხოხობს გაედევნა. მეფე უცდის: აღარც ქორია და აღარც ხოხობი. მიდის საძებრად. მიადგება ხევს. ხევში ღვარია გოგირდის ფერის. ღვარში ხოხობი დამხრჩვალა. ქორიც თან გადაჰყოლია. მეფე ფუძეს დებს ქალაქისას.

ასეთია ქალაქის მითოლოგია.

ტფილისი გოგირდის აბანოთი იწყება და გოგირდის აბანოთი თავდება - (მეტაფიზიკოსი ამ ამბავში „მეტაფიზიკას“ ამოიკითხავს).

პატარა სახლები და ვიწრო ქუჩები. ერთ ყელში შესაძლოა ერთი აივნიდან მეორე აივანში გადახტომა. აქაიქ: ყავახანა. ინით შეღებილი წვერები. დაქნილი ფრჩხილები - (ესეც ინით შეღებილი). ხელში კრიალოსანი: ქარვის თუ გიშერის. მუსაიფი: ნელი და ჩუმი. თვალები არავის ეძებენ - (თავის თავს თუ ეძებენ შორეთში).

აბანოს შესავალში მექისე დგას. სხეული - გამოხარშული: თითქო ქათმის შაშხი სხვენზე ჩამოკიდებული - (თანაც შემჭვარტლული). სხეულის კანი: საქალამნე ჯღანი თხელი. სახე: მაჭიკი. თვალები: გადაქსუებული ნირვანა. ირანის ზმანებაში თუა.

სამი საუკუნის წინათ შაჰაბაზის ლაშქარმა ტფილისი აიღო. სისხლით გაილეშა მძლეველი და დამძიმდა. მძლევარმა გოგირდის აბანო მიიღო. მექისემ ტანი დაუზილა გალეშილი. ეს ხომ არ ახსოვს მაშადის - მითოლოგიური მექისის ნაშიერს?!

ეგებ სხვა ამბავსაც იგონებს მაშადი:

გოგირდის აბანო ალექსანდრ პუშკინმაც იგემა. აფრიკის სიცხემ გახელება იცის. აფრიკის სისხლი.. სლავურმა არემ ვერ დააცხრო. პუშკინმა ტფილისშ იგზნო შენელება. მის შავ ტანზე მექისემ საპონი ფეერიულ ბუშტებად გაშალა. ქისა გადაუსვა - სული შეუბერა: პოეტის სხეულმა ლამაზის ცოლის ალერსი იგრძნო რომელიც ბედისწერად გადაიქცა მისთვის.

შეიძლება ამას იგონებს მაშადი.

მაშადი არაფერს იგონებს. იგი გათქვეფილია ცხელ გოგირდიან ღვარში. მხოლოდ ხანდახან ზარატუსტრას პოზას იღებს - (ზოროასტრ ხომ მისი სამშობლოდანაა) - და იტყვის: „ქარგი აბანო ქარგი ლჲულაქაბაბ ქარგია“.



* * *

მართლაც კარგია გოგირდის აბანო.

იქ ქეიფია ყოველთვის. აი ახლაც.

ფეხები - მოკლე. შარვალი განიერი: თითქო გაბერილი გუდა. დიდი ვერცხლის ღვედი წელზე. ზედ: ბაღდათის თავსაფარი ჩამოშვებული. თავი: საორშიმე კვახი თუ ქვასანაყი. კეფაზე ქუდი: თითქო შავი სოკო. მთელი ფიგურა: მამალი პილპილა. პათოსი - გუდაფშუტის. სახელი: ფიჩხულ.

განზე: დოლი და ზურნა. ლოყები მეზურნეების იბუშტებიან - (ბაყბაყ დევი თუ ილუკმება). ფიჩხულ დავლურს უვლის და გადადის ბუქნას - (ამ დროს შარვალი პათოსია).

მწვანე მოლზე თავსაფარია გაფენილი. თავსაფარზე: მწვანილი და „მოთალი“. კინტოები ქეიფობენ: ჭიქა ჭიქას ეთამაშება.

ფიჩხულ ბუქნას ათავებს.

ერთის ხელი ჭიქას ამართავს. აპუწკული ტუჩები გაიძახიან: „ეს ღმერთმაც ადღეგრძელოს ის ანგელოზი რომელი ანგელოზიც“... გაპრეხილი ხმა უსაშველო პერიოდს ეპოტინება. ეხლა სიტყვა „რომელი და რომელიც“ თვითონ იწყებს ბუქნას.

მაგრამ სიტყვის ბუქნას მეორე გადასჭრის. იგი ნაყვავილევია. ამომშრალი თვალები - (კაცი ნახევრად ბრმაა) - ბჟუტავენ როგორც ნაკვერჩხლები ჩაქრობას რომ აპირებენ. ნაყვავილევს ყურთან დაირა მიუყუდებია: „ყბაყურა“ თუ აქვს. უსაშველო თავი გაჰკივის უსაშველოდ: შაკიკი თუ აუვარდა თავში. „შე წყეულო მარტის თვეო“. „აღსდეგ თამარ დედოფალო შენთვის სტირის საქართველო“.

მერე: ისევ განიერი შარვლის ბუქნა.

მერე ისევ: „რომლის“ აკვიატება.

„რომელი - რომელიც“: ეგებ ვიღაცას ეძებენ. თავის თავი თუ დაჰკარგეს. სიტყვა ქართული. ბაიათი სპარსული. ხმა „ყარაჩოღელის“...

რასსის დომხალი?! აქ თუა წვალება.



* * *

ტფილისში სახლში არავინ ბრუნდება. აქ ყველგან „შენი“ სახლია.

ტფილისში ხეტიალს რა სჯობს?!

სამიკიტნოები გაკიდულან როგორც არღნები კარუსელზე. სამიკიტნო სავსეა ყოველთვის - (რომელიც გინდა). დახლთან მიკიტანი დგას და „ნისიებს“ ითვლის საკუთარი ბუხჰალტერიით. ლაქიები გარბიან იქითაქეთ. ვინ გინდა აქ რომ არ იყოს?! მაგრამ ყველაზე უფრო ფეროვანი მაგიდა ჩოხოსნებისაა. ზოგი ასხეპილი. ზოგი აცქვეტილი. ზოგი აწკეპილი. ზოგი წამახული.

ერთი მათგანი შუახნისაა. „ჩაბაკვერა“: როგორც დაბალი სიმინდი ულვაშ აყრილი და ტაროებით დოინჯაჭდილი. სიდარბაისლე ფარაოსი. ნეკზე წაზდილი ფჩხილი მამლის დეზივით. ჭიქას ამართავს მარჯვენა ხელით. გრძელი დაქნილი ფჩხილი ქარვას აელვარებს წაბზეკილი. გაპრეხილი ხმა იწყებს:

- ინგლისელი მეცნიერი სიეისი ამბობს:

- კაი თუ ღმერთი გწამს...

- თავი მოგვაძულე მაგ სიეისით ღმერთმანი..

- ნათლი მამაა მაგის: ღმერთი მაგას უშველის...

უკანასკნელი ჩუმად იცინის.

„ჩაბაკვერა“ ყურს იტყუებს:

- შენგან არ მიკვირს: მანაველ ჩემო...

- რას ამბობს სიეისი სამოველ?!

- ახლა სხვა ეკითხება ირონიით.

- სიესი ამბობს: რომ საქართველო...

- კაი კაი...

- ვიცით: რასაც ამბობს..

ერთი იცინის. მეორე ანჩხლობს.

- თუ არ მაცლით..

- სხვა დროისთვის გედინახე..

„მრააავაალ ჟამიერ“ და მაღალი ტონი კვინიხში ადის. მაგრამ „მრავალჟამიერ“ უსიამოვნების ჩასაქრობად მისწრებაა. „ჩაბაკვერა“ სიეისის ციტატას „ჯიბეში იდებს“ და ჯდება ფარაოს სინელით დამძიმებული ფიქრით: „წახდა ბატონო ქვეყანა“..

- ეს ღმერთმა ადღეგრძელოს...

- მოიცა კაცო.. თამადას აცალე...

- არ შემიძლია ბატონო ამდენი ცდა..

- თუ არ შეგიძლია...

- მერე რაო?!

- იქაც გიკრავს თავი: ხომ იცი..

- ხა ხა ხა ხი ხი ხი..

- გეიმეორე კიდევ..

- გევიმეორო თუ არა.. შენმა..

- გამიშვით მა წუპაკთან...

- წუპაკიც ხარ და...

- დაანებე თავი თუ კაცი ხარ..

- სილიბისტრო არა გცხვენია?!

- რა დაგემართა ბოშო?!

- „მრავალჟამიერ“: ერთი შენი ჭირიმე.. „ცედური“..

„მრააავაალ ჟამიერ“..

კვინიხი ეხლა გახეთქას აპირებს. მაგრამ კვინიხში აკივებულ ხმას ვიღაცას ბოხი ჰფარავს თითქო დარეგვილი.

ჩოჩქოლი წყნარდება. ხოლო გუნება სუფრაზე აღერნილია მაინც. უგუნებობა ქართულ სუფრაზე „წაწყმედის“ ნიშანია. ამას ყველაზე უფრო თამადა გრძნობს.

- ეს შესვი ჯერ და მერე იჩხუბე რამდენიც გენებოს..

- ვიცი სადღეგრძელოა?!

- კვატატის..

- კვატატი.. იცოცხლე..

- გამოცლამდეა..

ვიღაც კარში იტუზება..

- სილოვან!. სილოვან!.

- გვეწვიე სილოვან!.

- ერთი ჭიქა..

სილოვან მოდის. ქართულ სუფრაზე ახალი სტუმარიც „მისწრაფებაა“. თამადას აღარ ეშინია „წაწყმედის“.

- აბა შემოსასწრები!.

- ეს ღმერთმა გაუმარჯოს..

„მრააავაალ ჟამიერ“..

გუნება დაბრუნდა - (მადლობა ღმერთს).

კარებში ეხლა სხვა დგას.

ქვეიდან პატარა ბიჭი შესცქერის ყურებაცქვეტილი.

კარებში გაჩერებული მაგიდებს ათვალიერებს.

დახლიდარი ბიჭს უძახის:

- შემოუშვი ბიჭო..

ბიჭიც მზადაა:

- მობძანდი ბატონო!. სტოლს გიშოვით..

კარებში აყუდებული ისევ მაგიდებს ათვალიერებს. ეხლა მაგიდებიც ათვალიერებენ მას. კარებში აყუდებული უხერხულობას მალავს (ბიჭს მიმართავს):

- ცოცორია ხომ არ ყოფილა აქ?!

- არ ყოფილა ბატონო...

- ბუიღლიშვილი?!

- რომელი?! ბესარიონი?!

- არა.. კიმოთე..

- არ ყოფილა ბატონო..

- წვიმიტაძე?!

- არც ის ყოფილა ბატონო..

- სიკინჭილაძე?!

- რომელი?! კოწიი?!

- ჰო: კოწიე...

- არც ის ყოფილა ბატონო..

„მრააავალ ჟააა“...

მაგრამ ამ დროს უცხო სახელი ისმის:

- ლოიდ ჯორჯი?!

(ლაქიას თუ შერცხვა ამდენი „არასი“):

- ქე იყო ეგერ წეხან...

- შენს პატრონს..

მაგიდებზე ხითხითებენ:

- ბიჭო! ლოიდ ჯორჯს რა უნდა სიკოიას დუქანში!.

გაწითლებული ბიჭი სიტყვას ასწორებს:

- ასე მოუხდება.. რომ არ მოგეშვება კაცს: ეს იყო? ის იყო?. ჯანდაბას იყოს მაგის თავი.. რა ვიცი: ვინ იყო..

„მრაავაალ“: ბიჭის სხაპასხუპი ინთქება.

ყველაფერს შეგიძლია გაექცე. მტერს. მხეცს. შავჭირს. ყოველ უბედურებას. ვერ გაექცევი მხოლოდ „მრავალ ჟამიერს“. ქართველი აღაპშიაც გასძახებს ხოლმე „მრავალ ჟამიერს“. ქეიფში - ვინ დააკავებს?! მღერის ქართველი „მრავალ ჟამიერს“ რაღაც წვალებით. კვინიხი მომღერალს უსკდება და ყურებში მსმენელს. აწვალებს რამე?! „ფროიდი“ თუა მისი. ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს თუ მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გარდასულ ჟამს?! შესაძლოა პირველი იყოს მართალი. შესაძლოა მეორე. შესაძლოა ორივე. უდავო ის არის მხოლოდ: რომ „მრავალ ჟამიერს“ ვერ გაექცევი. უკან დაგეწევა და კალთებს ჩამოგახევს. ისევ გაპარვა სჯობია. იქითაქეთ მოიხედავს. ვერ გნახავს სათვალავში. აფუსფუსდება. მერე ისევ „მრაავალ“ და დაგივიწყებს.



* * *

რა კარგია ტფილისი სამიკიტნოს კარებთან - (როცა სამიკიტნოდან გამოდიხარ). ჰაერი - ხალასი და სუნთქვა - მაგარი. მაგრამ ესენი ვინღა არიან?!

ჩულებით ებრძვიან ერთმანეთს: ქურთები.

დაკოჟრილი სხეული: დამწვარი: ტყემლის ტყლაპისფერი. დაკუნძული კუნთები. ოფლის სუნი ისეთი: თითქო ჰებრაელთა „მიკვას“ გვერდით მიდიოდე. ნუ თუ ყველაფერს ჯიში ეკარგება ტფილისში?! ესენი არიან ნატეხები იმ ქურთებისა ვეფხებად რომ ითვლებიან ქურთისტანისა?! მაგრამ ამ საწყლებსაც აქვთ ხალისი.

ეს მათი ბიჭებია და მათი გოგონები.

ზოგი ასანთს ყიდს. ზოგი თუთუნს. ზოგი ირისს. ზოგი მათხოვრობს. ყველას კარგი გული აქვს. მეგობრობა იციან. ათას კაცში გამოგიცნობენ. მოვარდებიან და ფეხებზე მოგეხვევიან. რაა ერთი შაური შენ მიერ გადაგდებული ამ ხელებისთვის?!

ქურთის პატარა გოგონები მარჩიელობასაც ეწევიან. შავი თვალებით - რომელიც ქურთისტანის შავი გველის წიწილებია უფრო - მომავალს გიკითხავენ ხელის გულზე. სტყუიან?! პოეტები რაღას შვებიან?! ამ გოგონების თვალების ალერსს კიდევ სად იხილავ?!

ზოგი ლეში თორმეტი წლის გოგონას შეიტყუებს სადღაც და აორსულებს. მაშინ იწყება ტრაგედია და ხშირად სიგიჟეც. ტფილისის ქუჩებში დაძონძილი ქალი გაივლის ხოლმე მუცელ გამობერილი. რა საშინელია მისი ხითხითიანი სიტყვა?! ტფილისის ქუჩებში დედა გაივლის ხოლმე ძუძუსთან ატატებული პატარა ბავშვით. რა შხამიანია მაშინ მისი უეცარი კივილი კისკასიანი!?



* * *

გაშორება სჯობს. აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს. ყოველი ქვა ტაძარის ქალწულია თვითონ: ნელი - რბილი - ნაზი - თვინიერი. ტაძარი თვითონაც ქალწულია: წარმართი ქალწული სასხვერპლოდ დასაკლავი. არა: აქ თვალები სევდას ნახულობენ.

აუარ ქაშვეთს. უეცრად თვალები გამოანათებენ: ათასში - ერთხელ. ათას ქალებში ათას თვალებში გამოიცნობ ამ თვალებს. ივერიის ქალწულის თვალები. რასსა შეურეველი და ხალასი. სიამაყე და დარცხვენა - ერთად. ჩაივლის ქალწული. მიიმალება გროვაში. რომელი თვალი დაივიწყებს?!

ქაშვეთის თვალები თუ იყო თვითონ..



* * *

მოჩვენება თუ სინამდვილე?! სულ ერთი არაა: თუ კი კარგია?! თეატრის კარებთან დგას მოხუცი. ეს არის ის: ვინც ორმოცი წლის განმავლობაში აფიშებს აკრავდა როგორც მეფის ასულის მანდილებს. ეხლა ბრმაა. ვეღარ ხედავს. ძველად კი ფეერიულ სანახავებს ჰფენდა. ვინ არ ახსოვს მას?! არტისტი: ქალი თუ ვაჟი?! რა არ იცის კულისების მესაიუდუმლემ?! რომელი კაპრიზი არ ახსოვს და რომელი ტემპერამენტი?! რამდენ არტისტულ გამარჯვების მონაწილე ყოფილა?! რამდენი ცეცხლი და რამდენი წვა და რამდენი ლხინი. ეხლა მარტო ფერფლია და უდაბნო.

არა: მოხუცი „საწყალი“ არაა. არც „მხდალი“.

- მიირთვი..

ვიღაც ფულს გაუწოდებს.

მოხუცი დაბეჟილი ხმით ეკითხება:

- არტისტი ხარ?!

- არა..

- რეჟისორი ხარ?!

- არა..

- სცენარიუსი თუ ხარ?!

- არა..

- ან თეატრის მოსამსახურე?!

- არა..

- მე სხვისგან ფულს არ ვღებულობ.

გამვლელი დარცხვენილი მიდის.

მოხუცი თვალებს აშტერებს: ეს რა ხმაურია?!



* * *

ტრამვაჲ მიხრიალებს.

რუსთაველის პროსპეკტი მზეშია გაშხვართული.

პროსპეკტზე კაცი მიდის - (შუაგულ ქუჩაში: ქვაფენილს გაურბის). აცვია რუსული „სერთუკი“ მოხელის ფოლაქებით: უკვე გაცვეთილი. ფეხებზე - გეტრები: ესეც გაცვეთილი. საყელოზე - ფართო ყელსახვევი ძირს გაშლილი. კაცი მაღალი ტანისაა. თავზე - „კაკარდიანი“ ქუდი. მაგრამ მიდის როგორც ოსკარ უაილდ. ადამიანთა მაღლა იხედება. შემოგხედავს - (არა: თვალს მოგკრავს) - და უეცრად აილეწება: ტანი იგრიხება და მაღლდება. კაცი ოდნავ გაიღიმებს. შემდეგ ისევ შორს იწყებს ცქერას. თვალსა ცალი ხელით ისწორებს: თითქო ჩაჟენილია - (თუ მონოკლს არის ხელი ჩვეული?!). მზე ხელდება. ტრამვაჲ მიხრიალებს. კაცს მზე აწვალებს თითქო. გავარდება მზიან ქუჩაში. სხეული თითქო დაკუტებული აქვს - ეხლა კი მზით მორჩენილი თუ ალეწილი. სხეული მირბის: ხელი - ფეხი - ყელი - თავი: თითქო მანქანაა აძრული. სხეული კუთხურ იტეხება და კუთხურ გარბის. მოჰქრის ტრამვაჲ. სხეული ჩერდება. დაიკრუნჩხება: თითქო „ქარები“ აქვს ათასი. შემდეგ შესდგება ცალფეხზე. აილეწება და შეტრიალდება. ტანი საჟენის სიმაღლეს აღწევს. ვატმანი ტრამვაჲს აჩერებს. უცხო კაცი განზე გახტება. ჰგონია: მისდევენ. შიშობს. ფეხებს მართავს. ტანს მართავს. თითქო მანქანის დაშლის ეშინია. ბრბოში ინთქება.

აპოკალიპსური ჩვენება თუ იყო.

ტრამვაჲ ახრიალდება.



* * *

იზმაილოვის - (ვინ არის იზმაილოვი?!) - მეეზოვე დგას: აისორი. სპლინი მორევია და ვარსკვლავებს ითვლის. თან ღიღინობს. სიმღერაში სლოკინია უფრო. ხმაში - სევდა: არა სიყვარულის. სევდა დაკარგულის?! შესაძლოა. იზმაილოვის აღმართზე მეეზოვე აისორი მღერის გაბუტული: შაულ ზაია კურდაი - თემიდან „ბირვერ“. სპლინმორეული მეეზოვე ვარსკვლავებს ითვლის.

- რომელი საათია?!

ეკითხება გამვლელს.

- თორმეტი სრულდება..

გამვლელი ფიქრობს: რად უნდა „რომელი საათია“ დროდაკარგულს.

აისორი მეეზოვე ისევ ღიღინს იწყებს და ცას გასცქერის - (შეკითხვა „რომელი საათია“ მეეზოვის მოვალეობის ასრულებად მიაჩნია). ვარსკვლავებს ითვლის. „ირმის ნახტომს“ თუ ეძებს. ხომ უწველია მის შორეულ წინაპარს ფური ირემი?! ან: შესაძლოა ვარსკვლავთმრიცხველია?! ასსირიელებს ჰქონდათ ვარსკვლავთა ცოდნა. მეეზოვეც ხომ ასსირიელია.

რა უნდა აქ: ტფილისში?!

ერთი ბიჭი ჰყავს: ფეხსაცმელის მწმენდელია. ეგებ მისი წინაპარი აშურბანიპალი იყო ან სალმანასარი. ვინ იცის.

მეეზოვეს კუთხე აქვს სახლის კიბის ქვეშ. იქ ცხოვრობს მისი ოჯახი - (ცოლი და ქალიშვილები). კუპრივით შავ თმებს ამძიმებენ ვეცხლის ფულები და სადაფის ფოლაქები. დამორგვილ ფეხებზე - სქელი წინდები ჭრელი. ქალები ტანსაცმელში ჩაგოდრილან: თითქო ერთბაშად ჩაუცვამთ ყველა საცმელი - (საცმელი ნაჭრებია უფრო). შეგეფეთებიან - ოფლის ცხარე სუნი გეცემათ პირველად. ესენი არიან აშტაროტის შთამომავალნი?! ეს მონგრეული ბარძაყნი ნუ თუ აშტაროტის ავხორცი აშავერის მოდგმაა?! ასე გადაგვარდა ეს წარმართი ქალღმერთი!? დაეკარგა ტანი და ჯიში?! მაგრამ თვალები: ორი დიდი ნაკვერჩხალი - საცა შავი გველები ბანაობენ. არა: აშტაროტ ცოცხალია კიდევ. იგი ტფილისის ქუჩებში დადის.

მეეზოვე აისორი სლოკინობს - (მღერის) - და ვარსკვლავებს ითვლის. ეგებ იქ ხედავს ასურეთის გადასულ ბედს. სამთავრო მძლავრი ეფრატისა და ტიგროსის შორის. ბაბილონი: ქალაქი ავხორცი კოშმარამდე. მეფენი: ასსარგადონ - სალმანასარ - აშურბანიპალ. სახელები: როგორც ცხელი დაღები და ცნელი შურდულები. ნინევის ერთ ერთ ბარელიეფზე გამოხატულია ნემროდ მეფე: დევკაცი მაგრა ჩასკვნილია. კორძიანი ხელებით იგი ლომს ახრჩობს. ასსურეთი ახრჩობს ირანის ლომს.

მისი ნაშიერი მეეზოვეა ტფილისში.

მისი მოდგმა ფეხსაცმელი მწმენდელია.

ეგებ ამას ნაღვლობს მეეზოვის სლოკინი.

ტფილისი ყურს უგდებს გასუდრული. თავის ხვედრს თუ ხედავს ქალაქი?! იგიც ხომ ბაბილონია?! ათასი ხალხი. ათასი თემი. ათასი მოდგმა. არევა. მრუშობა. განცხრომა.

ტფილისი ყურს უგდებს აისორის ასლოკინებულ სიმღერას.



* * *

ქალაქი ქანაობს. ტფილისი მთვრალია.

ერთი მაღლობიდან პოეტები შაირობენ: სახლს უკივიან. წარმოთქმულ ლექსის ნატეხს ვიღაც სახლიდან იმეორებს. ექოა თუ ორეული?! იმ სახლში ადამიანი ძვირად უნახავს ვინმეს. უთუოდ ორეულია. ტფილისიც ხომ ორეულია?!

პოეტი ლექსით მისდევს ორეულს. პოეტს ეშინია არ მობრუნდეს უკან ორეული და არ დაჰკლას დანით. მეორე პოეტი მთვარეს უყეფს როგორც ლაფორგი. ამოყავს ფშანიდან გომბეშო და მას აყაყანებს - (ტფილისში ძნელია სიცოცხლე). მთვარე მალარიის სიმჟავედ ენთხევა ტფილისს. მწვანეყვითურად - როგორც ბაყაყი. შაირობს კიდევ პოეტი. ის სხვაა. ტფილისს შეაგდებს რემბოს „მთვრალ ხომალდზე“ - (ტფილისიც ხომალდია: ტფილისიც მთვრალია). ვიღაც განზე დგას. მის სახეზე რისხვა და ნათელი ერთი და იგივეა. ისვრის დიონისოთი გატენილ შაირს აურვებული ხმით. შაირი თითქო ხმალია სააკაძის: მოხვდება ტფილისს ხერხემალში და ქალაქი იკლაკნება როგორც წელკავიანი ცხენი. სდის სისხლი ხერხემალს. პოეტი თვალებზე ხელს იფარებს და გადაქანდება როგორც წაქცეული ბავშვი - (რისხვა არ ეყო თუ გულის სიჩვილემ სძლია?!) ტორტმანობს ქალაქი. რემბოს მომღერალს ეშინია მისი დაღუპვის და დედას უხმობს შორიდან: სთხოვს ძუძუებს და რძეს.

შემდეგ: მეხუთე - მეექვსე - მეშვიდე.

სახლი ღამურასავით არის მიმალული. ლექსებს იჭერს პოეტებისას. სახლიდან ვიღაც ლექსებს იმეორებს. ორეულია?! თუ ტფილისია თვითონ?! ტფილისიც ხომ ორეულია.

პოეტები უსმენენ ექოთი მომსკდარ სიტყვას: ფითრდებიან.

გამვლელი ჩერდება ქუჩაში და იბღვირება:

- აღარ არის მოსვენება ბატონო ამათგან..

- გიჟებია.

უპასუხებს მეორე გამვლელი.

მაგრამ პოეტები მაინც განაგრძობენ - (შიშით თუ დათვრენ).

ვიღაც მეზობელ სახლში ფანჯარას აღებს. გამოდის აივანზე - (ფანჯარა კარია): ნიფხავპერანგის ამარა. გაგულისებული: ალბად ხვნეშა დაუფრთხეს „წყვილის“.

- ძილი აღარაა ღმერთმანი ამ გიჟებისგან..

- ბაზელში წადი: იქ დაიძინებ..

- რა ბაზელი?! რის ბაზელი?!

- ამბობენ იქ ჩიყვიანი კრეტინებიაო.. თêტე - ცარრé.

- კარებს გიჩვენებთ მე თქვენ..

- ჰა. ჰა. ჭიშმარიტოვი იცი?!

- ვინ ჭიშმარიტოვი?!

- ბაზელში გაიგებ..

- დაიღუპეთ აქედან.. თქვენი..

მილიციონერები მოდიან. მშვიდი მცხოვრები მათ დანახვაზე სიამეს გრძნობს - (რა იქნებოდა ქვეყანა მილიციონერი რომ არ ყოფილიყო).

- წამოდით უბანში.. ოქმის შესაყენებლად..

პოეტები ეხლა ერკვევიან: ოქმი ყველაზე უფრო საფხიზლებელი წამალია. მიდიან.

ქალაქი მაინც ქანაობს.



* * *

დასავლის ქარმა მიაგდო იგი აღმოსავლისაკენ თუ აღმოსავლის ქარმა დასავლისაკენ - ტფილისმა არ იცის. იცის მხოლოდ: შეყენებულა იგი ერთ ალაგას. წინ გაიწევს - რაღაც უკან აეკიდება და აჩერებს. ბრუნდება უკან - რაღაც წინ მიათრევს და აყენებს. არ აქვს საძრავი შორი. ვინ გადააგდო ღუზა?! ათასი ქარი ეხეთქება: თითქო ქვეყნის გზა ჯვარედინია. აღმოსავლეთს მოსცილდა და დასავლეთს ვერ მიაღწია: შუაზე გარჩა.

ტორტმანობს ქალაქი ხომალდი.

დედოფალია სასურვი?! საქმარო მრავალი ჰყოლია. ბიზანტიელნი. რომაელნი. თურქები. სპარსები. ხორეზმელნი. სარაცინები. არაბები. ყივჩაღნი. მონგოლნი. რუსნი. არავის დანებებია. დარჩა გაუთხოვარი?! არა: აუყვანიათ საქორწილოდ - მაგრამ ქალის მკერდი არ განუცდიათ. იყო მხოლოდ ძალაობა - მაგრამ ქალს ვინ მისწვდება თუ მისი მკერდი არ იხსნება?!. დარჩა ქალობა - გაუშლელი: პერგამენტის ფერი მოუკვლელ ჟინს ჰფარავს. არ ჰქონია განცხრომა და არ იცის დაცხრომა.

ნეტავ ვის ელოდება?!

ცრუ საქმარო ბევრი ახსოვს.

უძლეველი ხორეზმელი ჯელალ-ედდინ ძლეულ იქმნა მონღოლეთის გაბრაზებულ მარტორქის მიერ. სახელი მარტორქის „ჩინგის-ყაენ“: სამუმის ძაბრი. ლტოლვილი ხორეზმელი ტფილისს მოადგა. ციხის საიდუმლო გასცეს ტფილელ სპარსებმა. ჯელალ-ედდინ შემოიჭრა მახვილით ტფილისში. აიღო იგი და სიონის გუმბათზე საბძანებელი ტახტი დაიდგა. სიონის კაჟისფერ ტანს ეხლაც ახსოვს ლორწიანი ხვევნა მტარვალს. სიონის ხსოვნას უფრო სწვავს ტირილი ვაზის - მის კედლებში ჯვარად დასვენებულს.

ცრუ საქმარო სხვაც ბევრი ახსოვს ტფილისს.

ჩაღატარ: ძე ჩინგის-ყაენის. იოსერ და ბიჩუი: მეომარნი იმავე ყაენის. მანგუ ყაენ და ულლუჰ-ყაენ. თიმურლენგ: რომელმაც იცოდა ქართული ტემპერამენტის საიდუმლო - („უწყოდა ქართველთა ომის სიფიცხე და ადრე სიმაშვრალე“). შვიდგზის მოცეცხლა დიდმა მეომარმა ტფილისი და სრულიად ამერი. მძვინვარე შაჰაბაზ: რომლის გახელება იყო ირანის დაკოდილი ლომის. შაჰ-ისმაილ. შაჰ-თამაზ. საჭურისი აღამამედხან: რომელმაც თმებით ათრია ურჩი სარძლო. გაიხსენა მაშინ უკანასკნელად თავისი სიმღერა დიდმა აშუღმა ბერად შემდგარმა საჲათნოვამ - მაგრამ წარკვეთილ თავმა შაირი - სიმღერა სისხლად გადმოანთხია.

რომელი საქმარო კიდევ?! ყველა ყალბი?! ყველა ცრუ?! ეგებ თვითონ არის ყალბი?! ეგებ თვითონ არის ცრუ?! ვის უცდის ამდენ ხანს?! თავის ვაჟებში ვერ ნახა საქმარო?!



* * *

ქანაობს ქალაქი ხომალდი. ტფილისი ბოდავს.

ხომალდზე ლანდები ჩნდებიან. თავისმკვლელები თუ არიან. ხომალდიდან გადაცვენილებმა და წყალში გაგუდულებმა ხშირად იციან დაბრუნება. თვითონ ხომალდსაც თუ უქადიან თავისმკვლელობას.

ლანდები მუნჯების ენით საუბრობენ:

პირველი: არსის ხვედრი არსშია თვითონ.

მეორე: არა არს სიმართლე უმაღლეს ამისა.

მესამე: თვითონ გაუწირავს თავი.

(ვის?! ხომალდს?! ტფილისს?!)

პირველი: რამდენი იყო შური?!

მეორე: რამდენი იყო გება შურის?!

მესამე: რამდენი იყო დათრობა შურით?!

(ვის?! ვის არ განუცდია შური?!)

პირველი: მოსთვალე უნდა ერთიმეორის.

მესამე: იანგარიშე ღალატი ერთიმეორის.

(ბევრი იყო „მაგრამ“ - „მაინც“)

პირველი: მე თვითონ დავგმე საშო.

მეორე: მე თვითონ დავგესლე თესლი.

მესამე: მე თვითონ დავდაგე ნათესლი.

(ეს თქვენ ჩაიდინეთ.. „ის“ რა შუაშია?!)

პირველი: ჩვენ სხეული ვართ მისი.

მეორე: ჩვენ ზრახვა ვართ მისი.

(სხვები?! სხვები?! სხვები?!)

პირველი: არ არის „სხვა“.

მეორე: ერთია ყველა.

მესამე: იგივეა.

(მაგრამ: მე-შენ-„ის“?!)

პირველი: ზედაპირია.

მეორე: მოჩვენებაა.

მესამე: სხივოსანი მაჲა..

(თქვენც მოჩვენებანი ხართ)

პირველი: არსის ხვედრი არსშია თვითონ.

მეორე: არ არს სიმართლე უმაღლეს ამისა.

მესამე: თვითონ გაუწირავს თავი.

(ვის?! ხომალდს?! ტფილისს?!)

ხომალდი ქანაობს - (უცხო ქარია?!).

ლანდები გადაცვივდებიან.

ბაქანის მოაჯირს სხვა ლანდები მოადგებიან.

ისინიც მუნჯურ ჩურჩულობენ:

პირველი: არ წახვიდე ამ მხრით.

მეორე: გვერდით მარაბდაა.

მესამე: მარაბდა ნაძრახი ადგილია.

(როგორ?! ვისგან?!)

პირველი: იქ დახვდა ქართველთა ჯარი მონგოლებს.

მეორე: ოთხმოცი ათასი თორმეტ ათასს.

მესამე: ოთხმოცი ათასი უკუიქცა.

(შეუძლებელია!)

პირველი: ქართველს არ გაუმარჯვია იქ.

მეორე: გამოცდილები აფრთხილებდენ.

მესამე: სააკაძეს სულ მაგას უთითებდენ.

(დამარცხდა სააკაძეც?!)

ლანდები გადაცვივდებიან.

ეხლა სხვები ადგებიან მოაჯირს.

(დამარცხდა სააკაძე?!)

პირველი: ვინ იცის?!

მეორე: გინახავს მისი სახე?!

მესამე: ორბი მზერა-გაუხრელი?!

(?! ?! ?!)

პირველი: შევარდენი დაინახავს ჩიტების გროვას. ააფრენს ჩიტებს. აფრენილთა ქვეშ მოექცევა. გაშლის კამარას.

მეორე: შევარდენი ავიწროებს კამარას. გროვა კამარის თავზე გუნდდება. ჩიტები ერთიმეორეს ეკვრიან. გუნდი ბურთად იქცევა.

მესამე: შევარდენი ავარდება ისარივით მაღლა. ბურთს ქვეშ მოიქცევს. მოეშვება ზევიდან. მხარს გაჰკრავს. გუნდს აპობს.

(?! ?! ?!)

პირველი: აი სააკაძის კამარა.

მეორე: აი მისი დარტყმევა.

მესამე: აი მისი დაღი.

(სააკაძეც დამარცხდა?!)

ლანდები გადაცვივდებიან.

ხომალდს სხვა ლანდები ეხეთქებიან.

(დამარცხდა სააკაძე?!)

პირველი: მან გაჰყიდა საქართველო.

მეორე: არ გაუყიდია.

პირველი: ხომ მიატოვა იგი?!

მეორე: საქართველო იოვანნე ბერმაც მიატოვა.

პირველი: მერე?!

მეორე: მიატოვა და ესპანიაში გაიქცა.

პირველი: რისთვის?!

მეორე: იქ ქართველები ეგულებოდა.

პირველი: ქართველებს გაექცა - ქართველებისკენ გაემართა:

მეორე: სწორედ.

პირველი: არ მესმის.

მეორე: უყვარდა მეტად... საქართველო..

პირველი: სააკაძესაც უყვარდა?!

მეორე: შეშლილივით.. გახელებით..

პირველი: სპარსებს რომ მიემხრო?!

მეორე: გული რომ მოეგო მათი.

პირველი: მიზანი?!

მეორე: რომ შემდეგ მარცხი ეჭმია.

პირველი: საქართველოს რომ მოადგა სპარსების ჯარით?!

მეორე: შემოიტყუა მხოლოდ.. შემდეგ გაანადგურა..

პირველი: ეს მაშინ გადასწყვიტა როცა შიკრიკი დაიჭირა.

მეორე: რომელი შიკრიკი?!

პირველი: შაჰაბაზ არ ენდობოდა მოურავს.

მეორე: მერე?!

პირველი: იჭვი მიიტანა.

მეორე: მერე?!

პირველი: ბარათი გაუგზავნა სარდალს.

მეორე: რა ბარათი?!

პირველი: სწერდა - რომ მოეკლა სააკაძე.

მეორე: სააკაძემ წაიკითხა?!

პირველი: მაშინ გადასწყვიტა ღალატი.

მეორე: შვილი რომ დაუტოვა მძევლად?!

პირველი: მერე?!

მეორე: შაჰაბაზმა ხურჯინი გამოუგზავნა.

პირველი: რა იყო შიგ?!

მეორე: სააკაძის ვაჟის წარკვეთილი თავი.

პირველი: გამცემია მაინც.

მეორე: გმირია ნამდვილი.

პირველი: არ მესმის.

მეორე: ვერც გაიგებ.

(დამარცხდა სააკაძე?!)

ლანდები გადაცვივდებიან.

(დამარცხდა სააკაძე?!)

ხომალდის მოაჯირს ლანდი ეყუდება.

(დამარცხდა სააკაძე?!)

ლანდი: ხედავ იმ სერს?!

გემი: ვხედავ.

ლანდი: იქ ჩაასო ხმალი სააკაძემ.

გემი: მერე?!

ლანდი: და მიწის გულში გადაამტვრია.

გემი: რისთვის?!

ლანდი: ორგულად იცნო მისი გული.

გემი: გაიმეტა?!

ლანდი: სიყვარულის გამეტებით.

გემი: თვითონ?!

ლანდი: თვითონ გადავარდა.

გემი: დამარცხდა სააკაძე?!

ლანდი: ვინ იცის?!

გემი: დამარცხდა ივერია?!

ლანდი: გაიმარჯვებს თუ ის ხმალი გამთელდა.

გემი: გამთელდება?!

ლანდი არას ამბობს.

გემი: გამთელდება?!

ლანდი აღარ სჩანს.

ქანაობს ხომალდი. ტორტმანობს ტფილისი.

ბაქანის მოაჯირს პირველი ლანდი მოადგება:

- არსის ხვედრი არსშია თვითონ..

უეცრად პატარა თავი გამოჩნდება. თავი ყვითელი ხაპია. ხაპიდან იჭყიტებიან წვრილი ჭროღა თვალები. ხაპის სახე ქოსაა. ტანი არ უჩანს - (ჭინკა თუ არის) ხაპი იკრიჭება.

- ხი. ხი. ხი.

ლანდი იმეორებს:

- არსის ხვედრი არსშია თვითონ..

ხაპი ხითხითს ვერ იკავებს:

- ხი. ხი. ხი.. რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო. ასეა - არა?! ხი. ხი. ხი.

ლანდი ჰქრება.

ხაპი ხელებს იშმუშნის: ხი. ხი. ხი. ისიც ჰქრება.

ტორტმანი ჩერდება: ზმანებას ქეძაფი დაესხა.

ქალაქი ხომალდი ამრეზილია და აღრენილი. ჩერდება: ზმორებით გამოდის ჰაშიშით მოგვრილ ზმანებისაგან. ნერწყვი წუთხეა. პირში - სიმლაშე. თვალები - გახუნდება: თვითონაც ხედავენ მხოლოდ გახუნებულს. ყურებში გარჩენილია უჟმურის: „ხი. ხი-ხი“. მზე არსად არის. სხეულები იხსნებიან და იხრწნებიან. გუნებაში „არ ყოფნაა“. ყოფა უგემურია. ხომალდი წყალქვეშა კლდის ახლოს. უნდა - მიერტყას: დაიმსხვრეს: ვიღაც კიდეც უძახის: სმენაში: „ხი-ხი-ხი“..

ხომალდი უკან მოიხედავს უეცრად -

ტფილისი ხედავს: ათას თვალებში - თვალებს - ივერიის ქალწულის თვალებს. ხალასს და რასსაშეურეველ. თვალებს: საცა მედიდურობა და დარცხვენა ერთი და იგივეა. თვალებს: რომლებშიაც დაინახავ გაჩენის პირველ დღეებს.

ხომალდი მაგრად შეჩერდება -

ტფილისი უყურებს ივერიის ქალწულის თვალებს.

საცაა - მზე ამოვა.


ქართლის ცხოვრება

„ცხოვრებაჲ ქართლისაჲ“ -
არ არის პოემა უმშვენიერეს ამისა.
ძველი ანდერძიდან.

ტფილისი ტორტმანობს: მთვრალი ქალაქი.

ჩრდილოით მოისმის უცხო გუგუნი: ვნებაატეხილი რუსეთი ძველ სამყაროს წარღვნას უქადის. სამხრით მოდის ოსმალო: ბძანება ბძანებას მოსდევს მეხით გარუჯული სახელით: ვეჰიბ მემედ.

საქართველო ხვილიფივითაა ორ დენის შუა გარიყული.

ტფილისი ქანაობს: ბორგავს.

ბორგავს არჩიბალდ მეკეშიც. თითქო მთვარეული: დახეტიალობს ქუჩა-ქუჩა. ხსოვა მიდის შორსშორს: უკუნეთში. აქ დაბორგავდა ძველი გვარი ირუბაქიძის. ეს იცის მეკეშიმ. არა: ამას მზერს მეკეში ახალი თვალით. შორეული ძირები წნელებივით ხვდებიან მის სხეულს. არის „ტკენა“ და არა „წყენა“. ტკენაში სიტკბილეცაა უცნობი. არჩიბალდ მეკეში გვარში იძირება: ყვინავს უფსკერო ჯურღმულში. ბნელეთს ანათებს მარტო ერთი სიტყვა: მამა. მეკეში მამას უახლოვდება. მამა შვილს გულში იხუტებს. ძე თრთის შვებით. მამა ცრემლებს ღვრის. არჩიბალდ ინთქმება მამის უბეში.

- ექსტრა!. ექსტრა!.

ყვირიან მეგაზეთე ბიჭები.

- ბოშო: წეიკითხე ერთი რა წერია..

ეუბნება გამვლელი თანამგზავრს.

არჩიბალდ მეკეში გამოდის ბურანიდან სანაპიროს. მზერა ისევ ენისლება. ნისლში ეხლა სხვა სახე იკვეთება: ოლგა. გული ფეთქს: შიგ მეორე გულია - შორსმყოფი. გული იწვის. კარგია: როცა ცხელი ტერფებით ცვარიან მოკლე გაივლი დილით. სადაა ეხლა ეს გრილი ცვარი სიცხე რომ დაანელოს?! იგი შორსა: ოლგა.. ზაფხულში მიწის წვიმა დაესხმის. მიწის სისველე ჯერ კიდევ არ არის ამშრალი. რიყე შრება მზეზე ნაწვიმარი. ლბილია ქვები და ხალასი. რა დაალბობს გახურებულ ტვინს?! ოლგა მოწყვეტილია.

მეკეში მიბორგავს. ხუთავს სიმარტოვე.

ნეტავ: სადაა ვამეხ?! სოფელში თუ წავიდა.

მაგრამ: რომ არ დატოვა ცნობა?! ათი დღეა - რაც არ სჩანს.

მეკეში შიშითაა აყვანილი.



* * *

ვიწრო ქუჩაში პატარა ოთახია გამოსკუპული. ფანჯარა მცირე - ნახევრად გაღებული. პატარა მაგიდა ოთახში. მაგიდაზე - პაწა ლამფა. მაგიდას ბავში უზის შვიდი წლის. ხელები ჩვილი და თვალები ნაღვლიანი. გვერდით მეორე ბავში: უფროსი. პატარა ბავში წიგნს კითხულობს.

მეკეში ჩერდება ფანჯარასთან.

უფროსი ბავში ეკითხება უმცროსს:

- რა სწერია?!

- თავსა კოხტისას შეკრებილანო...

- ვინ?!

- შანშე.. ეგარსლან. დადიანი ცოტნე. ვარამ გაგელი. ყვარყვარე. კუპრო შოთაჲ. ჰერელნი. კახნი. თორელი გამრეკელი. სარგის თმოგველი. მესხნი. ტაოელნი.

- რისთვის შეკრებილან?!

- ჩვენ უმეფონი ვართო... შევკრბეთ ყველანიო... ვებრძოლოთ თათართაო...

- მერე?!

- გადასწყვიტეს შეერთება... ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი გაგზავნეს სამზადისისათვის...

- დედამ ასე აგიხსნა?!

- ასე ამიხსნა...

- მერე: თათრებმა თუ მონღოლებმა ვერ შეიტყეს?!

- შეიტყეს...

- რა უქნეს?!

- წაიყვანეს ანისის ქვეყანაშიო. შირაკავანს უწოდებენო... წაიყვანეს ვიღაც ქარმაღანის წინაშეო...

- დასაჯეს?!

- ტანსაცმელი გახადეს ყველასო... სიცხეში დააჯინესო... საწამებლადო...

- ყველა დასაჯეს?!

- ცოტნე მათთან არ ყოფილა...

- მაშ გადარჩენილა?!

- არა: ისიც წავიდა...

- სად წავიდა?!

- თავის ძმებთან...

- შემდეგ რა მოხდა?! ისიც აწამეს?!

- მანამდე არ ჩავსულვარ... დედასთვის არ მიკითხავს.

- აბა წაიკითხე...

პატარა კითხულობს.

არჩიბალდ გულისყურია.

„ვითარ იხილა ესე ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი, გარდახდა ჰუნისაგან, და დააბნია სამოსელი თვისი, განშიშვლდა, და შეიკრა მხარნი, და დაჯდა წარჩინებულთა თანა მწუხარედ. და ვითარ იხილნეს თათართა, განკვირდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ ცოტნე დადიანი მოვიდა, ორითა კაცითა, და განიძარცვა სამოსელი, და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“...

პატარა მკითხველი ჩერდება.

- რაა „გარდახდა ჰუნისაგან“?!

- არ ვიცი...

- რაა „ვითარ იხილნეს“?!

- არ ვიცი...

- რაა „ნოინთა“?!

- არ ვიცი...

- რაა „განიძარცვა“?!

- არ ვიცი..

პატარა მკითხველი შეწუხებულია.

(ეს არც არჩიბალდს ესმის)

პატარა ბიჭი ნაღვლით იტყვის:

- არ მესმის...

მეორე ეხმარება:

- ცოტნეც თავისიანებთან მისულა... ტანსაცმელი გაუხდია... თათრებს გაკვირვებიათ: მგონი ასეა... ქვევით რა სწერია...

პატარა მკითხველი განაგრძობს.

არჩიბალდ სმენას ამახვილებს.

„რომლისათვის განკვირდეს თათარნი, და წინაშე მათსა მოუწოდეს, და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისვლისა მისისა, და ამას საქმისა ქმნასა რომელ მან ჰყო. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ ჩვენ ყოველნი ამად შევკერბით რათა განვაგოთ ხარაჯა თქვენი, და ბრძანება თქვენი აღვასრულოთ, ესე იყო მიზეზი შეკრებისა ჩვენისა. აწ თქვენ ძვირის მოქმედათ შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ უბრალონი იყუნეს, მეცა უბრალოდ შევირაცხო, და მართალ თქვენ წინაშე, რამეთუ თვინიერ ჩვენსა არა რაჲ უქმნიესთ“...

პატარა მკითხველი სულს ითქვამს.

ეკითხება მეგობარს:

- რაა „შევკერბით“?!

- „შევკერბით“... „შევიკრიბეთ“ უნდა იყოს...

- „განვაგოთ ხარაჯა“?!

- არ ვიცი...

- „ძვირის მოქმედათ შეგვრაცხენით“?!

- არც მაგ მესმის...

- „თვინიერი“ რაღაა?!

- არ ვიცი...

პატარა ბიჭი მოწყენილია.

(არჩიბალდ წყევლის ქართულის არცოდნას)

პატარა მკითხველი მეგობარს ეკითხება:

- გაიგე რამე?!

- ისე... მთლად არა...

პატარა ბიჭი დაღონებულია, კარებში დედის ხმა ისმის.

- დედილო!.. ეს ამიხსენი!..

დედა კითხულობს ერთხელ.

- აქ ასე სწერია... ცოტნეს უთქვამს თათრებისათვის: ჩვენ მისთვის შევიკრიბეთ, რომ თქვენი ბრძანება კარგად შეგვესრულებინაო... თქვენ კი გიფიქრიათ: ვითომ ჩვენ ცუდი რამ გვინდოდა თქვენთვისო.

- ჰააა...

- ეხლა მე მისთვის მოვედი: რომ გამოიძიოთ - სიკვდილის ღირსნი ვართ ჩვენ თუ არაო. თუ სიკვდილის ღირსნი ვიქნეთ - მეც ჩემ ძმებთან მოვკვდეო...

- ჰაა... რა კაცი ყოფილა...

(არჩიბალდის ფესვები ირხევიან შვებით).

დედა გადის. მეგობარი პატარას მიმართავს:

- აბა კიდევ ქვევით!:

პატარა კითხულობს.

არჩიბალდ უსმენს.

„და ვითარ ესმა ესე ცოტნესაგან ნოინთა მათ, განკვირდეს სათნოებისაგან მისისა და თქვეს: ვინათგან ნათესავნი ქართუელთანი ესოდენ კეთილნი ხართ, და არა ეცრუებიან ერთი ერთსა რომე აფხაზეთით მოვიდა კაცი ესე დიდებული, რათა დასდვას სული თვისი მოყვასთა თვისთათვის, და განწირა სული თვისი სიკუდიდ, არა არს სიცრუე მათ შორის, და მის ძლით უბრალოდ ვპოვებთ, ამისათვის განუტევოთ ყოველი, და ნუღარა ვსჯით“...

ჩერდება პატარა მკითხველი.

ეკითხება მეგობარს:

- გესმის?!

- მთლად არა...

- მაინც რა გამოდის?!

- მგონი გაუთავისუფლებიათ... ყველა...

- რა კაცი ყოფილა ცოტნე!.

- ჰოოო: დიდი კაცი.

კარებში მამის ხმა ისმის - (ალბად დაბრუნდა):

- ვინ ცოტნე?!

- აი: დადიანი..

- ეს წიგნი სად იშოვე?!

დუქანში ვიყიდე..

- სად?! ვისთან?!

- კაცები ამბობენ: კარგიაო.. დავიხსომე... ჯიბის ფული ვაგროვე.. ვიყიდე..

მამა წიგნს დახედავს: „ქართლის ცხოვრება“.

შვილს თავზე ხელს დაუსვამს. შემდეგ სიცილით:

- ბიჭო! ქვეყანა იქცევა და შენ „ჟამთა აღწერას“ ეპოტინები?

- რა ქვეყანა?!

ბავშვი გაკვირვებულია...



* * *

არჩიბალდს ცრემლი აწვება. მიდის ფეხაკრეფით. უკან იხედება. სახლს თუ იხსომებს. ეხლა თითქო ვიღაცას უსმენს შორს დაფლულს. ფესვები ირხევიან სიხარულით.

შედის სასტუმროში.

მეკარე ბარათს აწოდებს.

- ეს წერილი ბატონო შვიდმა ნომერმა დატოვა.. დამავიწყდა გადმომეცა.. მაპატიეთ..

მეკარე იგრიხება დარცხვენით..

არჩიბალდ ბარათს კითხულობს - (ვამეხ სწერს?!)

„პეტერბურგს მივალ“... „საქმე მაქვს“.. „საშიში არაფერია“... „ოლგას ვნახავ“... „უჩემოდ ტფილისიდან არ წახვალთ“.. „იმედია“...

სიტყვები თითქო ამოვარდნას აპირებენ.

სიტყვებში - ორი სიტყვა: „ოლგას ვნახავ“.

არჩიბალდს აგონდება:

ზის სავარძელში. ხელში ოლგას სურათი უკავია. დასცქერის დაღვრემილი. უკანიდან ვამეხ ეპარება.

- რას დასცექრით?!

არჩიბალდი ვამეხს მოხედავს.

ვამეხ იღიმება. არჩიბალდ არას ამბობს.

- ძლიერ მოგენატრათ?!

არჩიბალდ თავს ღუნავს. ვამეხ არ ეშვება.

- რომ ტფილისში გაჩნდეს უეცრად?!

- ვინ?!

- ოლგა..

არჩიბალდ გაოცებულია.

- შეუძლებელია..

- შეუძლებელი არაფერია..
ვამეხ იღიმება. „ალლანს“ ეალერსება.

არჩიბალდს აგონდება ვამეხის ღიმილი. „ნუ თუ?!“ რაღაც გაირბენს ტვინში: „არა“. შემდეგ „ალლანს“ გადახედავს. დოგი დაღვრემილია - (ვამეხის ალერსი თუ აკლია).

არჩიბალდ ბარათის მინაწერს აკვირდება: „გუშინ ტაბა ტაბაჲს მოვკარი თვალი. მგონი ის იყო“. აკვირდება ამ სიტყვებს და ყურს უგდებს გულისცემას.


მზის ნარქენი

და მზით მოვარდნილებს
დახვეწილ მკლავებზე
დაღათ გვაჩნევია მზის ცხელი ნარქენი
კ ა რ დ უ.

სასტუმროს კარებს სოფლის გოგო მიადგება. თავი წაკრული აქვს თავსაფარით. მხრებზე მოხვეული აქვს თავშალი. სოფლის გოგო მაღალია - თუმცა ქოშები უქუსლოა. დარცხვენით შედის სასტუმროში. შესავალში მეკარეა. იგი მაგიდაზე (რომელიც საწიგნეს უფრო ჰგავს) სასტუმროს წიგნს ათვალიერებს. მეკარე ოდნავ თავს ასწევს. სათვალების ზემოდან იხედება.

- ვინ გინდა?!

- არჩიბა.. ინგლისელი..

- სარეცხი მოუტანე?!

- რა სარეცხი?!

მეკარე სოფლის გოგოს ათვალიერებს - (არა ეს მრეცხავი არაა).

- ბიჭო!. ვასილია!. მერვე ნომერი შინაა?!

რა ნომერი?! სოფლის გოგო გაოცებულია.

- არაა. გევიდა წეხან..

„არაა“: გოგო დაღონებულია..

- ხომ არ იცი: სა წევიდა?!

- ასე დეიბარა თიატრში მივალო..

- რომელ თიატრში?!

- ქართულში..

გოგო გაჩერებულია - (შესაძლოა არც იცის: რაა თეატრი).

- წასულია.. ქართულ თიატრში..

- სადაა თიატრი?!

- გაყევი მარჯვნით და იკითხე: აგერაა ახლო..

სოფლის გოგო გახარებულია: აქ ყოფილა ჯერ კიდევ - უცხოელი.

მიდის თეატრისაკენ. კითხულობს. უჩვენებენ.

გოგო დარცხვენით შედის თეატრში. სახე კუშტი აქვს და მედიდური.

ხოლო სიკუშტეც და მედიდურობაც შიშნარევია.

- ბილეთი!.

ეკითხება ვიღაც.

რა ბილეთი?! გოგო გაშტერებულია.

- რა გინდა?! ხმა ამოიღე!.

უმეორებს იგივე.

- მე.. არჩიბა.. ინგლისელი.. ნახვა მინდა..

- ინგლისელს კი არა ქართველსაც ვერ გაიგებ აქ..

გოგო არ მიდის. ხალხის დენა თანდათან მატულობს. გოგოსათვის უცხოა ყველა. ვიღაცას თვალს მოჰკრავს - (სახე არ უჩანს). გოგო გაექანება. სახე ენთება. შეძახილი თითქმის კივილია:

- ვამეხ!.

უცნობი მოტრიალდება. „არა: ვამეხ არაა“.

გოგო თავს ღუნავს დარცხვენილი. უცნობი ჩერდება. უცქერს.

- ვინა ხარ?!

გოგო თავს ასწევს. მხოლოდ ეხლა ხედავს უცნობი გოგოს თვალებს.

- ინგლისელის ნახვა მინდა.. არჩიბა ჰქვია..

- მერე?!

- აქ არიო.. სასტუმროში მითხრეს..

უცნობს ხიბლავენ თვალები.

- წამოდი.. შეიძლება ვნახოთ.

გოგო მიჰყვება: აწითლული და ალეწილი. ხალხი ზომავს თვალებით. გოგო უცხო ფრინველივით ისვრის დალურსულ ხედვას იქითაქეთ - (მიმინოს თვალებს აუკრავენ და შემდეგ აუხსნიან რომ უფრო მჭრელი იყოს მზერა: სოფლის გოგოს თვალებში ეს მზერაა).

უცნობს კულისებში შეჰყავს გოგო.

- აქ დაიცადე..

გოგო კუთხეში ჯდება განაბული.

ქურდული მზერით ვაჟს ათვალიერებს: „ეგებ აქ იყოს. ეგებ ამათში გამოჩნდეს“. გოგოს გული სასწაულს თუ ელის.

კულისებში ხრიალია. პოეტებსა და არტისტებს კამათი აქვთ.

- პანტომიმა მზადაა... მაგრამ..

- როგორ „მაგრამ“?!

(შემკითხავი პანტომიმის მომწყობია).

- თამარი მოვნახეთ. მედეაც. ქეთევანიც..

- წმ. ნინო?!

- ნინო ვერ მოვნახეთ..

- ქალი დაილია საქართველოში თუ?!

- არ დალეულა.. მაგრამ..

- მაგრამ რა!?

- შენ რომ გინდა მისთანა ვერ ვიშოვეთ..

მოდის სხვა. მოჰყავს ქალები.

- ამათში ამოარჩიე..

მომწყობი ათვალიერებს.

- უაცრავათ.. ესენი არ გამოდგებიან..

- („უკაცრავათ“ ქალების მიმართ არის). ქალები მიდიან.

- გამაგებინე ერთი: რა გინდა?!

- ნინოს მაღალი თეძოები უნდა ჰქონდეს.. თვალები გიშერის.. მაგრამ ისეთი გიშერის სილუშეც რომ ციალობდეს შიგ.. მკერდი აკვრივებული...

- მერე საქართველოში არ მოიძებნება აგეთი?!

- რა ვიცი?! ვინც მოიყვანეთ - არც ერთი არ ვარგოდა..

- ლამაზები არ იყვნენ თუ?!

- მათი სილამაზე ბიზანტიურ ღვთისმშობლისაა. მჭლე არის ყველა.. სისავსე არ აქვთ... არც ვნება..

- ასეთი თუ გინდა რუსებში ამოარჩიე..

- არა: უთუოდ ქართველი უნდა იყოს..

- ვინ გაიგებს?!

- ვინ გაიგებს?! რასსა უჩინრად ამხელს თავის თავს.. დღეს რასსის ზეიმია..

სოფლის გოგო გარინდულია კუთხეში გუგულივით. ყურს უგდებს ბაასს. არაფერი ესმის - (ნუ თუ სიზმარშია?!).

- მაშინ ნინო ნუ იქნება..

ამბობს ერთი.

- ნინოს გარეშე პანტომიმას არ გავმართავ..

- კაცო!. ვინ გაარჩევს გიშერში სილუშის ციალს?!

- გეუბნები: რასსა უხილავ ხაზებშია..

ჯიუტობს მომწყობი.

პოეტებს და არიტსტებს ვინმე (რომელმაც გოგო შემოიყვანა) უახლოვდება. სახეზე სიცილი აქვს.

- ნუ თუ ამდენ ხანს ნინო ვერ გამონახეთ?!

- გამოვნახეთ.. მაგრამ არც ერთი არ მოსწონს...

- ეგებ ეს სოფლის გოგო მოეწონოს..

ამბობს მოსული სიცილით.

ყველანი კუთხისკენ გაიხედავენ: საწყალი გოგო წითლდება. მიდიან მისკენ: გოგო ილეწება. აკვირდებიან: გოგო იწვის.

- აბა ადექ!.

გოგო დგება. სახე: კუშტი და მედიდური. შიშნარეობა არ ემჩნევა. მხოლოდ ალი ედება.

სინჯავენ თვალით.

- ლაზათიანი ტანი აქვს..

სოფლის გოგო თავს იწყევლის - აქ რომ მოხვდა.

- მოხსენით თავსაფარი.. მოაცილეთ შალიც..

გოგო გრძნობს: თითქო ატიტვლებენ. მთელი ტანი ნაკვერჩხალია: მხოლოდ ისეთი - ცრემლი რომ მოადგება. გოგო თვალებზე ხელს იფარებს.

- ნუ გცხვენია.. ჩამოუშვი ხელი..

გოგო ხელს ჩამოუშვებს. შუბლს ღუნავს. იცქირება გალურსული.

- ეს არის.. ნამდვილი ნინო.. წაიყვანეთ..

იძახის მომწყობი.

- რომ ვერ შეისწავლოს?!

- რა შესწავლა უნდა?! მარტო გამოჩენაც საკმაოა.

სოფლის გოგო მიჰყავთ.



* * *

თეატრის დარბაზში არჩიბალდ მეკეში ზის. დარბაზი გაჭედილია ხალხით.

სცენაზე მიდის მიმოდრამა - (შიგადაშიგ „სიტყვაცაა“): „ცოტნე დადიანი“. შანშე. ეგარსლან. ვარამ გაგელი. ყვარყვარე. კუპრო შოთაჲ. სარგის თმოგველი. ჰერელნი. კახნი. თორელი გამრეკელი. მესხნი. ტაოელნი. შეთქმულნი ნოინების კარვების წინ არიან. ელიან დასჯას. მოდიან ნოინების ბრძანების აღმასრულებელნი. მიჰყავთ შეთქმულნი. ტანსაცმელი უნდა გახადონ. სიცხეში უნდა გაიყვანონ საწამებლად. ამ დროს შემოდის მაღალი კაცი. იხდის სამოსელს. „ვინ არის?“ - „დადიანი ცოტნე“. - „რა გსურს?!“ - „იგიც დაისაჯოს.“ - „რისთვის?“ - „იგიც შეთქმულებთან იყო“. ნოინებს უკვირთ - (მონღოლებს სიმართლე უყვარდათ). ხდიან დასჯას. შეთქმულნი იხარებენ. ეხვევიან ცოტნეს.

დარბაზში გულებია მარტო. თვალები ცრემლებს მალავენ.

გულებში გულია არჩიბალდის. თვალები არჩიბალდის ყველას თვალებშია. ირხევა გვარის ხერხემალი. შორიდან ანათებენ სახეები ირუბაქიძის. სიმართლე მზის - სირაინდე ხმალის: ზვავდება გული. თვალები ცრემლებს ვეღარ აკავებენ. არჩიბალდ მეკეში თავის თავს აღარ ეკუთვნის: მიაქვს სადღაც მომსკდარ ნიაღვარს. ტალღა იკარგება (იკარგება?!) ოკეანეში.

მიმოდრამას მოსდევენ სხვა სცენები: რასსის ნატეხები.

გურულთა სიმკვირცხლე და კისკასი სიმღერა (რომელმაც მსგავსი არ იცის სამყაროში). მეგრთა დათასმული ძრაობა და შემპარავი მზერა (რომელსაც მოაქვს ზღვის ნაპირების სურნელი). სვანების დაკორძილი კუნთები და ჰიმნი „ლილე“ (რომელიც შუბნაკრავი მზეა). ქართლელთა კამბეჩური უდრეკობა და გულის სიმართლე (რომელიც ნიშანია მძლეობის თუ გამძლეობის). კახთა როკვა და ხმალი (რომელიც ვაჟას გამოისროლის). ხევსურთა ფარიკაობა (რომელიც ცდის უშიშარ მორკინალს). იმერთა რასსიული დახვეწილობა და სიდარბაისლე (რომელიც ედავება ყველა რასეებს).

არჩიბალდ მეკეში თავის თავს აღარ ეკუთვნის. იგი ყველას ეკუთვნის: ყველა აქ მყოფს. ყველანი ძმებია. მისი ძმების კრებულს მიაქვს იგი შორეულ ფესვებისაკენ. მეკეში ბურანშია. მას ყველაფერი ავიწყდება. ერთი რამ ახსოვს მარტო: ხვლიკისფერი ქვა ჰამადანში ნახული. ჰაა: ეხლა ესმის საოცარი სიტყვა ზედ ამოჭრილი:

„ჩემი ძმა
არ ყოფილი
ვითარ მიყვარდის
უმეტეს მზისა
და უმეტეს ხმალისა
რამეთუ იყო იგი
სხვაჲ ჩემი“.



* * *

ზეიმი საკონცერტო დარბაზში გადააქვთ.

საარტისტო ოთახში ზის სოფლის გოგო: „ნინოდ“ მორთული.

ელის არჩიბალდს. ნუ თუ ვერ მონახეს ამდენ ხანს?!

- ვერ ნახეთ?!

ეკითხება შემომყვანს დაღონებული.

- მითხრეს: აქ არისო.. ნუ გეშინია... ვნახავთ..

- რომ ვერ ნახოთ?!

- როგორ ვერ ვნახავთ?!.. რა საქმე გაქვს მასთან?!

- ჩემი ძმის ამბავი მინდა გამოვკითხო..

- ვინაა შენი ძმა?! ინგლისში იყო თუ?!

სოფლის გოგო თავს ღუნავს. შემკითხველს ვიღაც უძახის. უცხო კაცი მიდის. გოგო დამცხრალია.

პოეტები და არტისტები კაბარესთვის ემზადებიან.

დარბაზი ავსილია მაგიდებით. ერთ მაგიდას უზის არჩიბალდ ესტრადის ახლო. უზის მარტო.

სასმელები და საჭმელები - ქართველებმა რომ იციან. „სუფრაც რასსის ნიშანია“ - ამბობს ერთი პოეტი. ორკესტრი სიმებიანი. ქეიფი. ქართული ქეიფი (ესეც რასსის ნიშანია?!).

ესტრადაზე: ხან პოეტი - ხან არტისტი.

სახელებს კინოს ტილო ამცნევს.

კონფერანსიე - მაღალი და ბრგე პოეტი: რომლის თვალებში გულის გადახსნაა მარტო. პოეტს დავიწყებია რომ ქვეყანაზე პროზით ლაპარაკობენ. რითმებს ისე ისვრის როგორც მონარდე კამათლებს - („დუშაში“ გამოდის ყოველთვის).

არჩიბალდ მეკეში თვრება: ღვინით და არეთი. უფრო უკანასკნელით. მის გვერდითაა მაგიდა. მაგიდას უზის ლამაზი ქალი - (ქერა რუსი). ქალთან ქართველია ასხეპილი. არჩიბალდ მეკეში ხანდახან ქალს გადახედავს. ქალს მოსწონს ლაღი სახე. მაგრამ „ასხეპილს“ ეს არ მოსწონს. არჩიბალდ ამას ვერ ამჩნევს. რა იცის „ასხეპილმა“ მისი სილაღე!?

არჩიბალდ მეკეში ხანდახან ფითრდება: თითქო უცხო ლანდს მოჰკრა თვალი. „ვამეხ“.. სადაა ნეტავ?! როგორ დაშვენდებოდა ამ ზეიმს.. ვაი.. თუ.. არა.. შეუძლებელია.. მეკეში რაღაცას კვნეტავს: ფიქრის კბენას თუ კვნეტავს. სახე უფითრდება. „ასხეპილი“ ამ ფითრს სხვანაირ ხსნის: წყრომა თუა მოპირდაპირის. რა იცის „ასხეპილმა“ მისი გაფითრება?!

ესტრადაზე ატაცებაა და თვითონაც ატაცებულია.

არტისტს ცვლის არტისტი. პოეტს პოეტი.

გამოდის ერთი პოეტი. „სიკვდილი ირრუბაქიძის“ - ამბობს ნელი ხმით.

(ირრუბაქიძის?! „ვიღაც“ წამოვარდნას აპირებს).

პოეტი ჩერდება. ხალხს თვალს გადაავლებს. თითქო ფაკირია. ფერი ეცვლება. ცალ კუთხეს იკვნეტს ბაგისას. საფეთქელში თითქო ელვა ხვდება.

(საფეთქელი „ვიღაცასი! ელვაა თვითონ გამსკდარი)

პოეტი იწყებს. ლექსი თითქო ბუციფალია. პოეტი: თითქო ალექსანდრე რომელიც ურა ცხენს იურვებს.

„ვიღაც“ თავდაღუნული უსმენს პოეტს. კუნთებს თითქო ყურები გამობმიათ. კუნთებში ესხმიან სიტყვები. სიტყვები ლითონებია: „ხმალის ჩამოვარდნა და ორად გადამსხვრევა“..„აივანზე ასვლა!.. „ცხენის აწყვეტა და გავარდნა“.. „ლამაზი ხასის გადევნება და ცხენის ქამანდით დაჭერა“.. „ცხენზე შეჯდომა და ცხენის გაჭენება“.. „ლუში ტევრები ყანის და მზის მეწამული ღვარები“.. მრავალი მრავალი სხვა. „ვიღაცა“ გარინდულია: მთელი სხეული ორკესტრია თითქო: ვინ აახმაურა ორკესტრი?! არ იცის. არაფერი იცის.. იცის მხოლოდ: არა: აგონდება - მამისგან დატოვებული პერგამენტი. მაგრამ ამან საიდან იცის - პოეტმა? ვიღაც აყვანილია მაღლა: ატორტმანებული. უსმენს პოეტს - (თუ თავის თავს?!). პოეტი განაგრძობს. უეცრად სიტყვა - თითქო ხმალის დარტყმევა და ხმალის შუაზე გადატეხვა: „კვდება ირრუბაქიძე“..

- არ მოკვდება..

ყვირის „ვიღაც“ წამომხტარი.

ვინაა?! შეშლილი თუა. პოეტი ჩერდება. გადმოხედავს.

- მე ვარ ირრუბაქიძე..

იძახის ვაჟი. სივრცეში იხედება - თითქო გადარეული.

ჩოჩქოლი გაგუდული. პოეტი აღარ ათავებს. გავარდება.

„ასხეპილი“ პოეტის მეგობარია. შეურაცხებას თუ ხედავს?! წამოხტება და მეკეშს ხელს მოუქნევს. მეკეში ელვად ხელს ახვედრებს და მოქნეულს იცდენს. შემდეგ ორივე ხელით ჰაერში აიყვანს და აჩერებს. ერთი გამეტება და „ასხეპილი“ ძირს უნდა დაერტყას. მაგრამ უეცრად მეკეში რბილდება. „ასხეპილს“ დაუშვებს. ხელებს უკან მოიჭდობს და თავდაღუნული თითქო ელის დარტყმევას.

„ასხეპილი“ უკან იხევს გაოცებული..

ხრიალი მდუმარებაში გადადის.

მოვარდება პოეტი (კონფერენსიე). მეკეშს ორ სიტყვას ეტყვის. „ასხეპილს“ - სამს. ხუთი სიტყვა საკმაოა რომ ინციდენტი გათავდეს.

მეკეში - ეხლა დარცხვენილი - პოეტს ათვალიერებს. ნეტავ ვისა ჰგავს?! ისეთივე უშუალობა - როგორც სიადვილე.

ესტრადას უკან პოეტს ემუდარებიან: ხელმეორედ წაიკითხოს ლექსი. პოეტი უტეხია. „არას გზით“: იძახის.

მეკეში ისევ კონფერენსიეს ათვალიერებს. თითქო მის თვალებში ვიღაც დაინახა - მაგიდას დაეყრდნობა დაღუნული. შემდეგ ისევ აიწევს და გაქვავდება. პოეტი აღარ სჩანს.

არჩიბალდ მეკეში ძმებშა და ისევ ის სიტყვა აგონდება ხვლიკისფერ ქვაზე ამოჭრილი: სიტყვა - ძმის მიმართ. „ძმა“ ეხლა მას ურტყამს - (ხომ მოუქნია?!). ტკივილი ფესვების. მაგრამ „წყენა“ არა: ერთი წვეთიც.

მეკეში ტკივილს უსმენს გარინდული.



* * *

ესტრადის თავანზე კინო - ტილო სახელებს ამცნევს:

ნინო - ქეთევან - თამარ - მედეა: პანტომიმა.

- რაა ბატონო სულ ნინო და სულ თამარ..

ჩურჩულობს ვიღაც..

- სხვა ქალები გაწყდა თუ?!

კვერს უკრავს მეორე..

ერთი ჯგუფი იღიმება. მაგრამ ესტრადაზე უკვე გამოსულია ქალი. ტილოზე სახელი იჭრება: ქეთევან, ღიმილი ჰქრება. ქალის სახე თითქო ზმანებაშია წამებას რომ ელის. დარბაზის განაბვაში რაღაც მსერავი გაირბენს. დარბაზი გასუდრულია.

გამოდის მეორე. ტილოზე: მედეა.

- ეს ვიღაა?!

კითხულობს ერთი.

- კიდომ კარქი რო სამისათვის მაგეც მიუმატებიათ.

ამბობს მეორე.

- ვინაა კაცო!?

- სულერთი არაა: ვინაა!?

ქალი კოლხის სილამაზეა და რისხვა. ამორძალი - იგი ხმალზეა ათამაშებული. თუ გახელდა - ძუძუს აშანთავს. თუ იძია შური - საკუთარ ბავშვებს დაახრჩობს.

- ძაან ლამაზი ყოფილა..

ამბობს ერთი.

- მწყრალი კია ღმერთ წინაშე..

მიუგებს მეორე.

- თუ ჩაგიგდო ხელში..

- შენს მტერს მაშინ..

ჩურჩული წყდება. გამოდის მესამე.

აქ ტილო საჭირო არაა. დარბაზი ფეხზე დგება და ჰკივის: თამააარ. ასეთი წამწამები მარტო თამარს აქვს.

დარბაზი სხდება. გამოდის მეოთხე. კინო ამცნევს: ნინო.

დარბაზი ინგრევა ტაშის გრიალით. მის წინ დგას წარმართი ასული რომლის რასსა წყაროს თვალში გავლებული სპეკალია. სისხლი მართალი და შეურეველი. ასეთი იყვნენ ალბად ქართველი ტომების ასულნი შავზღვას რომ მოადგენ პირველად. დარბაზი ინგრევა ტაშის გრიალით.

„ნინო“ ილეწება: არ იცის რა ჰქნას.

არჩიბალდ თვალს ვერ აცილებს. „ის“ ხომ არ არის?! არა. აქ როგორ მოხვდებოდა?! ქართველი ქალები ერთიმეორეს ჰგვანან. მაგრამ თვალის წინ „ისაა“ მაინც. ხომ უწოდა „მას“ ნინო: იქ - „საირმეში“?! მზის ჩასვენებისას ყვითელი ალი ნელდება. „საირმეს“ მთები მაშინ ლილისფერ სამოსს მოისხამენ. ლუშ სამოსიდან ლუში თვალი იხედება: ძვირფასი თვალი რომლის გუგაში თითქო მზის ნატეხია გარჩენილი.

„ნინო“ იწვის. ველურია. მან პანტომიმა რა იცის?! მიჰყვება სხვებს რხევაში როგორც მთვარეული. ხანდახან დარბაზში გაისვრის ცქერას მაგრამ ვერაფერს ხედავს. მხოლოდ ერთი მაგიდა იტაცებს: ესტრადასთან რომაა. მაგრამ რათ აქვს იმ მჯდომს ცალი სათვალე. ეს მას რომ არსად უნახავს?! უცხო კაცი მონოკლს იხსნის და ისე უცქერს. „ნინო“ მიჰყვება სხვებს. ჩამოიარს ესტრადის პირას. კიდევ გადაისვრის ცქერას: და უეცრად ესტრადიდან გადმოხტება.

- არჩიბა.. არჩიბა..

- მატასი.. მატასი..

მატასი პირქვედამხობილი მუხლებზე ეხვევა.

არჩიბალდ წამოაყენებს.

ჩოჩქოლი. ხრიალი. გაოცება.

- სად არი ვამეხ?! სად არის ვამეხ?!

არჩიბალდ მატასის თვალებს ხედავს. ამ თვალებს როგორ მოატყუებს?! არჩიბალდ იბნევა. მატასი მისი დუმილით ირევა.

- სად არის?! მითხარით.. თქვენ იცით..

არჩიბალდმა იცის. მაგრამ მან იცის სხვა სიმართლეც: უფრო მაღალი. ამ თვალებს სხვას ვერას ეტყვის.

- ვამეხ სპარსეთშია..

- სპარსეთში?! მაშ რუსეთში არ ყოფილა.. არ დაუხვრეტიათ..

- არა. დამშვიდდით..

- ვამეხ.. ვამეხ.. ვამეხ..

და თითქო ვამეხ ნახა - არჩიბალდს ეხვევა.

მატასის სახე ცრემლით ილტობა.

არჩიბალდ ცრემლს იმაგრებს.

დარბაზს სტოვებენ.



* * *

ზეიმი ივსება აზარფეშივით.

ვინ შესვამს?!



* * *

- დედა ნინო როგორაა?!

- მადლობთ.. კარქათ..

- ბაბუა სარიდან?!

- ისიც კარქათაა..

არჩიბალდ მატასის აცილებს. ქუჩაში სიცარიელეა.

- ხომ ჩამოხვალთ ჩვენსა?!

- სად?!

- სოფელში..

- ჩამოვალ..

- ვამეხს ჩამოყვებით..

- ჩამოვყვები..

მატასი ხარობს. არჩიბალდ ტკივილს მალავს.

მიდიან ვერის ხიდზე. ეს ვინაა?!

- სერ არჩიბალდ!.

- ტაბაჲ ხან!.

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი მატასის უცქერის.

- გაიცანით: ვამეხის დაჰ..

- ჰაა ვამეხის... სადაა ეხლა?!

- შემდეგ გიამბობთ..

არჩიბალდ ტკივილს ვეღარ მალავს. კიდევ კარგი: რომ ღამეა. უფრო კარგი: რომ მატასიმ ინგლისური არ იცის.

„ვამეხის“ გაგონებაზე მატასი ილეწება.

უცხო კაცს უჭვნეულ უცქერს.

აცილებენ მატასის.

- მაშ უთუოდ მოხვალთ?!

- უთუოდ..

- ვამეხთან ერთად!?

- მასთან ერთად..

ემშვიდობებიან. ხელს ართმევენ.

მატასი აღარ სჩანს.

არჩიბალდის მარჯვენას რაღაც შერჩა - ცხელი და მშრალი: მატასის ხელის თრთოლვა - ვით ბადეში გაბმული მიმინოსი.


ვამეხ

„ძმური ნუგეში“ გაჩაღებულია. ორკესტრი სერავს ხმაურს. ვინ გინდა იხილო?! ქართველი. სომეხი. თათარი. ოსი. მთიელი. ებრაელი. პოლონელი. ესტონელი. ლიტველი. რუსი აფიცრები. პოლკოვნიკები. „ზემგუსარები“. ხაკები. შინელები. საბეჭურები მრავალნაირი. და მთელი გუნდი სათნოების დების და მთელი ხროვა აფიცერთა ცოლების. ხასები დემიმონდენები. პაპიროსის ბოლი. ყავა და კონიაკი. „კახური“. ხრიალი. ჟრიალი. ქეიფი. დროსტარება. ახალი რომანსი. ვიღაც ტენორი „ზემგუსარი“. ვიღაც ბარიტონი: ისიც „ზემგუსარი“. ქალები დაყურსულები და ვაჟები ატეხილები. აქაიქ თვალებში: სიფილისის ციალი. ისტერია და ბაკჰანტები. დახლთან ხანგადასულნი მანდილოსანნი - რომელნიც თავის სილამაზეს იგონებენ. მაგიდებს თავს ევლებიან წამოჩიტული ქალიშვილები: „პირველ გამოსვლას“ აქ ცდიან..

კუთხეში ზის უცხო კაცი. ყოველთვის ამ მაგიდასთან ზის. იციან - და მაგიდა დაკავებულად ითვლება. უცხო კაცი ქალიშვილებს არც მიმართავს დაკვეთისათვის. ქალიშვილებმა ესეც იციან. მოაქვთ: მაგარი შავი ყავა და კონიაკი. გუშინ ასე იყო.. დღეს ასე არის.. ხვალაც ასე იქნება. უცხო კაცი არავის უცქერს: თვალები უსაგნოთ იხედებიან. არც ინძრევა. ხანდახან სიგარას თუ მოსწევს. მის ირგვლივ ჩურჩულია ყოველთვის:

- ვინ არის?!

- ინგლისელი თუა..

- ესპანელსაც წააგავს..

- იერი ქართველისა აქვს..

- ეგებ კიდეც ესმის..

- რას ამბობ?!

უცხო კაცს თითქო არ ესმის.

ორკესტრი აღარ უკრავს. ესტრადაზე პოეტები სცვლიან ერთიმეორეს. ლექსებს წარმოსთქვამენ: თითქო მტერს ეომებიან. უთუოდ მორკინალთა შთამომავალნი არიან. რას არ ახელებენ?! მთვარეს. ივერიის ასულს. ბულბულს. დიონისოს. აპოკალიპსს. და კიდევ რას?! რითმებით ეჯიბრებიან ერთიმეორეს. ასსონანსებით - ხმალში იწვევენ. ყველაფერს ახელებენ: თვითონ კი ტაში ახელებთ: როგორც ალერსი ამორძალის.

კარებში ვიღაც თავს შემოყოფს. თავი იგრიხება და კანკალებს. თმებს ჯერ მაკრატელი არ უნახავთ. თვალებიდან - თვალები ბზიკებია - ფოსფორი კიაფობს: ლოთობის თუ სიგიჟის თუ ორივესი... თავი დაიყვირებს:

В магазинах трехэтажных
продаются трикотажные...

მაგიდები ახითხითდებიან:

- აი პოეტი თუ გინდა ეს არი..

- ასეთი ასსონნანსი ჩვენს ესტრადასაც გაუჭირდება..

კარებში შემოყოფილი თავი თამამდება:

Сегодня авиатор
Похитил Травиату...

მაგიდები ეგებებიან:

- პოეტი მაგ ყოფილა..

- გაუშვით ესტრადაზე..

თავი განაგრძობს ყვირილს:

- ორააანგ - უტააანგ..

- აი ხმოვანება ლექსისთვის.

თავი შემოგორდება.

საჭმელს აწოდებენ. სასმელს. ღვინოს.

მას არაფერი უნდა. მას უნდა მხოლოდ არაყი. ერთი ჭიქა არაყი. მოუტანენ. ხელები აუთამაშდება. უცქერს სავსე ჭიქას. ბოდლერის ლოთს თვალებში ასეთი ამღვრევა ალბად არ ჰქონებია. ხელი უცახცახებს. ტუჩები კიდევ უფრო. სიხარულით?! ეგ რომ იცოდეს - ბედნიერი იქნება. მაგრამ ბედნიერი იქნება: იცის. გადაჰკრავს ერთბაშად. თვალებს გადმოკაკლავს. თითქო მთელი სამყარო იხილა მთლიან-აღებული. ჭიქა არაყი - სამყარო. გადის. „უცხო კაცი“ გადმოკაკლულ თვალებში ჩამომხჩვალის მზერას ხედავს - მესოპოტამიაში რომ წააწყდა...

ისევ ორკესტრი..

- პრეჩისტე სპააასეეე...

ვოლგის ნაპირებიდან თუ არიან. კაცი და ქალი. თვალები ორივეს ამომშრალი აქვს. ქალის ხმა: წრიპინი. კაცის ხმა: დიდი სადგურის შვეიცარის. მიდიან. მიიმღერიან. საიდან და საით?! თვითონ კი იციან?!

- სპასიიი..

- ეს ღა გვაკლდა კიდევ!.

(მაგიდებს აქვთ წინასწარი გზნება)

- ახალი რომანსი!.. ახალი!.

- უთუოდ! ხვეწნაა საჭირო?!

„ზემგუსარი“ საყელოს ისწორებს ესტრადაზე:

Гордая прелесть осанки -
страстная нега очей...

ქუჩაში კი:

- ექსტრა! ექსტრა!

- ბრესტის ზავი!

- ბოლშევიკებმა დათმეს..

- ყარსი.. არდაგანი... ბათომი..

- ამიერ-კავკასიის მთავრობა ემზადება..

- ექსტრა!. ექსტრა!. ექსტრა!.

მაგიდები შეირხევიან:

- ვინ ჰკითხავთ მაგათ ზავის შეკვრას?!

- ზავს ვუჩვენებთ მაგათ...

- ერთი ხელთ ვიგდოთ და..

- რომანსი!. რომანსი!.

- ისევ რომანსი სჯობს..

„ზემგუსარი“ განაგრძობს:

Все это есть у исканки -
Дочери южных ночей...

ქალიშვილები დნებიან - მაგიდებს რომ უტრიალებენ.

„უცხოელი“ ზის უძრავად.

ხშირ ტყეში მიდიხარ. ღამეა უმთვარო. ზევით. ვარსკვლავები და ირგვლივ ტყის ტევრები. სიჩუმე: რომელსაც კაცი შორს გადაჰყავს. სმენა მახვილდება. ისმის კალიების ზუილი. თითქო თვალწამებია მარადის. გასუდრვა და სმენა იდუმალების.

„უცხო კაციც“ ტყეშია თითქო. კაფეს ხმაური კალიების ზუილია. შორს გადასულა ფიქრებით. ირგვლივ თითქო ოკეანეა და ოკეანეში მხოლოდ ერთი ფიქრი როგორც გაჩუმებული ჭვალი: „შესაძლოა!“ მეგაზეთე ბიჭების ძახილი აფხიზლებს. ყიდულობს. კითხულობს. „იმ“ ამბავზე არც ერთი სიტყვა. მაგრამ რა გააქრობს „იმ“ ამბავს?! დახვრეტა საგურზე. დახვრეტილთა შორის ნაცნობი გვარი. ნუ თუ „ისაა“?! ნუ თუ „მასთან“ „ისიც“ იყო?! არა: შეუძლებელია. ფიქრები ავდებიან. ქვეყანა თუ იქცევა?! „დაიქცეს - მხოლოდ“.

ჰო: ეს „მხოლოდ“! ყველაზე უფრო საიდუმლო სიტყვა. ჭიანჭველა მიდის. კამეჩი ფეხს აბიჯებს და გასრესს. კამეჩი ვერც ხედავს რომ გასრისა. მთა სკდება და კამეჩს სრესს. მთა ვერც ხედავს რომ გასრისა. მიწა ირყევა და მთას მიანგრევს. მიწა ვერც ხედავს რომ მიანგრია. პლანეტა პლანეტას ეჯახება და მიწას მიაფშვნის. პლანეტები ვერ ამჩნევენ რომ მიწა იღუპება. მაგრამ სად არის ის: რომელიც ყველაფერს მიანგრევს და თვითონ უნგრეველი რჩება?! არ არის? მაშ ყველაფერი ინგრევა: არა რა რჩება?!. მაგრამ გული ხომ სხვას ამბობს: გული ვერ ურიგდება „არას“. გული ცოცხლობს მხოლოდ მით: რომ „რაღაც არის“. იყოს ეს „რაღაც“ პაწა ჭიანჭველა: გულისთვის იგი მთელი სამყაროა. ჭიანჭველა გაისრისება - გული სისხლად დაიქცევა...

- ექსტრა!. ექსტრა!. ექსტრა!.

კიდევ მეგაზეთე ბიჭები.

- რევოლუცია იმარჯვებს..

- ბოლშევიკებმა დაამარცხეს..

- ბოლშევიკებმა დახვრიტეს...

„უცხო კაცის“ ტვინი შანთებია:

- გაიმარჯვოს: მაგრამ „მე“... „მას“ ვინ იხსნის?!

რა დააბრუნებს დაკარგულს?!



* * *

- ექსტრა!. ექსტრა!. ექსტრა!.

- სმენა წაიღეს ღმერთმანი ამ ბიჭებმა..

კარი იღება. შემოდიან: კაცი და ქალი. მაგიდები აილეწებიან. ზოგიერთნი წამოვარდებიან.

- ვამეხ! ვამეხ! ვამეხ!

უნდათ ყელზე მოეხვიონ: მაგრამ „ალლან“ ვის მიუშვებს. დოგი თვითონ ეხვევა სიხარულით აყვენილ ვაჟს. შემდეგ ქალს მიაშურებს: იმასაც ეხვევა. არჩიბალდ დგება.

მაგიდები ყვირიან:

- ვამეხ გადარჩი!!

- დახვრეტილი გვეგონე..

- დეპეშებში შენი გვარიც იყო ნახსენები..

- ჩემი მოგვარე დახვრიტეს..

- გილოცავთ გადარჩენას..

მთელს კაფეს „ვამეხ“ აკერია ენაზე. ისეთი დახვედრაა - თითქო ამ ხნის განმავლობაში მარტო მისი ფიქრი ჰქონდათ. მხიარულ სახეებს მართლაც ეტყობათ გახარება. განსაკუთრებით ერთ მაღალ პოეტს: რომელიც „ვამეხს“ საძრაობას არ აძლევს. ვამეხ არჩიბალდს ხედავს. ოლგა უკვე მასთან ზის. ვამეხიც მიდის.

- არჩი!.

- ვამეხ!..

ძმური გადაჭდობა ყელი-ყელზე.

ოლგა იხდის ტყავის ფრენჩს. შოფერის ქუდს სკამზე დებს. მაგიდები ეხლა მას უცქერიან. წითური თმა აბურძგვნილი აქვს. სახეზე: თითქო მტვერი და ქარი. მაგრამ ერთი მოხედვა განზე - და ქალის მიმართ მაგიდები პერპენდიკულარულად იგეზებიან. მკერდი?! ასე მაგრად ნადირი თუ სუნთქავს.

- ორკესტრი!. ორკესტრი!.

არჩიბალდ თითქო მღვიმედან გამოდის: საცა მარტოობა იყო ბნელი და მორიელები. ხედავს გაშლილ არეს: თითქო დიდი ნიგვზის ჩრდილიდან. მოლის სიმწვანეს მზე ხვითოდ ეფინება. ხვითოში ქალის ტანი იკვეთება ალეწილი.

გული თქრიალობს ვაჟის: რომ დახუთვას გადარჩა.

- ოლგა!.

ზურმუხტის ფოთლები ხალასდებიან.

ვაჟი ისუნთქავს მათრობელ სივრცეებს ქალის თვალებში რომ ისარკებიან.

განზე ისევ შეძახილი:

- ორკესტრი!. ორკესტრი!

მაგრამ ჯერ არ შექმნილა ორკესტრი: ეს სიხარული რომ გადაიღოს.

(ამას არჩიბალდ ფიქრობს)

ლხინი მატულობს.

- ვამეხ!. აქ მატასი იყო..

უეცრად მიახლის მეგობარს ღიმილით..

- მატასი?. აქ? რა უნდოდა?!

ვამეხ ამ წამს ხმალია ქარქაშიდან რომ ამოიღებენ.

არჩიბალდ უყვება მატასის ამბავს.

ვამეხ ავარდება. გარბის.

- ამ წუთში.. დეპეშა უნდა გავგზავნო.

მარტო „ალლანს“ უკვირს მისი გავარდნა.


სკვითების მენადა

გული მფეთქი ფრიად...
ჰ ო მ ე რ ო ს

რა ემართება ოლგას?!

არჩიბალდს გუშინდელი სცენა აგონდება:

- არჩი!. რა წარმტაცია ივდითი ოლოფერნს რომ თავი მოჰკვეთა: ალბად გაძღა მისი სისხლით..

- რად მოგაგონდა?!

- არჩი!. ივდითს რომ საქმარო ჰყოლოდა.. ერთადერთი...

- მერე?!

- როგორ მიიღებდა უკან ივდითს?!

- როგორც ისრაელისთვის თავდადებულს.. როგორც მტარვალის მკვლელს..

- მტარვალმა რომ სხეული იგემა მისი?!

- ეს უნდა დაევიწყნა საქმაროს..

- „უნდა“... ასე გგონია?!

- მე მგონია..

- ივდითს რომ ვერ მოეკლა ოლოფერნ?!

- მაშინაც... მხოლოდ...

- მხოლოდ დავიწყება ძნელი იქნებოდა.. არა?!

- მეც ასე მგონია..

- ივდითს რომ ოლოფერნის ნაყოფი ჩარჩენოდა?!

- ?!. ?!. ?!.

არჩიბალდს აგონდება ოლგას ამღვრეული თვალები და თავისი გარინდება თითქო შიშით.

არჩიბალდს სხვაც აგონდება:

თითქო დაკოდილი ავაზა - ქალი ავარდება და ყვავილთა თაიგულს ეცემა. მოსუნთქავს ნადირივით: თითქო წყაროს დაეხრტნო. შემდეგ: ხელები თუ გაუგიჟდა?! თაიგულს სრესავს და აბნევს.

- ოლგა! რა გემართება?! ეს ვარდები ვამეხმა მოგიტანა ხომ?! ოლგა! ოლგა!

ოლგა დავარდება. აკრებს ყლორტებს და ფოთლებს ჰკოცნის სათვითაოდ. შემდეგ არჩიბალდს ეცემა. კისერზე ჩამოეკიდება. თითები თუ სტირიან ასე მწარედ:

- არჩი! არჩი! არჩი!.

- ოლგა! რა გემართება?!.

რა ემართება ოლგას?!.

რუსეთი აიშალა.. ეგებ მან აშალა ოლგაც?! ათასი უბედობა. ათასი ვარამი... მაგრამ ეს ამბავი ოლოფერნის?! რად მოიტანა?! რად გაახსენდა?! არა: აქ საიდუმლოა რაღაც.. ოლგა გაამხელს მას.. ოლგა არჩიბალდს არ დაუმალავს.. მაგრამ ეს დასრესა და დაყრა ყვავილების?! ვამეხის მიერ მოტანილის?! შემდეგ - კოცნა დაყრილ ყვავილების?! ბოლოს: ტირილი - ტირილი.. რაა ყველა ეს?! პაწა ფიქრმა ტვინს უკბინა და წამსვე გაჰქრა.. ვამეხ?! დავიჯერო? არა.. არა.. უმჯობესი იქნება - ქვეყანა დაიმხოს..

არჩიბალდ წყევლის იჭვს.



* * *

რა ემართება ოლგას?!

არჩიბალდმა არ იცის.

დიონისო როს ახლოვდებოდა - ქალთა გუნდი მისი სიახლოეთი ივსებოდა როგორც ტანდაცლილი წყარო. როს იგი მოვიდოდა უკვე?! მაშინ წყაროს თავს გადასდიოდა წყალი. ქალთა გროვა ღვთიურობით მთვრალი თავდავიწყებას მიეცემოდა. მაგრამ დავიწყებას რაღაც გასერავდა მწვავე და ნეტარი. და ქალთა გროვა უეცარი ასხლეტით ატყდებოდა და დიონისოს მიმართ გაექანებოდა კივილით: ევოე!. ევოე!.

ოლგაც მენადაა ატეხილი?! იგიც დიონისოს ხვდება?! ან ელის მას - „დამხსნელს“?! მაგრამ სადაა იგი?! ვინ „დაიხსნის“ ქალს?! ოლგას თვალები ფართოვდებიან: გუგები აღარ სჩანან: ნისლოვან სილუშეში ინთქებიან.. თვალები რაღაცას ხედვენ გაშტერებით.

ოლგა ხედავს:

ველები. ველები. დაკარგული სადგური ველებში. კაცმა არ იცის ვინ არიან ეხლა პატრონნი ამ სადგურის - „წითლები“ თუ „თეთრები“ თუ „მწვანენი“. გადახრუკული არე და დაბეჟილი სივრცე.

მატარებელს აჩერებენ.

ოლგა და ვამეხ გადახტებიან.

მიჰყავთ. ოლგას თეძოებს ვიღაც გაშმაგებით უყურებს და ინერწყვება. ვამეხ თვალს მოჰკრავს.

- ოლგა! დაიუშნოვეთ ტანი! ხომ იცით: რომ ყველას ახელებს იგი... ხედავთ იმ კაცს?!

- ვხედავ... ამაზე მეტად რით დავიუშნოვო?!

- თავზე: ჩამოფხატული შოფერის გახუნებული ქუდი.

ტანზე: ყვითელი ტყავის ფერნჩი გამურული და შავი კაბა შეხეული. ფეხებზე: ჩექმები კაცის.

ვამეხს ეღიმება:

- მაინც...

ვიღაც მოდის. „ის“: რომელიც სხვანაირად უცქერს.

ქალს მიმართავს:

- თქვენ უნდა დარჩეთ..

- როგორ?!

- თქვენი მხლებელიც...

- რისთვის?!

- ვინაობაა გამოსარკვევი..

მატარებელი მიდის.

გადამწვარი არე კიდევ უფრო გადახრუკულია. სივრცის მელანქოლია კიდევ უფრო მძაფრია. ჯარისკაცები დაყიალობენ დაგლეჯილ შინელებში და „სემიჩკას“ კბილავენ. ოლგა უყურებს შორითმავალ ვამეხს. ჯარისკაცები წამოეწევიან. გვერდული სიცილი. ვამეხ იგრუზება. გროვა სადგურს უახლოვდება. უეცრად გაისმის:

- Аа ты грузо голопятый...

ვამეხ დათავებას არ აცლის..

აიღებს და იქვე დაანარცხებს. მოვარდება მეორე: იმასაც. მესამე - იმასაც. მეოთხე - იმასაც. მაგრამ თოფებს რას უზამს?! უფროსი გამოჩნდება:

- შესდექით!. ხელი არ ახლოთ!.

თოფები თავს დახრიან. ვამეხ „ვიღაცას“ მიჰყავს.

ოლგას თვალები ფართოვდებიან.

საღამოს ოლგასთან „ვიღაც“ მოდის.

- თქვენი მხლებელი საეჭვოდ მეჩვენება..

- როგორ?!

- ესეც არ იყოს: მან ჯარისკაცები შეურაცხჰყო მოქმედებით. ჯარისკაცები მის დახვრეტას ითხოვენ.

- რას ამბობთ?!

- მე მათ მოთხოვნას წინ ვერ აღვუდგები.

- ღვთის გულისათვის!

დუმილი ერთი წამით. თვალები აცეცხლებულნი:

- თქვენი გუ...ლი..სათვის....

- რას ამბობთ?!

- „ერთი ღამე“ - პირობა..

- თუ გაგიჟდით!..

- შემდეგ გაგაპარებთ.. ორივეს.

- შეიშალეთ?!

- არჩევა სხვა არ არის...

ქალი ფერხთ ქვეშ ეცემა. მუხლებზე ხელებს ხვევს ქვითინით:

- ყველაფერი... ყველაფერი... მხოლოდ „მაგ“ არა...

- მხოლოდ „ეს“ და სხვა არაფერი..

- გე..მუ..და..რე..ბით...

- ვადას გაძლევთ სამ საათს.. მოიფიქრეთ..

- გეხვეწებით.. ყველაფერი.. მხოლოდ..

„ვიღაც“ აღარა სჩანს.

რათ ირხევა ქვეყანა?! სად მირბის სივრცე?! ქალი პირქვე გდია. ვამეხის დახვრეტა?! არა.. არა.. მერე.. არჩი?! არა.. არა.. მსხვერპლი უდიდესი?! იყოს - თუ დაიხსნის.. ვიღაცას ჩურჩული ესმის: „ერთი ღამე“ - თითქო სიზმარია.. ქალი იმღვრევა.. იღვენთება... დრო სადღაა?!

კარი გაიღება.

- მზადა ხართ?!

ქალი უხმოდ მიჰყვება.

(ოლგა წამოვარდება.. თითქოს სურს გაჰრეკოს მოლანდებანი. მაგრამ ლანდები უკან მისდევენ).

ღამე წყეული: დროიდან გამოვარდნილი. ხელშეხება: თითქო ასფეხას შეხება. ლოშნა: თითქო გომბეშოს ლორწი: ჰაა: მეტი არ ძალუძს.

ოლგა წამოხტება.. გაგანიერებული თვალები თითქო მოჩვენებას ხედავენ.. მოჩვენება კუთხიდან:

- „ერთი ღამე“ სიზმარია.. წაირეცხება.. წყალი მოვარდება და წალეკავს ხსოვნას.. არაფერი დარჩება.. ნაყოფი?! იმისთვის ექიმია გაჩენილი.. საოპერაციო მოწყობილობაც.. ამოაგდებენ და გასრესენ.. ქალობა შერყვნილი?! ეს ხომ ძალადობა იყო!. თუ ქალის გული არ გადაეხსნა ვაჟს როგორ ყვავილის თასი მზის ტევრს: ისე ვაჟი ქალს ვერ მიწვდება.. პერიფერიას თუ შეეხება მისას.. შერყვნილი ქალობა შენ არ გაქვს.. არჩიბალდ?! არჩიბალდ არავის ჰგავს.. ის სხვაა.. ის ყველაფერს გაიგებს. აღარც გაახსენდება?! ხსოვნას მოკლავს.. უთუოდ.. მაგრამ ოლოფერნის ამბავზე რომ შეჰკრთა?! ბუნებრივია. ვაჟკაცია არა: იგი ხსოვნასაც მოჰკლავს...

„მაგრამ მე რომ ვერ მოვკლავ?!“

ოლგა კიდევ წამოვარდება. ლანდი აღარ სჩანს.

ოთახიდან ქაშვეთი სჩანს. იგიც ქალწული.

ოლგა გავარდება სასტუმროდან.

შედის ტაძარში.. დგება ღვთისმშობლის წინ.. ეხლა იგი მარტო გულია.. სიტყვები იბადებიან და ინთქებიან.. არა: შენ ქალი ხარ! შენ გაიგებ! ვაჟისთვის რაა ნაყოფი?!. არაფერი.. შემთხვევითი „განთავისუფლება“.. ქალისთვის?! იგი სისხლია.. იგი ხორცია.. მაგრამ მოძალადის ნაყოფი?! იგიც სისხლია: მაგრამ ბალღამიანი.. იგიც ხორცია: მაგრამ შმორიანი.. უნდა ამოვაგდო?! მაგრამ ნაყოფი ხომ საშოშია ჩაზრდილი!. რომ ამოვარდეს - ხომ საშოც წახდება!. მაშ სიბილწე?! დარჩეს?! ჰოი: ღვითსმშობელო!. წაბილწული საშო!. წაბილწული საშო!. სიტყვები იბადებიან და ყელში იგუდებიან.. იქითაქეთ იხედება.. ხალხია.. ნეტავ ხალხი არ იყოს.. დავარდება.. იკივლებდა.. დიდი დედაც მოხედავდა.. ეხლა?! ეხლა მხოლოდ სიტყვა ესმის გაგუდული: წაბილწული საშო!. წაბილწული საშო!.

გარეთ გავარდება. ფიქრები - შანთები.

არა.. ეს ალბად ჩემი ხვედრია.. ნეტავ არჩიბალდ იყოს ცუდი.. ცოტად მაინც.. მაშინ უფრო გადავიტანდი.. არა.. იყოს ასეთი: კარგი.. გული არ მოკვდება.. ყველაფერი კვდება.. გული არ კვდება.. შეწყვეტს ცემას - მაგრამ უხილავ ბადეთ გადაიქცევა.. იქ ეყოლება მეორე გული: დარჩენილი.. რომ გასკდეს ისიც?! ბადეში გაეგება.. არა: ასე სჯობს.. სიკვდილი?! სიკვდილი შიშია მხოლოდ.. სხვა არაფერი.. ვისაც არ ეშინია ფარდის ახდის: იგი უკვდავია.. ვისაც ხელი შეუშინდება ფარდის ახდისას: იგი მხოლოდ არაობას შეხედავს და თვითონაც გაჰქრება..

შედის ოთახში.. რაღაცას ამზადებს... ეხლა დამშვიდებულია თითქო.. სწერს.. გადახედავს ქაშვეთის ქალწულს.. შებრალებას თუ თხოვს?! შეიბრალებს.. ერთი ფიქრი - გადაწყვეტაა: სასტიკი და მოუბრუნებელი...



* * *

მხოლოდ ერთი სახელი ტუჩებზე დარჩენილი:

არჩი... ბალდ...



* * *

რა ემართება ოლგას?!

არჩიბალდმა არ იცის. ან ვინ იცის?

„ალლანს“ აზმორებს: თითქო ცუდი სიზმარი ნახა.. გარბის.. ყეფს.. რა ემართება?! კარს გაუღებს.. გავარდება.. ოლგას ოთახს ეცემა.. არავინ უღებს.. არჩიბალდ მიდის.. არაკუნებს.. პასუხი არაა..

კარს შეამტვრევს..



* * *

ტახტზე ქალის ტანია გაშხვართული. თვალებზე ორი იის-ფოთოლი გადაჰკვრია ჩალურჯებული. თმები ბალიშზე ჩამოშლილან მზის გასუდრულ შქერებად. სახეზე: სიმშვიდე უკანასკნელი. აღარც წყევა. აღარც კრულვა. აღარც შურვა. აღარც ნდომა. სულ პატარა თხოვა მხოლოდ: აპატიონ ეს სასჯელი. გულზე ვაჟის სურათი შერჩენია. მარჯვენა ხელი გადმოვარდნილა გვერდით. ხელს ბარათი დაუგდია.

გაჩერებულია გული: „მფეთქავი ფრიად“, არაოდეს აღარ აიძვრის. არაოდეს?! გული ყოველთვის სხვა გულში ცოცხლობს. მკვდარ გულთან ეხლა მეორე გულია: ამ გულში თუ გადმოეშვა. მაგრამ ეს გულიც რომ ამოვარდნილია?!

ოკეანეში მეზღვაურები ზვიგენს დაიჭერენ ხანდახან. გულს გამოშიგნავენ და უგულო ტანს უკან ისვრიან. გული განაგრძობს ფეთქვას. გულს ბაქანზე დააგდებენ: გული მოაჯირს ეხეთქება. გულს ოკეანეში ისვრიან. გული მიცურავს როგრც შეშლილი თევზი: საგულეს დაეძებს საცოდავი. მაგრამ გამოფატრული ზვიგები უკვე ჩაუნთქავთ სხვა თევზებს: მაშინ ერთხელ კიდევ ავარდება ამოვარდნილი გული: ვინ მისცემს ხმას მის კივილს?! გული აფუვდება ბრაზით: რომ უეცრად დაიფშუტოს სამუდამოდ.

ეს გული არჩიბალდის გულია.

გული მასაც ამოვარდნია.

„ალლან“ წკმუის.

ბარათით პატარა სიტყვები: თითქო ფრთაჩამოყრილი ჩიტუნები სუსხიან ღამეში.. „ვინ აიტანს მოძალადის ნაყოფს?!“ „შანთები ამოსწვავენ საშოს“.. „ვინ გადალახავს გარდუვალს: ვინ მისცემს დავიწყებას ბილწის ცხელ დაღს?!“. „რომელ ვაჟს არ აუწვავს იგი ხსოვნას?!“. „ვინ მოსპობს მესამეს ორთა შორის გავლილს?!“. „ვერავინ - ხორცსხმული“.. „ვერც ერთი ქალი ნამდვილი“... „უმჯობესია სიკვდილი“..

მე გადავლახავდი გარდუვალს:

ამას დარჩენილი გული ჰკივის. მაგრამ პირველ გულს კივილი ვეღარ დაეწევა.

ქვითინი გაგუდული.

საულ! საულ! დღეს ვერ დაგამშვიდებს შენ ქნარი დავითის.



* * *

ეხლა ორნი არიან. არა: „ალლანიც“ მათთან არის. არა: ოთხნია: გაჩერებული გულიც მათთან არის.

- წაიკითხე!

ჩურჩულით ეუბნება ერთი.

მეორე ბარათს ჰკიდებს ხელს.

ტუჩები იმსხვრევიან... „ვამეხს როგორ მივცემდი დასახვრეტად?! ვარჩიე „ერთი ღამის“ მიცემა მსხვერპლად“..

- რად არ დამხვრიტეს მე უბედური!.

ვაჟი ტახტთან დავარდება ატირებული.

ეხლა: გაგუდული ქვითინი „ორის“.

არა: „ალლანიც“ წკმუის.

საულ! საულ! ვინ დაგამშვიდოს?!



* * *

ღამით კუბო მიაქვთ დახურული. კუბოს მიჰყვებიან: არჩიბალდ და ვამეხ. ტაბა ტაბაჲც მათთან არის. „ალლანიც“ მათთან არის. მიაქვთ მატერია. ასე მიდიან: თავდახრილები. არას იტყვიან. ეშინიათ - ერთიმეორის შეხედვის.

ხანდახან ერთი ტანი გადაქანდება. ხელი მხარს მოევლება მეორისას.

მიდიან. მიაქვთ.

ასე მიდიან დასახვრეტნი.

ნაბიჯები ამ დროს გულს უთუთქავენ მიწას.


მამა
გველი პერანგს იხდის

ბაბუა სარიდან მზეს ეფიცხება. გაზაფხულის მზე ფერსათის კალთებზე მწველი არაა. ძვლები გაუცივდა ბაბუა სარიდანს. რამდენი გაზაფხული გაუვლია მოხუცს?! იგონებს და ვერ გამოუანგარიშებია. ხსოვა ერთი ფენიდან გადადის მეორეში. გაზაფხული ყველა ფენებში ერთნაირია - (ასე გზნობს მოხუცი).

ბალახი წელში იმართება: თვალისწინ იზრდება. კვირტი თითქო შუაზე იპობა: გულის გადმოღვრა თუ სურს. ღერო ტანს იმაგრებს ნელი რხევით. ყლორტი მოწიფულა და ხავოს წვლილი ხორბლებით მზის მარცვლებს ეთამაშება. ტოტი ტოტს ეცილება - თვითონ სურს გადაიქცეს ხედ. ფოთოლი სქელდება და ფოთოლზე მატლი მიღოღავს ზმორით - (ისიც თუ სქელდება). ველი ათქვირებულა და აზმორებს. თვითონ მზეც ზმორებით არის განელებული.

ბაბუა სარიდანიც აზმორებს. ფიქრობს: იგივე გაზაფხულია (რაც იყო: შარშან - შარშანწინ - იქით - იქით - სულ უკან და უკან). იგივეა - მაგრამ... მოხუცის ფიქრს რაღაცა კბენს. გვერდზე გაიხედავს: ვამეხ უხედარ კვიცს იურვებს. კვიცი ხეზეა მიბმული. ვამეხ საურველით ზამთარში მომდგარ ბალანს აცლის. კვიცი ჭიხვინობს და ხტის: ხან ტორებზე დგება და ხან წიხლს ისვრის. ვამეხ კვიცს იურვებს. ვამეხ ველურ ცხენსაც დაიურვებს: მოქნილია და მაგარი - (ფიქრობს თავისთვის ბაბუა სარიდან). მოხუცის ფიქრს რაღაცა კბენს: იგივეა - მაგრამ.. დასწყევლოს სიბერე ღმერთმა: სარიდანს სადღა შეუძლია კვიცის დაურვება?! მოხუცი ვამეხს უახლოვდება: მოსწონს შვილიშვილი.

- ვამეხ!. მატასი სადაა?!

- წყალზეა წასული.. აი კიდეც მოდის..

სარიდან ხელით თვალებს იფარავს მზისაგან და მეორე მხრისაკენ იყურება. მატასის მოაქვს დიდი დოქი სავსე. თვითონაც სავსეა - (რით?! გაზაფხულით?!). ტანზე წყალი შესხმია. კაბა დასველებია და წვივებს ეტმასნება. მაღალი თეძოები ოდნავ გაგანიერებია - (აქაც გაზაფხულია?!).

- შვილო!. მატასი!.

- სარიდან!. ბაბუა!

- წყალი დამალევინე!.

- მიირთვი!.

მატასი დოქს აწოდებს. მოხუცი მოსვამს - („ააჰ რა ცივია“). მატასი დოქს გამოართმევს. მოხუცი განზე იხედება.

- ესენი ვინ არიან შვილო?!

- სტუმრები..

არჩიბალდ და ტაბა ტაბაჲ ვენახისკენ ეშვებიან.

- სტუმრები..

იმეორებს თავისთვის მოხუცი. აღარ უჭრის თვალს?! დაიქცეს სიბერე. სარიდან მიმავალ მატასის თვალს გააყოლებს. თვალს არჩიბალდიც აყოლებს: მატასის. მატასი გრძნობს მის მზერას. კაბას ისწორებს: მაგრამ კაბა ისევ ეტმასნება. წვივები ილეწებიან. თეძოებს ათქვირება ეტყობათ. არჩიბალდ თვალს ვერ აცილებს - (რას შეხედა?!). სადღაც სიღრმეში რაღაც აეშალა: როგორც წყაროს თვალი ამომშრალი წყაროს ტანიდან. მატასი თავსაფარით სახეს იფარავს - (სიწითლე თუ სწვავს). მიდის დარცხვენით. მიაქვს სავსე დოქი. თვითონაც სავსეა. რით?! არ იცის მან. ეს ეხლა არჩიბალდმა უფრო იცის. მოხუცი მზეხას იგონებს უეცრად: თავის ცოლს გარდაცვლილს. ისიც ასე იყო ასხლეტილი. მოხუცი ხედავს: მატასის - (არა: მზეხას) - წყალი მიაქვს დოქით. „იგივეა - მაგრამ“... დაიქცეს სიბერე... არა: გაზაფხული ერთი და იგივე არაა - (ვიღაც ფიქრობს მოხუცის მაგივრად თითქო).

არჩიბალდს მზერით მიაქვს მატასის ტანი.

გოგირდისფერ თვალებს ეს მზერა ვერ დაემალება.

- რა ლამაზი გოგოა მატასი!.

თან უხარია: ამ სიტყვებს რომ ამბობს ტაბა.

არჩიბალდ წაილუღლუღებს თავისთვის:

- ლამაზია... ლამაზია..

უეცრად ლუღლუღი წყდება: მათ წინ მოზრდილი ხვლიკი გაირბენს. არჩიბალდ შეირხევა და შეკრთება. მის გულში ეხლა „ხვლიკისფერი თვალები“ ფათურობენ - (ოლგა აგონდება). გოგირდისფერ თვალებს ტაბაჲს არც ეს დაემალება. სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი ცდილობს შეანელოს მეგობრის გუნება.

- ყველაფერი ცვლაა.. სიცოცხლე ცვლაა..

- მაგრამ ცვლაში არა რჩება რა?!

- რჩება: მაგრამ მისი ხელშეხება ძნელია..

- სიცოცხლის სიტკბო კი ეს ხელშეხებაა..

(არჩიბალდს დაღავს ოგლას უეცარი ლანდი)

- ხელშეუხებელიც ტკბილია.. თუ შეიგზნე...

- სწორედ მაგ „თუ“ არის ყველაფერი..

- ხედავ ამ კვირტს?! გაიშლება.. აყვავილდება.. ნაყოფს გამოიღებს.. შემდეგ: ნაყოფი დამწიფდება.. მოწყდება.. დაჭკნება.. გაჰქრება..

- მაშ ყველაფერი ჰქრება...

- არაფერი არ ჰქრება. „ერთი“ „სხვაში“ გადავა..

- მაგრამ ეს „სხვა“ ის რომ არ იქნება: პირველი?!

- „ისიც“ იქნება.. ამაშია ყველაფერი მოქცეული..

- ძნელი საგზნობია..

- ტალღას გამოჰყოფ ოკეანიდან?! აიღებ პეშვით - „ტალღაა“: აი „ეს“ - რომ ხედავ.. გადაუშვებ ოკეანეში - აღარაა: გაითქვიფა.. მაგრამ „ტალღა“ გაჰქრა?!

არჩიბალდ სდუმს. ოლგას იგონებს. გაჰქრა?! ტალღასავით გაითქვიფა?! არ გამქრალა?! მაგრამ ხელს რომ ვერ შეახებს ვერაოდეს?! რომ ვეღარ იხილავს?! ვერაოდეს..

ტაბა განზე იხედება.

არჩიბალდ ჩერდება და ისიც იმ მხრით იხედება.

- გველი გველს თუ სჭამს.. თუ ყლაპავს..

ამბობს თავისთვის შეშინებული არჩიბალდ.

ტაბა წურავს გოგირდისფერ თვალებს.

- არა.. გველი პერანგს იხდის..

გოგირდისფერი თვალები გველს სალტავენ. გველი იკლაკნება - მაგრამ ვერ იძვრის წინისკენ. ეგებ პერანგი აკავებს. ჭრელი პერანგი წელამდე მოუხსნია. პერანგი გველად მოცმია გველს: მეორე გველად. მზე გადახრაზეა: აცხუნებს. გველი ზმორებაა - თვლემა - მთქნარება.. რის?! ნუ თუ მზის - გაზაფხულის მზის?! ზმორებაში - მთქნარებაში - თვლემაში: გველი თავს ივიწყებს - რაღაცას სტოვებს უკან - ქერქს იცვლის. „განვლილს“ თუ სტოვებს: განვლილ სიცოცხლეს.

გოგირდისფერი თვალები გველს სალტავენ.

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი მზერას არტყამს გველს.

გველი ავარდება - (დარტყმევა თუ იგრძნო: მაგრამ ვისი: მზის თუ კაცის თვალის?!). ტანს ატორტმანებს. პერანგი ორი გოჯის სიგრძეზე სცილდება.

ტაბა სდუმს. თვალებს არ ახამხამებს. მხოლოდ ურტყამს საშინელ მზერას ქვეწარმავალს. გველი კიდევ ერთხელ ასწევს თავს. შემდეგ ტანს ააგდებს მაღლა. გაიწევ-გამოიწევს. ტაბას თვალები გველს ბურღავენ. ბოლოს: უეცარი მოსხლეტით გავარდება გველის ხალასი ტანი და პერანგსა სტოვებს.

ტაბა პერანგს ხელში იღებს. ათვალიერებს.

- ამაზე უფრო ნიშნეული ქვეყანაზე არა არის რა..

ამბობს თავისთვის. ათამაშებს ხელით ათასთვალა ქერქს: თითქოს იგი ულამაზესი საყელური იყოს ასტარტასი.

- ეს.. ქერქი.. ნიშნეული?!

ეკითხება გაოცებული არჩიბალდ.

ტაბა ტაბაჲ სიხარულით გოგირდსა ჰყრის თვალებიდან.

- ხედავთ?! გველმა თავის თავი დატოვა: მოიხსნა და დააგდო. აქ არის სიბრძნე.

არჩიბალდის გაოცებას არა აკლდება რა.

- როგორ?!

- ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს.. როგორც ძველად იტყოდნენ..

არჩიბალდ კიდევ ელის სიტყვას.

ტაბა ტაბაჲ არ აყოვნებს:

- სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება..

არჩიბალდ თავსა ხრის: თითქო სიმძიმეს ხედავს.

სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი უეცრად იწყებს უცნაური სიტყვების სროლას - (შელოცვა თუა). გველის პერანგს თვალს არ აცილებს. მოსწონს ლბილი ქერქის ფორაჯა ხტილები - (მის თვალებსაც ხომ გადაჰკრავს ციალი ამ ხტილების). ბოლოს ჩერდება. მოხედავს არჩიბალდს. უკანასკნელს თავი დაღუნული აქვს. და მოულოდნელ - გველის ქერქს ყელზე ახვევს.

არჩიბალდს შიში აქვს გველის. აქვს ზიზღიც გველისადმი. მაგრამ ამ წამს არც შიში აქვს და არც ზიზღი. დგას უაზროდ და გაშტერებით მეგობარს უმზერს. ხშირად სიზმრეული თავის სხეულს აღარ გრძნობს - (თითქო სხვისია იგი). არჩიბალდ ასეთს სიზმარეულს ჰგავს.

ტაბა ტაბაჲ ხსნის გველის პერანგს.

ლუღლუღებს თავისთვის:

- სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება..

არჩიბალდ არას უბნობს. თითქო უსიტყვოდ ეთანხმება. ტაბა ტაბაჲ იღიმება. ღიმილში ორჭოლი ფიქრია. არჩიბალდ გველის პერანგს ართმევს. აკვირდება ჭრელთვალა ხტილებს.

- ლამაზია?!

ეკითხება მეგობარი.

- ლამაზია.. ლამაზი..


წყაროს თვალი -

ნუ თუ გველის პერანგმა მოაჯადოვა!?

არჩიბალდ ნიგვზის ძირას ზის. ნიგოზი იფოთლება - (როგორც მატასი?!.) ფოთლებს მზის ტევრი ესხურება ხალასი - (როგორც მატასის ღიმილი?!). არჩიბალდ მწვანე მოლს გასცქერს ჩრდილოვანს. მოლზე მზის ხატულა ხალები ციალობენ. ფორაჯ ხალებში ხანდახან ქალის სახე გაირბენს. აქაც მატასი?!

არა: მართლაც მოაჯადოვა გველის პერანგმა.

იქვე ბაბუა სარიდან ზის. ტაბა ტაბაჲს „ქვის ვაჟის“ ამბავს უთხრობს. ვამეხ უთარგმნის უკანასკნელს. ხანდახან ტაბა ტაბაჲს თვითონაც მიმართავს ქართულს - (პოლიგლოტია: ენას მალე ითვისებს). ბაბუა სარიდან ზღაპარს ათავებს. ჩიბუხს მოსწევს და განზე აპურჭყებს. ტაბა ტაბაჲ განცვიფრებით უცქერს. სარიდან კიდევ გააპურჭყებს და დაატანს: „აბაა“.

- უძიროა სილამაზით..

ამბობს ტაბა ტაბაჲ.

- ბაბუა! ერთი ტყის დედოფლის ამბავი მოგვიყევი..

მიმართავს ვამეხ.

სარიდან ჩიბუხს გააბოლებს და იწყებს ნელის თხრობით ზღაპარს. ჯერ თუ როგორ ითრევს მონადირეს თავის ქსელში ტყის დედოფალი. ხატულა შველს ახვედრებს იგი მონადირეს - (შველი ნოთაა: შუბლზე ნამგალა მთვარე აქვს ახატული). მონადირე თოფს ვერ ესვრის შველს - (შეწირულია უკანასკნელი). შველს მიჰყავს მონადირე ტყეში. მონადირეს კვალი ეკარგება. შველი ჰქრება. მის ალაგს ტყის დედოფალი აკისკასდება. შემდეგ ბაბუა სარიდან შეუდგება დედოფალის აწერას. მოხუცი მისი სილამაზის გადმოცემისათვის დაუზოგველია. თვალები ლურსა: ლუში ზურმუხტი. თმა: ყვითელი ღელე მზის ძუძუები: თეთრი რიყის ქვები. და სხვა და სხვა. ბაბუა სარიდან როლში შედის. ჩუბუხს ხშირად აღარ მიმართავს: უფრო თხრობას ეწევა. ტყის დედოფალი მონადირეს აჯადოვებს. ქალი პირობას უდებს: მოკვდავ ქალთან არ შეცდეს. და ასე: ქვევით და ქვეით: სულ ახალი და ახალი ჯადო და ხვითო ავხორციანი ვნების.

ბაბუა სარიდან ზღაპარს ათავებს.

გააპურჭყებს და დაატანს: „აბაა“.

ტაბა ტაბაჲ განცვიფრებით ჩაილაპარაკებს:

- უშრეტია სილამაზით..

არჩიბალდ განზე იხედება: თითქო არავის უსმენს. იგი ხედავს ტყის დედოფალს - („ხვლიკისფერი თვალები“ ანათებენ). ოლგა?! ჰო.. შეიძლება.. მაგრამ რითაა რომ დაკარგული დედოფალი მოდუნებულ სევდაში გადადის მხოლოდ?! არჩიბალდის სისხლში სხვა ცეცხლია: მდინარის ქალი „ქვის ვაჟის“ ზღაპარის. წარმოსთქვას კრიალა სახელი „მატასი“?!

- ბაბუა სარიდან: ხომ არ გინახავს ტყის დედოფალი?!

ეკითხება ვამეხ ორჭოლი ღიმილით.

- მინახავს.. როგორ არა.. ორჯერ შევხვდი?!

- მერე?! გასტეხე პირობა?! იძიე შური?!

- ნადირობაში ბედი დამიკარგა.. მარტო ეს. მეტი ვერაფერი..

- სხვა არაფერი?!

- ერთხელ მგელი შემხვდა.. მგონი მისი მოგზავნილი იყო..

- როგორ?!

- თოფი დავუმიზნე და არ გავარდა..

- მერე?!

- მერე და გავგუდე ორი ხელით.. აბაა..

ბაბუა სარიდან ვაჟკაცს ხედავს სადღაც შორეთში - (თვითონ ხომ არაა?). ეხლა - „დაიმხოს სიბერე“.

ტაბა ტაბაჲ თავისთვის ამბობს:

- თქვენში ჯერ მიწა არ ამომშრალა..

სარიდანს არ ესმის უცხო სიტყვები.

- რას უნობს შვილო შენი სტუმარი?!

- მიწა თქვენში ჯერ კიდევ არ ამომშრალაო.

- მიწას რა დააშრობს შვილო?!

სარიდან ჩიბუხს მიმართავს. ჩამქრალა.

დაუძახე შვილო მატასის: ცეცხლი მოიტანოს.

ვამეხ საჯალაბო სახლისკენ მიბრუნდება. იქ დედა ნინო სადილს ამზადებს - (გაისმის ტკაცუნი საჭადე ცომზე). მატასიც იქაა: დედას ეხმარება.

- მატასი! ცეცხლი მოუტანე ბაბუას!

მატასი გამოდის. ხის მაშათი მოაქვს ნაკვერჩხალი.

არჩიბალდ ხან მატასის ახედავს და ხან ნაკვერჩხალს. „ჩემი გული თუ მოაქვს“ - (ფიქრობს აცეცხლილი).

მატასი დარცხვენით ბაბუას ცეცხლს მიაწოდებს.

- გაიზარდე შვილო დიდი.

მატასი გაბრუნებას აპირებს. ვამეხს აზრი ებადება.

მატასი!.. გაართე ჩემი მეგობარი.. დღეს მოწყენილია რაღაც.. მე და ტაბაჲ-ხან ცხენებით გავისეირნებთ..

- კარგი აზრია..

ამბობს ტაბა...

- კარქი..

ამბობს მატასი დარცხვენით.

- შვილო ვამეხ! ამაყენე..

მოხუცი წამოდგომას აპირებს. ვამეხ ეხმარება. მოხუცი სახლისკენ მიდის.

- აბა მატასი!.. წყაროსკენ გაასეირნე არჩიბალდ..

- კარქი..

ამბობს მატასი დარცხვენით.

არჩიბალდ მიჰყვება მატასის უსიტყვოდ. თვითონ უფროა დარცხვენილი.

მარცხნით: დიდი ლუშა ტყე „საირმესი“. მარჯვნით: რიონის დიდი ველი - ყვირილის ჭალები - ხანის ხეობა. და ყველგან - მზე: ფერსათის მზე - ნელი ხვითო მეწამული.

მატასის თეთრი ჩითის კაბა აცვია. თავზე - ყვითელი თავსაფარი (ჭრელი „დარაია“). ხვითოს გალხობილ მეწამულ ხალებში - მატასი თვითონაა რჩეული ხალი მეწამული.

- აქ დაღმართია.. თუ გინდათ - შემოუაროთ.

ეუბნება კრძალვით არჩიბალდს.

- არა... ამ გზით სჯობია..

მატასი ჩაირბენს ქურციკივით. არჩიბალდ ჩადის გაბედული ნაბიჯით. ფეხი უცდება. მატასის ეღიმება.

- მომეცით ხელი.

არჩიბალდ ხელს ჰკიდებს გაწვდილ ხელს - (ცეცხლი ამ ხელშიაც ყოფილა: ფიქრობს). თვითონ იწვის. ასეთი წვა ჯერ არ ახსოვს. ნუ თუ „საირმეს“ მზის ბრალია?! მაგრამ აქ მზე ნელი და ლბილია ხომ!.

ჩავიდნენ წყაროსთან.

კლდის პირას წყარო გათხრილია როგორც საზღაპრო ხარის დიდი თვალი. სიღრმე ორი ალაბი თუ იქნება. წყაროს ტანი სიპი ქვებით არის ამოწყობილი. ქვებს მუქი ხავსი აქვთ მოდებული. წყალი ნისლაა ფერით: მოშავო - ლუშური ციალით. მაგრამ მის ფსკერზე ყველა კენჭებს დაითვლი. წყარო თვალია დიდი (ხარის თვალი) რომელიც სხვა თვალს უცდის რომ აისარკოს. ძირს კუთხეში კაცის თვალის ოდენა ნაჟური მოჩუხჩუხებს.

არჩიბალს წყაროში იხედება. ითვლის თითქო ფერმრავალა კენჭებს. უცქერს ნაჟურს - (ასეთი რამ ჯერ არ უნახავს).

- რა ჰქვია ამას?!

უჩვენებს თითით.

- წყაროს თვალი..

- წყაროს თვალი..

იმეორებს თავისთვის არჩიბალდ. ეხლა მატასის უყურებს. თვალებში უყურებს. და უეცრად სიტყვები:

- თქვენ ხართ წყაროს თვალი.

მატასი თავს ღუნავს: სიწითლეს იფარავს.

არჩიბალდ გზნობს - რომ გადალახა საზღვარი.

უხერხულობას მწყემსი არღვევს. მოჰყავს შავი ხარი უნიშნო. ხარი ეპიური სინელით მიდის წყაროსთან. სვამს. იბერება. ივსება. თავს ასწევს და გაბრუებული თვალებით იქითაქეთ იხედება. შემდეგ ისევ დაეყრდნობა. სვამს. იბერება. ივსება.

მწყემსს ხარი მიჰყავს.

მატასი წყაროს უცქერს.

- ნახევრამდე ამოუცლია თითქმის..

- დალევა გსურთ?!

ეკითხება არჩიბალდ.

მატასი იჩოქებს. სურს პეშვით შესვას წყალი. მაგრამ წყალს ვერ წვდება. ოდნავ წვდება. წყალი მატულობს.

- მე დაგეხმარებით!.

ეუბნება არჩიბალდ - (საზღაურს უკვე გასცილდა).

მატასი მოხედავს ოდნავ ამღვრეული ცქერით.

არჩიბალდ ხელს ჰკიდებს მატასის ხელს.

- მომეცით მეორე ხელი!.

მატასი უნებურ ხელს უწვდის მარჯვენას.

- ჩაეყუდეთ!.

მატასის ნება აღარ აქვს - (თრთოლვა გარეულ მიმინოსი). არჩიბალდს მატასის ხელების უჭირავს უკან გამოწვდილი. მატასი იღუნება. თავი წყალს უახლოვდება. თვალები ემღვრევა: ვეღარ ხედავს ვერც კენჭებს და ვერც წყაროს თვალს. სვამს. ხვრეპს. პირზე შხაფი ესხმის. სისხლი აწვება. ბრუ ეხვევა. ძუძუებში რაღაც უღვივის ჯერ კიდევ უცნობი. და თითქო იხრჩობაო - იძახის:

- ამიყვანეთ..

არჩიბალდს სწყურია უფრო მეტად ვიდრე იმ შავ ხარს უნიშნოს. აიყვანს მატასის და ერთი მოსხლეტით გულში იხვევს: ჰკოცნის სველ ტუჩებს - სვამს - ხვრეპს წყაროს: უშრეტ წყაროს - (წყარო და მატასი ეხლა ერთია). „ვიხრჩვები“: ჰკივის გაგუდული ხმით ვიღაც - (მატასის ხმა ხომ არაა?). არჩიბალდ ხელს უშვებს. მატასი მიდის ალმოკიდებული. სახეს იფარავს. მიდის აღმართით თავდახრილი. არჩიბალდ წვივებში უცქერს. იქაც უკიდია ალი გოგონას. შემდეგ წყაროს მოხედავს ვაჟი - სწორედ ისე როგორც შავი ხარი უნიშნო. „არა: მე ძრომდე დავცალე წყარო - ეხლა წყაროს თვალი მოჩუხჩუხებს მარტო“.. (ამას ვინ ამბობს არჩიბალდის პირით?!).

აიხედავს ზევით არჩიბალდ: მატასი აღარ სჩანს.

მხოლოდ ეხლა ერკვევა. „რა ჩაიდინა?“ „ღმერთო!.“ ფიქრებს ჭრელი გველი უსერავს. მაგრამშორს - სქესის ფსკერზე - რაღაც იშმუშნება იმედიანი: „თვითონაც ხომ დამნებდა“. (ვინ დანებდა?! მატასი?!).

არჩიბალდ სერზე ადის.

მოსჩანან სოფლის ბიჭები. მიიმღერიან.

არჩიბალდს ესმის ბავშვობის ხანის „ოდელია რანუნი“. რა ტკბილი სიმღერაა. მაგრამ ეს რა სიტყვებია?!

„ლაშხის გოგო მატასი -
მსურს გაკოცო ათასი“..

იმღერიან ბიჭები. არჩიბალდ ირისხება: როგორ ჰბედავენ?! შემდევ ისევ ნელდება: არა - სიმღერა კარგია: სიტყვები ხალასი გულებია სოფლის უდარდელ ბიჭების.

მიდის არჩიბალდ სახლისკენ. ეხლა სხვა ფიქრი სწვავს: როგორ შეხვდეს მატასის?! როგორ შეხვდეს ვამეხს?! გადახედავს მიდამოს. „საირმეს“ ლურჯ სხეულზე მზე ხვითოებად ესხურება. არა: ხვითო „ნატვრის თვალია“. ფერსათის მზე მას არ გაიმეტებს. არჩიბალდის სისხლი მაგარი ცეცხლია - (ირუბაქიძის?!).



* * *

სადილის დროს მატასი არ სჩანს.

- მატასი სადაა?!

ეკითხება ვამეხ დედა ნინოს..

- უღონოთაა ცოტა..

- უღონოთაა?! (კვირობს ბაბუა სარიდან). ამოყოლილი თუა.. წყაროსკე რო წავიდა.. დღეს..

„ამოყოლილი?!“ (ეს სიტყვა არჩიბალდს არ ესმის).

- ადგილი იქ ნაძრახია..

უმატებს თავისთავად მოხუცი.

„ნაძრახია?!“ (არჩიბალს არც ეს ესმის).

ტაბა ტაბაჲ არჩიბალდის სახეს ემზერს ოდნავ აწითლულს. უცხო კაცის შემპარავ ღიმილს ორჭოლი ხაზი ბზარავს.

„სადაა მატასი?!“ გულს ეკითხება არჩიბალდ.

მატასი ოთახშია გაშხვართული. მთელი სხეული თითქო ქვაა - რომელიც ხანდახან იშმუშნება მარცვლებად დარღვეული. ეს მხოლოდ ერთი წუთით. მატასი გასუდრულია როგორც გარეული მიმინო რომელსაც უცხო ფრინველმა ფრთა შეახო. მხოლოდ გული მუშაობს საოცრად: თითქო სურს გასუდრული ქვა აამოძრაოს. ძუძუებიც ქვებია. მხოლოდ ხანდახან (ესეც ერთი წუთით) ქვებში ხრეშა გაისმის თითქო: ძუძუები უცადი ხორბლებით თუ ივსებიან - (ასე ივსებიან ვარდის კოკრები როცა ყლორტებში მზის თესლები ესხურებიან).

მატასი ერთი გზნებაა - (ტანია ერთი გზნება): ვიღაცამ შელახა წყაროს თვალი თავანკარა. მაგრამ წყარო სიტკბოს გრძნობს უჩვეულო ამღვრევით. უკანასკნელ ფიქრს მატასი გაურბის - (ტანი გაურბის მისი).

- რა მოგივიდა შვილო?!

- არაფერი.. თავი მტკივა..

- დღეს ტანის დაბანას აპირებდი.. წყალი მზათაა..

მატასი მიჰყვება დედას. უკვე შეღამებულია.

საჯალაბო სახლში ცეცხლი ანთია. შუაგულში - ჯაჭვებზე ქვაბი ჰკიდია დიდი. გვერდით სამფეხა სკამი დგას მოზრდილ ტაშტში. იქვე - კარადა თბილი წყლით სავსე. მატასი შიშვლდება. სამფეხაზე ჯდება. ტანს თითქო ჰმალავს - (ვის უმალავს?! დედას?! აქამდე ხომ არ სჩვევია?!). დედა ჯერ თავს დაჰბანს თავსაბანი მიწით - (მიწა ძმარნარევ წყალშია გახსნილი). შემდეგ ტანს. მატასი ძუძუებზე დედის ხელს არ იკარებს. თეძოები სირცხვილით იწვიან. „უკვე ქალია“: ფიქრობს დედა.

მატასი ტანს იშრობს. ცეცხლის ალი ალაბნახევარზეა აწვდილი. მატასის ტანი აჯეჯილებულია: ალის განათებაზე კიდევ უფრო ალეწილი და ავარვარებული - (თეთრი ნაკვერჩალის ფერი).

- დედა!. კარი მიხურე!.

(დედა გადის შავებში მოსილი)

მაგრამ სახლიდან უკვე ვიღაცამ მოჰკრა თვალი. ეს თვალი არჩიბალდისაა. მატასი ვერ გრძნობს ვაჟის ხედვას. ტანს შეიშრობს ერთი კიდევ და სახოც ნარმას განზე გაისვრის. იმართება წელში და თავს მაღლა ასწევს. მკერდს აკვრივებს. მარჯვენა მკლავს პირისკენ ხრის და თავს მკლავისკენ დაღუნავს - (კოცნა თუ სურს). აზმორებს ზანტად. ერთი ათქრიალდება როგორც უხედნი ფაშატი მდინარიდან მზის შუქზე გამოყვანილი და ტაშტიდან იქვე დადებულ ფიცარზე გადახტება.

კარი მოხურულია. მაგრამ ვაჟის მზერამ ცეცხლიანი ლანდი უკვე დაიჭირა. არჩიბალდის თვალების ცეცხლი უფრო ლანდს ათამაშებს: როგორც გველი ხვითოს ალმურში ასროლილს.

რა ნელია „საირმეს“ მზე!. როცა ჩაიყვინება - მისი მეწამული თვალი „საირმეს“ თხემზე დაიღვრება. „საირმე“ ლუშია და მასზე დაღვრილი მეწამული თვალი ლურჯ ქვად იქცევა. ეს თვალი - (ლურჯი შუქი) - გავაზისაა. გავაზის თვალი გაჰყურებს ფერსათის მთებიდან: რიონის ველს - ყვირილის ჭალებს - ხანისწყალის ხევს. ეს არე ეგების გავაზის თვალია თვითონ?! არა: ეს მატასი არის - ლაშხის მატასი - ვამეხის დაჰ..

უმთვარო ღამეში ეხვევა ფერსათის არე.

მძიმე დუმილს ღამისას ბაბუა სარიდანის ძილი თუ შეედრება.

არ სძინავს არჩიბალდს. არა: თვალღია სიზმარშია აბორგილი. სიზმარში მარტო ქალს ხედავს ახლად ატეხილს. ქალი ხან ტყის დედოფალია და ხან მდინარის ალი. უფრო მეორე.

გვერდით ოთახში მატასის სძინავს დედასთან. სძინავს?!

- მატასი!. დაიძინე!. რა დაგემართა!.

ეუბნება დედა ნინო. მატასი ისუდრება.


თამუნჩო -

მაყაშვილის ნამოსახლის გვერდით პატარა დუქანია გამართული. დუქნის კედლები შიგნით მომწკრივებულია ლამფებით. იქვე ჩამოკიდებულია ფიტილები. აქ ჰყიდიან: მარილს - ნავთს - პაპიროსს - ჩითს - ასანთს - შაქრეულს - საპონს. ფერსათის მთების კალთებზე „ევროპა“ შემომძვრალა. მედუქნე გიგოც „ევროპიელია“. იგი გაზეთის მკითხველია და მსოფლიოს ამბები იცის. აქ იკრიბებიან სოფლელები ამბის გასაგებად. „სალაყბოც“ აქ არის სოფლელების. დუქანში ჭრელი კაჭკაჭი დახტის და ლაყბობიდან სიტყვებს სწავლობს კაცისას. ხანდახან გრამოფონი ახრიალდება. კაჭკაჭი უსმენს განცვიფრებული. სოფლელები შეეჩვიენ „ამ ეშმაკის მოგონილს“ და „პენსნებს“ თხოულობენ ხშირად.

ალექსია ჭიკარტულა - (ასე ეძახიან სოფლელები) - მჟავე კიტრს ჭამს ტუჩების ფუსფუსით. 

ეს ის ავყია კაცია ყბაშეჩეხილი - ვამეხს და არჩიბალდს მაყაშვილის ნამოსახლზე უკანასკნელი მაყაშვილის გადახვეწას რომ უამბობდა. ალექსია ჭიკარტულა ჭამს მჭავე კიტრს და ნამცეცებს კაჭკაჭს უსვრის. „მიირთვი მარტია“ - (მარტია კაჭკაჭს ჰქვია): ეტყვის კაჭკაჭს და „მარტიაც“ კორტნის ნამცეცს. „მარტია! თქვი რამე“ - და „მარტიაც“ წამოროშავს ახირებულ სიტყვას.

სოფლელები ჭიკარტულას ახელებენ:

- რაა შე უბედურო სულო რო ჭამ?!

ჭიკარტულა მათ ყურს არ ათხოვებს. მას „მარტია“ უფრო იზიდავს - (ეგებ მისი ნათესავია).

სოფლელებში სიკო ზის მორთხმული და ჩიბუხს აბოლებს. ახალოხი გაუღეღია და ნარმის განიერი ნიფხავი ზეაღმართულ მუხლებზე ჩამოუშვია. 50 წლის იქნება.

- ი კაცი ვინ არი ნეტა?!

კითხულობს ჩაფიქრებული სიკო.

დუქნის გვერდით მოხუცი მიდის. თმა მოშვებული აქვს წვერიც. თმაც და წვერიც - სრულიად თეთრი. ევროპიულ არის ჩაცმული. საცმელი „შელახულია“ მაგრამ ტანზე მაინც კარგად აგდია. მარჯვენა ხელს ხანდახან შუბლთან მიიტანს. ხელი შვეტია. თითები - გრძელი და სწორი. მხრებში ოდნავ მოღუნულა მოხუცი მაგრამ სხეულით ბრგე არის მაინც. გამოიხედავს ან გაიხედავს ამჩნევ სუფთა პროფილს.

- ვინაა ნეტა ი კაცი!?

კითხულობს ჩაფიქრებით სიკო.

უცხო კაცი ამ კითხვაზე მოხედავს შეგროვილთ. მოდუნებული მზერა უცხოსი უეცრად ღვივდება - (ასეთი ხედვა აქვს ხარს როცა იგი უცხო ჯოგში შეიჭრება უცაბედათ).

- ბასკიაო: უნობს თვითონ..

ჩაილაპარაკებს თავისთვის ნანია:

- ბასკიაოო?!

კითხულობენ გაკვირვებით სოფლელები,

- რაა კაცო ბასკი?!

ნანია სიტყვას მართავს:

- ხალხი ყოფილა ბასკი. ცხრა მთას იქით..

- შენ საიდან იცი?!

- თვითონ მითხრა..

- ვინ გითხრა?!

- უცხო კაცმა..

- სად?!

- სამტრედიიდან რო მოვდიოდი მატარებელში.

- სად მიდიოდა?!

- თბილის ქალაქში..

- მერე აქ რა უნდა?!

- რა ვიცი?!

პაუზა. მოსაუბრენი მოხუცისკენ იცქირებიან. მოხუცი დგას შორიახლო და მიდამოს გასცქერის. სოფლელებს თითქო ყურსაც არ ათხოვებს. მოსაუბრენი განაგრძობენ.

- რა უნდა აქ ნეტა?!

ნანია სიტყვას მართავს:

- რიონის სადგურს რო მოუახლოვდით საწყალი ფარნჯარას გადაეყუდა და ტირილი მორთო..

- მერე?!

- მერე და: მატარებელი ჯერ კიდომ არ იყო გაჩერებული - გადმოხტა და აქეთკე გამოიქცა.. ერთად წამოვედით..

- ელაპარაკე?!

- როგორ არა?!

- ქართული იცის?!

- იცის.. ცოტა დავიწყებია..

- რავა?! ქართველია თუ?!

- ასე კია და.. რა ვიცი..

მოხუცის სმენას ეს სიტყვები ხვდებიან ალბად. უცხო ხარის მზერით თავს მოღუნავს დუქნისკენ. შემდეგ ისევ გაშლილ მიდამოს მიმართ იბრუნებს პირს.

სოფლელები ეხლა ხმადაბლა საუბრობენ: არ უნდათ გაიგონოს უცხო კაცმა - („ქართული ცოდნია“).

სიკო ჩიბუხს აბოლებს და მარცხენა მუხლს იქექავს.

- ეს კაცი მეცნოურება რაღაც..

- კაი თუ კაცი ხარ..

- რა უცნოურს იტყვი ხანდიხან სიკო!?

- მეცნოურება ნამდვილად..

სოფლელები იცინიან.

- რა უნდოდა თბილ ქალაქში?!

მიმართავენ ისევ ნანიას.

- შვილი მეგულება იქო..

- შვილიო?!

- ჰო.. შვილიო.. ომში ყოფილა თურმე.. აგლიჩნებში..

- უცნოური რამაა წორეთ..

- მესიჰპ...

სიკოს სურს სიტყვა „მესოპოტამია“ მაგრამ ვერ ახერხებს გამოთქმას. ხმას ამაღლებს და იძახის:

- მესიიპიტამიიდან ჩამოსულა..

ამ სიტყვაზე უცხო კაცი მოიხედავს. ხედვაში ისევ ხარის თვალია უცხოსი. თითქო რაღაცამ უკბინაო - მოსხლტება უეცრად და ზევით მიდის ნამოსახლისკენ.

- რაც გინდათ ის მიქენით.. მარა..

- მარა რააო სიკო..

- მა კაცი მინახავს საღაც..

სოფლელები მოხუცს თვალს აყოლებენ.

თამუნჩო - (ეს ბასკური სახელია თამაზის) - მიდის ნამოსახლისკენ. ხარია მართლა: დარქენილი - რქამოტეხილი - თვალებამღვრეული - ღონეშელახული. ფიქრი - ფიქრი - ფიქრი: მძიმე და ურკვევი.. „გაცუდდა ყოფა“ - (ამას თუ ფიქრობს). ხარს დიდრონი თვალები ესველება - (ცრემლები.?!).

თამუნჩო შედის ნამოსახლში - (გალახული ხარი ფარეხში. ბრუნდება უგუნებო). პირველი - რასაც გზნობს იგი: ესაა დროის შეწყვეტა. არა: საუკუნეების დაბრუნება. თითქო წინაპარი აღსდგა ძველისძველი და ეხლა თავის ნამოსახლს დაჰყურებს ათასი წლებიდან. ამ წამს თამუნჩო გვარია თვითონ მის ყოფაში ხერხემლდა გაწოლილი. თამუნჩო გასუდრულია როგორც ფრინველი შეღამებისას. ორი დღეა: თავის ნამოსახლს უყურებს. საჯვარე - სასახლე - ეზო - ხეები - ქვები: ყველაფერი მისია თითქო. მაგრამ თვითონ იგი აღარა არც საჯვარესათვის არც სასახლესათვის არც ეზოსათვის არც ხეებისათვის არც ქვებისათვის. თამუნჩოში მრავალი ფიქრია ნელი ნაღვერდალით აღვივებული. ფიქრები იშმუშნებიან მძიმე ზოზვით - თითქო დიდი მუხის ტანში იყვნენ გადასხმულნი. თამუნჩო მართლაც მუხაა ამ წამს ფესვებგამდგარი კიდურიდან კიდურამდე.

უეცრად ხერხემალი - (გვარი თამუნჩოსი) - შეირხევა: იკლაკნება - თითქო წელკავმა გაჰკრა. ფიქრები იკუმშებიან და ერთ მორგვად იხვევიან. მორგვს პირი ეხსნება და მორგვიდან ვიღაც ჰკივის: „სიკვდილი მოდის“. თამუნჩო ეხლა გულია მარტო. ერკვევა ათასი წლების ბურუსს და ძე აგონდება თავისი: არჩილ (არჩიბალდ). წამოიწევს: უნდა დაუყვიროს შორიდან. მაგრამ მოხუცს მუხლი ეკეცება და საფლავის ქვაზე დაეცემა თითქო მოცელილი. იქ მაყაშვილი ასაფლავია: იზიდავს თავისიანს. თამუნჩო ისევ ბურანში გადადის. ბურანში ნაკვერჩხალი კიაფობს. თამუნჩოს აგონდება.

ლჲუქსენბურგის ბაღი პარიზში. გაზაფხულის პირი. სტუდენტები ერთ კუთხეში. გაზეთს კითხულობენ. ქართული სიტყვები ისმის. უცხო კაცი მიდის სტუდენტებთან უხმო. გაზეთს ართმევს სტუდენტებს. ატრიალებს: ხან აღმა ხან დაღმა - (კითხვა თუ დაავიწყდა). შემდეგ დაიჭერს სწორად. წაიკითხავს რამოდენიმე სიტყვას გაგუდული ხმით. გული ეჩუყება. ეხვევა სტუდენტებს. გარბის ტირილით. სტუდენტები გაოცებით თვალს აყოლებენ. ვინ არის?! თამუნჩოა (თამაზ მაყაშვილი). თამუნჩოს გული კი სხვას უხმობს: სადა ხარ შვილო?! უცხო კაცი მირბის. მიდის სადგურთან. სურს - ინგლისში გადაფრინდეს. მაგრამ უეცრად შეჩერდება - (სხვა ხომ არ აჩერებს?!). „არა: „ჯერ კიდევ არ მოსულა ხანი“. თამუნჩო ისევ ბასკეთს უბრუნდება.

ცხელებიანს ხანდახან სული ეხუთება. ჰაერი არ ყოფნის. გული ამოვარდნას აპირებს. ცხელებიანს სურს გავარდეს გარეთ. მაგრამ - ავარდება თუ არა - იქვე იკეცება. ეგებ თამუნჩოც ავადაა: არა უბრალო ცხელებით. ეგებ თვითონ სიცოცხლეა მისთვის ცხელება. ტყვილად არ გარბის იგი ერთი მხრიდან მეორე მხარეში - (სიკვდილს თუ გაურბის: თვითონ კი არა - სხვა: მასზე უფრო დიდი). თამუნჩო ქვაზე ირხევა. წამოვარდება. ჰაერი არ ყოფნის?! არა: თამუნჩო სიკვდილს ახებს ხელს. ხარბათ ისუნთქავს „საირმეს“ ჰაერს. შემდეგ ისევ ბურანი მოიცავს. ბურანში თვალს ახელს მოგონების ნაკვერჩხალი ნაცარში მიმალული.

ბასკები. საოცარი ხალხი. გული ჩვილი და ამაყი. ხასიათში - სირაინდე თავშეკავებული. სხეულში - ცეცხლი მიმალული. დონ ხოზე „კარმენიდან“ ბასკი იყო. ჩუმი ხალხი მზის დასავლის მოყვარე - (ამ დროს მათი თვალები უცნობი მელანქოლიით ივსებიან): სამშობლოს თუ იგონებენ ძველს. ბასკებში - უცხო კაცი. ისიც სამშობლოს იგონებს. იგონებს შვილს - რომელიც ვითომ ბედს გამოსტაცა. ხუთმეტი წელია - არ უნახავს. ჯერ კიდევ ადრეა: ფიქრობს. მაგრამ უეცრად ომი. თამუნჩოს წინ უფსკრულია. გადავარდება სხვა მხარეებში. ეძებს შვილს. ვერ ნახულობს. ირევა. შეიტყობს: მესოპოტამიაში წასულა. გაედევნება. გზაზე აცნობებენ: სპარსეთში გადასულა ვაჟი. შემდეგ - ტფილისში. თამუნშო სტამბოლში ამოყოფს თავს. ლაზებს გაეცნობა. მათი საშუალებით მივა ტრაპიზონში. შემდეგ - ბათომში. მიდი მატარებელი ტფილისს. რიონის სადგურს უახლოვდება. გახედავს „საირმეს“ არეს... და...

თამუნჩო ვეღარ უძლებს მოგონებას.

ავარდება. გულზე ხელს იდებს: ხომ არ ამოვარდნილა?!

ხედავს არეს დარქენილი ხარის ცქერით. მიდის საჯვარესთან. მიდის ხესთან. ხელებსა ხვევს. გული ხის „გულს“ ხვდება. ხის ტოტი ძირს დაშვებულა. თამუნჩო ფოთოლს აცლის სიყვარულით. მიაქვს ტუჩებთან და ჰკოცნის. უეცრად შეჩერდება. ფეხები მიწას ეკვრიან - მშობელი მიწას. გული აჩუყებულია მაგრამ მშვიდდება მაინც. თამუნჩო სასახლისკენ მიდის. ხვალ საღამოს უნდა დასტოვოს იგი. ამაღამ აქ გაათევს ღამეს: შესაძლოა - უკანასკნელად. თამუნჩო მიწვება. მის სხეულში მთელი გვარია გაწვდილი. უკანასკნელი ფიქრი შვილია მაინც.

„საირმე“ იღებება ლილისფრად. ლილა თანდათან მუქი ხდება. ბოლოს - ნაღველის სიშავეში გადადის. ღამე შლის სქელ საბურავს. იყუჟებს ყოველი. ბალახი თავსა ხრის: თითქო მკლავზე. ქათმები საბუდარებში იშმუშნებიან. ფარეხში გალეშილან პირუტყვნი. მხეცები ღამეს ყურს უგდებენ და ხანდახან ვარკვლავებს ახედვენ.

მდუმარება ეშვება როგორც მდინარე დენაშეწყვეტილი.

ხმაური აღარაა, მხოლოდ ბაყაყების ორკესტრი არღვევს მყუდრო ჟამს. მაგრამ მყუდროება ამით უფრო ღრმავდება.

სძინავს თავის ნამოსახლზე თამუნჩოს.

თვალებზე შეშრობია ორი დიდი ცრემლი - თითქო გასრესილი ისრიმი ქართული ვაზის.


ძმები - 

- წევიდა თქვენი მეგობარი?!

- წევიდა.. არ დაიცადა..

- შენ ხო დეიცთი ცოტას?!

- დავრჩები კიდევ... ორი დღე.. შემდეგ მეც უნდა წავიდე.

- თბილ ქალაქში?!

- ტფილისში.. იქ ჩემს მეგობარს შევხდები და წავალთ..

- სად წახვალთ?!

- სპარსეთში.. იქ ეხლა ჩვენებია. „ანგლიელნი“..

- აგლიელნი?! თუ აგლიჩნები?!

- დიახ: „აგლიჩნები“..

ბაბუა სარიდან ასე ამ სიტყვებს ნაჩვევი.

არჩიბალდ არ უსწორებს.

- ნეტა სადაა ახლა ჩვენი თამაზი?! ისიც აგლიჩნებში წევიდა.

ამბობს ხმადაბლა ასევდილი სარიდან.

„თამაზის“ სახელს გამოჰყავს არჩიბალდ ჩვეულ გუნებიდან. ორი დღეა: მამა არც გახსენებია. რა დაემართა?! მამის გახსენებაზე არჩიბალდს მარტო უყვარს ყოფნა. მიდის მიდამოებისკენ. „ალლან“ თან მიჰყვება ახალისებული.

კალოზე სოფლის ბიჭებს ხბო დაუჭერიათ და ზურგზე ცერებს უჭერენ. „დააჭი - დააჭი“: გაიძახიან. ცერსა და ცერს შუა ხბოს ტყავი სკდება და დიდი ხოჭოს ოდენა ზღმურდლი ამოვარდება. „კიდომ აქ: ბიჭო! დააჭი!“ ცელქობენ ბიჭები. ცერები კიდევ ერთ ზღმურდლს ამოაგდებენ. ბიჭები ღიღინობენ:

„მატასია ქალო
რა ლამაზი ხარო“..

კიდევ მატასი. ყველგან მატასი.

არჩიბალდ ბიჭებს უახლოვდება. ბიჭები მღერიან:

„ლაშხის გოგო მატასი -
მსურს გაკოცო ათასი“..

არჩიბალდს ეხლა ეს სიმღერა ახარებს. მაგრამ „ალლან“ იღრინება. დაიყეფს და შეუტევს. არჩიბალდ აჩერებს. საწყალი ხბო გავარდება დამფრთხალი. ბიჭებიც გადაცვივდებიან.

სერზე მატასი გამოჩნდება. ხელში ტყემლის დიდი ტოტი უჭირავს აყვავებული. არჩიბალდ გაემართება გახარებული. მაგრამ „ალლან“ ასწრებს: მივარდება მატასისთან და ყალყზე დგება. მატასი ხელს უსვამს: ეალერსება.

- რა ლამაზი ყვავილებია..

ეუბნება არჩიბალდ.

- ტყემლისაა!.

მატასი თავსა ხრის ისეც თავდახრილი. არჩიბალდ ატყობს: რომ დარცხვენილი აღარაა. ვაჟს უხარია.

- თქვენსავით არის აყვავებული: ტყემლის ტოტი.

მატასი თავს ასწევს. ღიმილნარევ სახეზე ალი გადაჰკრავს: თეთრი ნაკვერჩხალის ალი. წამოიწევს და ტოტს გაუწოდებს.

- მიირთვით..

არჩიბალდ ხელს უკოცნის. „მაშ არ მიწყრება“: ვაჟი ხარობს.

წინ ვაშლის ხეა. ორი მოზრდილი ტოტი აქვს გამოშვერილი. არჩიბალდ მივარდება. მოჰკიდებს ხელს: ჯერ ერთს - მერე მეორეს. თითქმის ერთიმეორესთან მიიტანს.

„რა ღონიერია“: ფიქრობს მატასი.

შემდეგ მატასის მოუბრუნდება.

- ვამეხ სადაა?!

- მაყაშვილის ნამოსახლისკენ წავიდა..

უპასუხებს ალეწილი მატასი.

„კიდევ მამა“.. არჩიბალდ შეირხევა.

- მეც იქით გავიარ.. თქვენ ხომ არ წამოხვალთ?!

- ვერა.. დედა მიცდის ვენახის ბოლოში..

- მაშ მე წავალ მარტო..

- მალე დაბრუნდებით?!

- მალე.. ერთად დავბრუნდებით..

მატასი ცილდება. თეძოებში უცხო ძრაობაა: ვაჟი ამჩნევს.

არჩიბალდ ცქერით „სვამს“ მატასის გავლას. შემდეგ მოტრიალდება და „ალლანთან“ ერთად მამის ნამოსახლისკენ გაემართება.



* * *

გიგოს დუქნის წინ ხრიალია. იქ არის ვამეხ ჟღალ ჩოხაში გამოწყობილი. სოფლის ბიჭები ხმალს უსინჯავენ. „რა ხმალია“ - ამბობენ. „მჭრელი უნდა იყოს“ - ლაპარაკობს თავისთვის ერთი.

- აბა სინჯე კოპიტის ტოტებზე.

ეუბნება ვამეხ და თვითონ დუქანში შედის.

ახალგაზრდა მიდის დაბალ კოპიტთან. კოპიტს მაჯის სიმსხო ტოტები აუყრია. „აბა დაჰკა“ - მიმართავს მეორე. ახალგაზრდა შემოჰკრავს - ტოტი შუამდეც ვერ გაჭრა. შემოჰკრავს მეორედ - ტოტი ისევ მაგრადაა.

- მე მამეცი აბა..

თხოვს მეორე. ართმევს ხმალს. მოუქნევს ახალგაზრდა სხვა ტოტს. ტოტი ისევ ხეზეა. მოუქნევს მეორედ - ტოტი გადაქანდება მხოლოდ. მოუქნევს მესამედ - ბიჭი მკლავის ტკივილსა გრძნობს.

- თქვენ რა იცით ხმალის ხმარება?!

ყვირის უცხო კაცი - (თამუნჩო?!). საიდგანაც გაჩნდა.

- აბა მომეცით!.

და მოხუცი ერთს წუთში ახალგაზრდა იქცევა. წელში იმართება. მხრებში აღარაა მოხრილი. აიწურება და გაითასმება. მკლავი შვილია თითქო მისი - რომელიც არ უმტყუნებს. შემოჰკრავს ერთს - ტოტი გავარდება მოცელილი. შემოუქნევს მეორეს - ტოტი წყდება. მესამე - მეოთხე - მეხუთე - მეექვსე - მეშვიდე. თამუნჩო თვრება. სადღა გრძნობ გუშინ ღამით გაციებას გრილ აივანზე?! თვალები ემღვრევა - (სიგიჟე იცის ხანდახან). ხმალი ეხლა მარჯვენას გაგრძელებაა თითქო.

- ბიჭოს!. უყურე ამ ბებერს!.

იცინიან ბიჭები. თანაც უკვირთ.

„ბებერის“ გაგონებაზე თამუნჩო სულ აინთება. ლამის - სრულიად გადაუჭრას ტოტები კოპიტს. ამ დროს დუქნიდან ვამეხ გამოდის. უკვირს მოხუცის მაჯა. აგონდება თავის თავი სპარსეთში - როცა იგი არჩიბალდის წინ ხის ტოტებს ცელავდა იმავე ხმლით.

მოხუცი ჩერდება. დახედავს ხმალს.

ბიჭები არ სცხრებიან. განაგრძობენ სიცილს:

- ბიჭოს! უყურე ამ ბებერს!.

სიტყვა „ბებერი“ თამუნჩოს იმ წამს ხვდება როცა იგი ხმალზე კითხულობს მეორე სიტყვას: „ირუბაქიძე“. მოხუცი ავარდება. ტვინში ცეცხლია მარტო. თვალები გახელებაა. შუბლზე სიგიჟის ხაზი გაირბენს. წინ მტერს ხედავს ვითომ მოხუცი: შეუტევს ახალგაზრდებს. კივილი და ხრიალი. დუქნიდან სხვები გამოცვივდებიან: ზოგი - კეტით - ზოგი ბარით - ზოგი თოხით. მაგრამ თამუნჩოსაც ეს უნდა. ზურგს მუხასთან იმაგრებს და საშინელი სისწრაფით იცდენს წამოშენილ კეტს თუ ბარს თუ თოხს.

- თავი დაანებეთ.. გიჟია მა ოხერი ვიღაცაა.

ყვირიან ბებრები და ქალები.

მაგრამ სიტყვა „სიგიჟე“ თამუნჩოს გახელებას ცეცხლს უმატებს მხოლოდ. ვინ მოახვედრს მოქნეულს?! ვინ დაარტყამს?! ვინ დააკავებს?! თამუნჩო შეტევაზე გადადის. მოხვდა ერთს ხმალი - და იქვე დაეცა.

- გააჩერეთ!. შეშლილია!.

- ხომ არ მომკვტარა?!

- დაჭრილია ცოტათ..

- წაიყვანეთ!. შეუხვიეთ!.

ისმის ხრიალში დაჭრილი სიტყვები.

ვამეხ! შენ მაინც უშველე ბიჭებს!.

ვამეხ დგას გაქვავებული - (მოსწონს მოხუცის ხელში ირუბაქიძის ხმალი). უეცრად მოწყდება და გაიწევს მოხუცისაკენ უიარაღო. რკალი იშლება: ეხლა მხოლოდ თამუნჩო და ვამეხია ერთი-მეორის პირისპირ. თამუნჩოს ხმალი მომზადილი აქვს... მაგრამ - შეხედავს ვამეხს თუ არა - ხმალამართული ხელი ძირს ჩამოეშვება. ნეტავ რა იხილა?! ვამეხ განცვიფრებულია. დანარჩენნიც გასუდრულნი. თამუნჩო ხედავს თავის თავს ახალგაზრდობაში. მოჩვენება ხომ არაა?! არა: იგია-იგი: თამაზი ახალგაზრდა. ეგებ ორეულია მისი?! თამუნჩოს არეულ ტვინში ნაკვერჩხალი კიაფობს უცადი. გადავარდება და უნდა... (ხშირად ხდება სიზმარში: კაცი მტერს ეომება და მოპირდაპირედ კი თავის თავს ხედავს)... მაგრამ ვამეხ დაიწევს ტანით და მოხდენილი ნახტომით იღლიაში შეუვარდება მოხუცს. მოქნეული ხმალი ვამეხის ქოჩორს ერთი გოჯის სიმაღლეზე ასცდება. თამუნჩო ეხლა ძალებს იკრებს სხეულისას - რომ ახალგაზრდას გაუმაგრდეს. ვამეხ სალტავს მოხუცს - რომ მიწაზე დააგდოს მაგრამ თამუნჩო მაგარია კიდევ და გაიძახის: „ვინ დასძლევს ირუბაქიძეს?!“

ისაა - რომ ვამეხმა გადაისროლოს მოხუცი - „ალლან“ მოვარდება ავი ყეფით და ტორებით ეცემა მოხუცს - (უკანიდან ტყუილად აჩერებს არჩიბალდ). მოხუცი გადაიზნიქება და თან ვამეხსაც გადაიყოლებს თხრილში. ხმალი ხელიდან არ გაუშვია შეტაკებისას - და ორივე პირაღმართულ ხმალზე დაეცემიან. მსუბუქად დაიჭრება: მოხუციც და ვამეხიც.

ხრიალში კივილი გაისმის ქალების.

ამოჰყავთ ვამეხ გაფითრებული.

მოხუცი თხრილში გდია. მივარდება არჩიბალდ. ესმის უცნაური სიტყვები: „ვაი წახდენა ირუბაქიძის“. „ალლან“ გარბის და ყეფს. ვერ აჩერებენ. არჩიბალდ მოხუცს წამოაყენებს. მოხუცი ნამოსახლისკენ იწევს და არჩიბალდ მიჰყვება.

- ვამეხ!. „ალლან“ წაიყვანეთ. მალე დავბრუნდები..

არჩიბალდის დანახვაზე სოფლელები კიდევ უფრო კვირდებიან.

ვამეხს „ალლან“ მიჰყავს. არჩიბალდს - მოხუცი.

მოხუცს ახლა აგონდება: მორკინალ ვაჟს ყურთან იმავ ალაგზე ჰქონდა ხალი საცა თვითონ აქვს. თანდათან ცნობაში მოდის - მაგრამ ვაჟის სახე არ სცილდება. არჩიბალდ ფართო ფიცარზე აწვენს მოხუცს. მაჯას უსინჯავს: სიცხე აქვს. გულს უსინჯავს: ამოვარდნაზეა. თამუნჩო ვერ ამჩნევს: რომ ამ სინჯვის დროს შვილი მამას თითებით მაჯას უკოცნის და მარჯვენა ლოყით - მკერდს.

თამუნჩო ბოდავს. ბოდვაში ხშირია ნატეხები იმ ამბების რომელნიც „ირუბაქიძის“ გვარით არიან ცნობილნი.

სიცხე კლებულობს ცოტა. ეხლა შეუძლია აიტანოს ავადმა უცაბედი. არჩიბალდ იხსნის მედალიონს და მოხუცს გადაუხსნის. მოხუცი ჰკივის:

- შვილო.. შვილო.. არჩილ... არჩიბალდ..

(ამ დროს ვამეხ სარკმელიდან უყურებს კედელს აფარებული)

მოხუცს აღარ ახსოვს არც სიცხე და არც შემთხვეული ამბავი დღევანდელი. წამოხტება და ხვევს ვაჟს ხელებს, უკოცნის შუბლს - უკოცნის თვალებს - უკოცნის მხრებს - უკოცნის მკერდს. ჰკოცნის ტუჩებით - თითებით - ლოყებით - მკერდით. ღვრის ცრემლებს ხორბლის სიმსხოს. არჩიბალდიც იცრემლება.

(იცრემლება კედელს-აფარებულიც).

მოხუცს სიტყვა ელევა. დარჩენია მხოლოდ ორი და ისმის: „შვილო.. შვილო.. არჩილ.. არჩიბალდ“..

არჩიბალდ თავს იკავებს: თვითონაც თუ აუშვა გული - გასკდება გული მეორის. უთუოდ. მხოლოდ ცრემლით იგუდება. ნატეხი ფრაზებით თავსი თავგადასავალს უყვება.

(ვამეხ სმენაა მარტო. არ ესმის ბევრი. უფრო ხშირად მამა და შვილი ინგლისურად ლაპარაკობენ. ხანდახან ქართულიც გამოვარდება. მაშინ ვამეხ ერთს სიტყვას არ გაუშვებს).

მოხუცი თანდათან მოდის ცნობას. ისევ ის ელანდება: ვაჟი მორკინალი. გამოჰკითხავს არჩიბალდს.

(ვამეხ ამ დროს კანკალია მხოლოდ. ესმის: ქართულს ხმარობენ უმეტესად).

- შენი მეგობარია?! სად გაიცანი?!

- სპარსეთში..

- სახელი?!

- ვამეხ.

- გვარი?!

- ლაშხი..

- მამის სახელი?!

- არ ვიცი..

- დედის?!

- ნინო..

მოხუცი მთელი ტანით ავარდება. ყვირის:

- შვილო!. შვილო!. შვილო!.

(ვამეხს ფერი აღარ აქვს. არ იცის მაინც: ეს მიმართვა „შვილო“ - მას ეკუთვნით თუ არჩიბალდს).

- შვილო.. შვილო..

განაგრძობს მოხუცი.

- მომგვარე არჩილ!. ამ წამს მომგვარე!. შვილი.. ჩემი..

(ვამეხს თვალები უბნელდება და გარბის).

- ეხლავ..

მიუგებს არჩიბალდ და კარს აღებს.

გაიხედავს და ხედავს: ვიღაც მიდის ჩქარი ნაბიჯით. ვამეხია?! აქ რა უნდოდა?! ნუ თუ გაიგონა?! დაუძახოს?! დაედევნოს?! ვამეხ აღარ სჩანს. არჩიბალდ დგას გაქვავებული. უეცრად მოისმის საშინელი კივილი მოხუცის: „არჩილ! არჩიბალდ!“.

ვაჟი შედის ოთახში.

მამა ხელებს უწვდის.

- ხვალ მოიყვანე.. ვიხუთები მარტო.. ერთი წუთიც არ შემიძლია გავძლო.. არ მიმატოვო..

- შენთან ვარ მამავ..

მამა ნელდება. უხარია. ეკითხება - (ღიმილიც უჩანს).

- იცი ახლა ვინა ხარ?.

- ირუბაქიძე..

მიუგებს შვილი სიამაყით.

მოხუცი იწვის და ირევა. ეხვევა ვაჟს. უკოცნის შუბლს - უკოცნის მხრებს - უკოცნის მკერდს... ჰკოცნის ტუჩებით - თითებით - ლოყებით - მკერდით. ღვრის ცრემლებს ხორბლის სიმსხოს. არჩიბალდიც იცრემლება.

- განგრძე ამბავი..

მიმართავს მამა.

შვილი უამბობს თავგადასავალს მესოპოტამიიდან ხამადანამდე და ხამადანიდან.

- მცივა შვილო!.

იძახის მოხუცი.

- მცივა შვილო!. გაიხადე.. ჩემთან დაწევი.. მომეკარი მკერდს.. გამათბე შვილო..

არჩიბალდ წვება და ეხუტება.

- განაგრძე!.

არჩიბალდ უყვება ირანის ამბებს საცა სიცხეა და „ჩვენება“.

მამას კი სცივა. თუმცა ჩვენება აქ უფრო ბევრია.

არჩიბალდ უყვება ქარავანით გადასვლას.

მამა გულს ეკვრის. ხვნეშის.

უყვება მრავალს. არჩიბალდ შთაგონებულია. უთხრობს საწყალი „ბეხანის“ სიკვდილს. ხედავს პატარა სპარსს მტირალს: „ბეხან! ბეხან!“. და სპარსელის წინ ბეხანი აღარ იძვრის.

უეცრად რაღაც ცივი მოხვდა არჩიბალდს.

- მამა!.

ყვირის ვაჟი.

- მამა!. მამა!.

მაგრამ მამა აღარ იძვრის.



* * *

მესამე დღეს სოფლელები ისევ გიგოს დუქნის წინ შეყრილან. იქვეა სიკოც. ეხლაც ჩიბუხს აბოლებს მორთხმული.

- ხო გეუბნებოდი: მეცნოურება თქო..

- ვინა სიკო?!

- ვინა და ი უცხო კაცი..

- თამაზ მაყაშვილი?!

- ჰო.. მე თვალი არ მატყუებს..

საუბარში მესამე ეჭრება:

- ის ვიღა იყო: აქედან რო წეიყვანა მოხუცი?!

- შვილი ყოფილა მისი..

- რომელი?! ჩვენი სალომეს ძუძუნაწოვარი?!.

- ჰო.. ის..

მესამეს მეოთხეც ემატება:

- სადაა ნეტა სალომე?! თუ დაბრუნდა?!

- რავა: დასაფლავებაზე არ გინახავს?!

- სხვაგან ვიყავი.

- იქ იყო სალომეც..

მეოთხეს მეხუთე მოსდევს:

- სად დაასაფლავეს საწყალი?!

- თავის ნამოსახლში.. საჯვარეში..

- მართლა შვილმა გათხარა საფლავი?!

- ჰო.. თვითან გათხარა საწყალმა..


მატასი ცხენზე -

არჩიბალდს ცრემლი აღარ აქვს. ისე იხედება როგორც ტანამომშრალი წყარო. მზე განაბულია თითქო. არე გაზნექილია მდუმარებით. ხანდახან ბუზი გაიფრენს ზუილით. ბუზის ზუილს მოაქვს უცხო სევდა - (ყოფილის თუ არყოფილის).

ნეტავ სადაა ვამეხ?!

საშინელ დღიდან ვამეხ სახლს არ ეკარება. მატასი ამბობს: ნათესავებში წავიდაო. მერე სად არის ამდენხანს?!

არჩიბალდის სხეული ტანამომშრალი წყაროა საცა ფიქრები დახეტიალობენ თითქო მკვდარი ადამიანის.

სად არის ვამეხ?! შერცხვა რომ ნახეს: ყურს რომ უგდებდა კედელს-აფარებული?! შეიძლება.. მაგრამ ამისთვის... არა.. ტკივილი იგრძნო რომ შეება მოხუცს (მამას)?! ესეც შეიძლება.. მაგრამ.. ეს?! მთავარი?!. არა... ჰაა!! თითქო მიაგნო არჩიბალდის ფიქრმა: მამა იხილა.. სხვა მამა.. როგორ შეხედავს დედას?! ჰაა: აქ არის ალბად ძირი.. ვამეხ ქალწული ბუნებისაა. მან არ იცის: რა არის ბზარი. ეხლა ეს ბზარი სტანჯავს ნამდვილად.. მაგრამ არჩიბალდ?! ხომ უყვარს უკანასკნელი?! უყვარს.. მაგრამ.. მაინც.. ან თვითონ მამა?!. ნამდვილი მამა?! არ უნდა შერხეულიყო მისი შეხვედრით?! ჰო.. შეირხა კიდეც.. სიყვარულით შეირხა.. მაგრამ მაინც.. აქ ისევ დედა წამოყოფს თავს.. როგორ შეხედავს მას?! არა: არჩიბალდ გრძნობს ვამეხის ბზარს.. ძნელია მისთვის ძმის შეხვედრა.. შემდეგ შეხვდებიან.. შემდეგ.. ეხლა კი..

წასვლა სჯობს. არჩიბალდ გადასწყვეტს წასვლას.

მიდის საჯვარესთან. შეჩერდება. შედის. დახედავს საფლავს. გაირინდება: „მე შენი ვარ მამავ“: ლუღლუღებს. „შენ ჩემში ხარ მამავ“: დაატანს. დაეცემა საფლავს. ხელებს გადააჭდობს. ქვითინი ისმის გაგუდული. შემდეგ დგება და გამოდის. უვლის გარს საჯვარეს. ჩამოიარს ეზოს. გადაიკითხავს საფლავის ქვებზე წარწერებს. მიდის ხეებთან. ეხვევა ყოველ ხეს. შედის მინგრეულ სასახლეში. დახედავს ფიცარს: საცა მომაკვდავ მამას ეხუტებოდა. იცრემლება. გამოდის გარეთ. მიდის ნიგვზის ძირთან. დაიღუნება და გაძვრება. ბოლოს აიღებს მიწის ნატეხს. გახვევს და უბეში იდებს.

დამშრალი წყარო ივსება. არჩიბალდ ივსება: მოგონებით - მიწის სუნთქვით - მამით - წინაპრებით - გვარით - მამულით. ივსება მაგრამ ცრემლი აღარ სდის. მიდის სახლისკენ: ბაბუა სარიდანის ნაშიერის სახლისკენ. მიდის როგორც მთვარეული. შედის ეზოში.

ნალიას გვერდით ჩალის ზვინებია.

ერთ ზვინზე მატასი ასულა და ნიკოს (ბიძის) ბავშვებს კონებს უსვრის. ღობესთან ბაგაა გაკეთებული. იქ ხარებია მიბმული. ბავშვებს მიაქვთ ჩალის კონები. ხარები ჩალას ტკვირავენ. ლოშნიან ფოთლებს.

არჩიბალდ მატასის უცქერს.

თავი ყვითელი თავსაფრით წაუკრავს. მკერდი გაღეღილი აქვს. ფეხშიშველია. არც წინდები აქვს. უჩენს წვივები მზის კალოზე ალეწილი. თეძოებით ზვინს ეკვრის: ხან ერთით - ხან მეორით. ტანი ზვინს ეტმასნება: თითქოს იგიც სიმინდის ყანის ნაყარია - ათქვირებული ტარო: დიდი და მაგარი - ტარო საქართველოს ველების. ზვინი ყვითლად მოსჩანს მწვანე მიდამოებზე. მზე ეღვენთება ოქროს დაღებით. ზვინი იშმუშნება. მატასი ჩალის კონებს ყრის.

არჩიბალდ უცქერს მატასის. თვალებს ვერ ხედავს მატასისას. თუ შეხედა - ვეღარ წავა „საირმედან“. არჩიბალდის ნება ქვაა: უნდა წავიდეს - ასე სჯობია. არჩიბალდ მატასის აღარ უცქერს.

აივანს უახლოვდება. აივანს ბაბუა სარიდან გადმოჰყუდებია.

- საწყალი თამაზ.. ნეტამც მენახა..

არჩიბალდ გასუდრულია..

- როგორ მახსოვს.. თითქო ახლა ვხედავდე..

არჩიბალდ ვერას უბნობს.

- რა ვაშკაცი იყო..

არჩიბალდს ცრემლი აწვება.

- რათ არ მითხარი თუ მისი ვაჟი იყავი?!

არჩიბალდ პასუხის მაგიერ სარიდანს ეხვევა.

- ნუ ტირი შვილო.. ყველა სიკვდილის შვილები ვართ..

არჩიბალდ ოთახში შერბის.

ეხლა სხვა ფიქრი სწვავს: ვეღარ იხილავს ამიერიდგან ბაბუა სარიდანს - მაღალ სარიდანს - მშვიდ სარიდანს - ნათელ სარიდანს. ვეღარ მოისმენს „ქვის ვაჟის“ ლეგენდას მისგან. ვერც - ტყის დედოფალის ამბავს. ვერ მოისმენს მის ნელ ხმას დამალბობელს.

არჩიბალდს გული ეჩუყება.

შემოვარდება „ალლან“. მუხლებზე ეხვევა. წკმუის. თვალები შესველებული აქვს - (ხომ არ სტირის?!). არჩიბალდ ხელს უსვამს. დოგი ყეფს - (ანუგეშებს). არჩიბალდ ეალერსება და ეუბნება:

- „ალლან“! შენ მატასისთან დარჩები..

დოგი გაკვირვებით უმზერს.

არჩიბალდ წერილსა სწერს ვამეხის სახელზე... ცხრა თვის განმავლობაში ქართული ისწავლა... სწერს... ქვითინს იკავებს... უკან ვიღაც აჩერებს თითქო... მაგრამ არჩიბალდის გადაწყვეტა ქვაა...



* * *

დილით ადრე დგება ხოლმე მატასი.

ეხლაც ადრე ამდგარა. მიდის არჩიბალდის ოთახთან. არავითარი ხმაური. არჩიბალდიც ადრე დგება ხოლმე. სძინავს?! შმუშვნაც არ ესმის. კარებზე არაკუნებს. არავითარი ხმაური. გული უფეთქს: რა დაემართა?! აღებს კარებს. არჩიბალდ არაა. მაგიდაზე წერილი დევს ვამეხის სახელზე. ნუ თუ წავიდა?! გაიპარა?! მაგრამ „ალლან“ რომ ეზოშია?! დასტოვა საყვარელი დოგი?! წერილს ათვალიერებს.

უცბათ ქვითინი აუვარდება.

- რა დაგემართება მატასი?!

ეს ვამეხის ხმაა. შემოდის.

მატასი წერილს გაუწვდის. ვამეხ კითხულობს.. უყვარს ვამეხ.. ძმა არის მისი ვამეხ.. უყვარს ბაბუა სარიდან.. ყველა უყვარს მისიანი.. უყვარს „საირმე“.. უყვარს მშობელი მიწა.. საც მამა მიაბარა უკუნეთს.. (ვამეხ გაგუდული ხმით: „ნუ თუ მოკვდა?! თვალებს იმაგრებს).. უყვარს მატასი.. უყვარს სხვა სიყვარულით.. და მიდის მაინც.. შემდეგ შეხვდება ვამეხს.. „ალლანს“ მატასის უტოვებს სახსოვრად.. მიდის.. იცის ვამეხის წყენა თუ ტკივილი.. არჩია წასვლა..

ვამეხ ვეღარ აგრძელებს.

- მატასი!. გაედევნე ცხენით.. ეხლავე.. დაეწევი..

მატასი მკერდზე ეხვევა ძმას.

- რა ვუთხრა?!

- ნურაფერს ეტყვი.. დაეწიე მხოლოდ..

- მეტი არაფერი?!

- არაფერი.. თითონ იცის..

მატასი საჯინიბოსკენ გაიქცევა. გამოჰყავს შავი ცხენი. შეახტება უბელოს როგორც ახალგაზრდა ამორძალი. მიაჭენებს. უკან „ალლან“ მისდევს ყეფით.

ერთი საათის შემდეგ მატასი ხედავს მოხვეულში კაცის ფიგურას. უთუოდ ისაა: ფიქრობს გახარებული. დაეწია. მატასი იღუშება: ის არ ყოფილა. ჭენებას უმატებს. „ალლან“ ყეფას უმატებს. გავარდება. ცხენს უსწრებს. წინ სერი არის. სერს გადაირბენს. მატასი ცხენს მიაჭენებს. „ალლან“ აღარ სჩანს. მატასის ესმის ხშირი ყეფა. შემდეგ: ყეფის შენელება და შეწყვეტა. მატასი კორტოხზეა უკვე და აი სიხარული: „ალლან“ არჩიბალდს ეხვევა ტორებაყრილი.

„არ გაჩერდა“: ფიქრობს არჩიბალდ. თავზე ხელს ურტყამს.

- უღალატე მატასის?! ჰაა შე..

მაგრამ ამ წამს ცხენის თქარათქური წყდება და მის წინ უკვე მატასია თეთრი ნაკვერჩხალივით აღვივებული.

- მატასი!.

მატასი ვაჟს ეხვევა.

არჩიბალდის ნება უკვე აღარ არის ქვა. ეხვევა თითონაც მატასის. ათრობს სურნელი „საირმესი“ - (მატასი ნიამორია „საირმეს“ მთებიდან). ათრობს სურნელი დაწურული მტევანის - (მატასი თვითონ არის მტევანი). ათრობს სურნელი ახლად გაქურჩულ ტაროსი - (მატასი ტაროც არის თვითონ). მატასის თვალები ფართვდებიან - თითქო გადაბელილ მუხის ახლად აყრილი ფოთლები რომელთაც მზის მეწამული ხვითოები ეღვენთებათ. არჩიბალდ უმზერს ათქვირებულ თეძოებს მაღალს - და მოდის ქართული მიწა: მისი მკერდებით - მისი ხნულებით - მისი ძუძუებით - მისი ჯეჯილებით. სუნთქვა მიწის მაგარია. არჩიბალდს ბრუ ესხმის. ნელდება. ივსება. რბილდება. ხმაში შეკრთომაა:

- ვამეხ არ მოსულა?!

- მოვიდა.. დილით.. ეხლა..

- თქვა რამ?!

- გაედევნეო.. მითხრა..

- სხვა არაფერი?!

- არაფერი..

მატასის ცახცახი უვლის ტანში. თავს ღუნავს.

არჩიბალდ უცქერს ხარბად. ქვის ნება ტყდება. არა. ნება აღარაა. არჩიბალდ პირს იბრუნებს „საირმესაკენ“. უსიტყვო - უფიქრო მიჰყვება მატასის. უბიდან რაღაცას იღებს. პერანგია გველის. არჩიბალდ თითქო ეხლა ხედავს: გველი პერანგს იხდის რიყეზე - გაძვრება ქერქიდან და ირონიით მოხედავს საკუთარ თავს დაგდებულს - შემდეგ გაისრიალებს სივილით ახალი და ხალასი.

არჩიბალდ გველის ქერქს აკვირდება -

თავის თავს ხომ არ ხედავს: წარსულს - გარდასულს - მოცილებულს?! ირონია არ ემჩნევა.

მატასი მიდის ნელი ბიჯით: ტერფებით მიწას ჰკოცნის.

არჩიბალდ მიჰყვება უსიტყვოდ.

ეზოს თავში ვამეხია გაჩერებული როგორც ხმალი სისხლში ამოვლებული და ეხლახან დამცხარლი. ელის მატასის.. ელის კიდევ..

საწყალი თამაზ!. რომ შეეძლოს დაინახოს შვილების შეხვედრა!. ძმების ერთიმეორეზე მძაფრი გადაჭდობა!.


ეპილოგი

ბაბუა სარიდან ნიგვზის ძირას ზის.

მას პატარა ბიჭი ეთამაშება.

მოხუცი ჩიბუხს სწევს. ცეცხლი ჩამქრალა.

- თაზიკა!. აბედი თხოვე ბიძიას.. გაიქე..

თაზიკა მიხტის.

ჭიჭკვა სხალთან ვამეხ და არჩილ (არჩიბალდ ეხლა არჩილია) ცხენს იურვებენ. ცხენი ავია და ურჩი. მაგრამ ვაჟების მკლავები მაგარია. ცხენი ხან ერთს გახედავს ხან მეორეს: გაგება სურს რომელი უფრო იურვებს?! ცხენი თანდათან ნელდება.

- რას გწერს ტაბა ტაბაჲ?!

ვამეხ შეკითხვის დროს ცხენის უკანა ფეხს წვდება. ცხენი განზე გახტება. არჩილ აკავებს მეორე მხრით.

- კალკუტაში ყოილა.. მოსვლას მპირდება..

თაზიკა ვაჟკაცებს უახლოვდება.

- არ მოხვიდე ცხენთან!. მანდ დადექ!.

ეს მამის სიტყვებია.

- ბაბუამ აბედიო..

მიმართავს თაზიკა ვამეხს. ვამეხ აძლევს. თაზიკას მიაქვს.

ბაბუა სარიდან კვესს იძრობს. იღებს კაჟს. დაადებს აბედს. გაჰკრავს. ხელი უკანკალებს და უცდება. გაჰკრავს მეორედ. არც ეხლაა ნაპერწკალი: „დაიქცა სიბერე“ - (ვიღაც თუ ფიქრობს მოხუცის სხეულში). გაჰკრავს მესამედ. როგორც იქნა: აბედს ცეცხლი ეკიდება. ანთებულ აბედს დაადებს თუთუნით გაჭედილ ჩიბუხს.

ბაბუა სარიდან ჩიბუხს აბოლებს და თაზიკას უთათუნებს:

- რა გქვია თაზიკა?!

- თამასი..

- თამასი კი არა „თამაზი“. თქვი..

- თა.. მა.. სი..

თაზიკა ცდილობს.. არ გამოუდის.

მოხუცი იღიმება.

- რა გვარი ხარ თაზიკა?!

- ილუბაქიძე..

- ირუბაქიძე.. გაიმეორე.. ირუბაქიძე..

მოხუცი თვითონაც ვერ გამოთქვამს ხეირიანად.

თაზიკა იმეორებს. ცდილობს.

- ი.. ლლუ.. ბა.. ქი.. ძე..

არ გამოუდის..

მოხუცი იცინის.

თაზიკა ბაბუა სარიდანს ეთამაშება. ხან მუხლებზე დაუვარდება. ხან წვერებში წვდება. ხან ჩიბუხის ტარს ეცემა. ხან ხელს არტყამს ლოყაზე. ხან ყურში ამოსულ ბალანს ეხება თეთრს და იძახის: „ეს ლაა“?! მოხუცი იღიმება:

- კაი თაზიკა!. კმარა!.

შორიდან მატასი უცქერს თაზიკას. მატასი ორსულადაა და შვენის დაქალება. დადის: მუცლით თითქო მიწის საშო მიაქვს. უცქერს თაზიკას და უხარის.

თაზიკა კი არ ასვენებს მოხუცს.

მოხუცი დასავლისკენ იხედება. მზის მეწამული თასი ესვენება. ნეტავ რამდენჯერ ნახავს კიდევ ამ თასს - (ამას ფიქრობს მოხუცი?!). პირს იბრუნებს და თავის ნაშიერს მიდამოს უყურებს. უყურებს თითქო გალენჩებული.

- ბაბუა!.

უძახის თაზიკა.

მოხუცი უეცრად კბილებს მოუჭერს მაგრად ჩიბუხის ტარს: თითქო მისი გაკვნეტა სურდეს. თაზიკა ხელს გაჰკრავს ჩიბუხს. ჩუბუხი მიწაზე დაეცემა. მოხუცი განზე თავს ღუნავს.

- ბაბუა!.

არ ეშვება თაზიკა. ხელზე ეცემა. მოხუცის ხელი გვერდით ჩაეცემა: თითქო მოწყდა. თაზიკა მეორე ხელს ეცემა. გააქანებს. მოხუცი გადაქანდება თითქო ხისგან გაკეთებული. თავი ნიგვზის ტანს ხვდება. ნიგოზს ერთი მოძველებული ქერქი ჩამოუვარდება. მდუმარებაში ეს შრიალი ჩაიშმუშნება.

- ბაბუა!

ანძრევს თაზიკა მოხუცს და თვალებში უცქერს გაკვირვებული. „რა მალე დასძინებია“ - (თუ ფიქრობს ბავშვი).

- რა დაგემართა თაზიკა ბაბუას რომ არ ასვენებ?!

ვამეხ მოდის და მასთან არჩილ.

- შეხედე... ლოგოლ ძინავს..

ლუღლუღებს პატარა ბიჭი.

ვამეხ და არჩიბალდ მოხუცს უახლოვდებიან.

ბაბუა სარიდან აღარ სუნთქავს.. მართლაც დასძინებია.. საუკუნოდ..

ვამეხ და არჩიბალდ ცხედარს გრძელ ქვაზე გააწვენენ.

მზის მეწამული თასი აღარ სჩანს: თან თუ წაიღო ბაბუა სარიდანის მზერა.


Comments: 0   Views: 421   Group: ქართული პროზა  

 გურამ დოჩანაშვილი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 22:33:42

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

1

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა:

- თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში. ასანთი ხომ არა გაქვს?

მე ჩემი ბედი... - არა მქონდა.

- ერთის მხრივ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, - განაგრძო მერე ხელმძღვანელმა, - და ამასთანავე თანამედროვე ეტაპზე ყოფა-ცხოვრებითი მოვლენების სრულყოფა...

- გავალ, გიშოვნით...

- არა, არა, მაინც განებებას ვაპირებ და... ადამიანის ცხოვრებისეულ მოქმედებაში წარმოების გარეთ, მისი საქციელი ყოველდღიურ საქმიანობაში თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება მის ყოფა-ცხოვრებაში. და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს მის თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება ადამიანზე სასარგებლოდ ზემოქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოვლენაში მთლიანად; დაა, მესამე - რომ ეს სფერო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ეკონომიური და სოციალური განვითარების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტები.

პატარა ხანს შეჩერდა და მე ვთქვი:

- დიახ.

- თავისუფალი დროის გამოყენების შესწავლა ამ კუთხით, - განაგრძო მერე ხელმძღვანელმა, - ძალიანაც აქტუალურია, და მისი გადამუშავება წარმოადგენს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ინტერესსაც ერთსა და იმავე დროს. რასაკვირველია, ერთი წლიური თემისათვის ეს თემა საკმარისზე მეტად ფართოა. ამიტომ საკითხი ასე უნდა დავაყენოთ: თქვენ უნდა შეისწავლოთ ყოველდღიური წარმოების გარეთა საქციელი და მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეული პირობებისაგან და უნდა შემოვიფარგლოთ გარკვეული პროფესიის ადამიანების კონკრეტიზირებით, ხოლო პროფესიის არჩევა თქვენთვის მომინდია. იმედია, გამიგეთ.

- როგორ არა.

- ხოლო რაც შეეხება იმ კითხვებს, რომლებიც თქვენ უნდა დაუსვათ თქვენს მიერ არჩეული პროფესიის ადამიანებს, ესე იგი, რესპოდენტებს, აი ამ ხუთ გვერდზეა მოცემული. მათი პასუხები უნდა იყოს მკაფიო, მოკლე და ამოწურული.

- ერთდროულად?

- რასაკვირველია. ხოლო თუ წააწყდებით რაიმე გაუგებრობას, გართულებას, ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ... სამსახურის საათებში. გუშინ დაცვაზე იყავი?

- კი.

- როგორ ჩაიარა?

- ისე, ჩვეულებრივად.

- ბევრი ხალხი იყო?

- არა უშავს, კი.

- შენიშვნები ბლომად ჰქონდათ?

- არა, არც ისე... შიგადაშიგ.

- ჰო, კინაღამ დამავიწყდა, - გაახსენდა ხელმძღვანელს - აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს მატერიალურ-ეკონომიურ ფაქტორს რესპოდენტთა კეთილდღეობისა თუ საქმიანობის გამოვლენაში მთლიანად.



2

იმავ საღამოს ანკეტა გადავათვალიერე, ყოველი შეკითხვა გასაგები, მარტივი და ამასთანავე საინტერესო იყო - მე მიყვარს ჩემი დარგი. უფრო სწორად, მომწონს - შეკითხვების დასმა უცნობი ადამიანებისათვის, ახალი გუნება-განწყობანი, ხანდახან ფარული ჰუმორი, მაგრამ, რაც მთავარია, ენერგია, ენერგია, მიზანდასახულობა, ყველაფერია ერთად. ვის რას მოსწონს, ანდა პირიქით, ესე იგი - რა არ მოსწონს, ერთი ერთს ამბობს, სხვა - მეორეს, მესამე - მეოთხეს და შენ კი იწერ, იწერ, მიდის საქმე. მაგრამ მეორე დღეს, დილით, რესპოდენტთა პროფესიის შერჩევა გამიჭირდა. ქარხნები - ხმაურიანია და თანაც დაღლილი ადამიანები ამომწურავად არ გპასუხობენ, გამყიდველებს სადა სცალიათ - ათასგვარ სურსათ-სანოვაგეს სწონიან, სახლებში კი ვერ ჩამოუვლი, რასაკვირველია; მძღოლები შენთვის ვერ დაკარგავენ ძვირფას დროს, ექთან-ექიმთა რესპოდენტობა გამორიცხულია, რადგან ისინი ხანდახან დილიდან საღამომდე მორიგეობენ, მე კი მაინტერესებს ისეთი პროფესიის ხალხი, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყებენ და ამთავრებენ სამუშაოს. კარგა ხანს ვიწვალე, და გონებას ისევ მზერამ აჯობა - ერთ წყნარ ქუჩაზე ფოტოვიტრინას მოვკარი თვალი. ოო, სწორედ ეს გამომადგებოდა - ფოტოგრაფები უმთავრესად ხალისიანი, მოლაპარაკე ხალხია, და თმადავარცხნილი მუშტრის მოლოდინში დროც საკმარისი აქვთ, ანკეტა რომ საფუძვლიანად შეივსოს. ამასთანავე ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ყოველივეს ზუსტად მაფიქსირებელი ფოტოობიექტივის საშუალებით, მე მხნედ შევაღე კარი, შევაბიჯე, ვთქვი: „გამარჯობათ“, მომესმა სასურველი „გაგიმარჯოს“, ვკითხე: „გცალიათ?“ - იმან კი მითხრა: „მა რისთვისა ვარ“, მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, ცოტათი შეცბა. თავით-ფეხამდე შემათვალიერა, მე კი ვცდილობდი ვყოფილიყავ მის თვალში გულღია, სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი, ჰალსტუხი გავისწორე და გაუღიმე წრფელი ადამიანის ღიმილით, იმას კი გვერდზე გადაეხარა თავი და შემომცქეროდა მე, სრულიად უცხოს, ვისაც მაინტერესებდა მისი თავისუფალი დრო. და სანამ მდგომარეობას გაამწვავებდა ერთის მხრივ ბუნებრივი შეკითხვით „რა თქვენი საქმეა“, სწრაფად ავუხსენი, რომ ვარ ისეთი კომპეტენტური დაწესებულებიდან, როგორიცაა ჩვენი, და რომ უნდა ჩამოვუარო მისი პროფესიის ადამიანებს, რათა გავიგო, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, უყვართ თუ არა კინო, სპორტი, ან ტელევიზია, როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა, კომუნალური პირობები, და სხვა, და სხვა, და მხოლოდ ორჯერ რაღაც შეუტოკდა სახეზე, როცა ვახსენე გამოთქმა „სხვადასხვა ორგანოები“ და სიტყვა „ინსტანცია“, მაგრამ მაშინვე შევცვალე ლექსიკა, რაც ესოდენ საჭიროა ამგვარ შემთხვევაში და უბრალო რიგითი სიტყვებით ავუხსენი, რომ ანკეტები დაგვეხმარება ჩვენ, მკვლევარებს, გავიგოთ მისი მისწრაფებანი თუ შენიშვნები, და ყოველივე ეს ხელს შეგივწყობს მათი შემდგომი ცხოვრების შეძლებისდაგვარად უკეთესად მოწყობისათვის, აღმავლობისათვის და იგი მაშინვე შეიცვალა, რადგან ამოისუნთქა და თქვა: „აგაშენა ღმერთმა“.

ჩვენ ვსაუბრობდით კარგად, გულწრფელად, კმაყოფილი ლამაზმანების სურათების გარემოცვაში, რესპონდენტი მპასუხობდა მკაფიოდ, სხარტად, მე დროდადრო ვხუმრობდი და ის რომ იცინოდა, ჰალსტუხს ვისწორებდი, რატომღაც მიყვარს ჰალსტუხის წვალება, ალბათ იმიტომ, რომ ისიც მაწვალებს, მაგრამ ჩვენს საქმეში ჰალსტუხი - აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მწამს, რესპონდენტის კი სწამდა, რომ მსუბუქი მუსიკა სჯობს კლასიკურს, ხოლო სპორტული გადაცემა - ინტერვიუს სოფლის მეურნეობის მუშაკთან, რომ გრძელ რიგში დგომა არაა მაინცდამაინც სასურველი და გაჭედილ ტრამვაიში ფეხისწვერებზე დგომას გაცილებით ურჩევნია ნახევრადცარიელ ტრანსპორტში ფანჯარასთან მიყუჟვა და კერძო ავტომანქანების ნომრების თვალიერება - რომელია უფრო ბედნიერი, სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ანკეტა შევსებული იყო წესითა და რიგით, გზადაგზა ერთმანეთს ვუამბეთ ორიოდ მხიარული ანეკდოტი, ოღონდ ჩემები - სჯობდა, და კიდევ უფრო გამიადვილდა მეორე ანკეტის შევსება სამიოდ კვარტლით მაღლა, ბაღთან, რადგან იმ ფოტოგრაფთან ჩემით მოხიბლულმა პირველმა რესპოდენტმა მოკლე ბარათი გამატანა - „მიშა, ამ ბარათის მომტანი ჩვენი კაცია“. სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო მესამე ანკეტაც, რომელიც უზომოდ მოწყენილი ფოტოგრაფის მოკლე პასუხების მიხედვით შევავსე. მერე ავედი სამსახურში, ხელმძღვანელთან, „როგორაა საქმეები, ა“, მკითხა იმას, „მშვენივრად, - ვუპასუხე მე, - უკვე შევუდექი“. „კაი, კაცო“, გაუკვირდა და მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი. ძალიან კარგია, როცა ხელმძღვანელი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას - ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით, გულის გარეთა ჯიბეში კი - ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი. ანკეტებს ათვალიერებდა, „კარგად გიმუშავია, კარგად, - თქვა ხელმძღვანელმა, - ოღონდ კომუნალური პირობები ორ ჯგუფად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს აღნიშნული - კარგ და ცუდ ქვეჯგუფებად, არამედ სამად - პირველი: უზრუნველყოფილნი ყველა კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა - წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა ან შხაპი და ცხელი წყალი; მეორე: უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალუტი გათბობა და მესამე - უკანალიზაციოები, ისე კი, კარგად გიმუშავია, ასე თუ განაგრძობ, ძალიან კარგი იქნება, აბა, შენ იცი, როგორ არიან თქვენები?..“ ასე გულთბილად მესაუბრებოდა, გადასწვდა სხვადასხვა ამბებს, მშვენიერ გუნებაზე იყო, მაგრამ მერე, არ ვიცი, რა გაახსენდა, პატარა ხანს ჩაფიქრდა, მზის საწინააღმდეგო სათვალე გაიკეთა, მკერდზე დაიბჯინა ნიკაპი და მკაცრად თქვა:

- და როგორც უკვე გითხარით, თავისუფალი დროის გატარება ორი რიგის მაჩვენებლებით ხასიათდება: ა - საქმიანობის ჩამოთვლით, საქციელის სახეობებით დაა, ბე - მონაცემებით ხანგრძლივობის, ინტენსიობისა და ასე შემდეგ ამ საქმიანობათა რაოდენობრივი პერიმეტრების.



3

ასე იყო თუ ისე, მშვენივრად აეწყო საქმე, მაგრამ მომდევნო დღეს, ხუთშაბათს, დილაადრიან, სწორედ იმას გადავაწყდი, ვინც გამამწარა და რაღა გადავაწყდი - ჩემივე ფეხით შევაბიჯე იმ დასაწვავ ფოტოკაბინეტში. არც გაუგია ჩემი შესვლა, სადღაც შორს, გადაკარგულში იციქრებოდა. თვალები უელავდა, მინის მაგიდას დაყრდნობოდა და, წინგადახრილი, ისე დაჟინებით იყურებოდა ჩემი სხეულის გავლით სადღაც, ძალიან, ძალიან შორს, თითქოს მეც მინისა ვიყავ და მაშინვე ტანმა მიგრძნო, რაღაც ხიფათს რომ შემამთხვევდა, მაგრამ მაინც ჩავახველე და რომ გამოერკვა, დაბნეულმა გამიღიმა და მითხრა: - მობრძანდით, მობრძანდით, პასპორტისთვის თუ...

მაშინ მე გეგმაზომიერად დავუწყე ახსნა, რისთვისაც მივედი, ყურადღებით მისმენდა და ეტყობოდა, მყისვე რომ ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ მაინც გამაწყვეტინა:

- ბოდიში, თქვენ თავად გადასწყვიტეთ თუ... - და დააყოლა: - ღმერთო, როგორ მაგონებთ ვიღაცას...

- არა, ხელმძღვანელმა გამომგაზავნა.

- მაპატიეთ, მაგრამ... უნდა ვიცოდე, ვინაა ის ხელმძღვანელი, რა კაცია... ნეტავ ვის ჰგავხართ...

- რა, ხელმძღვანელი აქ მოვიყვანო? - ჰუმორით ვკითხე, თუმცა უკვე ოდნავ გაღიზიანებულიც ვიყავ.

- არა, არა, მოყვანა რა რაჭიროა, ორიოდ სიტყვით დაახასიათეთ, წარმოდგენა რომ მქონდეს, ფაქტიურად ვისთან მაქვს საქმე...

- აბა, როგორ გითხრათ... ახალგაზრდა კაცია, ახოვანი, ენერგიული, თანამედროვე... ახალგაზრდობის მიუხედავად, რამდენიმე თანამშრომელი მიგვაბარეს და ჩვენთან მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო.

- ძალიან კარგად დაიწყო? - გამაწყვეტინა.

- დიახ! - და გაბრაზებულმა გავუმეორე, - ძა-ალიან კარგად დაიწყო.

- ეჰ, - თქვა კაცმა და მოიწყინა, - მარშალმა ედმონდო ბეტანკურმაც ძა-ალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე როგორც დაამთავრა, მშვენივრად ვიცით...

- ვინ მარშალი, რას ამბობთ... - შევკრთი მე.

- ვინ და ბეტანკური, აბა აურელიანო-სქელს ხომ არ... - და შუბლზე შემოირტყა ხელი, - უჰ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი - თქვენ ძალიანა ჰგავხართ აურელიანო-სქელს, სანამ გასუქდებოდა, - და გაიოცა: - ბიჭო, ბიჭო, როგორა ჰგავს?!

- ვინ სქელს, რა სქელს... - ავღელდი მე.

- ვის და მარშალის ბიძაშვილს, აი, დიეგომ რომ გამოიჭირა... ვერ გაიხსენეთ?.. ეულალიას ქმარი! ჰმ!.. ზუსტად ისეთივედ წარმომედგინა ყმაწვილკაცობაში, როგორიც ახლა თქვენა ხართ, სანამ ძალიან გასუქდებოდა... რა უცნაური დამთხვევაა... მეც არა ვთქვი, სად შემხვედრია-მეთქი?

და, წარმოგიდგენიათ? - მკითხა:

- თქვენ ახსნით ამას?

თვალები აუციმციმდა, „გიჟია თუ რა?“ - ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ გიჟები ხომ არ მსახურობენ, რასაკვირველია, და მკაცრად დავეკითხე:

- როგორ ბედავთ სამსახურში... ნასვამ მდგომარეობაში, ჰა!

- მე? მე და ნასვამი?! - გაიოცა და უცებ საყვედურით შემომაცქერდა, - ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?

- არა, - მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, პასუხი რომ გამცეთ კითხვებზე?

- სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში, და არც ანსელმოიანი რომანი? ლჲოსასი, მარიო ვარგასის...

- ა... არა.

- და... კორტასარი?

- ეეე... არა.

მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:

- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!

- რატომ?

- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...

- რა ბედნიერება?

- პირველად წაკითხვის. ესე იგი, თქვენ სამხრეთ...

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, - ვეღარ მოვითმინე, - თუ არა ვცდები, რესპონდენტი თქვენა ბრძანდებით და არა მე.

- რესპონდენტი რა არის? - მსუბუქად დაინტერესდა.

- ვისაც ეკითხებიან.

- აა, და თქვენ კი გემატებათ „კო“? ოღონდ თავში - კორესპონდენტი...

- არა, არა, მე - ინტერვიუერი ვარ.

- კი ბატონო, მკითხეთ.

მაგრამ აქ კაბინეტში ვიღაც მორცხვი კლიენტი შემოიძურწა. რესპოდენტმა ბოდიში მომიხადა, კლიენტს - პალტო გაახდევინა, დასვა, თავი აუწია, გაახედა, გამოახედა, ჰალსტუხი შემიხსნა, იმას მოარგო კისერზე, ოთახი ძალიან გაანათა, უზარმაზარ აპარატში შეჰყო თავი, კლიენტს ნიკაპი ააწევინა, ობიექტივს რაღაცა მოარგო, მერე მოხსნა, თქვა: ჰოპ!“ - და ჰალსტუხი ისე უხერხულად შეხსნა, ყულფი დაშალა. უღრმესი მადლობით დამიბრუნა, მაგრამ ვეღარ გავიკეთე, რადგან ჰალსტუხის განასკვა არ ვიცი, დილაობით ძმასა ვთხოვ ხოლმე. რესპოდენტმა კი მწუხარედა თქვა: „მეც რომ არ ვიცი?“ პალტოს ცალ სახელოში მლავგაყრილ, გვერდზე გადახრილ კლიენტს უთხრა: „ხვალ არა, ზეგ“, ქვითარი გამოწერა, მიაჩეჩა, გადაახდევინა „ბ“ - ოთხმოცი კაპიკი, გაუღიმა - „კარგად იყავი, გენაცვა“, და მომიბრუნდა, თავით ფეხამდე მზადმყოფი:

- ბოდიში, მაგრამ სამსახურის საათებია და... აბა, შევუდგეთ.

ანკეტიდან ხელის ზურგით განზე გადავაჩოჩე ჰალსტუხი და შევუდექი:

- გვარი!

- კეჟერაძე.

- სახელი!

- ვასიკო.

- ვასილი?

- დიახ, დიახ, - შეცბა, - მაპატიეთ, „კო“ - ეს ხომ თქვენია - კორესპონ...

- კორესპონდენტი არა ვარ-მეთქი! - მკაფიოდ გავუმეორე, - არამედ ინტერვიუერი, გასაგებია? დაბადების წელი!

- ოცდაცხრა.

- ათას ცხრაას... არა? - ჰუმორით ვკითხე.

- რასაკვირველია.

- სქესი!

- ვასილი მქვია, - იმანაც ჰუმორით მომიგო.

ჩავწერე, „მამრ...“

- პროფესია...

- მხატვრული ფოტოგრაფი.

და პირდაპირ საქმეზე გადავედით, ასე დავეკითხე:

- გიყვართ თუ არა თქვენი საქმე?

აქ კი უგულოდ მიპასუხა:

- ისე, რა...

- რატომ?

იმან კი დაკვირვებით, ოდნავ ნაღვლიანად შემათვალიერა, მიყურა, მიყურა და თქვა:

- მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა.

პატარა ხანს ჩუმად ვიყავით. მერე ვკითხე:

- სპეციალური?

გაეღიმა და თქვა:

- არა, მხატვრული ლიტერატურა.

უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე:

- კი ბატონო, მაგაზედაც მივალთ, მაგ ტიპიტ შეკითხვაც შედის ანკეტაში...

- აარა, არა, - ისევ გაეღიმა, - მაგაზე კი არ „მივალთ“, არამედ მაგითი იწყება და მაგითი თავდება.

- რა?

- რა და თქვენი შეკითხვები - ჩემისთანა რესპონდენტისათვის.

- რა იცით, ჯერ ეს ერთი, თქვენ?! - სერიოზულად გავცხარდი, - აგერ, მე ახლა უნდა გკითხოთ, თუ როგორია თქვენი ბინის კომუნალური მომსახურების პირობები - ძალიან კარგი, ცუდი თუ საშუალო, და რა შუაში იქნება აქ ლიტერატურა, და ისიც ვიწრო გაგებით - მხოლოდ მხატვრული?

- ჰეე, - ჩაეცინა და ანკეტაში მოურიდებლად ჩაიჭყიტა, - მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამაჩნია ცენტრალური გათბობა, მე მაინცა მაქვს ძალიან კარგი პირობები, თუ გნებავთ კომუნალური უწოდეთ და რაც გინდათ, სხვა.

- ეს როგორ?

- როგორ და მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა...

- და ეგ ხომ კომუნალური პირობები არაა?

- გააჩნია ვისთვის... - და უცებ აგდებულად შემომაცქერდა, - ესე იგი, მხატვრული - ეს ვიწრო გაგებითაა, არა?

- დიახ. იმიტომ, რომ არსებობს ლიტერატურა დოკუმენტური, მეცნიერული, პოპულარული, სახელმძღვანელო...

- ბროშურა გამოგრჩა, კარგო...

- თუნდაც, თუნდაც, - არ დავიხიე, შეუპოვრობა - მთავარია - განვაგრძე, - კინოფილმები თუ გიყვართ?

- არა.

- რატომ?! - გავვოცდი.

- დაფინანსებული კონკურენტია.

- ვისი?..

- არ მომწონს-მეთქი - გონებაზე მეტად თვალს ახარებს და იმიტომ.

ჩავწერე „არა“, და მომდევნო შეკითხვა წინა პასუხისა გამო შეუფერებელი აღმოჩნდა, - როგორი ფილმები მოწონთ განსაკუთრებით?

იმან კი მითხრა:

- ტიტრებიანი. გასაგებია?

ჩემზე ნაკლებად არც იმას სცოდნია გაბრაზება. გული მომივიდა, მაგრამ აქ კვლავ შემოვიდა მუშტარი, კაცი კი, რომელმაც თქვა, რომ ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, გარისხებული ჩანდა და უნებურად მუშტარზე იყარა მცირეოდენი ჯავრი - დაჯექ, დაჯეო, ასე უთხრა, და ისეთი ძლიერი სინათლე ჩართო, ნათურები გაბმით აზმუვლდნენ, მერე ნიკაპი მკაცრად აუწია და უცებ მოლბა, თავზე გადაუსვა ხელი, „თქვენ რა შუაში ხართ, ბოდიში, თმა აგწეწიათ ცოტა...“ იმანაც, ერთხანს შემკრთალმა, გულიანად გაუღიმა, შეხმატკბილდნენ, ერთი - გაქვავებული იჯდა, მეორე - აპარატს უტრიალებდა, „ჰოპ“, თქვა რესპოდენტმა, პალტოს ჩაცმაში დაეხმარა, მაგრამ მუშტარი იძახდა: „არა, არა, ჩემით...“ ღიმილითვე გაუწოდა ქვითარი და მუშტარმა ფრთხილად რომ მიიხურა კარი, შევცბი - სულ სხვა კაცი შემომცქეროდა, გამომწვევი, უნდო...

- თუ გნებავთ, ხვალ განვაგრძოთ, ხვალაც ამ კვირისაა, - ჰუმორი მოვიშველიე მე.

- არა, არა, მკითხეთ.

და აქ შევურჩიე კითხვა, რომელსაც არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა მის გატაცებასთან - ასე დავეკითხე:

- მოდაზე რა აზრის ბრძანდებით? როგორი ტანსაცმელი მოგწონთ...

მაგრამ იმან თქვა:

- ფართოჯიბიანი. ისე კი სულ ერთია...

- როგორ თუ ფართოჯიბიანი? რისთვის...

- ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს.

არა, ეს სულელი იყო, ვიღაცა, და წამოვდექი.

- ბოდიში, მაგრამ... ხელმძღვანელი მიცდის.

- ახოვანი და ენერგიული? რა გაეწყობა, კარგად ბრძანდებოდეთ...

ამრეზილი მათვალიერებდა, სანამ კალმისტარს გულის ჯიბეში ჩავიდებდი, ანკეტას - პორტფელში, და სწრაფად გავეშურე კარისაკენ, მაგრამ დამადევნა:

- აი, ეს დაგრჩათ.

ჰალსტუხი იყო.

- მშვიდობით, მშვიდობით... - და ფრთხილად ჩავიდე პალტოს ჯიბეში, რომ არ დამჭმუჭნოდა.

- იცით რა? - მითხრა, - თქვენ ისევ მოხვალთ...

- არასოდეს! - გავბრაზდი, მთელი საათი დამაკარგინა.

- ვნახოთ, თუ არა...

- რა იცით!

- არ შეიძლება, ასე უსახელოდ რომ დავშორდეთ ერთმანეთს, - ჯერჯერობით ჩვენი საუბარი იუმორისტულ ჟურნალში დაბეჭდილ მასალას ჰგავდა.

- ჩვენ უკეთესი საუბარი არც გამოგვივა! - პირში მივახალე.

- რატომ, რატომ, ჯერ სადა ხართ... აი ნახავთ, უკეთესად თუ არ ავლაპარაკდე.

- მე კი ფეხის დამდგმელი აქ აღარა ვარ და...

- ვნახოთ, - გაეღიმა.

გამწარებული გამოვედი, შუბლზე ხვითქი გადამდიოდა. ოფლის შესამშრალებლად ცხვირსახოცისათვის ჩავიყავი ჯიბეში ხელი, ამოვიღე, მოვისვი კიდეც, მაგრამ სხვა რამ ნივთი ჩანდა...

ჰალსტუხი იყო.

4

ხელმძღვანელს სვიტერი ეცვა, მშვენივრად ნაქსოვი, ძლიერი სხეული გამოკვეთოდა, გიჟდებიან ქალები - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ნაწილი მაინც. უცხომ რომ შეხედოს, ნამდვილი ათლეტია, მეცნიერი და ასეთი აღნაგობა? საუბარიც რომ დამაჯერებელი აქვს - ტერმინებით აღსავსე, რთული და მახვილი, რანაირი გამოთქმა გინდა იმან რომ არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვათა ლექსიკონია. ერთი ვერ გამიგია - თუმცა ლამაზი თვალ-წარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალის ტარება, ახლაც უკეთია, სავარძელში ზის, ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დროდადრო ამბობს: „საინტერესოა, საინტერესოა...“ მე, გაბადრული, ადგილზე ვცმუკავ, ბოლო ანკეტაზეა, საცაა - შემაქებს. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, დიდად საკვირველი - ძალიან თუ ვღელავ, მეძინება ხოლმე. ერთი ორჯერ გაუგებრობას მივაწერე ეს ინციდენტი, მაგრამ მერე, როცა გახშირდა, ექიმს ვეჩვენე. იმან წერილი გადაიკითხა, გულდასმით გამსინჯა და თქვა, რომ საგანგაშო არაფერია, მსგავში შემთხვევები ცნობილია მედიცინის ისტორიაში, და განსაკუთრებით ისაა საინტერესო, რომ ეძინებათ მხოლოდ უსიამოვნო ამბის მოლოდინში, სხეული თურმე მექანიკურად გამოირთვება, მაგრამ სასიამოვნო მღელვარების დროს კი არა, როგორც, მაგალითად - ახლა - სრულებითაც არ მერევა თვლემა შექების წინ. ისე, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის არ გამიმხელია ჩემი ეს ჩვევა, ისინი რას გაიგებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხეული თავისთავად, მექანიკურად გამოითიშება ხოლმე მოსალოდნელი საფრთხის წინ, არამედ ერთი ხელის მოსმით დაასკვნიან - ბოთეა - და მორჩა... ხელმძღვანელი ღიმილით მიყურებს, ამბობს: „კარგად გიმუშავია, ყოჩაღ...“ სამი სიტყვა მითხრა, სამივე კარგი - „ყოჩაღ“, „კარგად“ და „გიმუშავია“, - ამდენი როდის მოასწარი, ა?“ მე ვიღიმები, მორცხვად ვხრი თავს, ხელმძღვანელი კი მხარზე მადებს ხელს და ამბობს: „ძალიან კარგად დაგიწყია...“ რაღაც უცნაური ფრაზა მახსენდება, სადღაც გაგონილი, ვიღაცამ მითხრა ახლა, ახლახანს, ენის წვერზე მიტრიალებს, არ მსიამოვნებს კი, და - ჰო, მახსენდება, ის სულელი - ედმონდო რაღაც გვარმაც კარგად დაიწყო, მაგრამ... „ანკეტათა საერთო რიცხვი შესაძლოა ერთით მეტიც ყოფილიყო, - ვეუბნები ხელმძღვანელს, - მაგრამ იმ ერთთან შეუძლებელი იყო მუშაობა...“ „და თავი გაანებე?“ „დიახ“, - გაუბედავად ვპასუხობ, მაგრამ ხელმძღვანელი ამბობს: „კარგად მოქცეულხარ. თუკი რესპონდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას, შენც მაშინვე თავი უნდა გაანებო და სხვაზე გადახვიდე... რესპოდენტების მეტი რაა?!“ „დიდი უცნაური კაცი იყო, - სახე მეჭმუხნება, მაგრამ მაინც ვუღიმი, - ყველაფერს, ყოველივეს, ერთი კუთხით უდგებოდა, შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა...“ „რომელი კუთხით?“ - მეკითხება ხელმძღვანელი, მხიარულება დასთამაშებს ტუჩებზე. „ლიტერატურულით, და ისიც ვიწრო გაგებით, ყველაფერს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კუთხით უდგებოდა...“ „ლიტერატურული კუთხითო, შენ ამბობ? - ოდნავ დაინტერესებული მეკითხება, - ეს როგორ?“ „როგორ და... - ვიხსენებ, - აი, მაგალითად, თქვა, ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში ვიმყოფები, რადგან მაქვს წიგნის კარადები, თაროები და ნათურაო...“ „აჰაჰა, - მოხდენილად იცინის ხელმძღვანელი, - არა სცოდნია, კომუნალური მომსახურება რასაც ნიშნავს... კიდევ?“ „კიდევ... - ვიხსენებ, - ჰო! მოდაზე ვკითხე, როგორი მოგწონთ-თქო, იმან კი - ფართოჯიბიანი, წიგნი რომ ჩაეტიოსო. აბა?!“ „ნუთუ?“ - ამბობს ხელმძღვანელი, - და მე ახლავე აგიხსნით, თუ რატომ“. ოთახში მიდი-მოდის, ბოლთასა სცემს, მე ფეხზე ვდგავარ და თვალს ვაყოლებ - „სწორად უთქვამსო!..“ აჰ, ეს რა მითხრა, რაღაცა უსიამოვნოს მოლოდინში თვლემა მერევა და უცებ მახსენდება: „დიახ, დიახ, როგორი ფილმები მოგწონთ-მეთქი და ტიტრებიანიო!“ „რატომ...“ „ალბათ იმიტომ, რომ ტიტრებია წასაკითხი...“ და ასე უყვარს ლიტერატურა? ოჰო! - ხელებს იფშვნეტს ხელმძღვანელი, - ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ...“ ისევ ბოლთასა სცემს, „უყურე შენ, - დაფიქრებული მიმზერს, და უცებ კითხვას კითხვაზე მაყრის, - და თქვენ გგონიათ, რომ მასიურ, შაბლონურ პასუხებს გაცილებით არა სჯობს ინდივიდის არსებობა? რომელიც მთელ ამ კომპლექსს პასუხობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურვილისდა მიხედვით ამორჩეული საქმიანობის კუთხით? და თქვენ გგონიათ, რომ მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? რა სჯობია ხანდახან, სიგრილეში, მაგალითად, დიკენსის კითხვას? და განა ლიტერატურა კულტურული დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არ არის?“ აქ კი ხელმძღვანელი ჩერდება და აშკარად ეტყობა, რომ თავის საკუთარ, მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან ასეთ დროს თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე, და ხდება ჯიუტი, სწორუპოვარი, მუქი სათვალიდან მის გამჭოლ, სუსხიან მზერასა გვრძნობ, და, წარმოგიდგენიათ? - მკაცრად მეუბნება: „დღესვე მიბრძანდით ხსენებულ რესპოდენტთან და შეავსეთ ანკეტა მისი პასუხისა და სურვილის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან საინტერესო ინდივიდის ჩვენებანი შესაძლოა მეტ ინტერესს მოიცავდეს, ვიდრე ათობით ადამიანის მდგრადი პასუხი. მაგრამ მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ იმ კაცს მართლაცდა ზედმიწევნით უყვარს ლიტერატურა, ესე იგი, კულტურული დასვენების ესა თუ ის დარგი და შემდგომ, თუკი მხატვრული ლიტერატურა მართლაცდა მუქ წითელ ხაზად გასდევს მთელ მის ცხოვრებას, უნდა გამოვარკვიოთ - რატომ, - და ოდნავ მოლბა, - აბა, შენ იცი, წადი...“



5

ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ რა მექნა, ასე იყო საჭირო - მივდიოდი კაცთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. დაღმართებში ჩავდიოდი, ქუჩა მოყინული იყო და, კიდევ კარგი, ნახერხი მოეყარათ და ისე ძალიან აღარ მისხლტებოდა ფეხი. მაინც ფრთხილად ჩავდიოდი, და ხანდახან ისე უეცრად წამომივლიდა: „ვისთან მივდივარ! რა ჯანდაბა მინდა!..“ უგუნებოდ ვიყავო, რა სათქმელია - გაამწარებული ვიყავ... და ვიღაც ქალი რომ წაიქცა, ცოტათი გამომიკეთდა გუნება - გავიღიმე. მაგრამ ნაცნობ ფოტოკაბინეტს რომ მივადექი, ისევ ავწრიალდი, გავნერვიულდი, მთქნარება ამიტყდა. ოთახში სინათლე ენთო, ღონე მოვიკრიბე, ენერგიულად შევაღე კარი და შევცბი - არავინ იყო. პატარა ხანს გაოცებული ვიდექ, სანამ მოგუდული ხმა არ შემომესმა: „ახლავე გამოვალ, სურათებს ვბეჭდავ...“ მივაყურე და ვიწრო კარი დავინახე, სწორედ იქიდან მომესმა ხმა. სავარძელზე ჩამოვჯექი, ვიცდიდი. ცუდია, როცა იმას ელოდები, ვისი დანახვაც არ გსიამოვნებს, კელდებს მოვავლე თვალი, სურათებიდან უმთავრესად მე მიმზერდნენ, ზოგს კი განზე ექცია პირი, ანდა თავი ნაზად დაეხარა, ყველაზე მეტად სათვალიანი ბავშვის დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა, მერე მკერდმოღლეტილ ქალს მივაპყარი თვალი, ის კი განზე გულგრილად იხედება, თვალთმაქცი, აჰ, საცაა რესპონდენტი გამოვა, ვღელავ, ძალიან ვღელავ, სიმძიმე, მძიმე, ქალი ახლა ჩემსკენ იყურება, მაგრამ აღარაფრის თავი აღარა მაქვს, დავმძიმდი, დავმძიმდი, მძიმდი... ვმძიმდები, მდები, თავი გამანებეთ, ვამბობ, თუ ვფიქრობ, აღარც კი ვიცი, ვდუნდები, ის კი არ მეშვება, მხარზე მსუბუქად მადებს ხელს, და ნაზი, შემპარავი ხმა: „იანო, იანო...“ „არა, არა, მცირე ნალექი“, ვამბობ თუ ვფიქრობ, მძიმეა, მძიმე, ისევ მოვეშვი, ვეშვები, ვეშვი... და ისევ ჩემი მხარი, იგივ შემპარავი: „ლიანო, ლიანო...“ თავი დამანებეთ, აღარაფერი მინდა, ოღონდ მომეშვით, მაცალეთ, მაცალეთ, ტროლეიბუსი მსუყედ მისრიალებს ნაწვიმარზე, მცირე ნალექი, ის კი ისევ, ისევ, ოღონდ უფრო ღონივრად და მისი შემპარავი, ეშმაკური „რელიანო, რელიანო“, და ტაშის შემოკვრა, თვალს ვახელ, მე მიყვარს ტაში, თვითონ ვუღებ სურათს, ოღონდ იისფერ ფოკუსში გაორებული და ბუნდოვანი ჩანს, მაგრამ მკაფიოდ მესმის „ურელიანო, ურელიანო...“ და ცხადად ვხედავ, რა ქალი, რის ქალი - რესპონდენტია! ჩამძინებია, უნებურად, რა თქმა უნდა და ის კი მხარს მინჯღრევდა თურმე და მაღვიძებდა: „აურელიანო... მოხვალ-მეთქი, აკი გითხარი, აურელიანო!“



6

რა ახირებული თვისებაა მაინც ორგანიზმისა ეს - მისჯილი დაძინება უსიამოვნო შეხვედრის წინ, და მაინც იხტიბარს არ ვიტეხ, ფეხზე ვდგები, ვამბობ: „წუხელის დიდხანს ვიმუშავე, გათენებამდე წიგნებს ვფურცლავდი...“ „დაბრძანდით, დაბრძანდით, მხატვრულს ხომ არა?“ - მეკითხება რესპონდენტი, ისევ თავისი წამოიწყო, თუმცა, ამით ხომ ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს, ხელმძღვანელის დარიგება მახსენდება, საბოლოოდ ვფხიზლდები, ვამბობ: „განმაგრძოთ შეკითხვები...“ და მყისვე მპასუხობს: „რასაკვირველია, რასაკვირველია... - და ვიწრო კარისაკენ თავს ატრიალებს, იძახის, - შენ მანამ ხსნარი დაამზადე, კლიმ“. ეს კლიმი ვიღაა, ვფიქრობ და მაშინვე მიხსნის: „ასისტენტია ჩემი...“ პორტფელს ვხსნი, ანკეტას მაგიდაზე ვდებ, კალმისტარს ფრთხილად ვიმწყვდევ თითებშუა - ცოტა მელანი გასდის - და ვეკითხები:

- ბევრი თავისუფალი დრო გეკარგებათ?

მპასუხობს:

- იოტისოდენადაც არა.

მიკვირს:

- ეს როგორ?!

იმასაც უკვირს:

- აბა, რატომ უნდა დავკარგო?!

„აა, ვერ მიმიხვდით, - თავაზიანად ვუხსნი, - რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ დროის დაკარგვა, მაგრამ ხომ მგზავრობთ ტრანსპორტით, ხომ უნდა შეიაროთ გასტრონომსა თუ მაღაზიაში, ხომ უნდა დაიმზადოთ ვახშამი, ანდა სასადილოში ისაუ...“ და მაწყვეტინებს: „პირიქით, პირიქით, თქვენ ვერ მიმიხვდით - მე ნამდვილად არ დავკარგავ დროს, თუკი დავდგები რიგში, ან თუ ერბო-კვერცხს შევიწვავ, ანდა ტრამვაით თუ ვიმგზავრებ...“

ვღიზიანდები:

- რატომ?

„იმიტომ რომ, - ამბობს, - თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი“. „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე… ან, რაც გაგახსენდება…“

ოოხ, ხელმძღვანელი… მაინც განვაგრძობ: 

- და თუ ხასიათზე არა ბრძანდებით? 

- ჰეე, - ეღიმება, - სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არა ხარ. 

- რატომ? 

- ხასიათზე რომ მოხვიდე. 

გიჟია, ვიღაცაა, ოხერი… თანაც მიყურებს და განცვიფრებული ამბობს: „ღმერთო, როგორ ჰგავხართ აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა… ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ?“

რაებს მიბედავს! 

- თუ შეიძლება ეტიკეტი დაიცავით, - ამაყად ვამბობ, - თამაზი მქვია მე! 

ხელისგულს მაჩვენებს, თავით ფეხებამდე მორჩილებაა:

- კარგი, თამაზი, კარგი, გენაცვა.

მზერას ვარიდებ. 

„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, -ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება - თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? - გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი… 

- ადამიანი კი, - ამბობს, - ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება, და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა - იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის… ძალაუნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს, თუ არა გჯერათ, თვალები დახუჭეთ, ასე… რაიმეს თუ გრძნობთ?..

- არა.

- არც არაფერი გესმით?

- არა.

- აბა, დაიძაბეთ.

საიდანღაც წვეთავდა და შორიდან მანქანის ხრიალი აღწევდა.

- ხომ გესმით?

- კი.

- და ყურებზედაც რომ მიიფაროთ ხელები, მაინც წარმოიდგენთ რაიმეს - ადამიანი ასეა მოწყობილი. აბაა, სცადეთ...

დავინტერესდი, ხო იცი, და თვალები დავხუჭე, ყურებზედაც მაგრად მივიკარი ხელისგულები. პატარა ხანს ასე ვიყავი, ერთხანს მხოლოდ აჭრელებულ სიშავეს ვგრძნობდი, და რესპონდენტის ჯინაზე ვცდილობდი, არაფერი წარმომედგინა, მაგრამ უეცრად ცხადად დავინახე გაჩაჩხული სა???, ახალგაზრდა, იქნებოდა ასე, თვრამეტი-ოცი წლის, თმა გვერდზე გადაევარცხნა, წარმოუდგენლად დაბალი იყო და ცქვიტი, გამწარებული ისვამდა ჯაგრისს დასვრილ სახელოზე და აი, მაშინ კი მართლაც ძალიან გამიკვირდა, საიდან გაჩნდა-მეთქი, დავიბენი და, კიდევ კარგი, რესპოდენტმა მითხრა: „ეს ჩემი თანაშემწეა, კლიმი“.

გულზე მომეშვა: ის ვიწრო კარიც ღია იყო და მაშინვე ყველაფერს მივხვდი - აბა, როგორ გავიგებდი იმის შემოსვლას, თვალდახუჭული, და ყურებზედაც ხელისგულები მქონდა მიტყაპნილი...

- სასიამოვნოა, - ყოჩაღად თქვა კლიმმა და პაწია მარჯვენა გამომიწოდა. მეც გავუშვირე ხელი, ჩამომართვა, თითებზე დამხედა, „კალმისტარს გასდის? მაჩვენეთ...“ ვაჩვენე, გამომართვა, ზემოდან წარბშეკრული დააცქერდა, მერე სინათლეზე გახედა, უჯრიდან მკვირცხლად ამოიღო რაღაც, მოარგო, მოყვითალო სითხეც წაუსვა ფუნჯით, სული შეუბერა, ატრიალა, ატრიალა და დამიბრუნა:

- ინებეთ, წესრიგშია.

რესპოდენტმა კი სიამოვნებით აღნიშნა:

- ცეცხლია, ცეცხლი... - და ისევ მე, მე მომიბრუნდა, - დაინახეთ რამე?

- როდის?

- თვალდახუჭულმა...

- კი - აპარატი.

- ჰოო, აი, ხომ ხედავთ, აპარატიც კი ჩაგრჩათ გულში და... - ისევ დაფიქრებული მიმზერს. - და ქვეყნად რამდენი რომანია ისეთი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველნაირი აპარატი დედამიწის ზურგზე, აი, მაგალითად, თუ წაგიკითხავთ... რომელი ერთი გკითხოთ, უცებ დავიბენი... რომელი ვკითხოთ, კლიმ?

- მადამ ბოვარი, - მოწიწებით წარმოთქვამს კლიმი.

- ჰო, აუ თუნდაც, ქალბატონი მადამ ბოვარი თუ წაგიკთხავთ?

- ეეე... არა, - ვეუბნები, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ისე შემომცქერის და მეკითხება, - მაგ პასუხისთვის რომ შეგაქოთ, ხომ არ ვიქნები გულწრფელი?

- არა.

- ჰოდა, მაშინ, არაფერს გეტყვით.

ის ციცქნა კლიმიც კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი, და თუმცა იშვიათად მეცვლება ფერი, ვწითლდები:

- აუცილებლად წავიკითხავ.

- ოო, - ამბობს და მხარზე მადებს ხელს, ახლა სულ სხვა კაცია, ალერსით მიყურებს, შემომღიმის, მოკლედ, შევაყვარე თავი.



7

და რადგან სასწრაფოდ უნდა დაებეჭდა ათი წლის წინათ კურსდამთავრებულ ვიღაც ენერგეტიკოსთა სურათები, სწორედ იმ ვიწრო კარში შევედით, და მქრქალ სიბნელეში, ბაც წითელ შუქზე, თან ვსაუბრობდით და თანაც სურათებს ამჟღავნებდა. მპასუხობდა მოკლედ, მკაფიოდ, აუღელვებლად, ვისარგებლე და ძალიან რთული შეკითხვა დავუსვი, რომელზედაც უცებ, ერთბაშად ვერავინ პასუხობს: „მოგწონთ ცხოვრება?“ იმან კი მაშინვე ასე მომიგო: „გააჩნია, იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება...“ ვსაუბრობდით, და რაღაც ხსნარში ჩაგდებულ ქათქათა ფოტოქაღალდზე ვიღაცის წარბი ამოიზნიქებოდა. მერე - ტუჩები, თვალები, თმა, „იბადებიან, - იხუმრა რესპოდენტმა, - ხანდახან ისეთი საინტერესო პერსონაჟი შემხვდება, მაპატიეთ, მაგრამ, აი, თქვენსავით, აჰ, როგორ ჰგავხართ აურელიანოს, ოღონდ გასქელებამდე, თამაზი ჩემო, როგორ, აი, ეს კი, მაგალითად, - პინცეტი დაადო რომელიღაც ახალშობილს, - უწყინარი კაცი უნდა იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, არიან ბოროტებიც, და გაბღენძილს რა გამოლევს, გვხვდებიან სათნოებიც, გამოვდივარ თუ არა კრებებზე? არა, არა, ჯერ ეგ ერთი, ფოტოგრაფებს იშვიათად გვიწვევენ კრებებზე, და გინდაც ყოველდღე გვქონდეს, მაინც არ გამოვალ სიტყვით - არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს, როგორ შეიძლება მიმართო ორ კაცს ერთნაირად, მაშინ, როდესაც ერთს წაკითხული არა აქვს... რომელიმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ... ჰო, აი თუ ერთს არ წაუკითხავს სტენდალი, მეორეს კი გადაბულბულებული აქვს, განა შეიძლება ამ ორ კაცს ერთი და იგივე სიტყვებით მიმართო? ახლა ეს ფირი დავბეჭდოთ, კლიმ... ხოლო რაც შეეხება მომდევნო შეკითხვას, თუ რომელი მეცნიერება მიტაცებს, ესე იგი მიყვარს - არა? მიძნელდება პასუხის გაცემა. მეცნიერებაში საკმარისად ვერ ვერკვევი და, ეე... შეიძლება, ჯერ ისა ვთქვა, რომელი არ მიყვარს? აი თუნდაც, მათემატიკა... ეს ვისი სახეა, ღმერთო ჩემო, კლიმ, ეს რა თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, წარმოუდგენელია, - ნედლ სურათს დასცქერის, - ახლა, ამ კაცის რა უნდა ირწმუნო, ნეტავ ვინაა, ან როგორ იქცევა სამსახურში, ოჯახში, ეს სურათი ერთხელაც დაბეჭდე, კლიმ, კაბინეტში ჩამოვკიდოთ, თვალნათლივ ადგილას - მაგის შემხედვარე, ყველა მიხვდება, თვითკმაყოფილება როგორი ცუდია, იმას ვამბობდი, ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის არაა ასე, ერთ უხეშ მაგალითს მოგიყვანთ... ბავშვობისდროინდელი ნაცნობი მყავს, ფუფუნებაში იზრდებოდა, საბრალო, და რომ დაკაცდა, მშობლიური ფუფუნება მერეც არ მოკლებია და, საწყალს, ზეთი ჩამოსდიოდა სახეზე, და ახლაც ერთთავად მშიერის გამომეტყველება აქვს სწორედ იმიტომ, რომ მუდამ მაძღარია და განა შეიძლება, როდესმე დანაყრდე, თუ მუდამ მაძღარი ხარ, და იცით, რა მოინდომა? ტრაბახა გახდა, დასვენებულ ტვინზე და სწორედ ამ კაცისთანა თვითკმაყოფილი იერი დაირტყა...

კლიმი გულდასმით უსმენს, და უცებ შეწუხებული ამბობს:

- უჰ, სულ გავაშავე...

თურმე კლიმს დაავიწყდა ხსნარში ჩადებული სურათის ამოღება, ჩანახშირებული სახე ჩანს, კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ამბობს: „ეგ არაფერი, კლიმ, ქაღალდის მეტი რა გვაქვს...“ „კი, მაგრამ რატომ უნდა გამეშავებინა“, - შეწუხებულია კლიმი, რესპონდენტი კი ჩაშავებულ ქაღალდზე სცნობს სწორედ იმ კაცს, თვითკმაყოფილს, და აგდებულად ამბობს: „გააშავე თორემ, მაგასაც აკადემიაში ირჩევდნენ... ჰო, მათემატიკაზე მოგახსენებდით, - განაგრძობს, - აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კი... ვინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდი... ოო, მაგაზე უკეთესს რას მეტყოდი, ჰოდა, ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ, მერე რა, სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი, ვთქვათ, ერთად დგანან - ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეთა წიაღში გასეირნება - ჰოდა, ჩემოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენი კაცი დგას ქუჩაში? - იტყვის: „ორი...“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ „ორი“ - ის და ის - ესე იგი - ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება, ყველაზე უკანონები მეცნიერება თუმცაღა კია... „უკანონებო“ ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა, ტკბილო... ვერავინ იტყვის, ესპანეთში ერთ დროს ორი მხედარი რომ დაბორიალობდა - არა, ერთი, მაღალი, გამხდარი - დაბორიალობდა და მეორე - დაბალი, მსუქანი - დაჰყვებოდა... ამოიღე, ამოიღე, კლიმ, კიდევ გაშავდა? შენ რა გითხარი...“ - ეღიმება.

მქრქალ სინათლეში ვდგავართ, ვსაუბრობთ, ანკეტას ვავსებ...

„ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი... არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე...“ ოო, ამოიღე, ამოიღე, კლიმ, ძლივს არ გამოვიდა?“

ვიდექით, ვსაუბრობდით...

8

ხელმძღვანელი დაკვირვებით მიმზერს, მზის საწინააღმდეგო სათვალეც კი მოუხსნია და ასე მიყურებს, პირდაპირ, ჯიქურ, მე ანკეტას ვაცნობ, ყველა პასუხი - ეს რაღაც საერთოა მხატვრულ ლიტერატურასთან, როგორც ასეთი, ხელმძღვანელი ხან მე მისმენს, ხანდახან კი აშკარად თავის მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან დროდადრო თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე და შორეულ სივრცეში ცალწარბაწეული იყურება, და დროდადრო მკვირცხლად ამბობს: „აჰაჰა... ჰაჰა... კარგია, კარგი...“ მე ვრცლად ჩაწერილ პასუხებს ვაცნობ - დასახელებულ რესპოდენტს არ უყვარს მათემატიკა, რადგან მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე ვიგინდარა არ არის ორი, ესე იგი ერთი პლუს ერთი; რომ საცოლე წაართვა კაცმა, რომელიც ჰგავდა სიტყვას „გავძეხი“; მიაჩნია, რომ იოტისოდენადაც კი არ ჰკარგავს თავისუფალ დროს, რადგან გაჭედილ ტრამვაიში მგზავრობისას ფიქრობს ლიტერატურაზე, ოღონდ ვიწრო გაგებით, ისევ და ისევ მხოლოდ მხატვრულზე, და ყველაფერს თანმიმდევრულად ვეუბნები ხელმძღვანელს, ისიც დროდადრო გულდასმით მისმენს, ფაქტების კონსტატირებას ვახდენთ. „არ მეკარგებაო, არა?“ - ხმადაბლა, იდუმალი ხმით მეკითხება ხელმძღვანელი, - „არაო, არა, - ვეუბნები, - წარმოგიდგენიათ?“ „ეს ხომ შესანიშნავია, შესანიშნავი, - ამბობს, - აი, ინდივიდი - მესმის... და თქვენ თუ გესმით, რომ გადავაწყდით პერიმეტრიულად ისეთ მკვეთრ, მკაფიოდ გამოხატულ ინდივიდს, რომელიც შესძლებდა ეპასუხა კითხვებზე, რომლის წიაღიცაა გაცილებით უფრო მნიშნველოვანი სფერო და განა მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? განა მხატვრულ ლიტერატურას არ ემსახურებოდნენ კალმით ტოლსტოი, გერცენი, ეე... და მთელი რიგი საქვეყნოდ გამოჩენილი ადამიანებისა? კარგია, კმარა, - ამბობს და მიმზერს, - მოდით, წავიდეთ, დასახელებული რესპონდენტი დიახაც რომ რთული კითხვებისთვისაა ზედგამოჭრილი, - და ოდნავ ღელავს, - ადგილზევე ვნახოთ... ნეტავ, სამსახურში თუ იქნება...“ „აბა სად იქნება, - ვამშვიდებ, - სად უნდა იყოს, თუ არ“... „კარგით, წავიდეთ...“ - მკაცრად მეუბნება.

ქუჩაში მივაბიჯებთ, ორნი, ხელმძღვანელი და მე. თუმც აღელვებულია, ნაბიჯი მაინც მტკიცე აქვს, გამართულია, პალტო კოხტად აზის ათლეტურ ტანზე, აქოჩრილი თმა აქვს, გამჭოლი მზერა, რაღაცით არწივსა ჰგავს, გაბედული. მე მსიამოვნებს, მიხარია ხელმძღვანელთან ერთად სიარული, ასე, ტოლივით გვერდიგვერდ და მხარდამხარ, იმასაც ვნატრობ, ნეტავ ვინმე ნაცნობმა დამინახოს. ჩვენ მივუყვებით ქალაქის ქუჩებს, ვუახლოვდებით კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ხელმძღვანელი იდაყვზე ხელს მკიდებს, და თავის გეგმებს მიზიარებს - ჯერ რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაუსვამს, რა თქმა უნდა, ლიტერატურასთან დაკავშირებით... არა ზოგად ლიტერატურასთან დაკავშირებით, არამედ ვიწრო გაგებით... და მე არ უნდა ჩავერიო მათ საუბარში, თუკი არ მომმართავენ - აქ შეიძლება ერთადერთმა წინდაუხედავმა სიტყვამაც კი გააფუჭოს მდგომარეობა... გასაგებია? „რა თქმა უნდა“. ასე. და თვალებშიაც არ უნდა მივაჩერდე რესპოდენტს. თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს, „ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, - მწარედ მეღიმება, - ეგ უხერხულობას არ იგრძნობს...“ „რატომ?“ „რა ვიცი...“ „საინტერესოა ესეც, - ამბობს ხელმძღვანელი, და მაინც, ნუ შეაცქერდები...“ „სულ არ შევხედავ“. „არა, ესეც არაა საჭირო... ხაზგასმა... უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ... ხანდახან უნდა შეხედოთ...“ „ხანდახან შევხედავ, - ვპირდები, - აიი, იქაა...“ „აჰა! - ამბობს ხელმძღვანელი და მკლავზე მაგრად მიჭერს ხელს, - იცით რა, თამაზ? მე გარეთ დაგელოდებით, თქვენ კი წინასწარ უთხარით, რომ მასთან საუბარი სურს თქვენს კოლეგას, ასაკითა და თანამდებობით უფროსს - წინასწარ რომ გავაფრთხილებთ, უფრო სიმპათიით განეწყობა, მე კი ისეთ პოზიციას დავიკავებ, რომ მისი ფანჯრიდან გამოვჩნდე, ავივლი, ჩავივლი, გასაგებია? - და უცებ ამბობს: - თუმცა, არა, არა შევიდეთ ერთად...“



9

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე, ჩქარა კასეტა, კლიმ, მხრებზე ხომ არ გცივათ? ბარეღამ შენ ჩადგი, კლიმ, გაიწაფე ხელი, ოო, ჩვენი აურელიანოც მოსულა, გაგიმარჯოს, არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დაიქნიეთ თავი, სულ გაიფუჭეთ პოზა, ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, დაძაბეთ ქუთუთოები, არა, არა, ეგრე ძალიან ნუ დააჭყეტთ, ოოო, ეგრე, ნუ ღელავთ... აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდდით და ისევ დაგავიწყდათ სვებედნიერი ბავშვობა, გაიხსენეთ, გაიხსენეთ, მერე რა, დიდი ხნის უკან რომ... ხომ არა გცივათ, არა, ხო? ძალიან კარგი...“.

როდის-როდის მორჩა, ძლივს დაადგა საშველი. აქ კი ყველამ თავისი საქმე იპოვა, ჩემს გარდა, უეცრად ყველა აფაცურდა: კაცი ჯიბეებს იჩხრეკს, ტანსაცმელზე ხელისგულებს იტყაპუნებს, უჯრაში იქექება; კლიმი სასწრაფოდ აქრობს მძლავრ სინათლეს - ნათურებს ასვენებს, მერე აპარატს უკირკიტებს, „ჩემი ფანქარი ხომ არ გინახავს“? - ეკითხება კაცი, „არა, - პასუხობს კლიმი, - უჯრაში არ იდო?“ ამასობაში კი ხელმძღვანელი, თავაზიანი ღიმილით, ბეწვისსაყელოიანი პალტოთი ხელში, შემცივნულ ქალს უახლოვდება, პალტოს ქალის შიშველი მხრების სიმაღლეზე სწევს, ეუბნება: „ჩაიცვით, ქალბატონო, არ გაცივდეთ... დააა...“ ქალმა ერთი კი ახედა, სანამ პალტოს ჩასაცმელად შეტრიალდებოდა და ახლა კეფაზედაც კი, ზვინად დადგმულ თმაზედაც კი - წარმოგიდგენიათ? - ეტობა, რომ მოსწონს... „ვერ იპოვეთ?“ „ვერა, კლიმ, - შეწუხებულა კაცი, - ქვითარი რითი გამოვწერო...“ „ძალიან გციოდათ?“ - მომხიბვლელად ეკითხება ხელმძღვანელი, ხმას იტკბობს, ლამაზია, ეშხიანი. „ა-არა, არც ისე“, - ამბობს ქალი, ლამაზია, ბუნჩულა. „უჯრაში ნახეთ?“ „კი, და არაა“. „სად უნდა იყოს“, შეწუხებულა კლიმიც, ხელმძვანელი კი - „ახლა ხომ გათბით?“ - ამბობს. ქალი თავდახრილი დგას, ხელმძღვანელი შუა თითით მაჯიდან განზე სწევს ლამაზი პერანგის სახელოს, საათზე ამაყად იხედება, ქალი დროს შოულობს და წამით თვალს ავლებს სახეზე, სულ ერთი წამით, მაგრამ ახლა, ისევ თავდახრილმა, ზეპირად იცის, წარბი როგორი აქვს ხელმძღვანელს, ცხვირი და ტუჩი, და მოსწონს, მოსწონს, აჰ, როგორ მოსწონს, კაცს კი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სულაც არ მოსწონს, ფანქარი რომ გაქრა, საგონებელშია ჩავარდნილი. „აი, ახლა ყელზედაც კი გეტყობათ, რომ გათბით, - ამბობს ხელმძღვანელი, - თქვენ არასოდეს არ უნდა შეგცივდეთ, მუდამ თბილად უნდა იყოთ“, ეუბნება, უყურებს, უყურებს, თვალებით ელოლიავება. ქალს ლოყა ბეწვის საყელოზე უდევს, ხელმძღვანელს თითქოს თვალს არიდებს, მაგრამ მოსწონს, მოსწონს, უჰ, როგორ მოსწონს, და ჩვენ რომ არა, აქავე დაეძგერებოდნენ ერთმანეთს, „ეგებ აურელიანოსა აქვს კალმისტარი?“ - აზრს აწვდის კლიმი, „ოოო, მართლა, - უხარია კაცს და მაშინვე ახსენდება, - არა, არა, მაგისას გასდის... და ამას რომ ვკითხოთ?“ - ხელძღვანელზე ამბობს. ის კი ქალისკენ გადახრილა, და შიგ თვალებში ჩაჰღიმის, „ბოდიში, კალმისტარი ხომ არ...“ - ამბობს კაცი, მაგრამ ხელმძღვანელს არ ესმის, გართულაი, ყოჩაღი კლიმი კი პოულობს რომელიღაც წიგნში ჩადებულ ფანქარს, კაცი ქვითარს ავსებს, თავაზიანად აწვდის კლიენტს, ისიც, წასასვლელად ემზადება - სქელ, ფუმფულა თავშალს იხვევს, ხელმძღვანელი კარს უღებს და ქალს ორ პატარა საფეხურზე ასვლას შველის - მის იდაყვს პეშვში ისვამს, ამბობს: „დროებით...“ და ოთხნიღა ვრჩებით, ორი - ორზე, მაგრამ კაცმა ჯერ არ იცის, ჩვენ რომ ერთად ვართ, კლიენტი ჰგონია, ეკითხება: „თქვენ პასპორტისთვის თუ...“ ხელმძღვანელი კი გულიანად უღიმის: „არა, არა, მე ჩემს თანამშრომელს მოვყევი...“ „თამაზის? - უკვირს კაცს და უცებ ახსენდება: - აა, ეს თქვენა ხართ, ხელმძღვანელი, ახალგაზრდა და ენერგიული, რომელმაც, თამაზის სიტყვით, ძალიან კარგად დაიწყო?

- დიახ, დიახ...

და უცებ, გაოგნებული კაცი ამბობს:

- კლიმ, მეჩვენება თუ...

- არა, არა...

- რეები ხდება... როგორა ჰგავს, ა? კოპიოა, კოპიო...

- აბა? - უკვირს კლიმსაც და ბარძაყზე ხელს ირტყამს, - როგორა ჰგავს, საკვირველია...

- მე?.. ვის, ა? - შემკრთალია, მაგრამ არ იმჩნევს ხელმძღვანელი, ვითომცდა გულგრილად ინტერესდება, - კინოფილმიდან?

- აჰ, არა, არა... - ხელს ასავსავებს კაცი.

- აბა?

- წიგნიდან, წიგნიდან... სასწაული გამიგია, მაგრამ ასეთი?! - კლიმ, ხომ ზედგამოჭრილი ჯანჯაკომო სემინარიოა, ა, ნუთუ არ გენიშნა, კლიმ?

- მენიშნა კი არა, ისაა და ეგ არის, - ყოჩაღად პასუხობს კლიმი.

- ბოდიში, ეგ რომელი?.. - ამბობს ხელმძღვანელი, ჯერ კიდევ კარგად უჭირავს თავი.

- აიი, პირველი შვილი, მარშალის უფროსი ძმა.

- ვინ მარშალი...

- ვინ და ბეტანკური! აბა ეს კი არა, - ჩემზე უთითებს, წარმოგიდგენიათ? და უცებ აღფრთოვანებული ამბობს, - იცით, მსგავსებას თუ დავუჯერებთ, თქვენ თამაზისი რა გამოდიხართ?

- რა...

- პაპა!

- ეს როგორ?

- ჯანჯაკომო ხომ არიადნა კარრასკოსგან ჰყავდა, არა? - მეხსიერებას იმოწმებს კლიმი.

- ვინ ჯანჯაკომო, რა მარშალი... - ახლაღა იბნევა ხელმძღვანელი. არეულობაა - მტრისას... ოთხივენი გაკვირვებულნი შევცქერით ერთმანეთს.

- ააა, მივხვდი, - ამბობს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, - თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?

- ა-არა, ხომ... - ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, - არა ტყუილი რა საჭიროა... ნაწარმოებია ასეთი?

- ჰე! არის და... და არც ლჲოსა? მარიო ვარგასი...

- ეეე... არა,

- და კორტასარი?

- მმუ... არა.

და უცებ კაცი ღონივრად ართმევს ხელს:

- მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი...

- რატომ?! - უკვირს ხელმძღვანელს.

- რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით...

- რა სიამოვნებაა?

კაცი კი ამბობს:

- პირველად წაკითხვის.

ხოლო აქ ხელმძღვანელს თავისი მომავალი ნაშრომი ახსენდება - თავს ოდნავ გვერდულად და ზემოთ სწევს, სახე უმკაცრდება, სკამზე ჯდება, თითებს მინაგადაფარებულ მაგიდაზე აკაკუნებს, ამბობს:

- შეიძლება, რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ?

- კი ბატონო, სიამოვნებით, - ამბობს კაცი, დაკვირვებით უმზერს.

და კლიმს ეუბნება:

- ხელი რომ არ შეგვიშალონ, ეს ჩამოკიდე.

„ეს“ - ოთხკუთხა მუყაოა, და „შესვენება“ ქართულ-რუსულად აწერია ზედ.



10

აქამდე რაც იყო, არაფერიც არ იყო, მთავარი ახლა იწყება - მე და კლიმი სეკუნდანტებივითა ვართ, ხელმძღვანელი და ახირებული რესპონდენტი პირისპირ სხედან. სუყველაფერი გამზადებულია: კალმისტარი - მომარჯვებული, ანკეტა - გადაშლილი, რესპონდენტი სმენადაა ქცეული, ხელმძღვანელი თვალმოჭუტული უყურებს, და არა ჩქარობს, არა, იმას უნდობლად უმზერს კლიმი, მე კი დაეჭვებული შევცქერი რესპოდენტს - ორი - ორზე ვართ.

და ხელმძღვანელი ამბობს:

- მოცემულ ანკეტაში უმნიშვნელოვანესი ფუნქციონირება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციულ შეკითხვათა ხერხემალზე დაყრდნობით, რაც თავისთავად დაკავშირებული იქნება ყოფა-ცხოვრებისა და, საერთოდ, ცხოვრების წესის გათვალისწინებით, და მაშასადამე მათი ადგილი უნდა დაიკავოს გარემოს ურბანიზაციის კომპლექსური მაჩვენებლების...

აქ კი რესპონდენტი აწყვეტინებს:

- კი ბატონო, მკითხეთ...

- რა გკითხოთ?! - განცვიფრებულია ხელმძღვანელი, ოდნავ ღიზიანდება, არ უყვარს, როცა აწყვეტინებენ, - ჯერ ეს ერთი, რა იცით, რა უნდა გკითხოთ...

- არ მითქვამს ვიცი-მეთქი... თუმცა, როგორ არ ვიცი, - ამბობს რესპონდენტი, - თქვენ უნდა შეისწავლოთ ჩემი თავისუფალი დრო და ჩემივე ყოფა-ცხოვრება მომავალი აღმავლობისათვის, თუ არა ვცდები, არა?

- და ყოველგვარი შესავლის გარეშე გკითხოთ?

- რა თქმა უნდა, შესავალი - ეს ხომ თამაზმა ჩაატარა უკვე. და ისიც ვიცი, რომ მე - რესპონდენტი ვარ, და ინტერვიუერი - თქვენ.

- კაარგით, - ცივად უღიმის ხელმძღვანელი, - ესე იგი, თქვენ გიყვართ მხატვრული ლიტერატურა, არა?

- რა დასამალია და, ძლიერ.

- ძაალიან კარგი... და ჟურნალ-გაზეთებიც?

- ეს, სხვათა შორის, ძალიან არასწორი გამოთქმაა - „ჟურნალ-გაზეთები“, - სწყინს რესპონდენტს, - რადგან ჟურნალი - ერთია, გაზეთი კი სხვა... რატომ მიაწებეს ერთმანეთს სამუდამოდ, წარმოდგენა არა მაქვს.

- აჰა... და რომელი მწერალი მოგწონთ?

- რომელი საათია, კლიმ? - მოულოდნელად ასეთ კითხვას სვამს რესპონდენტი.

- ოთხს უკლია ჩერექი, - პასუხობს კლიმი.

- ოო... იმათ ჩამოთვლად ვეღარ მოვასწრებ - მუშაობას ხუთზე ვამთავრებთ.

აი, სწორედ აქ ხელმძღვანელმა პირველად დამიბღვირა.

მერე კი ჰკითხა:

- რას იზამთ, ვინმეს თუ შეამჩნევთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნს ხევს?

გვგონია, რომ იტყვის: „დავკლავ საკუთარი ხელით“, „ყელს გამოვღადრავ“, „მილიციას გამოვუძახებ“, მაგრამ რესპონდენტი ძალიან მშვიდად გვპასუხობს: „წიგნს გააჩნია...“

ასეთ პასუხს არ მოველოდით, ვიბნევით, კლიმი კი: „კარგი ხართ, მაესტრო“, - ამბობს.

- თქვენ მარტო ცხოვრობთ?

- არა, ორნი ვართ, - ყოჩაღად პასუხობს რესპონდენტი, - მე და ჩემი ძმა, გრიშა კეჟერაძე. მესამე ძმაცა გვყავს, ოო, ისაა, რაცაა, ორივე გვჯობს, ოღონდ ჩვენთან ერთად არა ცხოვრობს, სოფელ-სოფელ დადის. მე და გრიშა თუ... აბა, როგორ გითხრათ... ჰო! მე და გრიშა თუ სამოთხრობო ხალხი ვართ, ის ძმა - მესამე - სარომანოა, მაშ!

- და თქვენთან რომელიც ცხოვრობს, თქვენსავით უყვარს ლიტერატურა?

- ვის, გრიშას? არა... სიყვარულით როგორ არ უყვარს, მაგრამ ჩემსავით ძლიერ - არა. ეეჰ, იმასაც ჰქონდა თავისი პრობლემა - გატაცება, მაგრამ უკიდურესობაში ჩავარდა, რადგან ყველას ემუსაიფებოდა, განურჩევლად, მერე კი გადაწყვიტა ჩუმად იყოს, ეეჰ, ახლა პიანინოებს აწყობს და ჩუმადაა.

აი, სწორედ აქ ხელმძღვანელმა მეორედ დამიბღვირა.

და მერე მაინც ალაპარაკდა, როგორც სჩვევია, დამაჯერებლად, გამოთქმით:

- აი, ის ფაქტი, თქვენ რომ ლიტერატურა გიყვართ, ძალიან კარგია, ეს არის კულტურული დასვენების ერთ-ერთი გამართლებული საშუალება. ერთ-ერთი-მეთქი, ვამბობ, - ამბობს ხელმძღვანელი, - მაგრამ რა დააშავა, მაგალითად, სახვითამ ხელოვნებამ, ანდა სუფთა ჰაერზე გასეირნებამ, ანდა დიდებული მუსიკის მოსმენამ, როგორიცაა სხვადასხვა გამოჩენილი კომპოზიტორები, დიახ... ანდა სამეჯლისო ცეკვებზედაც ხომ შეიძლება სიარული, რადიოს მოსმენა, ტელევიზოტი, თავისი საინტერესო გადაცემებით მრავალფეროვან თემებზე, ან სპორტის რაიმე სახეობა, ვთქვათ, ჭადრაკი, ანდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა... - და უცებ ახსენდება, - თუმცა არა, არა, ეს ხომ გაქვთ... და, დიახ, იმას ვამბობდი, აი, ჭადრაკი, მეტად კარგია და საერთოდაც...

სიჩუმეა, ვიცდით.

- განაგრძეთ, განაგრძეთ, - ამბობს უცებ კლიმი - ხელმძღვანელს ასწავლის, რა ქნას და რა არა, თავხედი გამიგია, მაგრამ ასეთი? კაცს მაინც ჰგავდეს, დაბალია, დიდთავა, პატარა, ლაწირაკი, დაფეხვილი...

და განრისხებული ხელმძღვანელი ენერგიულ, ურთულეს შეკითხვაზე გადის, ახლა ისევ თამამია, შეუპოვარი:

- თქვენს ნება-სურვილზე რომ იყოს, - ამბობს ხელმძღვანელი, - ცხოვრებას როგორ მოაწყობდით...

- ჩემსას, საკუათარს?

- აარა, გენაცვალე, - ინადით ეუბნება ხელმძღვანელი, - საზოგადოების!

- ღმერთო ჩემო... - მღელვარედ წარმოსთქვამს რესპონდენტი, - მომეყურა თუ... მთელი ცხოვრება ამ შეკითხვას ველოდებოდი!

- მართლა? - განცვიფრებულია ხელმძღვანელი, - გიფიქრიათ ამაზე?

- სხვა რა მიკეთებია, - დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი და უცებ მხნევდება, - გიამბოთ?

- როგორ მოვაწყობდი? - კაბინეტში დადის, დაიარება, ბოლთასა სცემს, სურათებს შესცქერის: ღრმა დეკოლტეიან ქალებს, როგორც წესი, სერიოზული გამომეტყველება აქვთ, ალბათ, თამამი დეკოლტეს გასაწონასწორებლად, მკერდდაფარულნი - იღიმებიან, არის გამონაკლისიც - ღიმილი და დეკოლტე ერთად, ორიოდ ქალს ყალბი ტრაგიზმი აღბეჭდია სახეზე, აგერ, ის კაციც, გუშინ სამჯერ რომ გააშავეს, თვალსაჩინო ადგილზეა სტენდში, აქავეა ვიღაც ყმაწვილი, ბოროტად იღიმება, ისიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ცოტათი ქვემოთ - ვიღაცაა, სუფთა გაიძვერა, იმის გვერდით კი უნდობლად იმზირება წვრილტუჩა კაცი. არის კეთილი სახეებიც, ბავშვი იღიმება, „როგორ მოვაწყობდი? - ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, - როგორ და მთელ ქალაქ კარცერებით მოვფენდი“. „რაო? - ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, - როგორ თუ... ეს რა - დესპოტიზმია?“

- არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, - ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, - ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი...

- როგორ თუ ლუქსი?!

- თქვენი გაკვირვება სამართლიანია, - ეთანხმება რესპონდენტი, - არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა - სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი - ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის, რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ - ლუქსი, მრავალთათვის კი - კარცერი-ლუქსი... აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო - მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები - ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ... მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად - პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები - ტაც! - ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს...

- ძალით? - აინტერესებს ხელმძღვანელს, და პირველად იწერს რაღაცას.

- დიახ, დიახ, ძალისძალათი. - მტკიცედ ამბობს რესპონდენტი, შეუვალია, - შესაძლოა, ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს - სკოლის, ზოგს - ორგანიზაციის, სხვას - უჯრედისა, ზოგს - ცემა-ტყეპისა და კიდევ რა ვიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ, უბადლოა - დგას ჩვენი ჯეელი, რაღა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ, ამ ჩვენს კარცერში, ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აკრული, კარიც, რასაკვირველია, დახშულია, გარეთ რომელიმე - რომელიმე კლიმი დარაჯობს, სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე - წიგნით, ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და... კარადა-თაროებს, მაგრამ ჯერჯერობით - არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს. მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულნი არიან, „ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ-ლუქსშია“, „კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩვიოს და...“ ჯეელი იღვიძებს, უყრებს ჭერს, შია... რა მოგართვათ, ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი, ჩაი, რძე, კაკაო... კაკაო იყოს, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ... მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არა პასუხობს, სულ სხვა რამეს ეუბნება - რამდენი კოვზი შაქარი გნებავთ? ოთხი, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ, რომელიმე კლიმი კი - ყველი რომელი გიყვართ, გუდის, იმერული თუ სულგუნი? სულგუნი, რატომ დამიჭირეთ... რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის, ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერცხს ნაჭუჭს აცლის, ცოტათი ერთობა, სიგარეტი ნებავს? კი ბატონო, სიამოვნებით, „მზიური“, „კოლხიდა“, „ლუქსი“. მაგრამ სხვა რამ გასართობი? - აჰ, არა, არა, აპაპაპაპა - არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი... ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება... ჭერი კი ანბანითაა მოხატული - ა, ბ, გ, დ, ე... ხომ კარგი აზრია, კლიმ?

კლიმი რას იტყვის - რა თქმა უნდა, „შესანიშნავიაო“ - ამბობს.

- მერე მოდის სადილობის დროც... პირველი თავი, მეორე, მესამე, სალათა როგორი გნებავთ, ზეთით, ძმრიანი თუ უძმრო, რატომ დამიჭირეთ, ა! არაა შენი საქმე - რომელიმე კლიმი - და აქ თუ ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა ატეხა, უნდა უთხრათ: „თუთ!..“ - და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე - ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის - თუ გინდა გადაფურცლე რამე, აი იქ კარადაში, წიგნებია... გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოებიანი, ნახატებიანი, „თხა და გიგო“, „მელია და მწყერჩიტა“, ვთქვათ... და თუ თავისი ნება-სურვილით გადაიკითხავს, ხომ კარგი და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის: „იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ სანამ კარადაში მოთავსეულ წიგნებს არ წაიკითხავთ...“

- ეს ხომ ძალადობაა, - ამბობს ხელმძღვანელი, - კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეირჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან...

- მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო, - უხსნის რესპონდენტი, - აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო... - და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, - ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო...

11

- ჰ-ჰ! - ნერვიულობს ხელმძღვანელი, აფორიაქებულია, ღაწვ-ყელს თითებით იმოწმებს - გაპარსულია თუ არა, კლიმს უყურებს, ახსენდება: - კი მაგრამ, რომელიმე კლიმმა რაღა დააშავა, მთელი დღე რად უნდა უყარაულოს და მოემსახუროს უსაქმურს?

- ჯერ ეს ერთი, მე აღვნიშნე, რომ მუხლებზე წიგნი ექნება გადაშლილი, მეორეც, ყოველთვის შეიძება უწყინარი გართობა...

- როგორ?

- სიტყვით.

- როგორ თუ სიტყვით?!.

- ახლავე აგიხსნით. აი, ვთქვათ, აი... ჰო, აი თუნდაც თამაზი ავიღოთ, ჩვენი. რა თანამდებობა აქვს?

- უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

- ძალიან კარგი. ადრე ვინ იყო...

- ადრე - ლაბორანტი.

- აჰაა... და დააწინაურეთ?

- დიახ.

- აჰა!.. ესე იგი, სიტყვა უმცროსი ამ შემთხვევაში დაწინაურებას ნიშნავს?

- დიახ.

- ჰოდა, საგულისხმო გამოთქმას მივიღებთ - „გავაუმცროსთანამშრომლეთ...“

აი, აქ კი ხელმძღვანელმა მესამედ დამიბღვირა.

- ახლა საწინააღმდეგო მაგალითი ავიღოთ - ვთქვათ, თამაზი კვლავ ლაბორანტია. როგორ გამოთქვამდა თავისი პირით ამას?

- ისევ ლაბორანტი გავხდი, - ამას ხელმძღვანელი ამბობს...

- არა, რომ ჩამოაქვეთეს, ისიც უნდა იგრძნობოდეს.

- ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.

- მოკლედ!

- ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.

- უფრო მოკლედ!

- ჩამომაქვეითეს.

- ლაბორანტი სადღაა?! ერთი, ერთადერთი სიტყვით უდნა გამოთქვათ, ისე რომ ჩამოქვეითებაცა და ლაბორანტობაც გამოიხატებოდეს.

- ერთი სიტყვით შეუძლებელია.

- რატომ?

- აბა, თქვება სცადეთ, თუ შესაძლებელია.

კაცი კი ამბობს:

- შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ: „ჩამომალაბორანტეს“ - ხომ შესაძლებელი ყოფილა? აი, ასე ითამაშებდა სიტყვით რომელიმე კლიმი.

ხოლო კლიმი: - კარგი ხართ, მაესტრო, - ამბობს.

აჰ, ხელმძღვანელი... მეოთხედ დამიბღვირა.

სიჩუმეა, კლიმი აღტაცებული შესცქერის რესპონდენტს, რესპონდნეტი თავისას ფიქრობს, თავისასვე ფიქრობს ხელმძღვანელი, და მხოლოდ მე არ ვიცი, რა ვქნა, რა გავაკეთო, ჰალსტუხს ვაწვალებ, და მახსენდება საშინელი, საზარელი სიტყვა „ჩამომალაბორანტეს...“ არა, ეს მაინც ვის გადავაწყდით, ჩამევლო ჩემთვის, არხეინად, რა იქნებოდა, თუმცა, რა ვიცოდი, ახლა კი გვიანღაა - ხელმძღვანელია დაინტერესებული, მაგრამ, მგონი, ისიც ნანობს, აქ რომ მოვიდა და მაინც, ასე ამბობს, ენერგიულია, დალოცვილი:

- ლიტერატურას როგორ შეარჩევდით?

- თავიდან? როგორც უნდა, ჯანდაბას, თვითონ შეირჩიოს, იქნება ეს სკეტჩები, სიმენონი თუ დასტად აკინძული ჟურნალი „ნიანგი“, ისე კი, ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერსა სჯობს, მთავარია, ჯერ მაგიდასთან ჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი - გაშლა, წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება, მერე თანდათან მივაწვდით... აბა, კლიმ... ჰო, „სამ მუშკეტერს“, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ო ჰენრის, მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები, კლიმ, ორი კაცი მომაწოდე... მშვენიერია - ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი, მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი, „უთავო მხედარი“, „აივენგო“, ვთქვათ... და მოდი, კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან... ჰოო, მერიმე, ჩეხოვი... ერთიც! სწორია, სწორი - ესე იგი. მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს, შემდეგ კი რისკის დროც დადგებოდა, რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება - ჯერ მოთხრობა შევუგდოთ, კლიმ... აჰ, არა, არა, რა დროს მაგისი „სიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ, კაცო... მოკლედ დაიმე ისეთი, და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით-მეთქი, ოდნავ ძველმოდური... ჰოო, თუნდაც დიკენსი...

- ოო, დიკენსი კარგია, კარგი, - უხარია ხელმძღვანელს, - დავიდ კოპერფილდი.

- ვითომ? - აგდებულად შესცქერის რესპონდენტი, მაგრამ ხელმძვანელი ისეა გახარებული, ვერაფერს ამჩნევს. ამბობს: - რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, კარგი, ჩრდილში, ხანდახან დიკენსი...

- ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი, არა? - დამცინავად უყურებს კლიმი, პატარა, კრუხის პალო, ლაწირაკი, რესპონდენტი კი ამბობს:

- მწერლების ჩამოთვლას აღარა აქვს აზრი, სავსებით საკმარისია... ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ჯეელს. როგორი გამომეტყველებით კითხულობს... და თუ საკმარისადაა ჩაფლული, გავუშვებთ.

- როგორ მიხვდებით?..

- გამომეტყველებით.

- მერედა, რა გამოვა ამით?..

- ვისგან?

- თქვენი ჯეელისგან?..

აქ კი რესპონდენტი საზეიმოდ აცხადებს:

- რა გამოვა, და... რომელიმე კლიმი!

პატარა ხანს ჩუმად არიან, მერე კი ხელმძღვანელი ჯიუტად განაგრძობს:

- და ამით რაღა გამოვა?..

- რომელიმე კლიმისაგან? მეტი რაღა უნდა გამოვიდეს, დალოცვილო - მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა.

- ლიტერატურა, ლიტერატურა, - ღიზიანდება ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი!..

- რაო? რა? - ყურს არ უჯერებს განცვიფრებული რესპონდენტი, - ნუთუ ამის ახსნაც საჭიროა?

- სცადეთ, - მე გისმენთ.

- ვცადო? - დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი, თვალებში უყურებს, - ვცადო? მაშინ, ჯერ მარტივად აგიხსნით - ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, - აქ ეღიმება, - მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა... - და სახე უმკაცრდება, - ეს, როგორც მოგახსენეთ, მარტივი ახსნაა, მაგრამ ესეც საკმარისია - უკეთესი ხდები... ახლა კი შედარებით რთულად აგიხსნით...

ოთახში ბოლთასა სცემს... მიდი-მოდის... დადის...

აჰ - სიჩუმეა.



12

- ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი - ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპონდენტი, - ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი... ესეც არ იყოს, შეუძლებელია, ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და, ბნელი ღამით, უეცრად დაღვიძებულს, უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგება სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა... ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით, ოჰოჰო, ხალხში, უჰ რა გულზე ხართ, ფრუტუნით იბანთ პირს, საუზმობთ, და შებოლილ ძეხვს ისე ღონივრად ღეჭავთ, თითქოს რკინა იყოს, ერთმანეთს ხვდებით და ზოგი - უფროსი ბრძანდებით, ზოგიც - უმცროსი, არ არსებობს მხოლოდ ტოლი, ეს თქვენთვის, უმეტესობისათვის, მისალოცთათვის - „მისალოცი“, ხომ იცით, ჩემებურად რასაც ნიშნავს - ვისაც პირველად წაკითხვის მრავალი ბედნიერება წინა აქვს და მე და კლიმი კი, აბა, რამ გაგვყო, მიწოდეთ მე თუნდათ ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას - თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან: ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა, და თქვენგან, მისალოცთაგან განსხვავებით, დაწინაურებას სულაც არ ვცდილობთ, და სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია - მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც - ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია... ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო, ეჰ, ის ხმაური მაინც გვესმოდა... და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, - ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის - ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე, წვიმა გვინახავს - ჰეე, ბევრნაირი, და მაინც, კლიმ, მგონია, რომ ყველაზე უკეთ ბუნინთან წვმიდა, თოვლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა, და ყინვა - მჭახე, კრიალა, გლუვი... ის ხმა კი, ის ხმა მაინც გვესმოდა, დილაადრიან გამოვდიოდით, სისხამი დილით ქუჩებში მუდამ უცნაური ხალხია - მათ გამოუძინებელ, მოწყენილ სახეებზე მაინც იგრძნობა რაღაც სურვილი, ბუნდოვანი ძალა, იმედად გვეწვეთება ვიღაცის „გაუმარჯოს“, და ქუჩაში უმიზნოდ, უმიზეზოდ დახეტიალობ, რადგან ყველაფერში - დაბნეულად შეყვარებული ხარ, ადამიანის ფასიც იცი და გახსენდება, მაინც რომ აუცილებელია ხანდახან სიმარტოვე და რომ შეიძლება ხანდახან ქალაქგარეთ გასეირნება, რომ კიდევ არსებობს ღულელებისა და ნიჩბისის ტყე, და ღრმა გამოქვაბულები, სადაც შეგიძლია დიდხანს იჯდე, მოკუნტული, სიბნელესა და სინოტივეში და მერე, გამოსვლისას, მზის ძალუმ შუქზე თვალები ახამხამო და, ხელმეორედ დაბადებულმა, გაიფიქრო რომ ქვეყანა - დიდია და მშვენიერი, და როცა ათასგვარ სიკეთეს იგემებ, დაწყებულს უბრალოთი, როგორიცაა, ვთქვათ, გაგანია სიცხეში ზღვა და გათავებულს ზოგადი, ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომლის გამხელაც ბოდიში და, არ შეიძლება - თვითონ უნდა მიხვდეთ და, მიმხვდარი, შეიძლება პირქუშიც გახდე, მაგრამ ეს - სიყვარულის სიპირქუშეა, ეჰ... ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე, ხან - გაცოფებული, თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც - მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები, ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ აუცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე, რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია, ვინაა ჩვენთან მარანია და ტენორიო, რადგან მთავარი დონ ჟუანები - ეს ჩვენა ვართ, მე და რომელიმე კლიმი - დონ ჟუან მკითხველიოები, ჰეეი, ვინ არ გვყვარებია, რანაირიღა ქალი - ნატაშა, ლაღი, პირველ სამ წიგნში თავდავიწყებით, მეოთხეში კი, რა ვქნა და - აღარ, სონეჩკა მყვარებია, უსპეტაკესი, ლაფში ამოსვრილი, ტონკა, უტყვი, უთქმელი, შორეული და მაინც ისე, ისე ახლობელი... ემე თანატოგენოსი - ყველაზე მტკივნეულად და ემა ბოვარიც კი, ის საძაგელი... ანტონია, ჩემი საბრალო, ყველაზე უცნაურად, ყველაზე მწვავედ და სელინა, კვამლში აცეკვებული... კლაუდია, ქალბატონი შოშა, ოო, ამაყი და პილარი, ოღონდ ტერნერა, საშიშ წკვარამში, იმ ბოლის სუნით... და მზია, მზია ჭინჭარაული, ხევსურის ქალი, ეჰ, მე კი არა, კიბეს, კედელსა და სკივრსაც უყვარდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი... სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია, გაღუნული დანით - მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები - კაატინგა მიკაფია, ოკეანეში თეთრ მტრედს დავდევდი, მგონი, მიყვარდა, მთათა მწვერვალზე მიოცნებია და ამისათვის ოო, როგორ ვუწამებივართ, კატას - ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე, რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს და თქვენ კი, მისალოც ინტერვიუერებს, გაინტერესებთ თუ რამდენ წუთს ვკარგავ ვერმიშელის რიგში, მე კი სწორედ მაშინ, ვინ იცის, სად და როგორ დავბოდიალობ - დიდებული რამაა თვალი, მაგრამ სულ სხვაა ფანტაზია, ასყურა და ასთვალიანი და კაცი ვერ იტყვის, თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი პერუსა და ნიგერიაში, მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა.

- ნიგერია საიდანღა იცით? - ჯუქურ ეკითხება ხელმძღვანელი, მგონია, რომ სიტყვაზე გამოიჭირა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს:

- ნიგერიაში, საყვარელო, სამი კარგი მწერალია - შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო'ხარა.

არაა, ამასთან არ შეიძლება ლაპარაკი, და თუმცა ხელმძღვანელი აღარ მიბღვერს და თვალსაც კი მარიდებს, მაინც ვგრძნობ, რომ გაცეცხლებულია და ისევ მახსენდება ის საზარელი „ჩამომალაბორანტეს“, კაცი კი, ვითომ აქაო და არაფერი, ისე განაგრძნობს:

- იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.

- რა ინება? - ამბობს ხელმძღვანელი, დაბნეულია.

- იყო ტომარაში.

- რატომ ინება?..

- იმიტომ, რომ აღწერა, - უხსნის რესპონდენტი.

მერე კი ამბობს:



13

- არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებული პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამამაღლებელი, გესმით? ოო, რა სიამოვნებით გამოვამწყვდევდი ლოთებს ჩემს კარცერ-ლუქსში, რადგან თავისუფლებისადმი გარკვეული მისწრაფება აქვთ, იმათ კი მსხვილ-მსხვილ ვაჭრებს მივაყოლებდი, პატარა ვაჭრუკანებს კი არა, არამედ მსხვილებს, მსხვიილებს, და თუ იცით, რატომ? აჰ, რარიგ მიყვარს ისინი, და როგორი გულშემატკივარი ვარ მათი, თქვენ ხომ არ იცით. ნუ მიგაჩნიათ ისინი ბედნიერებად, და რაც მთავარია, ძვირფასებო, ნუ გშურთ იმათი - რაც არ უნდა მაღლა ასწიონ ცხვირი, რაგინდ თავხედნი და გაბღენძილნი იყვნენ, მაინც ყჃ?არა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით... ნუ გშურთ იმათი ნურც იშვიათი საჭმელ-სასმელი, როცა, საფუძვლიანად დანაყრებულთ, ბუნდოვნად ხახვი და პური ენატრებათ და ვერც კი ხვდებიან; და ჩვენ, მკითხველებს, არც იმათი ქონება შეგვშურდება, რადგან დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე ყველა ბეჭედი და შკაფი-მაფი დედამიწის ზურგზე, რადგან დონ კიხოტი - იდეალურია... ისე კი, სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან „პრეპენტუუმ მობილეს“, ლიტერატურამ უკვე შექმნა - ეს სწორედ „დონ კიხოტია...“ იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა - უბრალოდ, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს, ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მოვათავსებდი მსხვილმან-მსხვილმანებს ჩემს კარცერ-ლუქსში, სულ ანა-ბანათი დავაწყებინებდი - იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე - და იქამდე მეყოლებიან გამოკეტილნი, სანამ „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი... და არ გეგონოთ, რომ კარცერ-ლუქსთა ფინანსური საკითხი არ მაქვს გადაწყვეტილი - სხვადასხვა „დოსააფებთან“ და საწევროებთან ერთად შემოვიღებდი გადასახადს კარცერ-ლუქსთათვის, ეს იქნებოდა ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, თვეში - მანეთი, და ერთის მხრივ ეს არც ისე ბევრია, რადგან თვეში მხოლოდ ერთ ბოთლ ცუდ ღვინოს უდრის - ქართველი კაცისთვის, დიდი ამბავი... და შეიცნობდნენ, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ, დიდ მწერლებს...

- ჯერ ეს ერთი, - აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაღიზიანებულია, - რა იცით თქვენ, რომელია დიდი მწერალი და რომელი - არა? ამის გაგებას ხანდახან საუკუნეები სჭირდება!

- ოო, ეს ნამდვილად კარგი შეკითხვა იყო, სრულიად ბუნებრივია თქვენი ინტერესი, ახლავე აგიხსნით... საიდან დავიწყო... რაღა თქმა უნდა, არიან სუსტები, თავ-თავიანთი უსიცოცხლო, უცხვირპირო პერსონაჟებით, რომლებიც ისევე ზედმეტნი და არაფრისმაქნისნი არიან ჩვენთვის, როგორც... რაიმე ახირებული შედარება, კლიმ... ოო, შენ რა გითხარი - ზედმეტნი, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცისათვის ცუდი გინეკოლოგი, ეს რა მოიგონე, შენ რა გითხარი, კლიმ... რასაკვირველია, როგორც ყველგან, მწერლებშიაც გვხვდებიან სპეკულანტები, ადვილ და მომგებიან, კარგბეწვიან ნადირთა მხოცველნი, როგორიცაა სხვა, და სხვა, მაგრამ თუ ნამდვილი მკითხველი ხარ, მშვენივრად მიხვდები, რომელია უფრო ძნელი და რომელი - მომგებიანი, ადვილი თემა, რადგან არსებობს მწერალი - ვაჟკაცი, რაღაცნაირად დინჯად თავზეხელაღებული, ეს უცნაური მომთვინიერებალი, რომელიც ლომს ხახაში თავს უყოფს, და აგერ, სხვა მომთვინიერებლებიც - რგოლში ახტუნებს პატარა, ჩახუჭუჭებულ, ყელბაფთიან ძაღლებს, და არიან სხვა, ჭეშმარიტი მომთვინიერებლებიც - მგლის გახედნა, უბრალოდ, შეუძლებელია, და ისიც საქმეა, მგელს პატარა ხნით კუდზე სტაცო ხელი, ვიდრე ლომს ხახაში თავი შეუყო და მერე რა, მგელს შეჭიდებული კაცი ხანდახან ჩამოფლეთილი, მათხოვარივით ჩამოძენძილი და გაძევებულიც რომ ყოფილა და ძაღლის გამწვრთნელებს კი მამაც ჰუსართა ბრჭყვიალა ტანსაცმელი აცვიათ ხოლმე, და თუ მწერლის ჩემეული იდაელიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე - ისიც არ იწვრთნებაო ამბობენ... დაბოლოს, მარტივად და გასაგებად გეტყვით, რომ დიდი მწერალი ისაა, ვინც დიდ ნაწარმოებს წერს.

- და მეორეც ერთი, - კვლავ აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაბრაზებულია, - რა იცით თქვენ, რომელიც დიდი ნაწარმოები და რომელი - არა?

- მე, საყვარელო, - უცნაურად უღიმის რესპონდენტი, - ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება - როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს... რა, არა გჯერათ? - და რესპონტენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: - „დონ კიხოტი“, - მკლავს გვაჩვენებს და, სიმათლე - სიმართლედ: დაბურძგლულია...

- აი, თქვენ, მაგალითად, - სხვა შეკითხვას აძლევს ხელმძღვანელი, - ჩემთვის გაუგებარი პრინციპებით ხელმძღვანელობთ - მწერლების დასახელებისას, ანდა იმ ვითომცდა საყვარელი ქალების ჩამოთვლისას რა წესით სარგებლობთ, მაგალითად, იცავთ თუ არა ქრონოლოგიას, როგორც ასეთი, ანდა - ალფავიტს... ა?

- ღმერთო, ეს რა თქვა, - შუბლზე ხელისგულს ტკაცანით ირტყამს რესპონტენტი, - როგორ, საიდან სად - სიყვარული და... ალფაბეტი?! დეე-და, დედა... ეს რა მისალოცი ყოფილა, ვიღაცაა, არა, კლიმ?

- მისალოცი კი არა, ჰაერშია ასაგდები, ოლიმპიური ჩემპიონივით, - ამბობს კლიმი.

- ცოტა არ იყოს, თავაზიანობას მოვითხოვ, - ამბობს ხელმძღვანელი, განრისხებულია, - რა გააჭირეთ, ბოლოს და ბოლოს, ამ თქვენი ლიტერატურით საქმე, ასე მეც შემიძლია გაგაკვირვოთ და აბა, მიპასუხეთ, რა გსმენიათ ჩემს სპეციალობასა და მის ბრწყინვალე წარმომადგენლებზე, აბა, ვინ იყვნენ ემილ დურგჰაიმი და მაქს ვებერი, ანდა პარსონსი და მერტონი, რა გსმენიათ პარეტოსა და ფონ ვიზეზე, - ეშხში შედის ხელმძღვანელი, მიხარია, - ანდა, ვინ იყვნენ შეპანსკი, ბეკერი და პიტირიმ სოროკინი?

- კი ბატონო, ლიტერატურა განზე გადავდოთ, - ამბობს რესპონდენტი, - თქვენ სულ დაგავიწყდათ, რომ მე ლიტერატურათმცოდნე კი არა ვარ, არამედ - ფოტოგრაფი, და მაგ რიხით დასახელებულ გვარებს ფოტოგრაფიის კორიფეთა ჩამოთვლით გაგიბათილებთ: რა გსმენიათ, მაგალითად, დიდ ლუი დაგერზე, ანდა რას მეტყვით კარლ ცეისისა და იოფისის მიღწევებზე, რა კავშირია, თუ იცით, ფოტოგრაფიასა და პოლიგრაფიას შორის და აბა, ერნსტ ლეიტცმა რა გამოიგონა? როგორი ყოვნით უნდა გადაიღოთ სურათი თუნდაც აი, ასეთ ამინდში და მაქს ალპერტზე რა აზრის ბრძანდებით? ანდა როდჩენკოს, მიკულინისა და ოცუპის რომელი ნამუშევრები მოგწონთ... - და შემპარავად ეკითხება: - ა?

აქ კი ხელმძღვანელმა მეხუთედ დამიბღვირა. უუჰ, რა სიტყვაა - „ჩამომალაბორანტეს...“

- და მაინც, მაინც იძულებული ვარ, სიმართლე გითხრათ, - დანაღვლიანებული შესცქერის რესპონდენტი, - ჩემი კარცერ-ლუქსების რეალობისა მაინცდამაინც არა მჯერა, იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა - არა... და ისიც სიცრუეა, რომ თუ ბევრს ნახავ და უამრავი რამ გადაგხდება, სიკვდილის აღარ შეგეშინდება - პირიქით, უფრო გაგიძნელდება სიცოცხლესთან განშორება, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, სავსე ცხოვრება რომ გქონდა, ნაწანწალი და ყოვლის მნახველი... და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონომ, სარეცელზე, შეიძლება ასე წარმოთქვას: „ეჰ, კარგი იყო, ოხერი...“ და თქვენისთანამ კი ჯანმრთელმა, შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს: „რა - სიცოცხლე თუ ლიტერატურა...“ მე კი, გაინტერესებთ, რას გეტყვით?

- რას მეტყვით?.. - ეკითხება ხელმძღვანელი, აფორიაქებულია.

- მე კი მოგიგებთ: „და განა სულერთი არ იყო?“

- კარგი ხართ, მაესტრო, - აღფრთოვანებულია კლიმი, რესპონდენტი კი განაგრძობს:

- მე მაინც ვცდილობდი, ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის, მისალოცთათვის, ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე კრინტიც არ დამცდენია - გიფრთხილდებოდით... ეს იმიტომ რომ, ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა...

- პოეზია, პოეზია, - დიდი ამბავი, - ამბობს ხელმძღვანელი, - ლაქები აყრია სახეზე.

- ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი, - ჩურჩულებს რესპონდენტი, - რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ...

- წაიქცა, წაიქცა, - ინადით იძახის ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი, თუ წაიქცა... წაიქცა და კეთილი გამვლელები კვლავ წამოაყენებენ... ბავშვობაში ვინ არ წავქცეულვართ, მაგრამ დადებითი გამვლელების მეშვეობით ისევ წამოვმდგარვართ, დიდი ამბავი...

- ღმერთო, ეს რა თქვა! - ხელები ჭერისაკენ აქვს აპყრობილი რესპონდენტს, - გაიგე, კლიმ? ღმერთო, ეს რა საშინლად ახსნა... და მღელვარედ ეკითხება: - შეგიძლიათ თუ არა, კვლავ გაიმეოროთ ეს?

- რატომაც არა! - არ იხევს ხელმძღვანელი, მაინც შეუპოვარია, ჯიქური.

- კლიმ! გევედრები, კლიმ, ოცდასამ ნომერში მიირბინე, ვანოსთან, შინ თუ არ დაგხვდა, აჰა, ჩემი პასპორტი წაიღე და გირაოდ დაუტოვე ვინმეს, ეგებ მაგნიტოფონი გვათხოვონ, სულ ათი წუთით, ეს წინადადება ჩავიწეროთ და მაშინვე დავუბრუნებთ, კლიმ, გაიქეცი, აჰა, პასპორტი, - უცნაურად აღტყინებულია, მაგრამ თითქოს ხუმრობს კიდევაც, - მაგნიტოფონი! ნახევარ სამეფოს მაგნიტოფონში ვაძლევ, კლიმ, მაგნიტოფონში, ეს რა თქვა, ღმერთო, დადებითი გამვლელების მეშვეობითო, აბა, გაფრინდი...

- ტყუილად ნუ შეაწუხებთ, - ამბობს ხელმძღვანელი, ხმა უკანკალებს, - ახლავე წავალთ.

დგება, მეც ვდგები, კარისაკენ მივემართებით, ჰალსტუხებს ვისწორებთ, პალტოებს ვიცვამთ, პერანგისამარა რესპონდენტი კი დარჩენას გვევედრება, ლამისაა, გალოიგლოჯოს ყელი, მაგრამ ხელმძღვანელი შეუვალია, სახელურისაკენ მტკიცედ მიიწევს, მეექვსედ მიბღვერს, რესპონდენტი კი, ჰოიი, თავხედი, ახლა სურათის გადაღებას გვთავაზობს: „თქვენი ჭირიმეთ, მაშინ სურათი მაინც გადაიღეთ, ეს ჩემი კოლექციისათვის საუკუნის სურათი იქნება - აურელიანო-სქელი - გასქელებამდე და პოლკოვნიკი ჯანჯაკომო სემინარიო - ერთად!“

ხელმძღვანელი კი გაცოფებულია, უხეშად იცილებს მუდარადქცეულ კაცს, ის კი სამფეხა აპარატს ჩვენსკენ ატრიალებს, მაგიდასთან მირბის ფირის ასაღებად, მაგრამ ხელმძღვანელი ეუბნება: „ჩვენ არ გვსურს, არა, გესმით?“ და რკინის თითებს მარწუხებივით უჭერს მაჯაზე. კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ტკივილისაგან ეღრიცება სახე, ფირი ისევ მაგიდაზე ეცემა, მე და ხელმძღვანელი კი, არა, ჯერ ხელმძღვანელი და შემდეგ - მე, ქუჩაში გამოვდივართ, და კაციც მოგვდევს, აპარატით ხელში, ეს, რა თქმა უნდა, ის დიდი სამფეხა აპარატი არაა, ესაა რომელიღაც ჩვეულებრივი, მომცრო აპარატი, „ფედი“ თუ „ზორკი“, რაღაცას ეძახიან, და ჩვენ გვიმიზნებს, ხელმძღვანელი პალტოს საყელოს მაღლა იწევს და სახეზე იფარებს, მე გაოგნებული ვდგავარ, ხელებჩამოყრილი, და ვღელავ, ვღელავ, საცაა - მთქნარება ამიტყდება, ხელმძღვანელი კი აგურის კედელთან მიდის და სახეს თითქმის ადებს, ასე დგას, აგურის კედელთან, ხელებაწეული - პალტოს საყელოს იფარებს ლოყებზე, და თავის მუქ სათვალესაც ცალი ხელით იკეთებს, კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა... და ასე შემდეგ, ეძახის კლიმს, კლიმიც, რა თქმა უნდა, სახეზეა, კაცი ფოტოაპარატს აწვდის კლიმს, და ჩემს ხელმძღვანელს, ისეთ ღონიერსა და ენერგიულს, მხრებზე ეჯაჯგურება - შემობრუნებას უპირებს, თავისი ჭკუით... და მე კი ერთხანს მიკვირს, რომ ხელმძღვანელი, ნამდვილი ათლეტი და მრისხანე თანაც, რატომ არ გაუქანებს და არ მიუფშვნის ყბას, მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ არ შეიძლება დღისით, მზისით, შუა ქუჩაში რესპონდენტს ყბაში გლიჯო, რაგინდ არ უნდა გაგაბრაზოს, რადგან ეს - ინციდენტი იქნება ქუჩაში, ინციდენეტი კი, აბა, ვის აწყობს, და რესპონდენტი თუნდაც რეგისტრირებული გიჟი აღმოჩნდეეს, მაინც, სად წავა საქმე, ყველა გიჟს და სულელს ყბაში რომ ლეწო, რესპონდენტი კი ისევ ამაოდ ეჯაჯგურება და თუმცა პატარა, ვიწრო ქუჩაა, მაინც იკრიბება თითო-ოროლა გამვლელი, ფანჯრებიდან იყურებიან, ალბათ უცნაური შესახედავები ვართ: 1) მზის საწინააღმდეგო სათვალიანი ათლეტი, პირმიქცეული აგურის კედელთან, ხელებაწეული, 2) მისი პალტოს სახელოს დაჯაჯგურებული, ამ შუა ზამთარში პერანგისამარა კაცი, 3) მე, მღელვარებისგან მთქნარებაატეხილი ახალგაზრდა და 4) პაწია კლიმი, ცალ მუხლზე ჩაცუცქული და აპარატმომარჯვებული - შუა ქუჩაში! და უცებ ვხვდები, რასაც ფიქრობენ გამვლელები ჩვენზე, ალბათ ქურდი, ოხერი და სპეკულანტები თუ ვგონივართ, სულ მცირე - მოძრაობის წესების დამრღვევნი, თორემ ისე, სხვას აბა ვის უღებენ ძალისძალათი ფოტოსურათებს ქუჩაში და კლიმი, ჩაცუცქული, ჯიუტად იცდის, ხელმძღვანელი კი გამოსავალს პოულობს - ზურგშექცეული, კედელ-კედელ მიჰყვება ქუჩას, ჩვენი კომპეტენტური დაწესებულებისაკენ, მეც, მისი ხათრით, გვერდულად მივსდევ, და უცებ რესპონდენტის შემზარავი, ტრაგიკული ყვირილი გვესმის: „ვაიმე, კლიმი! ვაიი, კლიმს მანქანა დაეჯახა!“

შეშფოთებულნი ვტრიალდებით და სანამ გავარკვევდეთ, რაშია საქმე, ჩაცუცქული კლიმი ფეხზე დგება, რა მანქანა, რის მანქანა, კლიმი კი მზრუნველად კეტავს ფოტოაპარატს, რომლიდანაც ორიოდე წამის უკან გაისმა ჩვენთვის, მისკენ მიტრიალებულთათვის საზარელი, იმათთვის კი სასურველი „ჩხაკ...“ და, ოდნავ დარცხვენილნი იმით, რომ მაინც თავისი გაიტანეს, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და იმისი თანაშემწე, კლიმი, სირბილით ეფარებიან თვალს.

ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: „და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს, შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება...“

ჩამომალაბორანტეს.

1973 წ.


Comments: 0   Views: 192   Group: ქართული პროზა  

 გურამ დოჩანაშვილი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 22:24:58

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე

- რა სჯობია კარგ, წესიერ, ვაჟკაცურად ლამაზ, განათლებულ მამაკაცს? - იკითხა ეკატერინე ხომასურიშვილმა, და, თავის სიმართლეში დარწმუნებულმა, საზოგადოებაში ამაყად მიმოიხედა, - არაფერი.

- რა და კაი ქალი, - მიუგო ბარბაბა ჯაშმა, არც დაფიქრებულა.

ასეა, ვის როგორ...

1

ვაიმე, რა იყო.. რა იყო მაინც ეს - თავი სკდებოდა, გავარვარებულ-აჟრიალებული, რკინის სალტით უმოწყალოდ შემოჯარული, განწირული თავი და ყურებიდან გამოძრომას ლამობდა, და შიშით თვალსაც ვეღარ ვახელდი, ეგება ისევ სიზმრად დარჩეს ყველაფერი ეს-მეთქი, განაწამებ ბინდბუნდში ვფიქრობდი და, კიდევ ის იყო ძალიან ცუდი, გულზედაც წვეტიანიდაყვება მაჯლაჯუნა რომ მაწვა და, ვაიმე დედა, მიშველეთ, ძმებო, თავი იბერებოდა და, ჩემდა გულის გასახეთქად, მევე ვბერავდი უნებურად, თითქოს, ვსუნთქავდი რადგან, მე ბეჩავი, ცოცხალი ვიყავ, კიდეც ვგმინავდი და ვირწეოდი კიდევაც, ძმებო, ჩემს თავს ეს რაა, და მკვეთრი, წყვეტილი ბიძგებით მუქარიანი ახლოვდებოდა ტანკი, და ერთიც რომ ახტა და ისევ დამატყდა თავს მაჯლაჯუნა, შეშინებულმა მიმოვაპყარ საბრალო მზერა - რა დავინახეე... ჯერ, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივხვდი, დათუთქულპირდაღებული მივჩერებოდი მკრთალ ლურჯ ნათურას, საიდუმლოდ რომ დამშტერებოდა და იმ მუქ ლიცლიცში, შეშფოთებულმა, წამოვიწიე და რა აღმოვაჩინე - გადასავარდნი იყო! და მერე, თითქოს შემშვიდებული, ყველაფერს მივხვდი - მატარებელში ვიმყოფებოდი, მესამე თაროზე ვიწექ, მძვინვარედ ცხელ მილზე მედო თავი, და რის წყვეტილბიძგება ტანკი, რა ტანკი - სადღაც ძალუმად ხვრინავდა ვიღაც და, გულზე ძველებური, ხის ჩემოდანი მაწვა!.. მაგრამ მთავარი საშინელება მაინც ის იყო, რომ რაღაც განუზომელ-სასტიკად, კოსმიურად ნამთვრალევი ვიყავ, გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომია საყლაპავი და ხახა, მესამე თაროზე ამირანივით ვიწექ, უსუსურობით მიჯაჭვული და დიდი ჩიტი გულღვიძლს კი არა, თავს მიკორტნიდა!.. ჩემოდანი განზე გადავახოხე, ამოვისუნთქე, გაჭირვებულმა, და სულ რაღაც წამით თითქოს ცოტათი მომეშვა, ისევ წამოვიწიე და თავშიაც მაშინვე უხილავი ვითომ ჩაქუჩი, მაგრამ რაღაც უხილავი - ისეთი ცხადი, ჩამცხეს... და დაოსებული შეძრწუნებით გამიელვა - აქ რა ჯანდაბა და... აქ რა მინდა მე, ძალიან რბილი, ორადგილიანი კუპე საკუთრივ მქონდა!

აქ, ამ მესამე თაროზე, რა ძალამ ამაგდო მაინც, გაბრუებულს, დუნედ მიკვირდა და უცებ გულმა რეჩხი მიყო - ფეხსაცმელები არ მეცვა! ვაიმე... ჯიბეზეც სწრაფად მოვისვი ხელი, და გარედანვე შევატყვე - მედო. მომეფონა გულს, და შეგუბებული კვნესით, წვალებით ჩავიხედე - დაბლა, იატაკზე, ჩემი ლურჯი, კრიალა ჩემოდანი წესიერად იდგა, მესიამოვნა, კი, და იქავ ნაცნობი, მშობლიური, წყვილი ფეხსაცმელი ერთიმეორეზე კოხტად მიჯრილი ელაგა, გამეხარდა, აჰ! - უფეხსაცმელოდ, მაინც ძნელია... ჩემს ჩამოსვლას კი ნუღარ იკითხავთ - თავბრუდახვეული, ძლივძლივობით მივჩოჩავდი დაბლა, მეორე თაროს დავაყრდენი აკანკალებული ხელისგული ჯერ, მერე მუხლი, მესამე თაროს დაბუჟებული ლოყით ჩამოვეყრდენ, და თვალდახუჭული რომ დავხტი, მუცლიდან ლურსმანი ამომერჭო თავში, გამწარებულმა კიდევ უფრო მაგრა მოვხუჭე თვალები და მაინც რომ გავახილე - ცნობისწადილიანნი ვართ - პირველ თაროზე გაწოლილი, კედლისკენ გადაბრუნებული, ვეებად ამობურცულთეძოიანი ქალის კოჭთით მიმჯდარი კაცი წამოდგა, გამიღიმა და ჩურჩულით დამეკითხა:

- ჰა, როგორა ხარ... ძველო?

ვინ ოხერი და... მყისვე გავმკაცრდი:

- მე ძველი არა ვარ.

თავს ვერა ვხრიდი და, გაჭიმულმა, ტერფის ცეცებით მოვძებნე ფეხსაცმელი, მომერგო კოხტად.

- აბა, რა გქვია?

- სიმა.

შეეჭვებულმა ამათვალიერა, და განვუმარტე:

- გერასიმე მქვია, ისე.

- ძალიან კარგი. ხომ არ გეწყინებათ, გერასიმე რომ დაგიძახოთ?

და კვლავ დამეხვა მე ბეჩავს თავბრუ, სუსტად მივუგე:

- არა, არა, რატომ...

ბედშავი ყელი ჩემი, გადამწვარი - ოჰოჰო, ჰუჰუ, ლუდი მინდოდა, და კიდევ უფრო - ნაღდი ჰაერი, აბარბაცებულმა გადავაბიჯე ვიღაცის ჩანთას, ვიწრო გზას დავადექი, რელსების ღრჭიალი ამომესმა და გვერდითა თაროს შევეხალე, გავსწორდი ისევ, და პატარა ხანში ვაგონის გამოღებულ კართან ვიდექ, სახელურზე თითებჩაჭიდებული, ნიავს ვუშვერდი წყალშესხმულ სახეს, ოდნავ შევფხიზლდი,და ადგრიალებულ შავეთს რიდით გავცქეროდი, - კი, თენდებოდა თითქოს, კი.. ისიც მომეჩვენა, თითქოს მხარი მექცა, ასე მეგონა, თბილისისკენ ვბრუნდები-მეთქი, ანდა - კახეთში, სულაც; ასე პირველად კი არ მომსვლია, ბადენ-ბადენში, მოგზაურობისას, მატარებლიდან კინაღაც ჩავტხი... აქ მხარზე ფრთხილად დამიკაკუნეს, ელდანაკრავი მოვცილდი გრიალით მიმავალი, განრისხებული მატარებლის კარს, მივიხედე და - ისევ ის კაცი, ოღონდ ახლა - ხელრუკზაკიანი, ღიმილით მითხრა:

- აბდარაუდუ?

- რა? - დავიძახე, ბორბლების ხმაურში ძნელად ისმოდა.

ყურში ჩამყვირა:

- ლუდი ხომ არ გინდათ, გერასიმე?

როგორ მიბედავდა! და მკაცრი პასუხის მოსაფიქრებლად რომ დავძაბე აწეწილი ტვინი, გამახსენდა რომ - ისე ძალიან მინდოდა, ააჰ... ხელი გავუშვირე და, რუკზაკი დადო, ჩაიმუხლა და მარჯვედ გახსნა, „ჟიგულს“ თავსახური ვაგონისეულ რკინის საფერფლეზე წააგდებინა, გამომიწოდა, და უჭიქობას რას დაგიდევდით, პირდაპირ ბოთლით მივიყუდე - ეს მე - და მერე, შვებით რომ ამოვისუნთქე, მაშინვე ვიგრძენი, ღაწვზე რაღაც უნამუსოდ გაკვანძული ყულფი რომ გამეშალა და ფილტვებმაც უცებ იგრძნეს ჰაერი, თავის ტკივილი მყისვე შემეშვა, თვალებში სინათლე ჩამიდგა - კაცი ვხდებოდი...

- ერთიც რომ არ გნებავს, გერასიმე?

ეს მონაცვლეობითი „შენ-თქვენ“-ობითი მომართვა მაღიზიანებდა და, საყვედურს რადგან ვერ ვეტყოდი (გაჭირვებისას ლუდი დამალევინა), გაკრვეული უპირატესობა მაინც მომინდა და „სეიკოზე“ ხაზგასმულად დავიხედე - ხუთი ხდებოდა, ორი საათიღა რჩებოდა ადლერამდე, იქ კი, აეროპორტში, კონიაკის ყუთს გამომიტანდა კაცი, ერთ ჭიქას დავლევდი მხოლოდ, და ლიეპაში საღ-სალამათი ჩავიდოდი, ფუჰ, რამ დამათრო წუხელ ისე...

დაინტერესდა:

- მაგ საათს დაქოქვა არ უნდა, არა?

- არა!

- და... წყალგამძლეა?

- დიახ... მაშ, როგორ.

- ცეცხლგამძლეც თუა?

- არის, მე მგონი.

აქ მოიწყინა, ასე მეგონა, შეშურდა-თქო, მაგრამ სევდიანად აღნიშნა:

- გინდაც საერთოდ გაფუჭდეს, დროს ვერაფერი შეაჩერებს. ვბერდებით, ძველო...

კიღამ ვიფეთქე, და ისევ ის ერთი ბოთლი გამახსენდა... კიდევ მინდოდა, თანაც...

- კიდევ ხომ არ გსურთ? - მყისვე ამოიცნო.

- რა? - გამეხარდა და, მაინც, ვითომ ვერ მივუხვდი.

- ლუდი - რა...

- რა ვიცი... შეიძლება, შეიძლება.

- აგენაცვალე.

მივიყუდე და, ვსვამდი, აჰ, ვსვამდი, ყელი ლბებოდა, გადამწვარი, გადახრუკული, ქაფი მალამოდ ედებოდა და, თავგადაწეულს რომ შემომესმა: „ცოტაც მოითმინე, გერასიმე, და ჭიათურაში ღვინოსაც დავლევთ“, ჯერ არაფრად ჩავაგდე ნათქვამი, გავმხნევდი კიდეც... და სწრაფად მოვიცილე პირიდან ბოთლი, გაკვირვებული შევაცქერდი:

- ჭიათურაში რა გვინდა... კაცი...

- აბა, მანამდე ჩავიდეთ?

- რატომ მანამდე - ადლერამდე ორი საათის გზაა...

ახლა იმას გაუკვირდა:

- ადლერში რა გვინდა...

- როგორ თუ რა მინდა... - დავიბენი, - იქიდან, ტუთი, ლიეპაში უნდა გავფრინდე.

- აა, - გაეღიმა, - აა, აღარ გახსოვს...

- რა უნდა მახსოვდეს...

- გუშინ რომ დავთქვით, წუხელ...

- რა!..

- ჭიათურაში გამომგზავრება და, როგორც ხედავ, კაცურად შევასრულეთ პირობა კიდეც...

- თქვენ... ჩვენ წუხელ, როგორ, ერთად ვსვამდით?

- როგორ არა, კი. თავისუფლად.

და, გამახსენდა: წამოდი, წამო, მეუბნებოდა, საქართველო, ჩვენი სამშობლო, ვნახოთ; აღტაცებული ჩამჩიჩინებდა რომ, ზემო იმერეთი ყველაზე მეტად საქართველოა, რომ საოცრადაა შეხამებული იქ დასავლეთი და აღმოსავლეთი - ჩვენი; აგერას, აო, გომის გაგრძელებაა კორბოულ-საჩხერეო, იქაურებიც, შედარებით დინჯი მიხრა-მოხრითა და სიტყვა-პასუხით, ქართლელებს წააგვანანო, და თანაც ნამდვილი იმერლებიც არიანო, და მეც, სულელი, თავს ვუქნევდი, ძალიან საინტერესოა-თქო და, ბეჰ! გამახსენდა - გადავეხვიეთ ერთმანეთს კიდეც, მანამდე კი, ძალიან მწყუროდა (რებეცმა იცის) და მატარებლის მოლოდინში მძღოლი გავუშვი, განაპირა ჯიხურთან, ბნელში, ერთადერთი უწყინარი კათხის გამოცლა გადავწყვიტე, იქ კი ვიღაც შემთვრალი ფილოლოგები ჯგუფად იდგნენ და არ ვიცი, ხუმრობით იყო თუ რა, სამპირიანი ზმნის სადღეგრძელოს სვამდნენ, ფილოლოგები ხომ უცნაური ხალხია, მათგან ერთი კი შორეული თანაკლასელი აღმოჩნდა ჩემი, და მართლა გაგვეხარდა თითქოს ერთიმეორე, ვიწრო დახლზე კათხა მომიჩოჩეს, მოვწრუპე და თავიდან ერთი კი გამიკვირდა - სულ სხვა, მკაცრი გემოსი ყოფილა ეს ჩვენი ლუდი, რადგან ჩეხური, დანიური, არაბული - სხვაა... მაინც გამოვცალე და უჩვეულო აღტყინება ვიგრძენ, ერთიც შემივსეს და ვერ მოვახერხე, დამშვიდობება, არადა, როგორია, შესმა და დაუმშვიდობებლად გაცლა, ვერაფრით ჩავაგდე გახურებულ კამათში სიტყვა, რადგან სამპირიანმა ზმნამ ვიღაც უპირო კაცი გაახსენათ და გაცხარებულნი ალაპარაკდნენ იმ ვიღაცაზე, უცნაურია ჩვენი ენა, ქართული - ზოგი უპიროს რომ ეძახდა, სხვა ორპირს ეძახდა და კიდევ სხვამ, შვიდასპირიანიაო, ოხერია, გაიძვერაა და გარეწარიო, მაგას ეგეთი კარგი სახელი უნდა ერქვასო? - დანანებით იძახდნენ, მე კი მომწყინდა, მეორე კათხაც გამოვცალე და საკმაოდ რომ ავმსუბუქდი, თავაზიანი გამომშვიდობება კვლავ გადავწყვიტე, მაგრამ ბავშვობის სადღეგრძელო შემომთავაზეს, და ბავშვობა ხომ, დამეთანხმებით, კარგია, არა? - მესამეც შევსვი, და ისევ იმ კაცს მიუბრუნდნენ, უპიროსა თუ მრავალპირიანს, ურწმუნოაო, გაიძახოდნენ, თმას იღებავსო, ინჩიბინჩი არაფრისა გაეგებაო, ზოგი რომ ამას ამტკიცებდა, სხვანი ამბობდნენ, რას ამბობ, კი, კი, როგორ არა, ყველფრის აზრზეა, მაგრამ ბოროტია, ხელმოცარულიო, და ხელმოცარულს არავითარი თანამდებობა არ უნდა მისცე, იმიტომ რომ გაბოროტებულია და სხვაც თავისნაირი უნიჭო უნდა გვერდით, ხელმოცარულიო; მხოლოდ ერთი ფილოლოგი გამოექომაგა, მაგრამ ძალიან უნიათოდ - რა ქნას იმანაც, საწყალმაო, მერე არ ვიცი, როგორ შესცვალეს სალაპარაკო თემა, აქვს გურამიშვილი და ვაჟა, ლექსები წარმოსთვას, რას არ გადასწვდნენ, შუბერტიც კი ახსენეს ორჯერ, ახლა კი ვხვდები, ურევდნენ, მოკლედ, მე კი, შებარბაცებული, დედმამიშვილების სადღეგრძელოს ვსვამდი, და ახლა რომ ვუკვირდები, სწორედ დედმამიშვილების სადღეგრძელომ მომიღო ბოლო, ასე მეგონა, რომ ვბარბაცებ, მეჩვენება-მეთქი, ლუდმა რა უნდა მიყოს-მეთქი და, შესამოწმებლად, ხომ არ დავთვერი-მეთქი, ჩემ თავს გუნებაში ვამოწმებდი, ვეკითხებოდი და პასუხსაც სწორად ვცემდი: „აბა, მამაჩემს რა ერქვა-მეთქი?.. - ვახტანგგ-მეთქი... აბა, რომელი წელია ახლა-მეთქი?.. ახლა ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი წელია-მეთქი...“ და ამ ყოფაში რომ ვიყავი, მოულოდნელად დავინახე, რომ ლუდში არაყსაც ამატებდნენ თურმე და, მე სულელს, ბითურს, მეამაყა კიდეც ასეთ ვაჟკაცურ ხალხში ყოფნა და რკინიგზის ბაქანზე, გზისა და მგზავრობის სადღეგრძელო პირველმა შევსვი, და ეს ყმაწვილი, ახლა შეურყვნელი ლუდით რომ მიმასპინძლდებოდა, არ ვიცი, თანამდებობა შეიტყო ჩემი თუ რა, ამეკიდა და საქართველოში გასეირნება შემომთავაზა, მეც, ხბო, დიდად აღგზნებული დავთანხმდი და ხელიხელგადახვეულები მივბარბაცებდით, ვინ ოხერია, ახლა, ვინ იცის, რაიმე გამოსარჩენიც მომთხოვოს ეგებ კიდეც, და მართლა მითხრა:

- ერთი თხოვნა მაქვს.

- რა... - დავიძაბე.

გაეღიმა და:

- შარვლის ღილები შეიკარით, უხერხულია.

მსწრაფლ დავიხედე და ვთქვი:

- აჰ!

მერე საქმეზე გადავედი:

- ჭიათურაში ვერტმფრენები ჰყავთ?

დაინტერესებულმა ამათვალერა:

- რომელი ფერის გნებავთ...

ძლიერ გავმკაცრდი:

- ნებისმიერი!

- არ ვიცი, არა მგონია... რად გინდათ?

- ადლერში ცხრაზე უნდა ვიყო.

- ლიეპასათვის?

- დიახ. ოთხი საათი კიდევა გვაქვს.

- ჭიათურაში, - დარწმუნებით მითხრა, - როგორც ყველგან, ღამღამობით სძინავთ.

- იქნება ვინმე... მორიგე, პასუხისმგებელი...

- კი, კი, იქნება...

დალაქულ კედელს აზიზად მოვშორდი, მაგრამ შარვალზე დავიხედე და... აჰ, ჩემ მტერს, მტრისას - ირგვლივ სულ კირით მქონდა მოთხვრილი. ავდექი და, უსუსურობისაგან, ვაგონის კიბეზე დავჯექ.

- ყოველი შემთხვევისათვის, მაიც... - მითხრა და რუკზაკს ისევ შეუხსნა თავი, - მორიგე-პასუხისმგებელთან რომ შეხვალთ, წვერგაუპარსაობა არ ივარგებს ნამდვილად... აჰათ, ინებეთ, ჩამრთველი არ უნდა, თქვენი საათისა არ იყოს, თავისით მუშაობს, - და აბზუილებული სამართებელი მომაჩეჩა.

კარგი შესახედი კი ვიქნებოდი მოადგილეებსა და თანამშრომელთათვის ახლა - ვაგონის კიბეზე მჯდარი, ცალი ხელით გაბრუებული ვისვამდი ყელ-ღაწვზე აზუზუნებულ სამართებელს, მეორე ხელით - ლუდის ნახევრად დაცლილი ბოთლი მეჭირა.

- რას მოგიწყენია რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე - გამამხნევა კაცმა, - ეგეთები ხდება?


2

ჭიათურაში, დავითარსე.

ჯერ ის იყო და, მატარებლიდან ჩამოსვლისას, ჯარიმა მლეწეს - თბილის-საჩხერეზე, ადლერის ბილეთის ნაცვლად, ჯიბეში გინდაც დღის კინოსეანსის ძველი ბილეთი გდებია. კიდევ კარგი რომ, არავინ დამინახა მაინც. მერე იყო და, რომ გადმოვედი, რა მომელოდაა - იდგა, მიცდიდა... მოვიქუფრე და, რომ ვჭოჭმანობდი, დავემშვიდობო თუ უმძრახად ჩავუარო-მეთქი, მკითხა:

- კარგი საათის რომელია, ბოდიში?

ეჭვით შევათვალიერე, მაგრამ უცოდველად შემომყურებდა, მივუგე:

- რვის ოცი წუთია. კარგად იყავით.

ყურიც არ გაუბარტყუნებია:

- თუ გინდა, ქიმწმენდაში მიგიყვან, ტკბილო.

- არა, არ მინდა. ახალს ვიყიდი...

- ათზე იღება უნივერმაღი, გერასიმე. აბა?!

ამ მოთხვრილი შარვლით, ვინ ოხერს მივდგომოდი. არადა, რა მექნა...

- ვიცი, რომ არ გინდებვარ, გერასიმე, - წამოიწყო, აქ, ჭიათურაში, უკვე იმერულად უქცევდა, მაგრამ დამიგდე აბა ყური - მაგ პიჯაკ-შარვლით, ჩემო, თქვენი ამბავი რომ ვიცი, შორს ვერ წახვალ შენე. აქ, უნივე...

გავღიზიანდი:

- თუ შეიძლება, ზრდილობიანად ილაპარაკეთ! მე შენე არა ვარ.

თავი იმართლა:

- მე შენე უზრდელობით არ მიხსენებია.

- აბა?

- არამედ აკლიმატიზაციისათვის, გენაცვალე.

ელაპარაკე ამას...

მერე, განაგრძო:

- აქ, უნივერმაღში, ვერც თქვენს საკადრისს იშოვნი რამეს - ხელათ გეტყობა, მზა-ტანსაცმლისათვის დაბადებული რომ არ ხარ.

მართალს ამბობდა, ვიგინდარა - სხვადასხვა ზომის შარვალი და პიჯაკი მინდა, ამიტომ, თბილისში, კოსტიუმებს მუდამ ატელიეში ვაკერინებ ხოლმე.

- ასე რომ, გერასიმე, - დამაჯერებლად განაგრძო, - ქიმწმენდის გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ, იმის გახსნა-გაღებამდე კი ორსაათ-ნახევარია და, აგერ აქავე, ყურისძირში, სასადილოა ადრეული ერთი და, შევიდეთ ვაჟკაცურად შიგ.

აჰ, ესღა მაკლდა, რუკზაკიანი კაცის გვერდით მევლო:

- არა, არ მინდა...

- კაი ბატონო. აბა, მაშინ ახლა შენ თქვი, რა ვქნათ და - ჩემი კისერი.

სასადილოში წავედით, ბოლოს.


3

სად უნდა ვყოფილიყავ და, სად ვეგდე ახლა: კონდიცირებულჰაერიანი, ვერცხლისფერი ლაინერის ნაცვლად, ბინდბუნდიან, გაკვამლულ ოთახში ვაპაჭუნებდი თვალებს, სავარძელში გადაფლვის მაგივრად, ლურსმნებამოჩრილი სკამის კიდეზე დამფრთხალი ვიჯექ, სახელგანთქმული კონიაკი „თბილისი“ კი არა, მჟავე ღვინო მედგა წინ და მომხიბვლელ სტიუარდესასაგან ფრიად განსხვავებული - ყელში ბანჯგვლებამოჯეჯილებული, მძლავრღიპიანი მებუფეტე უნდილად გვემსახურებოდა - აი, რა მიყო წუხანდელმა დედმამიშვილების სადღეგრძელომ, მყავნდნენ მაინც, თორემ კი...

სალათა მოგვიტანეს, პური, ყველი - ფიჰ... იგი მადიანად შეექცეოდა. ორიოდ ჭიქა ყოველგვარი სადღეგრძელოს გარეშე აჟრჟოლებულმა (ძალიან მჟავე იყო) შევსვი, თავის ტკივილმა საბოლოოდ გამიარა, გავმხნევდი და ბოთლი განზე მივდგი - გათავდა, მორჩა, ისედაც მეყო ამდენი სმა. იმას ჭიქისთვის პირი არ დაუკარებია, მერე, ანგარიშის მოლოდინში, ამათვალიერა და მკითხა:

თქვენ ცოლშვილიანი ხართ?

- რა თქმა უნდა, - მივუგე მე.

- ძალიან კარგია, კარგი, ბარაქალა. ისე, სხვათა შორის, დაიარება მოსაზრება, ვითომ ბრინჯაოს ხანაში ქმარი რომ კვდებოდა, ცოლსაც მიაყოლებდნენ ზედ. არ იყო, ალბათ, ცუდი წესი - უნდოდა - არ უნდოდა, უფრო გაგიფრთხილდებოდა ცოლი, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოგივლიდა, შეგინახავდა, აბა, ახლა, ჩვენს დროში, რომ შეიკლავს ზოგ ქმარს ზოგი ცოლი, ზოგიერთმა, პანაშვიდზე, შეიძლება ხელზედაც კი აკოცოს.

- ვინ ვის... - დავიბენი.

ამიხსნა:

- მეპანაშვიდემ - ცოლს.

და დააყოლა:

- ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

- რამ გაგახსენათ... - და სახე პირველად გამებადრა, - აა, თქვენ ალბათ, ძალიან გაწამებთ ცოლი...

მაგრამ მომიგო:

- უცოლშვილო ვარ. და არც მყოლია. რა უჩვეულო ასოციაციაა, არა?

რაღაცას ურევდა... მითხრა:

- დადე ეგ შლაპა სკამზე, რომ ჩაგიბღუჯია ხელში. არსად გაგექცევა... სხვათა შორის, გრიშაც და ვასიკოც უცოლშვილოებია.

- ვინ ოხრებია... - წავიბუტბუტე.

- ძმებია ჩემი. მე - შალვა მქვია.

ის მებუფეტე აღარ ჩანდა, თუმცა, სად გვეჩქარებოდა, ცხრაც არ იყო ჯერ, და სწორედ აქედან, ცხრას რომ უკლია ოცი წუთი, ის მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი წამოიწყო, მის პიროვნებას თურმე მუქ წითელ ხაზად რომ გასდევდა, როგორც იტყვიან. მკითხა:

- სპორტი თუ გიყვართ?

- რა ვიცი, ისე... კი, როგორ არა, საჭიროა.

- კრივშია ერთი ძლიერ ცუდი წესი.

- რომელი... წარბი რომ უსკდებათ?

- აარა, კაცო, ეგ წესი არაა. რომელი და, გამარჯვებულს რომ უთვლიან მოგებას.

- ეს როგორ... - დავიბენი.

- როგორ და, გერასიმე, ერთხელ, ერთადერთხელ, შევესწარი სამართლიან გადაწყვეტილებას: გამოვიდა რინგზე ორი კაცი, გამოწყობილები ისე, როგორც იმათი წესი და რიგია, და ჯერ ერთმანეთს დასცხეს, მერე კი ერთმა დაჯაბნა და ურტყა - თურქის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი. მაგრამ მერე, მსაჯმა იმ მეორეს, დასიებულს, ცხვირპირდასისხლიანებულს რომ აუწია ხელი, ატყდა სტვენა დარბაზში, მაგრამ რა ატყდა, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება იყო...

- ეს როგორ...

- როგორ და, კოხტად - აბა, თან უნდა გირტყან და თან უნდა წააგო? - არა, ბატონო, არა... როგორი ამბავია, წარმოდგინე შენ - ვიღაცამ სულ ცხვირპირში გირტყას და ამისათვის ბროლის თასი უნდა მიანიჭონ? არა, ბატონო, არა, მე აქეთურის მომხრე ვარ, უნდა შეიცვალოს კრივში ეს წესი.

ურევდა, ურევდა...

- ჩვენ, სამ ძმა კეჟერაძეს, მხოლოდ ერთი და გაგვაჩნია, გერასიმე და, დისშვილებიც გვყავს, აცოცხლოს ღმერთმა. ორი მშვენიერი, წესიერი ბავშვია, მესამე კი - უჰუჰუ, მტრისას... მსგავსი ახირებული ეკრანზეც არ მინახავს, ცოტათი მე მამსგავსებენ... სახით. გრიშა და მე ძალიან ვეხმარებით ჩვენს დას ბავშვების აღზრდაში, ვასიკო ისე არა, სულ წიგნებშია ჩაფლული, და ნათესაურ კრებასავით მოვაწყვეთ რაღაც და, რა ვუშველოთ ამ ბავშვსო, ვთათბირობდით და სიძემ ჩვენმა, კაი ხვითოა ჩვენი არ იყოს ისიც, წამოაყენა წინადადება, ჭადრაკზე შევიყვანოთ ბავშვიო, ჭადრაკი - სპორტიცაა, ხელოვნებაც, ფილოსოფიაც, მელიორაციაცო და მე ვითავე ეს საქმე - ხელჩაკიდებული დამყავდა. ვარჯიშებზე არა უშავდა რა, შედარებით წესიერად იქცეოდა, ნიჭიც აღმოაჩნდა, მაგრამ, პირველსავე შეჯიბრებაზე არ მომჭრა თავი? როგორ თუ აფიცერი მომიგეო და, ვიღაცა სათვალიან მოწინააღმდეგეს, გაუშალა და არ გაარტყა ხელი? აბა... იმ სათვალიანს მაშინვე გამარჯვება მიაკუთვნეს...

და დააყოლა:

- კრივში როგორც უნდა იყოს კანონით, ისე.

ნამდვილად ურევდა!..

- საერთოდ, სპორტს, პოეზიასთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვს... - ფიქრებში წავიდა შალვა, და გამოცოცხლდა: - ფეხბურთი ავიღოთ თუნდაც. ვინმემ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის ილეთი რომ გაიმეოროს, გაგიჟდება სიხარულით ხალხი - დიდისავით ჩაახვია „ხმელი ფოთოლი!“, მიშას ფინტი გააკეთა, ვენაცვალე! უხარია მაყურებელს, რადგან პირიქით, უკეთესია, ფეხბურთელი ვინმეს თუ ჰგავხარ, მაგრამ აბა, თუ კაი ბიჭი ხარ, დაწერე ლექსში სადმე - სადაა ხარ, ჩემო ეელიკოო... - სტვენას დაგიწყებს კარგი საზოგადოება, ხალხი.

შლაპაზე ბუზი დამჯდარიყო, ხელი ავუქნიე.

ისე შეცვალა სალაპარაკო თემა, ვითომც არაფერი:

- და, საერთოდაც, ჩვენ, წერა-კითხვის მცოდნეებს, დიდი დანაშაული მიგვიძღვის ეის წინაშე.

- რის წინაშე?

- ე-წერტილი ი-წერტილის წინაშე, ესე იგის წინაშე, ესე იგი.

- რატომ... - გავოცდი.

- რატომ და, გერასიმე, დაწერენ ხანდახან მკვლევარები უშველებელ წიგნს, აუარება ზედმეტი მსჯელობით, ვითომ მოსაზრებებიანს, უვარგისს ყოვლად და, აქაოდა, ეკონომიას დიდ პატივს ვცემთო, ესე იგის ამოკლებენ - ე-წერტილი, ი-წერილი-ს წერენ. ესაა, გერასიმე, საქმე? ეკონომია თუ გიყვარს, შე დალოცვილო, ესე იგის რას ერჩი, რატომ ჩეხავ, იყოს თავისთვის, ამას ის არ სჯობდა, კილონახევარი წიგნი ტყვილა არ დაგეწერა? ხომა ვარ სწორი...

- რატომ, წესია...

- წესი... - ხელი აიქნია, - წესი კი არა, დამნაშავეები ვართ კაცობრიობა ამ სიტყვების წინაშე და, ცოტათი მაინც რომ გამოვისყიდოთ, ამის შემდეგ ასე დაუნ დავწეროთ - ესსსე იგგგი, ხომა ვარ სწორი?

- ექვსი მანეთი, - თქვა მებუფეტემ, თავს დაგვდგომოდა, მაგრამ იყურებოდა შორს.

ფული არაფრით გადამახდევინა, აკი მე დაგპატიჟეო, შალვამ და, უცნაურად თეთრკანიანი მებუფეტეს შემყურემ, კუპრივით შავი ულვაში რომ ჰქონდა, თქვა:

- ისე, ზანგებს, წესით, გერასიმე, თეთრი წამწამები უნდა ჰქონდეთ.

გამოჩურჩუტდა, მთლად...

4

ქიმწმენდაში ვიღაც წითური კაცი ტომარას კემსავდა და თან არხეინად ღიღინებდა: - შა-ავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა...

- კაი გამარჯობა! - შესძახა შალვამ.

- გაგიმარჯოს? - შეათვალიერა ქიმწმენდელმა.

- აგერ, პატივცემულის შარვალ-იდაყვს ვერ მოგვიყვანთ წესრიგში?

ამხედა, დამხედა, ეუცხოვა: - რა ნაჭერია, ბატონო?

- ინგლისური ტრიკოა.

- აჰ, ტრიკოზოლი არ გვაქვს.

- აბა, რა გაქვთ, რა... - ამოვიგმინე.

- რა და - დაკრონზოლი, შალზოლი, კრეპზოლი, ბუკლეზოლი... ტრიკოზოლი არ გვაქვს.

- რასა ჰგავს ეს! - გავფიცხდი, მართლა, - ქიმწმენდაა ეს თუ რა!

- რას ჯდებოდი, ძამია, აბა უწესი ადგილას... მე გირჩიე თუ...

ამის ძამიაც რომ გავხდი...

- ყური დამიგდე, - მკლავზე წავატანე ხელი, - ორ საათში თუ მომიწესრიგებ, ამდენს გაჩუქებ, - თითებით ვაჩვენე.

- მანათს? - აიბზუა ტუჩი.

- თუმანს, შე კაცო...

- სიტყვა სიტყვაა? - ამაღლებულად შემომაცქერდა.

- კი.

- მაშინ ხვალ არა, ზეგ... ნაშუადღევისთვის. ძალიან ვეცდები.

რა თავს იგდებდა!

- ორ საათში-მეთქი, ადამიანო!

- ორ საათში, პატივცემულო, შეუძლებელია ყოვლად.

- რატომ...

- სიმართლე გითხრა?

- თქვი.

- რა და, გენაცვალე, ამას არავითარი ტრიკოზოლო არ უნდა, უნდა გაიწმინდოს შეძლებისდაგვარად ჯერ, მერე „ნოვოსტში“ გაირეცხოს, გაშრეს და გაუთოვდეს ბოლოს, და, გენაცვალე, ხვალინდელ თერთმეტის ნახევრამდე არ ეშველება არაფერი. „ნოვოსტი“ საღამოთი უნდა მომიტანონ ზესტაფონიდან, ქალაქის კარგი ასეთი, მანამდე, გავწმენდ, შენ ხარ ჩემი ბატონი, გავასუფთავებ, გავუდენ კაშკაშს. იდაყვი მაჩვენე აბა...

მივუშვირე, როგორც შემეძლო... ათვალიერებდა, სული შეუბერა, წკიპურტი გაჰკრა, კვლავ აღიღინდა: - შაავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა... ახალთახალს დავამგვანებ. რომ შეგნატროდეს ყრუ-მუნჯი ყველა...

რა შუაში იყო...

- გაქვს შემოდანში გამოსაცვლელი თუ...

- მაქვს, როგორ არა, - მოფარებულში შევედი, შარვალი და ნაქსოვი პერანგი ამოვიღე, გავძახე, - თერთმეტის ნახევარს ხომ არ გადააცილებთ...

- საჩივრის წიგნის მადლი გამიწყრეს, ჰიჰ... - ჩაეცინა, და გაუმკაცრდა ხმა, - შენ ხომ არ დაგავიწყდება, - თითები შემოჰყო ფარდაში.

- არა, კაცო, არა... სიტყვა სიტყვაა, ხომ გით... - დავბარბაცდი, შარვლის ტოტი ფეხში გამებლანდა.

- აკი დაგემართოთ.

გამოვედი და, მოგრძო სარკეში ჩავიხედე, არა მიშავდა რა, ჭიათურის პირობაზე... შლაპა დავიხურე, ვუსურვე:

- კარგად იყავით.

- აგრე იყოს, - თქვა ქიმწმენდელმა. უზრდელი...

- თქვენ ნამდვილი ქართველები იყოთ, მეტი არაა ჩემი მტერი, - თქვა შალვამ, ქუჩაში რომ გამოვედით.


5

მაგრამ უგუნებობამ სასწრაფოდ გადაუარა; დარიგებას მოჰყვა, თავისი ჭკუით:

- შენ თვალსაჩინო კაცი ხარ, გერასიმე და, ქალს თუ ეტყვი შემთხვევით, მიყვარხარო, და თუ ის შეგესიტყვება - არ მჯერა, ვაი - არ უნდა უთხრა: „ცოლ-შვილს გეფიცები...“ ამას აჯობებს, ყოჩაღად მიუგო: „დედა ნუ მომიკვდება“, ანდა უბრალოდ: „თუ არ მიყვარდე, ცუდი ვიყო...“

გიჟია, ოხერი... და რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმეკვეთა მისი ეს თავგასულობა, თანამდებობა პირში ვუთხარი ჩემი, ასე მეგონა, გადანცვიფრდებოდა ჯერ, და ღრმა პატივისცემით შემომაცქერდებოდა მერე, მაგრამ მშვიდად თქვა:

- რა ვუყოთ მერე... - და მანუგეშა, მანუგეშა კიდეც, წარმოგიდგენიათ? - ჯერ მაინც შედარებით ახალგაზრდა ხარ...

სულელი იყო. და კარგი აზრი მომივიდა, დადებითი - სისულელეში უნდა ავყოლოდი, სხვა გზა არ იყო - აბა, დადექი ახლა და ესაუბრე ამას სერიოზულად ქვეყნის ავ-კარგზე, როგორც იტყვიან... იქ, კაბინეტში, ამისთანები გამიცურებია? და აგდებულად ავხედ-დავხედე, პირველად შევათვალიერე საფუძვლიანად, დავეკითხე:

- შავები რატომ გაცვიათ ამ გაგანიაში, შალვა-უფროსო?

„უფროსო“-მეთქი, აჰ; იუმორის შესანიშნავი გრძნობა... მაგრამ არ მოტყუვდა, მაშინვე ბანზე ამიგდო სიტყვა:

- შენ საქართველოს გიყვარს, გერასიმე?

გამომიჭირა - მე, ჩემდა თავად, ამ შეკითხვაზე ვერ გადავუტანდი სიტყვას, ჩემთვის უხერხულია მაინც საქართველოზე მოყრუება, და დროებით მივუგე:

- კი, როგორ არა...

მაგრამ აქ წარმოთქვა ყოვლად უხამსი, ერთდერთი:

- ისემც...

უზრდელი! ხეპრე...

მერე, კინოთეატრში შევედით... დრო რომ გაგვეყვანა.


6

კინოთეატრიდან, გედების პარკი დამათვალიერებინა... იმდენი არაფერი - რაღაცნაირი ხეები იდგა და გედები დაცურავდნენ წყალზე. გრძელ მერხზე ჩამოვჯექით, ჩრდილში, რადგან მზეზე უფრო ცხელოდა და, საერთოდაც, ცხელოდა. სინოპტიკოსებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დიდი სიცხე იყო საქართველოში მიმდინარე 1971 წელს.

- უხდება ტირიფი გედს - აღნიშნა, - რა სულელური ფილმი იყო?

- რატომ... - არ დავეთანხმე, - კეთილშობილებაზე იყო, პატიოსნებაზე, სიწმინდეზე...

- კარგი, გაჩერდი, თუ კაცი ხარ... - შეიჭმუხნა, - ტყუილი იყო თავიდან ბოლომდე...

- რა არ დაიჯერეთ მაინც... - „თქვენობით“ იქით მივმართავდი, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ასე იყო საჭირო...

- რა და, ჯერ ერთი, ის ქმარი ტყუილად არ ეჭვიანობდა.

- როგორ თუ არა... ხომ გამოირკვა ბოლოს ყველაფერი.

- რა ყველაფერი...

- რა და, ქალის უბიწოება.

- კარგი გაჩერდი, გერასიმე... - აიმრიზა.

- როგორ თუ გაჩერდი... - ავიმრიზე მეც.

- როგორ და, ნამდვილად მოხდა იმათში რაღაც...

- რა რაღაც... რა!

- იცი ის შენ.

- არაფერიც არ მომხდარა, - გავუსაჩივრე ნათქვამი, - ხომ გაირკვა ბოლოს...

- არა, გენაცვალე. მე ყოველთვის ვხვდები, წყვილის დანახვაზე, მომხდარია თუ არა იმათში რამე... ვხვდები და რა ვქნა.

- რითი...

- ეტყობათ, კოჭებში.

აღვშფოთდი:

- ახლა, შენ უკეთესად იცი სცენარისტზე?

- აბა რა! - გამოცოცხლდა შალვა, - ოთხ თვეს გამნათებლად ვმუშაობდი.

- მაგ ფილმზე?

- არა, თეატრში.

ელაპარაკე ამას...

- არა ხართ სწორი, არა, შალვა, - დამაჯერებლად ვუთხარი. მაგრამ ამ ვაჟბატონზე, შალვაა თუ ვიღაც, ამან არ გასჭრა, და, საერთოდაც, ჩემს არგუმენტებს არ უჯერებდა, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით განვაგრძობდი:

- ბოლოს ხომ გაირკვა ზუსტად ყველაფერი.

- ეკრანზე - კი...

- აბა, სხვა რა გინდა... - ამოვისუნთქე.

- სცენარით გინდაც არაფერი მომხდარიყოს, მაინც მოხდებოდა... იქ.

- სად იქ, შალვა, კაცო...

- სად და ცხოვრებაში.

აყევი ახლა ამას... მაგრამ გავბრაზდი:

- რა იცი შალვა შენ! - გაცხარებულს „თქვენობის“ თავი აღარ მქონდა, - რაზე შეატყვე მაინც!

- ეტყობათ-მეთქი, კოჭებში... - და დააყოლა, - რა კარგი შლაპაა? იფ...

და მყისვე მისი ჩამოცილება გადავწყვიტე. ამეკიდა, რა, იმასავით... აი, იმასავით. აი, აი ტკიპასავით, ჰო. კატეგორიულად დავეკითხე:

- თქვენ საით წაბრძანდებით ახლა?

- სად მაქვს თქვენს იქით გზა... - არხეინად მომიგო, კიდევ კარგი, „თქვენ“-ობითში რომ მაინც ამყვა, მაგრამ მაშინვე გააბათილა - ხომ გადავწყვიტეთ მე და შენ, ერთად მოგვევლო ჭიათურის რაიონი.

- აარა, გენაცვალე, აარა, - ავნერვიულდი, - იძახით აქ სისულელეებს და...

- სისულელეებს რომ ვიძახდე, კამათი არ ამყვებოდი. ეტყობა, შენც გენიშნა რაღაც... ტყუილ-უბრალოდ არ კამათობენ. აბა ახლა, მე რომ ვთქვა, მაგალითად, ასეთი რამ - დუშეთის ფლოტი მსოფლიოში უძლიერესია - შემეკამათები, გერასიმე?

სულელი იყო ვიღაც... ტუტუცი, შტერი... ვინც დედმამიშვილების სადღეგრძელო კიდევ შესვას, ჩემდა თავად...

- აბა, მოვიაროთ, აბა? - სულწასულად დამეკითხა, - აკი დავთქვით და...

- აარა, ბატონო, სრულიადაც აარა, - ისევ ავთრთოლდი, - ის სულ სიმთვრალის ბრალი იყო.

- სიმთვრალემ შეგაცდინა, ხომ... - გულდაწყვეტილი დამეკითხა.

- დიახ!

- ცუდია, არა, ცუდი სიმთვრალე?

- ძალიან ცუდი. ვერ ხედავთ, რა დღეში აღმოვჩნდი? სად უნდა ვყოფილიყავ და...

- აბა, ცუდია? - დაკვირვებით მიყურებდა.

- ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. - მტკიცედ განვუმარტე.

- ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი...

დავინტერესდი აქ:

- რა, მაინც... შალვა?

რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა, მითხრა:

- რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს კიდევ ეშველება... ცუდი სიფხიზლე თქვი შენ...


7

სხვა გზა არ იყო - რაღაცით უნდა დამემტკიცებინა ჩემი უპირატესობა, სულ აიგდო თავი, და გამოსავალს ვეძებდი. საათზე დამეხედა? არა, ეს ხომ უკვე ვცადე და, უშედეგოდ, სხვა რამ იყო საჭირო, და მსუბუქად ჟრჟოლადავლილმა კუჭმა მიხსნა - დილით რა ვჭამე, არაფერი და, ცოტათი მშიოდა, და მისი პირველხარისხოვან რესტორანში დაპატიჟება განვიზრახე, თუკი მსგავსი რამ არსებობდა აქ, ჭიათურაში, სადმე. თურმე, ყოფილა და იქით გავსწიეთ, იმან - რუკზაკმოკიდებულმა, მე - ჩემოდნით ხელში, და რადგან გარდერობი ზაფხულობით არ მუშაობდა, ფეხებთან დაიდო იმან თავისი ბარგი, მე - ჩემი მოწყობილობა, მომცრო კაბინაში ვისხედით, ზედ რომელიღაც ამღვრეული მდინარის პირას. აქ, რესტორანში, შალვასთან დაძაბული თამაშისას, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდი, რადგან რესტორნების მაქვს გარკვეული გამოცდილება, დიახ, და ოფიციანტთან მსწრაფლ ხელში ვიგდე ინიციატივა, რადგან არცთუ ისე ქართქათა სუფრა გამოვაცვლევინე, მართალია უარესი მოიტანა, მაგრამ მაინც... ცივი შამპანური დაუდევრად, თითქოსდა უგულისყუროდ ვიკითხე, მოვატანინე ორი, მერე ერთი უკან გავატანე, მაცივრის უმაღლეს თაროში შესადებად, შევუკვეთე ხბოს მწვადი, სუკი (ხიზილალას არ ვენდე) და ორი წიწილა, ერთიც - დედალი; სალათა, კუჭმაჭი, ბორჯომ-ლიმონათი და ყველი რა სახსენებელია, ანდა - მჟავეული. ბაზარში ოხრახუშისთვის გავაგზავნე დამლაგებელი, წუთში მობრუნდა, და ოხრახუშს ოსტატურად ვურევდი შამპანურით სავსე ჭიქაში, გაზი რომ გასცლოდა - მძიმეა იგი სასმელად, დალოცვილი... მერე ქართულ პურზედაც პროტესტი გამოვთქვი, გასაცხელებლად გავატანე ქუხნაში („კ-“-უხნას კი არ ვამბობ ზოგზოგებივით, ჩვენ, ზოგიერთმა ქართველმა, თუკი საჭიროა, ვიცით მშობლიური ენის ფასიც), და რომ გაივსო მშვენიერი, სხვათაშორის ჭიათურის პირობაზე, საჭმელ-სასმელ-სანოვაგით სუფრა, შალვამ შემაქო:

- ყოჩაღ, გერასიმე. მაქსიმალისტი ყოფილხარ, ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონია.

- ხომ არ აკლია რამე? - სუფრას გამომცდელად გადავხედე.

- კი.

ეს პირში მითხრა, გავოცდი ძლიერ:

- რა მაინც...

- ერთი, თუ კაცი ხარ, - თითი ასწია, - ლობიო ან შემწვარი კარტოფილი მოატანინე.

- რა, ამეებს აჯობებს?

- ვინც ხორცს არ გეახლება, გერასიმე, იმისთვის - კი. და, თუ არ გეწყინება, მე ღვინოს დავლევ.

- რატომ...

- გამათამამებს შამპანური. თანაც, მივეჩვევი და... ვინ დამალევინებს მერე.

ფუჰ, უპირატესობა ხელიდან მეცლებოდა. გუნება გამიფუჭდა და, რაღაცნაირად, მეუხერხულებოდა კიდეც წიწილის კვნეტა, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო, გაგიგიათ, ალბათ... მაგრამ უკანდახევა არ მჩვევია, ჭიქა ავწიე:

- გაუმარჯოს ყველაფერ კარგს, რაც ქვეყანაზე არის.

- ერთი ჭიქით სვამ ამას, გერასიმე? - გაკვირვებული შემომცქეროდა.

- ჰა, ორით იყოს, - ვთქვი და მეორე ჭიქაშიც ქაფის უნაზესი ვულკანი ამოვიყვანე, კარგია შამპანური, ვენაცვალე მას.

- გაუმარჯოს, - თქვა შალვამ, - მაგის იმედით არ ვართ?!

მადა გამეხსნა. სუკი ჩავკბიჩე, აჰ, ოდნავ ძნელად მნებდებოდა, მე რომ მიყვარს, ისე; ხბოც კარგი იყო, ნაზი, ცვრიანი, და წიწილასაც კურტუმიდან რომ მივადექი, შალვამ იკითხა:

- თქვენ ხინკალი თუ გიყვართ, ა, გერასიმე?

- გააჩნია გაკეთებულს, - მაინც ვფრთხილობდი, ავწონ-დავწონე სიტყვა.

- მე კი, გერასიმე, ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

- აღმოჩენამდე? - გავიკვირვე და წამსვე იუმორი მოვიშველიე, - რა, ნიუტონის კანონია?

- არა, ეს კუჭის კანონია, - სერიოზულად მომიგო, - ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, - შეუდგა ახსნას, - ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი - ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის - მწვავეს, მადიანს, ველურს - უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია... მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ - ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? - დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ... ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ - რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! - კუჭის კანონია ეს, გერასიმე.

სუფრაზე უხერხული დუმილი ჩამოწვა, ბარკალს ხელი ვუშვი.

- რამე ხომ არ მოგართვათ, ბატონო, ხომ არ გამოვაცოცხლოთ სუფრა? - დუნედ იკითხა ოფიციანტმა, ფანჯარაში იყურებოდა.

- ჰა... არა, - ვთქვი მე.

იმან კი, შალვამ, ასე მომმართა:

- მიირთვით რამე, გერასიმე.

ჩემს პურ-მარილზე, მეპატიჟებოდა!


8

მაგრამ შამპანურს, ამხანაგებო, თავისი გააქვს. ასე იყო ახლაც, რასაც მეტს ვსვამდი, ვმსუბუქდებოდი უფრო, და მსიამოვნებდა, ისიც, სულელი, ღვინოს წრუპავდა და შევსვით სხვადასხვა სადღეგრძელო, ამჩატებული, მეტის პატივით მექცეოდა, მეტი ზრდილობით, ძლივს არ გაიგო ჩემი ფასი? მაგრამ რაღაცას აპირებდა, მგონი; ეტყობოდა, რაღაცნაირად, მისივე გამოთქმისა არ იყოს, კოჭებში, თუმცა ფეხები მაგიდის ქვეშ სულ არ უჩანდა - გამჭრიახი ვარ - ძალიან დატკბა, სულ თვალეში შემომციცინებდა, ბატონო სიმაც მიწოდა ორჯერ... შვება ვიგრძენი, მჭიდროდ მივეყრდენი სკამის ზურგს, მიდამოს გავხედე, საბაგირო გზები ჰქონიათ ჭიათურაში, თურმე, კარგია, ყოჩაღ, მომეწონა ეს. მაგრამ რაღაცა გაბრაზება, მთელი დღე გონებაში რომ მიღიტინებდა, სწორედ ახლა არ გამახსენდა? წამსვე ვიფიქრე:

- კი მაგრამ, შალვა, შუა ზაფხულში რატომ ათბობდნენ ვაგონს?

მაინცდამაინც არ აღელვებულა, ის კი არა და, მშვიდად მომიგო:

- რა გითხრათ, აბა, ალბათ ნახშირი თუ აქვთ ასათვისებელი...

- როგორ თუ ასათვისებელი...

- ტყვილა ხომ არ გადაყრიან აბა?

- გადაყრა არ სჯობს ხალხის ამოხრჩობას?

- აჰ, ეგ არა თქვათ, საპასუხისგებო საქმეა ტყვილა რაიმეს გადაყრა, თქვენ კი უნდა მოგეხსენებოდეთ ეს.

გამომიჭირა, ოხერმა და, ეს მდგომარეობა რომ განმემუხტა, მესამე ბოთლი ჩემით გავხსენი, გამოზომილი, დახვეწილი მოძრაობით და, სანამ ჭიქაში ქაფი ჩადიოდა და სითხე კი პირიქით, ამოდიოდა, უეცრად ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა:

- ერთი თხოვნა მაქვს, ბატონო სიმა. ნუ გამაწბილებთ...

ერიჰაა! აჰა - თავიდან ვგრძნობდი, რაღაცის გამორჩენა რომ უნდოდა ჩემგან, მაინც გულთბილად შედარებით, ვთქვი:

- მითხარი, შალვა.

- რა და, ბატონო სიმა, ერთი აზრი მომივიდა, თუკი გვიკადრებთ.

- რატომ არ ვიკადრებ, თუკი ნორმის ფარგლებს არ სცილდება, - და ადამიანურად გავამხნევე: - ადამიანები ვართ მეც და შენც.

ნასვამი ვიყავი, თორემ ვინ ოხერი გაუყადრებდა თავს.

- რა და, ბატონო სიმა, ღამე მაინც აქ გვაქვს გასათევი და, სასტუმროში ოთახის ძებნას, აგერ, აქავე, ერთი საათის სავალია ავტობუსით სულ, ბიცოლა ცხოვრობს მკვიდრი ერთი ჩემი და, მივიდეთ ბარემ, სულ მეხვეწება, წერილობით, ეე, ამოდი ერთი, რა იქნება, ამხანაგებით, შალვაო და, კაი ქართულად დაგვიხვდება, მშობლიურ-ტკბილად, ბატონო სიმა, ბევრს კი ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ სიმინდზე გაზრდილ ქათამს დაგიკლავთ, ჭყინტი ყველი და პრასი ექნება, ქოთნის ლობიო, კეცის ჭადი და ნამდვილი ღვინო, ქვევრიდან მცირე ზვირთებად ამოლიკლიკებული, - და საცოდავად დამეღრიჯა, - ავიდეთ რაა?

- არა, ახ, არა, არავითარ შემთხვევაში, - კატეგორიულად განვუცხადე მე.

- რატომ, ბატონო სიმა...

- რატომ და, ვიცი, წამოიწყება იქ დედმამიშვილების სადღეგრძელოები!

- რა უჭირს მერე...

- არა. - ვთქვი კვლავ მე, შეუვალი ვარ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, მაგრამ განაგრძო:

- რა იქნება, რა, ბატონო სიმა, პატივი დაგვდეთ...

- არა-მეთქი. აჰ! - ამ შეძახილით გავკიცხე და ხელისგული მაგიდაზე მრავალმნიშვნელოვნად დავდე. ახლა კი მივხვდი - ამიყვანდა იქ, სადღაც სოფელში, დამალევინებდნენ რაღაცა ღვინოს, გაშლიდნენ ქეციან პურ-მარილს ისეთ დაბალ მაგიდაზე, წელში რომ გაგწყვეტს, მერე კი, შემთვრალს, შემაცოდებდნენ თავს - მარტოა აქ, მოხუცია, გამოყრუვდაო და, თქვენი ჭირიმე, ეგებ ქალაქში გადმოვწეროთო და, ან მასალა ენდომებათ რაიმე, გამომტყუებდნენ დაპირებას და მისამართს, მერე ქალაქში რაიმე ძღვენით მომადგებოდნენ და, ამათი თავი მქონდა მე? აქაც კი ვიჯექი გაწყობილ მაგიდასთან, კოხტად.

- მაშინ, ბატონო სიმა, აქ შევსვათ დედმამიშვილების სადღეგრძელო, - მითხრა.

- აჰ, არა, არა, - გავასავსავე ხელი, - მაგ სადღეგრძელოს დამლევი არ ვარ.

- რატომ, პატივცემულო? - დაინტერესდა.

- იმიტომ. მორჩა! - მკვეთრად მივუგე.

- კაი, ბატონო, - მაშინვე დამეთანხმა, - აბა, მე დავლევ და, მისმინეთ მაინც.

- კი, სმენით - გისმენთ.

- ჩვენ სამნი ძმა ვართ, კეჟერაძეები, და ერთი დაც გვყავს, გაგვიმარჯოს ჩვენ. ერთი გვყავს კიდევ, ბიძაშვილი, დედის მხრიდან და, დედაჩემი კი სანაძის ქალია, ბატონო სიმა, დადმამიშვილებში არ გვერჩევა ბიძაშვილი ის.

ძაან არ მაინტერესებდა? ვარიდებდი თვალს...

- ჩვენ, სამნი ძმანი კეჟერაძე და ბიძაშვილი ჩვენი, სულ სხვადასხვა გზით წავედით ცხოვრებაში: აგერ, მიხეილი ჩვენი, სანაძე, წავიდა დირიჟორად, მუსიკის გზით, გრიშა, ჩემი ღვიძლი ძმა, წავიდა ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარების გზით, ხოლო მეორე ღვიძლი ძმა, ვასიკო, წავიდა ლიტერატურის სიყვარულის გზით.

ალმაცერად გადავხედე აქ:

- და თქვენ? თქვენ საითკენღა წახვედით, შალვა?

- მე ყველაზე რთულ გზას დავადექი, - თქვა მან, - მე წავედი სოფელ-სოფელ წოწიალის გზით.

- კი მაგრამ, რატომ?

- ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება.

- რაა ასეთი? - ჩავაჯინდი.

- მერე გეტყვით... როდესმე, სხვა დროს.

- რა, ლიეპაში წამომყვებით თუ... - კვლავ იუმორი მივაშველიე.

- აჰ, ლიეპაში რა მინდა, კაცო... ლიეპაში კი არა, აქ ვერ ავსულვარ, ბიცოლას სოფელში, სადაც...

გავაწყვეტინე:

- თამადაო, ჩანჩალაო... - ვეხუმრებოდი.

- გაუმარჯოს, აბა, ჩემს და-ძმებს კეჟერაძეებს, მიხეილს ჩემსას, თქვენ არ გყავთ, ვიცი.

- რა იცი? ჰა... - დავიბენი.

- კიბეზე არ მითხარით?

- რომელ კიბეზე...

- თბილისის ვაგზლის.

და, ლაპარაკი რომ მსწრაფლ სხვა რამეზე გადამეტანა, ჭიქას წამოვავლე ხელი: - დედმამიშვილებს გაუმარჯოს.

და, საოცრებავ, არ მივიყუდე? აკი დავთქვი, რომ... არ შეიძლება, გულში ვიძახდი, აარა-მეთქი, მაგრამ მაინც - ყლუპ, „ეს სადღეგრძელო გაგაფუჭებს - ჩემს თავს ვეუბნებოდი და მაინც - ყლუპ, „ბოლომდე მაინც ნუ გამოცლი“ - ყლუპ, „რას სჩადი, კაცო“ - ყლუპ, და გამოვცალე ამასობაში, მე სულელს, მაინც კიდევ მინდოდა, ჭიქა მაგიდაზე იდგა, მე კი ჭიქაზე შემომეჭდო უგუნური თითები და, გამიგო კიდეც, მყისვე შემივსო, მითხრა:

- ძალიანა გთხოვ, მიხეილის სადღეგრძელოც მიირთვათ, ბატონო სიმა. იგივ დედმამიშვილია ჩემი...

მაშინვე დავუჯერე:

- ეს გაუმარჯოს ლიტრა... ტერატუტურის... - ენა ამებნა.

- აჰ, არა, არა, ის ვასიკოა... დირიჟორია ეს...

- გაუმარჯოს ყველა დირიჟორს... თავისი ჯოხით...

- აგრე იყოს, ამინ, - და გამამხნევა, - ოო, ეგრე სჯობს, მასე, ბატონო სიმა, ბოლომდე დაცლა - ვაჟკაცურია.

9

ახლა რომ ვუკვირდები, იმჯერადაც დედმამიშვილების სადღეგრძელომ დამღუპა - შექანავებული, ცხვარივით დავდევდი აღგზნებულ შალვას, ვისაც მყისვე დავთანხმდი სოფლად ასვლაზე, მერე მითხრა, რომ სოფელში ჩემი ამ ძვირფასი ტანსაცმლით გამოჩენა შეუსაბამობას გამოიწვევდა ერთგვარს, და მაყიდინა უნივერმაღში ხამი ტილოს შარვალ-ხალათი, ვაი სირცხვილო - სადღაც ბუჩქებში გადავიცვი, მოვჩანდი კიდეც ალბათ, კარგი სამოსი - ჩემოდანში მზურნველად ჩადო, შლაპაღა შემრჩა ძვირფასი თავზე, და მილოცავდა აღჭურვილობას ახალს, რომელსაც, მისი შეხედულებით უბრალოსა და მშობლიურს, „ტყრუშულს“ უწოდებდა, ბიცოლასეული ღობის სახეობიდან ნასესხებ გამოთქმას; ბილეთების აღებდა დამასწრო, რადგან მე ჩემოდანიანა ერთ ადგილას ვიყავ, გაღიმებული შემომეგება:

- ა, მაშ, მივდივართ, პატივცემულო ბატონო სიმა?

- კი, - და დავეჭვდი, ნასვამიც კი, საზრიანი ვარ, - კი მაგრამ, იმანო... - სახელი დამავიწყდა, - ჰო, შალვა... - და სახელი კი გავიხსენე, მაგრამ ახლა სათქმელი დამავიწყდა, და გავიხსენე ისიც. - აი, ეგ შენი ბიცოლა, შალვა, რომ არ დაგვხვდეს, ა, შალვა?

ერთხანს მიყურა, და გაუბრწყინდა სახე, ჯიბისკენ წაიღო ხელი:

- აგერ არა მაქვს იმისი სახლის გასაღები?

და ამოაძვრინა კიდეც - პატარა, ოქროსფერი, კოხტა.

- კარგი, შალიკო... - დავეთანხმე, პატარას თითქოს ვბარბაცებდი, დიდი ამბავი, მერე რა... და მემშობლიურა შალვა მერე უცებ, რა იყო მაინც, რა ჭირი მეტაკა, მხარზე მოვხვიე ტყრუშულსახელოიანი ხელი: - ჩი-იტი გვრი-ტი მო-ოხ! ვეეუულშიიი...

- ზემო იმერეთს, ბატონო სიმა, ნამდვილ იმერეთს, საქართველოს ვნახავთ... - აღტაცებული იმეორებდა, გავაწყვეტინე:

- ძალიანაც კარგი.

და ავტობუსთან, უკანასკნელად შეჭოჭმანებულს, ისეთნაირი ვედრებით მითხრა: - წავიდეთ, რაა...

წავიდეთ, ჯანდაბას, კარგი, - ხელი ჩავიქნიე და ისე - უბრალოდ, ჰაი-ჰარაზე რომ არ დავთანხმებულიყავ, რიხიანად დავასაბუთე კიდეც, ასე ვთქვი მე: - ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს.

აი ასე ვთქვი მე, მიყვარს ხალხური პოეზია.

პატარა ავტობუსში ჯერ თითქოს სიხალვათე იყო, ჩვენ-ჩვენ ადგილას მოვკალათდით, მაგრამ როგორც კი დაიქოქა მანქანა, იხუვლა ხალხმა, სად იყვნენ იქამდე მაინც, შეშფოთებული ზეწამოვიჭერ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვეღარ ჩავიდოდი, ადამიანი კი არა, ლაზერის სხივი ვეღარ გააღწევდა გარეთ, და ისევ მოწყვეტით დავჯექი, რადგან ვიღაცა ქალი მიზანსწრაფულად წამოვიდა ჩემი ადგილისკენ, თავიდან ჯერ ცოტათი ამან გამომაფხიზლა; შალვამ დაუთმო იმ ქალს თავისი სკამი, და მეც მომიხდა ცოტა ხანში წამოდგომა, რადგან ქათმები დამადეს მხარზე, ფუჰ, ცოცხალ ქათმებს ვერ ვიტან, ქათმები შემწვარი ან მოხარშულია მხოლოდ კარგი, ნასვამმა, მძიმედ ავათრიე წელი და ქათმებიანი ქალი, ჩემს კუთვნილ ადგილზე, არხეინად მოკალათდა! ვიღაცის ფეხებზე კი ვიდექ, მაგრამ მეც ფეხზე ვიღაცა მადგა, საშინლად ჭყვიტინებდა სადღაც კუთხეში ცოცხალი გოჭი, აღმართში გაჭირვებით მიხროტინებდა ავტობუსი, და უცებ სადღაციდან შალვას ხმა შემომესმა:

- რავაა საქმე, გერასიმე, ვინმემ ხომ არ დაგაბიჯა ფეხზე!

ჰაიი, თაღლითი... კვლავ „გერასიმეზე“ გადავიდა, აქ რომ დამიგულა, ამ ხალხში ჩაჭედილი. თვითონ არ ჩანდა, სადღაც წაეღო მძლავრ ნაკადს, გავიტრუნე და, ისევ, კვლავაც არ შემომესმა?!

- სად ხარ, გერასიმე, ხომ წაგივიდა ამ შეუჩვევლობაში გული!

ხამსები ყუთში, კიდევ რაღაც წესრიგისდამიხედვით აწყვიან, ალბათ, მე კი, საცოდავს, ბეჩავს, გადაჩვეულს საერთო ტრანსპორტს, ამ სისასტიკეში გამქირდავი სიტყვების მოსმენაც მიხდებოდა, მთლად გავიხვითქე, ხალხი კი შალვას ყოველ წამოძახილზე მე მიყურებდა - ჩემი ტყრუშული შარვალ-ხალათის მიუხედავად, შემიცნეს, უცხო... და ერთხელაც რომ დამიძახა: „როგორ ხარ, გერასიმე!“ „კარგად“ - ვითომც ომახიანად გავეპასუხე, მაგრამ ჩემს ფეხებზე მდგარი კაცი ძალიან შეიჭმუხნა და მისაყვედურა: „რაა, ბატონო, მთლად გამიხეთქე ყურის ბარაბანი“ - ელაპარაკე, ამათ...

იგი კი, შალვა, აღარ იშლიდა: „მოსახვევია ახლა, გერასიმე, გამაგრდი იცოდე კაჟივით!“, „ორმოა აქ მოსალოდნელი მკვეთრად გადამხრელი, გერასიმე, არ შემარცხვინო!“, „ვინმეს ტომარა ხომ არ მოგედო, გერასიმე, იმ ნაღრძობ ფეხზე!“, იმდენი იძახა, შემომეცალა ხალხი თანაც ჩავიდნენ ზოგ-ზოგები და, უფრო უცხოდ და ყასიდად ვიდექ... მერე, გაჩუმდა, როგორც იქნა და, სიმთვრალეს, თუნდაც გაბზარულს, მაინც თავისი გააქვს - სულ ცოტათი წინ გადავინაცვლე და ვიღაც ბავშვიან ახალგაზრდა ქალს, თავთით დავადექი, გულისპირი ჰქონდა შემთხვევით მოღეღილი, წამძლია სულა და თვალი დავადგი, და რომ ვერ შეემჩნია ჩემი მზერა, აქამდე ხელში ჩაბღუჯული, დაჭმუჭვნილი შლაპა გავასწორე და ჩამოვიფხატე, და თუმც დაჟინებით, მაინც შენიღბვით ჩავცქეროდი, მაგრამ ქალი საერთოდ ალღოიანია ხანდახან ოხერი, მაინც მიმიხვდა და, რა ქნა, თუ იცით? - არ დამიჯერებთ - მთლად ამოიღო ცალი ძუძუ, ბავშვს პირში ჩაუდო და, ხალხის გასაგონად - წარმოგიდგენიათ? - მიმართა: ჭამე, გენაცვალე, თორემ ბიძია წაგართმევს... და ამომხედა, აჰ, ჩემი ბედი! მაინცდამაინც ასეთს უნდა გადავყროდი? ატყდა სიცილი ავტობუსში, მაგრამ რა ატყდა... იმანაც, შალვამ, წამსვე გამომძახა: „რაშია საქმე, გერასიმე, შენზე ხომ არ იცინიან, ხომ არ მომჭერი თავი!“ ხედავდა ალბათ, ყველაფერს, ოხერი, მაგრამ რა დავაშავე მაინც ასეთი, დასაცინ-მასხრად რომ ამიგდეს, გამექცა ისე, უბრალოდ, თვალი, აკი თქვა კიდეც ცნობილმა პოეტმა აკაკიმ - „საამო არის საცქერლად, დიაცის უბესავითა...“ ექსპონატივით ვიდექ, სიცილით ცრემლმორეული მთელი ხალხი დიაცის უბესავით ახლა მე შემომყურებდა, კიდევ კარგი რომ, ის ქალი სადღაც ახლოს ჩავიდა, თუმცა კიდევ კარგი კი არა, პირიქით, უარესი გამოდგა ეს, რადგან მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ავტობუსის დატოვება და ჭიათურაში დაბრუნება, ლიეპა თითქმის აღარ მახსოვდა, ჭიათურაზე ვოცნებობდი, წარმოგიდგენიათ? - მაგრამ იმ ქალს ხომ ვერ ჩავსდევდი, შემდეგი სოფლისთვის გადავდე ჩემი ეს განზრახვა, და გადაუხვია კიდევ ავტობუსმა, რაღაც დანჯღრეულ, საცალფეხო გზაზე ახრიგინდა. ვაჰ, ჩემი ბედი, და საბოლოოდ იმან გამომაფხიზლა, რაღაც ტომარა რომ შეხტა უცებ და ჩემსკენ გადმოხტა, და სანამ შექანებული გული დამიმშვიდდებოდა, კიდევ კარგი რომ, მივხვდი - გოჭი ეყოლებოდათ შიგ, თანაც, ფუიჰ, ცოცხალი.

...ჩემი საათი შვიდის ნახევარს აჩვენებდა, ავტობუსიდან რომ გადმოვედით.

მაინც ძალიან ცხელოდა, მთლად დამისველდა გადახახუნებული შუბლზე მწარედ, ცხირსახოცი. ეს შალვა ისე დაძაბული იცქირებოდა ირგვლივ, ასე მეგონა, ვიღაცას ეძებს-მეთქი, უნებურად თვალი გავაყოლე, მეც დავტრიალდი ადგილზე, მაგრამ აჰ, არა, არავინ ჩანდა. რა ჯანდაბა და ოხრობა აფაციცებდა აბა, სულ ვერ გავიგე... როგორც იქნა და, მომიბრუნდა, მითხრა:

- ბატონო სიმა, არ გეწყინოთ და, საქართველოს პატარა მონაკვეთი ფეხით გვაქვს გასავლელი...

მსწრაფლ შევიცხადე:

- ძლიერ შორსაა?

- აგერ იქ, იქით, მანდ არა, აი იქით, სახლები რომ მოჩანს...

კარგა გვარიანი მანძილი ჩანდა, უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე. ჩემოდანს დავწვდი, გაბრაზებული ვიყავ. მოსახვევთან ვიღაც ბებერი შემოგვეფეთა, როგორღაც, დაეჭვებულმა მოგვმართა:

- გამარჯობათ თქვენი?!

- კაი გამარჯობათ, ბატონო, - ხალისიანად შეაგება შალვამ, - როგორი ამინდებია აქეთ?

- რა უჭირს, კარგი, - უთხრა ბებერმა და, თითქოს რიო დე ჟანეიროს გარეუბანში შევხვედროდეთ ერთმანეთს, გახარებულმა გვკითხა: - ქართველები ხართ, ბიჭებო?

ალბათ შალვას რუკზაკმა თუ შეაეჭვა, ან - ჩემმა შლაპამ, გავღიზიანდი, მივუგე:

- არა!

აის ბებერი დაკვირვებით შემომაცქერდა, მერე დამიყვავა, თავისი ჭკუით: „კაი ბატონო, კაი ბატონო, კაი ბატონო...“ შალვამ კი, ჩემით ძალიან აშკარად გულდამწვარმა, ვითომ გამოსავალი იპოვნა:

- ნუ გეწყინებათ, ბიძაჩემო, ნერვიულია...

- რა უჭირს მერე, - თქვა ბებერმა და მხარზე ტომარა შეისწორა, - მასეთები ხდება? მშვიდობით გევლოთ...

- კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, - დაადევნა შალვამ და მაშინვე დაბალის ხმით მისაყვედურა: - გეთქვა, რაღა - ჰო...

- რატომ უნდა მეთქვა! - გავცხარდი, ნერვიული ვარ, - ქართულად გამოველაპარაკეთ და რა უნდოდა მეტი! კუდს ხომ არ გავუქიცინებდი კიდევ...

უზრდელი, თავხედი - აქ ორიოდ ნაბიჯით დაიხია და ერთ ადგილას დაკვირვებით, ხაზგასმულად შემომხედა. წელში გაიმართა, მისაყვედურა მერე:

- უნდა გეთქვა - ჰო...

- არ უნდა მეთქვა, არა!

- შენ იცი შენი საქმე... - სწრაფად დათმო და, კვლავ იაგრესიულა, - მაგრამ შენ შენი საქმე იცოდე, მეტი არაა ჩემი მტერი...

საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, უთქვამს ბრძენს, გაჩუმება ვამჯობინე. მაგრამ მთლიანად ვერ გავეცლებოდი, დედმამიშვილების სადღეგრძელოს გადამკიდე, იმის ტერიტორიაზე ვიყავ.

- აბა, შევუდგეთ ჩვენ-ჩვენ კუთვნილ გზას, - მხნედ გამოაცხადა შალვამ, - აი, ეს სიმინდის ყანა გვაქვს გადასალახი, შენ იცი, გერასიმე, როგორც მშრალადაც გამოხვალ, ხომ არ გეშინია მაჩვის?

- მაჩვის კი არა... - წავიბუზღუნე.

შრიალ-შრიალში, ოღროჩოღროზე მივაბიჯებდი, გული მიცემდა. სად ვიყავ მაინც, საით მივდიოდი, მაღალ სიმინდში არაფერი ჩანდა, მიცემდა გული. მარტო ვიყავი, შალვა არსად ილანდებოდა, წახრილს, ქურდულად მიმქონდა ჩემი საკუთარი ჩემოდანი, ალაბედობით მივიკვლევდი გზას.

- როგორაა საქმე! - როგორც იქნა, შემომესმა.

- კარგად, კარგად! - გახარებული შევეხმიანე.

- ასე იარე, ასე, ჩემი ხმისკენ! ხომ არ გიჭირს რამე!

- არა! - გავძახე.

- თუ გაგიჭირდება რამე, დამიძახე - ვაშლიი! კარგი?

- კარგი, შალიკო!

როგორც იქნა და, გავაღწიე იმ ყანას თავი, და შემომესმა წყლის რაკრაკი, როგორც იტყვიან. მომცრო ღელესთან შალვა იდგა, დაფიქრებული დასცქეროდა წყალს მერე მე მიყურა ერთხანს, და გულით მთხოვა:

- ხუთ წუთს ვერ დამითმობთ, პატივცემულო?

- რაშია... საქმე...

- ვიპკურო მინდა, გერასიმე, წყალი...

მხრები ავიჩეჩე. შალვა კი იქვე, მაღალ ბუჩქებში შეიმალა და, პატარა ხნის მერე, საცურაო ტრუსში გამოწყობილი წარმოსდგა ღელის პირას. რად უნდოდა ასეთი საგანგებო აღჭურვილობა, კოჭებამდე თუ მისწვდებოდა წყალი; ფეხი რომ შედგა, იმის მაგივრად მე გამაჟრჟოლა, მაგრამ შალვა მხნედ დაიხარა, ორთავ პეშვით ამოიღო წყალი, გაიმართა და, ისევ გემრიელად შეისხა მკერდზე, გული დამწყდა და, გაკვირვებული, თანაც შურით შევქცეროდი, როგორ გრილდებოდა ამ პაპანაქებაში - მთელი ეშხით... მერე ღელეში საერთოდ გაწვა, ხელ-ფეხს იქნევდა, კოტრიალობდა, მზეზ კი წყალში ნებივრობდა, ოხერი, და რომ შემომხედა, თითქოს მიმიხვდა შურსა და სურვილს, ნელა წამოდგა, ხელით მოიჩრდილა სველი სახე, დაკვირვებით მათვალიერებდა, და მერე მკითხა:

- გული ხომ არ გაქვს ცუდი და გლახა?

- არა, მე მგონი.

და უცხო რამ ბგერები, ნაზი და მოთბო, გაერია ხმაში:

- მოდი აბა გერასიმე, წყალში.

...ვხვანჩალობდით, ჰეჰ!


10

სანამ იმ საშინელ ამბავს მეტყოდა, სუყველაფერი კარგად იყო - მასპინძლის სახლი შორიახლო მეგულებოდა, გაგრილებული, ჩამავალი მზის სხივებქვეშ ვიწექით, ორთავე თვალი მილულული მქონდა, უგუნებობა გადამეყარა - წყლით. სოველ სახეზე მოთბო შუქი მადგა, სიგრილეს მწოვდა, ნაზად მთენთავ ნეტარებას მმატებდა, კარგია მაინც, რაც უნდა უნდა იყოს, მზე. მერე პირქვე გავწექ, ხელები გავშალე, კოხტად დავმძიმდი და, აი სწორედ მაშინ, მადიანად რომ გავიზმორე, ასე წამოიწყო:

- თუ არ გეწყინებათ, ბატონო სიმა, სიმართლეს გეტყვით.

ვინ თქვა, წინათგრძნობა არ არისო, ნამდვილად არის, რაღაცა ცუდი მაშინვე მიგრძნო გულმა.

- რა სიმართლეს... კაცო?

- რა და... შემომხედე ჯერ, ვაჟკაცურად, თვალში.

ღელის პირას წამოვჯექი და, მოლოდინით მივაპყარ მზერა, იმას კი განზე გაიხედა, თითქოს ცოტათი დამორცხვებულმა, თითით აჩიჩქნა მიწა, და მითხრა მერე:

- მე ამ სოფელში არავითარი ბიცოლა არ მყავს, გერასიმე.

სანამ რაიმეს მოვისაზრებდი, და ამოვიღებდი ხმას, იმ ციცქნა ღელის კალაპოტში ბლომად წყალმა ჩაიარა.

- როგორ თუ...

- არ მყავს და, რა ვქნა. - და ვითომ, ამიხსნა: - თავს ზემოთ ძალა არ არის.

- რანაირად... ა... ბიცოლა ხომ... - და, გაოგნებულმა, უცებ ვიფეთქე, გონება დამებინდა: - როგორ თუ არ გყავს! რაშია საქმე, ბოლოს და ბოლოს! რაღაც მაპეტიჟებოდი აქეთ... მე შენ გიჩვენებ! სადაა ტელეფონი!

აქ გაიბადრა, ღიმილ-ღიმილით მითხრა:

- აგერ იქ, ჭალაში, მესამე ხეზე ჰკიდია, გერასიმე.

მაგრამ არ მიმიხედია, არ მოვტყუვდი; გამახსენდა:

- ეს გასაღები რომ მაჩვენე? არა, არა, კი გყავს, როგორ არა, - ათრთოლებული, თავს ვიმხნევებდი, - კი გყავს ბიცოლა აქ შენ, ეე...

- შალვა, ბატონო.

- კი გყავს ბიცოლა შალვა, აქ, შენ...

- ის გასაღები, ბატონო სიმა, ჩემი ღვიძლი ძმის, ვასიკოს ფოტოატელიისაა. თბილისში, ღამღამობით, იქ მძინავს ყარაულივით, უხელფასოდ, კოხტად...

- ვინ ვასიკოა... რა ფოტოატელიე...

გაკვირვებულმა, დამანამუსა:

- როგორ, არ გახსოვს ნუთუ, ბატონო სიმა, დედმამიშვილების სადღეგრძელო?

გულშემოყრილი, წყლის პირას ვიჯექ.


11

კარგა ხანი გავიდა, სანამ ვიტყოდი, ხმადაბლა, სხვათა შორის:

- კი მაგრამ, მე აქ რატომ წამომიყვანეთ?

- არ გეწყინება, გამოგიტყდე?

შევხედე:

- არა.

მყისვე წამოდგა, გაიარ-გამოიარა, მითხრა:

- კარგი ადამიანი ხარ შეიძლება შენ, გერასიმე, მაგრამ უნდა გაგაადამიანურო უფრო.

- გამა... ამამადამიანო? - ავიბენი, რაებს ამბობდა, - ისეთი რა მჭირს... 

- შენს საქციელში, გერასიმე, გავზალშიც და ისეც, საერთოდ, სამშობლოდავიწყებული კაცი იგრძნობოდა.

- რადავიწყებული?

- გაიგე, კოხტად.

ერთხანს სიძულვილით შევცქეროდი; რომ შემძლებოდა, ცემით გავასიებდი, მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე.

- რაზე შემატყვე, მაინც...

- ეტყობათ ხოლმე კოჭებზე, გერასიმე. თანაც, ისე ამაყად, ისე ქედმაღლურად გაუშვი მძღოლი...

- ეს მაინც როგორ...

- წმინდად გაპარსული ნიკაპი მცირედ და მკვეთრად რომ ასწიე მხოლოდ.

- და შენ... ახლა... უნდა გამამადამ... ადამუნო... იანამურო? - კვლავ ავიბენი, ფუჰ, ეს მრავალპირიანი ზმნები, მაგრამ მიმიხვდა:

- დიახ.

- კი მაგრამ, როგორ!

- როგორ და, აქ, ზემო იმერეთში ხომ ამოგიყვანე... მიპასუხე, მითხარი!

- კი!

- ხომ გაგაბანინე ტანფეხი საქართველოს წყლით?

- სულ საქართველოს წყალში არ ვარ, შალვა?

- სად, დაკარგულო...

- აბაზანაში, სად...

- აჰ, ის სულ სხვაა.

- რატომ, ვითომ...

- იძახე ახლა რატომ და ვითომ... სხვაა და, რა ვქნა.

აქ რაღაც ჩიტმა უეცრად - ფრთხ და, წამოვიკრიფე, ეჭვებმა დამსერა, ფრთხილად, შეპარვით დავეკითხე:

- კი მაგრამ, ახლა რაღას მიპირებ...

- ერთი ღამე უნდა გაგათევინო აქ, ზემო იმერეთის ცის ქვეშ, და მერე წადი, სადაც გენებოს.

- კი მაგრამ, რატომ!

და ისევ ის არ მომიგო, მრავალპირიანი?

- გასაადამიანურებლად, ტკბილო. აგერ, შეხედე, როგორ ღამდება... იხილე საოცრება იგი, გერასიმე ჩემო!

რა საოცრება, რის საოცრება - უბრალოდ, ბნელდებოდა.

- იცოცხლე, კაია, კარგი, ლიეპა და კარლსრუე, გერასიმე, მაგრამ სამშობლოც უნდა გიყვარდეს, და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე, აბა, იქითკენ გაიხედე, რა ხაზებია, გერასიმე, და რა სირბილე... აგეე, იქით, ჩრდილებს შეხედე... სად ნახავ ამას, ამ იმერეთს, ზემო იმერეთის გარდა...

რისი ხაზები, რაის სირბილე... განაგრძობდა ის:

- რა სიმწვანეა, რა უცნაური...

მწვანე იქნებოდა ბალახი და ყანა, რა იქნებოდა აბა... ხმას დაუდაბლა:

- აქ დედამიწა არაა ავად, გერასიმე.

ჩურჩულ-ჩურჩულზე გადავიდა და, საცურაო ტრუსში გამოწყობილი, ათვალიერებდა არემარეს, როგორც იტყვიან; აღარ მესმოდა იმისი უთავბოლო სიტყვები, ისევ მეტაკა ჩემი დარდი, ისევ ვიფეთქე:

- კი მაგრამ, რა უფლეა გქონდათ მაინც, აქ რომ წამომიყვანე?

მსწრაფლ გაიკვირვა:

- რა უფლება მასწავლებლობას უნდა...

დავანამუსე:

- მასწავლებელი ხარ ჩემი შენ, შალვა?

- ამ მიდამოში, კი.

- და მე - შეგირდი?

- არა. - მითხრა და, შემომაჩერდა, ამხედ-დამხედა, მათვალიერებდა როგორ...

- რა ვარ, შალიკო, აბა...

- არ გეწყინოს და, ბითური ხარ გერასიმე, შენ.

მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე...

- მიწას კი ნუ ჩაჩერებიხარ, გერასიმე, იყურე ირგვლივ... და არ წააგებ.

ეეჰ, რას გავებდი, მე კი ვიცოდი, დრო ხომ - ფულია... ტყრუშულ ხალათმოხურული, თავჩაქინდრული ვიჯექი ისევ, იმან კი, შალვამ - თავხედმა, ბრიყვმა, მხარზე ვითომ ნუგეშის ნიშნად დამადო ხელი:

- რას მოგიწყენია, რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე, რასაა რომ მოგიწყენია, შე კაი კაცო, - მცირედ შემაჯანჯღარა და, ვითომც გამამხნევა, თავისი ჭკუით, მერე: - ეგ არაფერი, სიმა-ბატონო, ნამდვილად ვიცი, ორი-სამი საუკუნის შემდეგ შესაძლოა სულერთი იყოს, მე ამ სოფელში ბიცოლა მყავდა თუ არ მყავდა, აბაა, გერასიმე.


12

ჯერ ის იყო და, შემოგვაბნელდა, სახლები შუქად გადაიქცა, პატარა ხანში მაგრად ბნელოდა. მე ჩემი თხელი სვიტრი გადავიცვი, მერე - ნაქსოვი პერანგი, მერე - ჩვეულებრივი იშვიათად კარგი პერანგი (სად ვაფუჭებდი?) და, ისე ძალიან აცივდა, გაჭირვებულმა მაისურიც კი წვალებით ჩამოვიჭიმე, მაკანკალებდა მაინც, მუხლებზე ხელებშემოხვეული, მოკუნტული და უმძრახად ვიჯექ. იგი კი, შალვა, რაღა თქმა უნდა, ახლა - ჩაცმული, მუქშაც აჩრდილად მიმოდიოდა და, მე, ზაფხულის სუსხით ათრთოლებულს, თავისი ჭკუით, ჭკუას მარიგებდა, მეუბნებოდა ასე:

- იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ არა შენ ეს, გერასიმე - ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიცინებს ის, წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს.

უუჰ, ციოდა... იგი კი მეუბნებოდა ასე:

- ანდა, გერასიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და, შენისთანა გამოსული კაცი უხამსი ფოტოსურათების შეგროვებას თუ დაიწყებ, ყველაზე მრუში ვინცაა, სხვების დასანახად ყველაზე მეტად აღშფოთდება ის. ეს იმიტომ რომ, რა ქნას, იმანაც - ჩვენ, ადამიანთა დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა, მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო.

ფუჰუჰ, ციოდა... საათს დავხედე, თერთმეტის ნახევარი ხდებოდა, ჩემი საათი - ფოსფორიფიცირებულია, შალვა კი, თავხედი, მეუბნებოდა ასე:

- შენ, გერასიმე, გამომეტყველებაზე გეტყობა ახლაც კი, ბნელში, რაღაც წარმატებისთვის რომ მიგიღწევია, შენი გაგებით. მაგრამ მორბენალები ავიღოთ თუნდაც, ბატონო სიმა. თავს რომ დაადებს და რომ გაიქცევა გრძელ მანძილზე შვიდასი კაცი, და საბოლოოდ სწორის ბოლოს პირველი რომ მიიჭრება ვინმე, აღფრთოვანებულები ვართ ჩვენ, შემყურე ადამიანები - აჰ, შვიდას კაცში მაინცდამაინც როგორ გაიმარჯვა... მაგრამ, გერასიმე, სხვანაირად რომ მივუდგეთ საკითხს, ვთქვათ, გავიფიქროთ, რომ ვინმე ერთი, რომელიღაცა, პირველი ხომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე იმ ზღვა ხალხში, უფრო უბრალოდ მოგვეჩვენება მისი გამარჯვება. არაა ასე?

ბჰ!-რრ, ბუჰრრ... როგორ ციოდა, ციოდა როგორ... იგი კი აგრეთვე მეუბნებოდა ასე:

- ...რადგან საერთო ტრანსპორტსაც აქვს თავისი კარგი მხარეები, გერასიმე. კი, კი ბატონო, გეთანხმები, არაა კარგი, ავტობუსში ვინმე მტკივან ფეხზე რომ დაგაბიჯებს, მაგრამ გამოჭედილ ტრანსპორტში, სამაგიეროდ, ადამიანები უნებურად ახლოვდებიან და ერთმანეთის გულისცემა ესმით, თანაც, საერთო ტრანსპორტში, გერასიმე, ადამიანები ერთ ჭერქვეშ არიან...

ილაპარაკოს, რა... ლაპარაკობდა კიდეც, მაგრამ აი ასე:

- მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, გერასიმე - ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი - მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო.

ააქ კი, გაავცხარდი, გავცხარდი მართლა:

- ადამიანი მარტოა, მარტო, - გესლიანად წავიჩურჩულე, და თავს ავყევი, არ უნდა მექნა, - ყველამ იცის, რომ მარტო უნდა დაიბადო, მარტოკა უნდა დაადგე ძნელ გზას, პირში გიცინიან და ზურგს უკან გლანძღავენ. გილოცავენ და შურთ, მარტოკა უნდა მოკვდე ბოლოს და, ოცდაცხრამეტი და ექვსი რომ გაქვს, ლოგინზე მისავათებული, მარტო ხარ, აბა, რა ხარ, მარტო...

მყისვე ვიგრძენი, როგორ საოცრად დაინტერესდა, იმ სიბნელეში დაბერილი ნესტოებიც კი დავუნახე, გაფაციცებით მოელოდა ჩემგან კიდევ რაიმეს გაგონებას, მაგრამ გავჩუმდი, ნურას უკაცრავად, ისედაც ბევრი ვილაპარაკე. არ დააყოვნა:

- მომვლელს, ექიმს და მსგავს წვრილმანებს, მოდი, გერასიმე, დავანებოთ თავი და, რა იცი შენ, რომ მარტო ხარ... მითხარი.

- რა ცოდნა უნდა ამას. ასე არის ეს.

- არა, კეთილო, მხოლოდ შენ ფიქრობ ასე, გერასიმე, და გეჩვენება, რომ მართალი ხარ.

- მხოლოდ მე კი არა, ყოველი ჭკუათმყოფელი ასე ფიქრობს და, სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსებსაც გამოუთქვათ ასეთი აზრი.

- რომ ადამიანი მარტოა?

- დიახ!

აქ ნაღვლიანი ხმა შემომესმა, მაგრამ თურმე თვალთმაქცობდა, როგორც მალე დავრწმუნდი, ოხერი:

- ესე იგი, ბევრნი ხართ არა, ასეთი აზრის?

- დიახ! - ამაყად გავუმეორე, მაგრამ მომიგო:

- მაშინ, გამოდის, თუნდაც ამიტომ არა ხართ მარტო. კი, გერასიმე.

13

ვისხედით, ბნელში. სამართებელი პირს არ მიხსნიდა, უცხო მხარეში, კუშტად შევცქეროდი ცალთვალაჭიატებულ სახლებს. შალვა გულაღმა გაშხვართულიყო, ნაძირალას, რუკზაკზე ედო რეგვენი თავი. მე მოკუნტული ვიჯექი ისევ; ძველებურადვე, მაკანკალებდა. არა, მაინც სად უნდა ვყოფილიყავ და, სად გადაკარგულში აღმოვჩნდი ახლა... კიდეც მშიოდა. ხანდახან ვთვლემდი, ნამგზავრს, ნამთვრალევს, გამოძინება ყველაფერს მერჩია, მაგრამ აკანკალებული კაცი, ამხანაგებო, ვერ დაიძინებ. თანაც, ახირებული იყო ეს შალვა ვიღაც, გავიხედე და, ჩაძინებულს, მოზრდილი ლოდი დამიშვას თავში?! მოწმისა მოერიდება თუ რა, ამ სულელური ღელის პირას მარტოდმარტონი ვიყავით, ბნელში. მაგრამ ბოროტმოქმედს, სიმართლე სიმართლედ, შალვა არ ჰგავდა - უზრდელი იყო, უბრალოდ, იგი. ჩემი საათი ორს აჩვენებდა, და მეტსაც უფრო, მისი ფრთხილი ხმა რომ შემომესმა:

- არ გძინავს, გერასიმე?

- არაჰ! - აღმომხდა.

- რატომ არ გძინავს, ა, გერასიმე...

- რა დამაძინებს... რა მინდოდა აქ!

- რუკზაკს გათხოვებ, ბეჭებქვეშ დაიგე...

- არ მინდა, რატომ წამომიყვანე...

- ერთი რამის სიყვარულით...

- რის სიყვარულით, კაცო...

- დაფარვა რომ სჭირდება...

- რატომ სჭირდება...

- უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია... - და იდუმალის ხმით დააყოლა, - გულში სათუთად უნდა ატარო...

- რაა ასეთი...

მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:

- საქართველოა, გერასიმე, ჩვენი...

კარგა ხანს ისევ ჩუმად ვისხედით. ის ღელე თითქოს ტანზე მდიოდა. ისევ დავიხედე მაჯაზე, საათი ადამიანის მეგობარია, ოღონდ - პირშიმთქმელი, რა ნელა გადიოდა დრო, სამის ნახევარი ძლივს ხდებოდა. თუმც მაკანკალებდა, მაინც ერთგვარად გავიტრუნე, მაგრამ შალვა მხნედ წამოდგა უცებ, მხარზე დამკრა ხელი:

- აბა, წავიდეთ, გერასიმე-ჩემო...

- რა-ჰ!.. სად უნდა... შალვა?

- აგერ, იმს სახლთან მივიდეთ და შევძახოთ ჩვენებურად ომახიანად ერთი...

- რა შევძახოთ რო...

- რა და - მასპინძელოო...

იმ სიბნელეში დაბნეული მივჩერებოდი ჯერ, მერე გავფაციცდი, ყველაფერს მივხვდი მეგონა:

- აჰ, ბიცოლა გყავს? გყავს ხომ, ა, შალვა...

- იქ, იქ გავიგებთ, ადგილზე გავიგებთ ყველაფერს, გერასიმე...

გამეხარდა, კი. მსწრაფლ წამოვდექი, ჩემოდანს დავწვდი, და მცირე ორმოში ფეხჩავარდნილს, მაგრად ჩამჭიდა შალვამ ხელი. მცირე ბორცვებზე გადავდიოდით, ხანდახან მიწა მეკარგებოდა, გულშექანებულს, შალვას თითები მაჯაზე იმედად შემომჭდომოდა, ასე მივტივტივებდით ღამეში, შეყვარებული ტურისტებივით, ოღონდ მე ჩემი ჩემოდანი მეკავა ხელში. სადღაც, შორს, ძაან აყეფდა ძაღლი, ჩვენ კი სწორედ პირველსავე ეზოს მივადექით, შალვამ რუკზაკი შეისწორა ზურგზე, თითები შემიშვა, ტუჩის კუთხესთან ირიბად მიიდო ხელისგული და შესძახა:

- მასპინძელოო!

გულაჩქროლებული ვიდექი, ვიცდიდი, აჰ, საჭმელი და თბილი ლოგონი ყველაფერს მერჩია ახლა, მაგრამ ჯერ ხმას არავინ გვცემდა, და შალვამ მეორედაც რომ დაიძახა: „მასპინძელოო“, მეც, მოუთმენლობისაგან იყო თუ რა, სახლს ძველქართულად მივაყვირე:

- მასპინძელო, ჰაი გიდი!!

აწ სახლის კარი გამოიღო, შარვალ-პერანგისამარა კაცი გამოვიდა, ერთი კი გამკრა: „აიმ ბიცოლას საყვარელია თუ რა...“ მაგრამ კაცი რომ მოგვიახლოვნდა, ხელით მოიჩრდილა (კი, კი მზე და სიცხოე იყო დიდი, როგორ არა...) და დაგვეკითხა:

- რომელი ხარ... რას მიბრძანებთ, ბატონო... ხომ მშვიდობაა. კაი გამარჯობა თქვენი...

- გაგიმარჯოთ, ბატონო, გზა აგვებნა და... - რუკზაკი მაღლა ასწია შალვამ, - თუ შეგვიკედლებთ... ერთი ღამით... ასე, უცხოებს...

- აუჰ!.. - შეიცხადა კაცმა და ისე ღონივრად გამოაღო კარი ცალი ხელით, (მეორეთი შარვალი ეჭირა), კინაღამ საერთოდ მოაძრო: - თუ შემოგვიკედლებთო, რა საკადრისია... მობრძანდით, აგერ... აქეთ, ბატონო...

შინ შეგვიძღვა და, გვეუბნებოდა თან:

- აგერ, აქ დაბრძანდით, ახლავე იქნება ყველაფერი... ქალიშვილი ნავარძეთში გამითხოვდა და, მარტოხელა კაცის პირობაზე... იქაა ცოლიც... რასაც კი შევძლებ... კი ნუ დამძრახავთ...

რა ბიცოლა, რის ბიცოლა, თურმე... მაგიდაზე უკვე იდო ყველი, ლობიო, პრასი... მასპინძელი მონდომებულად დაფაცურობდა, მხოლოდ ერთხელ შედგა, როცა ჩემს მაისურს, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული შეაცქერდა: - სპორცმენები ხართ?

- რა ვიცი... - მორცხვად მიუგო შალვამ, ფუუჰ, თვალთმაქცი, - ინდივიდუალური ტურისტობა თუ სპორტსმენობაა...

- რატომ არა, კია, კია, შე კაცო... - გაამხნევა მასპინძელმა, ესეც - ბიცოლაა... ულვაშიც ედო. რაღაცა მრგვალ ბუხართან ჩაიჩოქა, შეშა ერთმანეთზე კოხტად დააწყო, ასანთი ყურთან გაიჩხაკუნა.

- როგორ ამინდები იყო აქეთ? - იკითხა შალვამ.

- თქვენი სახელი, ბატონო?

- ამ ჩემ მეგობარს გერასიმე ჰქვია, მე - შალვა, ბატონო.

- ძალიან სასიამოვნოა, მე - სევერიონი მქვია, სევერიონ-ე-საც მეძახიან შიგადაშიგ, ბატონო.

- ძალიან სასიამოვნოა, ბატონო.

- აქეთ ამინდებს არა უშავდა.

ბუხარში ცეცხლი ატკაცუნდა, და თუმცა ბუხარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ გათბობას ვერ შეედრება, მაგრამ სითბოს გამომცემია მაინც ერთგვარი... ჯერ მაისური გადმოვიხახუნე თავზე, მერე ჩვეულებრივი იშვიათი კარგი პერანგი, მერე - ნაქსოვი პერანგი, მერე - ჩემი თხელი სვიტრი, ისევ ტყრუშული შარვალ-ხალათის ამარა დავრჩი.

- არ მოიწყინოთ, ბატონო და... საით ყოფილხართ, მართლა?

- აგერ, რაჭიდან გადმოვედით. ამან აიჩემა და... ანიშნა ჩემზე!

- აუჰ, უჰუჰუჰ... ამ ღამებნელში, ბატონო?

- დიახ, სევერიონე-ბატონო.

- თქვენ გქონიათ ვეფხვის გუილ. ახლავე მოვალ მე და, მეზობლის ქალს მოვიხმარ, არ მოიწყინოთ.

მაგრამ ისევ მარტო რომ დავრჩით, მომაჩურჩულა:

- შენთან, კაბინეტში, ასეთ უდროო დროს რომ მოსულიყო ვინმე, მიიღებდი? ა, გერასიმე...

- მე კაბინეტში ამ დროს რა მინდა! - წამოვიყვირე.

- მეძახდით, ბატონო? - თავი შემოჰყო მასპინძელმა.

- არა, ბატონო, - მიუგო შალვამ.

ტახტზე წამოვჯექი, მუთაქა მოვიმარჯვე, კედელს მივადე, თვითონ კი - მუთაქას მივაწექი, თავიც დავადე, მივლულე თვალი...

- საერთოდ, ქართველებს, ექვსი რამა გვაქვს კარგი, - წამოიწყო შალვამ, - ხალხური სიმღერები, ხალხური პოეზია...


14

რომ გამაღვიძეს, ჩემი საათი ხუთის თხუთმეტ წუთს აჩვენებდა, არა მიშავდა რა, ცოტათი მაინც ხომ წავუძინე. მხნედ წამოვდექი, ამტანი ვარ მე, ხელებიც კი ერთი-ორჯერ გავიქნ-გამოვიქნიე, მაგიდისაკენ გავეშურე, იქ კი, შემწვარი ქათამი დაემატებინათ, ხაჭაპური, ნადუღი, გეენაცვალეე, ტყემალი, თონის პური, ღვინოც, აბა რა, რა ასმევს ამ ხალხს ამდენს. კარგად არც მეყურებოდა, რა სადღეგრძელოები ითქვა - შემწვარ ქათამს მივადექი და, გაუმარჯოს-მეთქი, ამას ვამბობდი მხოლოდ და ოდნავ ვყლუპავდი - კიდევ დათრობა მინდოდა? აარა, ბატონო, აღარ შევცდებოდი, მეყო ისედაც, ამ ორ თუ სამ დღეში ამდენი, ისე კი, სევერიონემ ჯერ მგონი ჩვენი მობრძანებისა შესვა, იძახა ვითომ გულითადი რაღაც-რაღაცეები. არა უშავდა რა, არ სცოდნია აქაც მთლად ურიგო ქათმები, ნადუღიც მესიამოვნა. ასევ ხალისიანად ლაპარაკობდნენ, ის - სევერიონი და, ეს - შალვა, ყური მივუგდე, ღვინოს აქებდნენ. ჰეჰ, ბითურები - კონიაკი ქვეყნად იყოს და... მაგრამ აიმ კაცს ვიპოვნიდი ვითომ, ადლერში რომ უნდა დამხვედროდა? - ვინ იცის... ჩვენ, ადამიანებმა, ხანდახან არ ვიცით, რა მოხდება... თუნდაც, აი, ეს ფაქტი - სევერიონემ სამი თუ ოთხი ჭიქის შემდეგ თქვა:

- ეჰეჰ, დავთვერი მგონია, ბატონო...

- ჩვენი ბრალია, - შეწუხდა შალვა, - ნამუშევარი იქნებოდით მთელი დღის და, შუაღამეზე გაგაღვიძეთ და...

- მაგ არაფერი, - გულით მიუგო სევერიონემ, ცოტა თვალები ეხუჭებოდა. მაგრამ უეცრად გამოფხიზლდა, - კაცო, გავიხედე ამას წინათ და, მესმის კრიახი, მაგრამ რა მესმის, ასე, ეს დრო თუ იქნებოდა... ავდექი ხელათ, მელა მეგონა, მელა ბევრია, ძალიან ჩვენში, ცალი ხელით ჯოხი მოვიმარჯვე, მეორეთი... ჯიბის ფარანი, პოლონურია, შევედი ფრთხილად საქათმეში, დავანთე და - რას ვხედავ, მაჩვი! ერთი ქათმისთვის მოესწრო უკვე ყელის გამოჭმა, და გაქცევა უნდოდა...

- რას ბრძანებთ, ბატონო, - ზომიერად გაიკვირვა შალვამ - მაჩვი და, ქათმისმჭამელი?

- მეც ეგ არ მიკვირს? - აღნიშნა სევერიონმაც, ძალიან პატარა ყურები ჰქონდა, - მელა არ გვეყოფოდა? გადაგვარებასაა ეს ბუნება თუ რაშია საქმე, არ ვიცი სწორედ...

- უჰ, ვერ მოგსვლიათ ეგ კარგი ამბავი.

- ეს ჩვენ-ჩვენ მშობლებს გაუმარჯოს, ვისაც გვყავს, ჯამრთელად გვიმ...

ახლაღა გავსინჯე ხაჭაპური და, თითქოს არ იყო ურიგო, წარმოიდგინეთ. გუნება ცოტა გამომიკეთდა, არადა, კარგად დავნაყრდი უკვე, სუფრასთან ჯდომა აღარ მინდოდა, ადამიანი უშუალო უნდა იყოს, ვთქვი:

- ახლა პატარას წავუძინებ ისევ, ავტობუსის გასვლამდე კია საათ-ნახევარი. მაინც არ ვსვამ და შვიდის ნახევარზე გამაღვიძეთ.

სევერიონმა შემომხედა, არაფერი უთქვამს. შალვამ კი, მეტიჩარამ, მყისვე შემარცხვინა:

- არაა ზრდილობა, გერასიმე, ეგ... ეს კაციც მშვენივრად გამოიძინებდა, ჩვენ რომ არ მოვდგომოდით.

ჰმ, რა გამოჰყავდა? უშუალობა ცუდი ყოფილა, ესე იგი. გავბრაზდი აქ, მაგრამ სევერიონემ წამოიწყო:

ჩვენს ადათ-წესებს გაუმარჯოს, ძველი დროიდან მოყოლებული და ეს ჩვენი კუთხის ისტორიასაც გაუმარჯოს, ბატონო. აგერ აქ, ქვემოთ, - ფანჯრისკენ ხელი გაიშვირა სულელმა, თვალი გავაყოლე - იმ სიბნელეში, ძალიან რამეს არ დავინახავდი? ხელგაშვერილი განაგრძობდა: - მდინარის პირას, მღვიმეა ერთი, ხერგულას ვეძახით, ველური ადამიანი ნაცხოვრება ადრე, გეოლოგები ჩამოვიდნენ, გათხრები ჰქონდათ...

- გეოლოგები კი არა, არქეოლოგები ყოფილან, - შევუსწორე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული მე.

- სწორი ბრძანებაა, მოკლედ, თხრიდნენ იმ გამოქვაბულში და ხნიერი ქალი ჰყავდათ უფროსად, იმ ქალმა გაგვაოცა სწორედ მთელი სოფელი, ისე რომ ადამიანს ჰყვარებოდა თავისი საქმე? არ გამიგია... ყოველ ნაპოვნ კაჟს დასციცინებდა, დილიდან საღამომდე ფეხზე იდგა და, რა მშრომელი და, რა ძვირფასი ადამიანი თანაც; ერთი ჩვენებური ქალი ესტუმრა თბილისში თურმე და, მშვენიერი კარგად ყოფილა მოწყობილი, მაგრამ აქ, ამ ჩვენ სოფელში მოუწევდა მაინც სულ გული, ერთ ზამთარს და ოთხ ზახფულს მუშაობდა აქ, თბილისში მანქანა ჰყოლია საკუთარი, სულ არ ახსოვდა, აქ, ამ აღმართ-დაღმართში ერთი დილა-საღამოს სიარული, ხერგულას კლდეში ტრიალი, თანაც, გვიხსნიდა ჩვენ-ჩვენ წარსულს, როგორც კი თავისუფალ დროს მოიხელთებდა და, თავიდან თუ ჩუმ-ჩუმად გვეცინებოდა, ამხელა ქალს კაჟის მოსაბოჭად როგორ მოუცლიაო, მერე, თანდათანობით, შეგვაყვარა ჩვენც თავისი საქმე, და ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი საქმეც კი ყოფილა ეს - მშობელი კუთხის ისტორია, და სიყვარული.

შალვას შევხედე. ისეთი გაბადრული და გაამაყებული იჯდა, იმას აქებდნენ ვითომ. სულელი...

- ოქროს და ვერცხლს რომ პოულობენ სხვა გეოლოგები, იმათი აღტაცება, ჩემო ბატონო, არცაა გასაკვირი, მაგრამ ეს ქალი, პატივცემულებო, კაჟს დაეძებდა, პირველყოფილი ადამიანის შესასწავლად. სხვა არაფერი უპოვიათ ჯერჯერობით მაინცდამაინც ისეთი ჩვენში, მაგრამ იმ ქალმა დაამტკიცა, თავიდანვე რომ ცხოვრობდნენ აქ, თავიდანვე რომ გული დაუდია ადამიანს აქაურობაზე თურმე. ჩვენს ისტორიასთან ერთად შალვა-ბატონო, მოდით, იმ ქალსაც გაუმარჯოს, ქალბატონ ნინოს...

შალვა მოწიწებით წამოდგა, რაღაცეებს ამბობდა, სუფრაზე მედო თავი, ჩამთვლიმა, ცოტათი...

- დიდი განათლებული კაცი იყო, - ამბობდა სევერიონე, თვალები უჟუჟუნებდა, სულ წასულიყო ხელიდან, - ჩოთქი არ სჭირდებოდა, ანგარიშობდა ისე...

ექვსის ნახევარი ხდებოდა. გავღიზიანდი, ამათ რაიმე თუ არ უთხარი, გაუნათლებლად ჩაგთვლიან და, ჩემი სადიპლომო ნაშრომი გამახსენდა, „კატილინას შეთქმულება“, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს.

- ჩაცმა-დახურვის ყადრიც იცოდა, - განაგრძობდა სევერიონე, ვიღაცას გულმოდგინედ აქებდა.

- კატილინა შეძლებული ოჯახიდან იყო, - წამოვიწყე მე, - და დიდი გაფუჭებული. იმდროინდელ რომში სახელი ჰქონდა გავარდნილი, როგორც ყველაფერზე ხელის მომწერს...

- ძალიან სასიამოვნოა, ბატონო, - ჩამომართვა სიტყვა სევერიონემ, - ყოველთვის გალსტიკი ეკეთა.

- რა ეკეთა? - გამეღიმა.

- ჰალნსტუნხი, - გაღიზიანებულად მომიგო შალვამ, - გასაგებია? - და უცბად გამოიცვალა, დატკბა, - წავიდეთ ახლა, გერასიმე, გათენება ვნახოთ.

- რა გათენება... არავითარ შემთხვევაში!

- გინა წვიმა ყოფილიყო, გინა ქარი, ყოველთვის გალსტიკი ეკეთა, - განაგრძობდა სევერიონი.

- კატილინამ თავის გარშემო შემოიკრიფა ისეთივე აღვირახსნილი ამხანაგები, როგორც თვითონ იყო.

- წავიდეთ, გერასიმე, რა იქნება, გათენება ვნახოთ...

- რადიოთი სულ მუსიკებს უსმენდა და, თვითონაც იცოდა პიანინოზე დაკვრა, ცალი ხელით...

- იმდროინდელ ძველ რომში ძალიან ცუდ, აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ხანდახან მამაკაცი, - ხმას დავუდაბლე, - ქაილს მაგივრობას ნებაყოფლობით ასრულებდა.

აქ სევერიონი დაინტერესდა:

- რავა, რომში ხაჭაპურს კაცი აცხობდა? ჩემსავით ყოფილან მაგინი, ბატონო...

სულ ვერ გამიგო...

- შენ რომ იცოდე, გერასიმე, აქ, ზემო იმერეთში, როგორ თენდება... ცხონდები კაცი!

- მე ღმერთი არ მწამს, - კოხტად მოვუჭერი, - კატილინა მთელი სენატის ამოჟლეტას აპირებდა, მაგრამ არც ციცერონი იყო დოყლაპია.

- ერთხელ, კამპანიაში, ძალიან რომ დათვრა, ორი ხელითაც კი დაუკრა...

- ამისთვის ამოგიყვანე აქ, გერასიმე, და ახლა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარს მეუბნები?

ყური არ ვათხოვე:

- კვინტუს კურიუსს რომ არ წამოეყრანტალებინა შეთქმულების ამბავი ქალთან, უარყოფითად იქნებოდა სენატის საქმე.

- არ მოდიხარ, გერასიმე, აბა?

- იმის სამკერდე ნიშნებს აღარ იკითხავთ? - ამაოდ გვიწვევდა სევერიონი.

- არასადაც არ მოვდივარ, ადრეა ჯერ, კატილინამ რომ...

- პოლონეთის ემბლემიდან დაწყებული...

- რა გინდა აბა, აქ - არა სვამ, აღარ ჭამ, გავიდეთ, გერასიმე, ბუნებაში...

- არა. ცივა იქ...

- ტყის მეგობრის ირმიანი ნიშნით გათავებული...

- აბა, ერთი სადღეგრძელო მაქვს და, - ფეხზე წამოდგა შალვა, - ერთი, ერთადერთი და, უნდა გამოვცალოთ ეს ჭიქა ბოლომდე ყველამ.

- აგრე იყოს, გისმენთ ბატონო, - დოქს წაატანა ხელი სევერიონმა.

- დალევთ თქვენც, გერასიმე?

- მხოლოდ ერთ ჭიქას?

- ერთადერთს, კი.

რას მიზამდა ახლა, მაინცდამაინც, ის ერთი ჭიქა? მეც დავეთანხმე:

- ჯანი გავარდეს, დავლევ.

შალვამ კი მაღლა შემართა ხელი, და იცით, რა თქვა?

- ეს ჩვენ-ჩვენ დედმამიშვილებს გაუმარჯოს.

აუუჰ, წამოვხტი, კინაღამ ვიკივლე. დავფაცურობდი: „სადაა შლატა... ჩემი სვიტრი რა იქნა... ჰო, აგერაა... ახლავე მივდივარ!..“

- გაწყენინეთ რამე, ბატონო? - შეიცხადა სევერიონემ, გაელმებული თვალებით შემომცქეროდა, - რავა ზოგიერთი მაჩვივით იქცევით თქვენ...


15

ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე - გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა:

- ასწიე თავი.

კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:

- გერასიმე, სდექ!

შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი - აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა...

- სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, - განრისხებული მიმზერდა, - ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე.

გიჟია, მოძალადე, ოხერი... ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა, მე - სერზე ვიდექ.

- ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, - ხმას დაუდაბლა, - ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?

მე სერზე ვიდექი.

- რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა, ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი...

ვიდექი მე სერზე.

- ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?

სერზე ვიდექი მე.

- აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავთი არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული, გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, იმართა იმას ჩვენი რაიმე?

მე ვიდექი სერზე.

- და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი - სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი!

ვიდექი მე სერზე.

- წვიმისას, გერასიმე, - ავალწუნებით ამომცქეროდა, - ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი - სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი - იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა - ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ - კაცი არა ხარ.

სერზე ვიდექი მე.

- ახლა კი, გერასიმე, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს... - და დარცხვენილმა დაამატა, - საშობლოსათვის. - მთლად აირია, - რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა... მაგრამ, მაიძულე...

ჰოიი, ავტობუსი - ჭიათურაში ქიმწმენდელი კაცი მელოდება, კოსტუმი უნდა გამომეტანა ჩემი და ის, ლიეპაში, ვინ იცის, როგორ ღელავდნენ, ეგენ ოჯახშიც ედეპეშნათ, ძალიან მაფასებს და გაგიჟდება ცოლი, ამ შალვას, მოცლილს, ხომ ვერ ავყვებოდი, თვალი ავარიდე და, ფრთხილად, კიდევ რაიმე რომ არ ეთქვა, ავი მოლოდინით მხრებაწურულმა ავიარე სერი, ავტობუსს ხელი დავუქნიე, გამიჩერდა და სკამზეც არ ვიყავი ჯერ დამჯდარი, შალვამ თავი შემოჰყო ფანჯარაში და, ასე მეგონა, ბრიყვი, უზრდელი, ერთს გემრიელად შემომაგინებდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, სულ სხვა რამ შემძახა:

- ნახვამდის, სიმიკოო!

ქიმწმენდაში ყველაფერი რიგზე იყო, ჩემი კოსტუმი კოხტად მოვირგე, ტყრუშული შარვალ-ხალათი იქვე ჩავაგდე, მდინარეში, და ზესტაფონამდე ტაქსით მივედი, უკანა სავარძელზე ცოტათი წავუძინე კიდეც. ზესტაფონში მატარებელი დაბარებულივით დამხვდა, და საბოლოოდ მაშინ გამომიკეთდა გუნება, თვითმფრინავში რომ შევედი; თავიდან, ადრე, გამოუცდელს, თვითმფრინავის ძალიან მეშინოდა, მერე ნაკლებად მეშინოდა, მერე შევეჩვიე და სულ აღარ მეშინოდა, მერე კი, პირიქით, მიხაროდა, რადგან თვითმფირნავი - გზაა, ხოლო გზას, გამოზომილ-დაგეგმილს, შედეგი მოაქვს, და ახლა, ამჟამად, საბოლოოდ მაშინ მოვედი ხასიათზე, სიმაღლე რომ ავიღეთ, როცა შესანიშნავ კავკასიონს ზემოდან დავცქერი.


ბოლოთქმის მაგიერ

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.

ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე...

1978 წელი


Comments: 0   Views: 217   Group: ქართული პროზა  

 ნოდარ დუმბაძე
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 21:48:17

HELLADOS

- ჯემალ, სკრიპკა!
- იანგული, ლაწირაკო!
- ჯემალ, ქამო!
- იანგული, წუწკო ბერძენო!
- ჯემალ, წირპლიანო!
- პატარების ყოჩო!
- ვირისთავო!
- ვირის მწყემსო!
- გოგოების მაჩალკა!
- ხულიგანო!
- თბილისელო ჰარიფო!
- შენი დედა ვატირე, იანგული!
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!



სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.

ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა. რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა, უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე.

ამ თოთხმეტი წლის დიქტატორს ყურმოჭრილ მონებად ჰყავდა მთელი ვენეციის გზატკეცილის ბიჭები და მათ შორის ჩემი დეიდაშვილი კოკაც.

უბნის ყოჩი იყო იანგული.

ჩვენი ნაცნობობა 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დეიდაჩემმა ნინამ, ობლობა რომ არ მეგრძნო, თბილისიდან ჩამოსული მეორე დღესვე მთელ სოხუმში სახელგანთქმულ მუსიკის მასწავლებელ ელენა მიხაილოვნა ნავდროდსკაიასთან მიმიყვანა და მუხლებში ჩაუვარდა:

- ობოლია, დედამისი ვიოლინოზე ატარებდა, უდედობა და ობლობა რომ არ იგრძნოს, უარს ნუ მეტყვით; სხვას რომ ახდევინებთ, ორი იმდენი გამომართვით, ოღონდ აიყვანეთო.

ნავროდსკაიამ ჯერ სმენა გამისინჯა, მერე ნოტების კითხვაში გამომცადა, თითებზე დამხედა, ნიკაპის ქვეშ ხელით კოჟრი მომისინჯა, ერთხანს იყოყმანა, შემდეგ მეორე ოთახში გავიდა. ვიოლინო გამოიტანა, სიმები მოუშალა და ააწყვეო, მითხრა. დეიდაჩემი შეშინებული მიყურებდა და, როდესაც ვიოლინო ავაწყვე, შვებით ამოისუნთქა.

- აბა, ახლა ბეთჰოვენის „ზაზუნა“ დაუკარი! - მითხრა ელენე მიხაილოვნამ, სავარძელში ჩაჯდა და მოსასმენად მოემზადა. ბეთჰოვენის ხსენებაზე დეიდაჩემს საქციელი წაუხდა.

- პატივცემულო ელენა მიხაილოვნა, იქნება სხვა, უფრო პატარა კომპოზიტორი გეკითხათ?! - სთხოვა ნავროდსკაიას და ცხვირსახოცით შუბლზე გამოცვარული ოფლი დაიმშრალა.

- როგორ, „ზაზუნას“ არ უკრავს? - ჰკითხა გაკვირვებულმა ნავროდსკაიამ დეიდას და წარბები აზიდა.

მე მივხვდი, რომ დადგა ის სანატრელი ჟამი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საშუალება მეძლეოდა თავი დამეხსნა მუსიკის მონობის უღლისაგან, რომელშიც ექვსი წლისამ შემაბა დედაჩემმა და უმოწყალოდ მხედნიდა, საკმარისი იყო ახლა, ამ წუთში, მეთქვა ერთი მაგიური სიტყვა - „არა“, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ არ ვიცი დეიდაჩემის ტანჯულმა სახემ, ნავროდსკაიას გაკვირვებულმა გამოხედვამ, ცამეტი წლის ბავშვის განუზომელმა პატივმოყვარეობამ თუ ჩემთვის გაურკვეველმა კიდევ რაღაც ძალამ ხელში ამაღებინა ვიოლინოს ხემი და ოთახი „ზაზუნას“ მარტივი და განიალური მელოდიით აივსო.

როდესაც დაკვრა დავამთავრე, დეიდა ნინას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ნავროდსკაიას კი სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინა.

...და ელენა მიხაილოვნა ნავროდსკაიამ ამიყვანა.

როდესაც შინ ვბრუნდებოდით და რკინიგზის გადასასვლელს მივუახლოვდით, იანგული ქვაფენილზე იჯდა ფეხმორთხმული და კაკალს ამტვრევდა აგურის ნატეხით.

- გამარჯობათ, ნინა ივანოვნა! - მიესალმა იგი დეიდას, როცა ჩავუარეთ.

- გაგიმარჯოს! - მოკლედ უპასუხა დეიდამ.

- კოკა სადაა? - ჰკითხა იანგულიმ.

- კოკა შენსავით უსაქმო კი არ არის, სკოლაშია! - უპასუხა დეიდამ.

- ეგ ვინღაა?

- შენი საქმე არ არის! - თქვა დეიდა ნინამ და წინ გამიგდო.

იანგულიმ გაბმულად დაუსტვინა. ჩვენ გზა განვაგრძეთ.

- ეეე, სკრიპკა! - მომესმა უცებ. გაკვირვებულმა მოვიხედე.

იანგულის ცალი თვალი მოეჭუტა, კისერი მოეღრიცა, ენა გამოეყო და მარჯვენა ხელს მარცხენაზე ხერხივით ისობდა. მივხვდი, მე მაჯავრებდა ვიოლინოს დაკვრაში. ბრაზისგან გული ყელში მომებჯინა.

- მაიმუნო! - დავუძახე და მუშტი მოვუღერე.

- ხვალ გამოიარე, შეშა მაქვს დასახერხი! - მიპასუხა სიცილით.

- შენ არ მოიშალე ხულიგნობა? - უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი დედაჩემმა.

- ვინ არის? - ვკითხე მე.

- ბერძნის ბიჭია, იანგული, მამიმისს რძე დააქვს ჩვენთან. არ დაგინახო მაგასთან გავლილი, ხულიგანია, დღე და ღამე ქუჩაში გდია.

მე ისევ მოვიხედე უკან, იანგული დამტვრეულ კაკალს არჩევდა, თან გამომწვევად მიცინოდა.



მეცამეტე სკოლაში სიარული, რომელშიც დეიდაჩემმა მომაწყო, რკინიგზის ლიანდაგზე გავლით მიწევდა, ასე რომ ჩემი და იანგულის ყოველდღიური შეხვედრა თითქმის გარდაუვალი შეიქმნა.

დაახლოებით ერთი თვე ყურადღებას არ მაქცევდა. იდგა უბნის ბიჭებში და, როგორც ყოველთვის, კოჭობანას ან პაჟარობანას თამაშობდა.

ერთი კი იყო, როგორც კი თვალს მომკრავდა, იმავე წუთში, ჩემს დასანახავად, ვინმეს ან ქუდს ჩამოაფხატავდა თვალებზე, ან პანღურს ამოჰკრავდა, თან ირიბად გამომხედავდა.

მეც ისე ჩავუვლიდი, თითქოს ფეხებზე მეკიდა იანგულიცა და მისი მრევლიც. ისე კი ერთი სული მქონდა, ბიჭებში გავრეულიყავი და იანგულის მსგავსად მეც მეჩვენებინა ჩემი შნო და მარიფათი, მაგრამ ჯერ უბანში უცხო, უამხანაგო, უმეგობრო და უდამქაშო ვიყავი, გვერდით ჩემი უმცროსი დეიდაშვილის, კოკას გარდა არავინ მომდევდა, და ამიტომ მისვლას ვერ ვბედავდი, ერთს კი ვგრძნობდი, ჩვენი ურთიერთობა ლაღუმის პატრუქივით თანდათან იწვებოდა, პატარავდებოდა, ფისტონს უახლოვდებოდა, და ერთ მშვენიერი დღეს იფეთქებდა.

...და ზუსტად ერთი თვის თავზე ეს დღეც დადგა.

ელენა მიხაილოვნას მოწაფე ჰყავდა. მე მოსაცდელში ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდი.

მრგვალ მაგიდაზე აკვარიუმი იდგა და შიგ წყალმცენარეებსა, ლამაზ ნიჟარებსა და ქვებს შორის მარაოსავით ფარფლებგაშლილი ოქროს თევზები დასრიალებდნენ, თან პირს სასაცილოდ აფჩენდნენ და ჰაერის ბუშტებს უშვებდნენ. რატომღაც მომეჩვენა, რომ თევზებს სასტიკად შიოდათ და ამიტომ წრიალებდნენ. სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან გაზეთში გახვეული შავი პურისა და ყველის ბუტერბროდი, წვრილწვრილად დავფშვენი და აკვარიუმში ჩავყარე, წყლის ზედაპირი შავი პურისა და ყველის ნაფხვენებით დაიფარა. თევზები ჯერ დაფრთხნენ, ქვებსა და ნიჟარებს ამოეფარნენ, შემდეგ, თითქოს მიხვდნენო ჩემს კეთილ განზრახვას, საფარიდან გამოცვივდნენ და გაშმაგებით შეესივნენ საჭმელს.

უზომო კმაყოფილებით ვუმზერდი ოქროს კორიანტელს. აკვარიუმი პატარა ოკეანესავით ღელავდა და ბობოქრობდა. თევზები თავდავიწყებით ტრიალებდნენ და ცეკვავდნენ. მერე თანდათან უკლეს თამაშს. აკვარიუმი დაწყნარდა და დამშვიდდა. ახლა მუცელდაბერილი და დამძიმებული ოქროს თევზები ზანტად დაცურავდნენ მინანქრის ნიჟარებსა და ქვებს შორის, რიგრიგობით მოდიოდნენ მინის კედელთან და თითქოს მადლობას მეუბნებიანო, კუდის ოდნავი მოძრაობით ტოკავდნენ ჩემს წინ, უცებ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე უფრო დიდი იყო, გულაღმა ამოტრიალდა და ზურგზე დაიწყო ცურვა. გაკვირვებული მივჩერებოდი ამ უცნაურ სანახაობას. მალე სხვა თევზებმაც მიბაძეს. აკვარიუმი თითქოს თავდაყირა ამოატრიალესო, ახლა ყველა თევზი გულაღმა ცურავდა შიგ, თან გამალებით ამუშავებდნენ ლაყუჩებს... წყალში ხელი ჩავყავი და თეევზების წაღმა გადმობრუნება ვცადე, მაგრამ ამაოდ, ისინი კვლავ გულაღმა წვებოდნენ, შეშინებულმა სასწრაფოდ ამოვიღე ხელი წყლიდან. მივხვდი, რომ მოხდა რაღაც საშინელება. მალე აკვარიუმში სიცოცხლე ჩაკვდა. მოწამლული ოქროს თევზები უსულოდ ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე. ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა, ვიოლინოს ბუდეს ხელი ვსტაცე და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ უცებ კარი გაიღო და ოთახიდან ელენა მიხაილოვნა გამოვიდა. იგი ჩემზე ადრე მოსულ მოსწავლეს მოაცილებდა, თან რაღაც დარიგებას აძლევდა.

- შემოდი! - მითხრა მან, როდესაც მოწაფე გააცილა. მე გაშეშებული ვიდექი.

- შემოდი, შემოდი! - გამიმეორა მან, მხარზე ხელი დამადო და მსუბუქად მიბიძგა ოთახისკენ. ადგილიდან არ დავძრულვარ.

- გაკვეთილი არ იცი? - მკაცრად მკითხა ელენა მიხაილოვნამ და კვლავ რომ არ გავეცი ხმა, გაკვირვებულმა თვალი გააყოლა ჩემს გაშტერებულ მზერას... და მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მხოლოდ იქთიოლოგებს შეუძლიათ. მუხლმოკვეთილი ელენა მიხაილოვნა სავარძელში ჩაეშვა, ტუჩები გაულურჯდა და ხმის კანკალით მკითხა:

- Ты что наделал, паршивый мальчишка?!

- მე არ მეგონა, ელენა მიხაილოვნა, მე მხოლოდ შავი პური და ყველი ჩავუყარე...

- Отравил! - ამოიგმინა მან სასოწარკვეთით. მერე თავი ხელებში ჩარგო და შვილმოკლულივით აქვითინდა, მახსოვს, როგორ ვლუღლუღებდი, თავს ვიმართლებდი და ვცდილობდი, როგორმე დამემშვიდებინა მუსიკის მასწავლებელი, მაგრამ ყოველივე ამაო იყო... იგი ადგა, აკვარიუმთან მივიდა, სათითაოდ იღებდა წყლიდან უსულო თევზებს, ჰკოცნიდა, კვლავ აკვარიუმში აბრუნებდა, თან საოცარი სიტყვებით ეალერსებოდა.

- Милые мои, золотые, ненаглядные, отравили, убили вас.

მერე ჩემსკენ შემოტრიალდა, სახე შეშლილი ჰქონდა, ნიკაპი უკანკალებდა და თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. უცებ გაშლილი ხელი მოიქნია და ისეთი სილა გამაწნა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წავქცეულიყავი.

- Вон из моего дома, варвар. Чтоб твоей ноги не было больше здесь! Вон!

მე სილა და ცრემლი ერთად გადავყლაპე, ვიოლინო იღლიაში ამოვიჩარე და უხმოდ გამოვიხურე კარი.

თავზარდაცემული, შერცხვენილი და ცოცხალ-მკვდარი მოვაბიჯებდი სახლისაკენ.

რკინიგზის გადასასვლელთან იანგული და მისი დამქაშები პაჟარობანას თამაშობდნენ. გულმა მათკენ გამიწია. შინ მაინც არ მიმესვლებოდა. ბიჭებს რომ დავუახლოვდი, ფეხი ავითრიე, მერე განგებ გავჩერდი და დავიხარე, ვითომ ფეხსაცმლის თასმას ვისწორებდი.

- ეეე, სკრიპკა! - იანგულის ხმა ვიცანი. წელში გავიმართე და თვალებში შევხედე.

- რა გინდა? - ვკითხე.

- მოდი აქ! - მიმიხმო თითით.

- თუ საქმე გაქვს, თვითონ მოდი! - ვუთხარი. იანგულიმ გაკვირვებულმა გადახედა მასზე უფრო გაკვირვებულ ქვეშევრდომებს და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ.

- შენ არ იცი, მე ვინა ვარ? - მკითხა ამაყად.

- ვიცი! - ვუპასუხე მე.

- მერე, რომ გეძახი, რატომ არ მოდიხარ?

- შენ ვინა ხარ, მე რომ მეძახი? - ვუთხარი აგდებით და ყოველი შემთხვევისათვის ვიოლინო მიწაზე დავდე. იანგულიმ ისევ გაკვირვებით გახედა თავის ბიჭებს, რომლებსაც თამაშისათვის თავი დაენებებინათ და ჩვენს გარშემო წრე შეეკრათ.

- იანგული, ასწავლე, ვინცა ხარ! - დაუძახა ვიღაცამ წრიდან.

- მიდი, უთაქე, იანგული!

- ერთი შენებური სილა აჭამე!

- ჯერ ვნახოთ, რა ბიჭიც არის! - თქვა იანგულიმ და ლოყაზე ხელი მომითათუნა.

- ნუ ბანაობ! - ვუთხარი და თავი გავწიე.

- უყურე შენ?! - გაუკვირდა იანგულის.

- მიყურე! - ვუპასუხე მე.

- პაპიროსი! - ხელი გამომიწოდა უცებ იანგულიმ.

- არ ვეწევი!

- ფული!

- არ მაქვს!

- ჯიბეები ამოიტრიალე!

- შენ თვითონ ამოიტრიალე!

ბიჭებში ჩურჩული ატყდა, იანგული დაიბნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ვიოლინოსკენ დაიხია.

- ხელი აიღე! - ვუთხარი მე და ვიოლინოსკენ წავიღე ხელი, მაგრამ იანგულიმ დამასწრო, ბუდე გახსნა, ვიოლინო ამოიღო, გამომიწოდა:

- მიდი, დაუკარი, ბიჭები გამირთე!

- არ ვუკრავ!

- მაშ, რას დაათრევ, მუქთა ვირი ხარ?

არაფერი ვუპასუხე, ვიოლინოსაკენ გავწიე, რომ გამომერთმია, იანგულიმ უკან გადადგა ნაბიჯი და ვიოლინო ზურგს უკან დამალა.

- პეტია, ფემა, კურლიკ, პანჩო, გენა, სკრიპკას ხმა გაგიგონიათ როდესმე? - ჰკითხა ბიჭებს. ბიჭებმა კვიცებივით დაიჭიხვინეს.

- მარტო რადიოში! - თქვა პეტიამ და ისევ დაიჭიხვინა.

- მიდი, იანგული, გაგვაგონე!

სხვაზე ადრე ჩემი ვიოლინოს ხმა მე გავიგონე: იანგულიმ იგი მსუბუქად მოიქნია და ბრტყლად დამამხო თავზე. - ზზრრრ, წკრრრ... - დაიკვნესა ვიოლინომ და შუაზე გადაიხსნა, ქვედა ნაწილი მოწყვეტილი მკლავივით დაეკიდა ზედას და ერთხანს კიდევ გამოსცემდა ამაზრზენ ხმას. ბიჭები მიწაზე გაგორდნენ. გული გამიჩერდა, სისხლი თავში ამივარდა და ყურები დამიგუბდა. აღარაფერი მესმოდა, ვხედავდი მხოლოდ მიწაზე გაგორებულ ბიჭებს, წელში გაწყვეტილ ვიოლინოს და იანგულის ოდნავ წინ გამოწეულ გამხდარ ყბას და უცებ, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავკარი ამ ყბას გაციებული მუშტი.

როდესაც კვლავ დამიბრუნდა სმენა და ცნობიერება, იანგული ქვაფნილზე იჯდა, გაკვირვებული მიმზერდა და ყბას მარჯვენა ხელით იზელდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მე უხმოდ შევტრიალდი და შინ წავედი.

საღამოს დამტვრეული ვიოლინოცა და მისი ყუთიც ჩვენმა მეზობელმა და იანგულის მარჯვენა ხელმა, პეტიამ მოგვიტანა, შემოსასვლელთან დაყარა და გაიქცა.

დაიდაჩემმა ჯერ პეტია შეიცხადა, მერე ვიოლინო, მერე იანგული ალექსანდრიდი, მერე მე და სულ ბოლოს დედაჩემი.

ახლა რომ ვიხსენებ, დეიდაჩემი დაახლოებით ასე მოსთქვამდა:

- როგორ ხარ დაგვაჯული, ისე არგასაზრდელო პეტიაა... შენ და მემწვანილე მამაშენს რას გერჩით. თქვენ რა იცით ამ ვიოლინოს ფასი, სტრადივარიუსი და პაგანინი მხერხავები გგონიათ... იანგული ალექსანდრიდი მყავს მოსაკლავი, მაგრამ ვირის ყროყინზე გაზრდილ ჩოჩორს მუსიკის რა მოეთხოვებააა... ჩემს ოჯახში ჩამოსახლებული ეს ახალი ხულიგანი მყავს მოსაკლავიიიი... სულწაწყმედილო და უბედურო დაო ანიკო, მე ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა, ეს ყაჩაღი რომ არ დაგეტოვებინა ჩემდა სამწყემსარად. ვაი, შენს დღეს და უი, ჩემს გაჩენას...

ამ დღეს დასრულდა ჩემი მუსიკალური ოდისეა და დაიწყო ახალი ერა ჩემს ცხოვრებაში - ბრძოლა არსებობისათვის.



მეორე დღეს იანგული და პეტია სკოლის ალაყაფთან დაგვხვდნენ მე და ჩემს დეიდაშვილ კოკას. ერთი კი შემიქანდა გული, მაგრამ ისე ჩავუარე ორივეს, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.

- სკრიპკა! - ხმა პეტიასი იყო, მე გავჩერდი.

- უნდა გელაპარაკო! - მომიახლოვდა იანგული.

- რაზე?

- აქ უხერხულია! - თქვა მან და სკოლიდან გამოსულ ბავშვებს და მასწავლებლებს გახედა.

- აბა, სად? - ვკითხე მე.

- რკინიგზის გაღმა, ხიდის ქვეშ.

- სადაც გინდა! - ვუპასუხე და გავყევი.

იანგული წინ მიდიოდა! მერე მე და კოკა. პეტია უკან მოგვდევდა მოშორებით. ალბათ იმიტომ, რომ არ გავქცეულიყავით.

- დავიღუპეთ! - თქვა საქციელწამხდარმა კოკამ. კოკა ორი წლით პატარა იყო ჩემზე და არაერთხელ ჰქონდა ნაჭამი იანგულის ალიყური.

- ნუ გეშინია! - დავამშვიდე, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, მეც მეშინოდა. რკინიგზის მიწაყრილზე რომ ვეშვებოდით, კოკამ გაქცევა დააპირა, მაჯაში ჩავავლე ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე.

- არ გაიქცე, ბიჭო, სირცხვილია!

- შენ არ იცი მაგის ამბავი, დაგვასიებს ორივეს, - ამოიკვნესა კოკამ.

- რა მოხდა მერე, ხომ არ მოგვკლავს, - ვუთხარი მე. კოკა დასაკლავად განწირული ხბოსავით გამომყვა.

იანგული რკინიგზის ხიდის ქვეშ დადგა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. ჩვენც გავჩერდით.

- აჰა, მოვედი, რა გინდა? - ვკითხე იანგულის. იანგულიმ თავი ჩაღუნა, ერთხანს ასე იყო, რაღაცას ფიქრობდა.

უცებ თავი ასწია.

- შენ გუშინ უბანში შემარცხვინე. ერთი დარტყმით დამსვი... არ ველოდი და იმიტომ დამსვი, პასუხი იმიტომ არ მიიღე, რომ ვერ ავდექი. მინდოდა ადგომა, მაგრამ ვერ ავდექი. - მისმა მშვიდმა და გულახდილმა ლაპარაკმა სულ გამაფუჭა. - მე ამ უბნის ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები... - განაგრძო მან.

- მე არ მინდა შენი უბნის ყოჩობა, თავი დამანებე! - გულწრფელად ვუთხარი მეც.

- შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგანებებდი, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით პატარა ხარ, ამიტომ ვერ დაგანებებ თავს. უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე...

- აკი გითხარი, არ მინდა ყოჩობა-მეთქი! - გავუმეორე.

- ეგრე არ გამოვა, უნდა ვიჩხუბოთ.

- ვიჩხუბოთ! - დავთანხმდი მე.

- პატიოსნად ვიჩხუბოთ! - თქვა იანგულიმ.

- პატიოსნად რას ჰქვია? - გამიკვირდა მე.

- არც პეტია, არც კოკა ჩხუბში არ უნდა ჩაერიონ. გონება არ იყოს, ქვა არ იყოს, წაქცეულის ცემა არ იყოს!

- ეგრე იყოს!

- თუ მოგერიე, ხვალ იმავე უბნის ბიჭებთან გცემ, რომლებთანაც დამსვი, მერე მოგეშვები! - გამაფრთხილა.

- ცემა მორევაზეა! - ვუთხარი მე.

არაფერი არ მიპასუხა, შავი სატინის ხალათი გაიხადა და მიწაზე დააგდო, რომ გაიხადა და შევხედე, გულმა რეჩხი მიყო: იმხელა გაშლილი მკერდი ჰქონდა, თან მარცხენა ძუძუს ზემოთ ლურჯი ლათინური ასოებით დასვირინგებული ჰქონდა სიტყვა HELLADOS, რომელმაც შემაკრთო უცებ.

იანგულიმ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად. პეტია შეყოყმანდა. იანგულიმ ბრძანება გაუმეორა. პეტიამ ორი დიდი ქვა ამოიღო ჯიბეებიდან და უხალისოდ გადაყარა. იანგულიმ ახლა კოკას შეხედა, კოკამ ცარიელი ჯიბეები ამოიტრიალა.

- დავიწყოთ! - თქვა იანგულიმ.

- დავიწყოთ! - ვთქვი მე და ჩანთა მიწაზე დავაგდე.

ჩხუბი ორ-სამ წუთს გაგრძელდა. მე შეკრული მუშტებით ვჩხუბობდი. იანგული გაშლილი ხელით. ჩემი დარტყმული ყრუ ხმას გამოსცემდა, მისი კი ქვეყანას აზანზარებდა: ისეთი ლაწალუწი გაუდიოდა ჩემს ყბებზე.

პეტია ბერძნული შეძახილებით ამხნევებდა იანგულის, კოკა კი ქართულად მკარნახობდა:

- თავი, თავი აჭამე, ჯემალ!

ვიცოდი, რომ ახლოს მისვლა და თავის ჭმევა იყო საჭირო, მაგრამ წელს ზემოთ გახდილს რამდენჯერაც წავავლე მკლავში ხელი, იმდენჯერ დამისხლტა ოფლით დაპოხილი, კიდევ ერთი სილა და ვიგრძენი, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა.

ვიდრე ცხვირიდან წამსკდარ სისხლს ვიხოცავდი, იანგულიმ კიდევ ერთი სილა მაჭამა და ზუსტად ისე დავჯექი მიწაზე, როგორც გუშინ იანგული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იანგულის გუშინ არ შეეძლო ადგომა, მე კი შემეძლო, მაგრამ ჩემს ადგომას ფასი აღარ ჰქონდა - ჩხუბი წაგებული იყო.

იანგულიმ ერთხანს მაცალა და რომ აღარ ავდექი, ხალათის ჩაცმა დაიწყო, და მე ისევ წავიკითხე მის მკერდზე ამოსვირინგებული HELLADOS.

- ხვალამდის! - მითხრა იანგულიმ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ზედა ტუჩი შესივებული ჰქონდა და მარჯვენა წარბი გახეთქილი.

- ხვალამდის! - ვუპასუხე და წამოვდექი.

იანგული და პეტია მიწაყრილზე ავიდნენ და რკინიგზის ლიანდაგს გაჰყვნენ. მე და კოკა ხიდის ქვეშ დავრჩით.

- არა უშავს, მაგასაც ბევრი მოხვდა! - დამამშვიდა კოკამ.

- სულერთია, ხვალ ვცემ! - ვთქი მე.

- ნეტავი სარკეში ჩაგახედა! - თქვა კოკამ.

- ძალიან ვარ დასიებული? - ვკითხე.

- ბულკივით! - მიპასუხა და თვალი ამარიდა.

- მაგის დედა ვატირე!

ამჯერად დაიდაჩემს არ შევუცხადებივარ. ცივი კომპრესები დამადო სახეზე. დილით კი იანგულის მამას, ხრისტოს, ზუსტად ისე დააფშვნა მაწვნის ქილა თავზე, როგორც იანგულიმ მე ვიოლინო და ციხეში ამოლპობას დაჰპირდა მის გათახსირებულ და ხულიგან შვილს საბჭოთა პიონერის ასე უღმერთოდ ცემისათვის.



მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვარ, ჭრილობებს ვიშუშებდი. მესამე დღეს რკინიგზის გადასასვლელი სავსე იყო უბნელი ბიჭებით. მე და კოკა რომ მივედით, სტვენით შეგვხვდნენ.

- სკრიპკა, გაზიარეს?

- სანამ აქ მოგკლავს, არ მოეშვები?!

- შენ აქ თბილისი ხომ არ გგონია?!

მთელმა ბირჟამ იცოდა უკვე ჩემი ცემის ამბავი.

ყველა აქ იყო იანგულის გარდა. არავისთვის ხმა არ გამიცია, ჩანთა ფილაქანზე დავაგდე, ზედ დავჯექი და იანგულის მოსვლას დაველოდე.

- იანგული მოდის! - დაიძახა უცებ ვიღაცამ.

- ახლა დაიწყება ცირკი! - თქვა მეორემ.

- გამარჯობათ! - თქვა საერთო სალამი იანგულიმ და მე რომ დამინახა ფილაქანზე ჩამომჯდარი, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა.

- იანგული, თავისი ფეხით მოვიდა ბულკი, მიდი ერთი, შეჭამე! - უთხრა პეტიამ.

- კარაქს წაუსვამ, იანგული, თუ ხიზილალას?!

იანგულიმ ლაზღანდარებს ყურადღება არ მიაქცია, ტრიბუნივით ასწია ხელი, ბრბო დააწყნარა და ისტორიული სიტყვით მიმართა თავის ხალხს, ისე, როგორც ტომის ბელადებს სჩვევიათ ხოლმე.

- ბიჭებო! - დაიწყო მან. - ეს მე მოგმართავთ თქვენ, ვენეციის გზატკეცილის ტომის თავისუფალ შვილებს, მე, თქვენს მიერ არჩეული ბელადი, იანგული ალექსანდრიდი! თქვენს წინაშე დგანან მკრთალსახიანი თბილისელი ჰარიფი და მისი დეიდაშვილი, ჩვენი ტომის გამყიდველი და სამშობლოს მოღალატე, წკვინტლიანი კოკა. ამ მკრთალსახიან გადამთიელს, იმის ნაცვლად, რომ ესარგებლა ჩვენი სტუმართმოყვარეობით, დიდსულოვნებითა და სულგრძელებით, სურს მიისაკუთროს ჩვენი კურთხეული მიწა, ზღვა, მდინარე, ოქრო, ვერცხლი, საძოვარი და გაზონები...

- მორჩი ლაზღანდარობას! - შევაწყვეტინე სიტყვა. - უნდა მეჩხუბო!

იანგული შეჩერდა და თვალი თვალში გამიყარა.

- მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, როგორ კეთდება მკრთალსახიანებისაგან კატლეტი... - განაგრძო ისევ.

- ნუ მაიმუნობ, დავიწყოთ!

- შენ ეი, წკვინტლიანო, - მიუბრუნდა იგი კოკას, - წადი, სასწრაფოში დარეკე, უთხარი ხუთ წუთში მოვიდნენ და შენი დაინვალიდებული დეიდაშვილი წაიყვანონ! - ბიჭებში ხარხარი ატყდა.

- დღეს შენ მოგიწევს სასწრაფოთო წაყვანა. - ვუთხარი მე და ავდექი. ბიჭებმა წრე შეკრეს. იანგულიმ ისევ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად, პეტია შეიშმუშნა და ქამრის შეხსნა დაიწყო. განცვიფრებული ვუყურებდი პეტიას თითის სიმსხო ღვედის ქამარს - „ნუთუ ქამრით უნდა მცემოს?“ - გამიელვა თავში. პეტიამ ქამარი გადასცა იანგულის და ისევ წრეში ჩადგა. იანგულიმ ამაყად მიმოიხედა გარშემო და საჯაროდ განაცხადა:

- მე მკრთალსახიანს ორი ხელით არ ვეჩხუბები. იგი დღეს ცალი ხელით უნდა გაილახოს. პეტია, გამოდი და შემიკარი ხელი!

ბიჭებმა აღტაცების ყიჟინა გაისმა. მე ელდა მეცა. იანგულიმ გაჭიმული მარცხენა ხელი თეძოზე მიიდო. პეტია მოვიდა, ქამარი წელზე შემოარტყა, ისე რომ ის მარცხენა ხელი შიგ მოაყოლა, და რაც ძალი და ღონე მქონდა გაუკრა.

- ნუ არტისტობ, ხელი ამოიღე და ისე ვიჩხუბოთ! - ვუთხარი დაკარგული ხმით.

- მე შენთან ორი ხელით ჩხუბს არ ვიკადრებ, - თქვა იანგულიმ. ბიჭებს კვლავ აღტაცების ყიჟინა აღმოხდათ.

- მაშინ არ მინდა! - ვთქვი მე და ჩანთა ავიღე.

- გეშინია? - მკითხა იანგულიმ.

- კი არ მეშინია, არ მინდა. ხელი ამოიღე და ისედაც გცემ!

- მეჩხუბე, თორემ გცემ! - თქვა გაღიზიანებით იანგულიმ.

- მიდი, დასვი! - წამჩურჩულა კოკამ. მე ჯიუტად გავიქნიე თავი. მაშინ იანგული მომიახლოვდა და სილა გამაწნა. სახეზე ისე წამეკიდა ცეცხლი, თითქოს მდუღარე შემასხესო, მაგრამ ხელი არ შევუბრუნე. იანგულიმ მეორედ გამაწნა სილა, მერე მესამედ, შევატყვე, გამეტებით არ მირტყამდა, ეს უფრო გასილაქებას ჰგავდა, ვიდრე ჩხუბს. და მაინც რომ არ შევუბრუნე ხელი, იანგული გაჩერდა. მე შევტრიალდი და წრიდან გავედი, ბიჭები უხმოდ ჩამომეცალნენ.

- ეე, სკრიპკა! - მომესმა ზურგს უკან პეტიას ხმა, და უცებ გავიგონე გაშლილი ხელის საშინელი ლაწანი: ეს უკვე პეტიას ყბაზე გაღებული იანგულის ხელის ხმა იყო.

უკან არ მიმიხედავს, რადგან ვტიროდი და არ მინდოდა ბიჭებს ჩემი ცრემლი დაენახათ. ერთს კი მივხვდი - დღევანდელი ჩხუბი იანგულიმ წააგო.



მეორე დღეს, სისხამ დილით, ალექსანდრიდების ეზოს ჭიშკართან ვიდექი. ხრისტო ალექსანდრიდი ვირს კაზმავდა პატარა თავლსათან. იანგული ეხმარებოდა, რომ დამინახა, ვირი მიატოვა და ჭიშკარს მოადგა.

- საჩივლელად მოხვედი? - მკითხა მან და თვალი მამისკენ გააპარა. მამამისი ზურგშექცევით იდგა და ვერ მხედავდა.

- საჩხუბრად! - ვუპასუხე მე.

- ვინ არის? - დაუძახა მამამისმა, ისე რომ არ მოუხედავს.

- ამხანაგია ჩემი.

- იანგულის არ სცალია, ბაზარში მიდის! - მოიხედა ხრისტომ. უცებ მიცნო და გაუკვირდა: - შერიგდით?

- შევრიგდით! - ვუპასუხე მე.

- ეგრე არ ჯობია? ორივე კარგი ბიჭები ხართ! - გაუხარდა ხრისტოს და ეზოში შემიპატიჟა.

- მეჩქარება, - ვუპასუხე, მერე იანგულის მივუბრუნდი: - როდის დაბრუნდები ბაზრიდან?

- საღამოს!

- რკინიგზის ხიდის ქვეშ დაგელოდები! - ვუთხარი და წავედი.



საღამოს ხიდის ქვეშ ველოდი იანგულის. იგი მოვიდა. ხმა არ გაუცია ჩემთვის, ვირი ადამიების ღობეს მიაბა, ხალათი გაიხადა, ვირის კეხზე გადაჰკიდა და მე კვლავ წავიკითხე მის გაშლილ მკერდზე მაგიური სიტყვა HELLADOS.

დღეს ჩვენი ჩხუბის მოწმე მხოლოდ ვირი იყო.

ჩხუბი ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. პირველმა იანგულიმ დამარტყა, როგორც არ ვეცადე, მაგრამ მაინც დამასწრო. არ წავქცეულვარ, მხოლოდ წავიფორთხილე. მეორე რომ მომიქნია, თავი უკან გადავწიე და მისმა გაშლილმა ხელმა შხუილით ჩამიქროლა ცხვირწინ. მოქნეული, ისე ძლიერად იყო, იანგულიმ თავი ვერ შეიკავა, ინერციამ ოდნავ შეატრიალა და ახლა იგი გვერდულას იდგა ჩემს წინ, მისი ყბა ზუსტად ისე დაეკიდა ჰაერში, როგორც მაშინ, პირველი ჩხუბის დროს; და ვიდრე კვლავ შემოტრიალდებოდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, მუშტი ყბაში მოვდე. იანგული სახით სილაში ჩაემხო. ერთხანს გაუნძრევლად იდო. არ მეგონა, თუ ადგებოდა, მაგრამ უცებ წამოხტა და საოცარი სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ. მისი გაშილილი ხელი და ჩემი მუშტი ერთდროულად მოხვდა მიზანს, მე დავრეტიანდი, ცალ მუხლზე დავიჩოქე და უნებურად სახეზე ხელები ავიფარე. ხელები რომ მოვიცილე და თვალი გავახილე, იანგული ზუსტად ისეთივე პოზაში იყო ჩაჩოქილი, როგორც მე, და გახეთქილი ტუჩიდან სისხლს იხოცავდა. ხელებზე დავიხედე და მივხვდი, რომ მეც მჟონავდა სისხლი ცხვირიდან. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. წამოდგა იანგულიც.

დიდხანს ვუცქეროდით ერთმანეთს უხმოდ. მე მისი მძიმე და ღრმა სუნთქვა მესმოდა, ალბათ იმას - ჩემი. ყოველ წუთს ველოდი თავდასხმას. მაგრამ საოცარი ის იყო, ჩხუბის აღარც ხალისი მქონდა, აღარც სურვილი. რაღაც შინაგანი კმაყოფილება დამეუფლა. მივხვდი, რომ დღეიდან იანგული ვეღარასოდეს დამჩაგრავდა.

- გვეყოფა! - თქვა იანგულიმ და მკლავები ჩემოუშვა.

- გვეყოფა! - ვთქვი მეც და შვებით ამოვისუნთქე. ოღონდ ხვალ ბიჭებთან უნდა ვიჩხუბოთ! - დავაყოლე ყოველი შემთხვევისთვის.

- არ გინდა, ბიჭებს მე ვეტყვი, რომ მაგარი ხარ, ოღონდ ყოჩობას ვერ დაგითმობ. - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მან.

- არც მინდა! - ვთქვი მე.

- თუ გინდა, მეორე ყოჩი იყავი! - შემომთავაზე მოადგილეობა.

- არ მინდა, შენ შენთვის, მე ჩემთვის! - ვიუარე ისევ, შემოვტრიალდი და წამოვედი.

- მოიცა! - მითხრა მან. მე გავჩერდი. - ასე არ ივარგებს. ყოველდღე ხომ არ ვიჩხუბებთ, მოდი ხვალიდან ვაგინოთ ერთმანეთს, ვინც აჯობებს, იმის იყოს!

- იმისი იყოს! - დავთანხმდი.



მეორე დღეს მე და იანგული კვლავ ბიჭების წრეში ვიდექით და უშვერი სიტყვებით ვამკობდით ერთმანეთს.

- ჯემალ, ვირისთავო!

- იანგული, ბერძენო მემწვანილე!

- თბილისელო სირისტიანო!

- ლაწირაკო!

- წვინტლიანო!

- ვირის მწყემსო!

- ჩოჩორო!

- მჟავე კიტრო!

- კამბოლა!

- ღორჯო!

- მედუზა!

- კრეტინო!

- პაგანინო!

სალანძღავი სიტყვების არსენალი შეუმჩნევლად შემომელია და გავჩერდი, იანგული მელოდებოდა, რადგან ჩემი ჯერი იყო.

- მიდი, თორემ წააგე! - იდაყვი გამკრა კოკამ.

- გამითავდა! - ვუთხარი მე.

- დედა შეაგინე! - შემახსენა მან.

- დედის გინება არ მოდის.

- „დედა ვატირე“ რა გინებაა?

- ეგ რუსულად არ ვიცი!

- ქართულად შეაგინე, ვერ გაიგებს! - არ მომეშვა კოკა და შემაცდინა.

- იანგული, შენი დედა ვატირე! - ვთქვი ქართულად და პასუხის მოლოდინში გული შემეკუმშა.

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! - მიპასუხა იანგულიმ. მივხვდი, რომ ისიც დედას მაგინებდა, მაგრამ ისე ლამაზად ამბობდა, ავე-მარიასავით მეყურებოდა და გინება გავიმეორე:

- შენი დედა ვატირე, იანგული!

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! - გაიმეორა მან სიმღერასავით.



ასე გრძელდებოდა მთელი ნახევარი წელიწადი, მერე ვნებები დაცხრა. მე და იანგულიმ გინებათა არსენალი თითო ყველაზე მნიშვნელოვან გინებამდე დავიყვანეთ და შეხვედრისას თითქოს ვესალმებოდით, ხელის აწევით გავძახოდით ერთმანეთს"

მე: - შენი დედა ვატირე, იანგული.

ის: - იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!



მზიანი დღე იყო. მე და კოკა სკოლიდან ვბრუნდებოდით. რკინიგზის გადასასვლელთან რომ მივედით, იანგული, როგორც ყოველთვის, უბნის ბიჭებს პაჟარობანას ეთამაშებოდა. დამინახა თუ არა, თამაშს თავი დაანება და ჩემსკენ წამოვიდა, არ დამასწროს-მეთქი და გინება გზაზე შევაგებე.

- იანგული, შენი დედა ვატირე! - იანგული მონუსხულივით შედგა და თვალებში შემომხედა. დიდხანს ველოდი პასუხს, მაგრამ იანგული ხმას არ იღებდა.

- შენი დედა ვატირე, იანგული! - გავიმეორე მე.

იანგულიმ თავი დახარა, შეტრიალდა და ასე თავდახრილი ნელი ნაბიჯით წავიდა. მე გაკვირვებული ვუქცეროდი სახლისაკენ მიმავალ იანგულის.

- ნახე, როგორ გაიძურწა, გათავდა მაგის ყოჩობა! - ვუთხარი კოკას.

- გათავდა კი არა, ახლა დაიწყო! - მიპასუხა კოკამ და ცალყბად გაიღიმა.

- როგორ?

- გაჯობა და ისე.

- მაშ, რატომ არ შემაგინა?

- გუშინ მკითხა, ჯემალის დედა სად არისო. მე ვუთხარი, აღარ არის-მეთქი, იმიტომ არ შეგაგინა, - თქვა კოკამ.

ელდა მეცა.

- რატომ გუშინ არ მითხარი, ლაწირაკო!

- მე რა ვიცოდი!.. - თავი ჩაღუნა კოკამ.

- იანგული! - დავუძახე მე, მაგრამ იანგული უკვე შორს იყო და ან ვერ გაიგონა ჩემი ძახილი, ან გაიგონა და არ მოიხედა.

იმ დღიდან იგი ერთი ათად გაიზარდა ჩემს თვალში. ჩვენს შორის სამუდამოდ დამთავრდა ომი და ქიშპობა, მაგრამ მე და აინგული დიდი მეგობრები მაინც არ გავმხდარვართ. შეხვედრისას უბრალოდ ხელის აწევითა და ღიმილით ვესალმებოდით ერთმანეთს და თუ მამამისის მაგივრად რძეს ან მაწონს მოგვიტანდა ხოლმე ვირით, მაშინ თუ გავესაუბრებოდით ერთმანეთს უნებურად ან რძის და მაწონის ფასის, ან მამამისის ან მწვანილის ან ვირის თაობაზე. ეს იყო და ეს.



ერთ დღეს იანგულიმ რძე მოიტანა, მე ეზოში შევეგებე, რომ შევხედე, ძლივს ვიცანი, ისე ჰქონდა სახე შეშუპებული და თვალის უპეები ჩალურჯებული.

- რა მოგივიდა? - ვკითხე გაკვირვებულმა.

წარმოუდგენელი იყო, იანგული ასე ეცემა უბანში ვინმეს, აშაკარად მასზე უფროსის ნახელავი იყო.

- არაფერი! - მიპასუხა მან და თვალი ამარიდა.

- მაგარი ნაცემი ხარ! - ვუთხარი მე.

- არა უშავს! - თქვა მან და გაიღიმა.

- თქვი, ვინ არის, თუ მარტო ვერ მოერიე, მე წამოგყვები! - ვუთხარი. იანგულიმ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

- ვირი აქ დააბი და ახლავე წავიდეთ, - არ მოვეშვი მე. რძიანი ქილა კიბეზე დავდგი და გასაყოლად მოვემზადე.

- არ გინდა, ვერ მოვერევით! - მწარედ გაიღიმა მან.

- ვინ? მე და შენ ვერ მოვერევით? - გავიქაჩე მე.

- ვერც მე და შენ, და ვერც მთელი ვენეციის გზატკეცილი...

- ასეთი ვინ არის? - შევცბი.

- მამაჩემი! - თქვა იანგულიმ.

- მამაშენი?

- ჰო, მამაჩემი.

- ასე როგორ გაგიმეტა? - ვკითხე გაკვირვებულმა და შეშუპებულ ლოყაზე ხელი დავადე.

- ჩემი ბრალია!

- რა დააშავე?

- სამ დღეში სოხუმში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამაჩემიც... - იანგული გაჩუმდა.

- მერე? - ვკითხე მე.

- მერე არაფერი, მე არ მივყვები, არ მინდა წასვლა... მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა, მშობლიური მიწა, დიდებული ელადა... მამა-პაპათა სისხლი გვეძახის და მოვალენი ვართ წავიდეთო...

- მერედა რატომ არ მიყვები? - გულწრფელად გამიკვირდა მე.

იანგული დიდხანს სდუმდა თავჩაღუნული და ვირს აცქვეტილ ყურებს უუთოვებდა. ყურები იანგულის ხელის ყოველ დასმაზე მორჩილად წვებოდნენ, მაგრამ შემდეგ უცნაური სიჯიუტით კვლავ წამოხტებოდნენ და ცქვიტად დგებოდნენ. თითქოს ჩვენს საუბარს უგდებდნენ ყურს და ეშინოდათ, რაიმე სიტყვა არ გამოგვრჩესო.

- როგორ აგიხსნა... - თქვა ბოლოს იანგულიმ. - მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში... ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა... შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი... - იანგული ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: - მიდა... მიდა და შენც... - სახელი „მიდა“ იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი, რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა.

- გაიგე ახლა? - მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.

- კი მაგრამ ეგ რაღაა? - ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.

- ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით... - თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა.



მესამე დღეს, სისხამ დილით, იანგული ჩვენს ეზოში იდგა. თან უებლო ვირი მოეყვანა.

- მამამ ყველაფერი გაყიდა: ძროხა, სახლი, კარი. ვირს არავინ არ ყიდულობს. თქვენი ხალხი ვირის ყოლას სამარცხვინოდ თვლის, ვირი კი ძალიან საყვარელი ცხოველია... მუშა, უწყინარი... ქუჩაში ხომ არ დავტოვებ, ან ვის დავუტოვო, ბერძნები ყველა მივდივართ... ძალიან ადვილი მოსავლელია, ერთი მუჭა ბალახი ჰყოფნის... ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან ვირს ყელზე უსვამდა ხელს და ცრემლებს ყლაპავდა.

- მიდიხარ?

- მივდივარ. ხომ დაიტოვებ?

- დავიტოვებ!

- არ გააგდო სახლიდან!

- არა, იანგული!

- ნინა ივანოვნას სთხოვე, არ გააგდოს!

- ვთხოვ, იანგული!

- კოკა მოგეხმარება, ამის მოვლას რა უნდა...

- არაფერი, იანგული.

- სულ ერთი მუჭა ბალახი ჰყოფნის.

- ჰო, იანგული!

- აპოლონი ჰქვია!

- ვიცი, იანგული!

- მოეფერე ხოლმე!

- კი, იანგული!

- წავედი ახლა, გემი საღამოს გადის!

- წადი, იანგული.

- მშვიდობით, ჯემალო!

- პორტში მოვალ, იანგული!

იანგული გადამეხვია, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული. მერე უცებ ხელი გამიშვა და გაიქცა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. გაიქცა უკანმოუხედავად, ისე, თითქოს რაღაც საშინელსა და შემზარავს გაურბოდა.



საღამოს მთელი სოხუმი პორტში იყო გამოსული.

იყო ბევრი ყვავილები, ორკესტრიც, ტაშ-ფანდურიც, ცხვირსახოცების ფრიალიც, მადლობა, ნახვამდის, მშვიდობით, მაგრამ ყველაფერზე მეტი მაინც ცრემლი იყო.

სოხუმის მოქალაქენი თავისი სხეულის ნაწილს, თავის სისხლს და ხორცს - ბერძნებს აცილებდნენ. ბერძნები უკვე ასულიყვნენ გემზე. ღრუბელივით თეთრ და ქათქათა „პოსეიდონზე“ და იქიდან გვიყვიროდნენ ხელების ქნევით რაღაცას, ზოგს ბერძნულად, ზოგს რუსულად, ზოგს აფხაზურად, ზოგს სომხურად, ზოგს ქართულად... უზარმაზარი თეთრი „პოსეიდონი“ კიჩოთი ნაპირისკენ იდგა. ზღვა ოდნავ ღელავდა და გემი ისე ირწეოდა და იქნევდა თავს, თითქოს თვითონაც გვემშვიდობებოდა.

მე სხვა ბავშვებთან ერთად პირსის მოაჯირს მიჭყლეტილი, თვალებს ვაცეცებდი და გემის ქიმზე გადმოფენილ ბერძნებში იანგულის დავეძებდი. უცებ თვალი მოვკარი. მას კვლავ შავი სატინის ხალათი ეცვა. მკერდზე გაღეღილი. იანგული მამამისის წინ იდგა და მომეჩვენა, რომ მამამისს ხელით ეჭირა.

- იანგული! - იანგული! - ვიკივლე მე და ხელების ქნევა დავიწყე. იგი დიდხანს, დიდხანს დამეძებდა ბრბოში, ბოლოს ეტყობა ხმით მომაგნო და რომ დამინახა, ორივე ხელი მაღლა აღმართა.

- იანგული, იანგული, მშვიდობით!

- ჯემალო, ეღო აღაპო ი მანა სუ!

ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი! - მეძახდა იგი ბერძნულად და მე კვლავ მომეჩვენა, რომ იგი მღეროდა, მე ვერ გავუძელი მის ხმასა და ცქერას, გემს ზურგი შევაქციე და ატირებული შინ წამოვედი.



მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის ლიანდაგი, ვენეციის გზატკეცილი და შეშლილივით შევვარდი სახლში...

- რა მოგივიდა, ბიჭო? - მკითხა გულამოვარდნილს შეშინებულმა დეიდაჩემმა.

- დეიდა ნინა... იანგული დაბრუნდა... - ვუთხარი მე. მერე დავიჩოქე მის წინ, კალთაში თავი ჩავუდე და მწარედ ავტირდი.


Comments: 0   Views: 262   Group: ქართული პროზა  

 ნოდარ დუმბაძე
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1006 days ago 28.08.2009 21:46:26

დიდრო

სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ.

- ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.

- დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.

- დიდროია ბურძგალა!

- დიდროია ხაბაკა!

- დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის, მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის ჯიბეში.

დიდრო და დიდროსნაირი სახელები ვის გაჰკვირვებია გურიაში. მარტო გუთურში სამამულო ომამადე 4 ოტელი, 8 ჰამლეტი, 7 შექსპირი, 5 დეზდემონა და 3 ოფელია ცხოვრობდა, მაგრამ წივილ-კივილითა და ჟივილ-ხივილით არავინ დადევნებია. დიდრო სხვა იყო. დიდრო, გარდა იმისა რომ დიდრო იყო, კიდევ ბურძალა იყო, ხაბაკა იყო და ქაფურა იყო.

ბურძგალა იმიტომ იყო დიდრო, რომ თმა ჰქონდა ზღარბივით აბურძგნული და, გარდა ამისა, ნიძლავზე, ხიდან ჩამოგდბეულ წაბლს ბურძგალას შიშველი ფეხით აცლიდა.

ხაბაკა იმიტომ იყო დიდრო, რომ მაგაზე მეტ სიმძიმეს კაცი ვერ წევდა. რამდენჯერ მინახავს, როგორ მიაცილებდა სამ მანეთად ან მანეთად ორივე მხარზე ხურჯინებგადაკიდებული და გაძეძგილი კალათებით მკლავებდაწყვეტილი დიდრო სოფლიდან რაიონულ ცენტრში ვიღაცას. კაცი ან გამოუცდელი ან ხვადაგი უნდა ყოფილიყო, ასეთ დროს დიდროს რომ მისალმებოდა. მე შენ გეტყვი, არ გაგიჩერდებოდა, ბარგს ჩამოდგამდა, ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისე გამოგელაპარაკებოდა. დადგებოდა ასე აქლემივით დატვირთული, კისერწაგრძელებული, თვალებგადმოკარკლული და გაგიბამდა მუსაიფს.

- ვისი ხარ შენ, კი ვერ გიცანი!

- მე ვარ ნოდარი, ქიშვარდის ბადიში!

- აუ, რა კატლეტს მაჭმევდა უფასოდ ბაბუაშენი გუთურის სასადილოში პოვრად რომ მუშაობდა. საიდან მოდიხარ?

- ქალაქიდან.

- ხომაა მშვიდობა?

- კი.

- რამდენი დღით ჩამოდი?

- ერთი კვირით.

- აუ, რას დამგვანებიხარ, ბიჭო! ერთი კვირა გამოგაკეთებს შენ?

- დიდროია, გამოადგი ფეხი, მაგვიანდება ავტობუსზე! - აჩქარებს ბარგის პატრონი.

- მაცალე, ბიჭო, კაცთან ლაპარაკი. თვარა დაგიყრი ამ ხაბაკს აგერ შარაზე და გადაიხიე ის შენი სამი მანეთი თავზე! - აფრთხიელბს ბარგის პატრონს, - ლადიკოს ბიჭია, კალანდაძის, - მაცნობს შემდეგ მე.

- ვიცნობ, დიდრო!

- აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს!

- აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? - გავახსენე დიდროს.

- ისიც გეცოდინება, აბა, ჯარში რომ წაიყვანეს!

- მაგიც ვიცი!

- ყველაფერი თუ იცოდი, რაღას მოდიოდი, ვერ დარჩი ქალაქში? - ეწყინა დიდროს.

- გავბრუნდები, აბა, უკან, რადგან ასეა! - ვეუბნები დიდროს.

- ფეხი არ მოიცვალო აქედან, მივურბენიებ ამ გლახას ამ ხაბაკს ავტობუსამდე და ამ წუთში აქ გავჩნდები! - მეუბნება დიდრო და ძუნძულით გარბის. მერე უცებ ტრიალდება მე მეხვეწება: - არ დამიძახო ბიჭო, ახლა, დიდროია ხაბაკაო, და რომ მოვბრუნდები, უფულოდ წაგიღებ მაგ ჩემოდანს სოფელში. მაინც იქით მაქვს გზაი.

ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუქნევ თავს დიდროიას. ღიმილს ვამბობ, თორემ ვაი ასეთ ღიმილს, ერთი ტირილი ქვეყანას მირჩევნია. მერე ჩემოდანს ვდგამ გზის პირას, ზედ ვჯდები და ძუნძულით მიმავალ დიდროიას ველოდები.

რაც შეეხება ზედმეტ სახელს „ქაფურას“, იგი ამ სამი წლის წინ შეერქვა დიდროს ჩემი თანდასწრებით.





საზაფხულო არდადეგებზე გახლდით ჩასული სოფელში. კვირა დღე იყო. მთელ გუთურელ ლაზღანდარებს საპარიკმახეროში მოეყარათ თავი და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს დალაქ ექვთიმე ყვაპუტასა და დიდროს პაექრობას. საპარიკმახეროში რომ შევედი, პაექრობა კარგა ხნის დაწყებული იყო და ჩემთვის ყურადღება არავის მოიქცევია.

- დიდრო ბატონო, კიდევ ერთი ამოცანა მკითხე და თუ ვერ ამოვხსენი, მთელი თვე უფასოდ გპარსავ. - ეხვეწებოდა ექვთიმე ყვაპუტა დიდროს (ექვთიმეს - „ყვაპუტას“ მისი მორჩილი ტანისა და სიმსუქნის გამოე ეძახდნენ. მთელ სოფელში ექვთიმე ერთადერთი კაცი იყო, რომელიც დიდროს ბატონობით ელაპარაკებოდა. დიდრო, რა თქმა უნდა, დაცინვას ვერ ხვდებოდა და „ბატონოს“ ღირსეულად იფერებდა).

- კარგი, აბა, თვითონ, ბატონო ექვთიმე, მითხარი მე შენ, ორი ქვეყნის: ამერიკისა და იაპონიის საზღვარზე მამალი ზის ღობეზე, თავი იქით აქვს - იაპონიის საზღვარზე, და კუდი აქეთ - ამერიკისკენ. დადვა უცებ მამალმა კვერცხი ზედ შუა საზღვარზე, რომლისაა კვერცხი - ამერიკისა თუ იაპონიის? - ჰკითხა დიდრომ და პასუხის მოლოდნში თვალები მოწკურა.

- ამერიკის! - დაიძახა ვითომ გახარებულმა ექვთიმემ.

- რატომ? - ჰკითხა ირონიულად დიდრომ.

- იმიტომ, რომ კუდი ამერიკისკენ აქვს, დიდრო ბატონო! - დაასაბუთა ყვაპუტამ.

- მაგი არაფერს არ ნიშნავს. - ჩაუყარა წყალში ნაშრომი დიდრომ.

- იაპონიისაა კვერცხი! - დაიხია უკან ექვთიმემ. (ეს ცნობილი ამოცანა ლაფსუსია, ჯერძოდ ის, რომ მამალი კვერცხს არ დებს, დიდროს არ მოსწონს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის მისი ამოხსნა. დიდროს სხვა, ახალი, უფრო საინტერესო და მოულოდნელი ფინალი აქვს მომზადებული).

- ვაი, შენ აბდალა, სადა აქვს ამერიკას და იაპონიას საზღვარი? - ჰკითხა დაცინვით დიდრომ ექვთიმე ყვაპუტას.

საპარიკმახერო შეაზანზარა სიცილმა.

- შენი ყოფილა, ბატონო დიდრო, ქვეყანა და ესაა. - გაშალა ხელები წაგებულმა ექვთიმემ. - მაინც სად ისწავლე ეს ამოცანა?..

- სად და, პორტ-არტურში! - ისე თქვა დიდრომ, თითქოს გუშინ დაბრუნებულიყოს იქიდან.

- როდის მოასწარი, დიდრო ბატონო, პორტ-არტურში ყოფნა?

- მე და მამაჩემი სად ვიყავით აბა, ცხრაას ოთხში? - ჰკითხა თავის მხრივ დიდრომ.

- დედაშენი სად იყო მაშინ?

- რა უნდა ველაპარაკო ამ აბდალას, - მოგვიბრუნდა ჩვენ დიდრო. - მამაჩემმა მერე არ შეირთო დედაჩემი, პორტ-არტურიდან რომ დაბრუნდა?

ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- შენ სად იყავი მაშინ, დიდრო ბატონო? - ჩასდია ქვესკნელში ყვაპუტამ.

- სად ვიყავი და, მამაჩემში!?

- მახსოვრობა მაქვსო, ამან უნდა თქვას! - შეაქო ყვაპუტამ და უცებ უზომოდ შეწუხებული ხმით სთხოვა გახარებულ დიდროს: - დიდრო ბატონო, რაღაც ნასიცხარს გავხარ, აბა, ერთი ენა გამოყავი გარეთ!

შეშინებულმა დიდრომ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ მორცხვად გამოყო ენის წვერი და დაელმებულმა დახედა ზედ.

- მაგაზე რა შეგატყო, დიდრო ბატონო, გამოიმეტე მაგი ენა კიდევ ცოტა, შენ კაცო!.. - უსაყვედურა ექვთიმემ.

დიდრომ თვალები გადმოქაჩა, უზარმაზარი ენა გადმოაგდო ცოფიანი ძაღლივით და სწორედ მაშინ დაუსვა ექვთიმე ყვაპუტამ იმ ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენაზე გაქაფული ფუნჯი.

- ეუო! - ამოიგმინა დიდრომ, მაგრამ ქაფით გამოტენილი პირი რომ ვერ დახურა, გულზე აფარებული ჭუჭყიანი ზეწარი ჩაიბუშტა პირში და ზმუილით გავარდა გარეთ, გავარდა და... სწორედ იმ დღიდან მიემატა დიდროს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი. სწორედ იმ დღიდან გახდა დიდრო დიდროია ქაფურა.

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე იოამას ნაბიჭვარო!

- ეუ, დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან იმ დღიდან გეთურელი ბიჭები სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს და ერთმანეთს ასკდებიან სიცილით.

. . . . . . . . . . . .

ამბავი რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, შარშან მოხდა. გაზაფხულზე სოფელში ვიყავი სამი დღით ჩასული, ოდაზე კრამიტის გამოცვლაში უნდა მივხმარებოდი მამიდაჩემს. მაისის თვე იყო. გაგანია მუშაობის დრო.

ჩაის კრეფის გეგმა არ ჩაგვივარდესო და, რაიონის დაზაფრულ ხელმძღვანელობას მასწავლებლიან-მოსწავლეებიან, დირექტორიან-დარაჯიან, დალაქიან, მკერავიან, მრეცხავიან, დახლიდარიან, მწველავიან, მთესველიან, მბარავიან, მთოხნელიანად ყველა ჩაის პლანტაციაში ჰყავდა გამოყრილი. სერგია ბრიგადირის თხოვნით, იმ დილით მეც გავედი სამუშაოზე.

ჩაის დუყი ერთ მტკაველზე ალორთქილიყო და კვალს შესეულ თეთრწინსაფრიან და წითელ-ყვითელ პერანგა გოგო-ბიჭებს ისე აეჭრელებინათ ბარდნალის ფერდობი, გაგიკვირდებოდათ, გუშინ რომ წვიმა არ იყო, ერთ ღამეში ამდენი ყვავილი მთის ამ მწვანე კალთაზე რამ ამოაბიბინაო.

ჩაის ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალები და მოსწავლეები კრეფდნენ. მამაკაცები კი ზოგი მწონავებსა და მზიდავებს ეხმარებოდა, ზოგიც გვერდზე გადგარიყო და თუთუნის კვამლში გახვეული ქვეყნის ამბებს ყვებოდა. ჩემს მოვალეობას მოკრეფილი ჩაის დავთარში აღნუსხვა და მისი დახარისხება შეადგენდა. სწორედ ამ საქმით ვიყავი გართული, რომ ვიღაცამ დაიძახა, - დიდროია ქაფურა მოდისო.

დიდრო ზევიდან ქვევით მოყვებოდა ბარდნალას. ყურებამდე გაღიმებული აქეთ-იქით სალამს არიგებდა, თან ქვამოღერებული აფრთხილებდა ბავშვებს.

- გამარჯობა თქვენი, ბაღნებო, არ დამიძახოთ ახლა ქაფურაო, თვარა ამ თავდაღმართში ვერც ერთი ვერ გამასწრებთ.

- დიდროია ბურძგალას გაუმარჯოს!

- რა გითხარით მე თქვენ?! - ცქვიტა ყური დიდრომ.

- ახლა არ თქვი, დიდროია, ქაფურა არ დამიძახოთო? - შეახსენა ვიღაცამ.

- რამ გაყო ქაფურა და ბურძგალა?! - მკაცრად იკითხა დიდრომ.

- აბა, შენ გაგიმარჯოს დიდროია ხაბაკა!

- ა კიდო?! - შედგა დიდრო და იქითკენ გაიხედა, საიდანაც „ხაბაკა“ დაუძახეს.

- აბა, რა ქნან, დიდრო ბატონო, ამ ბაღნებმა, აღარც ბურძგალა, აღარც ხაბაკა და აღარც ქაფურა თუ რა დაგიძახეს, ყველა ჩემსავით ღვთისნიერი ხომ არ იქნება? - შეაბრალა ბავშვები დიდროს ექვთიმე ყვაპუტამ.

- მაგას კიდევ პორტ-არტურის შპიონი მიძახონ, ის მირჩევნია, მე ხომ ვიცი, რომ არ ვარ და... - აირჩია დიდრომ, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: - შემიტანე სიაში, ქიშვარდიეს ბადიშო!

- რომელ სიაში , მკრეფავების, მწონავების, თუ მზიდავების? - ვკითხე დიდროს.

- რომელი ჯობია? - მთხოვა რჩევა დიდრომ.

- მე თუ მკითხავ, ახლა, აგერ, ხის ძირში მხართეძოზე წამოწოლას არაფერი ჯობია, დიდრო!

- მხართეძოზე სახლშიც კი ვიწექი, აბდალა. ჩამწერე მზიდავებში! - გადაწყვიტა დიდრომ.

ჩავწერე.

- როგორ ჩამწერე? - მკითხა დაეჭვებით.

- დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძე! - წავუკითხე მე.

- შემახედე!

შევახედე. დიდრომ დიდხანს უყურა სიას, მერე ექვთიმე ყვაპუტას მიუბრუნდა და ჰკითხა:

- დასტურ ასე წერია, ექვთიმა?

- დასტურ!

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა?

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა, დიდრო ბატონო!

- აბა, ამიწიეთ მაგი გოდორი! - ეცა გოდორს გახარებული დიდრო. გოდორი ვეებერთელა იყო და მძიმე.

- მაგი გოდორი დიდია და მძიმე, დიდრო ბატონო, თან ჩაი სველია, ჯერ ცვრიანი, გაგიჭირდება, - გააფრთხილა ექვთიმე ყვაპუტამ.

დიდროს გაეღიმა, გვერდით მდგომ ქესკინა მელივას ბიჭს იღლიებზე ხელი შეუცურა, გოდორზე შეაგდო და - დამიბეკნეო, უთხრა, ქესკინას ბიჭმა გოდორი შუაზე ჩაიყვანა.

- დაუმატეთ! - თქვა დიდრომ.

დაუმატეს.

- კიდე!

კიდევ დაუმატეს. პირთამდე გაივსო გოდორი, გაიძეძგა.-

- ეყოფა, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, წვენი გაუვიდა! - ჩამოაგდო ექვთიმე ყვაპუტამ გოდრიდან ქესკინას ბიჭი. დიდრომ გოდორი მოსინჯა, ემსუბუქა.

- ამას კრეფდით მთელი სოფელი? - გვისაყვედურა, - დაადევით მაგი ტომარა ზევიდან!

დაადვეს.

- მეორეც!

- გადელდა! - თქვა ყვაპუტამ.

- ნიძლავი! - თქვა დიდრომ.

- ასი გაპარსვა! - წამოიძახა ყვაპუტამ.

- ექვთიმა, ერთი წლის გაპარსვა მაქვს შენთვის მოგებული დღეში ორჯერ. ახლა შენ დამენიძლავე, ქიშვარდის ბადიშო, მაგ შარვალზე, - მითხრა დიდრომ და ჩემს ტეხასურ შარვალს ჩააშტერდა.

- არ მინდა ნიძლავი, დიდრო, ისე მოგცემ.

- ისე რა, შენი მათხოვარი კი არ ვარ! - ეწყინა დიდროს.

- ახლა ნუ გამხდი და შინ რომ მივალ, გამოვიცვლი და მოგართმევ.

დიდრომ ისევ მოსინჯა გოდორი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ უკან აღარ დაიხია.

- ამიწიეთ! - თქვა და გოდრის წინ ჩაიმუხლა. ვიღაცამ ბაწარი მოარბენინა, ის ორი გატენილი ტომარა ზევიდან დააკრეს ტყვიასავით გაძეძგილ გოდორს და ოთხმა კაცმა დიდი გაჭირვებით მოჰკიდა ზურგზე დიდროს გოდორი.

- გამაგრდი, დიდროია ხაბაკა! - შეეშველა ვიღაცა.

- არ წახდე, ბურძგალა!

- მიდი, ქაფურა, მიაწექი!

დიდრო დაბარბაცდა, გაუშვი ხელი, თორემ წააგე! - დასჭყივლა ვიღაცამ. დიდრომ დამდუღრულივით წაართვა ხელი ტუნგოს და ისევ დაბარბაცდა.

- შეეშვი, დიდრო, მაგას და ახლავე ვიხდი შარვალს. - ვთხოვე მე, მაგრამ დიდროს გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი დაიძრა, ჯერ მთვრალი კაცივით ზიგზაგებით გაჰყვა ბილიკს, მერე ნელ-ნელა გამართა ნაბიჯი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ძალიან მძიმე, ძალიან დინჯი და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას ჩაის პუნქტისაკენ. ღვედები თითის დადებაზე ჩაუჯდა მხრებში. კისრის მყესები იმ ღვედებივით დაეჭიმა, შუბლზე ლურჯი ძარღვი ამოებურცა და თვალები სისხლით აევსო.

- გააჩერე! - ვთხოვე ექვთიმე ყვაპუტას.

- სუფასას გააჩერებ ახლა და მაგას ვერა! - თქვა ექვთიმემ.

- ჩაის პუნქტამდე 250-300 მეტრი იქნებოდა. ხალხი ერთხანს გაშტერებული იდგა, კაცი არ ჩანდა, მათ წინ ფეხადგმული უზარმაზარი, უფორმო, კლდის ნაგლეჯი თუ რაღაც ორფეხზე შემდგარი განათხარი გიგანტური ცხოველი მიაბიჯებდა. მერე ბრბო უცებ დაიძრა და იმ ფეხადგმულ ზღაპრულ მაჯლაჯუნას აედევნა. ბავშვები წინ გავარდნენ.

- მიდი, დიდროია!

- ცოტა და, შენია ნოდარას შარვალი!

- მიდი, მიდი, დიდროია! - ამხნევებდნენ ბავშვები.

- ახლა მაგის საცოდაობა თუ გინდა, უნდა დაუარო თავი და გამარჯობა უნდა უთხრა! - იხუმრა ვიღაცამ. ხალხმა გულიანად გაიცინა.

- მიდი, დიდრო, ათი ფეხის ნაბიჯი დაგრჩა!

- რვა... შვიდი... ექვსი...

- გაუძელი, დიდრო!

- სამი... ორი...

- ერთი... დიდრო, კაცი ხარ, კაცი! - კიოდნენ ბავშვები და გუგუნებდა ხალხი.

დიდრო გოდრიანად დაჯდა მიწაზე სასწორის გვერდით. ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა, მკლავებ და ფეხებმოწყვეტილი. სილურჯემ რომ გაუარა და კირივით გაფითრებულუ ტუჩებში სისხლი რომ დაუბრუნდა, გაიღიმა და გულაღმა გაგორდა ბალახზე. მერე პირდაღმა ჩაბრუნდა და ოფლიანი სახე გრილ ბალახზე გადააგორ-გადმოაგორა. ოთხმა კაცმა რის ვაი-ვაგლახით შეაგდეს გოდორი სასწორზე. ყველანი სასწორს მივცვივდით. ერთი გირი შემოუგდეს, მეორე, მესამე, მეოთხე, ვერაფერმა რომ ვეღარ გადაწონა, ქვა დაუდეს გვერდით - ათ კილოს უდრისო.

- მოკალით ღვთისშვილი, შობელძაღლებო? - იკითხა გაოცებისაგან თვალებგადმოცვენილმა ბენედიქტე მწონავმა.

- რამდენია? - იკითხა ვიღაცამ.

- 141 კილო! - თქვა ბენედიქტემ.

- აუუუ! - ამოიგმინა ხალხმა. ყველა იქით შებრუნდა, სადაც გაგორებული დიდრო ეგულებოდათ, მაგრამ დიდრო იქ აღარ იყო. იგი თავჩაქინდრული, წელში მოხრილი და მკლავებჩამოყრილი უკანმოუხედავად მიძუნძულებდა ბილიკზე, სუფსის ჭალაში. ეს იყო ერთადერთი დღე მის ცხოვრებაში, როდესაც არავის დადევნებია დიდროია, პორტ-არტურის შპიონოს, დიდროია, ოიამას ნაბიჭვაროს, დიდროია, ბურძგალას, დიდროია, ქაფურას, დიდროია, ხაბაკას ძახილით.

141 კგ ჩაი ჩავწერე დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძის გასწვრივ წითელი ფანქრით და დავთარი დავხურე.

საღამოს ის ტეხასური შარვალი გავიხადე, დიდროს თვალი რომ ზედ დარჩა, გაზეთში გავახვიე, სხვა შარვალი ჩავიცვი... გაზეთში გახვეული შარვალი იღლიაში ამოვიჩარე და დიდროსთან წავედი.





დიდროს ყავრით გადახურული ორთვალიანი პატარა ოდა ზედ სუფსის პირას დგას. მთელი ჩემი ბავშვობა ამ სახლის გარშემო სირბილში გავატარე და არასდროს აზრად არ მომსვლია შიგ შემეხედა. არ ვიცი შიშის გრძნობა იყო ეს თუ რიდისა, რომელსაც ყველა მარტოხელა კაცის სახლი იწვევს, არც ის ვიცი, მაშინ რომელი გრძნობა მჭარბობდა. ერთი კი ცხადია, დიდროს სახლში არასოდეს შემიხედია. ისე კი ყოველ გაზაფხულს საათობით ვმდგარვარ გადარეული სუფსის პირას და შეშინებული, გულისფანცქალით ველოდი, აი ახლა, აი ახლა დაარტყამს ტალღა, დალეწავს და ნაფოტივით წაიღებს დიდროიას სახლს-მეთქი, მაგრამ სახლი იდგა არხეინად, წარბშეუხრელად და გადელებულ სუფსას არაფრად აგდებდა. რამდენჯერ გამიმხელია ბაბუაჩემისათვის ეს ბავშვობის შიში და იმასაც უთქვამს: - შენ კი არა, ბაბუა, მეც ბავშვობიდან, ყოველ ლანქრობას ველოდები მაგ სახლის წაღებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. კუდიანი იყო დიდროიას მამა ედემიკა, ისეთ კლდეზე უდგას ფეხი იმ ოდას, ერთი კი არა, ორი სუფსა ვერ გამოუთხრის ძირს, ისე სულ ბეწვზე კი ჰკიდია შეჩვენებული.

სუფსა ამ გაზაფხულზეც უსაშველოდ ადიდებული იყო. ჰოდა, ახლა დიდროს ეზოში რომ შევედი, ჯერ იმ ბავშვობის შიში დამეუფლა, მერე სიხარული, რომ სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და ამ ღამეში ერთადერთი ანთებული თვალით გასცქეროდა გადარეულ მდინარეს.

ცა ისე იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებით გაჭედილი, მთვარეს ფეხის მოსაცვლელი ადგილი აღარ დარჩენოდა და შუა ცაში იდგა გაფითრებული და გაშტერებული.

ცნობილია, გიჟებს უზომოდ უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ამიტომ როდესაც დიდროს ეზოში ჩავედი და ოთხი თუ ხუთი ძაღლი შემომეგება კუდის ქიცინითა და წკმუტუნით, არ გამკვირვებია. ისიც ვიცი, რომ ძაღლი სხვის ეზოში კაცს არ უყეფს, ამიტომ როდესცა ამ ხუთიდან ერთმა დამიყეფა და შემომიღრინა, მივხვდი, დიდროსი იყო. გავჩერდი, ძაღლის სახელი არ ვიცოდი და ყასიდად, დიდრო, დიდრო-მეთქი დავუძახე, თან თვალით ქვას და ჯოხს დავუწყე ძებნა. ძაღლი უცებ გაჩერდა, მერე კუდის ქიცინით გამეხახუნა - მობრძანდით, ბატონოო და კარგი მასპინძელივით ამიძღვა აივანზე. ოთახის კარი ღია იყო. შუა ოთახში ძველებურ მრგვალ მაგიდაზე ჭრაქი ბოლავდა. აისისა თუ დაისის მაგვარი ბინდი იდგა ოთახში. თვალი რომ შევაჩვიე ბინდს, დავინახე: მარჯვენა კუთხეში პატარა, დაბალ მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი ესვენა, წინ ბზის გამხმარი ტოტი ედო. მარცხნივ კედელზე ორი გახუნებული სურათი ეკიდა ახალგაზრდა ქალისა და ულვაშებაწკვიტინებული ჩოხოსანი მამაკაცისა. დაფინოა და ედემიკაა ალბათ, გამიელვა ფიქრმა. სურათების ქვეშ ტახტი იდგა. ტახტზე დიდრო იწვა ტანგაუხდელად. თავთან, სამფეხა სკამზე, პატარა სველი დოქი იდგა. ოთახში კიდევ ერთი მრგვალსაზურგიანი სელის სკამი იდგა. ეს ყველაფეირ თვალის ერთი მოვლებით შევამჩნიე, მეტი ვერაფერი. თუმცა, არა, ოთახის ჭერზე ელექტრონათურაც ეკიდა, მაგრამ არ ენთო.

- დიდრო, შეიძლება? - ვკითხე მორიდებით.

თავი დამიქნია ღიმილით, მერე სელის სკამს შეხედა, ალბათ - დაბრძანდითო, უნდოდა ეთქვა;

- ისვენებ, დიდრო? - ვკითხე.

- არაო, - გადაიქნია თავი.

- რამე ხომ არ გტკივა, დიდრო?

- კიო, - თავი დამიქნია. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ახლოს მივედი, დოქი ტუჩთან მივუტანე, თავი წამოვუწიე და წყალი დავალევინე.

- რა გტკივა, დიდრო?

- გაწყდა, - თქვა დიდრომ ჩურჩულით, წყალი რომ მოსვა.

- რა? - ჩურჩულით ვკითხე მეც ძალაუნებურად.

- არ ვიცი!

- სად, დიდრო?

- აქ და აქ... - დიდრომ მარცხენა ხელი გულზე დაიდო, მარჯვენა საფეთქელთან მიიტანა. - აქა და აქ გაწყდა!

ისევ დამიარა ჟრუანტელმა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, დიდროს სახე ნაცრისფერი ჰქონდა, თვალები კი - შეშინებული.

- წავალ და ექიმს მოვიყვან! - ვთქვი და წასვლა დავაპირე.

- არ დამტოვო!

მტაცა ხელი დიდრომ და ისე მაგრად მომიჭირა, ძალაუნებურად დავჯექი. თვალს არ მაცილებდა, ის ძველებური ელვა აღარ დაურბოდა შიგ.

- რამდენი იყო? - მკითხა.

- რა? - გამიკვირდა და მერე მივხვდი, ჩაიზე მეკითხებოდა.

- 141 კილო, დიდრო!..

- მაგი რამდენია?

- ძალიან ბევრი.

- მაინც?

- რვა ფუთი და ცამეტი კილო.

- ბევრია მაგი?

- 17 ბათმანი და 5 კილოა, დიდრო!

- კი ყოფილა ბევრი!

- წავალ ახლა და ექიმს მოვიყვან, დიდრო! - წამოდგომა დავაპირე.

- არ დამტოვო!

შემევედრა შეშინებული დიდრო და ისე მაგრამ მომიჭირა ხელი მაჯაზე, ძვლებმა გაიტკაცუნეს. ყვირილი მინდოდა, მაგრამ შემრცხვა და გავუძელი.

- შარვალი მოგიტანე, დიდრო!

- რა შარვალი, ბიჭო? - მკითხა და ოდნავ შემიშვა ხელი.

- წაგებული შარვალი.

- ბიჭო, შენ ხუმრობა არ იცი? - მკითხა დიდრომ.

- მე მაინც ორი მაქვს, დიდრო...

დიდრომ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც გახვეული შარვალი იდო, დიდხანს ფიქრობდა, მერე მომიბრუნდა და ისევ ჩურჩულით მითხრა.

- თქვი: დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია-თქვა!

- დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია. - გავიმეორე ხმის კანკალით.

- მიდი ახლა შკაფთან და გამოაღე ქვედა უჯრა. - მითხრა დიდრომ და ძალიან ფრთხილად გამიშვა ხელი.

მე განჯინისაკენ წავედი. თვალი გამომაყოლა. მივედი. დავიხარე და ქვედა უჯრა გამოვაღე.

- არის რამე შიგ? - მკითხა დიდრომ. უჯრა სავსე იყო მანეთიანებითა და სამმანეთიანებით. - რამდენია?

- ბევრი.

- მაინც?

- იქნება ასე. 100-200 მანეთი.

- შენ შარვალს ეყოფა?

- გაგიჟდი, დიდრო?

- მოდი აქ ახლა და დაჯექი!

მივედი. ისევ მტაცა მაჯაში ხელი, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად.

- შენია მაგი, ნოდარა! მე ახლა მოვკვდები. ამ შარვლით, მე რომ მაცვია, კაცის დამარხვა საცოდაობაა. აგი გამხადე და იგი ჩამაცვი, ოღონდა ახლა არა, მეტკინება, მერე, რომ მოვკვდები... - დიდრომ თვალები დახუჭა. დიდხანს ძალიან დიდხანს დუმდა. მისი მაგრად მოჭერილი და მხურვალე ხელი რომ არა, დაძინებულს ჰგავდა. სუნთქვაც ისეთი ჰქონდა.

- ბიჭო ნოდარა, განათდა! - თქვა დიდრომ უცებ და ლოგინზე წამოჯდა. - განათდა, ბიჭო, ყველაფერი და დაბრუნდა თავის ადგილას, დაბრუნდა და დალაგდა. ყველაფერი თავის ადგილას დადგა - სახლი, ჭალა, სუფსა, ძაღლი, ძროხა, დოქი, ჭრაქი, ხბო, ბუხარი, ხატი, დედაჩემი, მამაჩემი, ადრე რომ ბნელში დაბორიალობდა, ყველაფერი განათდა და დალაგდა. - ფანჯარაში გაიხედა. - ღმერთი გამოჩნდა, ღმერთი, დაილოცოს, ღმერთო, შენი ძალა, ეს რა ჰქენი, რაფერ გაანათე და დაალაგე ყველაფერი ასე. გამოდი, დაენახვე ნოდარას... გამოდი... ორიჯერ ორი ოთხია, ნოდარა, სამჯერ სამი - ცხრა... განათდა და დალაგდა... - დიდრომ მარჯვენა ხელი საფეთქელზე მიიდო, მარცხენათი ისევ ჩემი მაჯა ეჭირა. - აგერ განათდა აქ... ყველაფერს ვხედავ შიგნითად და გარეთაც. ვხედავ, ნოდარა, ვხედავ, შიგნით ვკვდები და გარეთ გამოვდივარ... ვტოვენ შიგნით ყველაფერ ტკივილს, ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ... გამოდი, სულო, გამოდი სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო... რას შვები, ღმერთო, გაგიჟდი? - იკივლა უცებ. - მკლავ, ღმერთო? ახლა, ყველაფერი რომ გაანათე და გამართე, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მიუჩინე, ახლა მართმევ სულს? გაჩერდი, მე შენ გელაპარაკები, დადექი, არ გაუშვა, ნოდარა, თხოვე, ნოდარა, არ მომკლას, ბიჭო, სადა აქვს სამართალი, ახლა მკლავს, ყველაფერი რომ გამინათა და დამილაგა? გამოვიდეს და დაგენახოს, დაგენახოს და დაგელეპარაკოს! ახლა მკლავს, ქაფურა რომ აღარა ვარ. ბურძგალა რომ აღარა ვარ... რას შვები, ღმერთო, არ მომკლა, ე, ბიჭო ნოდარა, თხოვე, ერთი დღე რაა მაგისთვის, ერთი დღე მაცოცხლოს ასე ნათელი, დალაგებული და გამართული... მერე მომკლას, თხოვე, ნოდარა, შენ უღმერთო და უნამუსო, თხოვე!.. - დიდრო ყვირილიდან ჩურჩულზე ჩამოვიდა, მერე სულ წაერთვა ხმა, სულ გაუქრა და გულაღმა გადავარდა. ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე ვატყობდი, ისევ იმას მეხვეწებოდა, ღმერთისთვის მეთხოვა კიდევ ერთი, მხოლოდ ერთი დღე ეცოცხლებინა ასე გამართული, დალაგებული და განათებული. წამოხტომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დიდროს ისე მაგრად ვეჭირე, ხელს თუ ვინმე მოჭრიდა, თორემ ისე ჩემი გამშვები არ იყო და მაშინ ვიკივლე მეც:

- მიშველეთ, ხალხო! დიდრო კვდება, ეი, ხალხო! ექიმს დაუძახეთ, დიდრო კვდება, დიდროოოო! ეჰე-ჰეეე! გამოდით გარეთ, უშველეთ დიდროიას კვდება დიდრო!!! - გარეთ კი გადარეული სუფსა ბღაოდა, მოანგრევდა ხეს და მიწას და ჩემი კივილი არავის ესმოდა. მაშინ მუხლებზე დავეცი და ოთახის მარჯვენა კუთხეში დასვენებულ ღვთისმშობელს მივაპყარ მზერა.

- ნუ მოკლავ, ღმერთო, დიდროიას, ახლა მაგის სიკვდილი გაგონილა? ახლა, ყველაფერი რომ დაულაგდა, გაუსწორდა და გაუნათდა!.. ღმერთო!.. - მერე ნელ-ნელა ვიგრძენი, როგორ მოდუნდა დიდროს ხელი, როგორ გაშალა თითები და როგორ დაესვენა მისი მტევანი სამფეხა დოქის გვერდით. დიდრო აღარ სუნთქავდა.

- ეს არის, ღმერთო, სამართალი?

უხმოდ ავდექი და გარეთ გამოვედი. ეზო ცარიელი იყო. ძაღლები სადღაც წასულიყვნენ. მხოლოდ დიდროს ძაღლი იწვა ჭიშკართან, თავი წინ გაწვდილ თათებზე დაედო და უზომოდ ჭკვიანი თვალებით მიყურებდა.

ცაში ავიხედე, ნაცრისფერი ღრუბელი მომძლავრებულიყო და ახლა მთვარე დამნაშავესავით ეფარებოდა იმ ღრუბელს, თან ჩუმად მიიპარებოდა ციდან.

სუფსა ღრიალით ასკდებოდა კლდიან ნაპირს, დიდროს ოდა ისევ ბეწვზე ეკიდა და ისევ შემაწუხა ბავშვობის დროინდელმა შიშმა.

- ღმერთო, ახლა მაინც დაარტყი ტალღა, დაანგრიე და გაატანე სუფსას ეს უბედური სახლი! - ასე ვთხოვე ხმამაღლა. სუფსა გაუგონარი სიძლიერით ღრიალებდა. მე ალბათ ვერ გავაგონე ზეციერს ვედრება. სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და არაფრად აგდებდა გადელებულ ლანქერს.

ეზოდან გავედი. ძაღლი ადგა და წალმოწყვეტილივით გამომყვა.

- სად მოდიხარ, ძაღლო? - ვკითხე მე. ძაღლმა, თითქოს შერცხვაო, თვალი ამარიდა, თავი დახარა და კუდი ამოიძუა.

წავედი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიხედე. ძაღლი ისევ მომდევდა, ოღონდ ახლა უფრო მოშორებით.

- სად იყავი, ბიჭო, ამ შუაღამისას? - გამომარკვია ვიღაცის ხმამ. შევკრთი. ავხედე, თეიმურაზი იყო, ჭანაშვილი, ჩვენი სოფლის აფთიაქარი.

- დიდროსთან ვიყავი!

- რაო დიდრომ?

- მოკვდა დიდრო, თეიმურაზ ბატონო, აღარ არის, გარდაიცვალა. - ვუთხარი მე.

- არ გადამრიო - შეიცხადა მას, - ისე კი უქნია ღმერთს მადლი; საცოდაობა იყო მაგის სიცოცხლე. დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალი. - პირჯვარი გადაისახა, შებრუნდა და დიდროს სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დიდროს ძაღლი ახლა თეიმურაზ ჭანაშვილს გაჰვა თავჩაღუნული და კუდამოძუებული.

ცას ავხედე. მთვარე საერთოდ წასულიყო ციდან.


Comments: 0   Views: 232   Group: ქართული პროზა  

 გიორგი ზანგური
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1465 days ago 26.05.2008 15:26:58

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!"
    

Comments: 0   Views: 557   Group: თანამედროვე ქარ...  

 გიორგი ზანგური
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1465 days ago 26.05.2008 15:23:41

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
-გაზაფხულია!
 
   

Comments: 0   Views: 535   Group: თანამედროვე ქარ...  

 გიორგი ზანგური
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1465 days ago 26.05.2008 15:20:22

უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი-უცხო და უსახელო.
ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ "მალე დაღამდეს"!
ვკითხულობდი და ჩამომეძინა...
  

Comments: 0   Views: 709   Group: თანამედროვე ქარ...  

 ქარი ჰქრის
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 15:17:21



ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?

როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს

ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!

შენი მე სახება დამდევს თან

ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!

შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!


1920

Comments: 0   Views: 814   Group: გალაკტიონი  

 სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 15:16:13



დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

1917

Comments: 0   Views: 638   Group: გალაკტიონი  

 რომელი საათია?
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 15:14:35

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია...

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,

რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!" -

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?

1914

Comments: 0   Views: 975   Group: გალაკტიონი  

 რა დროს რომანსეროა?!
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 15:12:54


გაცრეცილ და მტვერიან

ცას სინათლე ჰკლებია.

ყვავილებზე მღერიან...

რა დროს ყვავილებია?

ცაზე ვხედავ წეროებს,

თითქო მწკრივი ღეროა.

მღერენ რომანსეროებს...

რა დროს რომანსეროა?

წყარო ხევში ვალალებს:

გაქრა გიჟი ოცნება,

ვკოცნი მე შენს დალალებს,

მაგრამ რა მეკოცნება?



1914

Comments: 0   Views: 378   Group: გალაკტიონი  

 მეცხრე სიმფონია
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 15:10:57



სად ზღვის ჭავლებია,

ყვავილთა მთოველი,

კვლავ ვხვდებით ერთმანეთს

მე და ბეთჰოვენი.

ოცნება მგონია,

სიზმარი მგონია...

ქართული მოტივი -

მეცხრე სიმფონია!..

Comments: 0   Views: 380   Group: გალაკტიონი  

 მზეო თიბათვისა
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 15:09:54

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

1915

Comments: 0   Views: 534   Group: გალაკტიონი  

 მერი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:57:51


შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან "მესაფლავეს" რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს"?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

Comments: 0   Views: 1300   Group: გალაკტიონი  

 თოვლი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:53:27

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

Comments: 0   Views: 1067   Group: გალაკტიონი  

 პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:51:41

სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი

მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

ყველაფერში შუქით შემობურვილი:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,

მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერის,

სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


1919

Comments: 0   Views: 567   Group: გალაკტიონი  

 ვისმენ დანატრულ ხმას
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:47:32


ალვა მწვერვალსა ხრის,

ნაზი ტარივით სწორს,

მთიდან ნიავი ჰქრის

შორს, უბოლოოდ შორს.

შევხვდით ისევე ჩვენ,

გზით მიმავალი გზად,

კვლავ მოგონებებს მფენ,

მაგრამ არ ვიცი: რად?

მზე გიოქროვებს თმას,

ვით მონიავე რულს,

ვისმენ დანატრულ ხმას

და ვერ ვიმშვიდებ გულს.

ფრთადაღალული დღე

სცდება დასავალ ცას,

გარინდებული ტყე

ფიქრობს, არ ვიცი - რას?

1915

Comments: 0   Views: 335   Group: გალაკტიონი  

 ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს...
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:44:46


ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს,

არაა ძნელი მთების დადნობა,

რომ ცისკარისკენ მაღალ ანგელოზს

ესაფეხუროს ლალის ტატნობი.

ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი -

ახალი დროის დიდი მესია,

მედგარი მხრებით რომ აიტანა

მთაზე დიდება და პოეზია.

1915

Comments: 0   Views: 335   Group: გალაკტიონი  

 ვერხვები
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:42:52

ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი

და ტყეს მთებისას გაიფრენს აფრად,

ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი

აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს

ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად;

სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს

მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ.

სად როდის, რისთვის, არ ვიცი, არა!

იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...

ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.

მას შემდეგ ბედი და იალქანი

ქარის სიმძიმით გადაიხარა,

შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?

რისთვის, ან ვისთან, არ ვიცი, არა!

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,

ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.

დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,

მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.

Comments: 0   Views: 526   Group: გალაკტიონი  

 ეს მძინარე მთა და ველი
Posted by:geo-geneale geo-geneale art 1536 days ago 16.03.2008 14:41:40

მწუხარებავ, როგორც გველი,

ხშირად გულში გამიარ,

ეს მძინარე მთა და ველი

იყოს მრავალჟამიერ!

შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,

თვალს ნუ მიეძინება,

ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,

როგორც ღრუბლის დინება.

ნუთუ არსით არის შველა

უჩვევი თუ ჩვეული?

გადღეგძელოთ ყველა, ყველა

ამ სუფრაზე წვეული.

მწუხარებავ, როგორც გველი,

ხშირად გულში გამიარ,

ეს მძინარე მთა და ველი

იყოს მრავალჟამიერ!

Comments: 0   Views: 388   Group: გალაკტიონი  

Page:   NextNext  LastLast

Who is active on the site?
Anonymous: 5, Registered: 0 (?)

Abuse | Hosted by MyLivePage | | Design by NoMe | © Kolobok smiles, Aiwan